საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ადრექრისტიანული პერიოდის ქართლის (იბერიის) სამეფო კარი (თანადროული რეალიები და ისტორიული კონტექსტები)
ვლადიმერ ჭელიძე
მცხეთა

ადრექრისტიანული ხანის ქართლის (იბერიის) მეფეთა და ერისთავთა შესახებ მეტად მნიშვნელოვანი და საგულისხმო ისტორიული რეალიებია გადმოცემული ქართულ საისტორიო წყაროებში. კერძოდ, აღნიშნული ეპოქის ქართულ წერილობით კულტურას გვიანანტიკური პერიოდის მდიდარი ტრადიცია უდევს საფუძვლად. ეს ხანგრძლივი და მრავალსაუკუნოვანი ისტორიულ-ლიტერატურული პროცესია, რაც სხვადასხვა ეპოქის მიხედვით თანდათანობით იქმნებოდა. ასომთავრული ანბანით შექმნილი ქართული მწიგნობრობის ძეგლები იყო უტყუარი და სანდო საინფორმაციო კომუნიკაციის საშუალებები (ჭელიძე 2016 {IIII}, 44-45), რისი მონაცემებიც ძირითადად ასახულია ქართულ საისტორიო თხზულებაში „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და საისტორიო თხზულებათა კრებულში „ქართლის ცხოვრება“ (ჭელიძე 2015, 14-23).

„ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი სარედაქციო მინაწერის მიხედვით ამ საისტორიო კრებულის პირველი თხზულება „ლეონტი მროველმან აღწერა“ (ყაუხჩიშვილი 1955, 244), რომლის მეორე თავის დასაწყისში, კერძოდ, აღნიშნულია: „ხოლო აქათგან ვიწყოთ და წარმოვთქვათ ამბავი ქართლისა და ნათესავისა მათისა, და ცხოვრება მათი ვიდრე დღეთა ჩუენამდე“ (ყაუხჩიშვილი 1955, 8). როგორც ჩანს, მან ისტორიული რეალიები გადმოსცა თავის თანადროულ ეპოქამდე (კერძოდ, XI ს.-ის 70-იანი წწ.). ეს გარემოება პირდაპირ მიანიშნებს, რომ როგორც „მეფეთა ცხოვრების“, ისე „ვახტანგ გორგასლის ცხოვრებისა“ და „მატიანე ქართლისას“ ავტორი ლეონტი მროველია, რასაც აღნიშნული ტექსტის კვლევის შედეგად გამოვლენილი ისტორიულ-ლიტერატურული მონაცემებიც ადასტურებს (ჭელიძე 2005; 51).

ქართლის (იბერიის) თანადროული რეალობის აღდგენა გარკვეულწილად ასევე შესაძლებელია შესაბამის უცხოურ (ბერძნულ-რომაულ, სომხურ და სხვა) საისტორიო მონაცემებთან შედარების შედეგად მოძიებული პარალელებით (ჭელიძე 1998, 31-36; ჭელიძე 1999, 153-163), რაც იძლევა ქართლისა და ეგრის-აფხაზეთის სამეფოთა როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი პრობლემების წარმოჩენის, ისე ეთნოგენეტიკურ და რელიგიურ-კულტურულ იდენტობათა დადგენის (ჭელიძე 2016 {II}, 63-69; ჭელიძე 2016 {IV}, 96-97) საშუალებას.

აღნიშნული საკითხების დეტალური შესწავლისა და ინტეგრირებული კვლევების საფუძველზე სრულიად შესაძლებელია ქართულ საისტორიო თხზულებებში როგორც გრაფიკული ცდომილებების გასწორება, აზრობრივ-ტექსტობრივი სხვაობების დაზუსტება, იდეოლოგიური სახეცვლილებების წარმოჩენა, მწიგნობრული ჩანართების გამოცალკევება (ლიტერატურული ფიქცია) და საისტორიო წყაროთა ლიტერატურული მოდელის (პირველსახის) აღდგენა, ისე თანადროული რეალიებისა და ისტორიულ პირთა (მეფეთა და ერისთავთა) ვინაობის (არაფიქცია) დაზუსტება (ჭელიძე 2015-2016, 270-283; ჭელიძე 2016 {I}, 167-180).

ქრონოლოგიური და გენეალოგიური თანამიმდევრობების მიხედვით აღდგენილ ისტორიულ პირთა სიაში მეფეთა და ერისთავთა სამი დინასტიური შტო გამოიყოფა. პირველი შტოს წარმოადგენენ მეფე მ ი რ ვ ა ნ (არიან,იარედოს) და მისივე ძე ა რ ს ო კ (აზო[რკ], აზონ), რომელთა სახელებიც სამშვილდის ერისთავთა საგვარელო სახელების მსგავსია, რაც მათ საერთო დინასტიურ წარმომავლობაზე მიანიშნებს. მომდევნო შტოს წევრებია - შემდგომი მეფისა ს ა უ რ მ ა გ (მთავარი მამამძუძის სახლიდან, სამარ//სარამ//სა[უ]რმ[აგ] მამასახლისი) და მისი ძე ფ ა რ ს მ ა ნ (ფარსმან ავაზ//ფარნავაზ), რომელთა სახელები დაერქვა სამცხისა და ეგრის-სვანეთის გაერთიანებისშედეგად შექმნილი ახალი ქართული სახელმწიფოს - ქართლის სამეფო დინასტიის (ფ ა რ ნ ა ვ ა ზ ი ა ნ თ ა) მემკვიდრეებს. ხოლო მესამე შტოს მიკუთნებიან ეგრისის ერისთავი ქ ა რ ძ ა მ (ქუჯი) და მისი ძე ა რ ტ ო კ (//არიკ //როკ//დეროკ//არტაგ//ადერკი), რაც, ფარნავაზიანთა და ეგრისის ერისთავთა შვილების დინასტიური ქორწინების შემდგომ (კერძოდ, ორმეფობის ხანიდან), ასევე სამეფო სახელები გახდა. ამ მეფეებს ერქვათ მეტსახელებიც - ფარსმან ა ვ ა ზ (//ფარნავაზ), ფარსმან [ჯ უ ა ნ] (//ფარნაჯობ, //ფარნაჯომ), ფარსმან [კ ა ო ს], ფარსმან ქ უ ე ლ ი. ზოგი მეტსახელი შემდგომში სამეფო სახელადაც დამკვიდრდა - ბ ა რ ტ ა მ (//ბრატმან), ა მ ა ზ ა ს პ, მ ი რ დ ა ტ, რ ე ვ მ ა რ თ ა ლ ი (//რევ[ნიზ]), ვ ა ჩ ე, ვ ა რ ა ზ-ბაკურ (//ასფაგურ) და სხვა (ჭელიძე 2017 {II}, 48).

ეროვნული ერთიანობისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის თვითშეგნების ჩამოყალიბებას სწორედ წინაქრისტიანულ ხანაში ჩაეყარა საფუძველი, რამაც ქრისტიანობის მიღების ეპოქიდან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი აზროვნების სრულფასოვანი განვითარება განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ, საისტორიო გადმოცემების გარდა, ადრექრისტიანულ ხანაში ქართლის (იბერიის) სამეფო კარის საქმიანობას აღწერს ქართული აგიოგრაფიული მწერლობის ძეგლებიც, სადაც წარმოჩენილია თანადროულ რეალიათა ისტორიული კონტექსტებიც (ჭელიძე 2017{I}, 465-473). ამ ძეგლების მეტად მნიშვნელოვან მონაცემებს არსებითი ხასიათის შესწორებები შეაქვს მოგვიანო ხანის საისტორიო თხზულებებში, რადგან ამ გადმოცემებში დროთა განმავლობაში გარკვეულ ტექსტობრივ და გრაფიკულ ცდომილებებს ჰქონდა ადგილი.

ქართულმა საისტორიო თხზულებებმა ცალკეულ შემთხვევებში აზრობრივი სახეცვლილებებიც განიცადეს. კერძოდ, „მეფეთა ცხოვრების“ გადმოცემები ნებროთიანთა, არშაკუნიანთა და ხოსროიანთა ქართლში მეფობის შესახებ, ლეონტი მროველის მიერ ამბის თხრობის ეპიკური მანერით შექმნილ ლეგენდებს წარმოადგენს (ჭელიძე 2005; 51) და არა თანადროული ეპოქის ისტორიულ რეალიათა აღწერილობას („მიერითგან განძლიერდეს სპარსნი მიერ მზისა აღმოსავლითგან, ნათესავნი ნებროთისნი, ... ესევითარი წერილ არს ცხოვრებასა სპარსთასა“; „ესე ასფაგურ იყო უკანასკნელი მეფე ფარნავაზიანთა ნათესავისა. და ამის-ზე მეფე იქმნა სპარსეთს ქასრე ანუშარვან სასანიანი, ... რომელი იცნობების არდაშირობით, ვითარცა წერილ არს ცხოვრებასა სპარსთასა“ - ყაუხჩიშვილი 1955, 11-15, 61). მკვლევართა მოსაზრებით (ვ. გაბაშვილი და სხვები) „ცხოვრება სპარსთა“ X საუკუნის სპარსელი ისტორიკოსის აბუ ალი მუჰამედ ბალამის საისტორიო თხზულებაა. ის არაბი ისტორიკოსის მუჰამედ იბნ ჯარირ ალ-ტაბარის (ჩვ. წ. 839-923 წწ.) თხზულების „წინასწარმეტყველთა და მეფეთა ისტორიიის“ ახალსპარსულ ენაზე შესრულებული თავისუფალი თარგმანია. თავის მხრივ, ტაბარის ამ თხზულების ძირითადი წყაროა V საუკუნის დაკარგული ფალაური „ხვატაი ნამაკი“ („მეფეთა წიგნი"), რომელიც არაბულ ენაზე თარგმნა აბდ-ალაჰ იბნ ალ-მუყაფამ (ჩვ. წ. 757 წ.). „მეფეთა ცხოვრების“ მოხსენიებული სპარსთა მეფის სახელი ქ ა ს რ ე სპარსულ-ფალაური სახელის „ხუასროს“ არაბულენოვანი ფორმაა. როგორც ჩანს, ლეონტი მროველს ბალამის თხზულების მიხედვით აქვს შეთხზული ეს ლეგენდები (ლიტერატურული ფიქცია).

ქართლში სასანიანთა (ხოსროიანთა) გამეფების ლეგენდის შეთხზვას „ყოველი კავკასიის“ გაერთიანების შესახებ XI საუკუნის ისტორიკოსის ლეონტი მროველის ეპოქის საქართველოს სამეფოს სახელმწიფოებრივი მიზანდასახულებები და ბაგრატოვანთა დინასტიის თვითმპყრობელობის იდეოლოგიური მისწრაფებები1 უდევს საფუძვლად, რაც მიზანმიმართულად გადმოცემულია „მეფეთა ცხოვრებაში“2 („სთნდა სპარსთა მეფესა ... მცხეთას დასუმა ძისა მისისა მეფედ. რამეთუ ყოველთა ქალაქთა სომხითისა და ქართლისათა, რანისა და მის კერძოთა, ყოვლისა უფროსად და უმაგრესად გამოარჩია ... , რათა … იპყრობდეს ყ ო ვ ე ლ თ ა კ ა ვ კ ა

ვლადიმერ ჭელიძე
ს ი ა ნ თ ა. ... და შეჰრთო ძესა მისსა მირიანს ასული ქართველთა მეფისა და მისცა ქართველთა მეფედ ძე მისი და დასუა მცხეთას. ... დაწარვიდა მეფე და წარიხუნა ყ ო ვ ელ ნ ი ჴ ე ვ ნ ი კ ა ვ კ ა ს ი ა ნ თ ა ნ ი და დასხნა ყოველგან მთავარნი, და უბრძანა მათ ყოველთა, რათა იყვნენ მორჩილ ძისა მისისა მირიანისსა" - ყაუხჩიშვილი 1955, 65).

ქართულ საისტორიო თხზულებათა დეტალური ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია პირველწყაროების „სწორი ამოსავალი მონაცემების“3 წარმოჩენა (არაფიქცია), მიუხედავად საისტორიო ტექსტში ლეონტი მროველის მიერ ბალამის თხზულების მიხედვით შეთხზული ლეგენდების ჩართვისა4.

როგორც ჩანს, მირვანის ძის არსოკის შემდგომ ქართლის სამეფო ტახტსს ეუფლება შემდგომი მეფისა ფარსმან ავაზ (//ფარნავაზ). ქართლის ამ ორი ადგილობრივი საგვარეულოს (ფარნავაზიანთა და სამშვილდის ერისთავთა) წარმომადგენელთა ერთმანეთთან ბრძოლასა და მძაფრ ურთიერთდაპირისპირებას (ჭელიძე 2015-2016, 270-283), რეალური საგარეო საფრთხიდან გამომდინარე, ტახტის მაძიებლების შთამომავალთა (აბეშურასა და მირიანის) დინასტიური ქორწინება მოჰყვა5.


საგულისხმოა, რომ ლეონტი მროველის მიერ პირველწყაროში ხოსროიანთა გამეფების ლეგენდის ჩართვით განპირობებული მონაცემისგან („ესე ასფაგურ იყო უკანასკნელი მეფე ფარნავაზიანთა ნათესავისა“ - ყაუხჩიშვილი 1955, 59) განსხვავებულია V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის ფავსტოს ბუზანდაცის „სომხეთის ისტორიაში" არსებული გადმოცემა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ადრექრისტიანულ ხანაშიც წინაქრისტიანული ეპოქის მსგავსად ქართლში ფარნავაზიანები მეფობდნენ (მელიქიშვილი 1967, 49). შესაბამისად, მხოლოდ ასფაგურ მეფის ასულის წულს „შესდგმიდა ფარნავზიანობა“. ამ ტერმინითაა ანალოგიურ შემთხვევაში მოხსენიებული ადრეული პერიოდის ქართლის მეფე ქარძამ (ქართამ) „მეფეთა ცხოვრებაში“ („ძისწული ქუჯისი, სახელით ქართამ, რომელსა შესდგმიდა ფარნავაზიანობა, ფარნავაზის დისა ქუჯის ცოლისაგან და დედისა მისისა, საურმაგის ასულისა ქუჯის ძის ცოლისაგან“ - ყაუხჩიშვილი 1955, 32). აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, აბეშურასა და მირიანის ძე იყო ბაქარ (ბაკურ), რაზეც აშკარად მიანიშნებს ამ მეფის დინასტიური დაპირისპირება თავისივე ძმისწულებთან, მირიანისა და მისი მეორე ცოლის ნანას ძისწულებთან, რევის შვილებთან („მეფემან ბაქარ, შუამდგომელობითა ბერძენთა მეფისა და სპარსთა მეფისათა, დაწერა ჴელითწერილი ძმისწულთა მისთა და დედისა მათისა სალომესგან ესრეთ, ვითარმედ: „ვიდრემდის იყოს ნათესავი ბაქარისი, რომელსა ეძლოს პყრობა მეფობისა, მისი იყოს მეფობა, და არა ოდეს ძებნონ მეფობა ნათესავთა რევისთა“. მაშინღა მოიყვანნა ძმისწულნი მისნი და მისცა კუხეთი, და დასხნა რუსთავს ერისთავად“ - ყაუხჩიშვილი 1955, 130-131).

„ქართლის ცხოვრებაში“ აღნიშნულია, რომ მირიანის მეფობის დროს, ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევის შესაბამისად, დაიწყო ქართლის მეფეთა გენეალოგიური თანამიმდევრობის თავიდან ათვლა. ახალი ისტორიული კონტექსტის მიხედვით დადგინდა თანადროული ქრონოლოგიური მიმართებებიც („მირიან მეფისითგან ვიდრე ვახტანგ მეფისამდე გარდაცვალებულ იყო ნათესავი რვა და მეფენი ათნი, და წელიწადი ას ორმოცდაჩჳდმეტი“; და მეფობითგან მირიან მეფისათა ვიდრე მეორისა ფარსმანისა გარდაჴდეს წელნი ორას ორმოცდაათნი. და მეფენი გარდაიცვალნეს ი~დ). 

  

ორივე სათარიღო მაჩვენებელი გარკვეულ ტექსტობრივ ცდომილებას შეიცავს. კერძოდ, პირველის ფრაზა მოკლეა („მირიან მეფისითგან“), რადგან აკლია სიტყვა „მეფობითგან“. მეორესი - სრულია („მეფობითგან მირიან მეფისათა“), მაგრამ ფრაზა „მირიან მეფისათა“ აზრობრივად გაუმართავია, რადგან ის მხოლოდ ერთ ისტორიულ პირს გულისხმობს, ხოლო სიტყვა „მეფისათა“ მრავლობითის კონტექსტშია მოცემული. სათარიღო მაჩვენებელთა შედარების შედეგად შესაძლებელია ამ ფრაზის პირველსახის აღდგენა („მეფობითგან მირიან მეფისითგან“).

ქართულ საისტორიო თხზულებათა გადმოცემებში გამოვლენილი სათარიღო მაჩვენებლების („წელიწადი ას ორმოცდაჩჳდმეტი“ და „გარდაჴდეს წელნი ორას ორმოცდაათნი“) მიხედვით შესაძლებელია სწორედ დადგინდეს არსებითი ხასიათის ქრონოლოგიური მონაცემები.

ვახტანგ მეფის აფხაზეთში ბრძოლის ეპიზოდში მოხსენიებულია ბიზანტიის იმპერატორი („იწყო ბრძოლად ციხეთა აფხაზეთისათა. რამეთუ მეფე ბერძენთა ლ ე ო ნ დ ი დ ი უცალო იყო ბრძოლისაგან სპარსთასა“ - ყაუხჩიშვილი 1955, 157). ხოლო მცხეთაში მისი დაბრუნების ეპიზოდში წარმოდგენილია სპარსეთის შაჰი („წერილ იყო ესრეთ: „უ რ მ ი ს დ ი ს გ ა ნ, ყოველთა მეფეთა მეფისა, ვ ა ხ ტ ა ნ გ ი ს მიმართ, ვარან-ხუასრო-თანგისა, ათთა მეფეთა მეფისა ახოვანისა“ - ყაუხჩიშვილი 1955, 157). სავარაუდოდ, ეს ისტორიული პირები (ლეონ დიდი და ურმისდი) არიან ლეონ I თრაკიელი (457-474 წწ.) და ჰორმიზდ III (457-459 წწ.), რომლებიც, როგორც ცნობილია, 457 წელს გამეფდნენ.

აღნიშნულ თარიღთან 157 წლიანი დროის რაოდენობრივი მაჩვენებლის შეფარდების მიხედვით მირიანი 300 წელს (457 – 157) გამეფდა, რაც სხვა ქრონოლოგიური მონაცემების დადგენის საშუალებას იძლევა. კერძოდ, მისი დაბადება 285 წლით უნდა განისაზღვროს, რადგან ის 15 წლისა გახდა მეფე („იქმნა რა მირიან თხუთმეტისა წლისა, ... ღირს იყო მეფობასა ქართველთასა”). 292 წლიდან 7 წლის მირიანი („თანა ჰყვა შჳდისა წლისა ... მირიან”), როგორც ასფაგურ მეფის ასულის აბეშურას მომავალი მეუღლე („მოიყვანეს ასული ასფაგურ მეფისა სამშჳლდით, რომელსა ერქუა აბეშურა, და შერთო იგი” - ყაუხჩიშვილი 1955, 64), უკვე მეფობის პრეტენდენტია. ხოლო „ლევ (//[რ]ევ) მამაჲ მირიანისი“ („მოქცევაჲ ქართლისაჲ“) სამეფო წყვილის რეგენტი გამოდის, რადგანაც მას „ქართლის ცხოვრების“ მირვანოზ შეესაბამება („დაუტევა მამამძუძედ და განმგებელად წარჩინებული ერთი, რომელსა ერქუა სახელად მირვანოზ” - ყაუხჩიშვილი 1955, 64-65). 

 

ამ გადმოცემაში ხოსროიანთა მეფობის შესახებ ლეგენდის ჩართვამ საისტორიო ტექსტის სახეცვლილებები განაპირობა. კერძოდ, დასადგენია მისი პირველწყაროს ცალკეული დეტალები: ა) „მოიყვანეს ... სამშჳლდით“ არა აბეშურა, არამედ, როგორც ჩანს, მირიან. კერძოდ, „საყურადღებოა, რომ «მოქცევაჲ ქართლისაჲ»-ს ქრონიკისეულ «მეფეთა სიაში» ... მოხსენიებულია «მირვან» (ერთი წარმართი მეფის სახელად) და «მირეან» (ერთი წარმართი მეფისა და პირველი ქრისტიანი მეფის სახელად) ფორმებით, რომელთა შესატყვისად «ქართლის ცხოვრებაში» გვაქვს «მირვან» (ორი წარმართი მეფის სახელად) და «მირიან» (პირველი ქრისტიანი მეფის სახელად). ეჭვგარეშეა, რომ სამივე შემთხვევაში პირველწყაროში თავდაპირველად «მირვან» ეწერა და მისგან განსხვავებული ორივე ფორმა (მირეან, მირიან) ასომთავრული «ვ»-ინ ნიშნის ეტაპობრივი გრაფიკული დაზიანების ნიადაგზე აღმოცენდა: ვ>ე>ი; მირ-ვ-ან>მირ-ე-ან>მირ-ი-ან“ (ხურცილავა 2006, 62). ხოლო დინასტიური სახელის დარქმევის ტრადიციიდან გამომდინარე, მირიან (//მირვან) გამოდის სამშვილდის ერისთავის [რ]ევის ძე (რევს გრაფიკული მსგავსების გამო „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ ენაცვლება ბიბლიური სახელი „ლევ“). შესაბამისად, ასფაგურ მეფის ასული სამეფო ქალაქ მცხეთაში იმყოფებოდა და არა სამშვილდეში; ბ) „შერთო იგი“, აბეშურასა და მირიანის არა დაქორწინებას, არამედ, მათი ასაკის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, დაწინდვას გულისხმობს;

ვლადიმერ ჭელიძე
გ) „დაუტევა მამამძუძედ“ მიანიშნებს, რომ რევ აბეშურას რეგენტია და არა მირიანის; დ) „წარჩინებული ერთი“ სამშვილდის ერისთავია; ე) „ერქუა სახელად მირვანოზ“ პირველწყაროში იქნებოდა „სახელი მისი რევნიზ“, რომელიც სამეფო სახელ რევის სრული ფორმაა. ის საშუალო სპარსულში ნიშნავს „სიცრუის დამამხობელს“. ქართლის მეფეთა სიაში მისი შესატყვისია რევ მართალი, რომელიც „იყო ქართველი ფარნავაზიანი მეფის ზედწოდება, შერქმეული სახელი, სინამდვილეში კი, მას სხვა სახელი უნდა რქმეოდა“ (ნიკოლოზიშვილი 2011, 232). სავარაუდოდ, ეს სხვა სახელია არსოკ, გამომდინარე ასევე სამშვილდის ერისთავთა დინასტიური სახელების დარქმევის ტრადიციიდან (ჭელიძე 2015-2016, 270-283).

 

 

მირიან მეფის მოღვაწეობის ისტორიულ დამსახურებათა შორის უდაოდ მნიშვნელოვანია დიპლომატიური საქმიანობაც. კერძოდ, ის, რომ მან ჰერეთი შემოიერთა, რაც მისი ასულისა და ფეროზის (პეროზის) დინასტიურმა ქორწინებამ განაპირობა („მირიან ... მოიყვანა სპარსეთით თჳსი მისი, ნათესავი მეფეთა, სახელით ფეროზ; ... და ამას ფეროზს მისცა მირიან ასული თჳსი ცოლად და მისცა ქუეყანა ხუნანითგან ბარდავამდე, მტკუარსა ორივე კერძი, და დაადგინა იგი ერისთავად“ - ყაუხჩიშვილი 1955, 68-69)6. როგორც ცნობილია, ფარნავაზის მეფობის დროს შექმნილ ქართლის სამეფოში ეს მხარე არ შესულა. ვახტანგ გორგასლის წარჩინებულთა შორის ჰერეთის ერისთავი უკვე მოხსენიებულია.

აღნიშნულ საისტორიო თხზულებაში მოცემულია მირიანის შესახებ გარკვეული ქრონოლოგიური მინიშნება („და მოქცევითგან მირიან მეფისათ მეოცდახუთესა წელსა მოკუდა ძე მისი რევ, სიძე თრდატ სომეხთა მეფისა, რომლისადავე მიეცა მეფობა სიცოცხლესა-ვე მისსა. ... და მასვე წელიწადსა დასნეულდა მირიან მეფე, რომელიცა აღესრულა“ - ყაუხჩიშვილი 1955, 129). ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამიანე მარცელინეს 361 წლის ისტორიული პროცესების აღწერილობაში მოიხსენიებულია იბერიის მეფე „მერიბანი“. არსებითად საგულისხმოა აღნიშნული ცნობის შესახებ არსებული მოსაზრება (ყაუხჩიშვილი 1961, 81). მაგრამ ეს მოსაზრება გარკვეულ დაკონკრეტებასა და დაზუსტებას მოითხოვს, რადგან თარიღის ათვლა უნდა ხდებოდეს არა „მოქცევითგან მირიან მეფისა“, არამედ იმ დროიდან, როდესაც წმინდა ნინო აღესრულა („ქართლად მოსლვითგან მისით მეთოთხმეტესა წელსა, ქრისტეს ამაღლებითგან სამას ოცდათურამეტსა წელსა, დასაბამითგანთა წელთა ხუთიათას რვაას ოცდათურამეტსა” - ყაუხჩიშვილი 1955, 127). აქედან გამომდინარე, ამ შემთხევევაში გამოდის 363 წელი (338 + 25), რაც სრულიად შეესაბამება ამიანე მარცელინეს ცნობას. როგორც ჩანს, მირიანი 15 წლის ასაკიდან მოკიდებული ხანგრძლივი დროის მანძილზე (300-363 წწ.-ში) მეფობდა.

გარდა ამისა, „IV ს-ის რომაელი ისტორიკოსის - ამიანე მარცელინეს თხზულებაში 361 წლის მოვლენებთანდაკავშირებით მოხსენიებული იბერიის მეფის სახელი «მერიბანესი» იმავე «მირვან»-სახელის გრეციზებულ ფორმად“ უნდა იქნეს მიჩნეული (ხურცილავა 2006, 62).

საისტორიო ტექსტის მომდევნო მონაკვეთში, რომელშიც ასევე ვლინდება აზრობრივი სახეცვლილებები და ტექსტობრივი სხვაობები, წარმოდგენილია ადრექრისტიანულ ხანის ქართლის მეფეთა სია („მირიან მეფისითგან ვიდრე ვახტანგ მეფისამდე“):

 

 

„ქართლის ცხოვრება“:                            „მოქცევაჲ ქართლისაჲ“:

 

1 მირიან                                                                            მირეან

2 ბაქარ, ძე მირიანისი                                                      ბაკურ, ძჱ რევისი

3 მირდატ, ძე ბაქარისი                                                    ძმაჲ მისი თრდატ

4 ვარაზ-ბაქარ, ძე მირდატისი                                         ვარაზ-ბაკურ

5 თრდატ, სიმამრი მისი                                                  ბაკურ, ძჱ თრდატისი

6 ფარსმან, ძე ვარაზ-ბაქარისი                                        -

7 მირდატ, ძმა ფარსმან მეფისა                                        მირდატ

8 არჩილ, ძე თრდატისი, ძმისწული მირდატისი          არჩილ

9 მირდატ, ძე არჩილ მეფისა                                           მირდატ 

10 ვახტანგ გორგასალი, ძე მირდატისი                          ვახტანგ გოლგასარი

11 დაჩი //დარჩილ, ძე მისი                                               დაჩი უჟარმელი 

 

 

მოცემულ შემთხვევაშიც დასადგენია ცალკეული დეტალები. კერძოდ, დასაზუსტებელია ვახტანგ მეფის პირველი ძის სახელი („და მოიყვანა ვახტანგ ძე მისი, რომელსა ერქუა სპარსულად დარჩილ, ხოლო ქართულად დაჩი - ყაუხჩიშვილი 1955, 185). მის მომდევნო შვილებს ჰქონდათ დინასტიური სახელები (მამის - მირდატ და სიმამრის - ლეონ). პირველ შვილს, როგორც ჩანს, ერქვა ვახტანგის პაპის სახელი - არჩილ. „დარჩილ“ სახელის შეკვეცილი ფორმა „დაჩი“ შემდგომში საკუთარ სახელად დამკვიდრდა.

 

 

 სავარაუდოდ, ამ სახელის თავკიდური ასო „დ“ საისტორიო თხზულების ტექსტის ხელნაწერთა გადაწერის პროცესში მექანიკურად მიება საკუთარ სახელს. ხოლო პირველწყაროში ეს ასო მეფეთა რიგითობის აღმნიშვნელი იქნებოდა:


[ა.] არჩილ, ძჱ თრდატისი, ძმისწული მირდატისი

[ბ.] მირდატ, ძჱ არჩილისი 

[გ.] ვარან-ხუასრო-თანგ (//ვახტანგ) გორგასალი, ძჱ მირდატისი

დ[.] არჩილ (//დაჩი), ძჱ ვახტანგისი

ქართულ საისტორიო ძეგლებში მსგავსი ცვლილება სხვა შემთხვევაშიც დასტურდება („და მისა შემდგომად მეფობდა ფარსმან სხუაჲ, და კათალიკოზი იყო დასაბია“ - ნიკოლოზიშვილი 2008, 40-41; „და ამანვე ფარსმან მეფემან დასუა საბა“ -

ვლადიმერ ჭელიძე იერუსალიმის ჯვრის მონასტერ
ყაუხჩიშვილი 1955, 207). ეს ორივე გრაფიკული ცდომილება ტექსტობრივი შერწყმითაა განაპირობებული („დასაბია“/„დასუა საბა“; „დარჩილ“/„დ[.] არჩილ“). 

 

 

ვახტანგ გორგასალისა და მისი წინაპარი მეფეების ასოთა რიგითობის აღმნიშვნელით წარმოდგენა აშკარად ადასტურებს, რომ ეს მონაცემები სწორედ V საუკუნის პირველწყაროდან მომდინარეობს, რადგან მასში ასახულია თანადროული ეპოქის რეალიები. 

 

 

„ქართლის ცხოვრებაში“ XI საუკუნის ისტორიკოსის ლეონტი მროველის (და არა ლეგენდარული ჯუანშერ ჯუანშერიანის) მიერ გადმოცემულია საკმაოდ ვრცელი ჰეროიკული ეპიზოდები, რომელშიც ლიტერატურული პერსონაჟის, კერძოდ, სწორუპოვარი ეპიკური გმირის მხატვრული სახით ჰიპერბოლიზებულად წარმოჩენილია ქართლის მეტად გამორჩეული მეფე ვახტანგ გორგასალი, როგორც სახელგანთქმული ისტორიული პირი. მაგრამ აღნიშნული აზრობრივ-ტექსტობრივი სახეცვლილებების მიუხედავად, საგულისხმოა, რომ მათში ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი და ლიტერატულ-ტექსტოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად არსებითად შესაძლებელია პირველწყაროთა გამოვლენა (ჭელიძე 2002, 53-56). 

 

 

ამ მხრივ, აღსანიშნავია ვახტანგის მშობლების დინასტიური ქორწინების ეპიზოდი („იყო რანს ერისთავად ბარზაბოდ, ... ესუა ასული ქმნულ-კეთილი, შუენიერი, რომელსა ერქუა საგდუხტ. უთხრეს მირდატს, ძესა არჩილისსა, სიშუენიერე მისი, და სმენითა სიშუენიერისა მისისათა ტრფიელ იქმნა მირდატ მის ზედა. მოაჴსენა მამასა თჳსსა: „ვევედრები მეფობასა შენსა, მომგუარე ცოლად ჩემდა საგდუხტ, ასული ბარზაბოდისი, და შევქმნათ ჩუენ შორის მშჳდობა. დაღათუ ძალითა ქრისტესითა ჩუენ ვართ მძლენი, არამედ ვერა ავიხუამთ ციხეთა და ქალაქთა რანისათა. ნუ უკუე იცალოს მეფემან სპარსთამან, და იძიოს ჩუენ ზედა შური, და მოაოჴრნეს ეკლესიანი და საზღვარნი ჩუენნი. და აწ ამით განქარდეს მტერობა ჩუენ შორის; რამეთუ ჩუენთჳს რა-ცა მოვაჴსენო მეფესა სპარსთასა, უსმენს იგი. და ამით მტკიცედ და შეურყეველად ვიპყრნეთ საზღვარნი ქართლისანი, და განმტკიცნეს სჯული ქრისტესი ქართლს, და არღარა შეიქმნას გულსა ქართველთასა იჭჳ და გმობა სჯულისა ქრისტესისა მძლავრებისათჳს სპარსთასა“. ესეყოველი სიყუარულისათჳს ქალისა მირდატ წარმოთქუა. მაშინ არჩილ მეფემან აღუსრულა ნება მისი. წარგზავნა მოციქული ბარზაბოდისსა, და ითხოვა ასული მისი ცოლად ძისა თჳსისა. ხოლო ბარზაბოდ განიხარა სიხარულითა დიდითა, რამეთუ მოოჴრებულ იყო ქუეყანა მისი და შესჭირვებოდა: ითხოვა ფიცი და აღთქმა მშჳდობისათჳს და მისცეს ფიცი. და მოსცა მან ასული თჳსი ზითვითა დიდითა: მოიყვანეს მცხეთას და ქმნეს ქორწილი, შუება და განცხრომა დღეთა მრავალთა. და მისცა მეფემან სამშჳლდე ძესა თჳსსა საერისთოთა მისითა, და მუნ დასხდეს მირდატ და საგდუხტ. ხოლო ამან საგდუხტ დედოფალმან გამოიკითხა სჯული ქრისტესი: რამეთუ ქმარმან მისმან მოჰგუარნა კაცნი სჯულისა მეცნიერნი, და უთარგმანეს სახარება უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი. და ამხილეს, რამეთუ ჭეშმარიტი ღმერთი ქრისტე არს, რომელი განკაცნა ჴსნისათჳს ჩუენისა. მაშინ საგდუხტ გულის-ხმა ყო და იცნა სჯული ჭეშმარიტი, დაუტევა ცეცხლის-მსახურება, ნათელ-იღო და იქმნა მორწმუნე. და მან აღაშენა სიონი სამშჳლდისა“ - ყაუხჩიშვილი 1955, 141-142).

„ქართლის ცხოვრების“ აღნიშნული ეპიზოდი „შეიძლება წყაროდ იქნეს გამოყენებული“, ხოლო აღწერილი დინასტიური ქორწინება „ამ პერიოდის დიპლომატიურ მიღწევად უნდა ჩაითვალოს“ (ჩხარტიშვილი 2018, 208-209). დიპლომატიური კონტაქტების დამყარების მიზნით მნიშვნელოვვანია ქართლის მეფეთა სხვა დინასტიური საქორწინო შეთახმებებიც.ამ გადმოცემათა დეტალური შესწავლა და შედარება საისტორიო წყაროთა მეტად მნიშვნელოვან და სანდომონაცემებს წარმოაჩენს. კერძოდ, „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ მეფეთა სახელები შემორჩენილია სრულიად სწორი ფორმით, ხოლო „ქართლის ცხოვრებაში“ ზუსტადაა გადმოცემული თანადროული პერიოდის ქრონოლოგიური მიმართებები და მეფეთა გენეალოგიური თანამიმდევრობა, რითაც შესაძლებელია აღნიშნული სიის პირველსახის სავარაუდო მოდელის აღდგენა:

1 1 მირვან, ძჱ რევისი

2 2 ბაკურ, ძჱ მირვანისი რევ, ძჱ მირვანისი ასული მირვანისი

3 3 მირდატ, ძჱ ბაკურისი 5 თრდატ, ძჱ რევისი ძჱ მისი

4 4 ვარაზ-ბაკურ, ძჱ მისი ასული მისი ასული მისი

5 7 მირდატ, ძჱ მისი, ძმაჲ ფარსმანისი 6 ფარსმან, ძჱ ვარაზ-ბაკურისი

6 8 [ა.] არჩილ, ძჱ თრდატისი, ძმისწული მირდატისი

7 9 [ბ.] მირდატ, ძჱ არჩილისი 8 10 [გ.] ვარან-ხუასრო-თანგ (//ვახტანგ) გორგასალი, ძჱ მირდატისი

9 11 დ[.] არჩილ (//დაჩი), ძჱ ვახტანგისი

 

 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არსებული ქრონოლოგიური მონაცემების საფუძველზე არსებითად შესაძლებელია განისაზღვროს ვახტანგ გორგასლის დაბადების, გამეფებისა და მისი სახელმწიფო მოღვაწეობის სხვა პერიოდები. 

 

 

„ქართლის ცხოვრების“ გადმოცემის მიხედვით ის ურმისდს (ჰორმიზდ III-ს) საბერძნეთში (ბიზანტიაში) საომრად მიჰყვება ლეონ დიდის (ლეონ I-ის) წინააღმდეგ („და მოუწერა მან ბრძოლა კეისრისა, რამეთუ კეისარი განსრულ იყო ბრძოლად სპარსთა - ყაუხჩიშვილი 1955, 159), რა დროსაც ქართლის მეფე 22 წლისაა („იყო ვახტანგ წლისა ოცდაორისა” - ყაუხჩიშვილი 1955, 159). ომის შემდგომ აღწერილია ურმისდის სპარსეთში დაბრუნება („მეფემან სპარსთამან ცნა, ვითარმედ მიიქცა ვახტანგ ბერძენთა კერძო, შეიქცა სპარსეთად“ - ყაუხჩიშვილი 1955,178), სადაც დინასტიური დაპირისპირებისა და სატახტო ცვლილების (459 წ.) შედეგად პეროზი გამეფდა („და დაჯდა მეფედ ძე მისი“ - ყაუხჩიშვილი 1955, 178). მაგრამ პეროზი ჰორმიზდ მესამის არა ძე, არამედ მისი ძმაა (ეს ტექსტობრივი ცდომილება განაპირობა „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერებში გრაფიკულად მსგავსი სიტყვების {„ძჱ“/„ძმაჲ“} ერთმანეთში აღრევამ).

 

 

აღნიშნულ ისტორიულ პირთა შესახებ მოკლე, მაგრამ საგულისხმო მონაცემებია წარმოდგენილი ერთ-ერთ სირიულ საისტორიო თხზულებაში7, კერძოდ, ბარ ჰებრაუსის ქრონოგრაფიაში8 („მარკიანეს შემდეგ ლ ე ო ... იყო არჩეული საბჭოს მიერ და მეფობდა. ამავე წელს ფ ი რ უ ზ გამეფდა სპარსელებზე ვარჰარანის ძის იაზდაგარდის შემდეგ. და ის ეომა რჰომაიელთ და დევნიდა ქრისტიანებს“ - ბედროსიანი 2009, 72). 

 

 

ლ ე ო (ფლავიუს ვალერიუს ლეო) აღმოსავლეთ რომის იმპერატორი ლეონ I თრაკიელია, რომელიც მარკიანე იმპერატორის შემდეგ მეფობდა. ხოლო ფ ი რ უ ზ იეზდიგერდის (იაზდაგარდის) ძე და ბაჰრამ V-ის (ვარჰარანის) ძისწული პეროზია. მაგრამ, როგორც ცნობილია, ლეონის პარალელურად იმავე წელს ირანში არა პეროზი, არამედ მისი ძმა ჰორმიზდ III გამეფდა (457 წ.).

ასევე „V ს-ის სომეხმა მწერლებმა - ლაზარ ფარპეცმა და ელიშემ (აგრეთვე, მოვსეს კალანკატუაციმ),მართალია, იციან შაჰ იეზდიგერდ II-ის (438-457 წწ.) ვაჟებს შორის სამეფო ტახტისათვის გაჩაღებული ... შინაბრძოლის შესახებ, მაგრამ ... ისინი პეროზის უფროსი ძმის სახელს (ჰორმიზდ) თავიანთ თხზულებებში არ ასახელებენ. აღნიშნული სომეხი მწერლები, როგორც ჩანს, იეზდიგერდის უშუალოდ მომდევნო მეფედ პეროზს აღიქვამდნენ“ (ხურცილავა 2006, 67).

 

 

ვლადიმერ ჭელიძე ებრაელთა მეფის დავით მეფსალმუნის ციხე-სიმაგრესთან
სრულიად განსხვავებული სიტუაციაა ქართულ წერილობით ძეგლებში, რომელთა ავტორთათვის ცნობილია პეროზის ვინაობა, მაგრამ ის საკუთარი სახელით არაა მოხსენიებული არც აგიოგრაფიულ ნაწარმოებში და არც საისტორიო თხზულებაში.

 

 

აღსანიშნავია, რომ „იაკობ ხუცესისეული «მრ...» იკითხვისის ქვეშ რეალურად სპარსეთის შაჰი პეროზია ნაგულისხმები. ... საქმე უნდა გვქონდეს «პეროზ»-სიტყვის ძველი ქართული ექვივალენტური ტერმინის ნაშთთან, უკეთ, მის საწყის ბგერებთან. ძველ ქართულში მართლაც გვხვდება საშ. სპარსული «პეროზ»-ის სემანტიკურად შესატყვისი ისეთი ტერმინი, რომლის პირველი ორი ბგერა გახლავთ იგივე «მრ». ეს არის ძველ წერილობით ძეგლებში საკმაოდ იშვიათად ხმარებული სიტყვა «მრე»“, რაც „ნიშნავს «მომრევს», «გამარჯვებულს», «ძლევამოსილს». ... «შუშანიკის წამების» ტექსტში დაფიქსირებული იკითხვისი «მრ...» სრული უეჭველობით აღდგება, როგორც სიტყვა «მრე», რომელიც საშუალო სპარსული «პეროზ»-ის ძველ ქართულ სემანტიკურ შესატყვისობას წარმოადგენს“ (ხურცილავა 2006, 92).

„ქართლის ცხოვრებაში“, როგორც სპარსთა სხვა მეფეები, პეროზიც წარმოდგენილია მეტსახელით „ხუასრო“ („და დაჯდა მეფედ ძე მისი ხუასრო“ - ყაუხჩიშვილი 1955, 178), რაც დამახასიათებელია ქართული საისტორიო თხზულებებისათვის („წარვიდა ჰერაკლე და შემუსრა ბაღდადი და შეიპყრა ხუასრო მეფჱ“ - ნიკოლოზიშვილი 2008, 42-43; „და დაჯდა მის წილ ძე მისი ხუასრო“; „და მოვიდა ხუასრო მეფე“; „და შეიბნეს ხუასრო და კეისარი“; „და შეიქცა ხუასრო გზასა ქართლისასა“ - ყაუხჩიშვილი 1955, 199, 203).

მეტად საგულისხმოა, რომ ამავე თხზულების ერთ ეპიზოდში, კერძოდ, ბიზანტიელებთან ომის დაწყების წინ („და მოუწერა მან ბრძოლა კეისრისა“) მოხსენიებულია ჰორმიზდ მეფე („უ რ მ ი ს დ ი ს გ ა ნ, ყოველთა მეფეთა მეფისა“). 

 

 

ქართულ საისტორიო მონაცემებს ემთხვევა სირიული წყაროს ცნობა, რომ სპარსთა მეფემ ლეონ I-ის მეფობის დროს რჰომაიელებთან (ჰრომაელებთან) აწარმოვა ომი (როგორც ცნობილია, ქართულ და უცხოურ საისტორიო თხზულებებში ჰრომი ხშირად საბერძნეთს/ბიზანტიას, ხოლო ჰრომაელნი/რჰომაიელნი ბერძნებს/ბიზანტიელებს აღნიშნავდა).

ბარ ჰებრაუსის ქრონოგრაფიაში მითითებულია ის გარემოება, რომ სპარსთა ეს მეფე ქრისტიანებს დევნიდა. ამ მოვლენაზე ყურადღება გამახვილებული აქვს ქართველ ისტორიკოსსაც, რაც „ქართლის ცხოვრებაში“ ძალზედ დეტალურად და დრამატულადაა წარმოჩენილი. ამის გამო მოხდა გარკვეული დაპირისპირება სპარსელებასა და ვახტანგ მეფეს შორის („წარემართა ვახტანგ შესლვად საბერძნეთად. ... და მოადგეს ლაშქარნი პონტოსა ქალაქსა დიდსა ზღჳს კიდესა; და ბრძოდეს სამ თუე, და მიუწია ლაშქარმან ვიდრე ქალაქისა მის კოსტანტინისა. ხოლო სპარსნი რომელ ჰპოვებდეს ეკლესიისა მსახურთა, დაჰკლვიდეს; ხოლო ვახტანგ მეფემან ამცნო ... ყოველთა სპარსთა, რათა არავის ჰკლვიდენ მოწესეთაგანსა, არამედ ტყუე ჰყოფდენ. ... და ... განავლინა ქადაგი, რათა ყოველნი მოწესენი გამოვიდენ სამალავთაგან მათთა, და ტყუენი განუტევნენ, და სადაცა ენებოს წარვიდენ. და გამოვიდა სიმრავლე მღდელთა და დიაკონთა, მოწესეთა მონაზონთა და ენკრატისთა, ქუაბებით და მთათაგან, და უმრავლესნი პონტო ქალაქით, რამეთუ შეიწრებულ იყო ქალაქი ოთხ თუე ოდენ. ... ხოლო მეფემან სპარსთამან ვითარცა ცნა, ვითარმედ მიიქცა ვახტანგ ბერძენთა კერძო, შეიქცა სპარსეთად“ - ყაუხჩიშვილი 1955, 159-178).

 

 

უდაოდ მნიშვნელოვანია, რომ სირიული და ქართული გადამოცემები ერთმანეთს არსებითად ესადაგება, რითაც აშკარად დასტურდება, რომ ლეონსა და ჰორმიზდს შორის 459 წელს მომხდარი ომი სრულიად რეალური ისტორიული მოვლენაა. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ საისტორიო თხზულებათა პირველწყაროებში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლადაა აღწერილი თანადროული ეპოქის აღნიშნული რეალიები. კერძოდ, ეს უცხოური საისტორიო წყარო მეტად ლაკონური და ზოგადია, ხოლო „ქართლის ცხოვრება“ საკმაოდ ვრცელი და უფრო კონკრეტული. 

 

 

ბიზანტიელებთან გამართული ომის სათარიღო მონაცემების შესაბამისად, ვახტანგის დაბადების თარიღი გამოდის 437 წელი (459 – 22). ხოლო მისი გამეფების თარიღია 452 წელი, რადგან ის 15 წლის ადის სამეფო ტახტზე („ვითარ იქმნა ვახტანგ წლისა თხუთმეტისა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა ქართლისათა, და შემოკრიბნა ყოველნი ქალაქად. ... მაშინ ... მიემოწმნეს ყოველნი იგი წარჩინებულნი და თქუეს: „ ... დაამტკიცენ მეფობა შენი“ - ყაუხჩიშვილი 1955, 147). 453 წელს 16 წლის მეფე ლაშქრობს ჩრდილო კავკასიაში („შესლვასა მისსა ოვსეთად იყო ვახტანგ წლისა თექუსმეტისა“ - ყაუხჩიშვილი 1955, 151). შემდგომ სამი წლის განმავლობაში (454-457 წლებში) იბრძვის აფხაზეთში, საიდანაც ის გამარჯვებული ბრუნდება მცხეთაში („მეფემან ... იწყო ბრძოლად ციხეთა აფხაზეთისათა. ... და სამ წელ წარტყუენნა ყოველნი ციხენი აფხაზეთისანი ვიდრე ციხე-გოჯამდე. და მოვიდა სახლსა მისსა, ქალაქსა სამეუფოსა მცხეთას“ - ყაუხჩიშვილი 1955, 157). იმავე წელს, 20 წლისა ირთავს ცოლად ურმისდის (ჰორმიზდ მესამის) ასულს ბალენდუხტს („ვახტანგ მეფემან ... ითხოვა სპარსთა მეფისაგან ასული ცოლად; ხოლო სპარსთა მეფემან მოსცა ასული მისი ცოლად, რომელსა ერქუა ბალენდუხტ“ - ყაუხჩიშვილი 1955, 158), რაც მისი მეფობის საერთაშორისო აღიარებასა და დადასტურებაზე მიუთითებდა. როგორც ჩანს, აღნიშნული დინასტიური ქორწინების დროიდან დაერქვა მას სპარსთა მეფეთათვის დამახასიათებელი ზედწოდება „ხუასრო“ („ვარან-ხუასრო-თანგ“). 157 წლიანი სათარიღო მაჩვენებელიც სწორედ ამავე 457 წელზე მიანიშნებდა.

22 წლის ვახტანგ მეფემ კეისრის ასულზე მეორე დინასტიური ქორწინების პირობით 459 წელს მიაღწია ბიზანტიასთან დიპლომატიურ შეთანხმებას, რომლის შედეგად დაიბრუნა მათ მიერ ადრე დაპყრობილი ქართლის სამხრეთი ტერიტორიაც („უკუ-მოსცა კეისარმან საზღვარი ქართლისა, ციხე თუხარისი და კლარჯეთი ყოველი, ზღჳთგან ვიდრე არსიანთამდე, და ჴევნი რომელნი მოსდგმანან ღადოთა” - ყაუხჩიშვილი 1955, 177) და ასევე შეინარჩუნა აფხაზეთის გარკვეული ნაწილიც. 

 

 

სამი წლის შემდგომ (კერძოდ, 461 წელს) ახალი შაჰი პეროზი მოდის ქართლში საომრად („სპარსთა მეფე, შემდგომად სამისა წლისა, წარმოემართა ბრძოლად ვახტანგისად, ... კეისარი ... ვერ მოიცალებდა მოსლვად ქართლად. მაშინ ვახტანგ განაძლიერნა ციხენი ქალაქისანი. ... და რა ბრძოდიან სპარსნი ...რომელსამე დღესა მათ სძლიან და რომელსამე დღესა ამათ. ხოლო ვახტანგ მეფესა შეექმნა ჩაბალახი ოქროსი, და გამოესუა წინათ მგელი და უკანათ ლომი; და რომელსა კერძსა იძლეოდიან ქართველნი, მუნითცა მიმართის და მოსრის სპისა მისგან სპარსთასა, ვითარცა ლომმან კანჯარნი. მიერითგან ვერღარა შეუძლებდეს სპარსნი წყობად მისა, რამეთუ დაისწავლეს იგი, რომელსა ეწერა მგელი და ლომი, და ვითარცა იხილიან ვახტანგ, თქჳან: „დურ აზ გორგასალ“, რომელ არს ესე: „მირიდეთ თავსა მგლისასა“.და მის მიერ სახელ-ედვა ვახტანგ მეფესა გორგასალ.განგრძელდა მათ შორის ბრძოლა ოთხ თუე ოდენ. … და მოწევნულ იყო ლაშქარი ბერძენთა ჯავახეთს. ხოლო ვითარცა ცნა სპარსთა მეფემან ბერძენთა მოსლვა შუელად მათდა, იწყო ზრახვად ვახტანგისა. ... და სთნდა მეფესა ვახტანგს და ყოველთა წარჩინებულთა მისთა განზრახვა მისი; და მისცა სპარსთა მ

მცხეთა
ეფესა დაჲ მისი ვახტანგ მეფემან ცოლად, რომელსა ერქუა მირანდუხტ, ... და წარემართნეს ... და აღასრულეს ქორწილი სამეუფო. ... და შემდგომად ქორწილისა ... წარემართნეს მტერთა ზედა“ - ყაუხჩიშვილი 1955, 178-187). 

 

 

როგორც ჩანს, აღნიშნული ომიც დაზავებითა და დინასტიური ქორწინებით დამთავრდა (გოილაძე 2008, 24-25). ამ ბრძოლის დროს სპარსელების წინააღმდეგ გამოჩენილი უდიდესი შემართებისათვის ეწოდა ვახტანგ მეფეს სწორედ მეტსახელი „გორგასალი“, რაც პეროზთან მისი საომარი დაპირისპირების რეალობას ადასტურებს. 

 

 

სპარსეთში წასლის წინ ქართლის მეფე მოიხმობს თავის ძესა და წარჩინებულებს („მოიყვანა ვახტანგ ძე მისი, რომელსა ერქუა სპარსულად დარჩილ, ხოლო ქართულად დაჩი. იყო ხუთისა წლისა, და დაადგა გჳრგჳნი, და დაუტევა მეფედ, და დაუტევნა მის თანა შჳდნი წარჩინებულნი მისნი: პირველად ჯუანშერ სპასპეტი, მპყრობელი შიდა ქართლისა და მფლობელი ყოველთა ერისთავთა; და დემეტრე, ერის-თავი კახეთისა და კუხეთისა; და გრიგოლი, ერის-თავი ჰერეთისა; და ნერსარან, ერისთავი ხუნანისა; და ადარნასე, ერისთავი სამშჳლდისა; და სამნაღირ, ერის-თავი შიდა ეგრისა და სუანეთისა; და ბაკურ, ერის-თავი მარგჳსა და თაკუერისა. და ამათ შეჰვედრა ძე თჳსი დაჩი, ... და წარიტანნა თანა ოთხნი წარჩინებულნი მისნი: არტავაზ, ერის-თავი კლარჯეთისა; და ნასარ, ერის-თავი წუნდისა; და ბივრიტიან, ერის-თავი ოძრჴისა; და საურმაგ, ეჯიბი მისი დიდი; და მათ თანა ათი ათასი მჴედარი ლაშქრისა მისისა“ - ყაუხჩიშვილი 1955, 185-186). 

 

 

ვახტანგ მეფის წარჩინებულთა სია გარკვეულ დაზუსტებებს საჭიროებს. კერძოდ, 459 წლისათვის კუხეთი, ბაქარის (ბაკურის) მეფობიდან დაწყებული („მეფემან ბაქარ ... მოიყვანნა ძმისწულნი მისნი და მისცა კუხეთი, და დასხნა რუსთავს ერისთავად“ - ყაუხჩიშვილი 1955, 131), ქართლის ცალკე საერისთავოა („მირიან და გრიგოლ იყვნეს ნათესავისაგან რევისა, მირიანისვე ძისა, და აქუნდა მათ კუხეთი“ - ყაუხჩიშვილი 1955, 159). 

 

 

აღნიშნულ სიაში გაუგებრობას ბადებს ის, რომ ადარნასეა „ერისთავი სამშჳლდისა“, რადგან იაკობ ხუცესის აგიოგრაფიული ნაწარმოების „შუშანიკის წამების“ მიხედვით, როგორც ცნობილია, აღნიშნულ პერიოდში ვასქენ9 პიტიახში განაგებს ამ მხარეს.

არჩილ მეფის ცხოვრებაშიც გადმოცემულია სამეფოს ერისთავთა ანალოგიურ სია („ხოლო არჩილ მოუწოდა ერისთავთა ქართლისათა, და მისცნა ძმის-წულნი მისნი: ერთი მისცა მამის ძმისწულსა მისსა, შვილსა გუარამ კურაპალატისასა, რომელსა ჰქონდა კლარჯეთი და ჯავახეთი; მეორე მისცა პატიახშსა, ნათესავსა ფეროზისსა, რომელი მთავრობდა თრიალეთს, ტაშირს და აბოცს; მესამე მისცა ნერსეს ნერსიანსა, რომელი-იგი იყო წარჩინებული ვახტანგ მეფისა; მეოთხე მისცა ადარნასეს ადარნასიანსა, და ორთა-ვე ამათ განუყო ზენა სოფელი, რომელ არს ქართლი; მეხუთე მისცა ვარზმანს, და მისცა კოტმანითგან ქურდის-ჴევამდე; იყო ესე ვარზმან ნათესავი სპარსთა ერის-თავისა ბარდაველისა, რომელი იყო დედის მამა ვახტანგ მეფისა; მეექუსე მისცა ჯუანშერს ჯუანშერიანსა, რომელი-იგი იყო ნათესავი მირიან მეფისა, შვილთაგან რევისთა, და მისცა ჯუარი და ხერკი, და ყოველი მთიულეთი, მანგლისის ჴევი და ტფილისი; ... ლეონს ცოლად ძმის-წული მისი გუარანდუხტ და გჳრგჳნი იგი, რომელი ბერძენთა მეფესა წარმოეცა მირისთჳს“ - ყაუხჩიშვილი 1955, 241-243), რომელშიც ვახტანგის სიის ქვემო ქართლის წარჩინებულთა („და ნერსარან, ერისთავი ხუნანისა; და ადარნასე, ერისთავი სამშჳლდისა“) შთამომავალნი - ნერსე ნერსიანი და ადარნასე ადარნასიანი შიდა ქართლის მხარეს ფლობენ („ზენა სოფელი, რომელ არს [შიდა] ქართლი“), რაც ქმნის დამატებით გაუგებრობას. 

 

 

რეალურად ადარნასე და ნერსე მართლაც ფლობდნენ ქართლის ორივე ამ მხარეს. კერძოდ, არჩილ მეფის „ცხოვრებაში“ აღწერილია ერთი ეპიზოდი („გარდამოვიდა არჩილ ეგრისით, და დაჯდა ნაციხარსა ჴიდრისასა“ - ყაუხჩიშვილი 1955, 243), როცა მასთან მოვიდა სწორედ ადარნასე („მაშინ მოვიდა მისა მთავარი ერთი, რომელი იყო ნათესავისაგან დავით წინასწარმეტყუელისა, სახელით ადარნასე, ძმისწული ადარნასე ბრმისა, რომლისა მამა მისი მზახებულ იყო ბაგრატონიანთადვე, და ბერძენთა მიერ დადგინებულ იყო ერისთავად არეთა სომხითისათა, და ტყვეობასა მას ყრუისასა შთასრულ იყო იგი შვილთა თანა გუარამ კურაპალატისთა კლარჯეთს, და მუნ დარჩომილ იყო“ - ყაუხჩიშვილი 1955, 243). „არეთა სომხითისათა“ სომხეთის სამეფოს გულისხმობს ქართულ საისტორიო თხზულებებში („და გამოვედით არეთა სომხითისათა“ - ნიკოლოზიშვილი 2008, 63; „და მოვიდეს ლტოლვილნი არეთა სომხითისათა“ - ყაუხჩიშვილი 1955, 82). მაგრამ განსახილველ ეპიზოდში ადგილი აქვს გრაფიკულ-ტექსტობრივ ცდომილებას, რადგან ადარნასე „ბერძენთა მიერ დადგინებულ იყო ერისთავად“, რაც მიანიშნებს, რომ ეს მხარე არა სომხეთი, არამედ ბიზანტიის პროვინციაა. 

 

 

ანალოგიური ცდომილება ვლინდება „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ („და საზღვარი დაუდვა მას ჰერეთი, და ეგრის წყალი, და სომხითი და მთაჲ ცროლისა[ჲ]“ - ნიკოლოზიშვილი 2008, 20-21). ამ ტექსტის ბოლო მონაკვეთისგან („და სომხითი და მთაჲ ცროლისა[ჲ]“) სრულიად განსხვავებულია „მეფეთა ცხოვრების“ შესაბამისი ეპიზოდი („და ს ა მ ხ რ ი თ მთაჲ ორეთისაჲ“ - ყაუხჩიშვილი 1955, 5), სადაც სწორი საისტორიო მონაცემები დასტურდება. აღნიშნულ გადმოცემაში აღწერილია ქართლის ტერიტორია („და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისი; დასავლით ზღუა პონტოსი; სამხრით მთა, რომელი მიჰყვების ბერდუჯის მდინარის თავსა, და მთა, რომელი მიჰყვების დასავლით კერძო, რომლისა წყალი გარდმოდის ჩრდილოთ კერძო და მიერთვის მტკუარსა, რომელ მიჰყვების მთა შორის კლარჯეთსა და ტაოს ვიდრე ზღუამდის; და ჩრდილოთ საზღვარი ღადო, მთა მცირე, რომელი გამოვლის შტოდ კავკასისაგან და მოჰკიდავს წუერი დასასრულსა ღადოსა, რომელსა აწ ჰქჳან ლიხი“ - ყაუხჩიშვილი 1955, 4-5) და ოთხივე მისი მხარეა წარმოდგენილი („აღმოსავლით“, „დასავლით“, „სამხრით“ და „ჩრდილოთ“). სავარაუდოდ, პირველწყაროებში იქნებოდა - „არეთა სამხრითისათა“. 

 

 

აღნიშნული სახელწოდებების გრაფიკული მსგავსებითაა განაპირობებული სწორედ ორივე ტექსტობრივი ცდომილება („და სომხითი და მთაჲ ცროლისა[ჲ]“/„და სამხრით მთაჲ ორეთისაჲ“; „არეთა სომხითისათა“/„არეთა სამხრითისათა“).

როგორც ცნობილია, ერეკლე კეისრის მეფობის დროს (VII ს.-ის 30-იანი წწ.) ბიზანტიელებმა დაიპყრეს ზემო ქართლის, კერძოდ, კლარჯეთის საერისმთავროს ორი მხარე („მაშინ კუალად წარიღეს ბერძენთა საზღვარი ქართლისა: სპერი და ბოლო კლარჯეთისა ზღჳს პირი“ - ყაუხჩიშვილი 1955, 226), რომელთაგან სამხრეთია სპერი, ხოლო მეორე მხარე („ბოლო კლარჯეთისა ზღჳს პირი“) დასავლეთი. 

 

 

არჩილ მეფესთან ადარნასე მოვიდა როგორც კლარჯეთის (ზემო ქართლის) სამხრეთი მხარის („არეთა სამხრითისათა“), კერძოდ, ს პ ე რ ი ს წარჩინებული („ითხოვა არჩილისგან და რქუა: „უკეთუ ინებო და მყო მე ვითარცა მკჳდრი შენი, მომეც ქუეყანა“. და მისცა შულავერი და არტანი“ - ყაუხჩიშვილი 1955, 243). ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია „ქართლი

ს ცხოვრების“ სომხური თარგმანი, რომელიც აზუსტებს აღნიშნულ არასწორ მონაცემებს („მისცა მას რიშა {რუსთავი} და შუერი {შულავერი} და ატონე {ატენი}“ - ტომსონი 1996, 249). შესაბამისად, ადარნასე ბაგრატონიანი განაგებს კუხეთის, ქვემო და შიდა ქართლის მხარეებს. 

 

 

იოვანე საბანისძის აგიოგრაფიული თხზულების „აბო თბილელის წამების“ მიხედით ადარნასეს ძე იყო ნერსე („ერისმთავარი იგი ქართლისაჲ, სახელით ნერსე, ძჱ ადარნესე კურაპალატისა და ერისმთავარისაჲ“ - ჭელიძე 2008 (III), 312; ჭელიძე 2014, 140). როგორც ჩანს, ადარნასე/ადარნესე კურაპალატმა ბიზანტიის იმპერიის ტიტულთან ერთად ვახტანგ მეფის მეორე ძის მირდატის მემკვიდრეთა (გუარამ კუროპალატის შთამომავლთა) პარალელურად მიიღო სამეფოს მეორე ერისმთავარის წოდება, რადგან არჩილ მეფემ სამკვიდროდ მიაკუთვნა ქართლის სამი მხარე („რიშა [რუსთავი] და შუერი {შულავერი} და ატონე [ატენი]“). 

 

 

სავარაუდოდ, ქართული საისტორიო პირველწყაროების თანადროულ ეპოქათა რეალიები წარჩინებულთა ორივე სიაში გადანაცვლებული და ერთმანეთში არეულია, რაც უნდა გასწორდეს, რომ, შესაბამისად, დადგინდეს ამ სიათა ტექსტის პირველსახე. 

 

 

ამავე დროს, რაც შეეხება „პატიახშსა, ნათესავსა ფეროზისსა“, მასზე სწორადაა მითითებული აღნიშნული მონაცემები („მთავრობდა თრიალეთს, ტაშირს და აბოცს“), რადგან ბაქარ (ბაკურ)მირიანის ძემ მისივე წინაპარს ეს მხარეები მიაკუთვნა („გაუცვალა ქუეყანა დისიძესა მისსა ფეროზს. რომელსა აქუნდა რანი ბარდავამდის მიცემულად მირიანისგან, და მისცა მის წილ სამშჳლდითგან მიღმართ ქუეყანანი ვიდრე თავადმდე აბოცისა“ - ყაუხჩიშვილი 1955, 130). 

 

 

წარჩინებულთა აღნიშნული სიებში მექანიკური ტექსტობრივი ცვლილებების დაზუსტებისა და გარკვეული საისტორიო მონაცემების გასწორების საფუძველზე შესაძლებელია პატიახშის ვინაობის დადგენა („რომელი-იგი იყო წარჩინებული ვახტანგ მეფისა“). 

 

 

როგორც ჩანს, პატიახშის მსგავსად ვახტანგ მეფის სიას ასევე განეკუთვნება მეორე წარჩინებულიც ვარზმან ერისთავი, რომელიც ფლობდა „კოტმანითგან ქურდის-ჴევამდე“ („იყო ესე ვარზმან ნათესავი სპარსთა ერისთავისა ბარდაველისა, რომელი იყო დედის მამა ვახტანგ მეფისა“). 

 

 

აქედან გამომდინარე, ვახტანგ მეფის სიის „ერისთავი ხუნანისა“ გამოდის ვარზმან10 ერისთავი, „ერისთავი სამშჳლდისა“ - პატიახში, რომელიც აგიოგრაფიული ნაწარმოების „შუშანიკის წამების“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ვასქენ პიტიახშია.

 

 

 არჩილის სიაში, განსხვავებით ჯუანშერ სპასპეტისგან, რომელიც ვახტანგის წარჩინებული იყო („მპყრობელი შიდა ქართლისა და მფლობელი ყოველთა ერისთავთა“), მის ლეგენდარულ შთამომავალს ჯუანშერ ჯუანშერიანსსამფლობელოდ მიკუთვნებული აქვს კუხეთის მხარეები („ჯუარი და ხერკი, და ყოველი მთიულეთი, მანგლისის ჴევი და ტფილისი“), რაც კიდევ ერთ გაუგებრობას ქმნის, რადგან ჯუანშერ სპასპეტის კუთვნილი მხარე არჩილ მეფემ რეალურად უბოძა ადარნასესა და ნერსე ერისმთავრებს („ზენა სოფელი, რომელ არს [შიდა] ქართლი“). 

 

 

„ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში“ პირდაპირ აღნიშნულია, რომ კუხეთის ერისთავია მირიანი („რომელი-იგი იყო ნათესავი მირიან მეფისა, შვილთაგან რევისთა“). ხოლო მისი ძმა ვახტანგ გორგასალის სპარსეთში წასლის დროისთვის (კერძოდ, 461 წლისათვის) უკვე ჰერეთის ერისთავია („გრიგოლი, ერისთავი ჰერეთისა“). 

 

 

საისტორიო წყაროების მონაცემების საფუძველზე ვახტანგ გორგასალის წარჩინებულთა სიის აღდგენილი მოდელის მიხედვით, სავარაუდოდ, დადგენილია გარკვეულ ისტორიულ პირთა ვინაობა („პირველად ჯუანშერ სპასპეტი, მპყრობელი შიდა ქართლისა, რომელ არს ზენა სოფელი, და მფლობელი ყოველთა ერისთავთა; და დემეტრე, ერისთავი კახეთისა; და მირიანი {რომელი ეყვოდა ვახტანგს მამის ძმისწულად, ნათესავისაგან რევისა, მირიანის ძისა, რომელი სიძე იყო თრდატ სომეხთა მეფისა}, ერისთავი კუხეთისა, რომელსა აქუნდა რუსთავი, ჯუარი და ხერკი, და ყოველი მთიულეთი, მანგლისის ჴევი და ტფილისი; და გრიგოლი, ერისთავი ჰერეთისა, რომელსა აქუნდა რანი ბარდავამდის; და ვარზმან {ნათესავი სპარსთა ერისთავისა ბარდაველისა, რომელი იყო დედის მამა ვახტანგ მეფისა}, ერისთავი ხუნანისა, რომელსა აქუნდა კოტმანითგან ქურდის-ჴევამდე; და {ვასქენ პიტიახში} /პატიახში {რომელი ეყვოდა ვახტანგს მამის დისსწულად, ნათესავისაგან მირიანის ასულისა}, ნათესავი ფეროზისა, ერისთავი სამშჳლდისა, რომელი მთავრობდა თრიალეთს, ტაშირს და აბოცს; და სამნაღირ, ერისთავი შიდა ეგრისა და სუანეთისა; და ბაკურ, ერისთავი მარგჳსა და თაკუერისა. და არტავაზ, ერისთავი კლარჯეთისა; და ნასარ, ერისთავი წუნდისა; და ბივრიტიან, ერისთავი ოძრჴისა; და საურმაგ, {ეზოჲსმოძღვარი} /ეჯიბი მისი დიდი“). 

 

 

როგორც ჩანს, ჰერეთის ერისთავად ვახტანგის მიერ გრიგოლის დასმა განაპირობა კუხეთის საერისთავოში არსებულმა არაორდინალურმა სიტუაციამ, კერძოდ, მწვავე დინასტიურმა შეხლა-შემოხლამ („შემცირებულ იყვნეს ურთიერთსა კლვითა“ - ყაუხჩიშვილი 1955, 159). 

 

 

სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულმა გაწყვეტილებამ გამოიწვია, თავის მხრივ, ვასქენ პიტიახშის დინასტიური ურთიერთდაპირისპირება ვახტანგ გორგასალთან, რადგან მას, „ნათესავსა ფეროზისსა“ („რომელსა აქუნდა რანი ბარდავამდის მიცემულად მირიანისგან“), სამემკვიდრეო პრეტენზიები ჰქონდა ჰერეთის გამო. 

 

 

გარდა ამისა, ვახტანგ მეფეს კუხეთის ერისთავი მირიან („რომელი ეყვოდა ვახტანგს მამის ძმისწულად, ნათესავისაგან რევისა, მირიანის ძისა, რომელი სიძე იყო თრდატ სომეხთა მეფისა’) სამეფო ტახტზე საჭიროების შემთხვევაში (კერძოდ, ჩრდილო კავკასიაში ლაშქრობის წინ) მის შემცლელად ჰყავდა შერჩეული („და დაამტკიცეს ლაშქრობა ოვსეთისა ... . ხოლო ვახტანგ მეფემან ... დაუტევნა განმგებელად სამეფოსა თჳსისა დედა მისი საგდუხტ და დაჲ მისი ხუარანძე, და დაწერა ანდერძი ესრეთ: „უკეთუ არღარა შემოვიქცე ცოცხალი, დაჲ ჩემი ხუარანძე შეირთოს მირიან, ... და მან იპყრას მეფობა“. და ესე დაწერილი დედასა მისსა მისცა, და სხუასა არავის აუწყა. და იგი მირიან, მამის ძმისწული მისი, დაუტევა“ - ყაუხჩიშვილი 1955, 151).

 

 

როგორც ჩანს, დინასტიურ ნიადაგზე ვასქენ პიტიახშის უკმაყოფილება გარკვეულწილად ამ გარემოებაც განაპირობა, რადგან მემკვიდრედ ისიც ასევე ითვლებოდა („ეყვოდა ვახტანგს მამის“ დისწულად, „ნათესავისაგან მირიანის“ ასულისა).

სავარაუდოდ, ვასქენ პიტიახში ვახტანგისგან ფარულად წლების განმავლობაში საგანგებოდ ემზადებოდა დაკარგულის დასაბრუნებლად, რაც სრულად წარმოაჩინა თანადროული პერიოდის ისტორიული პროცესების მსვლელობამ. 

 

 

როგორც ცნობილია, 461 წელს დაიწყო ჰუნების (კიდარიტების) წინააღმდეგ სპარსთა ბრძოლა, რომელიც რვა წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 468 წელს პეროზმა ალყაში მოაქცია და აიღო მათი დედაქალაქი.

საბოლოოდ ამით გადაწყდა „კიდარიტების საკითხი“. 

 

 

სავარაუდოდ, ომში მონაწილეობდა პეროზთან ერთად საბრძოლველად წასული ქართლის მეფე, რაც ასევე მეტად ჰიპერბოლიზებულად და ჰეროიკულადაა გადმოცემული „ვახტანგ გორგასალის ცხოვრებაში“ („ვახტანგ გორგასლისაგან სპარსთა მეფისა შუელა ჰინდოთა, სინდელთა, აბაშთა და ჯორჯანთა ზედა და ყოველთა-ზე გამარჯუება ვახტანგისგან“ - ყაუხჩიშვილი 1955, 187), რამაც განაპირობა ჰუნ-კიდარიტების ლოკაციის შეცვლა „ჰინდოთა, სინდელთა, აბაშთა და ჯორჯანთა“ ლოკაციით. 

 

 

საგულისხმოა, რომ ქართულ საისტორიო თხზულებაში, მიუხედავად აღნიშნული აზრობრივ-ტექსტობრივი სახეცვლილებებისა, ზუსტადაა მითითებული ამ ომის ხანგრძლივობა („წარმოვიდა ვახტანგ წელსა მერვესა შესლვით მისითგან სპარსეთად“ - ყაუხჩიშვილი 1955, 196).

 

 

ქართლში წამოსვლამდე ვახტანგ გორგასალთან პეროზს ჰქონდა დიპლომატიური მოლაპარაკება დინასტიური საქორწინო შეთანხმების შესახებ. ქართლის მეფემ კეისრის ასულზე დაქორწინების გამო აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადა („ხოლო სპარსთა მეფე აძლევდა ვახტანგს ცოლად თჳსთაგან მეფეთასა. ხოლო ვახტანგ რქუა: „არა ჯერ არს ჩემგან ორთა ცოლთა პყრობა, რამეთუ მივის მე ცოლი ასული კეისრისა“. დაუმძიმდა ესე მეფესა ხუასროს, არამედ ვერა რქუა, ხოლო ვახტანგ მშჳდობით პოვნა დედა და დაჲ მისი, და წარმოვიდეს“ - ყაუხჩიშვილი 1955, 196). ვახტანგმა სპარსთა მეფეს არაპირდაპირ მიანიშნა, რომ ქართლის მისწრაფება დასავლურ ორიენტირებზე იყო მიმართული, რაც მისი განსაკუთრებული უკმაყოფილების საფუძველი გახდა. 

 

 

საგულისხმოა, რომ ერთმანეთს სრულიად ემთხვევა სათარიღო მონაცემები, რაც წარმოდგენილია აღნიშნულ საისტორიო გადმოცემასა („წარმოვიდა ვახტანგ წელსა მერვესა შესლვით მისითგან სპარსეთად“) და „შუშანიკის წამების“ დასაწყისში („იყო მერვესა წელსა მრ[ე] სპარსთა მეფისასა კარად სამეფოდ წარემართა ვასქენ პიტიახში ძჱ არშუშაჲსი“ - ჭელიძე 2008 (I), 6-7).

 

 

 როგორც ცნობილია, აგიოგრაფიულ თხზულებაში „მერვესა წელსა“ მკვლევართა აზრით პეროზის მეფობის მერვე წელზე მიუთითებს. ხოლო „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით შესაძლებელია დადგინდეს, რომ „შუშანიკის წამების“ ტექსტში სწორედ რვაწლიანი ომის (461-468 წწ.) შემდგომი პერიოდი იგულისხმება, რადგან პეროზის მეფობის მერვე წელს, კერძოდ, ამ ომის მსვლელობის დროს, რეალობას არ შეესაბამება ვასქენ პიტიახშის სპარსთა მეფესთან წასვლა. 

 

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამავე საისტორიო გადმოცემასა და იაკობ ხუცესის ნაწარმოების მომდევნო ეპიზოდს შორის ასევე ვლინდება არსებითი ხასიათის მსგავსება („რაჟამს წარდგა იგი წინაშე სპარსთა მეფისა, არა თუ პატივისა მოღებისათჳს, არამედ ძღუნად თავსა თჳსსა შესწირვიდა მეფისა მის მიმართ უვარის-ყოფითა ჭეშმარიტისა ღმრთისაჲთა და თაყუანის-სცემდა ცეცხლსა, რამეთუ ყოვლით კერძოვე თავი თჳსი ქრისტჱსგან განაგდო. ხოლო საწყალობელი ესე ცოლსა ითხოვდა სპარსთა მეფისგან, რაჲთამცა სათნო ეყო მეფესა, და ესრეთ ეტყოდა, ვითარმედ „რომელი-იგი ბუნებით ცოლი არს და შვილნი, იგინიცა ესრევე მოვაქცინე შენსა შჯულსა,ვითარცა ესე მე“. ამას უქადებდა, რომელ-იგი არა აქუნდა ჴელთა შუშანიკისგან. მაშინ განიხარა მეფემან და ბრძანა ცოლად მისა ასული მეფისაჲ“ - ჭელიძე 2008 (I), 6-7). 

 

 

ამ ეპიზოდებში გარკვეული სხვაობაც ვლინდება („თჳსთაგან მეფეთასა“/„ასული მეფისაჲ“). მაგრამ მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, რომელია რეალურად უფრო სწორი მონაცემი, რადგან ორივე მინიშნება სამეფო ოჯახის წევრს გულისხმობს. 

 

 

პეროზისა და ვასქენის დიპლომატიური მოლაპარაკების დროს პიტიახშის მიერ რწმენის შეცვლის დაპირებამ განაპირობა, რომ მათ შორის შედგა დინასტიური საქორწინო შეთანხმება, რამაც ვახტანგ გორგასალის უარით განაწყენებული სპარსთა მეფის განსაკუთრებული კმაყოფილება გამოიწვია. 

 

 

ისტორიულ-ლიტერატურულად მსგავს ამ ორ ეპიზოდში სხვადასხვა ავტორის მიერ მეტად გამორჩეულად ასახული და გადმოცემულია პეროზის როგორც უკმაყოფილების, ისე კმაყოფილების ურთიერთსაპირისპირო დამოკიდებულება და განწყობილება (ვახტანგ გორგასალისა და მისი პიტიახშის მიმართ). ეს კონტრასტული სიტუაციები აღნიშნულ თხზულებებში საოცრად დინამიურად და ძალზედ შთამბეჭდავადაა მოთხრობილი, რაც ამ ტექსტების მხატვრულ ღირსებებზე მიანიშნებს. თავის მხრივ, ლიტერატურათმცოდნეობითი პოზიციიდან აღნიშნული გარემოება გარკვეული დაკვირვებისა და განზოგადების საშუალებას იძლევა (რატიანი 2012, 147-160; უელეკი, უორენი 2010, 311-315). 

 

 

„შუშანიკის წამების“ მომდევნო ეპიზოდში ვლინდება ვასქენის დიპლომატიური მისიის უშუალო მიზანი და მისი ძირითადი განზრახვა („და იჯმნა მეფისაგან სპარსთაჲსა პიტიახშმან. და, ვითარცა მოიწია იგი საზღვართა ქართლისათა, ქუეყანასა მას ჰერეთისასა, ზრახვა-ყო, რაჲთა აუწყოს და წინა მიეგებნენ მას აზნაურნი და მისნი ძენი და მსახურნი მისნი, რაჲთა მათ გამო ვითარცა ერთგული სოფლად შევიდეს. და წარმოჰმართა სადიასპანოჲთა ცხენითა მონაჲ თჳსი, ვითარ[მ]ცა მოვიდა დაბასა, რომელსა სახელი ჰრქჳან ცურტავ“ - ჭელიძე 2008 {I}, 8-9). 

 

 

სპარსეთიდან წამოსული ქართლის სამეფოს წარჩინებული ბრუნდება არა დაბა ცურტავში, არამედ შემოდის პირველად ჰ ე რ ე თ შ ი, რამაც ვახტანგ გორგასალთან დინასტიური დაპირისპირების კონკრეტული მიზეზი უკვე აშკარად წარმოაჩინა. ამ მხარის მიმართ მემკვიდროებითი კუთვნილების პრეტენზიამ და მისი უკან დაბრუნების დაუოკებელმა მისწრაფებამ განაპირობა ვასქენ პიტიახშის რენეგატობა. ამის გამო გადაუხადა სწორედ სამაგიერო მას ვახტანგ გორგასალმა, რასაც ისიც ასევე წლების განმავლობაში საგანგებოდ ამზადებდა. ეს იაკობ ცურტაველს შეფარვით მინიშნებული აქვს თავის აგიოგრაფიულ ნაწარმოებში „შუშანიკის წამება“. ქართლის მეფემ შემდგომში ვასქენ პიტიახში სასტიკად დასაჯა (კერძოდ, 482 წელს). 

 

 

„ქართლის ცხოვრებისა“ და „შუშანიკის წამების“ ამ ეპიზოდების ურთიერთშესაბამისობა უდაოდ ადასტურებს ვახტანგ მეფის უშუალო მონაწილეობას სპარსთა მეფის პეროზის მიერ აღმოსავლეთით კიდარიტების წინააღმდეგ წარმოებულ რვაწლიან ომში. 

 

 

როგორც ცნობილია, „468 წელს ირანიდან ქართლში დაბრუნების შემდეგ“ (გოილაძე 2008; 31) ვახტანგ მეფის წინაშე მდგარი რთული პრობლემები მხოლოდ აღნიშნული დაპირისპირებით არ დამთავრებულა. მიუხედავად ამისა, ის შეუდრეკლად შეუდგა თავის სახელმწიფოებრივ მიზანდასახულებათა განუხრელად განხორციელებას („ვახტანგ წარავლინა მოციქული წარმოყვანებად ცოლისა მისისა, და პეტრესთჳს კათალიკოსისა და სამოელ ეპისკოპოსისა. წარმოვიდა ვახტანგ ქართლად, და მიეგება ძე მისი დაჩი და მის თანა ყოველნი სპასალარნი, და მათ თანა ეპისკოპოსნი. და ვითარცა ცნა ეპისკოპოსმან, ვითარმედ წარავლინა მეფემან მოციქული მოყვანებად კათალიკოსისადა ეპისკოპოსთა,

დაუმძიმდა მას ზედა. და იწყო რეცა ამბოხებად და მიზეზობად. ... და მივიდა მეფე, და გარდაჴდა საჴედარსა, რათამცა შეემთხჳა ფერჴთა ეპისკოპოსისათა. და განძრა მან ფერჴი, და მიამთხჳა პირსა მეფისასა ფანდაკითა და შემუსრა კბილი მისი. ხოლო მეფემან ... წარსცა იგი დიასპანთა, და მის თანა კბილი მისი, და შეუთუალა, რათა კათალიკოსი და თორმეტნი ეპისკოპოსნი სწრაფით წარმოავლინენ. და მათ შორისმცა არს პეტრე კათალიკოსად და სამოელ ეპისკოპოსად, და სხუანი ვინცა სთნდენ. ... და წარავლინეს პეტრე მღდელი და სამოელ მონაზონი ანტიოქიას. და მიუწერეს ანტიოქიისა პატრიაქსა მეფემან და პატრიაქმან კოსტანტინეპოლელმან ... ყოველი საქმე დიდისა ვახტანგ მეფისა. ... და ანტიოქელმან პატრიაქმან აკურთხნა თორმეტნი ეპისკოპოსნი და პეტრე კათალიკოსად. და მოვიდეს კოსტანტინეპოლედ, და მეფემან მისცა ნიჭი დიდძალი, და ასული თჳსი მისცა, სახელით ელენე, მეფესა ვახტანგს, და გამოავლინა იგი სპითა დიდითა ვიდრე საზღვართამდე სომხითისათა. და მუნ მიეგება ვახტანგ მეფე, და შეიქცეს სპანი ბერძენთანი. და წარმოვიდეს მცხეთად. ხოლო მცხეთას მეფემან ვახტანგ აღაშენა ეკლესია მოციქულთა სუეტი ცხოველი. ... და ... დასუეს პეტრე კათალიკოსად და სამოელ ეპისკოპოსად მცხეთასავე საეპისკოპოსოსა. და დასუა ერთი ეპისკოპოსად კლარჯეთს, ეკლესიასა ახიზისასა; ერთი არტანს ერუშეთს; ერთი ჯავახეთს, წუნდას; ერთი მანგლისს; ერთი ბოლნისს; ერთი რუსთავს; ერთი ნინოწმიდას, უჯარმის კარსა, რომელი გორგასალსა აღეშენა; ერთი ჭერემს, მისსა-ვე აღშენებულსა, და მუნ ქმნა ქალაქი ერთი შორის ორთა-ვე ეკლესიათა, რომელი-იგი მან-ვე აღაშენა; ერთი ჩელეთს, რომელი სოფელსა და აღაშენა; ერთი ხორნაბუჯს და ერთი აგარაკს, რომელ არს ხუნანს გამართებით. შემდგომად მისსა აღაშენა ეკლესია ნიქოზისა საგზებელსა თანა ცეცხლისასა ... წმიდისა რაჟდენისი, რომელი იწამა სპარსთა მიერ წყობასა ვახტანგისსა. ესე რაჟდენ იყო მამა-მძუძე ვახტანგის ცოლისა, რომელი-იგი პირველ მოეყვანა სპარსთა მეფისა ასული; და მოიქცა იგი ქრისტიანედ, და იქმნა იგი დიდად მორწმუნე; და იყო იგი ბრძოლასა მას შინა ძლიერ, შეიპყრეს იგი სპარსთა და ... იწამა ქრისტესთჳს. და ესხნეს ვახტანგს ბერძნისა ცოლისაგან სამ ძე და ორ ასულ. ხოლო ძესა მისსა პირმშოსა პირველისა ცოლისასა, დაჩის, მისცა ქალაქი ჭერემისა და ნეკრესისა. და ქალაქი კამბეჩოვანისა, რომელ არს ხორნაბუჯი; და ყოველი ქუეყანა მტკუარსა აღმოსავლით. და თჳთ ვახტანგ დაჯდა უჯარმოს, და აღაშენა იგი ნაშენებითა უზომოთა. და დაჲ მისი ხუარანძე მისცა ბაკურს ცოლად, პატიახშსა სომხითისასა" - ყაუხჩიშვილი 1955, 196-199). 

 

 

„ქართლის ცხოვრებისგან“ განსხვავებით „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ მოკლედ გადმოსცემს ვახტანგ გორგასალის მეფობის შესახებ („შემდგომად მეფობდა დიდი ვახტანგ გოლგასარი, და მთავარებისკოპოსი იყო იოველ. მაშინ წარიყვანეს ვახტანგ სპარსთა. და შემდგომად რაოდენისა-მე ჟამისა მოიქცა, და მთავარებისკოპოსი იყო მიქაელ. და მან მიამთხვა ფერჴი პირსა მეფისასა ვახტანგს. ხოლო მეფემან წარავლინნა მოციქულნი საბერძნეთა და ითხოვა მეფისაგან და პატრეაქისაგან კათალიკოზი. ხოლო მან მოსცა პეტრე კათალიკოზი. და თანა ჰყვანდა მას სამოველ მონაზონი, წმიდაჲ და ღირსი. და აღაშენა ქუემოჲ ეკლესიაჲ ვახტანგ მეფემან და დასუა პეტრე კათალიკოზი. და ესე იყო ქართლის მოქცევითგან რ~ო წელსა. მეფენი გარდაცვალებულ იყვნეს ათნი, და მთავარებისკოპოსნი ათცამეტნი. ხოლო პირველი კათალიკოზი იყო პეტრე“ - ნიკოლოზიშვილი 2008, 38). 

 

 

ქართლის (იბერიის) სამეფოში „კათოლიკოსობის დაწესება იყო მიმართული ირანის წინააღმდეგ. ... იბრძოდა რა ირანის ... დაქვემდებარებიდან გამოსასვლელად, ვახტანგმა სცადა ოფიციალურად მიეღწია ქართლის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისთვის, რაც, როგორც ჩანს, შეძლო კიდე. ... კათოლიკოსობის დაწესებისთვის საუკეთესო დრო იყო 470-480 წლებს შუა პერიოდი“ (ჩიქოვანი 2018, 96, 103). 

 

 

ქართული საისტორიო წყაროს მონაცემებით შესაძლებელია ამ თარიღის კიდევ უფრო დაზუსტება, რადგან „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ კონკრეტულად მიუთითებს კათალიკოსობის დაწესების წელს („ესე იყო ქართლის მოქცევითგან რ~ო წელსა“).

 

 

რვაწლიანი ომის (461-468 წწ.) დამთავრების („წარმოვიდა ვახტანგ წელსა მერვესა შესლვით მისითგან სპარსეთად“), შემდგომ (კერძოდ, ქართლში დაბრუნების დროიდან) ახლო პერიოდში, ვახტანგის ინიციატივით „დასუეს პეტრე კათალიკოსად“, რაც არ ესადაგება „ქართლის მოქცევითგან რ~ო წელსა“ (170 წელს). 

 

 

თანადროულ ეპოქაში ახალ ქრონოლოგიურ მიმართებათა ათვლა, კერძოდ, ხდებოდა „მეფობითგან მირიან მეფისითგან“. მოცემულ შემთხვევაშიც ანალოგიური ვითარება იქნებოდა. „მეფობითგან მირიან მეფისითგან“ „რ~ო წელსა“ (170 წელს) მიანიშნებს, რომ ქართლში კათალიკოსობის დაწესების თარიღი იყო 470 წელი (300 + 170), რაც 468 წლიდან ახლო პერიოდია.

 

 

ქართლის სახელმწიფოს ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევაში მირიან მეფის მიერ გაწეული ღვაწლითაა განპირობებული აღნიშნული სათარიღო მაჩვენებლების ურთიერთჩანაცვლება, კერძოდ, გაერთმნიშვნელიანება („ქართლის მოქცევითგან“/„მეფობითგან მირიან მეფისითგან“ - „მოქცევაჲ ქართლისაჲ“; „მოქცევითგან მირიან მეფისა“/„ქართლად მოსლვითგან მისით მეთოთხმეტესა წელსა“ - „ქართლის ცხოვრება“). 

 

 

ქართული საისტორიო თხზულებებში საერთოდ არაა ასახული სომეთა და ქართველთა გაერთიანებული ბრძოლა სპარსელთა წინააღმდეგ სომხეთში, ჭარმანაინის ველზე, რომელიც V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის ლაზარ ფარპეცის „სომხეთის ისტორიაში" ვრცლადაა აღწერილი (გოილაძე 2008, 31-32; ხოფერია 2016, 171-180). 

 

 

„ვახტანგ გორგასალის ცხოვრება“ მთავრდება ეპიზოდით, რომლის მიხედვით ვახტანგ მეფე უკვე 60 წლისა იყო, კერძოდ, 497 (437 + 60) წელს, როცა სპარსელებთან მისი ბოლო ბრძოლა გაიმართა, („და დაჯდა მის წილ ძე მისი ხუასრო. და განძლიერებულ იყვნეს სპარსნი, ... და წარმოემართა იგი ბრძოლად ბერძენთა. ... მაშინ ვახტანგ დღეთა მიწევნულ იყო ვითარ სამოცისა წლისა. ... და მოვიდა ხუასრო მეფე და შემუსრნა ქალაქი კამბეჩოანი, და ჭერმისა ციხე, და ველის-ციხე. და ვითარცა მოიწივნეს კახეთად, დაიბანაკეს იორსა ზედა. ხოლო სპანი ვახტანგისნი დადგეს ველსა ზედა, გარემოს ციხე-ქალაქსა, სადა ჰქჳან დარფაკა. და შეიბნეს იორსა ზედა, და სამ დღე ყოველთა დღეთა იბრძოდეს, და დაეცემოდა ორთა-ვე სპათაგან ურიცხჳ. ... ხოლო ბერძენთა მეფე, სიმამრი ვახტანგისი, მოკუდა, და დაჯდა მეფედ ზენონ, ძე მისი. და გამოვიდა სპერად, გამოსლვად ქართლს. და ვითარცა ცნა სიმძიმე ვახტანგისი, დაადგრა კარნუ-ქალაქსა. და მივიდა მუნ ხუასრო, და შეიბნეს ხუასრო და კეისარი კარნიფორას. და დაიჴოცა ორთაგან-ვე სპათა. ... და ვერ სძლეს ერთმანერთსა, რამეთუ სპანი ორთანივე დაიჴოცნეს, და შეიქცა ხუასრო გზასა ქართლისასა“ - ყაუხჩიშვილი 1955, 199-203). 

 

 

როგორც ცნობილია, იმპერატორი ზენონ (471-475, 476-491 წწ.) ლეონ მაკელის არა ძე, არამედ მისი სიძეა („ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერებში გრაფიკულად მსგავს სიტყვათა {„ძჱ“/„სიძჱ“} ერთმანეთში

აღრევას აქვს ამ შემთხვევაშიც ადგილი). ის იყო ისავრიელი მხედართმთავარი, რომელსაც იმპერატორმა ლეონ პირველმა უწოდა ზენონ და თავისი ქალიშვილი არიადნე ცოლად გააყოლა. 497 წლისათვის ბიზანტიის იმპერატორი ანასტასიოს პირველია (491-518 წწ.), რომელიც იყო სასახლის მოხელე (სილენციარიუსი). ის ზენონის შემდგომ გამეფდა მისი მეუღლის არიადნეს დახმარებით, რომელზეც დაქორწინდა ახალი იმპერატორი. ანასტასიოსის წინააღმდეგ 492 წელს დაიწყო ისავრიელთა ომი ზენონის ძმის ლონგინოსის ხელმძღვანელობით. ომი ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდა. მხოლოდ 497 წელს მოახერხა ისავრიელთა წინააღმდეგობის დაძლევა ანასტასიოსმა და გამარჯვება მოიპოვა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ხანგრძლივმა და რთულმა გარემოებამ განაპირობა, რომ მან ვეღარ მოახერხა დროული დახმარება გაეწია ქართლის მეფისათვის11.

აღსანიშნავია, რომ ქრონოლოგიურად თანხვდება ერთმანეთს ისავრიელებთან დაპირისპირების დასასრული და „სიმძიმე ვახტანგისი“, რაც ამყარებს ქართული საისტორიო წყაროს სათარიღო მონაცემს. შესაბამისად, ვახტანგ გორგასალის სპარსელებთან ბოლო ბრძოლა, როგორც ჩანს, სწორედ 497 წელს გაიმართა.

 

 

როგორც ცნობილია, სასანიდურ ირანსა და ბიზანტიას შორის ხშირად ხდებოდა სასაზღვრო კონფლიქტები კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში. ცალკეული წარმატებების მიუხედავად, გადამწყვეტ უპირატესობასა და საბოლოო გამარჯვებას ვერც ერთი მხარე ვერ აღწევდა. აღნიშნული საომარი პროცესები ფაქტობრივად სტატუს კვოს აღდგენით სრულდებოდა. 

 

 

ანალოგიური სიტუაცია იკვეთება ვახტანგ გორგასალის მონაწილეობით გამართულ ბერძენთა და სპარსთა ომების შემთხვევებშიც („რომელსამე დღესა მათ სძლიან და რომელსამე დღესა ამათ“; „შეიბნეს ხუასრო და კეისარი ... და ვერ სძლეს ერთმანერთსა“). 

 

 

როგორც ჩანს, ამ დაპირისპირებებს არა ფართო და მასშტაბური, არამედ ლოკალური ხასიათი ჰქონდა, რაც უცხოურ წერილობით წყაროებსა და საისტორიო გადმოცემებში გარკვეულწილად ზოგადად და ლაკონურადაა ასახული. 

 

 

„ქართლის ცხოვრება“ ამ ბრძოლებს მეტად ვრცლად და ჰეროიკულად აღწერს, რადგანაც მათში უშუალოდ მონაწილეობდა ქართლის მეფე. ისიც აღსანიშნავია, რომ ეს და სხვა ბრძოლები მეტად ჰიპერბოლიზებულადაა გადმოცემული. კერძოდ, როცა აღნიშნული საისტორიო თხზულება „ასახელებს ვახტანგის არმიის რაოდენობას, ... ეს რიცხვები არ შეესაბამება არც ანტიკურობის და არც შუა საუკუნეების არმიების საშუალო და თუნდაც მაქსიმალურ სტანდარტებს“ (ხოფერია 2016, 142). ხოლო პირველწყაროების მონაცემებით „შეგვიძლია ზოგადად ვივარაუდოთ ქართლის სამხედრო პოტენციალის მაჩვენებელი 20 ათას მებრძოლამდე“ (ხოფერია 2016, 152).

ვახტანგის მეფობის შემდგომ განვითარებული ისტორიული პროცესები „ქართლის ცხოვრებაში“ მოკლედაა მოთხრობილი („და დაჯდა ... ძე მისი დაჩი, ხოლო ცოლი და ორნი ძენი ვახტანგისნი ... დასხდეს წუნდას ქალაქსა ზაფხულის, და ზამთრის იყვნიან ოძრჴეს. და არა ეწოდა მათ მეფედ, არამედ ერისთავთამთავრად, და იყვნეს მორჩილებასა ძმისა მათისა დაჩი მეფისასა. ... ხოლო ორთავე მათგან ძეთა ვახტანგისთა ... დარჩა მირდატ ოდენ. ამას მირდატს დაევაჭრა ძმა მისი დაჩი: მეფემან გაუცვალა ქუეყანა, და აღიღო მირდატისგან ეგრისწყალსა და კლისურასა შუა, ... და მისცა ნაცვლად ჯავახეთი ფარავნითგან მტკურამდე. დაიპყრა მირდატ, ძემან ვახტანგისმან, ფარავნითგან და ტასისკარითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა, და ერისთავობდა მუნ; და იყო მორჩილ დაჩი მეფისა, ძმისა თჳსისა. ... და დაჯდა მეფედ ძე მისი ბაკურ. ... და დაჯდა მეფედ ძე მისი ფარსმან. ... და ვახტანგისითგან მოაქამომდე ესე მეფენი მშჳდობით იყვნეს, და შვილნი მირდატისნი ჰმონებდეს შვილთა დაჩისთა. ... მიერითგან განიყვნეს ნათესავნი ვახტანგ მეფისანი. რამეთუ შვილნი დაჩისნი ჰმორჩილობდეს სპარსთა, ხოლო შვილნი მირდატისნი დაადგრეს მორჩილებასა ბერძენთასა. ... და დაჯდა მეფედ ძმისწული მისი, რომელსა ერქუა ფარსმანვე. და მეფობითგან მირიან მეფისათა ვიდრე მეორისა ფარსმანისა გარდაჴდეს წელნი ორას ორმოცდაათნი. და მეფენი გარდაიცვალნეს ი~დ. ... და დაჯდა მეფედ ძე მისი ბაკურ“ - ყაუხჩიშვილი 1955, 204-215).

ქართლის მეფეთა მოკლე აღწერილობაა მოცემული მეორე თხზულებაშიც „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ („და ამისა შემდგომად მეფობდა დაჩი უჟარმელი. ... და ამისა შემდგომად მეფობდა ბაკურ, ძჱ დაჩისი. ... და მისა შემდგომადმეფობდა ფარსმან. ... და მისა შემდგომად მეფობდა ფარსმან სხუაჲ. ... და მისა შემდგომად მეფობდა ბაკურ. ... მის ბაკურის ზევე დაესრულა მეფობაჲ ქართლისაჲ“ - ნიკოლოზიშვილი 2008, 40-41).

„ქართლის ცხოვრების“ ქრონოლოგიური მინიშნების მიხედვით („მეფობითგან მირიან მეფისითგან ვიდრე მეორისა ფარსმანისა გარდაჴდეს წელნი ორას ორმოცდაათნი“) ფარსმან სხუაჲ გამეფდა 550 წელს (300 + 250). მაგრამ ამ შემთხვევაში მეფეთა სიაში მორიგი გაუგებრობა ვლინდება, რადგან ვახტანგიდან მეორე ფარსმანის გამეფებას შორის შუალედი 53 წელია (550 – 497). როგორც ცნობილია, დროის ორმოცდაათწლიან მონაკვეთში ქრონოლოგიურად თავსდება მხოლოდ ორი და არა სამი თაობა. შესაბამისად, რიგით მე-12, მე-13 და მე-14 მეფეთა გენეალოგიური თანამიმდევრობა დასაზუსტებელია, რისთვისაც აღნიშნული თხზულების ერთი საგულისხმო მინიშნებაა გასათვალისწინებელი („და დაჯდა მეფედ ძე მისი ბაკურ. ... და დაჯდა მეფედ ძე მისი ფარსმან. ... და დაჯდა მეფედ ძმისწული მისი, რომელსა ერქუა ფარსმანვე“). ამ საისტორიო მონაცემის მიხედვით ფარსმანის შემდეგ გამეფდა მისი ძმისწული „ფარსმან სხუაჲ“, რაც მიუთითებს, რომ ფარსმანი ბაკურის არა ძე, არამედ მისი ძმაა. როგორც ცნობილია, „ქართლის ცხოვრების“ სხვა ეპიზოდებშიც ვლინდება გრაფიკული მსგავსების გამო ამავე სიტყვა-ტერმინების („ძჱ“/„ძმაჲ“) ერთმანეთში აღრევის შემთხვევები (პეროზიც ჰორმიზდ მესამის არა ძე, არამედ მისი ძმაა).

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ორივე საისტორიო თხზულებაში წარმოდგენილი ვახტანგ გორგასალის შემდგომი ხანის ქართლის მეფეთა გენეალოგიური სიის თანამიმდევრობა უშუალოდ თანხვდება ერთმანეთს:

 

 

„ქართლის ცხოვრება“:                            „მოქცევაჲ ქართლისაჲ“:                   მეფეთა სიის აღდგენილი მოდელი: 

 

10 ვახტანგ გორგასალი, ძე მირდატისი      ვახტანგ გოლგასარი           ვახტანგ გორგასალი, ძე მირდატისი

11 დაჩი //დარჩილ, ძე მისი                          დაჩი უჟარმელი                 დ. არჩილ (დაჩი), ძე მისი

12 ბაკურ, ძე მისი                                         ბაკურ, ძჱ დაჩისი              ბაკურ, ძჱ მისი

13 ფარსმან, ძე მისი                &nb

sp;                     ფარსმან                              ფარსმან, ძ[მაჲ] მისი

14 ფარსმან, ძმისწული მისი                        ფარსმან სხუაჲ                   ფარსმან, ძმისწული ფარსმანისი

15 ბაკურ, ძე მისი                                         ბაკურ                                  ბაკურ, ძჱ მისი

 

 

აქედან გამომდინარე, რაოდენობითი და რიგობითი თანამიმდევრობის მიხედვით შესაძლებელია ქართლის მეფეთა მთლიანი სიის პირველწყაროს მოდელის აღდგენა („მეფობითგან მირიან მეფისითგან ვიდრე მეორისა ფარსმანისა გარდაჴდეს წელნი ორას ორმოცდაათნი. და მეფენი გარდაიცვალნეს ი~დ“):

 

 

1                                                              1 მირვან, ძჱ რევისი

2  2 ბაკურ, ძჱ მირვანისი                        რევ, ძჱ მირვანისი                      ასული მირვანისი

3 3 მირდატ, ძჱ ბაკურისი                       5 თრდატ, ძჱ რევისი                  ძჱ მისი

4 4 ვარაზ-ბაკურ//ასფაგურ, ძჱ მისი        ასული მისი                               ასული მისი

5 7 მირდატ, ძჱ მისი, ძმაჲ ფარსმანისი                                                   6 ფარსმან, ძჱ ვარაზ-ბაკურისი

6 8 [ა.] არჩილ, ძჱ თრდატისი, ძმისწული მირდატისი

7 9 [ბ.] მირდატ, ძჱ არჩილისი

8 10 [გ.] ვარან-ხუასრო-თანგ (//ვახტანგ) გორგასალი, ძჱ მირდატისი

9 11 დ[.] არჩილ (//დაჩი), ძჱ ვახტანგისი

10 12 ბაკურ, ძჱ მისი                           13 ფარსმან, ძჱ მისი, ძ[მაჲ] ბაკურისი

11 14 ფარსმან, ძჱ მისი, ძმისწული ფარსმანისი

12 15 ბაკურ, ძჱ მისი

 

 

ადრექრისტიანული ხანის ქართლის (იბერიის) მეფეთა გენეალოგიურ სიაში (პირველიდან მეთოთხმეტე მეფემდე, კერძოდ, მირიანიდან მეორე ფარსმანამდე) ქრონოლოგიურად ათი თაობა ვლინდება, რაც დროის ორას ორმოცდაათწლიან მონაკვეთში ლოგიკურად თავსდება.

 


როგორც ჩანს, ქართულ საისტორიო გადმოცემებს სრულიად სანდო და უტყუარი პირველწყაროები უდევს საფუძვლად. ეს წერილობითი ძეგლები განსაკუთრებით მნიშვნელოვან და საგულისხმო საისტორიო მონაცემებს შეიცავენ. 

 

 

ამ სიებში წარმოდგენილ როგორც ქართლის (იბერიის) სხვა მეფეთა, ისე ამავე სამეფოს წარჩინებულთა ვინაობის დადგენა და დაზუსტება შემდგომ კვლევა-ძიებათა საგანია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვან და საგულისხმო მონაცემებს წარმოაჩენს.

 

 

შენიშვნებიi: 

 

1 განსაკუთრებით საგულისხმოა ის გარემოება, რომ „მწერლობა ასახავს დროის შესაბამის იდეოლოგიურ მოთხოვნილებებსა და წარმოდგენებს. ... შუა საუკუნეების ქართული ისტორიოგრაფიაც თავისი დროის ლიტერატურული პროცესის განუყოფელი ნაწილია“ (ნაცვლიშვილი 2012, 78-84).

2 „ქართლის ცხოვრების“ „კრებულის შექმნა ... ემსახურებოდა პან-კავკასიური ამბიციების მქონე ქართული ფეოდალური სახელმწიფოს ინტერესებს“ (ჩხარტიშვილი 2018, 20-21).

3 ლეონტი მროველის საისტორიო თხზულების „ცდომილებათა მიზეზი არის არა ის“, რომ „ეფუძნება არასწორ მონაცემებს ან ცუდად ინფორმირებულ წყაროებს“. ქართველი ისტორიკოსი „უბრალოდ არ იმეორებს წყაროთა ინფორმაციას, არამედ თავად ცდილობს რეპრეზენტირებას. ... სწორი ამოსავალი მონაცემების მიუხედავად, „ქართლის ცხოვრების“ მიერ წარმოდგენილი სურათი განსხვავებულია“ (ჩხარტიშვილი 2018, 20).

4 „მეფეთა ცხოვრების“ ლეგენდარული ამბებიც ნებროთიანთა, არშაკუნიანთა და ხოსროიანთა ქართლშიმეფობის შესახებ აშკარად ადასტურებს, რომ ლეონტი მროველი ამ შემთხვევაშიც „თავად ცდილობს რეპრეზენტირებას“.

5 საისტორიო პირველწყაროების მონაცემები მიუთითებს, რომ დინასტიური ცვლილებები სხვა ქვეყნიდან არ მომდინარეობდა, რადგან ქართლის სახელმწიფოს ადგილობრივ სამეფო საგვარეულოთა წევრები განაგებდნენ.

6 როგორც ჩანს, „მეფეთა ცხოვრების“ ეს გადამოცემა დინასტიური საქორწინო შეთანხმების მიხედვით ჰერეთის შემოერთების შესახებ პირველწყაროდან მომდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ლეონტი მროველი ამ შემთხვევაშიც „თავად ცდილობს რეპრეზენტირებას“ („მოიყვანა სპარსეთით თჳსი მისი, ნათესავი მეფეთა“).

7 ქართლში კათალიკოსობის დაწესების დათარიღების შესახებ ნაშრომზე მუშაობისას სირიული წყაროს აღნიშნული საგულისხმო მონაცემები მოიძია და გაგვაცნო დავით ჩიქოვანმა, რისთვისაც ახალგაზრდა მკვლევარს ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებთ.

8 აღნიშნულ ქრონოგრაფიაში აღწერილია მსოფლიო ისტორია სამყაროს შექმნიდან ახ. წ. 1286 წლამდე, რომელიც სირიულ ენაზე შეადგენა ამავე ეპოქის სწავლულმა გრიგოლ ბარ ჰებრაუსმა, რომელიც მისი მოღვაწეობის ხანამდე გადმოსცემს ებრაელ პატრიარქთა და ებრაელების მეფეთა, ასევე ასურელების და ბაბილონელების, სპარსელებისა და ბერძნების, მუსულმანი ხალიფებისა და ხანების სიებს. ქრონოგრაფია წარმოადგენს მრავალრიცხოვან ქრონოლოგიურ და ისტორიულ ამბავთა კრებულს. 

9 მოცემულ შემთხვევაში უდაოდ უპირატესობა ენიჭება „შუშანიკის წამების“ ხელნაწერების „BD ნუსხათა წაკითხვას: „ვასქენ“, რადგან ეჭვგარეშეა, რომ სწორედ ეს ფორმა იქნებოდა ამ საკუთარი სახელისთვის იაკობისეულ ტექსტში“. ამასვე ადასტურებს „(გარდა ხსენებული ნუსხებისა) „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ახლად აღმოჩენილი უძველესი ხელნაწერი (შემორჩენილია სახელის მხოლოდ პირველი ნაწილი: „ვასქ“)“ (ჭელიძე 2008 (II), 206). 

10 საქართველოს სამეფოს წარჩინებულთა დაწინაურებული საგვარეულო - მხარგრძელები დინასტიურად არა სპარსელების ან ქურთების, არამედ ვარაზმან ერისთავის („არჩილ ... ვარზმანს ... მისცა კოტმანითგან ქურდის-ჴევამდე; იყო ესე ვარზმან ნათესავი სპარსთა ერისთავისა ბარდაველისა, რომელი იყო დედის მამა ვახტანგ მეფისა") შთამომავლები უნდა იყვნენ. „ქ უ რ დ ი ს-ჴევის“ სახელწ

ოდების გრაფიკულმა მსგავსებამ ქ უ რ თ ი სტანთან, ასევე ხუნანის ერისთავის დინასტიურმა კონტაქტებმა („იყო ესე ვარზმან ნათესავი სპარსთა ერისთავისა“), მათზე უცხოური წარმომავლობის ლეგენდების შექმნა განაპირობა, რაც გამოხატავს შუა საუკუნეებში გავრცელებულ ტენდეციას. კერძოდ, ამ ეპოქის ისტორიკოსები ცდილობენ მეფეთა და წარჩინებულთა წარმომავლობა უცხოურ დინასტიებს დაუკავშირონ. როგორც ჩანს, ციხე-ქალაქ ხუნანის მფლობელობას უკავშირდება მხარგრძელთა დინასტიური სახელწოდება ფონეტიკურ-გრაფიკული სახეცვლილებებისგან გამომდინარე (ხუნანციხელი/ხანციხელი/მხარგრძელი). შემდგომში ეს მხარე ტაშირ-ძორაგეთის სამეფოს განეკუთვნებოდა. სავარაუდოდ, მათ მაშინ შეიცვალეს სარწმუნოება. როდესაც საქართველოს სამეფომ შემოიერთა აღნიშნული მხარე, მხარგრძელები თავიანთ სარწმუნოებას დაუბრუნდნენ. 

 


11 XI საუკუნის ქართველმა ისტორიკოსმა სრულიად განსხვავებულად გაიაზრა აღნიშნული გარემოება და ისე წარმოაჩინა შექმნილი სიტუაცია, რომ ბიზანტიის იმპერატორმა აღარ გააგრძელა ბრძოლა („დაადგრა კარნუ-ქალაქსა“), რადგანაც „ცნა სიმძიმე ვახტანგისი“ (სწრაფად მას ვერც მიაწდიდნენ ამ ამბავს).

დამოწმებული ლიტერატურა:

1 ბედროსიანი 2009; The Chronography of Bar Hebraeus, Translated from Syriac by E. A. Wallis Budge (London, 1932), HTML formatting by Robert Bedrosian.

2 გოილაძე 2008; ვ. გოილაძე, ვახტანგ გორგასალი, თბილისი.

3 მელიქიშვილი 1967; გ. მელიქიშვილი, ფარნავაზი და ფარნავაზიანები ძველ სომხურ საისტორიო წყაროებში, მაცნე, 3, თბილისი.

4 ნაცვლიშვილი 2012; ი. ნაცვლიშვილი, შუა საუკუნეების ქართული ჟამთაღმწერლობის პოეტიკის ერთი საკითხი, VI საერთაშორისო სიმპოზიუმი - ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები (შუა საუკუნეების ლიტერატურული პროცესი. საქართველო, ევროპა, აზია), ნაწილი II, თბილისი.

5 ნიკოლოზიშვილი 2008; მოქცევაჲ ქართლისაჲ, ძველი ქართული ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და თარგმნა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა, ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები 3 ტომად (რედ. ლევან აბაშიძე ), ტომი I, თბილისი.

6 ნიკოლოზიშვილი 2011, ქართლის ცხოვრება, 1, ტექსტი ახალ ქართულ ენაზე თარგმნა და კომენტარები დაურთო ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა, თბილისი.

7 რატიანი 2012; ი. რატიანი, თხრობა, ლიტერატურისმცოდნეობის შესავალი (ავტორთა კრებული),თბილისი.

8 ტომსონი 1996; Rewriting Caucasian History, The Medieval Armenian Adaptation o f the Georgian Chronicles,The original Georgian texts and the Armenian adaptation, Translated with Introduction and Commentary byRobert W. Thomson, Oxford.

9 უელეკი, უორენი 2010; რ. უელეკი, ო. უორენი, ლიტერატურის თეორია, თბილისი.

10 ყაუხჩიშვილი 1955; ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტომი I, თბილისი.

11 ყაუხჩიშვილი 1961; გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტომი I, თბილისი.

12 ჩიქოვანი 2018; დ. ჩიქოვანი, ქართლის ეკლესია V საუკუნეში (სამაგისტრო ნაშრომი), თბილისი.

13 ჩხარტიშვილი 2018; ჩხარტიშვილი მ., საქართველო III-V საუკუნეებში, ხოსროვანთა სამეფო სახლის ისტორია, თბილისი. 


14 ჭელიძე 1998; ლ. ჭელიძე, საისტორიო გადმოცემები ფარსმან ქველზე, კრებული - კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობა, თბილისი. 


15 ჭელიძე 1999; ვლ. ჭელიძე, ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“ და უცხოური საისტორიო გადმოცემები, ჟურნალი - ლიტერატურული ძიებანი, XX, თბილისი. 


16 ჭელიძე 2002; ვლ. ჭელიძე, ადრეული ხანის ქართული საისტორიო მწერლობის განვითარების ეტაპები, ქრისტიანული არქეოლოგიის VI კონფერეცია, მოხსნებათა შინაარსი, თბილისი. 


17 ჭელიძე 2005; ლ. ჭელიძე, ლეონტი მროველმან აღწერა („მეფეთა ცხოვრების“ სიუჟეტური ერთიანობა და კომპოზიციური მთლიანობა), კრებული - კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობა, თბილისი. 


18 ჭელიძე 2015; ლ. ჭელიძე, ძველი ქართული საისტორიო პროზის ადრეული პერიოდი, „ორი თარიღი: პიროვნებისაც, წიგნისაც“, თბილისი. 


19 ჭელიძე 2015-2016; ვლ. ჭელიძე, ქართული საისტორიო პროზის განვითარების ადრეული ეტაპები, ნაწილი პირველი, ჟურნალი - ქართული წყაროთმცოდნეობა, XVII-XVIII, თბილისი. 


20 ჭელიძე 2016 (I); ვლ. ჭელიძე, ქართული საისტორიო პროზის განვითარების ადრეული ეტაპები, ნაწილი მეორე, ჟურნალი - სჯანი, 17, თბილისი. 


21 ჭელიძე 2016 (II); ვლ. ჭელიძე, ქართველური იდენტობის ვექტორები (ჩვენი თვითსახელწოდების წარმომავლობა), „მიგრაციული პროცესები და იდენტობათა ტრანსლაცია“, პირველი საერთაშორისო კონფერენციის მასალები, თბილისი.

22 ჭელიძე 2016 (III); ვლ. ჭელიძე, ადრეული პერიოდის ქართული (ქართველური) წერილობითი კულტურის ტრადიციები (წინაანბანური და ანბანური დამწერლობები - საინფორმაციო კომუნიკაციის საშუალებები), კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესის მასალები, თბილისი. 


23 ჭელიძე 2016 (IV); ვლ. ჭელიძე, აფხაზეთის ერისთავთა და მეფეთა დინასტიური წარმომავლობა (ლეონტი მროველის საისტორიო გადმოცემების კვალდაკვალ), ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის I საერთაშორისო სამეცნიერო სესია, მასალები, თბილისი. 


24 ჭელიძე 2017 (I); ვლ. ჭელიძე, ადრექრისტიანული ხანის ქართული წერილობითი კულტურის ტრადიციები, კრებული - ჩვენი სულიერების ბალავარი, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, ბათუმი. 


25 ჭელიძე 2017 (II); ქართლის (იბერიის) მეფე-ერისთავთა დინასტიური წარმომავლობა, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული კვლევები, პროგრამა და მოხსენებათა თეზისები, თბილისი. 


26 ჭელიძე 2008 (I); წამებაჲ წმიდისა მოწამისა შუშანიკ დედოფლისაჲ, ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა, ტომი I, ძეგლები თარგმნა, გამოსაცემად მოამზადა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, თბილისი.

27 ჭელიძე 2008 (II); წამებაჲ წმიდისა მოწამისა შუშანიკ დედოფლისაჲ, შენიშვნები (2), ძველი ქართული ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და თარგმნა ედიშერ ჭელიძემ, ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები 3 ტომად (რედ. ლევან აბაშიძე ), ტომი I, თბილისი.

28 ჭელიძე 2008 (III); წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოჲსი, ძველი ქართული ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და თარგმნა ედიშერ ჭელიძემ, ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები 3 ტომად (რედ. ლევან აბაშიძე ), ტომი I, თბილისი. 


29 ჭელიძე 2014; წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოჲსი, ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა, გამოსაცემად მოამზადა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, მეორე, შესწორებული გამოცემა, თბილისი.

30 ხოფერია 2016; ნ. ხოფერია, გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია, წიგნი 1, თბილისი.

31 ხურცილავა 2006; ბ. ხურცილავა, ქართული დამწერლობისა და ადრექრისტიანული ხანის საქართველოსისტორიისათვის (სტატიების კრებული), თბილისი.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V) ხსენების დღე.
დიდმოწამე იაკობ სპარსი (+421)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება დიდმოწამე იაკობ სპარსის (+421)ხსენების დღე.
gaq