საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

გიორგი ანჩაბაძე - შერვაშიძეთა გვარის წარმოშობის შესახებ
გიორგი ანჩაბაძე
შარვაშიძეების გერბი

თავადი შერვაშიძეების გვარი (ადრინდელი ფორმა: შარვაშის ძე, შარვაშიძე; აფხაზურად: ჩაჩბა, აჩაჩბა) ერთ-ერთი ყველაზე ძველია საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში. ჯერ კიდევ XII საუკუნეში ამ საგვარეულოს წარმომადგენლებს ცხუმის ერისთავთა მაღალი თანამდებობა ეკავათ. ეს ფაქტი, როგორც ცნობილია, დადასტურებულია თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულებაში, სადაც 1180-იანი წლების შუა პერიოდის აღწერისას, ცხუმის ერისთავად მოიხსენიება ოთაღო შარვაშის ძე 1.

 

სამწუხაროდ, შერვაშიძეთა უძველესი საგვარეულო დოკუმენტები არ შემონახულა, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ამ ფეოდალური სახლის წარმოშობისა და აფხაზეთში გაბატონების დროისა და პირობების გარკვევას. ისტორიოგრაფიაში ამ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულა არა ერთი მოსაზრება (მეტწილად ერთმანეთის გამომრიცხავი), თუმცა ამ მოსაზრებების ავტორთა უმრავლესობა მაინც გაკვრით შეეხო პრობლემას. როგორც პირველი სპეციალური გამოკვლევა შერვაშიძეთა გვარის წარმოშობის შესახებ, შეიძლება დავასახელოთ ზურაბ ანჩაბაძის მონოგრაფიის “Из истории средневековой Абхазии”-ის ერთ-ერთი ქვეთავი: “К вопросу о про-исхождении феодального рода Шервашидзе (Чачба)”, რომელიც მთლიანად აღნიშნულ საკითხს ეძღვნება2.

 

როგორც აღვნიშნეთ, შერვაშიძეთა საგვარეულოს ფეოდალური აფხაზეთის სათავეში

მოქცევის ამსახველი წერილობითი წყაროები არ შემონახულა, მაგრამ არსებობს ზეპირი ტრადიცია, რომელიც ამ ამბავს დავით აღმაშენებელის ეპოქას უკავშირებს. კერძოდ, ამ გადმოცემის მიხედვით, დავით მეფემ აფხაზეთის სათავეში შარვანელი უფლისწული დააყენა, რომლის შთამომავლები არიან აფხაზეთის შემდეგდროინდელი მთავრები – შერვაშიძეები.

 

ამ თქმულებიდან გამომდინარე, დ. გულია შერვაშიძეებს შარვანშაჰის საგვარეულოდან წარმომდგარ მთავრებს უწოდებდა («князя из рода потомков Ширван-Шаха»)3. მართლაც XII–XIII საუკუნეების ქართულ წერილობით წყაროებში დადასტურებული უძველესი ფორმა ამ გვარის სახელისა – შარვაშის ძე – სიტყვასიტყვით შარვანშაჰის (შარვაშას) ძეს ნიშნავს4. შარვანის სამეფო, როგორც ცნობილია, მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოსთან როგორც პოლიტიკურად (შარვანშაჰები დაახლოებით 100 წლის განმავლობაში აღიარებდნენ საქართველოს მეფეთა უზენაესობას), ასევე კულტურულ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ამიტომ ასეთი სახელის ტარება საქართველოს ერთ-ერთი უწარჩინებულესი ფეოდალური გვარის მიერ, არ შეიძლება შემთხვევითი ყოფილიყო და მიუთითებს ცხუმის ერისთავთა კავშირზე შარვანის მმართველ დინასტიასთან.

 

შერვაშიძეთა შირვანშაჰებისაგან წარმოშობის ვერსიას არაერთი ავტორი იზიარებს5. ამ ვერსიისაკენ იხრება ზ. ანჩაბაძეც, თუმცა კატეგორიული მტკიცებისაგან თავს იკავებს.

 

შერვაშიძეთა წარმომავლობის შესახებ არსებობს მეორე საინტერესო მოსაზრებაც. კერძოდ, აკად. ნ. ბერძენიშვილმა დასაშვებად მიიჩნია, რომ ამ გვარსახელის, უფრო ზუსტად, მისი აფხაზური ფორმის, ჩაჩბას, სახელნაცვალი იყოს XI საუკუნის მხედართმთავრის – ქუაბულელ ჭაჭას ძე ოთაღოს სახელი, რომელიც 1045 წელს ანაკოფიის ალყის დროს მეთაურობდა ქართული ლაშქრის აფხაზურ კონტინგენტებს6.  ამ ვერსიის სასარგებლოდ თითქოს მეტყველებს როგორც გარკვეული ფონეტიკური მსგავსება ონიმებს შორის – ჭაჭას ძე და ჩაჩბა, ასევე ის, რომ ანაკოფიასთან მდგარი აფხაზური რაზმების სარდალი ატარებდა იმავე სახელს, ოთაღოს, რასაც ზემოხსენებული ცხუმის ერისთავი – შარვაშის ძე (როგორც ცნობილია, ფეოდალურ გვარებში თაობიდან თაობაში ხშირად მეორდებოდა ერთი და იგივე სახელი). მაგრამ ასეთ შემთხვევაში გაუგებარია რატომ იხმარა მემატიანემ ფორმა ჭაჭას ძე და არა ჩაჩას ძე, რაც აფხაზური ჩაჩბას უფრო ზუსტი “გადმოქართულება” იქნებოდა. გარდა ამისა, იბადება კითხვა, საიდან გაუჩნდათ ჩაჩბებს ახალი გვარსახელი – “შარვაშის ძე”, რომელიც ასე ღიად მიუთითებს შარვანზე.

 

ნ. ბერძენიშვილის ჰიპოტეზა ჭაჭას ძისა და ჩაჩბას შორის გენეალოგიური კავშირის შესახებ, ბოლო დროს გ. წულაიამ გაიზიარა. მისი აზრით: “შარვაშის ტიტული სავსებით შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა მეორე გვარს და ბოძებოდა ჭაჭას ძეთა რომელიმე <...> წარმომადგენელს”7, მაგრამ ავტორი აღარ ხსნის, როგორ უნდა მიეღო აფხაზ ფეოდალს შარვანის მმართველის ტიტული.

 

ამიტომ ოთაღო ჭაჭას ძისაგან შერვაშიძეთა გვარის წარმოშობის კატეგორიული მტკიცება არ შეიძლება, თუმცა ეს ვერსია შეიძლება განვიხილოთ როგორც საყურადღებო ჰიპოტეზა.

 

ნაკლებად სარწმუნო ჩანს აკად. ნ. მარის მახვილგონივრული, მაგრამ ყოველგვარ მტკიცეულებას მოკლებული მოსაზრება, თითქოს შერვაშიძეთა გვარი დაკავშირებულია “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” მოხსენიებულ ბაგრატ შაროელ ხელმწიფესთან (IX ს.). მკვლევარის ვარაუდით, გვარსახელი “შაროელი”, განურჩევლად იმისა იგი საგვარეულო სახელიდან წარმოდგება თუ გეოგრაფიულიდან, შუალედური მეგრული ფორმის – შაროში-ს მეშვეობით, აფხაზური ენისათვის დამახასიათებელი “ო” ბგერის “ვა”-დ გარდაქმნისა და ქართული “ძი”-ს დამატებით, შეიძლებოდა “შარვაშიძედ” გადაქცეულიყო8.

 

არაფრით არ არის გამაგრებული აგრეთვე თ. გვანცელაძის ვარაუდი, თითქის შარვაშიძის გვარს საფუძვლად ედოს სვანური მამაკაცის სახელი შავერშ 9.

 

შერვაშიძეთა სუფთა აფხაზური წარმოშობისაკენ იხრებოდა ისტორიკოსი კ. კუდრიავცევი. ფონეტიკური მსგავსებიდან გამომდინარე, მან ივარაუდა ჩაჩბა-შერვაშიძეების წარმოშობა გეჩბას გვარიდან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული იყო ჯიქეთში10. გეჩბების სამფლობელო მდ. ფსოუს შესართავთან მდებარეობდა.

 

ამავე ავტორს ეკუთვნის მეორე ჰიპოტეზაც შერვაშიძეების წარმოშობის შესახებ. კერძოდ, მან დასაშვებად ჩათვალა, რომ ჩაჩბა–შერვაშიძე გენეტიკურად აჩბა–ანჩაბაძის მონათესავეა და ეს ორივე გვარი მომდინარეობს VIII–X საუკუნეების აფხაზთა სამეფო დინასტიის სხვადასხვა შტოებიდან11.

 

ვერსიას ანჩაბაძეებისა და შერვაშიძეების ნათესაობის შესახებ თითქოს ზოგიერთი

ჩრდილოკავკასიური გადმოცემაც ამაგრებს. მაგალითად, ჩერქეზული ლეგენდის თანახმად, დასავლეთ ადიღური ტომების აზნაურული გვარები არიან ორი ძმის ჩამომავლები, რომელთა სახელები იყო აჩე და ჩაჩე 12. ამ ლეგენდამ არ შეიძლება არ გაგვახსენოს აფხაზეთის ორი ფეოდალური გვარი – აჩბა და ჩაჩბა. უეჭველია, მათგან მოდის, აგრეთვე, პირიქითელი აფხაზების (აბაზების) ლეგენდარული მთავრების სახელები – აშე და შაშე, რომლებიც იხსენიებიან XIX საუკუნის ყაბარდოელი განმანათლებლის შორა ნოგმოვის თხზულებაში – «История адыгейского

народа», რომელიც ყაბარდოელთა ისტორიულ გადმოცემებზეა აგებული13.

 

როგორც ჩანს, ლეგენდები აჩესა და ჩაჩეს შესახებ ჩრდილოკავკასიურ სამყაროში წარმოიშვა ფეოდალური აფხაზეთის გავლენით, სადაც აჩბა და ჩაჩბა უწარჩინებულეს გვარებს წარმოადგენდნენ. ამასთან აღსანიშნავია, რომ აბაზები ისტორიული აფხაზეთიდან არიან გადასულები ჩრდილო კავკასიაში XIII საუკუნის შემდეგ, დასავლეთ ადიღურ (კჲახურ) ტომებში კი (აბაძახები, შაფსუღები, ბზადუღები და სხვ.) გვიანი შუა საუკუნეების მანძილზე ბევრი აფხაზური ელემენტი

გაითქვიფა. შესაძლოა, ამ ხალხების სოციალური ზედაფენა თანამეტომეთა შორის საკუთარისაზოგადოებრივი მნიშვნელობის ამაღლების მიზნით თხზავდა ლეგენდებს თავისი წარმოშობის შესახებ ძველი და სახელდებული გვარებიდან. ამის მაგალითები მრავლად გვხვდება ფეოდალური სახლების გენეალოგიაში. მაგრამ ამ გადმოცემათა სრული იგნორირებაც არ შეიძლება. მაგალითად, ცნობილია, რომ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ზოგი ფეოდალური საგვარეულო გენეტიკურად უკავშირდება აფხაზურ გვარებს – აჩბას, მარშანს, მაანს და სხვ.

 

ზ. ანჩაბაძის აზრით, “შერვაშიძეთა გვარის სუფთა აფხაზურ წარმოშობაში შეიძლება ეჭვი შევიტანოთ შემდეგი მოსაზრებების გამო: აფხაზური თავად-აზნაურული გვარების ქართული ფორმები, როგორც წესი უშუალოდ სათანადო აფხაზური გვარებიდან არის ნაწარმოები.

 

მაგალითად: მარშანია – ამარშან, ინალიშვილი – ინალიფა, ანჩაბაძე – აჩბა, ძიაფშიშვილი – ძიაფშიფა, მარღანია – მაანი და ა.შ. რაც შეეხება შერვაშიძის გვარს, იგი ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს. ამ გვარის აფხაზურ ფორმას (აჩაჩბა–ჩაჩბა) არაფერი საერთო არა აქვს მის ქართულ ფორმასთან – შარვაშიძე. სამაგიეროდ, იგი მჭიდროდ დაკავშირებული ჩანს გვარსახელთან აჩბა: აჩბა – აჩაჩბა”14. შემდეგ ზ. ანჩაბაძე იხსენებს XIX საუკუნის ერთი რუსი ავტორის ცნობას, რომელშიც ნათქვამია, რომ აფხაზთა მტკიცებით, მათ ენაზე აჩბა ნიშნავს “მთავარს”, ხოლო ჩაჩბა – “მთავართა მთავარს”15 და წერს: “აქედან გამომდინარე ხალხური წარმოდგენა “ჩაჩბაზე”, როგორც “მთავართა მთავარზე” შეიძლება ასე აიხსნას. საგვარეულო სახელს აჩბა, ვინაიდან მისი წარმომადგენლები (ხალხური გადმოცემით) პირველობდნენ აფხაზეთში, დროთა განმავლობაში შეეძლო მიეღო “მთავრის” ტოლფასი ტიტულის მნიშვნელობა. ამის მაგალითები ცნობილია ფეოდალური საქართველოს ისტორიაში: სამეგრელოს მთავრების დადიანების გვარი აღიქმებოდა როგორც ტიტული – დადიანი (შდრ. ისტორიული წყაროს გამოთქმა: “ნადირობასა შინა ხრომან ირმისამან წარიტაცა დადიანი მანუჩარ და მოკლა იგი <…> და დასუეს ძე მისი ლევან დადიანად”16). იგივე მოხდა გვარსახელ გურიელთან დაკავშირებით. სავსებით დასაშვებია, რომ გვარსახელი აჩბაც აფხაზეთში აღქმულიყო როგორც მთავრის ტიტული. კონკრეტულად ეს შეიძლება გამოსახულიყო დამატების გაჩენით გვარის ფუძეზე “აჩ”, რის შედეგად მივიღეთ ფორმა აჩ-აჩ-ბა (ჩაჩბა), სადაც “ბა” არის მჟღერი ფორმა სიტყვისა “ა-ფა” – “ძე”. (მსგავსი ფორმა, მაგალითად, შეესაბამება ქართულ სიტყვას “ერისთავთ-ერისთავი”.) გამორიცხული არ არის, რომ

ასე მომხდარიყო აფხაზეთში ახალი (და, შეიძლება, არააფხაზური) გვარის ერისთავის დაჯდომის შემდეგ”17.

 

აფხაზურ ზეპირსიტყვიერებაში მჭიდრო კავშირი ვლინდება აჩბასა და ჩაჩბას

საგვარეულოებს შორის. ეს ფაქტი განპირობებული უნდა იყოს იმ როლით, რომელსაც ეს გვარები ასრულებდნენ ქვეყნის ისტორიაში. მაგალითად, აფხაზი “ქურუმები” ტრადიციული ლოცვების დროს მსხვერპლშეწირვის ცერემონიას შემდეგი სიტყვებით ამთავრებდნენ: “ღმერთო, შეგვიწყალე და გვიხსენ ბოროტისაგან, მოგვფინე მადლი შენი, მიეც ნაყოფიერება მიწას, რათა ჩვენ, ჩვენი ცოლ-შვილით, დაზღვეულნი ვიყოთ შიმშილის, სიცივისა და ყოველგვარი უბედურებისაგან, მანამდე, სანამ გულ-ღვიძლის ამ ნაჭრებითა და ამ ღვინით მე ყველა აჩბასა და ჩაჩბას არ დავაპურებ”18.

 

აფხაზოლოგიურ ლიტერატურაში არ არსებობს დამაჯერებელი განმარტება იმის შესახებ, თუ რაში უნდა მდგომარეობდეს ზემომოყვანილი სალოცავი ტექსტის უკანასკნელი ნაწილის არსი, თუმცა ამ ფორმულაში აჩბების პირველ ადგილზე მოხსენიებას ხსნიან იმითი, რომ პირველობა ქვეყნის მართვაში უფრო ადრე მათ ეკუთვნოდათ19. კერძოდ, ადრეული შუა საუკუნეების აფხაზთა სამეფოსთან დაკავშირებულ ბუნდოვან მოგონებებში, რომლებიც ერთიანდებიან აფხაზთა მეფის – აფსჰას – შესახებ არსებული თქმულებების ციკლში, პირველ ადგილზე აჩბას გვარი იკვეთება. ერთი ვერსიით აფსხა თვითონ იყო აჩბა, მეორე ვერსიით კი – აფსხა უცხოელი იყო, რომელიც იძულებული გახდა თავისი სამფლობელოები ჩრდილო კავკასიიდან გადმოსული აჩბებისათვის დაეთმო20. რაც შეეხება ჩაჩბების (შერვაშიძეების) გვარს, ამ ლეგენდებით მათი წინაპარი აფხაზეთში აჩბების მმართველობის დროს მოვიდა21. ამიტომ აფხაზური ზეპირგადმოცემების ერთსულოვანი მტკიცებით, აფხაზეთის უძველესი გამგებლები აჩბები იყვნენ, რომლებიც შემდეგ ხანებში ჩაჩბებმა შეცვალეს. არსებობს ანდაზაც: ჯერ აჩბა ახსენე და შემდეგ ჩაჩბაო22.

 

ამ მონაცემებიდან გამომდინარე ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ VIII–X საუკუნეების

აფხაზთა მეფეები აჩბათა საგვარეულოდან იყვნენ23, რომლის გვერდითი შტო, როგორც ჩანს, გარკვეული პერიოდი აგრძელებდა საკუთრივ აფხაზეთის მართვას (უკვე ერისთავთა რანგში) გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფეების დროსაც24.

 

წერილობით წყაროებში არ შემონახულა ცნობები იმის შესახებ თუ როდის და რა პირობებში მოხდა აფხაზეთში უზენაესი ხელისუფლების გადასვლა ჩაჩბა–შერვაშიძეთა ხელში. ცხადია, მხოლოდ, რომ ეს არ შეიძლებოდა მომხდარიყო 978 წელზე უფრო ადრე, როდესაც დამთავრდა “ლეონიდების” მმართველობის ხანა25, და XII საუკუნის 80-იან წლებზე უფრო გვიან, როდესაც “ქართლის ცხოვრებაში” უკვე მოიხსენიება ერისთავი ოთაღო შარვაშისძე. ბუნდოვანი გადმოცემები გაბატონებული დინასტიის შეცვლის შესახებ შემოინახა მხოლოდ ზეპირმა ტრადიციამ. მაგალითად, ს. ჯანაშიამ 1929 წელს ჩრდილო კავკასიაში, ადიღეს ავტონომიურ ოლქში მცხოვრები აბაზებისაგან ჩაიწერა უკვე საკმაოდ დამახინჯებული გადმოცემა აჩბებსა და ჩაჩბებს

შორის მომხდარი ბრძოლის შესახებ, რომლის აზრი მიახლოებით ასეთია: “აჩბები წაიკიდნენ და ჩაჩბები აიშალნენო”26. მეცნიერის ვარაუდით, ეს და სხვა ფაქტები საგულვებელს ხდიან, რომ ჩაჩბებზე ადრე “შარვაშიძეობა” ანჩაბაძეთა საგვარეულოს ხელში უნდა ყოფილიყო27.

 

ერთი აფხაზური თქმულება მოგვითხრობს, რომ აჩბების მმართველობა აფხაზეთში

დესპოტურ ხასიათს ატარებდა. ისინი ქვეშევრდომებს მონებად ჰყიდდნენ, რამაც მათ წინააღმდეგ ხალხი ააჯანყა. აჯანყებულებმა ირანის შაჰს მიმართეს დახმარებისათვის, რომელმაც მათ ვინმე შაჰ-შარუნი გამოუგზავნა წინამძღოლად. შაჰ-შარუნს ისე შეუყვარდა აფხაზეთი, რომ სამუდამოდ აქ დარჩენა გადაწყვიტა. მან და მისმა შთამომავლებმა მიიღეს გვარი ჩაჩბა (ყოფილი მმართველი დინასტიის – აჩბას – ანალოგიით). ჩაჩბებს პირველად ბზიფელები მიემხრნენ და დასავლეთ აფხაზეთში აღიარეს მთავრებად, აბჟუელთა თემები კი (აღმოსავლეთ აფხაზეთში)

დიდხანს არ ცნობდნენ ჩაჩბებს და ისევ თავის ძველ ბატონებს ემორჩილებოდნენ28.

 

ეს გადმოცემა, რომელიც შ. ინალ-იფამ ჩაიწერა 1966 წელს სოფ. არადუში (ოჩამჩირის რ-ნი) 90 წლის გლეხისაგან, ნაწილობრივ მოგვაგონებს ბიზანტიელი ისტორიკოსის, პროკოპი კესარიელის (VI ს.) მოთხრობას იმის შესახებ, თუ როგორ აუჯანყდნენ აბაზგები საკუთარ მეფეებს, რომლებიც ქვეშევრდომებს მონებად ჰყიდდნენ კონსტანტინოპოლში. მაგრამ პროკოპის თხზულებამ კიდეც თუ მოახდინა რაიმე გავლენა ინფორმატორის მონათხრობზე, მაინც საფუძველს მოკლებულია, რომ გადმოცემა მთლიანად ლიტერატურული წყაროდან წარმოშობილად ჩავთვალოთ. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებზე ტყვის სყიდვას,

გიორგი ანჩაბაძე
რომელშიც ადგილობრივი სოციალური ზედაფენის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, ადგილი ჰქონდა უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე. ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს ის გარემოებაც, თითქოს “შაჰ-შარუნმა” და მისმა შთამომავლებმა პირველად ბზიფის აფხაზეთში მოიკიდეს ფეხი. ეს ცნობა სხვა გადმოცემებს ეხმიანება, რომელთა მიხედვით ჩაჩბას გვარის ფუძემდებელმა, რომელიც აფხაზეთში აჩბების მმართველობის დროს მოსულა, მთავრისაგან დასასახლებლად მიწა მიიღო

მდ. ბზიფის რაიონში29.

 

გარდა ამისა, ზემოგანხილული გადმოცემა პირდაპირ უკავშირდება ლეგენდას ჩაჩბა–

შერვაშიძეთა გვარის წარმოშობის შესახებ შარვანშაჰების სახლიდან (“შაჰ-შარუნი”). მაგრამ იმ ხანებში, როდესაც შერვაშიძეთა აფხაზეთში დაფუძნება იგულისხმება (978–1185 წლებს შორის), დასავლეთ საქართველოს საქმეებზე არავითარი გავლენა არ ჰქონია არც ირანს და არც სხვა რომელიმე აღმოსავლურ ქვეყანას. აფხაზეთი ერთიანი საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, რომლის ხელმწიფეები, რომლებიც აფხაზთა და ქართველთა მეფის ტიტულს ატარებდნენ, საკმაოდ ძლიერნი იყვნენ იმისათვის, რომ თავის სამფლობელოებში არ დაეშვათ სხვათა მიერ დაყენებული მმართველები. ამიტომ ზემოხსენებული ლეგენდა თუ მართლაც რაიმე

ისტორიული ფაქტის გამოძახილია, რაც სავსებით დასაშვებად მიგვაჩნია, უნდა ვიფიქროთ, რომ ხელმწიფე, რომელმაც აფხაზეთის მმართველად შარვანელი უფლისწული დააყენა, ქართველ ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელი იყო.

 

საქართველის ისტორიაში ასეთი მეფის როლს ყველაზე მეტად დავით აღმაშენებელი

ესადაგება, რომელსაც მტკიცე ხელით შეეძლო არა მარტო ურჩი ერისთავების გადაყენება, არამედ რამოდენიმე სახელმწიფოც კი გააუქმა, კერძოდ, კახეთ-ჰერეთის სამეფო (1103), ლორე-ტაშირის სამეფო (1118), ანისის საამირო (1124), შარვანშაჰთა სახელმწიფო (1124), ხოლო მათი ტერიტორია თავის სამფლობელოებს შემოუერთა.

 

თუ პირველი შერვაშიძე აფხაზეთის მმართველად მართლაც დავითის დაყენებულია,

სავარაუდოა, რომ ეს მოხდა მისი მეფობის ბოლო წლებში; ან 1120/1121 წლის ზამთარში, როდესაც შარვანის მორბევის შემდეგ დავით მეფე “ჩავიდა აფხაზეთს ბიჭჳნტამდე და განაგნა საქმენი მანდაურნი: ღირსნი წყალობისანი შეიწყალნა, შემცოდენი დაიპყრნა და წუართნა”30; ან კი 1124 წელს, დავითის მიერ მთელი შარვანის შემოერთების შემდეგ31.

 

შესაძლოა, 1120 წელს აფხაზეთში ადგილი ჰქონდა ფეოდალთა ნაწილის გამოსვლას დავით IV-ის ცენტრალიზაციური პოლიტიკის წინააღმდეგ. გამოსვლის ჩახშობის შემდეგ მეფემ შეცვალა ძველი მმართველი საგვარეულო (აჩბა–ანჩაბაძე?), რომელიც ათასი “ძაფით” იყო დაკავშირებული აფხაზ აზნაურებთან, და ერისთავად დანიშნა შარვანის “სახლის” წარმომადგენელი, რომელიც გვარიშვილობით არ ჩამოუვარდებოდა ძველ მმართველს, მაგრამ როგორც შორეული კასპიისპირეთიდან გამოსულს, არ ექნებოდა მტკიცე კავშირები ადგილობრივ ფეოდალებთან. ასეთ დასაყრდენს მოკლებული ერისთავი პირველ ხანებში მაინც მთლიანად მეფეზე იქნებოდა დამოკიდებული. გარდა ამისა, შარვანული არისტოკრატიის სამსახურში მიღებით დავითი, შესაძლოა, შარვანში ქართული გავლენის გაძლიერებასაც უწყობდა ხელს. ეს ამოცანა განსაკუთრებით აქტუალური უნდა გამხდარიყო 1124 წლისათვის, როდესაც შარვანის შემოერთების შემდეგ, იქაური ქისრანიდების32 მმართველი დინასტია “უტახტოდ” დარჩა33. სავარაუდოა, რომ დავითს არ სურდა (ან, არ შეეძლო) მთლიანად ჩამოეცილებინა პოლიტიკური ძალაუფლებისაგან ქისრანიდები, რომლებთანაც მას ნათესაური ძაფები აკავშირებდა (მეფის ერთ-ერთი ქალიშვილი შარვანშაჰ მანუჩარ II-ის მეუღლე იყო), და ამიტომ ერთ-ერთი მათგანი აფხაზეთის ერისთავად დასვა.

 

ამრიგად, როგორც ვხედავთ, შერვაშიძეთა შარვანული წარმოშობის ვერსია საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება.

 

აფხაზეთის ფეოდალური საზოგადოების სათავეში მოსული შერვაშიძეები მალე

ეთნიკურადაც გააფხაზდნენ, რისი ერთ-ერთი გამოხატულება გახდა მათი გვარის ადგილობრივი ფორმა – ჩაჩბა (აჩაჩბა). გარდა ამისა, მათ ასიმილაციაზე უნდა მიანიშნებდეს აგრეთვე “ქართლის ცხოვრებაში” დაცული სიძველით მეორე ცნობა შერვაშიძეთა შესახებ, სადაც ამ გვარის წარმომადგენელი უკვე პირდაპირ აფხაზად არის წოდებული. მხედველობაში გვაქვს “ჟამთააღმწერლის” სიტყვები: “შარვაშის ძე აფხაზი, სახელით დარდინ”, რომელიც 1243 წლის ამბებს ეხება34. მემატიანის მიერ ამ ისტორიული პიროვნების აფხაზად მოხსენიება და საკუთარი სახელი “დარდინ”, რაც ალბათ ვარიანტია ძველი აფხაზური სახელისა – დადინ (dadyn), იმისი მაჩვენებელი უნდა იყოს, რომ შერვაშიძეები ამ დროისათვის უკვე გააფხაზებულები არიან.

 

ამასთან, როგორც სამართლიანად შენიშნავს ზ. ანჩაბაძე, “თავისი სოციალური იერით შერვაშიძეთა ფეოდალური გვარი, იმ პერიოდის ზოგი სხვა აფხაზური აზნაურული გვარის მსგავსად, საქართველოს სამეფოს ფეოდალური კლასის ნაწილს წარმოადგენდა, და ამ მხრივ დოთაღოდ შარვაშისძე (ცხუმის ერისთავი. – გ. ა.) არსებითად არაფრით განირჩევა მის გვერდით დასახელებული ბარამ ვარდანისძის, კახაბერის, ამანელისძისა და ბედიანისაგან. თუმცა ეს გარემოება სულაც არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ აფხაზეთში დამკვიდრების შემდეგ, მალე, შერვაშიძეები

ისეთივე აფხაზი ფეოდალები გახდნენ, როგორებიც იყვნენ ვარდანისძეები სვანი, ხოლო ბედიანები – მეგრელი ფეოდალები”35.

 

დასასრულს, თუ გავიზიარებთ შერვაშიძეთა შარვანიდან გამოსვლის ვერსიას, ინტერესს მოკლებული არ იქნება თვალი გავადევნოთ შარვანშაჰთა წარმოშობასაც.

 

როგორც დადგენილია, IX–XVI საუკუნეების შარვანშაჰთა დინასტიური ხაზები

(იაზიდიდები/მაზიადიდები, ქისრანიდები, დერბენდი) გენეალოგიურად მომდინარეობენ ამიერკავკასიაში ბაღდადის ხალიფათა ნაცვლების – იაზიდიდებისაგან36. სახალიფოს დასუსტების შემდეგ იაზიდიდები უკვე დამოუკიდებლად მართავდნენ აღმოსავლეთ ამიერკავკასიას, 861 წელს კი მათ მიიღეს ძველი ადგილობრივი ტიტული “შარვანშაჰი”. ამიერკავკასიაში ამ გენეალოგიური შტოს დამაარსებელია მამაცი სარდალი იაზიდ იბნ მაზიადი (VIII საუკუნის მეორე ნახევარი), რომელიც ჩრდილოარაბული ტომის შაიბანის წარჩინებული გვარის

წარმომადგენელი იყო37.

 

------

 

1 ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. II. თბ., 1959. გვ. 33–34. – აკად. ს. ჯანაშიას დასაშვებად მიაჩნია, რომ მერმინდელი შერვაშიძეები გენეალოგიურად დაკავშირებულნი არ იყვნენ ამ გვარის უძველეს მატარებლებთან. “ფეოდალური ძალმომრეობის ხანაში რა გასაკვირი იქნებოდა, რომ მთავრის უფლება ერთი საგვარეულოდან მეორეში გადასულიყო თვით “შარვაშიძის” გვარის სახელთან ერთად, რომელსაც ამ შემთხვევაში სამთავრო ტიტულის მნიშვნელობა ჰქონდა. ასეთ მოვლენას მეზობელ სამეგრელოშიაც ვხედავთ, სადაც გვარის სახელი “დადიანი” ოდიშის მფლობელის წოდებად იქცა და სადაც დადიანობას სხვადასხვა გვარი ითვისებდა” (ს. ჯანაშია. გიორგი შარვაშიძე, კულტურულ-ისტორიული ნარკვევი // შრომები. VI. თბილისი, 1988. გვ. 28.). ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ საგვარეულო სახელის გადასვლის ფაქტებს ერთი გვარიდან მეორეზე თუმც კი ჰქონია ხოლმე ადგილი ფეოდალურ ხანაში (როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ), მაგრამ მაინც გამონაკლისს წარმოადგენდა. შერვაშიძეთა გვარის შესახებ (დაწყებული ისტორიაში ცნობილი მისი პირველი წარმომადგენლებიდან) არ გვაქვს არავითარი ცნობა, არც წერილობითი, არც ზეპირი, რომელიც შეიძლება მიუთითებს გენეალოგიური ხაზის წყვეტაზე.

 

2 З.В. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.). Сухуми, 1959. С. 190–195.

 

3 Д.И. Гулиа. История Абхазии. Т.I. Тифлис, 1925. С. 138.

 

4 З.В. Анчабадзе. დასახ. ნაშრ. გვ. 192.

5 იხ. მაგალითად: Абхазия // Энциклопедический словарь / Под ред. проф. И.Е. Андреевского. Т.1. Издатели: Ф.А. Брокгауз, И.А. Ефрон. Санкт-Петербург, 1890. С. 48; მ. ბროსე. საქართველოს ისტორია. ნაწ. II. ტფილისი, 1900. გვ. 167; А.Н. Дьячков-Тарасов. Абхазия и Сухум в XIX столетии // Известия Кавказского отдела Русского географического общества. Т. XX, №2. Тифлис, 1910. С. 150; Д.И. Гулиа. დასახ. ნაშრ. გვ. 138, 208; История Абхазии. Учебное пособие. Гудаута, 1993. С. 100.

 

6 ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. თბ., 1990. გვ. 605.

 

7 Г.В. Цулая. Абхазия и абхазы в контексте истории Грузии (Домонгольский период). Москва, 1995. С.132.

 

8 Георгий Мерчул. Житие св. Григория Хандзтийского. Введение, издание, перевод Н.Марра // Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии. VII. С.-Петербург, 1911. С. LVII.

 

9 თ. გვანცელაძე. ენობრივი მონაცემები და მათი მნიშვნელობა აფხაზეთის ეთნიკური ისტორიის კვლევისათვის // აფხაზეთის ისტორიის პრობლემები. თბ., 1998. გვ. 56.

 

10 К. Кудрявцев. Сборник материалов по истории Абхазии. Сухум, 1922. С.128.

 

11 იქვე. გვ. 121.

 

12 Ф. Сталь. Этнографический очерк черкесского народа // Кавказский сборник. Т. XXI. Тифлис, 1900. С.67.

 

13 Ш.Б. Ногмов. История адыгейского народа. Нальчик, 1958. С. 108, 112.

 

14 З.В. Анчабадзе. დასახ. ნაშრ. გვ. 194.

 

15 [А.Н. Введенский]. Абхазцы (Азега). По поводу сочинения г. Дубровина «Очерк Кавказа и народов, его населяющих» // Сборник сведений о кавказских горцах. Т. VI. Тифлис, 1872. С.30.

 

16 ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბ., 1973. გვ. 824.

 

17 З.В. Анчабадзе. დასახ. ნაშრ. გვ. 195.

 

18 სხვადასხვა წყაროებიდან. მაგალითად: Ш.Д. Инал-ипа. Абхазы (Историко-этнографические очерки). Сухуми, 1965. С. 533, 560; А.Б. Крылов. Религия и традиции абхазов. Москва, 2001. С. 232, 246, 251, 269 და სხვ. – შ. ინალ-იფას ერთ-ერთ ბოლო ნაშრომში მოტანილია წყევლის სიტყვებიც: “შეგრისხოს მან, ვინც აჩბასა და ჩაჩბას

მფარველობს” (Ш.Д. Инал-ипа. Антропонимия абхазов. Майкоп, 2002. С.173.).

 

19 Ш.Д. Инал-ипа. Страницы исторической этнографии абхазов. Сухуми, 1971. С. 251.

 

20 იქვე. გვ. 243-245.

 

21 იქვე. გვ. 234, 242.

 

22 ს.ჯანაშია. დასახ. ნაშრ. გვ. 28; Ш.Д. Инал-ипа. Страницы исторической этнографии абхазов. С. 250-251.

 

23 იხ. მაგალითად: [А.Н. Введенский]. С. 29-30; Д.И. Гулия. Указ. соч. С.207-210; Ш.Д. Инал-ипа. О содержании термина «апсха» - царь Абхазии // Труды абхазского института языка, литературы и истории им. Д.И. Гулия. Вып. 33–34. Сухуми, 1963. С. 175; Studies in Christian Caucasian history. Cyril Toumanoff. Georgetown University press.

1963. P. 269, 256, 530; Allen W.E.D. A History of the Georgian People. London, 1971. P. 81, 84; Ш.Д. Инал-ипа. Страницы исторической этнографии абхазов. С. 229, 250-252. – არსებობს აგრეთვე არაპირდაპირი ცნობა იმის შესახებ, რომ აფხაზთა მეფეებს აჩბათა გვარის წარმომადგენლებად მიიჩნევდა ივ. ჯავახიშვილიც (იხ. Г. Гулиа. Дмитрий Гулиа: повесть о моем отце. Москва, 1965. С. 181).

 

24 К. Кудрявцев. დასახ. ნაშრ. გვ. 127, 129; Ш.Д. Инал-ипа. Страницы исторической этнографии абхазов. С. 252.

 

25 აფხაზეთის სამეფო დინასტიის პირობითი სახელწოდება, მიღებული სამეცნიერო ლიტერატურაში.

 

26 შესაძლოა, რომ ამ გამოთქმის შეცვლილი ვარიანტია ანდაზა: “აჩაა ეიმაქნy – ჩაჩაა ეიბაfეით” (“აჩბების გამო ჩაჩბები წაიკიდნენ”), რომლის შესახებ ჩვენ გვაცნობა თურქეთის აფხაზური დიასპორის წარმომადგენლმა, ამჟამად ლონდონში მცხოვრებმა ქ-ნმა რეიჰან აჟიუნჰამ (ზვანბამ).

 

27 ს.ჯანაშია. დასახ. ნაშრ. გვ. 28.

 

28 Ш.Д. Инал-ипа. Страницы исторической этнографии абхазов. С. 242.

 

29 იქვე. გვ. 234, 242.

 

30 ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. I. თბ., 1955. გვ. 339.

 

31 შერვაშიძეების აფხაზეთში დამკვიდრების თარიღად კ. კუდრიავცევი ვარაუდობს 1124 წელს (იხ. დასახ. ნაშრ. გვ. 127).

 

32 დინასტიური სახელი “ქისრანიდი” დაკავშირებულია XI საუკუნის დასაწყისში გაჩენილ ფსევდოვერსიასთან, რომლის თანახმად შარვანშაჰებმა მუსლიმურ აღმოსავლეთში იმხანად არსებული მოდის მიხედვით თავისი წარმოშობა სასანიან ხელმწიფეებს დაუკავშირეს (ქისრა=ხოსროვ ანუშირვანი).

 

33 შარვანშაჰთა სახელმწიფო აღდგენილი იქნა დავითის გარდაცვალების შემდეგ დემეტრე I-ის დროს და ქისრანიდები კვლავ დაეუფლნენ შარვანის ტახტს ქართველ მეფეთა ყმადნაფიცობის პირობით.

 

34 ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. II. თბ., 1959. გვ. 192.

 

35 З.В. Анчабадзе. დასახ. ნაშრ. გვ. 195.

 

36 В.Ф.Минорский. История Ширвана и Дербенда X–XI веков. Москва, 1963. С. 176 и сл.

 

37 არაბული ეთნო-ისტორიული ტრადიციით, ბანუ-შაიბანი ეკუთვნის არაბთა ტომების ადნანის შტოს რაბიიტულ ჯგუფს. როგორც ისლამამდელ ხანაში, ასევე მუჰამედის შემდეგ, შაიბანის ტომი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა არაბეთში. ამ ტომის საგვარეულო არისტოკრატიის წრიდან გამოსულა არაერთი მხედართმთავარი, ადმინისტრატორი თუ პოეტი.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პეტრე გალატიელი (IX)
9 (22) ოქტომბერი
წმიდა მოციქული იაკობ ალფესი (I)
9 (22) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მოციქულის იაკობ ალფესის (I) ხსენების დღე.
gaq