საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

ლოვარდ ტუხაშვილი – ,,სახლი მხიარულებისა“ / ერეკლე მეორე თბილისის გამათავისუფლებელი
ლოვარდ ტუხაშვილი

1541 წელს თბილისის ციტადელში ირანული გარნიზონი გამაგრდა. მუდმივი კირთება ამ ქალაქისთვის გვიან შუა საუკუნეებში ,,საყოფაცხოვრებო მოვლენა“ იყო. კარგა ხანია ,,ოქროს ხანის“ თბილისი, ლაღი, ამპარტავანი დედაქალაქი, საერთო-კავკასიური იმპერიის, ,,ყოველი საქართველოს“ ცენტრი, ფერმკრთალ რემინისცენციადღა ქცეულიყო. 1541 წელი საბედისწერო გამოდგა, 207 წლის განმავლობაში თბილისის ციხე-კოშკებს აღარ უნახავთ ეროვნული დროშა. იყო მუდმივი ბრძოლა, გამარჯვების ყიჟინაც, მარცხიც. არაერთგზის დალეწეს მომხდურთა ფალანგები დედაქალაქის ვიწრო შუკებში ლუარსაბ პირველმა, სიმონ პირველმა, გიორგი სააკაძემ, თეიმურაზ პირველმა, გიორგი მეთერთმეტემ... ბრძოლა ქალაქისათვის იყო. ციხე-სიმაგრეები უძრავად იდგა. გამაღიზიანებლად ფრიალებდა ისლამის მწვანე ალამი ნარიყალაზე. ხან თურქების გარნიზონი ცვლიდა ირანელებისას, ხან ირანელების - თურქებისას. ივსებოდა ბოღმით გული ქართველთა.

XVII საუკუნის 30-იანი წლებიდან ,,სიმშვიდე” დაუდგა თბილისს. დაიწყო ,,მუსულმანი“ მეფეების ხანა. მართვის მთელი სისტემა იდეოლოგიურად გაიწყო ირანულ თარგზე. ,,გურჯისტანი“ ირანის ავტონომიურ სახანოდ იქცა, მეფეს ,,ხანის“ ტიტული ებოძა. შინაგანი თვითმმართველობა და ფიზიკური გადარჩენა - აი, დათმობის ფასი. ესეც დიდი მსხვერპლის ფასად მიიღო საქართველომ, - დაელოდა ,,გურჯი“ უკეთეს მერმისს. გაიზარდა, გაიწელა თბილის-ქალაქიც... იქნებ ეკონომიკურ აღმავლობას ეროვნული აღორძინებაც გამოეწვია, ბორკილი რომ არ დაედოთ ცბიერ ყიზილბაშებს. თბილისის ციხე-სიმაგრეებში ჩაბუდებული ისლამური გარნიზონი ყელში ჩაფრენოდა ქართველობას. ქართველი მეფეების ხელისუფლება დაცვის კედლების ძირში თავდებოდა. მეციხოვნენი ვაჭრობდნენ, ხელოსნობდნენ... მაგრამ უმთავრესად ძალადობა იყო მათი სარჩო-საბადებლის წყარო. ,,მუსულმანი ხანების ეპოქის“ მეფეები დროებით თუ მოახერხებდნენ ხოლმე მათი თავგასულობის აღკვეთას. ისინიც უფრთხოდნენ მყარ გოდოლებზე ჩასანგრებულ ავაზაკებს. ირანის უზენაესი ფირმანი ქართველ მეფეს გალავნის შიგნით უნდა მიეღო. გამოცხადება სარისკო იყო. შესაძლოა ციხიონს აღარც კი გამოეშვა გვირგვინოსანი. იმ ეპოქის თბილისი ორი ქალაქისაგან შედგებოდა. ციხე-სიმაგრეები საგანგებო გალავნით იყო გამოყოფილი ქალაქისაგან. ამაოდ აწყდებოდა ქართველთა გახელებული ვნება ყრუ გოდოლთა წყებას. ,,კრაზანათა“ ბუდე მიუდგომელი ჩანდა. ღალატიც იდგა მტრის სამსახურში. გიორგი სააკაძემ 1625 წელს კინაღამ წყურვილით ამოახრჩო გარნიზონი. მაჰმადიანები ის-ის იყო დანებებას აპირებდნენ, დაუდეს ღარი ქვეყნის გამყიდველებმა ციხეში შემდინარე არხს. მთელი ღამე იდინა რუმ ციხეში. დილით მოალყეებს სიცილით გადმოასხეს წყალი ირანელებმა. შეიპყრეს ქართველებმა დამნაშავენი, გაასამართლეს, სიკვდილით არ დაუსჯიათ... საოცარია, ავმა დრომ არ გაამკაცრა ქართველის ბუნება.

გაურბოდა მშობლიურ დედაქალაქს ქართველობა. განსაკუთრებით - არისტოკრატია. თვით მეფეებმა მოშორებით გადაიტანეს სასახლე. მეტეხი კი სხვათა ხელში საპყრობილედ იქცა... დარჩა ბურთი და მოედანი ,,უცხოს“. ქართული ეროვნული კულტურა უფრო პროვინციაში აქტიურობდა (კონსტანტინე კაპანელი). ეს საერთო დაცემის შედეგი იყო. თავის მხრივ, ეს მოვლენაც განაპირობებდა საერთო დაცემას. არადა, ევროპაში უკვე ურბანიზმის ეპოქა იდგა.

ურბანიზმი დედაა ცივილიზაციისა. მხოლოდ ქალაქს შეუძლია ეროვნულ ძალთა შენივთება. ინტელექტუალური ,,რევოლუცია“ ურბანისტულია. ,,გენიოსი ყველგან შეიძლება დაიბადოს, მაგრამ მისი გენია ქალაქში უნდა გაბრწყინდეს“ (ვ. ფულიე). როგორ უნდა ამაღლებულიყო ქართული კულტურა, როდესაც ეროვნული ქალაქი გაუუცხოვდა?.. ველიკორუსული რუსეთი მოსკოვმა შექმნა, ევროპული რუსეთი - პეტერბურგმა. დასაწყისში პეტერბურგიც გაუცხოებული იყო, ოღონდ - პროგრესისკენ მზირალი. გაუცხოებულმა თბილისმა ვერ ააღორძინა ახალი საქართველო; აღმოსავლურს ქართველობა არ აჰყვა, ევროპული კი დარჩა შორეული და მიუწვდომელი.

XVII საუკუნის თბილისი აღმოსავლეთისაკენ შებრუნდა. ჩვენს ქალაქს არასოდეს დაუკარგავს საქართველოს ეკონომიკური ცენტრის როლი, მაგრამ როგორც კი სუსტდებოდა საერთო-ეროვნული ეკონომიკური ბაზარი, სუსტი იყო ცენტრიც.

თბილისის ვაჭრობა ჩაება დიდ საერთაშორისო კავშირებში. სად არ შეხვდებოდით მაშინ თბილისელ ვაჭარს: კაიროში, დამასკოში, ბეირუთში, ბაღდადში, სტამბოლში, თეირან-ისპაჰან-შირაზში, ქაბულში, დელში, ბუხარაში... ყველგან, ყველგან... მიღებული  მოგება კი არაფერს მატებდა საქართველოს. მერყევი კონიუნქტურის სახელმწიფოში ფულის დაბანდება სარისკოა. ამონაგები უმეტესწილად ამქვეყნიურ სიამოვნებათ ხმარდებოდა. სტუმარი ყოველთვის მრავლად ჰყავდა ჩვენს ქალაქს, მის საქვეყნოდ ცნობილ ბაზარსაც. მასპინძლობაც ჩვეული, თბილისური იყო. ამიტომაც ერქვა ქალაქს ,,სახლი მხიარულებისა“.

,,მუსულმანი მეფეების ეპოქაში“ თბილისი გაიგლიჯა ეთნიკურ-რელიგიურ თემებად: ციხე-კოშკებიდან არაბული ,,ალან-ინშალაჰ“ ისმოდა, დუქნებში სომხური, შუკებში თარაქამათა სევდიანი მუღამათი; სამეფო კარზე სპარსულად ლაპარაკობდნენ, ყველამ არ იცოდა საიმპერიო ენა, მაინც ამტვრევდნენ, - ასეთი იყო მოდა. ქალაქს მაინც ქართული აერთიანებდა, მაჰმადიანებშიც ბევრი იყო სისხლით ქართველი.

ეროვნული ქართულისა და ,,უცხოს“ სინთეზი დაპირისპირებულთა სინთეზი იყო. უცნაური სინთეზი ტრაგიკომიკურ სიტუაციას ქმნიდა. ქალაქის გარეთ დუღდა ეროვნული მოძრაობა, სწორხაზოვანი სიჯიუტით რეკდნენ ზარები: ,,ნუ გათათრდები“. გალავნის შიგნით იგეგმებოდა სრული ,,ისლამიზაცია“. თბილისელთა ეკონომიკური ორიენტაცია ირანული იყო, პოლიტიკური - ქართული; კუჭი ირანისაკენ იწევდა, გული მშობლიური მთა-ველისაკენ, გონებას ვერ შეეერთებინა ეს ურთიერთდაპირისპირება. ამიტომაც არ ეტყობა მაშინდელ თბილისს ინტელექტუალური სიმწიფე. პოეზია აშუღურს ვერ გასცდა, მუსიკამ ტაშფანდურა შეაერთა დუდუკ-ზურნასთან. მრეწველობა ვერ ამაღლდა ხელოსნობის ზევით. საზოგადოებრივი აზროვნება მხოლოდ ერთხელ დასერიოზულდა. XVIII საუკუნის I მეოთხედში ასპარეზზე გამოვიდა ვახტანგ VI ,,მცირე აკადემიით“. მაგრამ, სამწუხაროდ, ახლადწამოჩიტული ქართული ინტელიგენცია ერთიანად რუსეთში აღმოჩნდა: ძლივს მოიყარა დედაქალაქში თავი ერის საუკეთესო ნაწილმა... და ისიც მალე მოსწყდა ეროვნულ ნიადაგს.

თბილისში ხალხური ეროვნული თამაშობანი ყარაჩოხულ-კინტოურ ბოჰემად გადაიზარდა. ყარაჩოხელი მოერგო ქართულ ბუნებას (თუმცა ისიც ეროვნული დამსუბუქებაა, ხარკი აღმოსავლური უძრაობისა), კინტომ შებილწა რაინდული სული. კინტოს პირველსახე როსტომ მეფის დროს აღმოცენდა, ერეკლე II-ის ეპოქაში გაქრა, გვიან ისევ აღორძინდა. ეს პერსონაჟი არასოდეს მიუღია ქართველ საზოგადოებას.

გამათავისუფლებელი მოძრაობის არცერთი იდეა არ დაბადებულა ,,მუსულმანი მეფეების ეპოქის“ თბილისში. ამ თვალსაზრისით ბაგრატოვანთა სამეფო სახლი ოაზისია უდაბნოში. როგორ უნდა დაკნინებულიყო ქართული საზოგადოება, რომ პროგრესული იდეები განახლებისა მხოლოდ სამეფო კარიდან მოდიოდა. თვით საზოგადოება კი ,,მკვდარი“ იყო, პასიური, მომლოდინე.

ჰოლანდიის, ინგლისისა და საფრანგეთის რევოლუციების დროს საქართველოში მეფე ისევ პროგრესული რჩებოდა. თვით შეგნების ხარისხით ახლო აზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, ,,კავკასიის მზე“, ნამდვილი პროვინციაა ქართულ სოფელთან შედარებით. ჩვენს ძნელბედობას ბევრი ფაქტიური აფერადებდა. მათ შორის ეს შესაბამისობაც: გამაერთიანებელი (ქალაქი) დამშლელი გახდა. ყოველთვის ასეთი როდი იყო თბილისი. თამარის ეპოქაში თბილისელი ზოგადი ქართველი იყო, თბილისი ყველას ქართველად აქცევდა. თბილისი იყო ურთიერთბრძოლის ფოკუსში. ბრძოლა იყო არა განცალკევებისათვის, არამედ თბილისში პირველობისათვის. გვიანდელ საუკუნეებში, ეკონომიკური ცენტრის როლის შენარჩუნების მიუხედავად, გაუცხოებული თბილისი გათიშვის კერად იქცა. ეროვნული დედაქალაქი მპყრობელი იმპერიის ფორპოსტად ჩამოყალიბდა. ქართული ეროვნული სული პროვინციას შეეფარა, ან როგორ გაძლო კოშკებში ჩაკეტილ-ჩამწყვდეულმა ქართულმა ინტელექტუალურმა ფენომენმა? ვერც ძლებდა, მუდამ თბილისისკენ იწევდა! ოღონდ დახშული იყო ქალაქის გული ეროვნული ,,შინაგანი ხმის“ მისაღებად. ტყუილად როდი ჩაჰფრენოდა ნარიყალას შიიტური მორიელი.

1725 წელს თბილისის ციხეში თურქი ფაშა ჩაჯდა, 1737 წელს ნადირ-შაჰმა ,,გაათავისუფლა“ ქალაქი. აზიური ორკესტრის ჭყვიტინით შევიდა ,,ჩვეულ“ სამფლობელოში ქოსა მიმბაში (ათასისთავი). 1747 წელს გარდაიცვალა ნადირ-შაჰი. უბედურება ის იყო, მპყრობელი იმპერიის პოლიტიკური კრიზისი საფრთხეს გვიქმნიდა. ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეცვა ნეიტრალიტეტი - სუვერენიტეტის უტყუარი ნიშანი. ერთმანეთს ებრძოდნენ იმპერიები, გვათრევდნენ ჩვენც, ერეოდათ საქმეები - მაშინაც ვზარალდებოდით. ეროვნული ხსნის კონცეფციის ბუნდოვანება არ აძლევდა საშუალებას საქართველოს გამოეყენებინა ისტორიული მომენტი. ხან ირანი იყო აშლილი, ხან თურქეთი, ხან ორივე. ერთი მომენტიც ვერ გამოიყენეს ქართველებმა. სულ მცირე, ცამეტი შემთხვევა მაინც გაუშვეს ხელიდან!

ამჯერადაც რთული მდგომარეობა შეიქმნა. თეიმურაზ II ირანში ჩარჩა. ქართლში სამოქალაქო ომი დაიწყო. ტახტი დაიჩემა იესეს ძე ბაგრატიონმა, გამაჰმადიანებულმა აბდულა-ბეგმა. მის ირგვლივ დაირაზმა ქვეყნის რეაქცული ნაწილი. მათი ოცნება იყო, გაეგრძელებინათ ,,მუსულმანი მეფეების“ სტატუსი, რაც კულტურული დეგრადაციის საფრთხეს ქმნიდა. ერეკლე მეორეს მხარს უჭერდნენ მოსახლეობის ქრისტიანულ-პატრიოტული წრეები. 27 წლისა იყო ერეკლე II. ჯერ არც 1783 წლის დაბნეულობა ეტყობოდა, არც 1785 წლის უმწეობა. იგი საერთო-სახალხო მოძრაობის ბელადი გახდა. მან გადაწყვიტა, აეღო თბილისის ციხეები. ეს გაუგონარი ამბავი იყო. ყიზილბაშური გარნიზონის ხელით შეხება ნიშნავდა იმპერიის წინააღმდეგ გალაშქრებას. ციტადელი ირანის სიმბოლო იყო. თბილისელი მუმბაშის გადაყენება, მითუმეტეს, განდევნა, ირანის პრეროგატივა გახლდათ. ქართველებს ასეთი უფლება არ ჰქონდათ. ბევრი ურჩევდა ერეკლეს, ხელი აეღო განზრახვაზე. ერეკლე მეორის გადაწყვეტილება მტკიცე იყო. მას სურდა დედაქალაქის ციხე-სიმაგრეები საბოლოოდ დაებრუნებინა. 1748 წლის აპრილში ქართველებმა ,,ერანს ხმალი დაჰკრეს“. დაიწყო მძიმე ბრძოლები თბილისში. იყო შეტევები გარედანაც. რამდენიმე თვის განმავლობაში რვა მძიმე ბატალეა მოიგეს ქართველებმა. თბილისში ,,ქუდზე კაცი“ გამოვიდა. იარაღი ხელში აიღო ყველა ქართველმა და სომეხმა მოქალაქემ. ასეთი ერთობა თითქმის აღარ ახსოვდა საქართველოს. დედაქალაქში ჩამოვიდნენ შეიარაღებული რაზმები ყველა კუთხიდან... და კვლავ იჩინა თავი ღალატის სენმა. ქალაქის მელიქი მინბაშის აგენტი აღმოჩნდა. დააპატიმრეს თბილისელებმა, სიკვდილი გადაუწყვიტეს. ანტონ პირველი ჩაერია, აპატიეს მოღალატეს...

,,შეიქმნა უფიცხი ომი... სარბაზანი და ყუმბარა ისე მოდიოდა, ვითარცა ცეცხლი წვიმსო“, ,,მოუმართეს მეტეხს ზარბაზანი და ესროდნენ სასახლესა მეფისასა“. ,,მაგრამ არა მოუძლურდა მეფე ერეკლე და ემხნეს და უმხნეს იქცეოდა და გოლიათ უბრსა ძალასა გამოიჩენდა“, ,,თან ახლდნენ მოქალაქენი, ვისაც თოფის აღება შეეძლოთ, ყოველნი საფრებსა არა დააკლდნენ. დიდნი ანუ მცირენი ერთგულად დაუზარებლივ სამსახურს არ დააკლდებოდნენ“ (პაპუნა ორბელიანი). თურმე არ ყოფილა ქართული სული ქალაქში საბოლოოდ ჩამკვდარი. რა იქნებოდა, ასეთი ერთობა რომ გამოეჩინათ მოქალაქეებს 1795 წელს? ვერავითარი აღა-მაჰმად-ხანი ვერ ეღირსებოდა თბილისის ხილვას. ნარიყალა დიდხანს იყო ძალმომრეობის სიმბოლო. მის აღებას სოციალური მნიშვნელობაც ჰქონდა. უნდა გამქრალიყო მუდმივი შიშის საფუძველი. გადადეს თავი მოქალაქეებმა, ჯერ თაბორის კოშკი აიღეს. პირველად თბილისელი შავერდა მხედრიშვილი აიჭრა კოშკზე, ,,შემდეგ მეტეხი დანებდა, მოგვიანებით - ნარიყალას შემოგარენი ბურჯები, აბანოების უბანი, განჯისკარი, ბოლოს - თავადი ციხეც“. ირანელებს მიუტევეს ქართველებმა, თბილისშივე დააბინავეს. გულმოწყალე ერია ქართველები, არასოდეს გაუზიარებიათ ფრანგული სენტენცია: ,,ვაი, გულმოწყალე ერებს“... ქართული მიმტევებლობა ხშირად ალპრუიზმამდე მიდის. ვინ იცის, იქნებ ამაშია ჩვენი გამძლეობის საიდუმლო!..

1748 წლის 25 ივლისს, 207 წლის ,,ტყვეობის“ შემდეგ საქართველოს დედაქალაქს დაუბრუნდა ციხე-სიმაგრეები. ნარიყალაზე აფრიალდა ეროვნული დროშა. ,,ჩვენ აქ დროებით არ მოვსულვართ“, - თქვა პატარა კახმა. ზეიმობდა თბილისი გამარჯვებას. სიხარულით რეკდნენ ქართულ-სომხური ეკლესიების ზარები. ნარიყალას აღების დღე დიდხანს აღინიშნებოდა ზეიმით. მოიშალა ციხისა და ქალაქის გამყოფი კედელი.

თბილისის გათავისუფლებას დიდი რეზონანსი ჰქონდა ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით. ერეკლე მეორის პოპულარობა არაჩვეულებრივად გაიზარდა. ევროპის პრესაში ხშირად ისმოდა ახალგაზრდა ქართველი პრინცის სახელი. ქართველობა კვლავ დაუბრუნდა ეროვნულ დედაქალაქს. ქართულმა ენამ აღიდგინა თავისი უფლებები: აშუღებმა ქართულად გააწყვეს სიმღერები. დაიწყო ,,გაეროვნულობის“ პროცესი. გაქრა ორენოვანი საბუთები. ,,მაჰმადიანი არისტოკრატები“ მასობრივად მოინათლნენ ქართულ-ქრისტიანულად. ეს პროცესი საჯაროდ ჩატარდა მდინარე მტკვარზე. თბილისისაკენ იწყეს ლტოლვა იმერლებმა (დასავლეთიდან) და მესხებმა (სამხრეთიდან). თბილისს მიაპყრეს იმედის თვალი ერაყელმა ქართველმა ქულემენებმა, ეგვიპტელმა მამლუქებმა, ასირიელებმა, ქურთისტანის იეზიდებმა, ანატოლიელმა ბერძნებმა და სომხებმა.

1748-1785 წლებში თბილისში ევროპის გავლენა მომძლავრდა, გაიზარდა კათოლიკე მისიონერთა როლი, საადის, ჰაფეზის, ომარ-ჰაიამის პარალელურად საუბრობდნენ შექსპირზე, მონტესკიესა და რუსოზე. ვოლტერს ხომ თაყვანისმცემელთა ფართო წრე გაუჩნდა. თბილისელებმა შეიტყვეს ჯორჯ ვაშინგტონის გამათავისუფლებელი მისიის შესახებ, გაიაზრეს ფრანგული რევოლუცია. აღფრთოვანებით შეხვდნენ ძმები მონგოლფიერების საჰაერო გაფრენას. ამ აქტის შესახებ მეორე წელსვე თბილისში დაისტამბა საგანგებო წიგნაკი. შემოვიდა პარიზული მოდაც. ლევან ერეკლეს ძე ბაგრატიონი, მორიგე ჯარის გენერალი, თავისი ეპოქის ნამდვილი დენდი ცდილობდა ,,პარიჟულად“ მოეწყო სასახლე. არც ეკონომიკურად უჭირდა ქალაქს. 1763 წელს თბილისში სურსათი სამჯერ იაფი იყო, ვიდრე ლონდონში. სამწუხაროდ, ქვეყნის საერთო მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. ეს აქვეითებდა დედაქალაქის ცხოვრებასაც. იცვლებოდა ერეკლე მეორეც. გმირი მეფის უსაზღვრო ენერგია თანდათან იშრიტებოდა. თავისი მეფობის მეორე პერიოდში (1760-1783 წწ.) პატარა კახი ფრთხილი გახდა, ბოლო პერიოდში კი (1783-1795 წწ.) დაბნეულს გეზი გაუმრუდდა. როგორ აღარ ჰგავდა ნეიშის ველის თხუთმეტი წლის გმირ ჭაბუკს, ანდა თბილისის გათავისუფლებისთვის მებრძოლ უმამაცეს სარდალს... კრწანისის წამებული! ,,ვერ იდავითა პატარა კახმა“.

პოეტის სევდიან ფრაზაში უდავოდ არის მწარე სიმართლე. კრწანისის ველზე სიკვდილს დაეძებდა მაშვრალი მეფე. 1795 წლის 12 სექტემბრის მიმწუხრს ამაოდ შეავედრა თბილისი აბოს ნიშს. ვეღარ უშველიდა ქალაქს ქართველთათვის სისხლდანთხეული არაბი ჭაბუკი. მან უკვე გააკეთა გასაკეთებელი... ერეკლე მეორის ეპოქაში ერეკლე მეორეს უნდა გაეკეთებინა საქმე... დაინგრა თბილისი მისი გამოხსნიდან 48-ე წელს. ამბოხებულმა თბილისელებმა აშკარად წაუყენეს ბრალდება მოხუც ერეკლეს თავიანთი მოთავის გიორგი ბასტამაშვილის პირით - ვერ მოგვიარეო. რა უნდა ეთქვა მეფეს? არც ჟანდარმები გამოუძახია (არ ჰყავდა ჟანდარმერია და საიდუმლო პოლიცია ერეკლეს), არც ქვემეხები დაუშენია აღელვებული ხალხისათვის (არ იყო ჩვენში ასეთი წესი), უხმოდ ჩაყლაპა შეურაცხყოფა. კრწანისი ორლესული აღმოჩნდა, თავზე ჩამოამხო ეროვნული სახელმწიფოებრიობა უკანასკნელ ბაგრატიონებს, თითქოს ნაჯახით მოსხიპა ძლივს წამოზრდილი ქართული ინტელიგენცია. ეროვნული სული კვლავ განილტო ქალაქიდან, ისევ უღალატო სოფელს შეეხიზნა, ზვიადი მთების ხეობებში დაიდო ბინა, შენელდა საერთო-ქართული გულისცემა. თბილისმა ნანგრევებით, ნახანძრალებით ღრმად დაჭრილმა შეაღო XIX საუკუნის კარი. ნარიყალაზე კი უკვე გოროზად აკვესებდა თვალებს ორთავიანი არწივი...

 

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq