საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

„მადლობა ღმერთს, თქვენისთანა გლეხი დარჩა და რასაც ჩვენი წინაპარი აკეთებდა, იმავეს აკეთებს - რაც კარგი გვქონდა, ინახავს...“ გაგურული დღიურები (წერილი მეცამეტე)
ლელა ჩხარტიშვილი
გურამ ჭეიშვილი


მევენახეობა და მეღვინეობა გურიაში.

 

ჟურნალისტი ეთერ ერაძე წერს:

„გურიაში ოდითგანვე მაღალ დონეზე იყო განვითარებული მევენახეობა და მეღვინეობა. ამის უტყუარი დასტური, სხვა ფაქტორებთან ერთად, ვაზის ადგილობრივ ჯიშთა მრავალფეროვნებაცაა. აკადემიკოს ი. ჯავახიშვილის დათვლით, აქ 59 ვაზის ჯიში არსებობდა, რომელთაგანაც ჩვენი წინაპრები მაღალხარისხოვან და მრავალფეროვან ღვინოებსა და სუფრის ყურძენს აწარმოებდნენ.

დღეს, მიზეზთა გამო, განთქმული ადგილობრივი ჯიშების ადგილი, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, დაბალხარისხოვან ჰიბრიდებს: ნოას (გურული ვარიაციით "ნოვე"), იზაბელას ("ადესა"), ჭეიშვილს და სხვებს უკავიათ. აქედან გამომდინარე, ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი და შესაბამისად, შესწავლილიც გურიის აბორიგენული ვაზის ჯიშებისა და მათგან მიღებული ღვინოების თვისებები.

გურული ღვინოები კი განსაკუთრებული არომატით, ბუკეტით, ხავერდოვნებით, სინაზით გამოირჩევიან. ასევე მაღალი გემური თვისებებით, გარეგნული სილამაზით, შენახვის უნარიანობით და ტრანსპორტაბელობით გამოირჩევიან გურული სუფრის ყურძნებიც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. საყურადღებოა ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი: პირველი ქართული ღვინო გურული იყო. ეს წლების მანძილზე განახორციელა გურიაში დასახლებულმა ინგლისელმა აგრონომმა იაკობ მარმა დაახლოებით ორი საუკუნის წინათ, 19-ე საუკუნის 20-30-იან წლებში. ცხადია, ყველა ვაზის ჯიში მაღალი ღირსების ვერ იქნება, თუმცა, თითოეული მათგანი ჩვენი წინაპრების მიერ საუკუნეების მანძილზე დიდი რუდუნებითაა გამოყვანილი და მათ სათანადო მოძიება, ზრუნვა, გადარჩენა და დაცვა სჭირდებათ.“

გთავაზობთ ქალბატონ ეთერ ერაძის მიერ ჩაწერილ (ინტერნეტში გამოქვეყნებულ)   ინტერვიუს ასოციაცია: „გურული ვაზის“ ხელმძღვანელთან, ბატონ ანდრო ვაშალომიძესთან.

საყოველთაოდ გავრცელებული ამბავია, გურიაში ჩასულმა კახელმა ვაზი მოიკითხა და გურულმა ადესა აჩვენა:

- აი, ამას ვსვამთ, მორწყვა ამას არ უნდა და მოვლა, მარა კაი ღვინო დგება.

ვაზზე ჯანშელეულმა კახელმა კი ჯერ ადესას შეხედა და, მერე გურულს და...

- ამას რომ სვამთ, სინდისი არ გაქვთ?!

„სინამდვილეში გურულებს სინდისის დეფიციტი არა, მაგრამ ვაზის დეფიციტი ნამდვილად აქვთ - ორი საუკუნეა მთელ გურიაში ერთადერთი ჯიშის ვაზი - ადესა, ანუ იზაბელა ბატონობს. მართალია, ჭკვიანმა კაცმა გურიის სიმბოლო, საუკუნეების წიაღიდან მოღწეული ჩხავერიც შეინახა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი იყო. საკვირველი კი ჩანდა ვაზის სამშობლოს რომელიმე მხარის ასეთი სიღატაკე, მაგრამ საქმე სხვაგვარად ყოფილა. როცა ისეთი კაცი გამოჩნდა, ვინც გურიის მევენახეობის საუკუნოვან ისტორიას ჩაუღრმავდა, ყველაფერი ნათელი გახდა. ანდრო ვაშალომიძემ ამით არა მხოლოდ გურიას, არამედ მთელ საქართველოს გაუკეთა დიდი საქმე. სწორედ ანდრო ვაშალომიძის დამსახურებით ბოლო 5-6 წელია, გურიაში კვლავ გაჩნდა ინტერესი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართ. დღესდღეობით დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ ძველი გურული ჯიშების გაშენება.  ბატონმა ანდრომ 20 წლის განმავლობაში 30-ზე მეტი ძველი გურული ჯიშები მოიძია და გადაარჩინა. ასევე უკვე შესაძლებელია ბოთლში ჩამოსხმული გურული ჩხავერის შეძენა.

ანდრო ვაშალომიძე:

- პროფესიით ინჟინერი ვარ, ოზურგეთის აწ უკვე დანგრეულ ჩაის ფაბრიკაში ვმუშაობდი. კითხვა მიყვარს და ერთხელაც ივანე ჯავახიშვილი გადავშალე. მას კი ეწერა, - გურიაში ვაზის დაახლოებით 64 ჯიში ხარობდაო. ამის შემდეგ ფიქრმა აღარ მომასვენა, მთელი გურია რომ დავიარო, ნუთუ ამ ჯიშებიდან რამდენიმე მაინც არ იქნება შემორჩენილი-მეთქი? ადესა, ანუ იზაბელა, რომლითაც გურიაა ცნობილი, არომატული ღვინო კი არის, მაგრამ სინამდვილეში მცირე ღირებულებისაა ხარისხითაც და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებითაც. ღმერთმა ქართული ჯიშები ალბათ, იმიტომაც გაიმეტა, რომ ასე იყო საჭირო და უცხოეთიდან ნაუცბადევად შემოტანილი ჰიბრიდი მათ ვერასოდეს ჩაანაცვლებს. წარმოუდგენელი იყო, გურიაში ყველა გონიერი გლეხი გამწყდარიყო, რომელიც ძველ ვაზს არ შეინახავდა და სწორედ ამის იმედად გადავდგი პირველი ნაბიჯი - პირველად იმ სოფელში წავედი ძველი ვაზის საძებნელად, რომელსაც ვაზისუბანი ჰქვია, იქ ვაზი აუცილებლად უნდა ყოფილიყო. მოხუცი ცოლ-ქმარი მიმასწავლეს, რომელიღაც ძველი ჯიში აქვთ და განახებენო. ასე მივაგენი გურიაში იქნებ უკანასკნელ ძირ საკმიელას. უკვე ხმებოდა, ხურმის ხეებზე იყო გასული და სულს ღაფავდა. კალმები ავაჭერი და ოზურგეთში წამოვიღე, ჩემს სახლში, სოფელ შემოქმედში...

- ლამაზი სახელის ვაზი გიპოვიათ, საკმეველს მაგონებს...

- ალბათ, იმიტომ, რომ მართლაც საკმეველივით ღვთიურად მსუბუქი და სურნელოვანი ღვინო აქვს... მოსავალსაც დიდს იძლევა. ერთადერთი რიგი მაქვს გაშენებული მაღლარზე და 170 ლიტრ ღვინოს ვწურავ. სახელის სილამაზეზე თუ ვიმსჯელებთ, კლარჯულიც ლამაზი და ძარღვიანი სახელია, ეს ჯიში გურულებს კლარჯეთიდან ჰქონდათ შემოტანილი და მასში ჩვენი უძველესი დაკარგული მიწის მადლია. კლარჯული რომ ვიპოვე და გავამრავლე, ამის შემდეგ ისევ ჩოხატაურში, ბუკისციხეში სახლთუბანისა და ჯანის უძველეს ჯიშებს მივაგენი. შემიძლია ვთქვა და არ შემრცხვეს, რომ ჯანი საუკეთესო ღვინოა მსოფლიოში, რომლის შესახებ წერილობითი წყაროებია შემონახული. ღვინო მასაც მსუბუქი და მოსალხენად საუკეთესო აქვს.

საზოგადოდ, უძველესი გურული ვაზის ჯიშების ღვინო გურული კაცის ხასიათივით მსუბუქი და ხალისიანია; კახურ საფერავს ან რაჭულ ხვანჭკარას, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესოა ჯანმრთელობისთვის, სიმძიმის გამო ბევრს ვერ დალევ, ნამდვილი გურული ღვინო შეიძლება სამჯერ მეტიც დალიო და მაინც კარგ ხასიათზე დარჩე. რაც შეეხება ჯანს, უხვმოსავლიანი არ არის, მაგრამ იმდენად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, რომ გლეხმა სახელიც შესაფერისი შეარქვა. რაც მთავარია, ამ ჯიშის ეს თვისება ევროპას ისე ჰქონდა შესწავლილი, რომ გემებით გაჰქონდათ, ოღონდ მცირემოსავლიანობის გამო მტევანდიდში ურევდნენ. ასეთ ნაზავს საჯავახო ერქვა, თურქებსაც კი გაჰქონდათ. სხვათა შორის, ალადასტურიც გურული ჯიშია, რომელსაც ვერც გემოთი, ვერც მოსავლიანობით, ვერც შესახედაობით, ახლა რომ ჩვენს ბაზარში ყიდიან, ის ალადასტური ვერც შეედრება. ეს უკანასკნელი მოლდავური ჰიბრიდია, რომელიც ჩვენს პირობებს კარგად შეეგუა.

უკვე ძველი გურული ვაზის 16 ჯიში მაქვს გაშენებული და მათი მოსავლის მიხედვით გაბედულად ვამბობ, რომ ძველი გურული ჯიშის სუფრის ყურძენთან ამჟამად ჩვენს ბაზარზე შემოზიდული ვერც ერთი ყურძენი ვერ მივა. ასე მოვაშენე 16 უძველესი გურული ჯიშის ვაზი ერთ ნაკვეთზე.

- ანუ 64 ისტორიული ჯიშიდან 16 მოიძიეთ?

- 18 წელიწადს ვეძებდი და 40 ჯიშის ვაზი მოვიძიე, მათგან კი საუკეთესოები შევარჩიე. ამისთვის პროფესიონალების ძებნა დავიწყე. აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი დამეხმარა, - 14 საუკეთესო ჯიში გამოვარჩიეთ და გავაშენე. მერე ამას კიდევ 2 ჯიში დავუმატე, ერთი უსახელოა. 3 კაცი წავიყვანე მის საძებნელად და როცა მასპინძელმა გვითხრა, რომელიღაც ძველი ჯიში კი მაქვს, მაგრამ სახელი არ ვიციო,  ოთხივემ მოვილაპარაკეთ და აიეტი დავარქვით. მგონი, საუკეთესო სახელია. აიეტი უხვმოსავლიანი არ არის, მაგრამ მტევანში გურიისთვის უჩვეულოდ ბევრ შაქარს აგროვებს და საოცრად ტკბილ ღვინოს აყენებს... სამწუხაროდ, ამ ჯიშებს დიდი ნაკვეთი ვერ დავუთმე, აქამდე არც მე მქონდა პირობები და ვერც მთავრობამ შემიწყო ხელი. მაგრამ ბოლო დროს სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრში მევენახეობის სპეციალისტად დამიძახეს და ხელფასიც დამინიშნეს; თუმცა, ასეც რომ არ ყოფილიყო, ამ საქმეს თავს მაინც არ დავანებებდი, მით უფრო, რომ ქალიშვილი გარდამეცვალა და ახლა ყველაფერს მისი ხსოვნისთვის ვაკეთებ. დახმარება კი იმიტომაც არის საჭირო, რომ ყველა უძველესი გურული ვაზის ჯიში უნდა გაშენდეს, რათა ისევ არ დაიკარგოს. ამისთვის ნაკვეთია აუცილებელი. 2 წელიწადია ყველა ჯიშის 130 ნერგს ვინახავ და წელს ეს ნაკვეთი თუ არ მექნა, ნერგები გამიფუჭდება.

- ბევრს უკვირდა ალბათ, ამდენ წელიწადს ყოველგვარი სასყიდლის გარეშე სოფელ-სოფელ რომ დადიოდით...

- მეუბნებოდნენ, ეს ადესა ხომ გვაქვს, მოვლა მაგას არ უნდა და პატრონობა, დაჯექი და დალიე, რა ძალას იყენებო; მე კი ჩემსას არ ვიშლიდი და სადაც მოვხვდებოდი, ყველას ვარწმუნებდი, რომ თუნდაც საკმიელას ერთი ძირი დაერგო. ზოგიერთს ეს ჩემი კალმები ძალითაც კი შევაჩეჩე; მერე, როცა ამ კალმებიდან ვაზმა გაიხარა, ჩემმა საკმიელამ კი ბათუმში ოჯახური ღვინოების გამოფენაზე ოქროს მედლები მიიღო, მსურველების ისეთი რიგი დამიდგა, ვეღარ ავუდიოდი და საერთო რვეული ვიყიდე. ახლა ნახევარ რვეულში იმათი სია მიწერია, ნაღდი გურული ჯიშის ვაზი ვის მოვაშენებინე და ნახევარში - კალამს ვინ მთხოვს; რაც მთავარია, გამოჩნდა ერთი ღვთისნიერი ადამიანი, ნამდვილი პროფესიონალი და ქვეყნის მოამაგე, დოქტორი ლევან უჯმაჯურიძე, რომელიც თვითონაც უდიდეს საქმეს აკეთებს, - ევროპაში დადის და იმ ქართული ვაზის ჯიშებს აბრუნებს, რომელიც ოდესღაც გაიტანეს ჩვენგან; იქ გადარჩა, ჩვენ კი სრულიად გავანადგურეთ. ბატონი ლევანი მეხმარება, ჩემი კალმები თბილისში სპეციალურ ლაბორატორიაში მიაქვს და ამუშავებს, მერე კი უკან მიბრუნებს და ხალხს ვურიგებ. ჩემი ვარაუდით, კიდევ 20 გურული ჯიში მაინც მაქვს მოსაძიებელი. მაგრამ ვინ იცის, იქნებ მეტსაც კი წავაწყდე და როცა ამ საქმეს გავაკეთებ, ამოვისუნთქებ. ჩავთვლი, რომ ჩემი ვალი ქვეყნის წინაშე მოხდილი მაქვს. (ინტერვიუს დასასრული).

წლების განმავლობაში სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურიდან და პრაქტიკული დაკვირვებებიდან ანდრო ვაშალომიძემ მდიდარი ინფორმაცია დააგროვა გურიის მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ. 15 წლის განმავლობაში მის მიერ ხელმეორედ აღმოჩენილი ვაზის ჯიშები ამჟამად დაცულია სპეციალურად მოწყობილ საკოლექციო ნაკვეთში, ან სხვაგან - საიმედო ადგილას.

ბატონმა ანდრომ მედიას იმ ჯიშების ჩამონათვალი მიაწოდა, რომელსაც იგი სხვადასხვა ლიტერატურული წყაროების შეჯერებით, გურიის ჯიშებად მიიჩნევს და თითქმის ორი ათეული წელია, დაეძებს: კლარჯული, თეთრი კამური, შავი კამური, საკმიელა, სამარხი, თეთრი მაური, თქვლაფა, ჩხავერი, სამჩხავერა, ბადაგი, ჯანი, ნაკაშიძის ჯანი, მტევანდიდი, ჭუმუტა, სხილათუბანი, ორონა, ოფოურა, წითლანი, ალადასტური, თეთრი ალადასტური, თეთრი ჩხავერი, ხუშია, მცივანი, ქვაფათური, ბათომურა, მტრედისფეხა, მახათური, მაკურენჩხი, ათინაური, ბერძნულა, დორდღო, ვაციწვერა, ზენათური, თეთრიშა, კეთილოური, კიკაჩაი, კახურა, კორძალა, კოცხანა, კაკნატელა, კატური, მანდიკოური, მაგარა, ნაშენები, გურიის ოჯალეში, ქაქუთურა, ქისი, მაღრაულა, ღორისთვალა, შავყურძენა, ჩხუპეში, ჩხაბერულა, ცივჩხავერა, ცისფერულა, ცანაფითა, ოცხანური საფერე, თეთრი კაიკაციშვილისეული (თეთრი), ხარისთვალა, ხემხუ, თეთრი ხუშია და სხვა.

მისივე ცნობით, აქედან მოძიებულია და საკმარისი მიწის ფართის არარსებობის გამო დანაწილებულია სხვადასხვა ოჯახებში: წითელყურძნიანი: ჩხავერი, ჯანი, მახათური, ორონა, მტევანდიდი, მტრედისფეხა, მცივანი (საფერავი), ნაკაშიძის ჯანი, სხილათუბანი, ალადასტური, ხარისთვალა, ოცხანური საფერე, შავი კამური, ბათომურა, გურიის ოჯალეში, ჭუმუტაი, უცნობი-3 ჯიში (სულ 19 ჯიში). თეთრყურძნიანი: საკმიელა, კლარჯული, თეთრი კამური, თეთრიშა, თეთრი კაიკაციშვილისეული (თეთრი), აიეტი (ჩვენს მიერ მოძიებული და სახელშერქმეული), თეთრი მაური, სამარხი, უცნობი 4 ჯიში (სულ 12 ჯიში). გარდა ამისა, სხვადასხვა სოფლებში მიკვლეულია ჯერჯერობით დაუდგენელი 2 წითელყურძნიანი და 1 თეთრყურძნიანი ჯიში.

"ღვინის გაკეთება ყველა ქართველმა იცის, როგორც კალმახმა იცის ცურვა და არწივმა – ფრენა", - ამბობს ანდრო ვაშალომიძე და ის იმედი ასულდგმულებს, რომ სულ მალე ცნობილი გურული ჯიშებით დაწურული ღვინოებით შევსვამთ ქართული ვაზის გადარჩენის სადღეგრძელოს.

 

ბლოგერი გრიგოლ მახარაძე წერს:  „გურიის სოფლის მეურნეობისთვის ტრადიციულად დამახასითებელი იყო მევენახეობა და მეღვინეობა. მევენახეობა მეაბრეშუმეობასთან და მეფუტკრეობასთან ერთად შედიოდა გურიაში ყველაზე მეტად გავრცელებულ სამ სასოფლო-სამეურნეო დარგს შორის. გურიაში ვაზის კულტურა რომ უძველესი დროიდან იყო გავრცელებული, ამის დამადასტურებელია სოფელ გონებისკართან, „მესხისეულ მამულშიშემორჩენილი ქვაში ნაკვეთი, ექვსმეტრიანი საწნახელი. ადგილის სახელწოდებიდან სავარაუდოა, რომ ის იმ დროს უნდა მიეკუთვნებოდეს, როცა გურიის ტერიტორიაზე მესხები სახლობდნენ.

 

ქვასაწნახელი გონებისკარში

ქრისტიანობამდე ხანიდან მოდის ღვინის ღმერთის, აგუნას კულტი

აგუნა, აგუნა გამეიარეო

ბახვი, ასკანა გადმეიარეო

ჩვენს მამულში ყურძენიო

მტრის მამულში ფურცელიო.

საკრალიზებული იყო მარანიც. გურიაში მარანი არ ნიშნავდა შენობას, არამედ ღია, ხეების ჩრდილქვეშა ადგილს ეზოში, სადაც ჭურებია ჩაყრილი. დასავლეთ საქართველოს კლიმატისთვის ღია მარანი იყო მორგებული, რადგან ღვინო უკეთ ინახებოდა, დახურული შენობა დასავლეთში საზიანო იყო ღვინისთვის. შემორჩენილია ნაკაშიძეების მარანი სოფელ ზედუბანში. ქალს, ისე, როგორც საკურთხეველში, ეკრძალებოდა მარანში შესვლა და ჭურიდან ღვინის ამოღება, კაცის არყოფნის დროსაც კი. ამ დროს ქალს მეზობლის კაცი უნდა მოეყვანა ჭურიდან ღვინის ამოსაღებად.

მთელი გურია შავი ზღვიდან სურების მთებამდე მაღლარი ვენახის ბაღი იყო. ვაზს დიდი შრომა არ სჭირდებოდა. ის გაშვებული იყო მაღალ ხეებზე (თხმელა, თუთა, და სხვ), მხოლოდ თუ შემობარავდნენ და ზოგჯერ გასხლავდნენ, თორემ სხვა მოვლა არ სჭირდებოდა.

გურიაში ვაზის 50-ზე მეტი ადგილობრივი ჯიშია დაფიქსირებული. მათგან ყველაზე ძვირფასად ითვლებოდა ჯანი, რომელიც დაბალმოსავლიანი ჯიშია, მაგრამ მაღალი ხარისხის ღვინო დგება და ჯანის მირთმევის ფუფუნება მხოლოდ გურიელებს ჰქონდათ. მაღალი ხარისხის ღვინოები დგებოდა შემდეგი ჯიშებისგან: ჩხავერი, საკმიელა, მტევანდიდი. საჯავახოს მხარეში (მდინარე ხევისწყლის ხეობა) სხილათუბანისა და მტევანდიდის შერევით ამზადებდნენ ღვინო „საჯავახოს“.

ვაზი ყველაზე მეტად გავრცელებული იყო სოფლებში ციხე (გურიანთა), შემოქმედი, ლიხაური, ხიდისთავი, ერკეთი, დაბლაციხე, საჯავახოს მხარე, ბახვის ზონა (ბახვი, ასკანა, ბაღდადი). მექვევრეობის კერა იყო აცანა-აკეთის მხარე. ბახვის მხარეს ფეოდალურ ხანაში თავადი მაქსიმენიშვილები ფლობდნენ. მათ მოჰყავდათ მტევანდიდის ჯიშის ყურძენი და აყენებდნენ მუქი წითელი ფერის, მაგარ, სურნელოვან ღვინოებს.

გურიაში ჩამოსულმა შოტლანდიელმა აგრონომმა იაკობ მარმა (ნიკო მარის მამა) დაინახა ადგილობრივი მეღვინეობის შესაძლებლობები. დაბლაციხეში დასახლებული მარი 1841 წლისთვის საკუთარ მეურნეობაში აყენებდა საუკეთესო ხარისხის ღვინოებს ჯანიდან, სხილათუბნიდან და მტევანდიდიდან და წელიწადში 2000-2500 ფრანკის ღირებულების ღვინოს ყიდდა.

ფრანგი არქეოლოგი ბარონი ჟოზეფ დე ბაი, ასე აღწერს რთველს გურიაში:

„ჩვენი მოგზაურობა რთველს დაემთხვა. შეიძლება ითქვას, რომ გურიაში რთველი ნახევრად საჰაეროა. მაღალი და დატოტვილი ხის ძირში დარგული, თავის ნებაზე მიშვებული ვაზი გაბედულად მიცოცავს ზევით და ხის ფოთლებში ეხვევა. სწორედ ამიტომ ყურძნის მოსაკრეფად ხის კენწეროზეა ასვლა საჭირო.

ამ სამუშაოს შესასრულებლად ხეზე ცილინდრის ფორმის კალათა ააქვთ და ტოტზე ხის დიდი კაუჭით კიდებენ.

რაც უფრო მეტი მტევანია ზემოთ, მით უფრო სქელია ვაზის ძირი. არაფერია იმაზე თვალწარმტაცი სანახაობა, ვიდრე ვაზის გიგანტური ხვეულები საუკუნოვანი ხეების გარშემო, მათი გადასვლა ერთი ხიდან მეორეზე და ჩამოკიდებული მტევნების უთვალავი და მოხდენილი გირლანდა.

  აქ ვაზი მცენარეთა დედოფალია; ღვინისგან კი აქაურები ნამდვილ კულტს ქმნიან.

ღვინოს სახლის წინ უზარმაზარი მწვანე ხეების ძირში ჩაფლულ თიხის ჭურჭელში ინახავენ. აქ ყოველთვის სასიამოვნო ჩრდილია და ოჯახი სადილისათვის აქ იკრიბება. თავმოხდილი ამფორიდან ყველა თავისი სურვილისამებრ იღებს ღვინოს, ისე, რომ ადგილიდანაც არ იძვრის.

კავკასია, როგორც ამბობენ, ვაზისა და ღვინის სამშობლოა.“

1888 წელს გაზეთი „დროება“ (N263) წერდა გურიაში აღმოჩენილი ქვევრის შესახებ:

„ოზურგეთში, ალ. შევარდნაძის სახლის ქვეშ აღმოუჩენიათ გურიის მთავართა ნამარნევში ნამყოფი ერთი უშველებელი ქვევრი, რომელიც საგანგებოდ გაუკეთებიათ საღმრთო საწირავის საჭურჭლედ. ეს ქვევრი ყოფილა, როგორც ზეპირი გადმოცემა ამბობს, წლის სათვალავი, ესე იგი სამას სამოცდახუთი საწყავი ღვინო ისხმოდა შიგ. ეს ქვევრი ხელოვნურად შემოკირულია და გაკეთებულია. არავის არ ახსოვს, როდის გაკეთებულა და ჩადგმულა. თავადმა გრიგოლ გურიელმა მოინდომა ამ ქვევრის გატანა და სამი ოთხი დღე ათხრევინა მიწა ორმოცამდე მუშას. ამოსაღებად მოიწვია ადგილობრივი კამანდის 200 კაცი სალდათები და ძლივძლივობით ამოიღეს. თავად გრიგოლს ამ ქვევრის გადმოტანა ორ ქცევაზედ დაუჯდა 200 მანეთი ფული. ამბობენ, როდესაც მამია გურიელი საღმრთოს იქმდა აქ ერთ ორ ვერსტზე სუფრა იყო გამართული და უკანასკნელი 10 000 სულამდის ამ ჭურიდამ სვამდა ღვინოსო. ასე, რომ ერთი მეღვინე მეორეს მიაწოდებდა ამ ქვევრიდან ამოღებულს ღვინოს და ისე ხელის ხელ აძლევდნენო, მაგრამ ქვევრს მაინც ბევრი არ აკლდებოდაო“.

ადგილობრივ ვაზს მე-19 საუკუნის შუა წლებში ჭრაქმა და 1870-80-იან წლებში ნაცარმა დიდი დარტყმა მიაყენა. გურულებმა მასობრივად დაიწყეს ადესას („იზაბელა“) გაშენება. ამ ვაზის ნერგები 1840-იან წლებში მთავარმმართებელ ვორონცოვის ინიციატივით ქალაქ ოდესიდან ჩამოიტანეს და ოზურგეთის ბაღში საცდელად დარგეს. 1890-იანი წლებისთვის ადესას თითქმის განდევნილი ჰქონდა ძველი გურული ჯიშები.

თუმცა ჯერ კიდევ არსებობდნენ გურული მეღვინეები. მათ შორის იყო ასკანელი სოლომონ ჭეიშვილი. მან მეღვინეობა საფრანგეთში, შამპანიასა და ბორდოში შეისწავლა. საფრანგეთიდან დაბრუნებულმა დააარსა კომპანია ძმები ჭეიშვილები. მანქანა-იარაღები და ხელსაწყოები მან ბორდოდან ჩამოიტანა და ოჯახში მიკრო-ქარხანა მოაწყო. ღვინოს მუხის დიდ კასრებში 5 წლის მანძილზე აძველებდა, წელიწადში ორჯერ გადაღებით, შემდეგ ასხამდა სქელ ბოთლებში და ინახავდა გრილ მარანში. ღვინოები გამოირჩეოდა მაღალი გრადუსით, არომატით და სურნელით. ჭეიშვილის ღვინოებს „ასკანის ნატურალური ღვინო“ ერქვა. 1911 წელს დონის როსტოვის მოწყობილ საიმპერატორო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე მან 1903 წლის მოსავლის ასკანური ღვინო წარადგინა. ღვინოს ვერცხლის დიდი მედალი და სპეციალური დიპლომი მიენიჭა.

სოლომონ ჭეიშვილი:

გურული ვაზის ჯიშების მოძიებით და გადარჩენით იყო დაინტერესებული გიგო შარაშიძე. მან სოფელ ბახვის სკოლის ეზოში საცდელი ნაკვეთი მოაწყო და დაწერა „ექვსი საუკეთესო გურული ყურძნის ჯიშის ამპეოლოგია“.

მეღვინე იყო წინამძღვრიანთკარის სკოლის დირექტორი ერმილე ნაკაშიძე. ის ავტორია წიგნისა „მევენახეობა-მეღვინეობა გურია-სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში“. ნაკაშიძემ წინამძღვრიანთკარში აღზარდა მრავალი მეღვინე. მათ შორის იყო თადეოზ გაბრიელის ძე მეგრელიშვილი, სოფელ ფარცხმიდან. მან განათლება ჯერ არსენ წითლიძესთან მიიღო, შემდეგ წითლიძემ წაიყვანა წინამძღვრიანთკარის სკოლაში. მეგრელიშვილი შემდეგ სწავლობდა იალტაში, განათლება ნიკიტინის საიმპერიო საბაღოსნო სკოლაში მიიღო. შემდეგ თავად ასწავლიდა წინამძღვრიანთკარის სკოლაში. მას ქუთაისის მაზრაში საუფლისწულო ვენახები ებარა. მეგრელიშვილის თაოსნობით  1900 წელს ჩოხატაურში გაიხსნა მეღვინეობის შემსწავლელი სამეურნეო სკოლა. სკოლას ჰქონდა საკუთარი ნაკვეთი, ვენახი, ბოსტანი, სანერგე მეურნეობა.

გასაბჭოების შემდეგ გურიაში ვაზის კულტურა, შეიძლება ითქვას, მთლიანად განადგურდა. მასობრივად ხდებოდა ჩაისა და ციტრუსების გაშენება, ყველა სახელმწიფო მეურნეობა მუშაობდა მეჩაიეობის განხრით. არსებობდა მხოლოდ ერთი სახელმწიფო ღვინის ქარხანა სოფელ საჭამიასერში, სადაც ისხმებოდა ჩხავერი და ცოლიკოური, მხოლოდ რამდენიმე კოლმეურნეობას (ბახვი, ბაღდადი) ჰქონდა მცირე ნაკვეთებზე ვაზი გაშენებული. მოსახლეობას საკარმიდამო ნაკვეთებში გაშენებული ჰქონდა უმეტესწილად ადესა და შედარებით ნაკლებად ცოლიკოური.

ეს ტექსტი 1962 წელს ჩაიწერა გრიგოლ იმნაიშვილმა:

„ძველათ იყო ამ ადგილეფში ჩხავერი, ტევანდიდი, ჭუმუტაჲ, ტრედისფეხა. მერმეთ იყო ადესაჲ. მაგინი ხეებზე ადიოდენ. ყველას ჯობდა ჩხავერი. თოლჩი, ქრიშობისთვეში, ჩხავერი მოვკრიფეთ ოზდაათ ფუთზე მეტი. მახსოვს მე, თოლზე ვიდექი და მამაჩემს გიდელს უცლიდი. ჩხავერი ხეზე დიდხანს ძლებდა, ერი კაკალი არ ჩამუარდებოდა. ჩხავერს დავრგავდით თხმელაჲს ძირში. მერე გეიზდებოდა და მიედობოდა ზეთ. ჩხავერი წიფდებოდა წიფობისთვეში. მოკრეფა შეიძლებოდა წიფობისთვის დამლევს. რომ მოვკრეფდით, ჩავყრიდით საწნახელჩი, შეიკაზმებოდა. მერე დავჭნეხდით ფეხითაც და გობულითაც. მერე გარეცხდენ ჭურს და ჩუუშობდენ შით თეთრათ. ჩხავერს სულ თეთრათ იღებდენ. წვენი ბეური ქონდა და ჩუუშობდენ ჭურში. ჭურს დააკლებდენ ვერშოკნახევარს, რომ ღვინო გადაბრუნდეს. მერე ჭურს თავზე დაახურავდენ წაბლის როგოს და დაგოზვიდენ წითელი მიწით. ჭურს მისემდენ პატარა სასულეს.

იასონ პინაიშვილი
როგოს კიდეში ჯოხს დუუსობდენ და რომ დაგოზვიდენ, ჯოხს ამეიღებდენ. იქიდან მოდიოდა ღვინის ხაერი. თუ არ დავატანდით, მაშვინ ღვინო ამოდუღდებოდა მიწაში. დასალევათ ვარგოდა ათ დღეში. მერე მარტში გადიღებდენ ღვინოს ისთევლე ჭურეფში. ერი ჭურიდან მოორე ჭურში ჩუუშობდენ და დაგოზდენ. სუფთა ღვინო რაც იყო, ჩუუშობდენ. თხლე დარჩებოდა. ჩხავერს არ ქონდა ბეური თხლეი. ჩხავერს ერთის მეტი გადაღება არ უნდოდა, სუფთა იყო.

ჭუმუტაჲ შავია. რომ დადუღდება, შავია. ჭუმუტაჲს ღვინო მაგარი არაა. მაგარია ჩხავერი და ტევანდიდი. ჩხავერი წინ დგანა ტევანდიდზე, ჩხავერზე წინ არაფერი ღვინო არაა.

ახლა ჩხავერი გადივიდა, დაბერდა. ადესაჲ რომ შამევიდა, ჩხავერი წევიდა.

ახლა მეურნეობამ დეიწყო ჩხავერის მოშენება. ბახვს აქ შვიდი-რვაჲ გექტარი მოშენებული; ჩხავრის მეურნეობა ქვია იმას, მარტო ჩხავერია, სხვაი აფერი არაა.

ახალი ლერწი ჩამეიღეს ძველი ჩხავრიდან, დამყნეს და დარგეს. ხეზე არ გუუშვეს, დაბალ ფორჩხებზე გააშენეს. ხეზე ვერ შეწამლავდენ და იმიზა გააშენეს დაბალზე. წამალი რომ არ უქნა, მონაცრავს და გაფუჭდება.“

ბოლო 5-6 წელია, გურიაში კვლავ გაჩნდა ინტერესი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართ. დღესდღეობით დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ ძველი გურული ჯიშების გაშენება. რაც ანდრო ვაშალომიძის დამსახურებაა, მან 20 წლის განმავლობაში 30-ზე მეტი ძველი გურული ჯიშები მოიძია და გადაარჩინა. ასევე უკვე შესაძლებელია ბოთლში ჩამოსხმული გურული ჩხავერის შეძენა.

"გურული ღვინო დღეს ძალიან იშვიათობაა ბაზარზე, თუმცა 2011 წლის ზაფხულში პიონერი გამოჩნდა. ზურაბ თოფურიძემ, სოფელ საყვავისტყეში და ჩოხატაურის რაიონის კიდევ რამდენიმე სოფელში გაშენებული ჩხავერიდან დააყენა ღვინო, რომელიც დღეს უკვე მაღაზიებშიცაა ხელმისაწვდომი."

მეღვინე ერმილე ნაკაშიძეს ეკუთვნის წიგნი: „მევენახეობა-მეღვინეობა გურია-სამერელოში, აჭარაში და აფხაზეთში“ (სახელგამი 1929).

 

ამ წიგნში იგი ჩამოთვლის გურული ვაზის ჯიშებს:

1. ჩხავერი. - ვაზი საკმაოდ ღონიერი და მოსავლიანია. მტევანი აქვს შუათანა, საკმაოდ შეკუმშული, იშვიათად გაფრთხნილი. მარცვალი წვრილი, რგვალი, მუქი ვარდის ფერი; კანი თხელი და ნაზი; ხორცი წვნიანი ტკბილი, ცოტათი მომჟავო, საერთოდ ძალიან გემრიელი. იძლევა კარგ ღვინოს მქრთალი ვარდის ფერისას, ტკბილს და სასიამოვნო არომატით. ეს ჯიში მეტად გავრცელებული იყო მთელ გურიაში საჯავოხოს გარდა, ის უფრო სჭარბობდა გურიის სამხრეთ ნაწილებს ზეგნების - სოფლებში, აჭარა-გურიის მთაგრეხილის კალთებზე: ლეხაური, მაკვანეთი, შემოქმედი, ბაღდადი, ბახვი, ასკანა და სხვა.

2. ჯანი - ვაზი საკმაოდ ღონიერი და მოსავლიანია. მტევანი შუათანა, ტოტებიანი, გრძელი - და მეჩხერი. მარცვალი წვრილი, რგვალი, სრულიად შავი ფერის, მოელვარე, ყუნწზე მჭიდროდ მიმაგრებული. კანი თხელი, ცოტათი მკვრივი; სირბილე ხორციანი, ტკბილი და მეტად სასიამოვნო გემოსი. ყურძენი ზამთარში კარგათ ინახება, თუ ხეზე დაუკრეფელი დიდხანს დარჩა, მარცვალი არ ლპება, არამედ ჩამიჩდება. ღვინო კარგი თვისების უდგება, წითელი ფერის, მაგარი, სასიამოვნო არომატით, კარგად ინახება და მთელ გურიაში საუკეთესო ღვინოდ ითვლება. ეს ჯიში ძალიან გავრცელებული იყო შუა გურიაში, მაგრამ ვინაიდან ის სხვაზე მეტად იჩაგრება სოკომაგვარი ავადმყოფობით, მისი რაიონი მეტად შევიწროვდა. ის კიდევ აქ-იქ დარჩენილია ჩოხატაურის რაიონში, სოფ. ბუკის-ციხეში, იანაულში, ერკეთში და სხვა.

3. მტევან-დიდი - ვაზი ღონიერი, დიდ-მოსავლიანი. მტევანი დიდი, ფრთებივით ტოტებიანი, მეჩხერი. მარცვალი შავი, საკმაოდ რგვალი, ცოტა-თი მოგრძო; კანი თხელი; ხორცი წვნიანი, ტკბილი, საკმაოდ სასიამოვნო გემოსი. ეს ჯიში მთელ გურიაში ფართედ იყო გავრცელებული და ეხლაც მოიპოვება აქა იქ ამ რაიონების მეღვინეობის ყველა სოფლებში. ღვინო უდგება მაგარი, მუქ-წითელი - ფერისა, სასიამოვნო გემოსი და არომატით; ის დიდხანს ინახება და ტიკით გადატანას კარგათ იტანს; დიდი ხნის შენახვის გამო ღვინის ღირსება მატულობს.

4. ჯუმუტა - ვაზი სუსტი, საშუალო მოსავლიანი. მტევანი საშუალო სიდიდის, მკვრივი; მარცვალი რგვალი, წვრილი, სრულიად შავი; კანი სქელი და მაგარი; ხორცი წვნიანი, მომჟავო ტკბილი, სასიამოვნო გემოსი. ეს ყურძენი სუფრის ჯიშად ითვლება და ზამთარში კარგად ინახება. ღვინო უდგება შავი და ცოტათი თრიმლოვანი; გავრცელებული იყო ისე, როგორც მტევანდიდი.

5. სხილათობანი - ვაზი საკმაოდ ღონიერი და კარგი მოსავლიანი. მტევანი საშუალო სიდიდის, საკმაოდ მკვრივი, წვეტიანი. მარცვალი საშუალო სიდიდის, რგვალი შავი ფერისა; კანი თხელი უხვი საღებავი ნივთიერებით; ხორცის სირბილე მეტად წვნიანი და ტკბილი. ამ ჯიშს ნაცარი მეტად აფუჭებს. ღვინო იძლევა თრიმლოვანს, მუქი-წითელი ფერისას. ის იყო გავრცელებული აღმოსავლეთ გურიაში, საჯაოხოს რაიონში.

6. ალადასტური - ვაზი ღონიერი და მოსავლიანი. ტევანი საშუალო სიდიდის, მოგრძო, მეჩხერი; მარცვალი ოდნავ მოგრძო, საკმაოდ რგვალი, შავი ფერისა; კანი სქელი და მაგარი;

ხორცი საკმაოდ წვნიანი, რბილი, ნაკლები გემოსი. ამ ჯიშს აშენებდნენ საჯაოხოს რაიონში და, რადგანაც ის სოკოსმაგვარი ავადმყოფობით ნაკლებად ავადდებოდა, ვინემ სხვა დანარჩენი ჯიშები, ცოტ-ცოტათი ის ვრცელდებოდა გურიის სხვა კუთხეებშიც. ღვინო უდგება მუქი-წითელი ფერის, დაბალი ხარისხის.

7. ორონა - ფურცელი და ყურძნის მარცვლები აქვს პატარა, რუხი-შავი ფერისა, ღვინო უდგება მაგარი, ვარდის ფერისა.

8. სამჩხავერა - ეს ჯიში ჩხავერს მოგავს, მაგრამ მტევანი უფრო გრძელი აქვს.

9. მტრედის-ფეხი - მოსავლიანი ვაზია, ნაცარი ნაკლებად ეტანება, მტევანი აქვს მკვრივი რგვალი მარცვლებით; დიდად გავრცელებული ჯიში იყო.

10. ჩუპეში - მცირე მოსავლიანია, მის კანშია საღებავი ნივთიერება, ამის გამო მისი ჭაჭა ღვინის საღებავად იხმარება; ის იყო გავრცელებული თითო-ოროლა ცალობით ყოველგან გურიაში.

11. აკიდო - ის იყო საჯავახოს რაიონში სოფელ ამაღლებაში.

12. ბადაგი - სოფელ მაკვანეთში და ახლო მახლო სოფლებში.

13. ბერძულა - სოფ. მიქელ-გაბრიელში.

14. ღორის -თვალა -  მეტად გავრცელებული ჯიში იყო, ყველაზე უფრო სოფელ ჯუმათში. კარგი მოსავალი იცის, მაგრამ ღვინოს მდარე ხარისხისას იძლევა.

15. კამური-შავი - საჯაოხოს რაიონში, სოფელ ამაღლებაში.

16. კიკაჩაი - გავრცელებული იყო შემდეგ სოფლებში: ლიხაური, მაკვანეთი, შემოქმედი, გურიანთა, ჩოჩხათი, ჯურუყვეთი, ჩიბათი, ნიგოითი და სხვა.

17. კუმუშა - სოფ. ამაღლება, ორაგვე, ჩოჩხათი და სხვა.

18. მაკურენჩხი - სოფ. ნიგოითი, ხვარბეთი, გოგორეთი, გურიანთა, კახური და სხვა.

19. მახატური - სოფ. მაკვანეთი, ლიხაური, შემოქმედი, აკეთი და სხვა.

20. მანდიკორი - სოფ. ასკანა, სურები, ამაღლება და სხვა.

21. ოფოურა -  სოფ. ამაღლება, ფარცხმა და საჯავახო.

22. სამაჭრე - ძრიელ გავრცელებული საადრიო ყურძენი, მაჭრის დასაყენებლად; გვხვდებოდა თითქმის ყველა გურიის სოფლებში.

23. საფერავი - სოფ. ამაღლება, აკეთი, ძიმითი და სხვა.

24. ხემხო - სოფ. ასკანა, აკეთი, ნიგოითი და სხვა.

25. ხარდანი - დიდად გავრცელებული ჯიში იყო შვა და ქვემო გურიაში; ღვინო მდარე უდგება.

26. წითლიანი - სოფ. ამაღლება, აკეთი, აცანა, ნიგოითი და სხვა.

27. ჩხაბერძული - გავრცელებული იყო მთელ გურიაში საჯაოხოს გამოკლებით.

28. შავყურძენა - მეტად გავრცელებული ჯიშია, გვხვდებოდა თითქმის ყველა გურიის სოფლებში.

29. მცივანი -  სოფ. ოცხანა, მეწიეთი, ბასილეთი და მათი გარემო ადგილები.

30. საკვირჩხილა - სოფ. ნიგოითი, ლანჩხუთი, და სხვა.

31. ჭოდი - სოფელ ლანჩხუთი და მისი მიდამოები.

32. მცვინარა - სოფ. ჩოჩხათი, ჯურუყვეთი, ლანჩხუთი და სხვა.

33. კოლოში - სოფ. ჩიბათი, ორაგვე, ჯურუყვეთი და სხვა.

34. მუხიშხა - იმავე სოფლებში, საცა კოლოში.

35. ოცხანური - სოფ. ჩოჩხათი, ხვარბეთი, გოგორეთი და სხვა.

36. კეთილური - სოფ. ჩოჩხათი და მის მიდამოებში.

37. მაგანაყური - სოფ. გურიანთა, ჩოჩხათი და სხვა.

38. კორძალა - სოფ. მაკვანეთი, ლიხაური და მათ მიდამოებში.

39. სამჭაჭა - სოფ. ნიგოითი, ქვიანი და სხვა.

40. ხარის თვალა - სოფ. ქაქუთი, ჭანიეთი და სხვა.

41. ცხენის- ძუძუ - სოფ. ლიხაური, ნაცხავატევი, ჭანიეთი, ქაქუთი და სხვა.

ქალბატონმა ეთერ ერაძემ შემოგვთავაზა გურიაში გავრცელებული რამდენიმე ვაზის ჯიშის უფრო დაწვრილებითი განმარტება.

 

მტევანდიდი (სინონიმი: აკიდო)

ზემო გურიის (დღევანდელი ჩოხატაურის რაიონი) ზოგიერთ სოფელში მას "აკიდოს" ეძახდნენ, რაც გურული ტერმინოლოგიით, ორმტევნიან რქას ნიშნავს. ფილოქსერის და სოკოვან დაავადებათა შემოჭრამდე, მასობრივად იყო გავრცელებული გურიის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, აგრეთვე აჭარაშიც (ქედის რაიონი).

იგი სამეურნეო დანიშნულებით საღვინე ჯიშია. მისი ზრდა-განვითარება საშუალო ან საშუალოზე ძლიერია, საკმაოდ უხვმოსავლიანია. მაღლარად გაზრდილი ერთი ძირის მოსავლიანობა 50 კგ-მდეა. საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 60-80 ცენტნერია. სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ შედარებით ამტანია, მეტადრე ნაცრის მიმართ. მწიფდება ოქტომბრის ბოლოს.

მტევნის სიდიდის მიხედვით ჯიში თავის სახელწოდებას ვერ ამართლებს - მისი მტევანი საშუალო სიდიდის ან საშუალოზე ოდნავ დიდია, ფორმით არასწორი, განიერ-კონუსისებრი და განტოტვილი, ხშირად მხრიანი. ზოგჯერ მხრის სიგრძე მტევნის სიგრძის ნახევრამდე აღწევს. თხელია ან საშუალო სიმკვრივის. მტევნის საშუალო წონა შეადგენს 207 გრამს, დიდი მტევნის წონა 380 გრამია. მარცვალი მუქი-ლურჯი, შავ ფერში გარდამავალი, საშუალო სიდიდის, ოვალური, შუა წელში განიერი, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიულია. სქელკანიანია, საკმაოდ ხორციანი და უფრო წვნიანი.

მტევანდიდს ახასიათებს პართენოკარპიულობა (დაწვრილმარცვლიანება). წვრილი მარცვლები ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდისთვის ასწრებს დამწიფებას. წვენის გამოსავლიანობაა 66,3%, ტკბილის შაქრიანობა 20-23%, საერთო მჟავიანობა 8,5-10%.

ღვინო საკმაოდ მაღალი ღირსების, მუქივარდისფერი, საკმაოდ სხეულიანი და ჰარმონიულია, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით. ახასიათებს კარგი ტრანსპორტაბელობა და შენახვისუნარიანობა. წარსულში მტევანდიდის პროდუქციას ჯანის ყურძენს ურევდნენ და მიიღებოდა მაღალხარისხოვანი წითელი სუფრის ღვინო, რომელიც ცნობილი იყო "საჯავახოს ღვინოს" სახელწოდებით.

ვაზზე დატოვებული ყურძენი დეკემბრის ბოლომდე ინახება, დაკრეფილი კი გაზაფხულამდე.

მტევანდიდი  კარგად ინახება. ტიკებით შორს გადატანასაც კარგად იტანს. რამდენადაც ძველდება, უმჯობესდება.

თეთრი კამური (სინონიმები: კამურა, კამურის ყურძენი)

ფართოდ იყო გავრცელებული მაღლარების სახით შუა და ზემო გურიაში, აგრეთვე, მოსაზღვრე ქვემო იმერეთის (ბაღდათისა და ვანის) რაიონებში. სამეურნეო დანიშნულებით თეთრი კამური სრულად აკმაყოფილებს როგორც საღვინე, ისე სუფრის ყურძნის მოთხოვნებს და ამრიგად, ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშია არა მარტო გურიაში, მთლიანად საქართველოშიც.

ვაზი ძლიერი ზრდისაა. მაღლარად აღზრდილ ვაზზე რქების სიგრძე ხშირად 2,5 მეტრამდე აღწევს. საკმაოდ უხვმოსავლიანია - საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა შეადგენს 70-80 ცენტნერს, ხოლო სათანადო მოვლისა და ხელსაყრელი კლიმატური პირობების შემთხვევაში, მოსავლიანობა გაცილებით მეტია. ამის მაგალითად გამოდგება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთელი ფერმერი აკაკი ღლონტი, რომლის ნაკვეთზეც ერთი ძირი კამური წლების მანძილზე 150-200 კგ. მოსავალს იძლევა.

სოკოვან დაავადებათა მიმართ სუსტად გამძლეა. განსაკუთრებით ავადდება ნაცრით. მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებში (უფრო მეორე ნახევარში). მტევანი საშუალო სიდიდისაა, ცილინდრულ-კონუსური, განტოტვილი, თხელი. მტევნის საშუალო წონა 165 გრამია, დიდი მტევნისა კი 230 გრამი. ხასიათდება კარგი ტრანსპორტაბელობით. მარცვალი მომწვანოა, მზის მხრიდან მოყვითალო-ქარვისფერი იერით. საშუალოზე მსხვილია, მოგრძო-ოვალური და სიმეტრიული. სქელკანიანია და მკვრივხორციანი მეტად სასიამოვნო ტკბილი გემოთი და ჯიშისთვის დამახასიათებელი განუმეორებელი არომატით.

წვენის გამოსავლიანობაა 79%, ტკბილის შაქრიანობა 19-20%, საერთომჟავიანობა 8 %. იძლევა მაღალი ხარისხის ღვინოს, რომელიც ხასიათდება ძვირფასი გემური თვისებებით და ზომიერი, ხალისიანი მჟავიანობით. ვაზზე დატოვებული ყურძენი დეკემბრის ბოლომდე ძლებს, დაკრეფილი კი გაზაფხულამდე ინახება.

ასევე არსებობს  ვაზის  ჯიშები:

ვორონაი  ყურძნის ჯიში, მაღლარი; მხოლოდ შუა გურიაში აშენებენ; მდარე ღირსებისაა, წვრილმარცვლებიანი; ღვინოს საშუალოს იძლევა. ყურძენი შავია, კანი თხელი აქვს.

მანდიქოური

ტოკვი ვაზის ჯიში, მსხვილმარცვლიანი მტევანი იცის.

ჩხავბერძული გურული ჯიშის ვაზი, საღვინე, წააგავს ჩხავერს. ოღონდ მასზე უფრო დიდმარცვლებიანია.

ჩხავერი

გურული ჯიშის ვაზი. ძალიან სწრაფად იზრდება, ნაყოფიერია; ლერწები წვრილი აქვს, მოწითალო ფერისა; ზედ ზოლები და წინწკლები ძლივს აჩნია; მუხლებს შუა მოკლეა; ფოთლები საშუალო სიდიდისაა, მკვრივი, ზოგჯერ ხუთ ყურიანი, ძნელად შესამჩნევი ნაღრებით; ფოთლების კბილები მსხვილი, ზედა პირი უქინქლო, მწვანე, ქვედა — მცირე ქინქლით დაფარულია. ღერწი საშუალო სიგრძისაა, ვარდისფერი. მტევანი პატარა იცის, ცილინდრული მოყვანილობისა, ზოგჯერ ფრთებიანი, საკმაოდ მკვრივი; ღერწი მოკლეა, წვრილი, ვარდისფერი გადაკრავს;

ნაყოფის ყუნწი საშუალო სიგრძისაა, საკმაოდ მსხვილი; ნაყოფი წვრილი, მრგვალი, მუქი მოვარდისფროა; კანი თხელი, ნაზი, გული საკმაოდ წვნიანი აქვს, ტკბილი, ცოტაოდენი სასიამოვნო სიმჟავე გადაჰკრავს; საერთოდ ძალიან გემრიელია. მოვარდისფრო და სურნელოვან ნაზ ღვინოს იძლევა. იმდენად ნაზია ღვინო, რომ ტიკით ან კუპრიელით არ წაიღება. ჩხავერი ბევრ ადგილას მოჰყავთ გურიაში, განსაკუთრებით შემოქმედში, უჩხობში, ლიხაურში, მაკვანეთში, სადაც ერთნაირი ჰავა და ნიადაგია.

წიაღომინაი გურული ჯიშის ვაზი, საღვინე, თეთრი ყურძენი იცის.

წითელანი გურული ვაზის ჯიშია; მოწითალო ყურძენი იცის, საღვინედაც ვარგა.

ჭუმუტაი

ყურძნის ჯიში გურიაში. სუფრის ყურძნად ითვლება და კარგადაც ინახება საზამთროდ. საშუალო მოსავალი იცის. მუქ-წითელსა და ოდნავ მძლაგე ღვინოს იძლევა. მტევანი მკვრივია (აქიდან მისი სახელწოდება ჭუმუტა); ბუჩქი შუა ტანისაა. ლერწამი მოწითალოა, ზოლებიანი; ზოლები მკაფიოდ აჩნია; მუხლები მოკლეა, ფოთლები საშუალო სიდიდისა, 3-5 ყურიანი, ნაღრები ძლივს აჩნია. ფოთლის კიდეების კბილები მომცრო და წვეტიანი აქვს. ფოთლის ზედაპირი უგინგლოა. მუქი- მწვანე; ქვევითა მხარეს ოდნავ გინგლი აქვს. ფოთლის კუნწი მოწითალოა და საკმაოდ გრძელი. მტევანი საშუალო სიდიდისაა, მჭიდროდ ჩამსხდარმარცვლებიანი. ღერწი მოკლეა, მსხვილი; მარცვლები მრგვალი და წვრილი აქვს, სრულიად შავი. მარცვლის კანი სქელია, მაგარი; გული საშუალო- წყლიანი, გემო მომჟავო- ტკბილი, სასიამოვნო. აშენებენ საჯავახოს, ციხესა და ბახვში.

სხვათა შორის, ეს ის ჭუმუტაია, რომელზედაც ანდრო ვაშალომიძემ სიხარულით განაცხადა: „ცოტა ხნის წინ ვიპოვე კიდევ ერთი სასწაული ჯიში - ჭუმუტა და იმ ღამეს სიხარულისგან არ მძინებია. ჭუმუტასგან დაახლოებით ისეთი ღვინო დგება, როგორიც ჩხავერისგან - ძოწისფერი, ხალისიანი და მსუბუქი დასალევი. ჩხავერი და ჭუმუტა იმიტომაც არის ღირებული, რომ ბევრი სხვა წითელყურძნიანი ვაზის ჯიშისგან განსხვავებით, მათგან მსუბუქ და კარგ საქეიფო ღვინოს ვიღებთ".

ჯანი

გურული ვაზის ჯიში. საშუალო სიმაღლისა იზრდება, საკმაოდ ნაყოფიერია. ლერწები წვრილი და მუქი წითელი აქვს; მუხლები — მოკლე; ფოთლები მომცრო, თხელი, მოგრძო, სამყურიანი, ოდნავ ნაღრებიანი, ზოგჯერ უნაღრო; ლერწის ნაღრები ღია აქვს; ფოთლის კიდე წვრილად დაკბილულია, წვეტიანი; ფოთლების ზედაპირი დახვეწილია, ღია მწვანე, ლერწები კი გრძელი, წვრილი და მოწითალოა. მტევანი შუათანა სიდიდისა, განშტოებული, მოგრძო და მეჩხერი აქვს; მტევნის ყუნწი გრძელია და წვრილი; ნაყოფის კუნწიც ასეთივეა, სრულიად შავი, პრიალა. მჭიდროდ მიმაგრებული მარცვლების კანი თხელია, მაგრამ მკვრივი, გული — ხორციანი (ნ.), ტკბილი. საზამთროდ ინახავენ. ლერწზე დიდხანს დარჩენილი მტევანი არ ლპება, ქიშმიშივით ჭკნება. ღვინო წითელი იცის, მაგარი, ნაზი, სურნელოვანი, მეტად სასიამოვნო; კარგად ინახება და საერთოდ საუკეთესო ღვინოდ ითვლება. ამ ჯიშს დიდად აზიანებს სოკოსებური სნეულება. აშენებენ სოფ. ციხეს, საჯავახოსა და სხვაგან.

მსხილათობანი საშუალო ტანის ვაზია, საკმაოდ ნაყოფიერი. ბევრი ნაყარი  იცის. ლერწები საშუალო სიმსხოსი მოყვითალო ფერისა აქვს, მუხლები - მოკლე; ფოთლები - პატარა, მოგრძო, სამფრთიანი, უმნიშვნელო.

მოგეხსენებათ, 33 ვაზის ჯიშის მოძიება დღევანდელ გურიაში სახუმარო საქმე არ არის. შეიძლება რომელიმე დიდი სოფელი ისე შემოიაროთ, ერთი კულტურული ჯიშიც ვერ იპოვოთ. ყველგან ჰიბრიდი იზაბელა, იგივე – ადესა ხარობს და გურულებიც, აგერ, უკვე ას წელზე მეტია მის ღვინოს წრუპავენ. 15-20 წლის წინ ანდრო ვაშალომიძესაც, როგორც რიგით პატიოსან გურულს, ეგონა, რომ ადესა გურული ვაზი იყო. მერე ვაზის ჯიშების ისტორიით დაინტერესდა და სპეციალურ ლიტერატურაში აღმოაჩინა, რომ ადესა გურიაში მხოლოდ მე-19 საუკუნეში შემოიტანეს როგორც ავადმყოფობებისადმი გამძლე ჯიში. მანამდე კი, ამ მხარეში 60-მდე ადგილობრივი ვაზის ჯიში არსებობდა. როგორც ვაშალომიძე ამბობს, მხედველობაშია მისაღები, რომ დღეს გურია ძალიან შეკვეცილია. ისტორიულად კი იგი გადაჭიმული იყო საჯავახოდან ჭოროხამდე, სადაც იმდენი ვაზის ჯიში ხარობდა, რომ ფაქტობრივად, გურია საქართველოში პირველ ადგილზე იყო ჯიშების მრავალფეროვნებით.

ამ თხმელეზე აპორწიაკებულ ადესაზე ამბობენ, რომ კავკასიის მთავარმმართებელმა ვორონცოვმა პირველად დაარგვევინა გურულებს ოდესიდან გამოწერილი ვაზის „იზაბელას“ ჯიში. რომელსაც მერე „ადესა“ დაერქვა. ადესიდან რომაა მოტანილი, იმიტომ. მერე მთელ გურიაში გავრცელდა ეს ვაზი. (ვორონცოვის ოცნება კი  გახლდათ, მთელ კავკასიაში „სამოვრებს“ ეთუხთუხა, მაგრამ თედო სახოკიას თქმისა არ იყოს:  „გურულები არამც თუ სხვას გადაუბირებია, არამედ თვითონ გამოაჩნდათ იმდენი სიმტკიცე ხასიათისა, რომ სხვა გადმოურჯულებიათ თავისებურად. თავის გემოსა და ჭკუაზე. გურულმა ამ შემთხვევაშიც გამოიჩინა თავისი ფხა).

ადესა მოდებულია ყველგან. ნიადაგიც ხელს უწყობს. კარგი ღირსების ღვინო დგება.  გურულები მღერიან: „კარგი ღვინოა აი ადესა, რომ დავლიე, მომიალერსა.“ ამასაც ღიღინებენ: „ოხ ადესავ, შენგან ღვინო დგებაო, შენგან მთვრალი ასლანიე ფეხზე ვეღარ დგებაო.“

გურულებსაც კარგად მოეხსენებათ, რომ „ღვინო ახარებს გულსა კაცისასა“ და კიდევ: „ღვინო -  ეს სითხე გონებას გვიბნელებს და ამით გვამხიარულებს, გვიქარვებს სევდა-ნაღველს, უცნაურ აზრებს ბადებს ჩვენს თავში, გვიღვიძებს იმედებს და გვათავისუფლებს შიშისაგან, დროებით გამოგვრთავს ყოველგვარი ფიქრებისგან, ადუნებს ჩვენი სხეულის ყველა ორგანოს და ბოლოს, საღათას ძილით ჩაგვაძინებს ხოლმე“ (ჯონათან სვიფტი).

ძირითადად გურიაში  ყველაზე ხშირად გავრცელებული დასაგემოვნებელი ღვინოებია:

საქეიფო ქვევრის ცოლიკაური (თეთრი ნახევრადმშრალი ღვინო) და  ჩხავერი (წითელი ნახევრადტკბილი ღვინო).

ლევან სეფისკვერაძე წერს: „ყველასთვის ცნობილია, რომ გურულების სუფრის ყველაზე დამახასიათებელ სადღეგრძელოდ უმთავრესად, პირველი, ანუ მშვიდობის სადღეგრძელოა მიჩნეული. მშვიდობის არსის ესოდენი გაიდეალება გურიაში, უპირველეს ყოვლისა იმაზე მიუთითებს, თუ როგორ მაღალ

ომარ ჭარმაკაძე მეუღლესთან, ნანული ბედინეიშვილთან ერთად.
რანგში ჰყავს აყვანილი მშვიდობა ამ ხალხს. მართლაც და, განა ჩვენი ქვეყნის სხვა მხარეებში ნაკლებად სურდათ მშვიდობა? განა სხვა კუთხეებში, თუნდაც იგივე ქართლში, კახეთში, ან თუნდაც მესხეთ – ჯავახეთში გურიაზე ნაკლები ბრძოლა და უბედურება ტრიალებდა? მშვიდობის არსი კი, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად გურულებმა გაიგეს და გაითავისეს. გურული კაცის აზრით, სასმელი (უფრო მეტად არაყი) რაც უნდა ძლიერი იყოს, გურულ დიალექტზე რომ ვთქვათ, რაც უნდა „გჭყანავდეს“ და თუნდაც მხოლოდ სამი ჭიქის დალევა შეგეძლოს, ამ სამიდან ერთი აუცილებლად მშვიდობისა უნდა დალიოთ, რადგან მშვიდობა ყველაზე მაღლა დგას.

გურიაში გარდაცვლილებსაც განსაკუთრებით მოიგონებენ, რადგან იციან, რომ ასეთ წესზე გაზრდილი უმცროსი თაობაც მათ მიბაძავს და როდესაც უფროსები გარდაიცვლებიან, არც მათ დაივიწყებენ სიკვდილის შემდეგ.“

 

გურულებს და, რა თქმა უნდა, გაგურის მცხოვრებლებს სახლებში აქვთ პატარა დაპწნილი გოდრები, კალათები და გიდლები. ერთი ხალხური რეწვის ოსტატი, გიდლებისა და გოდრების მწვნელი (ოზურგეთელი კუკური ჯიშკიდონი) ამბობს:  „კაცი გოდრის და გიდლის სათხოვრად მეზობლებში არ უნდა დარბოდეს შემოდგომაზეო“. მისივე თქმით: „გიდლის დასამზადებლად საჭირო დამსხვილებული ტოტების თუ საძირე მასალის მოჭრა, სექტემბრიდან მარტამდეა შესაძლებელი. მთვარეს ამაზე დიდი გავლენა არ აქვს. ოღონდ, თხილის შოლტი ორწლიანი მაინც უნდა იყოს, საძირე მასალა კი 5-10-წლიანი ხისგან უნდა დამზადდეს.“

შემოდგომა რომ დაიდგამს თავზე ოქროს გვირგვინს და გამეფდება ირგვლივ ყველაფერზე... მაღლა ფრინველები მხრებით რომ  წაიღებენ თეთრ ღრუბლებს, „ჯანღიანი ზეცა მეწამულისფრად  რომ შეღებავს ნეკერჩხლის ფოთლებს“,  „ჩრდილოვანი ხეები ფოთოლთა პეშვებით რომ მოიტანენ ღამის სიგრილეს“, ჰაერი რომ გაიჟღინთება  ადესას სურნელით; საღამოს ბინდი რომ მოიტანს გამხმარი ბალახის და თივის სუნს, „გრძნეულ“ მარნიდან მაჭრის არომატი რომ ამოვა,  აი ესაა შემოდგომის სურნელი!

სექტემბრის დასაწყისში, ჯერ კიდევ ქერეთოა (ზაფხულის სიცხე)  გურიაში. ასეთ დროს   ყურძენზე იტყვიან: „ჟოქოაო“ (ანუ უმწიფარია, მჟავეა), ჟოლოქასაც  უწოდებენ (შეწითლებული, უმწიფარი ყურძენი). სექტემბრის ბოლოსკენ, როცა  ყურძენი უკვე დამკვიჭებულია (დამწიფებული), იწყება შემოდგომის ფაცურები... დაფაცურდებიან  გიდლის მცველები  (ვინც მაღლარ ვენახში გიდელს უცვლის მკრეფავებს, სავსე გიდელს ჩამოართმევს და ცარიელს გამოუკიდებს თოკზე), სამხრეებით გადაიკიდებენ   გოდრებს  გურულები და შეესევიან შხანკოიან  (ვაზის ულვაში, რომლითაც იგი მიმაგრებულია ჭიგოზე ან ხის ტოტზე) ვაზს. ღაღვილით (კაუჭით) ჩამოკიდებენ ხეზე გიდლებს. იწყება რთველი. „ა გიდელი! ჰა, გიდელი“ - ასე დაიძახებს ყურძნის მკრეფელი, როცა სავსე გიდელს თოკით დაბლა ჩამოუშვებს დასაცლელად. გიდლის მცლელი საჩქაროდ ჩამოართმევს სავსე გიდელს და შეუცვლის ცარიელით, თან დაატანს სიტყვებს: “შვიდობით ჩამოი“. დაკრეფენ ყურძენს და ჩაყრიან საწნახელში. გურიაში პატარა საწნახელს ჯირეყვაი  ჰქვია.  შეკმაზავენ საწნახელებს  (იმდენად გაავსებენ,  რომ ყურძენი აღარ ეტეოდეს). მერე  ხდება  ჩაკობულვა, ანუ საწნახელში ყურძნის ჩატენა და არევა კობულით (მრგვალად გათლილი ხის იარაღით). დარჩენილი ყურძნით პირსაც  გეისოლებენ ხოლმე.

გაგურელი ლაშა ჭეიშვილი გვიყვება:

რამდენადაც მახსოვს, ჩემს ბავშვობაში დაახლოებით  ორმოცდაათზე მეტ ოჯახს ჰქონდა გაშენებული ვაზი, მეტწილად  ცოლიკაური.  ეს, 50-ზე მეტი ოჯახი, უვლიდა ამ ვაზს.  ბიძაჩემი ალფეს ჭეიშვილი ხშირად ახსენებდა სიმონ ჭეიშვილს, რომელიც იყო კარგი მევენახე და კარგ  ღვინოსაც აყენებდა. ჩემს მახსოვრობას რაც შემორჩა, კარგი ვენახები ჰქონდათ:  ბიძაჩემს (ალფესი ჭეიშვილს), გური ცოცხალაშვილს, ლოლო ცოცხალაშვილს, ანზორ ვადაჭკორიას, გია ბაჟუნაიშვილს, ზაზა მგელაძეს, პეტრე ჭეიშვილს, გივი (ბიჭოია) ჭეიშვილს, შალიკო ჭეიშვილს, კუკური შალიკაშვილს,  გიგლა ცოცხალაშვილს, სევერიან ჭეიშვილს,  ვახტანგ ჭეიშვილს,  შოთა ჭეიშვილს,  დათიკო პინაიშვილს,  ზურაბ ტუღუშს,  თემურ ჭეიშვილს, აბესალომ ცინცაძეს, ბორია ბედინეიშვილს, გურამ ჭეიშვილს, გედევან ფიფაიშვილს, გენო ცოცხალაშვილს, აგრეთვე ომარ ჭარმაკაძეს; მიტუშა ჭარმაკაძეს და ვასო თედიაშვილის ოჯახს; მამული ჭეიშვილს, ჟორჟიკა ტუღუშს, სერგო ხინიკაძის ოჯახს. საუბედუროდ, ახლა, ამ ჩამონათვალთაგან,  მხოლოდ ორი ოჯახიღა შემორჩა, ვისაც დაბალი ჯიშის ცოლიკაური აქვს. ეს გახლავთ:  გურამ ჭეიშვილის  და ომარ ჭარმაკაძის ოჯახები.

მოგეხსენებათ, ვაზს დიდი მოვლა-პატრონობა სჭირდება. ხომ გაგვიგონია, „ვაზო, შვილივით ნაზარდოო“. ყოველდღე უნდა მიხვიდე ვაზთან, შემოუბარო, გასხლა, გათოხნო, შეწამლო (თანაც რამდენჯერმე, ჭრაქი  - ვაზის ჭირი, რომელიც  ფოთლებს ახმობს და მოსავალს ანადგურებს - რომ არ გაუჩნდეს); შემდეგ   უნდა გაფურჩქნო („გაგფურჩქნო, გაგალამაზო, როგორც რომ პატარძალია, აღარ დავზოგო მე შენთვის ჩემი ღონე და ძალია.“). საჭიროა  ვენახის გადაწვენაც (ძველი ვაზის გადაწვენა, მიწაზე კავით დამაგრება და ზევიდან მიწის წაყრა გასაახლებლად)..მერე უნდა მოკრიფო ყურძენი და  საწნახელში დაწურო,  ღვინოდ გამოიყვანო. აქაც დიდი თვალყურის დევნებაა საჭირო, რომ პუჭკური (პუჭურიკი, მაჭრის მწერი) არ გაუჩნდეს.

ჩვენს სოფელში ძირითადად გავრცელებულია ვაზის ჯიშები: ცოლიკაური, ადესა (იზაბელა), აზიური, ნოეს ვაზი, ალადასტური, ჭეიშვილი, ჩხავერი. ჩამოთვლილთაგან ახლა არის ადესა, რომელიც რამდენიმე ოჯახს აქვს ხეზე, თხემლზე გაშვებული. „ჭეიშვილის“ ვაზი კი მეც მაქვს.

ღვინის დაყენების ტრადიცია გაგურის ოჯახებში ოდითგანვე მოდიოდა. ახლაც კი აყენებენ ღვინოს. ოღონდ ნაყიდი ყურძნისგან. ჩემს ბავშვობაში და მოზრდილ ასაკშიც ასე იცოდნენ.  სექტემბრის ბოლოდან უკვე იწყებოდა ღვინოდ გამოსაყენებელი ცოლიკაურის დამწიფება. კრეფდნენ ამ ყურძენს და ათავსებდნენ მარანში დადგმულ დიდ საწნახელში (ადრე ხის იყო. ბიძაჩემს ჰქონდა გამოსანთლული ფანერით გაკეთებული საწნახელი. თავი და ბოლო მასიური ხე გახლდათ და ამ ხეზე იყო შემოვლებული „ფანერკა“). ყურძენს  საწნახელში სპეციალური საწურით დაწურავდნენ. ტკპილის ფეხში გამოღება ერქვა  საწნახელში ყურძნის წნეხის დროს ყურძნის წვენის - ტკბილის გამოღებას. შემდეგ დაელოდებოდნენ დაღვინებას. ჭაჭა რომ დაიწეოდა,  ეს უკვე ნიშნავდა ღვინის დაღვინებას. შემდეგი პროცესი გულისხმობდა სითხის ჭაჭისგან განცალკევებას. ამოღებული სითხე მიდიოდა ბოცებსა და  ჭურებში. ჩვენ გვქონდა (ახლაც გვაქვს)  დიდი 500 ლიტრიანი მუხის კასრი, რომელშიც ბიძაჩემი ასხამდა ამ, უკვე დაღვინებულ ღვინოს. ორჯერ ხდებოდა ძირის გამოცვლა, ანუ ღვინის გადატანა: გვიან შემოდგომით და ადრეულ  გაზაფხულზე. რათა ის ძირი, ანუ თხლე  მოშორებოდა სითხეს და ეს უკანასკნელი დარჩენილიყო სუფთა სახით. შემდეგ ამ მორჩენილ ჭაჭას ათავსებდნენ ჭურებში და რამდენიმე ხნის შემდეგ   ეს მასა უკვე გამზადებული იყო  საარყე მასალად.

საწნახლიდან შუმი ღვინის ამოცლის შემდეგ ჭაჭას წყალს დაასხამდნენ, მაგრად აზელდნენ კობულით და აცლიდნენ ადუღებას. ამ წესით მიღებულ ღვინოს უწოდებდნენ ნადუღს. ამ ნადუღ ღვინოს ბურახისებური გემო ჰქონდა.

ნათავაი ღვინოს ეძახიან გურიაში    ახლად მოხდილი ჭურიდან პირველად ამოღებულ ღვინოს.  კლიმვას კი - ჭურის პირველად მოხდას და ღვინის ამოღებას.  ღვინის დაყენებაც და კლიმვაც ეს იყო მთელი რიტუალი. მეზობლები ერთმანეთს უსინჯავდნენ მაჭარს. იყო  გაჩაღებული  მისვლა-მოსვლა,  დაჭაშნიკება, რასაც, რა თქმა უნდა, თან ახლდა ქეიფი და საზეიმოდ აღნიშვნა იმისა, რომ ღვინო  იმყოფებოდა უკვე ოჯახში. ეს იყო დიდი  ზეიმი, დღესასწაული, რასაც უსაზღვრო სიხალისე, ჟრიამული  და მხიარულება ახლდა თან. მოიტანდნენ დურუბაის  (სწორპირიან, მუცლიან და ყელდაბალ დოქს), ჩამოალიკლიკებდნენ ღვინოს. მიდიდოდა სადღეგრძელოები, ნაშრომ-ნაწვალევის შექება, პირველი მოსავლის დალოცვა: „კაი მოსავალი გქონია, კაი გამოსავალი მოგცეს ღმერთმა!“, „დაგელოცოს ძამა მარჯვენა... ტკბილად შეგერგოს ნაჟური“, „თქვენს მიერ დაყენებული ღვინო ლხინში დაგელიოთ!“ და ა. შ. სადილს ამშვენებდა მშვენიერი გურული სიმღერა, კრიმანჭულით შემკობილი. მერე ტკბილი  მუსაიფი, ოხუნჯობა, მოსწრებული სიტყვა“.

გურიაში მასპინძელს „მარნის კარი სულ უჭრიალებს“, მაგრამ თუ ზედმეტი მოუვიდა სტუმარს, ნუ გეშინიათ, მასპინძელი არ მოერიდება... ჩვეული გურული იუმორით გავა ფონს... ერთი ანეგდოტია: „გურულის სტუმარი კარგა ხნის ქეიფისა და მოლხენის შემდეგ ხელებგაშლილი ამღერდა:

-           ვაი, ვეღარ ვხედავ მზეეეს..

-           მასპინძელმა დრო იხელთა და ჰკითხა:

-           მზეი შორია, მარა ჭიშკარსაც ვერ ხედავ?“

ასე რომ, გურულმა კაცმა ჭიშკართან „მოპაიჟებაც“ კარგი იცის და იმავე ჭიშკრამდე გასაგნები გზის მითითებაც, საჭიროების შემთხვევაში.

ჩვენს სოფელში კარგ ღვინოს აყენებდნენ:  ალფესი ჭეიშვილი, გური ცოცხალაშვილი,   ანზორ ვადაჭკორია, ბორია ბედინეიშვილი და გურამ ჭეიშვილი.  ჭარბ ღვინოს ყიდდნენ და რა თქმა უნდა,   ეს მათთვის  არ გახლდათ  შემოსავლის ერთადერთი  წყარო.

პირველი ოჯახი, რომელიც აჭარიდან ჩამოსახლდა გაგურში, ეს იყო აბდულ ბროლაძის ოჯახი, რომელმაც პირველად გააშენა ვაზი. აბდულ ბროლაძე  რამდენიმე წლის მანძილზე  თავად  მოიწევდა  ყურძენს და კარგ ღვინოსაც წურავდა.

 

არყის  (იგივე „ოტკის“) გამოხდა ანუ დაპენტერებისა და გაბურსალების (გაბრუების)  სეზონი გურიაში.

თედო სახოკია წერს: „არყის ხდა მთელ გურიაშია გავრცელებული, განსაკუთრებით ბევრს ხდიან ჭაჭის არაყს. თითქმის ყველა ოჯახი მისდევს აქ არყის ხდას. საარყე ქვაბები ყველას უდგას“.

ამ  ტრადიციას კახეთში "ზაოტობას" ეძახიან და ღორის ქელეხიც მოჰყვება ხოლმე, თბილი და გემრიელი არომატით...

როგორ ხდიდნენ ჩემს სიყმაწვილეში  არაყს?

ჩემი ეზოს ბოლოში  მდებარე საცივთან ჩამოედინება პატარა ღელე და გვიან შემოდგომაზე ამ ღელის პირას, მყუდროში  მოწყობილი იყო არყის სახადი (გურულად საოტკე ანუ საარყე ადგილს უძახიან),  სადაც ბამბუკის ღარით მოედინებოდა გამდინარე წყალი და ორეში (გამაცივებელი არყის  გამოხდის დროს) ცივდებოდა. მოკლედ, საარყე მასალას ჩაყრიდნენ ქვაბში, რომელიც სპილენძის უნდა ყოფილიყო (დაახლოებით 80 ლიტრი სითხე ეტეოდა).. იქვე მოაწყობდნენ ყველაფერს. (კალიში  ჰქვია გურულად ჭაჭის დასაწურავ მოწყობილობას).

ქვაბს ქვემოდან ცეცხლს შეუნთებდნენ,  ზემოდან თავის ხუფს მოარგებდნენ. ქვაბსა და ხუფს შორის დარჩენილ ღრიჭოებს ავსებდნენ ნაცრისა და ჭადის ფქვილის შერეული მასით, დაასველებდნენ,  ამით განგოზავდნენ და ამოავსებდნენ ღრიჭოებს. აგრეთვე იყენებდნენ თიხანარევ მიწას, რომელიც ჩვენს სოფელში უხვად მოიპოვება.  შემდეგ ამ ქვაბის ხუფს წინა ცხვირზე მოარგებდნენ ორეს (გამაცივებელ) მილს.  ეს მილი მოთავსებული იყო  თუნუქის  ყუთში, რომელშიც ესხა წყალი. გამდინარე წყალი უნდა  ყოფილიყო  ცივი, რათა  ხუფიდან წამოსულ სითხის მასას მოესწრო  გაციება მილის ბოლოში. შემდეგ ეს იქცეოდა სითხედ და წვეთ-წვეთად ჩაედინებოდა შესაბამის ბოთლებში ან ბოცაში. მივუსხდებოდით ხოლმე და ველოდებოდით, როდის წამოვიდოდა ცხელი ჭაჭა. იმფერი ჭაჭა მოდიოდა,  მკვტარს რომ გააცოცხლებდა  და ცოცხალს ჩაასიკვდილებდა. არყის ხდას ღვინით აღნიშნავდნენ, არაყი რომ წამოვიდოდა, ცხელ-ცხელს დააგემოვნებდნენ,  გრადუსს გაუსინჯავდნენ. გურულები ხუმრობენ: „არყის გამოხდისას ზედ გამოსახდელ ქვაბთან რო დათრობი, ეე მაია ყველაზე  კაი  ამბავიო“, მაგრამ  გამოცდილ ხალხს მოეხსენება, რომ ღვინის და არყის ერთად დალევა არ არის მისასალმებელი. ინგლისურად გამოთქმაც არის - გრაპეს ანდ გრაინს დონ’ტ მიხ, ანუ ყურძენი და ხორბლეული (რითაც ხშირად არაყს აკეთებენ) არ უნდა აურიოო.

მაგრამ გურულები  ზომიერებასთან მწყრალად ვართ. ანეგდოტია ასეთი: „- 300 გრამი ოტკა დავლიე და თავი ამატკივაო, - დაიჩივლა გურულმა. - 100 გრამ ტვინს 300 გრამ ოტკას რომ დაასხამ, ძამა, აგტკივდება, აბა რა იქნებაო, - აუხსნა მეზობელმა.“

ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ გურული წარმოების ოტკა უბრალო როდია,  არამედ ნატურალური, სუფთა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტი გახლავთ, ოღონდ, რაღა თქმა უნდა,  ზომიერად გამოყენების შემთხვევაში.

ერთი ხალხური ზღაპარი მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოაჩინა ქართველმა კაცმა ღვინო. მისი ძალა და თვისება დღემდე უცვლელია.

დავით წინასწარმეტყველის „ფსალმუნში“ ნათქვამია: „ღვინო ახარებს კაცის გულს“, მაგრამ ეს ზომიერების შემთხვევაში. ღმერთმა ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შექმნა, ოღონდ მისით ჯეროვანი და  ზომიერი სარგებლობა უნდა ვიცოდეთ. გადაჭარბებული არაფერი ვარგა.

„ღვინის გაჩენა“

იყო და არა იყო რა, ქვეყნად რა  არ უნდა ყოფილიყო?!  ოდესღაც ისეთი დროც იყო, როცა ხალხი ვაზს არ იცნობდა და არც ღვინის დაყენება იცოდა. ვაზი მაშინ ტყეში იზრდებოდა და ყურძენს კი ჩიტები კენკავდნენ.

ერთხელ ერთმა ქართველმა კაცმა ტყეში ერთი ვაზი მოთხარა, წამოიღო და თავის ეზოში საჩრდილობლად დარგო. ვაზმა, რა თქმა უნდა, ყურძნები დაისხა. კაცმა შეჭამა ყურძენი, მოეწონა და მეორე წელიწადს კიდევ დარგო რამდენიმე ძირი. ვაზმა რქა დაიყარა და მალე მთელ ეზოს მოედო. კაცი ყოველ შემოდგომაზე იწვევდა მეზობლებს - ხალხს, ნადირ-ფრინველს და ყურძნით უმასპინძლდებოდა, მაგრამ ერთხელ მოწვეულებმა ყურძნის ნახევარიც ვერ შეჭამეს. რა ექნა კაცს? დარჩენილი მტევნები დაწურა და ტკბილი წვენი თიხის ჭურჭელში ჩაასხა.

გავიდა ხანი. კაცმა ყურძნის წვენს გემო გაუსინჯა, მოეწონა და ჭაშნიკზე ისევ მოიწვია ხალხი და ნადირ-ფრინველი. ყველას მოეწონა მისი სურნელი და გემო.  გაიმართა ბჭობა: რა დავარქვათ, ან რა თვისება დავანათლოთ?

მოფრინდა ბულბული, შეავსო თიხის ჯამი და თქვა: - ვინც სამი ჯამი დალიოს, ჩემსავით ტკბილად ამღერდესო.

მოვიდა ლომი, შეავსო ჯამი და თქვა:

- ვინც ხუთი ჯამი დალიოს, ჩემსავით ღონიერი და უშიშარი გახდესო.

გამოვიდა კალია, შეავსო ჯამი და თქვა:

- ვინც შვიდი ჯამი დალიოს, ჩემსავით მომაბეზრებლად აჭრიჭინდესო.

გამოვიდა ძაღლი, შეავსო ჯამი და თქვა:

- ვინც ცხრა ჯამი დალიოს, ჩემსავით ღრენა დაიწყოსო.

გამოვიდა ბატი, შევასო ჯამი და თქვა:

- ვინც თორმეტი ჯამი დალიოს, ჩემსავით გამოტვინდესო.

გამოვიდა ღორი, შეავსო ჯამი და თქვა: - ვინც თორმეტ ჯამზე მეტს დალევს, ჩემსავით ტალახში გაგორდესო.

ამ დროს მოვიდა ლხინის ღმერთი, აავსო ჯამი და თქვა:

- რაკი ყველა ჩემი ძალა და უნარი დაანათლეთ, მაშ, სახელიც ჩემი ერქვასო და ღვინო დაარქვა.

გამოდის, სამ ჯამს რომ დალევს კაცი, ბულბულივით ტკბილად ამღერდება, ხუთ ჯამზე ლომის ძალა და გამბედაობა ეძლევა, შვიდჯამდალეული კალიასავით აჭრიჭინდება და ყველას თავს აბეზრებს; მეცხრე ჯამზე ძაღლივით ღრენას იწყებს, მეთორმეტეზე ბატივით გამოტვინდება, ხოლო ვინც თორმეტ ჯამზე მეტს დალევს, ღორივით ტალახში ჩაწვება და გორაობასა და ღრუტუნს იწყებს.

არყის გამოხდაც, ისევე როგორც ღვინის დაყენება ფაქიზი საქმეა და  ერთგვარი რიტუალი იყო. წინა დღით დაასუფთავებდნენ არყის გამოსახდელ ადგილს, მოაწყობდნენ ქვაბს, ჩაასხამდნენ სითხეს, დაგოზავდნენ ყველაფერს და მეორე დღეს, დილიდანვე უკვე იწყებდნენ გამოხდას. მეზობლები აქაც მხარში ედგნენ ერთმანეთს.  მიდიოდა ჭურჭლიდან საარყე მასის ამოღება, ქვაბამდე მიტანა.

ამ საარყე ადგილს არა მარტო ჩემი, არამედ კიდევ ექვსი ოჯახი იყენებდა. ესენი გახლდნენ:  ივანე ჭეიშვილის, კაპიტო ჭეიშვილის, პეტრე ჭეიშვილის, შუქრი ჭეიშვილის, შალიკო ჭეიშვილის, გივი (ბიჭოია) ჭეიშვილის ოჯახები. თითქმის ექვსივე  ოჯახი იყო ამ საქმეში ჩართული. ღამით სპილენძის ქვაბი ამავე  ადგილზე  რჩებოდა, კაციშვილი არ ჰკიდებდა ხელს და მეორე დღეს ისევ გრძელდებოდა პროცესი, სანამ არაყი ბოლომდე არ გამოიხდებოდა.

არაყი იხდებოდა არა მარტო ყურძნისგან, არამედ სხვადასხვა ხილისგან. გაზაფხულზე  შემოდიოდა ტყემალი, რომელსაც ვათავსებდით ჭურში ან 200 ლიტრიან პლასტმასის „ბოჩკაში“. ტყემლის მერე უკვე შემოდიოდა  ვაშლი და მსხალი, აგრეთვე ატამიც... აკაციის სურნელოვანი ყვავილისგანაც ხდიდნენ არაყს. გვიან შემოდგომაზე კარალიოკისგან. ასევე განთქმულია „სანთლის არაყი“. „გურია, განსაკუთრებით კი მისი მთის კალთებზე მდებარე სოფლები განთქმულია ე. წ. „სანთლის არაყით“, რომელსაც თაფლისგან აკეთებენ. სანთლისაგან ხდიან საუკეთესო არომატისა და სიმაგრის არაყს. თაფლს რომ გაწურავენ, ფიჭას აადუღებენ, სანთელს გარდა, რაც დარჩება, ჩაყრიან ქვაბში დასამჟავებლად. მერე დამჟავებული ნივთიერებისაგან ჭაჭასავით ხდიან არაყს. უფრო ერთ ნახადს ხმარობენ სასმელად, ორჯერ იშვიათად ხდიან, რადგან ისედაც კარგი არაყი გამოდის“, - წერს თედო სახოკია. ჟურნალისტი  ეთერ ერაძე წერს: "მამაჩემს სოფელში "მობრძანდის" ეძახდნენ, - ჭიშკართან კაცი ტყვილა რომ გეივლიდა, შინ შემოიპატიჟებდა და სუფრასაც გაუშლიდა.  გურიაში ოქროს არქეოლოგები სულ ტყუილად ეძებენ, არ არის! თუმცა, ეს ამბავი გურულებს დიდად არ ადარდებთ, - მაგი ოქრო კი კაია, მარა მიწაში უნდა იჩიჩქნო, ჩვენ კი წინაპარმა იმფერი ოქრო დაგვიტოვა, ერთი დეეწაფე და ცაში აგაფრენსო! ამ გურულ აქსიომაზე ვისაც რა უნდა, ის იფიქროს, მაგრამ შემოქმედური ერთი სირჩა თაფლის არაყი, მგონი, მართლა საკმარისია პრობლემების თავიდან მოსაშორებლად. ცისკენ აფრენა სხვა კი არაფერია! თუ ამას გურული "კრიმანჭულიც" ემატება, მაშინ ხომ!.. ამ სოფელში გამოხდილი თაფლის არაყი უნიკალურად ითვლება. თუმცა, "ცაში გაფრენა" ნამდვილად არ გამომივიდა. ჩემდა ჭირად ანტირაბიული აცრა მქონდა ჩატარებული და თაფლის არაყს პირიც ვერ დავაკარე.

- რაიზა არ სვამ შენ მაგას? - ჩამეძია ტარიელ ბურჭულაძე და კამკამა არყიან ჭიქას ცალი თვალით გახედა.

- აცრა მაქვს გაკეთებული, შეიძლება, ანაფილაქსიური შოკი დამემართოს, ან გავიგუდო.

- რაის აცრა - ცოფის?! - მიხვდა ის, - ბაღნებს გეფიცები, მაგი აცრა ხუთი დღის გაკეთებული მქონდა, აი არაყი რომ დავლიე და მეტყობა რამე სიკვდილის?!. მეორე დღეს ჩიტივით ვიყავი! - არხეინად მომიგო და დამისაბუთა: - რატომ, თუ იცი? შემოქმედის არაყში, რაც ღმერთმა მოიფიქრა, ყოლიფერი სიკეთეა! ჩვენს სოფელს გარშემო ორი მთა აკრავს - აჭარის და გურიის. ამ მთებში რაც ყვავილია, ყველას მტვერი ფუტკარს ჩვენთან მოაქვს. ამდენი ყვავილის ნექტარს რომ შესვამ, ცოფი ვერ დაგჯაბნის.…არ გჯერა ხო? აგი ყველაფერი ჩვენს ისტორიულ წიგნებშიც წერია და წაიკითხე.

- თედო სახოკია წერს, თაფლის არაყს "ბუზის არაყი" ჰქვიაო.

- მაგი ხუმრობით. გურულებს რომ არ გვეხუმრა, ყურის ძირში გვყავდა თურქი და რა გაუძლებდა მაგას! ვითომ არ ვსვამთო, მარა თურქებს ახლაც ტაციაობა აქვთ ბათუმის რესტორნებში შემოქმედის თაფლის არაყზე. თაფლისგან არაყს სხვა სოფლებშიც ხდიან, მარა მისი არომატი ჩვენთან რას მივა. როცა სვამ, კი არ გწვავს, გამაღლებს, - ჯანის სამკურნალოა და დარდის გასაქარვებელი. ადრე სტუმარი რომ გვეწვეოდა, ერთ-ორ ჭიქა არაყს, თხილს ან ჯანჯუხას მივართმევდით, რომ გუნებაზე მოსულიყო. ამასობაში ოჯახში ხაჭაპურის ცხობა და დასაკლავი ქათმის კრიახი მიდიოდა. ქეიფი მერე იწყებოდა. ბევრგან ახლაც ასეა.

- მშვიდობის სადღეგრძელოს როდისღა სვამდით, პირველ "ერთ-ორ" ჭიქა არაყზე?

- გაშლილ სუფრაზე! მაგი სადღეგრძელო მასე მშრალად არ ითქმოდა, ფაქტობრივად ლოცვა იყო: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, მშვიდობა ქვეყანასა ზედა და კაცთა შორის სათნოება". მერე "ღმერთი" მოაშორეს და მარტო "მშვიდობა" დარჩა. გურულებს რომ დაგვცინოდნენ, პირველს მშვიდობას ადღეგრძელებენო, ხომ დადგა იმფერი დრო, მშვიდობა რომ სანატრელი გაგვიხდა?!

- დადგა. მაგრამ, მადლობა ღმერთს, თქვენისთანა გლეხი დარჩა და რასაც ჩვენი წინაპარი აკეთებდა, იმავეს აკეთებს - რაც კარგი გვქონდა, ინახავს.

 სანთლის არყის რეცეპტი:

„- ფუტკარი ფიჭაში რომ თაფლს აბინავებს, ნაწილში ჭეოსაც ასხამს. ეს ჭეო ყვავილების მტვერია, მაგით ბარტყებს ზრდის. ზოგ სკაში ორი-სამი კილო ჭეო გროვდება. თაფლი

ს არყისთვის აგი ჭეო, ფიჭა და თაფლი ერთად უნდა დავჭყლიტოთ საარყე ქვაბში, ჩავამატოთ წყალი და დავდგათ, სანამ ბუნებრივად არ ადუღდება. რომ ადუღდება, მერე გამოვხადოთ. ე, სულ აგია, მარა ამას გურიის მთები რომ დააკლდება, არაფერიც არ გამოვა.

მითხრა ბატონმა ტარიელმა და თვალები ეშმაკურად მოჭუტა. ამ თვალებში აჭარა- გურიის მთებიც დავინახე, ღმერთთან ატანილი სანთელიც და მეცხრე ცაც.“

ჩვენ, გურულებმა ვიცით ორნახადი არაყი. პირველი გამოხდის შემდეგ რჩება სპირტნარევი სითხე, რომელიც არის ცოტა შეფერილივით, თეთრი ფერი წაჰკრავს. ამას ვეძახით „რახს“.  როცა ამოიწურება გამოსახდელი არყის მასა, შემდეგ ამ მორჩენილ სითხეს ვათავსებთ  გარეცხილ ქვაბში. გამოხდის დროს შიგნით ვყრით  რამდენიმე ცალ ნახშირს, აგრეთვე არომატისთვის ვიცით ხოლმე ხილის რამდენიმე ნაჭრის ჩადება იმ მასასთან ერთად. ისევ ის პროცესი მეორდება, რაც პირველი გამოხდის დროს და ბოლოს უკვე ვიღებთ ორნახად არაყს, რომელიც მინიმუმ  70 გრადუსიან სპირტს შეიცავს. გურულები ხუმრობენ; „აი ოტკა ძამა ნახევარ გურიას დააჭარფალებს. გააჟანჟღალე ერთი ჯაჭვი თუ აქვს კრუგში. რის 70 გრადუსიანი ორნახადი ოტკა? ეტყობა ორ ნახადი როა დაწმენდილი ფერი აქვს.. ჩეიარა რევიზორივითო. ასე იტყვიან გურიაში ამფერ ოტკაზე რო შესუამენ. ასე ახალ გამოხთილი და თფილი მტერმა დალია ნენა, მიგახეთქებს კედლებს საცხა, მოგტაფავს და მოგადაგუნებს. ჩვენი მტერი ვნახე მიკვარანჩხ კინჩხ მონსხროვილ მოსვარსვალებული.“ ცოფი კი არა, რახია, რახი!.

ღვინოსთან და არაყთან, ზოგადად, ალკოჰოლთან ალბათ თითოეულ ჩვენგანს მრავალგვარი გამოცდილება და მოგონება  აქვს.

პირველად, დამოუკიდებლად, 2002 წელს, 27 წლის ასაკში გამოვხადე არაყი ბიძაჩემის (ალფეს ჭეიშვილის)  რჩევა-დარიგებით. ზაფხულის პერიოდი იყო და ამიტომაც ტყემლის არაყი გამოვხადე.  ძალიან ცხელოდა და გამიჭირდა, რადგანაც სიცხეში ორეს მილის გაცივება ძნელია, მაგრამ მაინც გამოვხადე.  რვა  ქვაბი  და 24 ლიტრი არაყი გამომივიდა. ეს  გახლდათ  ჩემი  და ბიძაჩემის პირველი და უკანასკნელი ერთად გამოხდილი არაყი. აგვისტოში გარდაიცვალა კიდეც. ახლაც მახსოვს იმ კვამლის სუნი,  აგრეთვე ვენახის გამაბრუებელი და  ბიძაჩემის მარნის გრილი სურნელი. სუნს ხომ შეუძლია მეხსიერების დაფარულ სიღრმეებში შეაღწიოს და იქედან სანუკვარი წვრილმანი ამოატივტივოს. წითელყურძნიანი ადესას ხეივნებში სეირნობა ჩემთვის მეხსიერების ყველაზე შეუვალ ტალანებში ხეტიალს ჰგავდა, სადაც შეიძლება ყველაზე უფრო შორეული ნივთის მოხელთებაც კი. მოხელთება საგნებისა, ადამიანებისა, რომლებმაც თუნდაც ერთხელ გაიელვეს შენს ცხოვრებაში და მერე სამუდამოდ დარჩნენ.

აგრეთვე მახსოვს, პატარა ვიყავი, ხუთიოდე  წლის, ბიძაჩემი მარტო  ხდიდა არაყს, საგორიალო ცხენი მყავდა და ჭენაობით  20 ლიტრიან  არყით სავსე ბოცას დავეჯახე. ბოცა  ნამსხვრევებად იქცა და არაყიც დაიღვარა, მაგრამ ბიძაჩემს არაფერი  უთქვამს. უბრალოდ  სიტყვიერად დამტუქსეს და ერთი კვირა ამიკრძალეს იმ ცხენზე ჭენაობა.

მახსოვს, აგრეთვე, ბავშვობაში  ბიძაჩემს ღვინოს რომ ვპარავდი.   ზაფხულში,  თევზაობის დროს, თბილისიდან სოფლად რომ ჩავდიოდით, მდინარეს მივაშურებდით,  ჯერ საბანაოდ, საჭყუმპალაოდ,  მერე კი სათევზაოდ (ეს მდინარეები იყო: თიკაურა, ოყაულა და აცაურა). ვიჭერდით ღორჯოებს და  მოგვქონდა სახლში. ამ ღორჯოებს შემდეგ ტაფაზე გვიწვავდნენ. „კუხნიდან“  ვიღებდით ყველს, კიტრს, პამიდორს და გავდიოდით ბუნებაში. მე, ზაზა ჭეიშვილი, ნოდარი (ნოდია)  ხინიკაძე, ბაჩუკი შალიკაშვილი, გოჩა გეგუჩაძე, გოგა ფიფაიშვილი, ირაკლი ცოცხალაშვილი. მივდიდოდით  ე. წ. გედევანას ტყეში და იქ ვმართავდით ქეიფობას. თავიდან ლიმონათებით, შემდეგ გავთამამდით და უკვე ღვინოზე გადასვლა მოვინდომეთ (მეოთხე კლასელმა ბავშვებმა). რადგანაც პატარები ვიყავით, ვიცოდით, რომ სახლიდან ღვინოს არავინ გაგვატანდა და ამიტომ  ბიძაჩემის მარანში შეპარვა განვიზრახე. ჩუმად შევიპარე,  20 ლიტრიანი ბოციდან  ერთი  ლიტრა ღვინო გადმოვიღე, რამაც ძალიან შეგვაზარხოშა. იგივე გავიმეორე სამი დღის მერეც. ოღონდ ახლა მეორე ოცლიტრიანი ბოცა გავხსენი. ამგვარი  ქეიფი, შესაბამისად, 20 ლიტრიანი ბოცების გახსნა და ლიტრების მოკლება დაახლოებით ხუთჯერ გაგრძელდა,  რამაც  ალფესი ჭეიშვილი 100 ლიტრი ღვინით დააზარალა.    (მაშინ არ ვიცოდი ღვინის დაჭვანიანების ამბავი...რომ მოკლების შემდეგ იგი  ძმრად იქცევა).  ღვინის დაძმარების ამბავი ალფესი ჭეიშვილმა გვიან, ზამთარში გაიგო. როცა  მუშტრები მიადგნენ ღვინის საყიდლად,  მან იცოდა, რომ ეს ღვინო გადანახული ჰქონდა მარნის ბოლოში (ყველაზე ბოლოს განეთავსებინა,  რადგან ყველაზე გვიან უნდა გახსნილიყო). მივიდა და  დახვდა აძმარებული ხუთი ოცლიტირიანი, მაგრამ ბედად უშველა იმან, რომ იმ წელს ბევრი მოსავალი მოვიდა. თავი რომ არ შეერცხვინა მუშტრებთან,  ადგა და 500 ლიტრიანი კასრი გახსნა. მე  ამ დროს თბილისში ვიყავი, ბიძაჩემს კი 100 ლიტრა ძმარი ედო წინ. საუკეთესო მევენახე და მეღვინე გახლდათ ბიძაჩემი.  გასხლავდა ვაზს,  გაკვირტავდა, ააკრავდა  და  მოიწევდა კარგ მოსავალს. შედეგი კი მარანში იყო, 20  ლიტრიანებში განთავსებული. მის დაყენებულ ღვინოზე ერთი ანდაზა მახსენდება:  “ერმა სტაქანმა ღვინომ ამოღებული ხმალი ჩააგოვო". ბიძაჩემი აგრეთვე კარგი „ტოლობაშიც“ (თამადა)  გახლდათ. ბევრჯერ უნახავთ და ახსოვთ ყანწმომარჯვებული, ვიდრე ტუჩთან მიიტანდა, შესციცინებდა  ჭიქაში  ჩასხმულ ღვინოს, შეფრფინვით ელაციცებოდა, შეჰხაროდა, შეტრფოდა... მზეს უშვერდა, ყნოსავდა,  ნაზად ეალერსებოდა. სუფრა და ალკოჰოლი მისთვისაც, როგორც ყველა ქართველი მამაკაცისთვის, ერთად  მოიაზრებოდა. ალკოჰოლის მიმართ გამძლეობა კი ძლიერების, მამაკაცური საწყისის, ზოგადად ქართველობის წინაპირობად ითვლებოდა. მაგრამ  სულ ახსოვდა კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები: „სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები... ოღონდ ეგაა  ქეიფის დროს  დანაქადები აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ...“ და კიდევ სამშობლოს სიყვარული მისთვის მხოლოდ გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებით არ გამოიხატებოდა და შემოიფარგლებოდა. ძალიან უყვარდა ნოდარ დუმბაძე და მისი ეს სიტყვები:  „სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.“

სხვათა შორის, ბიძაჩემმა მასწავლა ღვინის დაყენება და მეც ვაყენებდი შერეულ ღვინოს. წვრილმარცვლებიანი აზიურისგან,  აგრეთვე ჭეიშვილის ყურძნისგან და ნაყიდი რქაწითელისგან. ძალიან გული მწყდება, რომ ჩვენს სოფელში, სადაც 70 კომლამდე ოჯახი ცხოვრობს, მხოლოდ ორ ოჯახს შემორჩა ცოლიკაურის ჯიშის ყურძენი (გურამ ჭეიშვილის და ომარ ჭარმაკაძის ოჯახებს). იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი თაობა გააშენებს ძირძველ გურულ ჯიშებს და გაგური გამორჩეული იქნება  ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების თვალსაზრისითაც. მე კი სულ თვალწინ წარმომიდგება ხოლმე:  „მოხუცი მამა, მოხუცი მამა, სასხლავით ხელში დადის ვენახში.“

„აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი

მასზე ოცნებას დაემგვანება!

ისევ აყვავდა მდელო და კორდი!..

დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!“ (გალაკტიონის „მამული“)

გურამ ჭეიშვილი ერთ-ერთი ყველაზე მხცოვანი სოფლის მკვიდრი გახლავთ. საცაა 83 წელი შეუსრულდება, მაგრამ ისევ ფორმაშია, მხნედ და ენერგიულად  გამოიყურება. თუმცა, სუფთა  ჰაერის მსუნთქავ, საამო ცის მზირალ კაცს აბა რა დააბერებს? მუდამ შრომობდა და შრომობს, არცერთი დღე არ გაუტარებია უქმად, შრომაში გაატარა თავისი წუთისოფელი, სიხარულს  ჰგვრიდა შრომა. ახლაც სულ ფუსფუსებს. მისი სიჭარმაგე არც მის ხეხილს ეტყობა და არც ვენახს.   უვლის  ვაზს  და კარგ ღვინოსაც აყენებს. ალბათ  უკვე ერთადერთი მოსახლეა სოფელში, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს  სასაფლაოს მახლობლად მდებარე სახალხო სახლი (ოთხი სოფლის: ჭანჭათის, ქვემო და ზემო აკეთის,  გაგურის ცენტრი),  ახსოვს გაგურის ოთხწლიანი სკოლა, რომელშიც თვითონ დადიოდა (იმ დროს საშუალო სკოლა აცანაში იყო,  რვაწლიანი  კი -  ზედა აკეთში). გურამ ჭეიშვილმა კარგად იცის, რომ წუთისოფელი წიგნსა ჰგავს და ამ წიგნის ღირსეული წამკითხავებიც ისინი არიან, ვისაც სისხლ-ხორცეულად უყვარს სიცოცხლე, ვინც ორივე ფეხით მტკიცედ დგას ნოყიერ მიწაზე. ღვინის მომყვან კაცს კარგად ახსოვს ე. წ. „სუხოი ზაკონის“ პერიოდიც, „ემალინოვის კრუშკებით“ რომ სვამდნენ ღვინოს და არაყს. მის მეხსიერებას მტკივნეულად შემორჩნენ ალკოჰოლზე დამოკიდებული, ღვინითა და არყით სისხლაშლილი  ადამიანები, რომლებსაც „მხოლოდ დიდმა სისუსტემ და უმწეობამ მისცათ ძალა, ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევის“ (ელა გოჩიაშვილი)... ანდა... ისინი, „ვისაც განცხრომა მიაჩნდათ ძაღლად“...„ვინც ჰგავდა თოვლზე გადაღვრილ ღვინოს. ვინც გულს ჩასტირა და ჩაისეტყვა“ (ნიკო სამადაშვილი)... დიდი ცრემლი და ტკივილია ამ ვნების მიღმა...და   ყველაზე დიდი  „საშინელებაა,

რომ ადამიანები

ალკოჰოლის სმაზე,

ან სიგარეტის მოწევაზე ადვილად,

ერთმანეთს ანებებენ თავს“ (ნიკა ჩერქეზიშვილი)...

ამ ყველაფერს განიცდის გურამ ჭეიშვილი და  ვენახში მუშაობისგან დაღლილი, საღამოობით, არყიან ჭიქას  ჩააჩერდება ხოლმე სევდიანად... თუმცა სასმელის მიღებაში ყოველთვის ზომიერია... უბრალოდ დარდობს გზააბნეულების ბედზე და წლებით დამძიმებული, მაგრამ მაინც მხრებში გამართული მიუყვება სოფლის გზას... აქ მცხოვრებ ხალხს ხომ სხვაგვარი წარმოდგენა აქვს გზაზეც და გზააბნეულ ქვეყნიერებაზეც... მახსოვს, ჩემს სოფელში (დედულეთში, სოფელ მუხრანში), ჩემი ნათესავების ახლოს ორსართულიანი კარგად გამართული, მშვენიერი, კოხტა რიკულებიანი აივნებით გაწყობილი, მწვანე შეფერილობის სახლი იდგა, რომელიც იმ ხანად გამორჩეული იყო მთელ სოფელში თავისი დიდებულებით ...ოდესღაც ამ სახლში ცხოვრება დუღდა. მილიციის უფროსის სახლი გახლდათ... ერთადერთი ვაჟი ჰყავდათ... და გარშემომყოფი მეზობლები, წლების განმავლობაში განმტკიცებული იდეოლოგიის ზეგავლენით, კლასობრივ მტრად მოიაზრებდნენ მათზე მდიდრებს და რაღაცნაირი მტრული განწყობაც კი ჰქონდათ ამ სახლის ბინადრების მიმართ. ბიჭი ჩვენზე ოდნავ უფროსი იყო და „ვიოლინოს მასწავლებელი სახლში დაუდისო“.. შურშეპარული უსიამოვნო ხმით გამოსცრიდნენ ხოლმე მეზობლები. ცოტა ხნის წინ ამ სახლს რომ ჩავუარე, რაღაცნაირად გული დამწყდა.. .სოფლის ამაოებაზე...სახლს და კერას „გარდასული დიდებიდან“ თითქმის აღარაფერი შერჩენოდა. მკაცრი, ჩაშავებული ფანჯრები; სახურავი ჩაღუნვოდა, სადაცაა ჩატყდებოდა. ახლა უკვე, იმ ფანჯრებში ქარი დავლურს უვლიდა... ეზოში ხეებიც დარდისგან დამჭკნარიყვნენ თითქოს...დედ-მამა  გარდაცვლოდა, იმ, ვიოლინოზე დამკვრელ ბიჭს; როგორც ჩემმა ნათესავებმა მითხრეს, თავადაც ასცდენოდა გზას და ქვეყანას...სვამდა და ცეცხლივით ეკიდებოდა მის გულს არაყიც და გადაგვარებაც. სახლები, მართლაც, როგორ ასახავენ იქ მაცხოვრებელი ადამიანების ბედსა და ისტორიას. თითქოსდა მათაც გააჩნდეთ გრძნობიერება, მეობა, ხასიათი... არადა, ადამიანები, რომელთაც ეს შენობა ჩაიფიქრეს და ააშენეს, რას იფიქრებდნენ, რომ უკაცურობისთვის და სიცარიელისთვის იქნებოდა განწირული იგი?!.და რომ მათი ნალოლიავები შვილიც გზას აცდენილ კაცად იქცეოდა?! ან კი ვინ იცის, რას ნიშნავს „გზასაცდენილი კაცი“? აკი „ყველა გზა .მიზანს სცდება და სიკვდილთან მიდის.“ იმ ჩემი სოფლის თემშარასავით, რომელსაც ერთთავად გასცქეროდა თავისი სახლის მარად გაღებულ ჭიშკართან მდგარი სოფლის გიჟი (ყველა სოფელს ხომ ჰყავს თითო ასეთი მაინც)... სპარტაკა... ყველას, სოფელში ჩამოსულ სტუმარსა თუ მასპინძელს, პირველად რომ ის ეგებებოდა თავისი აზრჩამქრალი ღიმილით...და იმავე ღიმილით აცილებდა...იქნებ სწორედ მას ესმოდა იმ „თემშარის ნაუბარი" ყველაზე კარგად?!...ყველაზე ნათლად და მკაფიოდ?! და სოფლის ამაოებაში დათქმულ ადამიანებს თავისი გამოუცნობი, მარადიული ღიმილით მარტივი და უბრალო, პირველყოფილი, ბავშვური ყოფის საიდუმლო „მცოდნე სიხალისეზე“ (ჰაიდეგერი) დაფიქრებისკენ უბიძგებდა?!

ლოთებზე გამახსენდა ერთი ანეგდოტია: „გურული გალეწილი მთვრალი ბრუნდება შინ. ცოლი გაკაპასდება და შეუყვირებს:

- ღვინო და არაყია შენი მტერი.

-           ცაა, რა გინდა მერე, მტერს შევუშინდე?“     

ესაა გურულების „ტრაგიზმის კომიზმი“!..

ყველას თავისი მიზეზი და ტრაგედია  აქვს სმისთვის, ლოთობის გასამართლებლად.. არსებითად კი მიზეზი დავიწყების სურვილია... დასავიწყებელიც ყველას თავისი  აქვს...

„მომდევნო პლანეტაზე ლოთი ცხოვრობდა. პატარა უფლისწულმა სულ ცოტა ხანი დაჰყო მასთან, მაგრამ ამ პლანეტაზე ნანახმა საგონებელში ჩააგდო.

- რას აკეთებ აქ? - ჰკითხა მან ლოთს, რომელიც მდუმარედ იჯდა და წინ აურაცხელი სავსე და ცარიელი ბოთლი ელაგა.

- ვსვამ, - პირქუშად მიუგო ლოთმა.

- რატომ სვამ?

- რომ დავივიწყო.

- რა უნდა დაივიწყო? - ისევ შეეკითხა პატარა უფლისწული, რომელსაც უკვე ებრალებოდა იგი.

- დავივიწყო, რომ მრცხვენია, გაანდო ლოთმა და თავი ჩაქინდრა.

- რისი გრცხვენია? - შეეკითხა პატარა უფლისწული და მოუნდა, რომ დახმარებოდა მას.

- მრცხვენია, რომ ვსვამ. - დაასრულა საუბარი ლოთმა და დადუმდა.

პატარა უფლისწული დაიბნა.

„დიდები მართლა უცნაური ხალხია”, - გაიფიქრა მან და გზა განაგრძო.” (ეგზიუპერი).

თავი და თავი კი ალბათ მარადიული საყრდენის დაკარგვაა, ან სულაც მისი უქონლობა.

ეჟენ იუნესკო წერდა: „მივატოვე ზეცა და მანაც მიმატოვა მე... ვიცი, რომ ახლა არასწორ გზაზე ვდგავარ... სიცარიელემ, რომელიც უღმერთოდ ყოფნამ დამიტოვა, ველურ ნადირად მაქცია... ერთ ჭიქა ვისკის მთავაზობენ, მე კი ათს ვიღებ, რათა ყოველივე დავივიწყო..."

 

მთავარი საყრდენი -  ღმერთი - ცაშია, მიწაზე კი უმთავრესად ადამიანების სახით გვეგზავნება საყრდენი და  გვეწვდება დახმარების ხელი. თანადგომას ბევრი რამ შეუძლია. ზოგჯერ სასწაულის მოხდენაც კი. ამიტომაც არსებობს გაგურში „თანადგომის სადღეგრძელო“ (სხვათა შორის,  გაგური  ალბათ ერთადერთი სოფელია, სადაც ასეთი სადღეგრძელო მოიგონეს).

ეს არის გაგურში დაბადებული და მცხოვრები კაცის,  იასონ გიორგის ძე პინაიშვილის დიდი დამსახურება.  მას ორი შვილი (ქალ-ვაჟი: გიორგი და სოფიკო) და ოთხი  შვილიშვილი ჰყავს. სამი საუკუნეა, რაც  პინაიშვილების  გვარი ამ სოფელში არსებობს. ახლა კი  მხოლოდ  ორი ოჯახია შემორჩენილი.  ბატონი იასონი მიყვება: „არასდროს გამჩენია აქედან წასვლის სურვილი. სად უნდა წავსულიყავი უკეთეს ადგილას? ჩემმა მშობლებმა ასე გადმომცეს, რომ ყველაზე უკეთესი ადგილი არის იქ, სადაც დაიბადე და გაიზარდე და იმას მიხედეო. ხშირად გავსულვარ საზღვარგარეთ.  ჯარიც იყო, სტუდენობაც, მაგრამ სხვაგან დარჩენა არასდროს მიფიქრია. ბევრ სოფელშია მაგალითად  ერთმანეთში დამოყვრება. აქ  ეს არ არის. ყველა და-ძმურად იზრდება და ერთმანეთში შეუღლების ფაქტი იშვიათობა გახლავთ.

გაგური ერთადერთი სოფელია, სადაც  თანადგომის სადღეგრძელო მოიგონეს. გაგურლები რომ  თავს მოიყრიან, ამ სადღეგრძელოს აუცილებლად იტყვიან ხოლმე. მოგეხსენებათ, შემოდგომა დაძაბული დროა. ჩემი ძუძუმტე,  ახლობელი კაცი   ერთ  დღეს ჩალას იღებდა. მე არაფერს ვაკეთებდი, სახლში ვიყავი. მივედი და მივეხმარე. თუმცა მას ჩემთვის  არ დაუძახია, მე მაინც დავუდექი გვერდით და ერთად ვიმუშავეთ. საღამოს დავჯექით. პატარა ვახშამი მოგვიმზადა დიასახლისმა და ვთქვი ეს სადღეგრძელო: მოდი თანადგომას გაუმარჯოს-მეთქი. და მერე მთელმა სოფელმა აიტაცა... თუმცა მხოლოდ სადღეგრძელოს დონეზე არ დარჩენილა, ცხადია. წესად დარჩა, რომ თუ უჭირს კაცს, აქანე ჩვენთან, უნდა მივეხმაროთ და ყველანაირად გვერდით დავუდგეთ.“

ილო პინაიშვილი: „მექანიზატორი ვიყავი. რამდენი  ღამეც გამითევია სიმინდის ამოტანაში, იმდენი ხეირი და სიკეთე  ჩემს ოჯახს.  25 წელია ტრაქტორი მყავს. სოფელში მაშინ  ჭირდა ტრაქტორები, მერე კი მომრავლდა და,  რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რადგან სხვებიც შემეხიდნენ  საქმეში.  ახლა ოთხი ხუთი ტრაქტორია სოფელში. ყანაში მუშაობა დიდხანს მიწევს. შემოდგომა ძალიან რთულია. თუ ჩავარდა ერთი ტრაქტორი, მეორე მოდის და ამოჰყავს,  მოსავალი რომ დააბინავოს. ეს საქმე უანგაროა. განა რამდენი უნდა გადაგიხადოს  გაგურელმა? მერედან სახლამდე სამი  ლიტრა „სალიარკა“ იხარჯება. ჯერ მარტო საბურავი  ღირს 600 ლარი. გაგურში სულ 60 კომლი ცხოვრობს. ოჯახების შემოსავალი  რომ დაიანგარიშო, მაქსიმუმ სულ გამოდის საბურავის საფასურის ნახევარი. ხშირ შემთხვევაში ფულს არ  ვიღებთ  აქაურებისგან (მხოლოდ „სალიარკას“ გვისხამენ). ხშირად წვიმაში გვიწევს მუშაობა. რამდენჯერ ღამის 5 საათზე  გალუმპული მივსულვარ სახლში, დილით  კიდევ ვიღაცას უნდა დასჭირვებოდა ტრაქტორი. ხშირად ყოფილა შემთხვევები, ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ისე დავღლილვარ, საჭმლის ჭამის  ძალაც არ მქონია.  მოვსულვარ სახლში და მშიერს  დამიძინია. მეორე დღეს კიდევ დილას სტარტზე უნდა ვყოფილიყავი მეზობლების სამსახურში. ამას ჰქვია თანაგრძნობა. ძალიან მადარდებს ის გარემოება, რომ 90-იანების მერე ქორწინების რიცხვმა იკლო სოფელში. გაზრდა და  პატრონობა უნდა ბავშვს. ბევრი გაუთხოვარი დარჩა, ბევრი უცოლოდ. სახსარი არა აქვს სოფელს და უჭირს ძალიან.

ილო პინაიშვილის მამა, 77  წლის დათიკო პინაიშვილი: სიღარიბე ადრეც იყო, მაგრამ  უწინდელი ხალხი და ცხოვრება დღევანდელს მაინც სჯობდა. დღეს იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო, სიღარიბე კი არა სიმდიდრეა, მაგრამ ადამიანობა, კაცობა, მოყვრობა და სიკეთე  ახლა სულ სხვანაირია. ჩემს მახსოვრობაში ის დრო ჯობდა. ომიანობის დრო რომ მევიდა, ძალიან  უჭირდა  ხალხს. საჭმელ-სასმელი არ იყო, მარამ ის სიღარიბე ჯობდა. რადგან ხალხი უკეთესი იყო. მაგონდება შესანიშნავი ადამიანები: კოლია სოხაძე. სიმონ ჭეიშვილი. ამ უკანასკნელმა  წერა-კითხვაც არ იცოდა და კოლმეურნეობის თავმჯდომარეც  ის იყო, ბუღალტერიც, საწყობის გამგეც და ყველა მისი მადლიერი იყო, ყველა ჭკუას ეკითხებოდა.  საოცარი ნდობა ჰქონდა ხალხს  ერთმანეთის. არაფერი ცუდი არ ხდებოდა სოფელში.. ერთმანეთისადმი დამოკიდებულება ყოველთვის კარგი და კეთილგანწყობილი  იყო და ამით ყოველთვის ფასდებოდა გაგური. დღესაც ასეა. თუმცა ნდობის საკითხი ისეთივე დონეზე აღარაა ახლა, როგორც უწინ.  მართალია, ოქროებით არ გვაქვს გამოტენილი სახლები. ზოგიერთი სახლის პატრონი წელიწადში ერთხელ ჩამოდის, მაგრამ არაფერი ეკარგებათ. მეზობლები პატრონობენ და უვლიან დატოვებულ სახლებს. ზოგადად კი მაინც... ვეღარ ენდობა ვერა კაცი ერთმანეთს. ადრე ასე არ იყო.

ბატონი დათიკოს სატკივარს კარგად გამოხატავს მონაზონ ვერონიკას სიტყვები:  „დღეს მსოფლიო გაივსო "ინტელიგენტებით", "განათლებულებით", "მწერლებით", "ხელოვანებით", "ღვთისმეტყველებით", "მისიონერებით", "ფილოსოფოსებით", "დიდი და ცნობილი პიროვნებებით", "ფენომენალური და ქარიზმატული მმართველებით", "სასწაულთმოქმედებით", "მხსნელებით", მაგრამ იცლება... ადამიანებისგან!"

 

და მაინც, რადგანაც ჩვენი ამჟამინდელი წერილი ღვინოს ეხება, დავსძენ, რომ იესომ კანას ქორწილში სასწაული მოახდინა; წყალი ღვინოდ აქცია... სიცოცხლე ღვინოს ჰგავს... მანაც იცის გამონელება... („ოხ, ეს სიცოცხლე, ნეტავ, როდის გამომნელდება“).  გურულად  გაგალება  ჰქვია (სიმაგრის  მოკლება). ჩვენ როგორ მოვახერხოთ, რომ ჩვენი გაგალებული,    გაუფერულებული, განავლებული და გაწყალებული  სიცოცხლე ვაქციოთ ცეცხლად, ძნელ (მაგარ)  ღვინოდ?!  „მივეძალოთ  თრობას“ და „დავთვრეთ ყოფნით“, „დავთვრეთ ცეცხლით“. რადგანაც... „თრობაა ყველაფერი. ეგ არის ხსნა ერთადერთი, რათა არ შეიგრძნო ამაზრზენი ტვირთი დროისა, რომელიც დაგცემს, წელში გაგტეხს.

ჰოდა, ამადაც თრობას მიეძალე, გამოუნელებელს.

ჰო, მაგრამ რითი? ღვინით, პოეზიით, სიქველით, რითიც გენებოს, ოღონდ იყავი მთვრალი.

და თუ ოდესმე კვლავ გამოფხიზლდები - სასახლის კიბეზე, მდინარისპირა პატარა მდელოზე, თუ შენი ოთახის შემზარავ სიმარტოვეში, - მაშინ ქარს, ტალღას, ვარსკვლავს, ჩიტს, საათს, ყოველივეს, რაც დარბის, ან დაქრის, კვნესის ან მიედინება, ჰკითხე: რომელი საათია? და მაშინ ქარი, ტალღა, ვარსკვლავი, ჩიტი, საათი მოგიგებენ: თრობის საათია! თრობის და თავდავიწყების, რათა არ ვეყმოთ, არ ვემონოთ დროს, არ შევიქმნათ მისი მარტვილნი; ამიტომ მივეძალოთ დაუსრულებელს: ღვინით, პოეზიით, ან სიქველით - წადილისამებრ."

(შარლ ბოდლერი, მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია)..

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ქრისტესა და ქრისტეს მოწამის ერთგული მსახური წმიდა მოწამე ლუპე
წმიდა მოწამე ლუპე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა.
დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, მირონმდინარე
წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის (+დაახლ. 306) ხსენება აღესრულება 8 ნოემბერს. მისი მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს - რომის პროკონსულს თესალონიკში - სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა. ყრმა ამ ტაძარში მონათლეს და მაცხოვრის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. წმიდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინეს (306-337) დროს უფლის სათნომყოფლის საფლავზე ტაძარი ააგეს. ასი წლის შემდეგ ძველი საყდრის ადგილას ახალი, დიდებული ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა დიდმოწამის უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება. VII საუკუნეში წმიდანის ლუსკუმიდან მირონმა იწყო დენა.
gaq