საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ლოვარდ ტუხაშვილი – II. 2. ქართული სახელმწიფოს საგარეო დიპლომატიის განმსაზღვრელი ინსტიტუტების გარკვევისათვის (წიგნიდან ,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“)თთ
ლოვარდ ტუხაშვილი

2. ქართული სახელმწიფოს საგარეო დიპლომატიის განმსაზღვრელი ინსტიტუტების გარკვევისათვის

ქართული დიპლომატიის რეალური რაობის (მიზანსწრაფვის, მიმართულების, განხორციელების ფორმებისა და მეთოდების შინაარსის) გარკვევისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს საგარეო პოლიტიკის წარმოების ბიუროკრატიული აპარატის დადგენას. კონკრეტულად, საჭიროა ზუსტი პასუხი მოეძებნოს ორ უმთავრეს კითხვას: 1) რა ორგანოები განახორციელებენ საგარეო ურთიერთობებს და 2) რა ფორმით ხორციელდება აღნიშნული ურთიერთობანი.

ერთიანობის ხანის საწყის ეტაპზე საქართველოს საგარეო ურთიერთობას განსაზღვრავდა მეფე. როგორც ჩანს, ეს ტრადიცია მომდინარეობდა I დაშლის ეპოქიდან, როდესაც ცალკეულ ქვეყნებში მთლიანად არ იყო ჩამოყალიბებული მმართველობის აპარატი. როდესაც ვლაპარაკობთ მეფის პრეროგატივაზე საგარეო ურთიერთობაში, რასაკვირველია ჩვენ მხედველობაში გვაქვს არა საერთო ზედამხედველობა, რასაც მეფე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ახორციელებდა საგარეო საქმეების მიმართ. ასეთ კონტროლს იგი ხომ მმართველობის ყველა დარგის მიმართ ახორციელებდა.

ჩვენ მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ საგარეო საქმეები ჯერ კიდევ არაა გამოყოფილი ცალკე უწყებად და უშუალოდ ქართველი მეფის იურისდიქციას წარმოადგენს თეორიულადაც და პრაქტიკულადაც (ეს შეინიშნება ბაგრატ III-ის, გიორგი I-ის, ბაგრატ IV-ის მეფობაში).

დავით აღმაშენებლის მმართველობიდან (უფრო სწორად გიორგი II-ის მმართველობის ბოლო ეტაპიდან) ქართული დიპლომატიის მესვეურად გვევლინება მწიგნობართუხუცესის აღზევებული სახელო. ამაზე მიგვანიშნებს 1089 წლის პოლიტიკური აქტი და ყივჩაღთა ჩამოსახლების პრობლემა. ორივე ღონისძიება გატარდა გიორგი მწიგნობართუხუცესის ინიციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით. ქართულ ისტორიოგრაფიაში მწიგნობართუხუცესის სახელოს წინ წამოწევა და მისი შეერთება ჭყონდიდელთან მიეწერება დავით აღმაშენებელს. ივ. ჯავახიშვილის ფრთხილ დასკვნას მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელის სახელოს შექმნის შესახებ, მოჰყვა ნ. ბერძენიშვილის კატეგორიული თვალსაზრისის შემუშავება, რომლის შემდეგ დამკვიდრდა როგორც უდავო, რამდენიმე ძირითადი დასკვნა: 1). მწიგნობართუხუცესის სახელო წინ წამოსწია და კანცლერად აქცია დავით აღმაშენებელმა. ეს იყო მის მიერ გატარებული ცენტრალური მმართველობის რეფორმის I მომენტი. II მომენტად გვევლინება მწიგნობართუხუცესის სახელოს შეერთება ჭყონდიდლობასთან. ამ მოვლენას თავის მხრივ ხსნის ორი მიზეზით: 1) ჭყონდიდლობა არ არის სამემკვიდრეო და არ შეიძლებოდა გამხდარიყო რომელიმე გვარის მემკვიდრეობითი პრიორიტეტი. 2). ჭყონდიდელი, როგორც მსხვილი საეკლესიო მოხელე, აქტიურად ჩაერეოდა საეკლესიო საქმეებში, რაც განაპირობებდა სამეფო ხელისფლების კონტროლის გაძლიერებას სასულიერო წოდებაზე. ეს თვალსაზრისი ზემოხსენებულ ,,ავტორიტეტებზე სწორების“ მიხედვით, თითქმის უკრიტიკოდ გავრცელდა ისტორიოგრაფიაში, გაბატონდა და სტერეოტიპული ცოდნის საყრდენი გახდა, რაც შემდგომი მკვლევარებისათვის გახდა დოგმა, აქსიომა. სწორედ ამიტომ არავის დაუსვამს კითხვები:

1) რაში სჭირდებოდა ქართველ მეფეს ეკლესიაზე კონტროლისათვის მთავრობის სათავეში (ე.ი. კანცლერის პოსტზე) მოწვევა ეპისკოპოსისა, როდესაც ქართული ეკლესია ავტოკეფალიის მოპოვების დროიდანვე მეფის ხელისუფლებაზე იყო დაქვემდებარებული? 2) რატომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ ჭყონდიდელი ეპისკოპოსის პირველ ვაზირად ქცევა, პირიქით, გამოიწვევდა ეკლესიის გავლენას საერო ხელისუფლებაზე?

მთავარი მაინც ისაა, რომ მწიგნობართუხუცესის სახელო აღზევდა გიორგი II-ის მეფობის დროს. ,,მატიანე ქართლისაის” მიხედვით გიორგი II შესანიშნავი სარდალი და საერთოდ, ენერგიული პიროვნება ჩანს მმართველობის პირველ ეტაპზე (,,მოწყალე და გამკითხველი გლახაკთა, კაცი საშიში და უუხვესი მეფეთა აფხაზეთისა და პურად უკეთესი ყოველთა კაცთა, ცხენოსან-მშვილდოსანი რჩეული“. ქართ. ცხ. I გვ. 315). საერთო წარუმატებლობის ფონზე მეტად თვალსაჩინოდ გამოიყურება გიორგი II-ის წარმატება ბიზანტიასთან მიმართებაში: ,,მომადლა ღმერთმან მძლავრებისაგან ბერძენთასა წახმელი ციხენი წაიხენა ბერძენთა ანაკოფია, თავადი ციხე აფხაზეთისა და მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტანისა, და შემდგომად ამისა ესეცა მომადლა ღმერთმან, აღიღო ქალაქი კარისა, ციხექვეყანა და სიმაგრე ვანანდისა და კარნიფორსანი და აოტნა თურქნი მის ქვეყანისანი“ (გვ. 317).

,,მატიანე ქართლისა“ არ ახსენებს, რომ ტაოს, კარისა და კარნუ ქალაქის ბოძება“, ანაკოფიის დათმობა იყო გრიგოლ ბაკურიანის ძის ,,წყალობა“. დავითის ანონიმი ისტორიკოსი კი ამას ხაზგასმით აღნიშნავს, თუმცა უთითებს, რომ ,,ხოლო განძლიერებასა თურქთასა დაუტევნეს ბერძენთა ქვეყანანი მათნი, ციხენი და ქალაქნი, რომელ აღმოსავლეთს ჰქონდეს და წარვიდეს“ (გვ. 319).

რა მოხდა ამ დროს? დამთავრდა ბრძოლა ტაოს მემკვიდრეობისათვის (ამაზე ქვევით!). თურქთა წინააღმდეგ ბრძოლა აიძულებს ბიზანტიას საქართველო დაუპირისპიროს მტერს... უთმობს მას სადავო ტერიტორიებს, უთმობს გრ. ბაკურიანის ძის ,,საჩუქრის“ სახით. როგორც ჩანს, გრ. ბაკურიანი მოქმედებდა ბიზანტიის უარის სახელით. მართალია მან ის დათმო, რაც ფაქტიურად უხმარი იყო ბიზანტიისათვის, მაგრამ საქართველოს მისცა რა იურიდიული სანქცია სადავო ტერიტორიების დაკავებისა, კიდევ უფრო გააძლიერა მისი დაპირისპირება სელჯუკებთან. ესაა ე.წ. ,,ვაკუუმის შევსება“. ანალოგიური სიტუაცია იყო მე-8 საუკუნეში, როდესაც არაბებთან ბრძოლის დროს ბერძნებმა დაცალეს დას. საქართველო და ,,აფხაზთა სამეფოს“ წარმოქმნას შეუწყეს ხელი. ჩვენ არ მიგვაჩნია მთლად დამაჯერებლად აკად. გ. მელიქიშვილის მოსაზრება, რომ ტაო-კლარჯეთი ,,ბიზანტიის კრეატურა“ იყო, ხოლო ,,აფხაზთა სამეფო“ იმთავითვე ბიზანტიასთან ბრძოლაში წარმოიშვა (გ. მელიქიშვილი ,,ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და საქართველოში ფეოდალური ურთიერთობის განვითარების ზოგიერთი საკითხი“ თბ., 1973 წ.). მართლაც, ,,აფხაზთა სამეფო“ წარმოქმნისთანავე დაუპირისპირდა ბიზანტიას, მაგრამ თვით მისი წარმოქმნა, დასაწყისში მაინც, გვევლინება ბიზანტიის დიპლომატიის მიერ ინსპირირებულ აქტად. ,,აფხაზთა სამეფო“ ბიზანტია-ხაზარეთის კომპრომისია მიმართული არაბთა წინააღმდეგ. მოგვიანებით კვლავ გამეორდა ანალოგიური სიტუაცია, რასაც ტრაპიზონის სამეფოს შექმნა მოჰყვა. მაგრამ დავუბრუნდეთ მთავარს: მე-11 საუკუნის 70-იან წლებში ბიზანტიურმა დიპლომატიამ სცადა ქართული სახელმწიფოს გაძლიერება, გრიგოლ ბაკურიანის ძის ხელით ,,უძღვნა“ ვრცელი ტერიტორიები (შემდეგში კინაღამ ,,დანაელთა საჩუქრად“ რომ გადაიქცა)... მაგრამ რა წრეებს აწყობდათ ასეთი გარიგება? ვფიქრობთ ზუსტად იმ პროგრესულ-პატრიოტულ დასს, რომელმაც ცოტათი მოგვიანებით ტახტზე აიყვანა 16 წლის ჭაბუკი - დავით აღმაშენებელი. ქართულ ისტორიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ 1089 წელს ფაქტიურად მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. (ივ. ჯავახიშვილი, ნ. ბერძენიშვილი, შ. მესხია, რ. მეტრეველი და ა.შ.). მაგრამ ჯერჯერობით აუხსნელი დარჩა 1089 წლის აქტის პოლიტიკური შინაარსი. გაურკვეველია გადატრიალების შემოქმედი პატრიოტულ-პროგრესული დასის შემადგენლობა, სოციალური კუთვნილება. ფაქტი ერთია; - ამ დასში წამყვან როლს ასრულებდა სასულიერო პირთა მძლავრი ჯგუფი. ფეოდალთა მონაწილეობა ამ აქტში ნაკლებადაა მოსალოდნელი გიორგი II-ის ლმობიერი ,,პროარისტოკრატიული“ პოლიტიკის გამო (საერთოდ დიდ ყურადღებას იქცევს გიორგი II-ის გაუგონარი ,,სიუხვე“ ჩვეულებრივ ასეთ დამთმობ პოლიტიკაში ისტორიკოსები ხედავენ გიორგი II-ის უნებისყოფობას, უნიათობას, სისუსტეს და ა.შ. ვფიქრობთ აქ საქმე გვაქვს ორ პროცესთან: I - სოციალური შინაარსისაა. საქართველოში მე-11 საუკუნის 70-იან წლებში ხდებოდა ,,ახალი არისტოკრატიის“ ჩამოყალიბება. სამოხელეო მოვალეობის კვალზე გადაცემული მიწების ფეოდალიზაციის დასრულება - მოხელე მფლობელთა მემკვიდრე მფლობელურად გადაქცევა. ასეთი პოლიტიკა ასუსტებდა ცენტრალიზაციას, მაგრამ სოციალურად პროგრესი იყო.  II პროცესი ტაქტიკურ-პოლიტიკურია. ესაა მეფის საშინაო დიპლომატია, კომპრომისი უფრო დიდი საფრთხის წინაშე, ეროვნულ ძალთა სრული მობილიზებისათვის გამიზნული).

გიორგი II-ის სიუხვე, რაც საბოლოო შედეგად მიწაზე ფეოდალიზაციის დასრულებას (ან გამტკიცებას) ისახავდა მიზნად, ქვეყნის თავდაცვის ერთ-ერთი მეთოდი იყო. ვფიქრობთ, ეს ,,წყალობანი უხვი“ უმთავრესად ეხებოდა წარმოშობით ,,აფხაზ“ (,,სვან“) მოხელეებს, რომლებიც მკვიდრდებოდნენ აღმოსავლეთ საქართველოში. ასეთი პოლიტიკა, დასავლური არისტოკრატიის მიმაგრება აღმოსავლურ მიწაზე, ფეოდალურ წრეებს ლოიალურს ხდიდა მეფისადმი. თურქთა შემოსევის მოგერიება მოითხოვდა მეფის გარშემო შემოკრებას. (რადგან ქართველებს, ძალზე ხშირად, არ შეეძლოთ დიდი იმპერიების დამარცხება, - ომის ძირითადი მეთოდები იყო ფეოდალურ ციხე-სიმაგრეებში, მონასტრებში ჩაკეტვა, პარტიზანული ომი. ეს აძლიერებდა ადამიანთა მიმაგრებას საკუთარი მიწის ნაკვეთზე. ქვეყნის დაცვა და მიწის ნაკვეთის დაცვა ქართველთათვის (პირველ რიგში აზნაურთათვის) ერთი და იგივე იყო.). ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი მსხვილი ფეოდალის გამოკლებით (თრიალეთელი ბაღვაშების, რომელთაც მოახერხეს საერთო ენის გამონახვა თურქებთან, დიდი თურქობის ეპოქაში, მთელი მსახურეული აზნაურობა (მოსაკარგავენი) აქტიურ მეფის მხარეზე იდგა. მაგრამ ამ კრიტიკულ სიტუაციაში წამყვანი როლი ეროვნულ ძალთა შემოკრების საქმეში მაინც ეკლესიამ შეასრულა. თუმცა ეკლესიის ეს როლი უშუალოდ საეკლესიო ორგანიზაციის აქტივიზაციით კი არ გამოიხატა, არამედ ცენტრში - სამეფო კარზე სასულიერო პირების აქტივიზაციით. ჩვენი აზრით, მთელ ამ დასს (საერო სასულიერო დასს სასულიეროს უპირატესობით) მეთაურობდა გიორგი მონაზონი - მწიგნობართუხუცესი... სწორედ ისაა 1089 წლის აქტის ჭეშმარიტი შემოქმედი, იდეოლოგი და პრაქტიკული ორგანიზატორი. ბრწყინვალე დავით აღმაშენებელმა თავისი სიდიადით დაფარა თავისი ,,სულის მოძღვარი“, ,,სულიერი მამა“; მე-11 - მე-12 საუკუნეების საქართველოს ,,კარდინალი რიშელიე“. აქედან გამომდინარე არ უნდა იყოს სწორი, თითქოს დავით აღმაშენებელმა გაატარა ცენტრალური მმართველობის რეფორმა და შექმნა უნიკალური სახელო: მწიგნობართუხუცესი და ჭყონდიდელი (ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი). როგორც ვნახეთ, მწიგნობართუხუცესის სახელომ მკვეთრად წამოიწია წინ და პირველი ვეზირი გახდა ჯერ კიდევ გიორგი II-ის დროს. აღზევდა იმდენად, რომ შეძლო მოეხდინა სახელმწიფო გადატრიალება (უსისხლოდ!) და ტახტზე აეყვანა 16 წლის ჭაბუკი. ასე, რომ დავითმა კი არ შექმნა მწიგნობართუხუცესი, არამედ მეფე დავითი თვითაა გიორგი მწიგნობართუხუცესის შემოქმედების ნაყოფი. რაც შეეხება ჭყონდიდლობას - ამაში არაფერია კანონზომიერი (როგორც ამას ამტკიცებდა აკად. ნ. ბერძენიშვილი). ვფიქრობთ თავიდან ეს შემთხვევითი მომენტით უნდა აიხსნას (შეიძლება ჭყონდიდი იყო თავისუფალი ვაკანსია, ან თვით გიორგის აკავშირებდა რაიმე იმ კათედრასთან, არ არის გამორიცხული, რომ გიორგის ჭყონდიდელობა ნიშნავდა მწიგნობართუხუცესის სახელოს ეკლესიის მიერ დაფინანსებას, - ჭყონდიდლობა თავისებური საკარგავის ფუნქციადაც ადვილად შეიძლება წარმოვიდგინოთ). ხოლო ის ფაქტი, რომ შემდგომი ხანის მწიგნობართუხუცესები, როგორც წესი, ხდებიან ჭყონდიდლები, აიხსნება ქართული სამოხელეო წყობის ერთი საინტერესო თავისებურებით - ტრადიციით (ტრადიციის საილუსტრაციოდ გამოდგება შემთხვევითი მოვლენის ტრადიციულ მოვლენად გადაქცევის მაგალითები, ცალკეულ ტერმინთა ევოლუცია: დადი - დადიანი - ,,დადიანობა“, არიში - არიშიანი - ,,არიშიანობა“, ლიპარიტი - ,,ლიპარიტიანობა“ და ა.შ.

მაშასადამე, შეგვიძლია დავასკვნათ: 1) მწიგნობართუხუცესის სახელო კანცლერად იქცა გიორგი II-ის დროს. ამ სახელოს სტატუსი დასრულდა დავით აღმაშენებლის ღონისძიებათა წყალობით. 2) მწიგნობართუხუცესის სახელოს ჭყონდიდელობასთან დაკავშირებაში არავითარი კანონზომიერება არაა. ყოველ შემთხვევაში საერო და საეკლესიო ცხოვრების ურთიერთკონტროლისათვის ეს ფაქტი არ გამოდგებოდა. მეფის სურვილი, გიორგი მწიგნობართუხუცესის დაჯილდოების, ან ავტორიტეტის აწევის მიზნით, გადაიქცა შემდეგდროინდელ ტრადიციად, რომელმაც მოგვიანებით სხვა შინაარსი შეიძინა...

ესოდენ ვრცელი მსჯელობა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელოს შესახებ მოვიტანეთ ორი მიზნით: 1) ჩვენი აზრით, საგარეო საქმეების განგების პრეროგატივა მეფის შემდეგ იყო I ვეზირის (მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის) ხელში. 2) რაც მთავარია, ასეთი ტრადიცია მოდის გიორგი მონაზონიდან, კანცლერის რეალური ძალის მქონე პირველ მწიგნობართუხუცესიდან. ყოველ შემთხვევაში, ცხადია ერთი: მე-11 საუკუნის 70-80-იან წლებში ქართული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკას უდავოდ განაგებს გიორგი მონაზონი. ეს პიროვნება თვით სახელმწიფოს გარდამქმნელად გვევლინება. იგი მეთაურობს სახელმწიფოს სათავეში მყოფ მძლავრ დასს, რომელიც უმთავრესად სასულიერო პირებისაგან შედგება. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს გიორგი მონაზონის მეთაურობით მოქმედებდა თავისებური სასულიერო-ფილოსოფიური ორდენი, რომელიც ჰქმნიდა საერო-რელიგიურ სახელმწიფოს (საერო-რელიგიური მმართველობით) ძველი წინაანტიკური და ფეოდალური ნახევრადთეოკრატიული სახელმწიფოეობის ანალოგიურად. წინაანტიკური: მეფე+აბსოლუტი+ქურუმები+მხედრები+ხალხი, კათოლიკური: მეფე+აბსოლუტი+კარდინალები+მხედრები+ხალხი... მოგვიანებით ეს საერო-რელიგიური ფორმულა შეიცვალა განმანათლებლური ფორმულით: მეფე+აბსოლუტი+ფილოსოფოსები+ხალხი, რაც გამოიხატა ,,მეფეთა და ფილოსოფოსთა“ კავშირის ლოზუნგებში. წყაროების უკიდურესი სიმწირის პირობებში, რასაკვირველია, არა გვაქვს საშუალება უფრო ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს. შეგვიძლია მხოლოდ ვუჩვენოთ, რომ ამ პერიოდის საქართველოში (დავით აღმაშენებლის მეფობის მთელ სიგრძეზე) აქტიურად მოქმედებს ფილოსოფოსთა მთელი დასი: იოანე პეტრიწი, იოანე ჭიმჭიმელი, არსენ ბერი, არსენ იყალთოელი, ვინმე ევსტრათო, არსენ ვაჩეს ძე, დავითის ისტორიკოსი - უაღრესად ,,პარტიული“, რომელიც საერთოდ არ ახსენებს თავის თხზულებაში ,,ერისთავებს“ და ა.შ. მთელი ეს პლეადა, მათი მოღვაწეობა, მათი და მეფე დავითის აქტიური კავშირი ტამპლიერების (ტაძრეულების) ორდენთან გვარწმუნებს, რომ მე-11 - მე-12 საუკუნის მიჯნაზე იყო ცდა სასულიერო ფილოსოფიური ორდენის ჩამოყალიბებისა, რომლის მიზანი იყო საქართველოს ერთიანი სახელმწიფო აბსოლუტი მეფით სათავეში.

ზევით უკვე დავადასტურეთ, რომ ქართულ დიპლომატიას განსაზღვრავდნენ მეფე და მწიგნობართუხუცესი. საინტერესოა, როგორ ახორციელებდა სამეფო კარი და მთავრობა (სავაზირო) ურთიერთობას უცხოეთთან? იყო თუ არა სპეციალიზებული ცენტრალიზებული აპარატი, უწყება, რომელიც თავის ხელში უყრიდა თავს საგარეო პოლიტიკის შემზადების მთელ პროცედურას?

ქართული სახელმწიფოს ცენტრალური მმართველობის შესწავლა გვაჩვენებს, რომ ,,ყოველი საქართველოს“ ,,უხუცესთა“ სისტემებში არ ჩანს საგარეო საქმეთა უწყება. საგარეო საქმეები გადანაწილებულია ჯერ სამი ძირითადი უწყების: 1. ამირსპასალარის, 2. მეჭურჭლუთუხუცესის და 3. მანდატურთუხუცესის ხელში. ათაბაგობის გაჩენიდან (მე-13 საუკუნის დასაწყისი - 1207-1212 წ.წ.) კი, საგარეო საქმეთა მინისტრის ფუნქცია მთლიანად უკავია ამ უკანასკნელს.

აღსანიშნავია, რომ სამ უწყებას (სამხედრო, ფინანსიური, შინაგანი საქმეების) საგარეო ფუნქცია განაწილებული აქვს საკუთარი სპეციფიკის გათვალისწინებით:

1. ამირსპასალარი - სამხედრო უწყება, მშვიდობიან დროს არეგულირებს დაზვერვას. ამ ეტაპზე დაზვერვა ჯერ კიდევ არაა გამოყოფილი დიპლომატიისაგან. მზვერავებად გვევლინებიან უცხოელი ელჩები, მოციქულები. ამის მაგალითად გამოდგება 1163 წლის (დაახ.) ამბავი. გიორგი III ლორე-დმანისის სანახებში იყო დაბანაკებული და ანისზე მოტევებული თურქთა სულთნის წინააღმდეგ ემზადებოდა. აქ მასთან ,,...მოსული იყო მოციქული სულტნისა, კაცი მოგვი და ტრელი, მეცნიერი საქმისა, ამხილველი და გამომხილველი ლაშქართ დგომისა“ (,,ისტ. და აზმ. შარავანდედთანი“, ,,ქართ. ცხ.“ ტ. II, 1969 წ. გვ. 13). სწორედ ეს ,,მოციქული“, ,,კაცი მოგვი და ტრელი“, ,,მეცნიერი საქმისა“, აღმოჩნდა ჩინებული მზვერავი. მან შესანიშნავად შეისწავლა გიორგი III-ის სამხ. ბანაკი, კარგად გაერკვა სიტუაციაში და სულტნის წინაშე ,,მეტყველმან ესრეთ თქვა“: - ,,აჰა, ჟამი კუალადგებისა ჩვენისა, უკუეთუ აწ არა მიხ დეთ, სხვა ჟამი ვეღარა ჰპოვოთ“ (გვ. 131). რასაკვირველია, ასეთი ,,ამხილველი“ და გამომხილველი“ ბევრი იქნებოდა საქართველოშიც. მათ დაკვირვებებს აკონტროლებდა სამხედრო უწყება. განსაკუთრებით მუდმივი დაკვირვების ობიექტი იყო სამხრეთი, კერძოდ თურქთა პოლიტიკური ერთეულების სამყარო. თურქული ელემენტის შინაგანი სპეციფიკა გამორიცხავდა მათთან სტაბილურ მშვიდობას. ნომადური ცხოვრების წესი, მომთაბარეობა, მუდმივი ბრძოლა საძოვრებისა და საკვებისათვის (ნადავლისათვის), თვით მუდმივი ბრძოლის წარმოებითი ხასიათი აიძულებდა მეზობლებს ეფიქრათ მათთან ურთიერთობის უფრო საიმედო ფორმაზე, ვიდრე ეს იყო საერთაშორისო ხელშეკრულებანი. სწორედ თურქთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჩამოყალიბდა მ ო ნ ა პ ი რ ე თ ა ინსტიტუტი. მონაპირეთა ძირითად ფუნქციას შეადგენდა მუდმივი დაზვერვა და აქტიური თავდაცვა, ე.ი. შეტევა. მონაპირეთა მოქმედება სპეციფიკური სამხედრო დიპლომატია იყო, სპეციფიკურ სიტუაციაში წარმოშობილი. მათ მოქმედებას არეგულირებდა სამეფო კარი ამირსპასალარის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ამირსპასალარს ეკითხებოდა ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთიდან დაქირავებული ჯარების გადმოყვანაც (მეჭურჭლეთუხუცესთან ერთად)...

დიპლომატია ურთიერთობის ხელოვნებაა მშვიდობიანი გზით... ომი პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა მეთოდებით... რასაკვირველია, შეუძლებელია ამ ორი მოვლენის ერთ უწყებაში შეერთება. სწორედ ამიტომაც, საომარი მოქმედების დაწყების შემდეგ საგარეო ურთიერთობის მოგვარების ფუნქცია მეომარ მხარესთან მთლიანად გადადიოდა ამირსპასალარის ხელში. ეს კარგად ჩანს შამქორის ომის პერიოდში, როდესაც ამირ-მირმანთან, შირვანის შაჰთან და აბუ-ბაქართან ურთიერთობის საქმე მთლიანად ხელში ჰქონდათ ზაქარია და ივანე მხარგრძელებს (ზაქარიას, როგორც ამირსპასალარს, ივანეს, როგორც მსახურთუხუცესს და ძმის თანაშემწეს).

ზემოხსენებულ მოსაზრებას ადასტურებს არდებილის დასჯა, ლაშქრობა ირანში და ივანე მხარგრძელის მოქმედება განსაკუთრებით ხლათის საწინააღმდეგო საომარი ოპერაციების დროს. ხლათზე ივანე მხარგრძელის შეტევის, მისი ტყვედ ჩავარდნის, საკუთარი თავის გამოსყიდვის და ხლათთან დაზავებისას, გამომჟღავნდა რამდენიმე საინტერესო მომენტი: 1. ხლათთან მოლაპარაკებას აწარმოებდა ივანე მხარგრძელი (საინტერესოა, როგორც ამირსპასალარი თუ როგორც ათაბაგი?). 2. ივანე მხარგრძელის ძალა ემყარება მის მდგომარეობას სახელმწიფოში (იგი ჩქარობს, ეშინია მის ნაცვლად სხვა არ აირჩიონ), ოფიციალური სახელოს გარდა, ივანე მხარგრძელს მყარი პოზიცია არა აქვს... 3. ივანე მხარგრძელს უფლება ჰქონდა განესაზღვრა დაზავების პირობები; ფულადი გამოსაღები, ტყვეების გათავისუფლება, დამოყვრება და ა.შ.

მაშასადამე, შეგვიძლია შევაჯამოთ: ამირსპასალარის უწყება განაგებდა საგარეო ურთიერთობის შემდეგ მხარეს:

ა) აკონტროლებდა დაზვერვას;

ბ) რეგულაციას უწევდა გარედან დაქირავებული ჯარების შემოყვანას (მეჭურჭლეთუხუცესთან ერთად);

გ) უწევდა ორგანიზაციას მონაპირეთა სამხედრო დიპლომატიას;

დ) ომის შემთხვევაში მეომარ მხარეებთან ურთიერთობის მოგვარებას ახდენდა ამირსპასალარი. ეს იყო სამხედრო დიპლომატია, რასაც განაპირობებდა ფაქტიურად უწყვეტი ომი, ნომადურ თურქულ სახელმწიფოებთან.

მეჭურჭლეთუხუცესი - საქართველოს საფინანსო უწყება, ახდენდა ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის რეგულაციას:

1) მეჭურჭლეთუხუცესი აწესრიგებდა საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებს;

2) განსაზღვრავდა ბაჟების ოდენობას, სასაქონლო გაცვლა-გამოცვლის წესებს;

3) უზრუნველყოფდა სავაჭრო-ეკონომიკური მაგისტრალების სრულყოფასა და უშიშროებას;

4) უცხოელი ვაჭრების ქონების და პიროვნების უშიშროებას;

5) უცხოელი ვაჭრებისა და მათ მიერ შემოტანილი საქონლის დაბინავება-შენახვას...

ამ წმინდა ეკონომიკური ხასიათის ფუნქციის გარდა, მეჭურჭლეთუხუცესის სახელო აკონტროლებდა უცხოეთთან ურთიერთობის ბევრ არასპეციფიკურ საქმესაც: 1) აგროვებდა ინფორმაციას (როგორც ,,სტუმარი“, იმპორტიორი, და ,,საკუთარი“, ექსპორტიორი ვაჭრებისაგან). 2) ასრულებდა საერთაშორისო დიპლომატიურ მისიას. (მაგ. საფინანსო-სავაჭრო უწყებამ მოიწვია საქართველოში გიორგი რუსი, მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვლის არზრუმში გამგზავრებას მოჰყვა 1187-1188 წლების ,,ბორგნეულობა“, ,,იმიერის“ აჯანყება ,,ამიერის“ წინააღმდეგ).

3) ვაჭრები ასრულებდნენ დიპლომატიური აგენტების მოვალეობასაც.

4) მეჭურჭლეთუხუცესი ცენტრალიზებული წესით აფინანსებდა უცხოეთში მყოფ ქართულ მონასტრებს: ბიზანტიაში, სირიაში, პალესტინაში, სინაზე, ეგვიპტეში, ბულგარეთში და ა.შ. ამიტომაც ზოგჯერ მას უხდებოდა საინსპექციო მოგზაურობა ამ მხარეებში და, ბუნებრივია, ასრულებდა დიპლომატიურ დავალებებსაც.

 

მანდატურთუხუცესი - ქართულ საისტორიო ლიტერატურაში მიღებულია ფრთხილი მოსაზრება, რომ ეს ,,უხუცესი“ ასრულებდა საგარეო საქმეთა გამგის (მინისტრის) მოვალეობასაც. განსაკუთრებით ამ აზრს ხშირად გამოთქვამენ სამართლის ისტორიის სპეციალისტები (გ. ნადარეიშვილი, ივ. სურგულაძე), სამწუხაროდ, ამ მოსაზრების ავტორებს არ დაუსაბუთებიათ საკუთარი შეხედულება. როგორც ჩანს, ასეთი მტკიცება გაჩნდა ამ სახელოს დაქვემდებარებული უწყების ზოგიერთი ხელის გამო. მანდატურთუხუცესის ხელქვეით მოხელეთა შორის ჩანან ,,მესტუმრე“, და ,,მერიგე“, რომლებიც ,,ამირეჯიბის“ ხელმძღვანელობით განაგებდნენ უცხო სტუმრობის მიღება-დაბინავების საქმესაც. მაშასადამე, შეიძლება დავუშვათ, რომ მანდატურთუხუცესი თვალყურს ადევნებდა უცხო ელჩების ჩამოსვლას, უზრუნველყოფდა მათ დაბინავებას, კვებას (,,მესტუმრე“), აწყობდა აუდიენციას (,,მერიგე“), იცავდა მათ უშიშროებას და საჭირო შემთხვევაში ახდენდა მათ იზოლაციას (,,მანდატურებით“). არ არის გამორიცხული, რომ მანდატურთუხუცესი თვითონ ან მისი რომელიმე მოხელე ჩამოსულებთან აწარმოებდა წინასწარ მოლაპარაკებას, აცნობდა მათ სასახლის ეტიკეტს, მაგრამ ყველა ეს ვარაუდი ვერ სცილდება ჰიპოთეზების სფეროს. ხელმწიფის კარის გარიგება მეტი დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. არ ხერხდება დაკვირვება არც მანდატურთუხუცესებზე. ჩვენ ვიცით ბევრი მანდატურთუხუცესი (ზაქარია მხარგრძელი, შალვა ახალციხელი, ჭიაბერი, ყუბასარი, ივანე მხარგრძელი და ა.შ.), მაგრამ მათი მოვალეობის სრული განსაზღვრა ძნელდება იმის გამო, რომ თითქმის ყველა მათგანი იერთებდა სხვა რომელიმე სახელოს. განსაკუთრებით ხშირი იყო მანდატურთუხუცესისა და ამირსპასალარის შეერთება. ასეთ პირობებში თითქმის შეუძლებელია გავმიჯნოთ ასეთი მოღვაწის ქმედებაში ფუნქციები ,,სახელოების“ მიხედვით.

მაშასადამე მანდატურთუხუცესი განაგებდა:

1. ელჩების მიღებას, დაბინავებას, კვებას, მომსახურებას, თვალყურს ადევნებდა: ეტიკეტის დაცვას, აუდიენციის მოწყობას, შესაძლებელია საპატიო აღლუმის, მუშაირისპოეტთა შეჯიბრებების, სპორტული თამაშობების (ჩოგბურთი, ცხენოსნობა, ისინდი, ყაბახი) ჩატარებას, ე.ი. მთელ საპატივსაცემო - საზეიმო ცერემონიალს.

2. ელჩების დაცვას, მათ გაცილებას და ა.შ. არ არის გამორიცხული, რომ მანდატურთუხუცესი და მისი მოხელეები (,,ამირაჯიბი“, ,,მესტუმრე“, ,,მერიგე“, ,,მანდატურები“) ახდენდნენ წინასწარ მოლაპარაკებას და გარკვეული დოზით დაზვერვა-კონტრდაზვერვის საქმეებსაც ემსახურებოდნენ...

როგორც ვხედავთ, ეს მოხელე განაგებდა არა მთლიანად საგარეო საქმეთა უწყებას, არამედ ნაწილობრივ (ჩვენს შემთხვევაში) ასრულებდა ერთ, მკვეთრად გამოკვეთილ საქმეს...

 

ათაბაგი - ზევით უკვე აღნიშნული გვქონდა, რომ შესაძლოა ათაბაგის ხელში მოიყარა თავი საგარეო საქმეებმა. ასეთი ჰიპოთეზის წამოყენებისას ჩვენ მხედველობაში ვიღებდით ივანე ათაბაგის მოღვაწეობას და შემდეგდროინდელი (მე-13 საუკუნის 60-იანი წლების) მაგალითს სადუნ მანკაბერდელის ცხოვრებიდან. ათაბაგი სადუნი ხომ უმთავრესად ქართული სამეფო კარის მონგოლებთან დამაკავშირებელი ხიდი იყო (ე.ი. განაგებდა საგარეო საქმეებს). საერთოდ ათაბაგის სახელო ქართულ ისტორიოგრაფიაში ჯერ მთლიანად არ არის გარკვეული, თუმცა ამ პრობლემას ბევრი შეეხო (ნ. ჩუბინიშვილი, ნ. ხიზანიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ს. კაკაბაძე, დ. გვრიტიშვილი, ივ. სურგულაძე და ა.შ.). ივ. ჯავახიშვილის აზრით, ,,ათაბაგობა საქართველოში შემთხვევით იყო შემოღებული და განსაკუთრებით ივანე მხარგრძელის პირადი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად იყო დაწესებული“ (ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, წ. II. I. გვ. 179).

ამ მოსაზრების ავტორმა პირველმა შენიშნა, რომ მართალია ათაბაგი სავაზიროს წევრია და გარეგნულად მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს ეტოქება, მაინც განიხილება ,,საქვეყნოდ გამრიგე მოხელეების რიგში“, ,,წესისა და განგება მეფეთა კურთხევის“ მიხედვით, ათაბაგი დგას არა ცენტრალური მმართველობის (სავაზირო) მოხელეებთან, არამედ მთავართა შორის. ამიტომაც აკად. ივ. ჯავახიშვილი დაასკვნიდა: ,,ათაბაგობას რაღაც კავშირი უნდა ჰქონდეს საქვეყნოდ გამრიგე მოხელეებთან“. ამის შემდეგ ათაბაგობის ინსტიტუტის შესწავლას ბევრი აღარაფერი მომატებია.

1965 წელს გამოქვეყნდა პროფ. ივ. სურგულაძის ნარკვევი ,,ათაბაგობის ინსტიტუტი ფეოდ. საქართველოში“, სადაც გამოთქმულია მცდარი მოსაზრება, რომ ათაბაგს ცენტრ. მმართველობაში თითქმის არა აქვს ფუნქცია და ცალკე აღებული, ერთი მსხვილი რეგიონის მმართველია. მაგრამ პროფ. ივ. სურგულაძეს არ შეეძლო ათაბაგის რეალური შინაარსის უფრო ნათელი გარკვევა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას ,,ისტორიანისა და აზმანის“ ავტორის თხრობა უტყუარ (თითქმის სტენოგრაფიულ) ანგარიშად მიაჩნია, რაშიც იგი თავიდან ბოლომდე ეყრდნობა აკად. ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებებს. გასაგები რომ გახდეს ივ. ჯავახიშვილისა და ივ. სურგულაძის საყრდენი არგუმენტაცია, მოვიტანთ ,,ისტორიანისა და აზმანის“ ავტორის (თუ რედაქტორის) ციტატას: ,,მაშინ მეფემან მოუწოდა ძმასა ზაქარიასსა ივანე მსახურთუხუცესსა და ინება პატივსა ძმისა მისისა აღყვანება და უბოძა ამირსპასალარობისა პატივი (ლაპარაკია ზაქარია მხარგრძელის გარდაცვალების შემდგომ ეტაპზე, ე.ი. 1212 წლის შემდგომ ეტაპზე). გავიხსენოთ: ,,აზმანის“ ეს ადგილი ივ. ჯავახიშვილისათვის იყო არა მხოლოდ ათაბაგობის დასაწყისის, არამედ თამარის გარდაცვალების ზუსტი თარიღის ძირითადი ორიენტირიც (,,ხოლო ივანე საქმეთა შინა განკურვებული იყო და ესრე რქუა მეფესა: ,,პატივი ესე, რომლითა პატივგიცემიეს ჩემდა, დიდად დიდი არს და მე უღირს ვარ; ესრეთ შემეწიე, რათა ძმისა ჩემისა სახელსა ჩემ ზედა არა ახსენებდნენ, რათა არა მრცხენუეს ნაცვლად მისა დგომად, არამედ ათაბაგობით პატივმეც: საქართველოს არა არს წესად და ხელად თქვენ მეფეთა წინაშე ათაბაგობა. და ამით განადიდე წყალობა ჩემი შენი ჩემს ზედა რომე ახალსა და უაღრესსა პატივსა ღირს მყო და ათაბაგობა მიბოძა, რომელ სულტანთა წესი არის ათაბაგი... ყოცა მეფემან და უბოძა ათაბაგობა, რომელი არა ყოფილიყო საქართველოს მეფეთა წინაშე, არცა ვის ბოძებოდა“... (,,ქართლის ცხოვრება“, ტ. II, გვ. 110). ამ ტექსტში აშკარა წინააღმდეგობაა, რაც ადრევე შენიშნეს მკვლევარებმა. ამ ტექსტიდან გამოდის შემდეგი: 1. თამარმა ივანეს ათაბაგობა უბოძა ზაქარიას სიკვდილის შემდეგ (მიზეზი: ივანეს ,,სცხვენია“ მისი სახელი ,,ახსენონ ძმის სახელსა ზედან“). 2. ათაბაგობა აქამდის არავის ჰქონია, ივანე პირველი ათაბაგია. 3. ათაბაგობა დაწესდა 1212 წელს, როდესაც აღსაზრდელი აღარავინ იყო... ე.ი. თითქოს ყველაფერი ლოგიკურია, ორი აშკარა წინააღმდეგობა რომ არ არსებობდეს: ა) იგივე ავტორი პირველ ათაბაგად ახსენებს ივანე ახალციხელს, რასაც შემდეგ თითქოს გამორიცხავს... ბ) ათაბაგობას მაშინ იღებს დიდებული, როდესაც აღსაზრდელი უკვე აღზრდილია. ივ. სურგულაძემ პირველი წინააღმდეგობა ადვილად მოხსნა. მან მხარი დაუჭირა კ. კეკელიძის აღდგენას, სადაც ივანე ახალციხელის ათაბაგობა ,,ეჯიბობითაა“ შეცვლილი. ამ აღდგენას მხარს უჭერდა ივ. ჯავახიშვილიც. ივანე ახალციხელის ათაბაგობას საეჭვოდ მიიჩნევდა ექვ. თაყაიშვილიც (ამ საკითხზე ვრცელი მსჯელობა იხ. ივ. სურგულაძესთან, გვ. 32-36). მაგრამ მთელი ეს კრიტიკული განხილვა თავიდანვე განწირულია იმიტომ, რომ მკვლევართა დიდ ნაწილს უტყუარი ჰგონია ,,აზმანის“ ავტორის ზემოთმოყვანილი ციტატა. სინამდვილეში კი ივანეს ათაბაგობის შესახებ მთელი მონათხრობი აბსოლუტურად ყალბია, როგორც შემდეგში ჩამატებული სპეციალური მიზნით.

ჯერ ერთი: - თამარს არ შეეძლო ივანე მხარგრძელისათვის ათაბაგობა ზაქარიას სიკვდილის შემდეგ მიენიჭებინა, რადგან თამარი, ქართული ტრადიციის საწინააღმდეგოდ, ზაქარიაზე ადრე გარდაიცვალა. ეს რომ ასეა, ჩანს:

ა) სომხური ლაპიდარული წარწერებიდან (იხ. შ. დარჩაშვილი, ,,ჰალიბატის 1210 წლის წარწერა ,,მნათობი“, 1975 წ. N 2, გვ. 152. ივ. ჯავახიშვილი ამ წარწერას ნდობით არ ეკიდებოდა. ბაგავანის წარწერა, კირაკოს განძაკელის ცნობა, ბაგავანის უთარიღო წარწერა და ა.შ.). ამჯერად ჩვენთვის საინტერესო არაა, როდის გარდაიცვალა თამარი (1207, 1210 წ., 1213 წ. და ა.შ.), მთავარია შემდეგი: თამარი გაცილებით ადრე გარდაიცვალა, ვიდრე ზაქარია, ე.ი. ,,აზმანის“ ავტორი (ან ინტელპოლატორ-გადამწერი თუ რედაქტორ-ფალსიფიკატორი) უდავოდ ტყუის, განგებ ფარავს რაღაცას. ეს რომ ასეა, ჩანს აგრეთვე ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანის თხზულებიდანაც, რომელიც სამწუხაროდ შეუმჩნეველი დარჩა. ეს მემატიანე მოიხსენიებს თამარის სიკვდილს, მის გლოვას მთელი საქართველოს მიერ, შემდეგ მიუთითებს, რომ ღმერთმა არ გაწირა ქვეყანა, მოუვლინა მას შესანიშნავი მმართველი და ყოველივე ამის შემდეგ აღნიშნავს: ,,...და იყო სამეფო მისი (ე.ი. ლაშა-გიორგისი) დიდსა დაწყნარებასა შინა, და იყვნეს გამგედ და განმზრახად ყოველთა საქმეთა მისთა მისსავე მშობლისობითგან (ალბათ მშობლისაგან!), მხარგრძელი ზაქარია მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი და ივანე ათაბაგი“ (,,ქართლის ცხოვრება“, ტ. I, გვ. 370). მაშასადამე, აშკარაა ივანე მხარგრძელი ათაბაგი გახდა ძმის სიცოცხლეშივე (საერთოდ, ეს რომ ასეა, იქიდანაც ჩანს, რომ არავითარი ,,სირცხვილი“ არ ეტყობა ივანეს ძმის სახელოს მისაკუთრების გამო. მერე ვნახავთ, რომ მან ამირსპასალარის სახელო, რომელიც თითქოს მეფის ხელიდან ,,სირცხვილით“ არ მიიღო, უსირცხვილო თავხედობით მიისაკუთრა მცირეწლოვანი ძმისწულის შანშეს უფლებათა საზიანოდ (შ. დარჩაშვილი, გვ. 20-81).

ამრიგად, გამოვარკვიეთ, რომ ივანე მხარგრძელი ათაბაგი გახდა ზაქარიას სიცოცხლეშივე, დაახლოებით 1205-1206 წლებში. (ე.ი. დავით სოსლანის გარდაცვალების ან მის მომდევნო წელს, ამის შესახებ იხ. ჩვენი ნაშრომი ,,ათაბაგის სახელოს გარკვევისათვის“, ხელნაწერი, წაკითხული მოხსენებად 1976 წელს ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო სესიაზე). მაშასადამე, 1205/6 – 1212 წლებში ივანე მსახურთუხუცესი და ათაბაგია, თუ გამოირკვევა რა ფუნქცია მიემატა მას ამ წლებში, მაშინ დაახლოებით შესაძლებელია გაირკვეს პრინციპში ათაბაგის ძირითადი ფუნქციაც. 1212 წლის შემდეგ, ე.ი. ივანეზე ძმის (ზაქარიას) ხელის - ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის გადასვლის შემდეგ ამის გარკვევა შეუძლებელია, რადგან არ ხერხდება ერთ პიროვნებაში შეერთებული რამდენიმე ხელის შემთხვევაში, თითოეულის ფუნქციონალური გამიჯვნა.

ჩვენი აზრით, საწყის ეტაპზე ათაბაგი განაგებდა: 1. სომხურ თემებს (ივანეს მაგალითზე). ეს ტიტული აღნიშნავდა არა მთელი საქართველოს, არამედ ერთი რეგიონის, კერძოდ მხარგრძელთა 4 შტოს სამფლობელოთა საერთო მმართველობას. 2. ურთიერთობას მეზობლებთან, განსაკუთრებით სამხრეთელ მეზობლებთან (ხლათთან მისი მოლაპარაკების ანალიზიდან გამომდინარე დასკვნა).

ამასთანავე სავაზიროში ათაბაგი იცავდა მთავართა ინტერესებს, იყო მემკვიდრეობითი მფლობელობის (მსხვილი სენიორების, თავადების, მთავრების) წარმომადგენელი. ქვეყნის ფეოდალიზაციის პროცესის გაღრმავებასთან დაკავშირებით თანდათან გაიზარდა ათაბაგის ფუნქციაც, მან შეავიწროვა მწიგნობართუხუცესი და იქცა მეფის შემდგომ პირველ მოხელედ, ხშირად რეგენტად. რაც მთავარია, ამჯერად ჩვენთვის, ათაბაგის ხელში მოიყარა თავი საგარეო ურთიერთობის ყველა მხარემ... ეს ყველაზე უკეთ ჩანს ივანე ათაბაგის ეპისტოლეში რომის პაპის ჰონორიუსისადმი (ჰონორიუს III).

მაშასადამე: საგარეო საქმეები ფეოდალურ საქართველოში დიდხანს წარმოადგენდა უშუალოდ მეფის პრეროგატივას... (X-XI ს.ს.) გიორგი II-ის დროიდან ამ საქმეში მეფის თანაშემწე გახდა მწიგნობართუხუცესი, რომლის საერთო ხელმძღვანელობის ქვეშ მე-12 საუკუნიდან საგარეო საქმეები გადანაწილდა ამირსპასალარის (სამხ. დიპლომატია), მეჭურჭლეთუხუცესის (საგარეო ეკონომიკური ურთიერთობანი) და მანდატურთუხუცესის (ელჩების მიღება-მომსახურება) ხელში.  XIII საუკუნიდან საგარეო საქმეებში გაიზარდა ათაბაგის როლი. დაცემის ხანაში ბიუროკრატიული აპარატის დაშლის შემდეგ დიპლომატია კვლავ მეფის უშუალო პრეროგატივა გახდა.

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ქალწულმოწამენი: ენაფა, ვალენტინა და პავლა (+308)
10 (23) თებერვალი
მღვდელმოწამე ხარლამპი და მის თანა მოწამენი: პორფირი, ბაფტოსი და სხვანი (+202)
წმიდა ხარლამპი, რომლის ხსენებასაც აღვნიშნავთ 23 თებერვალს, თესალიის ქალაქ მაგნეზიის (საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ოლქი) ეპისკოპოსი და ქრისტეს სიტყვის მხურვალე მქადაგებელი იყო. იგი მრავალ შეცდომილ სულს მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
gaq