ავტორისაგან ,,გვიან შუა საუკუნეებში, როდესაც ქართველ მეფე-მთავრებს ყოველი მხრიდან მოძალებულ მტერთა გამკლავების ძალა აღარ შესწევდათ, ხალხი იძულებული იყო თვით აეღო ხელში თავისი თავისა და ქვეყნის დაცვა. ამ მძიმე და უთანასწორო ბრძოლებში მრავალმა ვაჟკაცმა თუ მანდილოსანმა გაითქვა სახელი. მათი რიცხვი დიდია. ამჯერად ჩვენ მხოლოდ რამდენიმე სახალხო გმირზე ვამახვილებთ ყურადღებას. ისინი ძირითადად აღმოსავლეთ გურიასა და მისი მიმდგამი ფერსათის მხარის (რაიონის მარცხენა სანაპირო) მკვიდრები იყვნენ. ამ გმირებზე სხვადასხვა დროს ვბეჭდავდით წერილებს რესპუბლიკურ თუ რეგიონალურ პრესაში და ხალხის დიდ ინტერესსაც იწვევდა. ვფიქრობთ, ჩვენი საზოგადოება არც ამ პატარა კრებულს შეხვდება გულგრილად.“ იური სიხარულიძე მე-18 - მე-19 სს მიჯნაზე ოსმალეთის სანაპირო ქართულ მხარეებს დიდი საფრთხე შეექმნათ. ყველა, ვისაც იარაღის ტარება შეეძლო, მტრისთვის გზის შესაკრავად აღსდგა. ამ მამულიშვილურ საქმეში ოტია რამიშვილმაც გაითქვა სახელი. თუ ბუღარა მამალაძე ძირითადად სატობისღელით ძველკარისაკენ მიმავალ გზას დარაჯობდა, ოტიას (მეტსახელად ,,შლეგი“) ზოტისა და ქვაბღიდან მომავალ გზებზე ეჭირა თვალი. ოტია ქვემოსურებელი (ახლა დიდი ვანი, ჩოხატაურის რ-ნი) დავით რამიშვილის უფროსი ვაჟი იყო, წარმოსადეგი, მამაცი, ჩინებული მომღერალიც. ტყვეთა მტაცებლების წინააღმდეგ ბრძოლაში ჭაბუკობიდანვე ჩაება და ამ საქმეში თავისი უმცროსი ძმა საბიაც აიყოლია. რთული საბრძოლო ოპერაციების დროს ბიძაშვილებსა და სახლიკაცებსაც იშველიებდა. ოტია შესანიშნავი მსროლელი ყოფილა. კაჟიან თოფს გარდა, მის შეიარაღებაში ,,ფიშტო და ყამაც“ შედიოდა თურმე. ოტიას, დიდ ფიზიკურ ძალასთან ერთად, გონიერებაც ჰქონდა მომადლებული. ამის წყალობით იყო, რომ რამდენჯერმე ,,დათვი უიარაღოდ დაუძლევია“. თანამედროვენი აღტაცებულნი ყოფილან მისით. განსაკუთრებულ პატივს ცემდა თურმე ბუღარა მამალაძე. კერ კიდევ გმირის სიცოცხლეშივე შეიქმნა მასზე ხალხური ლექსები და ლეგენდები. სამწუხაროდ, ჩვენამდე მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია: ესესქედის მთაზეო, ქარი გიქრის თავზეო, იქ ოტია დაგიხვდება, ხმალს შემოგკრავს თავზეო... (მთქმელი ოტიას შვილიშვილი, ფოტინე იასონის ასული რამიშვილი-ყაჭეიშვილი (1882-1974). ოტიას საკმაოდ მრავალრიცხოვანი შთამომავლობა დარჩა - სამი ვაჟის (ფრიდონ, იასონ, ონისიმე) ნაშიერნი. ოტია რამიშვილს მუსიკალური ნიჭიერებითაც გაუთქვამს სახელი. ამას მოწმობს ერთი ძველი ხალხური სიმღერა, რომელიც დღემდე მისი სახელით (ოტიაური)იწოდება. წიგნიდან ,,სახალხო გმირები“ 1995 წელი |