საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიული მხარეები

აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და მიხეილ შარვაშიძე
ბეჟან ხორავა
1859 წელს რუსეთმა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასია - ჩეჩნეთ-დაღესტანი დაიპყრო. ამით კავკასიის ომის (1817-1864) ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა და 200 ათასიანი კავკასიის არმიის ძირითადი ნაწილები რუსეთის სარდლობამ დასავლეთ კავკასიაში გადმოისროლა. ალექსანდრე II (1855-1881) სარდლობისგან მოითხოვდა, რომ ომი, რომელიც ნახევარი საუკუნის მანძილზე გაიწელა და უზარმაზარ სახსრებს ნთქავდა, მალე დაემთავრებინათ.

დასავლეთ კავკასიაში საომარი მოქმედებების მსვლელობაში აფხაზეთის სამთავროს როლს ცარიზმი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამიტომ იყო, რომ აფხაზეთმა სხვა ქართულ პოლიტიკურ ერთეულებზე დიდხანს შეინარჩუნა ავტონომიური მმართველობა იმპერიის შემადგენლობაში. რუსეთის მთავრობა ფიქრობდა, რომ აფხაზეთის სამთავროს გაუქმებას და უშუალო რუსული მმართველობის შემოღებას შეეძლო გაერთულებინა საომარი მოქმედებების წარმოება დასავლეთ კავკასიაში, რადგან აფხაზეთი ამ რეგიონში რუსეთის სამხედრო-სტრატეგიულ პლაცდარმს წარმოადგენდა; ამასთან, აფხაზეთის მთავარი მიხეილ შარვაშიძე (1823-1864) და აფხაზი ფეოდალები საომარ მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდნენ. ამიტომ ცარიზმმა აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და რუსული მმართველობის შემოღება დასავლეთ კავკასიაში ომის დამთავრებისთვის გადადო. რუსეთის მთავრობა მიხეილ შარვაშიძის როლსაც რეალურად აფასებდა. 1862 წლის 28 აპრილს კავკასიის მეფისნაცვალი და კავკასიის არმიის მთავარსარდალი ალექსანდრე ბარიატინსკი (1856-1862) სამხედრო მინისტრს, გენერალ-ადიუტანტ დ. მილიუტინს წერდა: მიხეილ შარვაშიძის "გავლენა აფხაზეთში და მეზობელ ტომებზე, როგორც ჩემთვის ცნობილია, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია... ამიტომ ამ კაცის კეთილად განწყობა ჩვენს მიმართ ძალზედ საჭიროდ მიმაჩნია"-ო (А.Л.Зиссерман, 1888: 388).

რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთში ჯერ კიდევ საკმაოდ შეზღუდული იყო და მხოლოდ ჯარის მიერ დაკავებულ პუნქტებზე ვრცელდებოდა. სამთავროს საშინაო მმართველობა მთავრის ხელში იყო. კავკასიის რუსული ადმინისტრაციისთვის ნათელი იყო, რომ აფხაზეთში რუსეთის ხელისუფლების განმტკიცება დასავლეთ კავკასიაში რუსეთის მფლობელობის დამყარების კვალად მოხდებოდა (А.Л.Зиссерман,1888: 347-348). ეს მიხეილ შარვაშიძემაც კარგად იცოდა. რუსეთის ხელისუფლება ფიქრობდა და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ აფხაზეთის მთავარი, რომელიც დიდი პატივისცემითა და გავლენით სარგებლობდა დასავლეთ კავკასიის მთიელ ტომებს - ჯიქებს, უბიხებს, შაფსუღებს, აბაძეხებს და სხვ. შორის, დამოუკიდებლობისთვის მათ ბრძოლას ფარულად მხარს უჭერდა. მიხეილ შარვაშიძეს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დასავლეთ კავკასიის დამორჩილების შემდეგ რუსეთი მის ხელისუფლებასაც ბოლოს მოუღებდა (ბ.ხორავა,2004:116-117). ა. ბარიატინსკისაც არაერთხელ უთქვამს მისთვის, რომ აფხაზეთში რუსული მმართველობა იქნებოდა შემოღებული და ურჩევდა ახალი რეალობისთვის მომზადებულიყო; ამასთან, ის სიცოცხლის ბოლომდე ისარგებლებდა თავისი უფლებებით და იმპერატორის წყალობით, თუკი რუსეთის სარდლობას სარგებლობას მოუტანდა (А.Л.Зиссерман,1888: 348).

1858 წლიდან მიხეილ შარვაშიძე ხშირად ავადმყოფობდა. 1861 წლის შემოდგომაზე მან სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვება ითხოვა. ოქტომბერში 6 თვით საზღვარგარეთ წასვლის ნება დართეს, მაგრამ გამგზავრება ჩაიშალა მეუღლის - ალექსანდრა (ცუცუ) დადიანის გარდაცვალების გამო. მეუღლის გარდაცვალებამ მთავრის ჯანმრთელობა კიდევ უფრო გატეხა. 1862 წლიდან მისმა ავადმყოფობამ სერიოზული სახე მიიღო, თუმცა, შეძლებისდაგვარად კვლავ მართავდა სამთავროს. ამ დროს კავკასია მნიშვნელოვანი ცვლილებების ზღურბლზე იდგა.

1862 წლის სექტემბერში კავკასიის არმიის მთავარსარდლად და კავკასიის მეფისნაცვლად ალექსანდრე II-ის ძმა, დიდი მთავარი მიხეილ რომანოვი დაინიშნა. თბილისში ჩამოსვლისთანავე ახალმა მთავარსარდალმა განკარგულება გასცა აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე და ბოლო წლებში მიხეილ შარვაშიძის მმართველობის შესახებ ცნობები შეეკრიბათ.

მალე შედგა საქმე, რომელშიც მიხეილ შარვაშიძის მმართველობის უკანასკნელი პერიოდი უარყოფითად იყო შეფასებული(სცსსა,ფ.416,აღწ.3,ს.177,ფურც.23). კავკასიის რუსული ადმინისტრაცია სერიოზულად ფიქრობდა აფხაზეთის სამთავროს გაუქმებაზე და ამ აქტისათვის სამართლებრივი საფუძვლის მომზადებას ცდილობდა.

1863 წლის მთელი ზაფხული მიხეილ შარვაშიძემ პიატიგორსკში გაატარა, ხოლო სამთავროს მართვა ძმას – ალექსანდრეს ჩააბარა. ამ პერიოდში სამთავროში უწესრიგობები - მკვლელობა, ყაჩაღობა, ძარცვა გახშირდა, რაც კინაღამ აშკარა ფეოდალურ შინაომში გადაიზარდა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.20). 23 აგვისტოს კავკასიის არმიის მთავარი შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ა.კარცოვი მიხეილ შარვაშიძეს, რომელიც მაშინ უკვე რაჭაში იმყოფებოდა, წერდა: ზაფხულში, თქვენს არყოფნაში, აფხაზეთში უწესრიგობები მოხდა და სამწუხაროა, რომ ავადმყოფობის გამო აფხაზეთში ჩასვლა არ შეგიძლიათო. ხელისუფლება ფიქრობდა, რომ მთავრის ჩასვლა რამდენადმე განმუხტავდა დაძაბულ ვითარებას და უწესრიგობას ბოლოს მოუღებდა. მთავარმა აფხაზეთში დაბრუნება გადაწყვიტა. 8 სექტემბერს იგი ქუთაისიდან გავიდა, მაგრამ ავადმყოფობის გამო იმდენად ნელა მგზავრობდა, რომ ლიხნში მხოლოდ 16 ოქტომბერს ჩავიდა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.178, ფურც.4).

მიხეილ შარვაშიძემ გადაწყვიტა სამთავროს მართვა უმტკივნეულოდ გადაეცა უფროსი შვილის, გიორგისთვის, რომელიც მეფისნაცვალთან ადიუტანტად მსახურობდა. 27 ოქტომბერს მან წერილი გაუგზავნა ა. კარცოვს და მისი ავადმყოფობის გამო სამხედრო სამსახურიდან გიორგის გათავისუფლება და აფხაზეთში დაბრუნება სთხოვა, რათა სამთავროს მართვა მისთვის ჩაებარებინა. მიხეილ რომანოვის დავალებით ა. კარცოვმა მთავარს უპასუხა, რომ გიორგისთვის აფხაზეთის მართვის გადაცემის საკითხი იმპერატორის გადასაწყვეტი იყო, რადგან ახალ მთავარს ის ამტკიცებდა. ამასთანავე, ის აღნიშნავდა, რომ გიორგი მრავალი დადებითი თვისების მიუხედავად, ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის გამო, იმჟამად მთავრის მოვალეობის შესრულებას ალბათ ვერ შეძლებდა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.178, ფურც.4).

რა თქმა უნდა, გიორგი შარვაშიძის ახალგაზრდობა და გამოუცდელობა არაფერ შუაში იყო. უბრალოდ, ცარიზმი შესაფერ დროს ელოდა სამთავროს გასაუქმებლად, თორემ თავის დროზე ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო მიხეილ შარვაშიძე, როცა მთავრად დაამტკიცეს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებას მაშინ პრეტენზია არ ჰქონია. მთავრობას სურდა, მიხეილ შარვაშიძის გარდაცვალების შემთხვევაში სამთავრო უმტკივნეულოდ გაეუქმებინა და უშუალო რუსული მმართველობა შემოეღო.

1864 წლის დასაწყისისათვის კავკასიის ომი დასასრულს მიუახლოვდა. რუსეთს ჩრდილო-დასავლეთ კავკასია დაპყრობილი ჰქონდა, რჩებოდა მხოლოდ კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაკავება. თებერვალში რუსეთის ჯარის ნაწილებმა ყუბანის ოლქის მხრიდან დაიწყეს კავკასიონის ქედის გადმოლახვა; ისინი შეტევას აწარმოებდნენ შავი ზღვის სანაპირო ზოლშიც, სადაც შაფსუღები, უბიხები და ჯიქები ცხოვრობდნენ. აფხაზეთის ავტონომიური სამთავროს შენარჩუნება ცარიზმს უკვე არაფერში სჭირდებოდა. როცა უკვე ნათელი გახდა, რომ კავკასიის ომი დასასრულს უახლოვდებოდა, მარტში, მიხეილ რომანოვმა აფხაზეთის სამთავროს გაუქმების საკითხი აღძრა. მისი წინადადებით, აფხაზეთის მთავარი უნდა დაეთანხმებინათ უარი ეთქვა ტახტზე; აფხაზეთისაგან შეექმნათ სამხედრო ოლქი; შავი ზღვის სანაპიროზე მდ. ენგურის შესართავამდე შექმნილიყო კაზაკთა დასახლებები, რომლებიც აფხაზეთის კაზაკთა ჯარს შექმნიდნენ (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.16-17). გეგმა ითვალისწინებდა სამურზაყანოს, ტერიტორია მდინარეებს - ენგურსა და ღალიძგას შორის, რომელიც მთავრობამ 1840 წელს ჩამოართვა სამეგრელოს მთავარს და აქ უშუალო რუსული მმართველობა შემოიღო, აფხაზეთთან შეერთებას. ამდენად, ცარიზმი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ,,მცოცავ" ანექსიას ახორციელებდა.

როდესაც იმპერატორი გაეცნო მეფისნაცვლის მოსაზრებებს აფხაზეთის შემდგომი მოწყობის თაობაზე, დათანხმდა ამ მხარეში უშუალო რუსული მმართველობის შემოღებას დაუყოვნებლივ. მიხეილ რომანოვს დაევალა მიხეილ შარვაშიძისთვის გამოეცხადებინა იმპერატორის ნება მთავრის მოვალეობისაგან გათავისუფლებისა და აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღების თაობაზე; მიხეილ შარვაშიძეს უნარჩუნდებოდა გენერალ-ადიუტანტის წოდება და ნება ეძლეოდა საცხოვრებლად აერჩია პეტერბურგი ან მოსკოვი; მთავარსა და მისი ოჯახის წევრებს დაენიშნებოდათ შესაფერისი პენსია (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.24-25).

1864 წლის მაისში კავკასიის მრავალწლიანი ომი დამთავრდა და ცარიზმმა ამ მხარეში თავი მყარად იგრძნო. ამ დროიდან აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და იქ უშუალო რუსული მმართველობის შემოღება სახელმწიფოებრივ აუცილებლობად გამოცხადდა. ა. კარცოვმა მიხეილ შარვაშიძე 3 ივნისს ქუთაისში მიიწვია, რათა მისი უდიდებულესობის ნება გაეცნო. მთავრისა და მისი ოჯახის გამომგზავრება რომ არ შეფერხებულიყო, 28 მაისიდან მათ სოხუმსა და ფოთში ხომალდები დაელოდებოდათ, ხოლო ორპირში - ეკიპაჟი (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.36). კავკასიის ადმინისტრაციას სურდა მიხეილ შარვაშიძისთვის ქუთაისში უმტკივნეულოდ გამოეცხადებინა იმპერატორის ბრძანება და ოჯახით რუსეთში გაესახლებინა, მაგრამ აფხაზეთის მთავარმა 31 მაისს ა. კარცოვს აუწყა, რომ ავადმყოფობის გამო ქუთაისში ჩასვლას ვერ შეძლებდა(სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.37-38). 

რადგან მიხეილ შარვაშიძე ქუთაისში არ ჩავიდა, მეფისნაცვალმა აფხაზეთში თავისი ადიუტანტი, პოლკოვნიკი ვ. ლევაშოვი გაგზავნა, რომელსაც მთავრისთვის უნდა აეხსნა, თუ რა არასასურველ შედეგს გამოიღებდა იმპერატორის ბრძანების შეუსრულებლობა და ის აფხაზეთის დატოვებაზე დაეთანხმებინა. ვ. ლევაშოვი შეხვდა აფხაზეთის მთავარს და გააცნო იმპერატორის გადაწყვეტილება, მაგრამ მიხეილ შარვაშიძემ ავადმყოფობის მომიზეზებით სამთავროს დატოვებაზე უარი თქვა. მისი სურვილი იყო აფხაზეთი ემართა სიკვდილამდე, მაგრამ, თუ იმპერატორი წინააღმდეგი იქნებოდა, ის დაემორჩილებოდა, თუმცა საზღაურად 1 მლნ. მანეთს ვერცხლით და მის მფლობელობაში არსებული მთელი მამულისა და ქონების შენარჩუნებას ითხოვდა. ამასთან, თვითონაც აფხაზეთში უნდა დარჩენილიყო როგორც კერძო პირი. ვ. ლევაშოვი შეძრა მოხუცი, ავადმყოფი მთავრის მდგომარეობამ და განცდებმა. მას ისეთი გრძნობა გაუჩნდა, რომ ხელისუფლება აფხაზეთის მთავრის მიმართ მთლად კეთილშობილურად არ იქცეოდა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.39).

მეფისნაცვალი თანახმა იყო მიხეილ შარვაშიძისთვის პირადი მამულები დაეტოვებინათ და მათი მართვა ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ეწარმოებინა ან გაეყიდა ისინი, მაგრამ აფხაზეთში მისი დატოვების კატეგორიულად წინააღმდეგი იყო. თუ ვერ მოხერხდებოდა აფხაზეთიდან მიხეილ შარვაშიძის მშვიდობიანად გაყვანა, იგი ძალის გამოყენებასაც არ გამორიცხავდა. კავკასიის რუსული ადმინისტრაცია ჩქარობდა აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღებას. 24 ივნისს მეფისნაცვალმა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს, გენერალ-ლეიტენანტ დ.სვიატოპოლკ-მირსკის უბრძანა აფხაზეთის მართვა უშუალოდ თავის ხელში აეღო. იმავე დღეს მეფისნაცვალმა მიხეილ შარვაშიძეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც გამოუცხადა იმპერატორის ნება მთავრის მოვალეობისაგან მისი გათავისუფლების შესახებ(სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.48). 

მეფისნაცვლის ბრძანების შესრულების მიზნით დ. სვიატოპოლკ-მირსკი 29 ივნისს სოხუმში ჩავიდა. მიხეილ შარვაშიძე ტყვარჩელში იმყოფებოდა მინერალურ წყლებზე. ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა წერილი გაუგზავნა მთავარს და აცნობა, რომ მეფისნაცვალმა მას უბრძანა დაუყოვნებლივ აეღო თავის თავზე აფხაზეთის მართვა, აქედან გამომდინარე, სთხოვდა ეცნობებინა, როგორი წესი და რიგი მიაჩნდა უფრო მისაღებად აფხაზეთის მმართველობის მისთვის გადასაცემად და აფხაზეთიდან გამგზავრებას როდის აპირებდა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.48). საპასუხო წერილში მთავარი წერდა, რომ არ იყო ხელმწიფის ნების და აფხაზეთიდან გასვლის წინააღმდეგი, მაგრამ სურდა ტყვარჩელის მინერალურ წყლებზე სამკურნალოდ ზაფხულის გატარება შეძლებისდაგვარად ჯანმრთელობის განსამტკიცებლად. 6 ივლისს მიხეილ შარვაშიძემ განკარგულება გასცა აბჟუის, ბზიფისა და აფხაზეთის ოლქების მმართველებს იმპერატორის ბრძანება მათდამი რწმუნებულ ოლქებში გამოეცხადებინათ; შეეკრიბათ ოლქების საპატიო მცხოვრებნი და მათთან ერთად 12 ივლისს სოხუმში მხარის მართვის შესახებ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის შემდგომი განკარგულების მისაღებად გამოცხადებულიყვნენ (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.65). 

12 ივლისს დ. სვიატოპოლკ-მირსკიმ აფხაზეთში რუსეთის ჯარების სარდალს, გენერალ-მაიორ პ. შატილოვს უბრძანა აფხაზეთის დროებით მართვას დაუყოვნებლივ შედგომოდა. იმავე დღეს მიხეილ შარვაშიძის განკარგულების შესაბამისად, აფხაზეთის სამთავროს სამივე ოლქის საპატიო პირები და მამასახლისები სოხუმში შეიკრიბნენ. ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა აფხაზებს გამოუცხადა იმპერატორის ბრძანება ქვეყანაში რუსული მმართველობის შემოღების შესახებ და მოუწოდა, ამიერიდან მხოლოდ იმპერატორის სახელით დანიშნულ მოხელეებს დამორჩილებოდნენ (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.70-71). 

ამრიგად, 1864 წლის 12 ივლისს ცარიზმმა აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და უშუალო რუსული მმართველობა შემოიღო. შეიქმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება, რომელიც ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს დაექვემდებარა. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსად აფხაზეთის ჯარების სარდალი, გენერალ-მაიორი პ. შატილოვი დაინიშნა. სამთავროს გაუქმებითა და რუსული მმართვლობის შემოღებით აფხაზეთში კოლონიური პოლიტიკური რეჟიმი დამკვიდრდა.

რუსული მმართველობის დამ

ყარება აფხაზეთში ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე განხორციელდა. შექმნილ პირობებში, მიხეილ შარვაშიძის აფხაზეთიდან დაუყოვნებლივ გასვლის მოთხოვნამ ნაწილობრივ მნიშვნელობა დაკარგა. ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის აზრით, ყოფილი მთავრის აფხაზეთში ყოფნა, რა თქმა უნდა, გარკვეულ უხერხულობას უქმნიდა ადგილობრივ ხელისუფლებასა და ახალ მმართველობას, მაგრამ, მეორე მხრივ, მიხეილ შარვაშიძის ავადმყოფობის, გაფანტული მეურნეობის, ქონების უზარმაზარი რაოდენობისა და ოჯახური პირობების გამო (მისი შვილები აღსაზრდელად გაბარებული იყვნენ აფხაზეთში სხვადასხვა პირებთან), გასამგზავრებლად მოკლე დროში მომზადება მისთვის ძნელი იყო.

მიხეილ შარვაშიძე მიხეილ რომანოვს აფხაზეთში დატოვებას სთხოვდა. იგი ხელისუფლებას შეახსენებდა, რომ 40 წელი იმყოფებოდა მეფის სამსახურში და ტახტს თავის დროზე მნიშვნელოვანი სარგებლობა მოუტანა. ახლა კი, ამ სიბერეში, - წერდა იგი გულისწყრომით, - უკურნებელი სენით ავადმყოფი გენერალი არ უნდა დაამციროთ და მისცეთ საშუალება იცხოვროს თავის მამულში და კი არ იწანწალოს, რაც საზოგადოებრივი აზრისთვის, მისი წოდებისა და ღირსების თვალსაზრისით მიუღებელი იქნებოდა. მთავრის მტკიცებით, იგი იმიტომ ცდილობდა აფხაზეთში დარჩენას, რომ აქედან წასვლის შემთხვევაში, უკურნებელი სენი საბოლოოდ მოუშლიდა ჯანმრთელობას, მითუმეტეს რუსეთის მკაცრი კლიმატის პირობებში. იგი ხელისუფლებას არწმუნებდა, რომ მისი ყოფნა აფხაზეთში ხელისშემშლელი კი არ იქნებოდა მთავრობისთვის მისი გადაწყვეტილებების გატარებაში, უფრო, პირიქით, სასარგებლოც იქნებოდა. ამასთან, იგი გამოთქვამდა სურვილს, რომ მის მიერ აღდგენილ მოქვის ტაძარში, მეუღლის გვერდით დაეკრძალათ. თუ აფხაზეთში დატოვების შესახებ მისი თხოვნის შესრულება შეუძლებელი იქნებოდა, იგი ითხოვდა საზღვარგარეთ წასვლის ნება მიეცათ და როგორც კი ავადმყოფობა საშუალებას მისცემდა, წავიდოდა იერუსალიმში, სადაც მაცხოვრის საფლავთან დაელოდებოდა სიკვდილს (სცსსა,ფ.545, აღწ.1,ს.75, ფურც.2-5).

მეფისნაცვლმა განკარგულება გასცა მიხეილ შარვაშიძეზე მკაცრი მეთვალყურეობა დაეწესებინათ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე აფხაზეთიდან დაუყოვნებლივ გაესახლებინათ. 14 აგვისტოს მიხეილ რომანოვმა რუსეთის სამხედრო მინისტრს, გენერალ-ლეიტენანტ დ. მილიუტინს წერილი გაუგზავნა. მეფისნაცვალი წერდა, რომ, სამწუხაროდ, მიხეილ შარვაშიძე ჯერ კიდევ აფხაზეთში იმყოფებოდა, კერძოდ, ტყვარჩელის მინერალურ წყლებზე, რადგან უკანასკნელ ხანს მისმა ავადმყოფობამ სერიოზული სახე მიიღო, თუმცა მისი იქ ყოფნა რუსეთის ხელისუფლებას უხერხულობას უკვე არ უქმნიდა. მიხეილ რომანოვი ითხოვდა იგი კიდევ რამდენიმე ხნით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, აფხაზეთში დაეტოვებინათ. რუსეთის ხელისუფლება ჩქარობდა აფხაზეთიდან მიხეილ შარვაშიძის გასახლებას. სამხედრო მინისტრმა კავკასიის არმიის მთავარსარდალს 3 სექტემბერს აუწყა, რომ იმპერატორს სურდა მიხეილ შარვაშიძე აფხაზეთიდან დაუყოვნებლივ გაესახლებინათ, ყოველ შემთხვევაში, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა(სცსსა,ფ.545, აღწ.1,ს.75, ფურც.42).

მიხეილ რომანოვმა დ. სვიატოპოლკ-მირსკის აცნობა, რომ მიხეილ შარვაშიძის აფხაზეთში ყოფნის უკანასკნელ ვადად 1 ოქტომბერი განისაზღვრა. იგი აღნიშნავდა, რომ იმპერატორი ძალიან იყო დაინტერესებული ამ საკითხით, ამიტომ მას სურდა გაეგო, როდის შეძლებდა ის აფხაზეთიდან გასვლას. მეფისნაცვალი იმედს გამოთქვამდა, რომ მიხეილ შარვაშიძე ბოლოს და ბოლოს შეასრულებდა მთავრობის მოთხოვნას, დანიშნულ ვადამდე გავიდოდა აფხაზეთიდან და ძალის გამოყენება საჭირო არ გახდებოდა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.182, ფურც.11-12).

მეფისნაცვლის წერილის მიღებისთანავე დ. სვიატოპოლკ-მირსკი 13 სექტემბერს სოხუმში გაემგზავრა, რათა პირადად ენახა მიხეილ შარვაშიძე, გაეგო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამბავი და აფხაზეთიდან დაუყოვნებლივ გასვლაზე დაეყოლიებინა. ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა მიხეილ შარვაშიძე ტყვარჩელში ნახა მწოლიარე ავადმყოფი. როგორც მას მოეჩვენა, ჯანმრთელობის მხრივ ის მართლაც მძიმე მდგომარეობაში იყო. მისმა მცდელობამ, დაეყოლიებინა აფხაზეთიდან დაუყოვნებლივ გასვლაზე, მიხეილ შარვაშიძეზე არ იმოქმედა. მან დ. სვიატოპოლკ-მირსკის განუცხადა, რომ დაუმსახურებელ შეურაცხყოფად მიაჩნდა მისთვის გამოცხადებული უნდობლობა, უსამართლო დაჟინება და დაჩქარება, რითაც მას აფხაზეთიდან დევნიდნენ და არც კი ეუბნებოდნენ სად იცხოვრებდა. ამ უსამართლობას ის მიაწერდა არა იმპერატორს, არამედ კავკასიის რუსულ ადმინისტრაციას, თუმცა მისი საუბრიდან კარგად ჩანდა, რომ მშვენივრად იცოდა ვისგან მოდიოდა ყოველივე. ის ამტკიცებდა, რომ მისი ყოფნა აფხაზეთში საზიანო კი არ იქნებოდა ხელისუფლებისათვის, არამედ, პირიქით - სასარგებლო. რუსეთის ხელისუფლებისათვის აფხაზეთის გადაცემას ის თავის დამსახურებად წარმოაჩენდა და ელოდებოდა არა რისხვას იმპერატორისაგან, არამედ მის მოწყალებას (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.182, ფურც.5).
დ.სვიატოპოლკ-მირსკი მას არწმუნებდა, რომ ყველა უსიამოვნება, რომელსაც ყოფილი მთავარი განიცდიდა, აფხაზეთიდან გასვლის შესახებ იმპერატორის ბრძანების შეუსრულებლობის გამო ხდებოდა; არ არსებობდა მაგალითი, რომ მმართველობიდან გადაყენებული მთავარი თავის ყოფილ სამფლობელოში დაეტოვებინათ.

მიხეილ შარვაშიძე კვლავ ითხოვდა საცხოვრებლად აფხაზეთში დატოვებას, ხოლო თუ ეს შეუძლებელი იქნებოდა, მაშინ ზამთარში ქუთაისში, ზაფხულში კი რაჭაში ცხოვრების ნებას, მიწის გამოყოფას ქუთაისის მაზრაში და მცირე მიწის ნაკვეთს რაჭაში აგარაკის ასაგებად. ასეთ პირობებში ის მზად იყო 1 იანვრის შემდეგ გამგზავრებულიყო ქუთაისში. თუ ეს თხოვნა არ იქნებოდა გათვალისწინებული, იგი იმპერატორს მიანდობდა თავისი შვილების ბედს და ითხოვდა იერუსალიმში წასვლის ნებას, სადაც მაცხოვრის საფლავთან სიკვდილს დაელოდებოდა, "წინააღმდეგ შემთხვევაში, - აღნიშნავდა იგი დ. სვიატოპოლკ-მირსკისთან საუბარში, - წამათრიეთ აქედან ძალით და დაე მთელმა ქვეყანამ დაინახოს თქვენი უსამართლობა და სისასტიკე" (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.182, ფურც.5-6).

20 სექტემბერს დ. სვიატოპოლკ-მირსკიმ მეფისნაცვალს მიხეილ შარვაშიძესთან შეხვედრის შესახებ წერილით აუწყა. იგი გულახდილად წერდა, რომ აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღებისას ხელისუფლება მიხეილ შარვაშიძისგან აშკარა თუ ფარულ წინააღმდეგობას მოელოდა, ამიტომ საჭიროდ იყო მიჩნეული მისი აფხაზეთიდან გასახლება რუსული მმართველობის შემოღებამდე ან მას შემდეგ მაშინათვე, მაგრამ ხელისუფლების შიში არ გამართლდა; მიხეილ შარვაშიძემ აფხაზეთის მართვა რუსულ ადმინისტრაციას პირველსავე მოთხოვნაზე გადასცა. ახლა კი იგი მხოლოდ პირადი ცხოვრების მოწყობაზე ზრუნავდა. ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის აზრით, მიხეილ შარვაშიძეს სრული საფუძველი ჰქონდა შეურაცხყოფილად ეგრძნო თავი ხელისუფლების მხრიდან უნდობლობის გამო. მისი აფხაზეთში ყოფნა სერიოზულ უხერხულობას არ ქმნიდა; ის არ ეწინააღმდეგებოდა მთავრობის ღონისძიებებს, განმარტოებით ცხოვრობდა და არავითარ საქმეებში არ ერეოდა; მისი აფხაზეთში ყოფნა საშიში იქნებოდა მხოლოდ ომის ან სხვა გართულების შემთხვევაში, ამიტომ მიხეილ შარვაშიძის და მისი შვილების აფხაზეთში დროებით, 1 იანვრამდე დატოვებას შესაძლებლად თვლიდა. რამდენად ჩქარა გავიდოდა ის აფხაზეთიდან, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ძალის გამოყენება ავადმყოფი, მოხუცი, მისი წოდების ადამიანის მიმართ გაუმართლებლად მიაჩნდა. ამასთან, ყოფილი მთავარი მართლაც ძალიან ავად იყო და მგზავრობა მის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებდა. ამიტომ შესაძლებლად მიაჩნდა მის საბოლოო საცხოვრებლად იმერეთის განსაზღვრა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.182, ფურც.7-8). ა. კარცოვისადმი წერილში იგი წერდა, რომ მთელი ძალისხმევა გამოიყენა, რათა მიხეილ შარვაშიძე დაეთანხმებინა აფხაზეთის დატოვებაზე, თუმცა იმასაც აღიარებდა, რომ ის ნამდვილად ძლიერ ავად იყო. ამასთან, მისი აზრით, ძალზე სამწუხარო ფაქტი იქნებოდა ძალის გამოყენება იმ კაცის მიმართ, რომელიც გენერალ-ადიუტანტის წოდებას ატარებდა; მიხეილ შარვაშიძე არ უნდა დარჩენილიყო აფხაზეთში და არც დარჩებოდა, მაგრამ აჩქარების საჭიროებას ვერ ხედავდა. ყოფილი მთავრის სიჯიუტე გამოწვეული იყო იმით, რომ არ იცოდა რა მოელოდა რუსეთში. მას სავსებით ბუნებრივად მიაჩნდა აფხაზეთის ყოფილი მთავრის სურვილი, ეცხოვრა იმ ქვეყანაში, სადაც კლიმატი და ადათ-წესები მისი ცხოვრების წესის შესაფერისი იყო, ხოლო ავადმყოფობის პირობებში რუსეთში გადასახლება სიკვდილის განაჩენის ტოლფასი იყო მისთვის (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.184, ფურც.2).

მოგვიანებით, ოქტომბრის დასაწყისში დ. სვიატოპოლკ-მირსკიმ თავისი მოსაზრებები აფხაზეთის საკითხზე წერილობით ჩამოაყალიბა. იგი კვლავაც თავის აზრზე რჩებოდა მიხეილ შარვაშიძის აფხაზეთიდან გასახლებასთან დაკავშირებით და თვლიდა, რომ ყოფილი მთავრის წინააღმდეგ ძალის გამოყენება სკანდალს გამოიწვევდა. ამასთან, ყოფილი მთავრის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევაში შეიძლებოდა აფხაზებს მისთვის მხარი დაეჭირათ. ასეთ შემთხვევაში ხელისულებას ენერგიულად უნდა ემოქმედა, ესარგებლა მათ მიერ იარაღის აღებით, აფხაზეთიდან გაესახლებინა მთელი მაჰმადიანი მოსახლეობა და შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გაწმენდა რუსეთისადმი მტრულად განწყობილი მოსახლეობისაგან ამით დაესრულებინა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.182, ფურც.17). 

11 ოქტომბერს მიხეილ რომანოვი სოხუმში ჩავიდა. მისი აზრით, რადგან მიხეილ შარვაშიძე ხელისუფლებას პრობლემას არ უქმნიდა, ამასთან მისი ავადმყოფობისა და ასაკის გათვალისწინებით, აფხაზეთის ყოფილ მთავარს მოწყალედ უნდა მოქცეოდნენ. არსებულ ვითარებაში შეიძლება უფრო სწორი ყოფილიყო ნება დაერთოთ ყოფილი მთავრისთვის, 1 იანვრამდე დარჩენილიყო აფხაზეთში ან გაზაფხულამდეც კი; მის საცხოვრებლად განესაზღვრათ კავკასია, კერძოდ, ქუთაისისა და რაჭის მაზრები. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა მისი იძულება, დაეტოვებინა აფხაზეთი და უკვე არ გაეთვალისწინებინათ სხვა მიზეზები, რადგან ყველა მისი თხოვნა შესრულდა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.102). მეფისნაცვალი მზად იყო მიხეილ შარვაშიძისათვის გამოეცხადებინა ეს გადაწყვეტილება და იმპერატორის წინაშე შესაბამისი შუამდგომლობა აღეძრა, მაგრამ მოულოდნელად ვითარება რადიკალურად შეიცვალა. აფხაზეთის ყოფილ მთავარს როგორც ჩანს ნერვებმა უმტყუნა და განწირული ნაბიჯი გადადგა. მოსახლეობის ნაწილთან ერთად მან თურქეთში გადასახლება გადაწყვიტა და ასეთი თხოვნით პორტას მიმართა. 29 ოქტომბერს მეფისნაცვლის დიპლომატიურმა კანცელარიამ მიიღო კონსტანტინოპოლში რუსეთის ელჩის, გენერალ-ადიუტანტ ნ. იგნატიევის უწყება, რომ ბრწყინვალე პორტამ მიიღო აბაზების მთავრის ჰამიდ-ბეის თხოვნა, მიეცათ მისთვის თურქეთში ჩასვლის ნება და ამ მიზნით სოხუმში გემი გამოეგზავნათ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი-ფაშამ ნ. იგნატიევს განუცხადა, რომ განზრახული ჰქონდა ამ მთიელთა გადმოსაყვანად სოხუმში სამხედრო გემები გაეგზავნა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.104).

თურქები, ჩვეულებრივ, XVI საუკუნიდან აფხაზებს აბაზების სახელით მოიხსენიებდნენ. XIX საუკუნეში, ხშირად, რუსულ დოკუმენტებშიც აფხაზები აბაზების სახელით მოიხსენიებოდა. ნ. იგნატიევმა კავკასიის ადმინისტრაციისაგან შეიტყო, რომ ჰამიდ-ბეის სახელით თურქეთში მიხეილ შარვაშიძეს იცნობდნენ. მაშინ რუსეთის ელჩმა ალი-ფაშას მოსთხოვა ასეთ მცდელობაზე უარი ეთქვა. მან განმარტა, რომ მიხეილ შარვაშიძე იყო იმპერატორის გენერალ-ადიუტანტი და მისი თურქეთში გადასახლება უხერხულობას შექმნიდა, საკითხის ასე დასმის გამო კი ის რუსეთის კანონებით დასჯას ექვემდებარებოდა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.106-107).

მიხეილ შარვაშიძის თურქეთთან ურთიერთობის შესახებ ცნობის მიღებისთანავე, 31 ოქტომბერს, დ. სვიატოპოლკ-მირსკიმ სოხუმში პოდპოლკოვნიკი გრაფი პ. ქუთაისოვი გააგზავნა აფხაზეთის ჯარების სარდალთან, რომ მას დაუყოვნებლივ დაეპატიმრებინა მიხეილ შარვაშიძე და სოხუმში ჩაეყვანა. იმავდროულად, 1 ნოემბერს, მან წერილი გაუგზავნა მეფიცნაცვალს, რომელიც ყირიმში ისვენებდა და აფხაზეთის ყოფილი მთავრის პორტასთან ურთიერთობის თაობაზე აცნობა. ამ ცნობის მიღებისთანავე მიხეილ რომანოვი სასწრაფოდ ჩამოვიდა თბილისში. მისი აზრით, მიხეილ შარვაშიძის არათუ ქუთაისში, არამედ, საერთოდ, კავკასიაში დატოვებაზე უკვე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.111-112).

დ. სვიატოპოლკ-მირსკის ბრძანება პ. შატილოვმა 1-დან 2 ნოემბრის ღამით მიიღო და მისი შესრულებისათვის მზადებას დაუყოვნებლივ შეუდგა. 2 ნოემბერს განზრახული იყო ლეიბ-გრენადერთა პოლკის ორი ბატალიონის გემით ფოთში გადაყვანა. პ. შატილოვმა გადაწყვიტა დავალების შესასრულებლად ეს ორი ბატალიონი და ოჩამჩირის კაზაკთა ასეული გამოეყენებინა. ზღვაზე ცუდი ამინდის გამო, გემში ჯარის ჩასხდომა 3 ნოემბრის ნაშუადღევამდე გაჭიანურდა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.182, ფურც.83).

მიხეილ შარვაშიძე იმხანად ოჩამჩირეში იმყოფებოდა. მასთან ერთად ოჩამჩირის სასახლეში იმყოფებოდნენ: აფხაზეთის ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე (1862-1869), მისი მოძღვარი, დეკანოზი ბასილ მიქაბერიძე, მთავარდიაკვნები - ივანე თვალთვაძე და იოსებ ტიტვინაძე, მედავითნეები - გრიგოლ კასრაძე და ალექსი დგებუაძე, ასევე მისი მოსამსახურეები: ბაზიერი - ოტია კახიანი, მემიმინოვე - მანჩა შარაშენიძე, მემეძებრე - ბესო მიქელაძე და სხვები. ნოემბრის მშვენიერი, თბილი ამინდები იდგა. მთავარს ნადირობა მოესურვა და ტყვარჩელის აბანოების მახლობლად, სოფელ კვასკესკენ გაემართა ამალით (თ.სახოკია,1985: 392).

3 ნოემბრის მთვარიანი ღამე იყო. დაახლოებით 23 საათი იქნებოდა, როცა ოჩამჩირის ნავსადგურში სამი გემი შევიდა, საიდანაც სასწრაფოდ გადმოსხდა ჯარი. მას ოჩამჩირეში მდგარი კაზაკთა ას

მოქვის ტაძარი, შარვაშიძეთა საძვალე
ეულიც შეუერთდა. ჯარმა ალყა შემოარტყა ყოფილი მთავრის სასახლეს და ყოველი ღონე იხმარა, რომ იქიდან არავინ გასულიყო. ყოფილი მთავრის უფროსი მსახური და მოლარე ქუთია კოზმავა მიხვდა, რომ ეს ჯარი სასიკეთოდ არ იქნებოდა მოსული, თვალსა და ხელს შორის გასხლტა და თავის ბატონთან გაიქცა ამბის შესატყობინებლად (თ.სახოკია, 1985: 392).

4 ნოემბერს, განთიადისას, დაახლოებით 5 საათზე პ. შატილოვმა შეძლო კაზაკთა ასეულის და ქვეითთა ორი ასეულის სოფ. კვასკეში გაგზავნა პ. ქუთაისოვის მეთაურობით. კოლონას აბჟუის ოლქის უფროსი, მაიორი ი. კიშელსკი ახლდა. პ. შატილოვი ფიქრობდა, რომ მიხეილ შარვაშიძე ადვილად არ დანებდებოდა და შეიძლებოდა აფხაზები აჯანყებულიყვნენ, ამიტომ გაგზავნა ამდენი ძალა, მაგრამ მაინც ვერ დამშვიდდა და 6 საათისთვის თვითონაც დაიძრა სოფელ კვასკესკენ ორი ბატალიონით, ხოლო ოჩამჩირეში ორი ასეული დატოვა, რომელიც დაბას შემოერტყა და არავის უშვებდა (თ.სახოკია, 1985: 392).

ქუთია კოზმავამ დაასწრო რუსთა რაზმს და მოასწრო ყოფილი მთავრის გაფრთხილება. მიხეილ შარვაშიძემ რამდენიმე ერთგული კაცი იახლა და სოფელ გუფუსკენ გაემართა მარშანიებთან, უმცროსი შვილის - არზაყანის (მიხეილის) აღმზრდელებთან და დახმარება სთხოვა, მაგრამ მარშანიებმა სანუგეშო ვერაფერი უთხრეს, რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილებს ომში გაუწვრთნელი აფხაზები წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ და ტყუილად სისხლი დაიღვრებაო. მიხეილ შარვაშიძე ბედს შეურიგდა და გუფუდან ჯარის შესახვედრად გაემართა (თ.სახოკია, 1985: 393).

პ. ქუთაისოვის კოლონამ კვასკეში მიხეილ შარვაშიძეს ვერ მიუსწრო. ღამის 23 საათზე პ. შატილოვიც ჩავიდა კვასკეში, სადაც მას აცნობეს, რომ ყოფილი მთავარი სოფელ გუფუს გავლით დალის მიმართულებით გაიქცა და რომ მისი მომხრეები ავრცელებდნენ ხმებს, თითქოს რუსის ჯარი აფხაზეთს აიკლებდა. ამ ხმების გამო მოსახლეობა ტოვებდა სოფლებს და ტყეს აფარებდა თავს. პ. შატილოვმა გარკვეული ზომები მიიღო ხალხის დასამშვიდებლად და გუფუსკენ გაემართა. ამ დროს ი. კიშელსკისთან მოვიდა მიხეილ შარვაშიძის გამოგზავნილი კაცი და მასთან შესახვედრად სოფელ თხინაში მიიწვია. პ. შატილოვმა ყოფილ მთავართან შესახვედრად დაუყოვნებლივ გააგზავნა ი. კიშელსკი და პ. ქუთაისოვი, რომელთაც დაავალა იგი ქუთაისში წასვლაზე დაეყოლიებინათ (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.84).

დაახლოებით 2.30 სთ. პ.შატილოვმა პ.ქუთაისოვისგან ცნობა მიიღო, რომ ისინი მიხეილ შარვაშიძესთან ერთად სოფელ კვასკესაკენ მიემართებოდნენ. ამ ცნობის მიღებისთანავე პ.შატილოვიც იქით გაემართა. როდესაც იგი კვასკეში ჩავიდა, მიხეილ შარვაშიძე იქ დახვდა. იგი თავის გაქცევას ხსნიდა იმ პანიკური შიშით, რომელიც ჯარის მოულოდნელმა გამოჩენამ გამოიწვია. ყოფილი მთავარი დარწმუნებული იყო, რომ ქუთაისში უნდა გაეგზავნათ და აღნიშნა, რომ სრულიად ემორჩილებოდა ბრძანებას, ამასთან ოჩამჩირეში ქონების გარკვეული ნაწილისთვის თავის მოსაყრელად და მოსამზადებლად დრო ითხოვა. მიხეილ შარვაშიძემ სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსს შესთავაზა კაზაკთა ასეული და ქვეითთა ჯარი ოჩამჩირეში გაეგზავნა და პირობა მისცა, რომ შეასრულებდა ბრძანებას მხარის დატოვების შესახებ. იგი უსიტყვოდ ემორჩილებოდა ყველა განკარგულებას, ამიტომ პ.შატილოვს მის მიმართ მკაცრი ზომები არ მიუღია(სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.84,85).

ყოფილი მთავრის ოჩამჩირეში ჩაყვანის შემდეგ ხმა გავრცელდა, რომ ის ქუთაისში უნდა გამგზავრებულიყო. ოჩამჩირეში თავი მოიყარეს სოხუმისა და ბზიფის ოლქების თავად-აზნაურებმა. მათ გამოუცხადეს, რომ ნებას რთავდნენ გაეცილებინათ მთავარი. 4 ნოემბერს დ. სვიატოპოლკ-მირსკიმ მიიღო მეფისნაცვლის ბრძანება ყოფილი მთავრის ნოვოროსიისკში გაგზავნის შესახებ. იქიდან ის სტავროპოლში უნდა გადაეყვანათ, სადაც შემდგომ განკარგულებას დაელოდებოდა. მას შეეძლო თან წაეყვანა მცირეწლოვანი შვილი და სამი მოსამსახურე. მის გამცილებლად საგანგებო დავალებათა მოხელე, შტაბს-კაპიტანი თავადი მიხეილ ამირეჯიბი დაინიშნა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.82,105).

ოჩამჩირეში მიხეილ შარვაშიძემ შეამჩნია, რომ მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ამაში ის კიდევ უფრო დარწმუნდა, როდესაც თურქეთთან ურთიერთობის გამო ახსნა-განმარტება მოსთხოვეს. ის თავს იმართლებდა, რომ თურქეთიდან მოითხოვა გემი იერუსალიმში წასასვლელად და ვერაფრით იფიქრებდა, რომ მთავრობისთვის ეს მიუღებელი იქნებოდა, მითუმეტეს, რომ იერუსალიმში გამგზავრების ნებართვა მეფისნაცვალს ადრევე სთხოვა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.86). 

მიხეილ შარვაშიძის გამგზავრების დღედ 7 ნოემბერი დაინიშნა. ოჩამჩირის ნავსადგურში იდგა კორვეტი "სოკოლი", რომელსაც ყოფილი მთავარი უნდა წაეყვანა. სანაპიროზე უამრავ ხალხს მოეყარა თავი. პ. შატილოვიც ნაპირზე უცდიდა მიხეილ შარვაშიძის მოსვლას. როცა მიხეილ შარვაშიძე ნავმისადგომზე მოვიდა, პ. შატილოვმა ის გემზე ააცილა. მთავარმა ნაღვლიანად გადმოხედა ნაპირს, თითქოს გრძნობდა, რომ უკანასკნელად ხედავდა მშობლიურ მხარეს, გული აუჩუყდა, თვალებზე ცრემლი მოადგა და მზერა მოარიდა. მიხეილ შარვაშიძეს მხოლოდ რამდენიმე მსახური ახლდა. ნებართვის მიუხედავად მას მცირეწლოვანი შვილი მიხეილი (არზაყანი) არ წაუყვანია. გემი დაიძრა და ფოთის მიმართულებით გაემართა, მაგრამ მალე კურსი შეცვალა და ნოვოროსიისკისკენ აიღო გეზი. ოჩამჩირის ნავსადგურში თავმოყრილმა ხალხმაც დაინახა გემის კურსის შეცვლა და მიხვდა, რომ უკანასკნელად ხედავდნენ მთავარს, მაგრამ დაბაში დატოვებული ჯარის შიშით პროტესტის გრძნობა გულში ჩაიკლა (თ.სახოკია, 1985: 393-394).

იმავე დღეს პ. შატილოვმა დ. სვიატოპოლკ-მირსკის დეპეშით აცნობა, რომ 7 ნოემბერს, ნაშუადღევს, 17 საათსა და 30 წუთზე მიხეილ შარვაშიძე კორვეტ "სოკოლით" ოჩამჩირიდან ნოვოროსიისკში გაამგზავრა. იმავე დგეს, პ. შატილოვის დეპეშის მიღებისთანავე, დ. სვიატოპოლკ-მირსკიმ ასევე დეპეშით აუწყა მეფისნაცვალს მიხეილ შარვაშიძის ნოვოროსიისკში გადაგზავნის შესახებ. იგი აქვე აღნიშნავდა, რომ ამას წინააღმდეგობა არ მოჰყოლია და აფხაზეთში სიმშვიდე იყო (სცსსა,ფ.545,აღწ.1,ს.75, ფურც.39). 

მიხეილ შარვაშიძე ნოვოროსიისკში ჩაიყვანეს და იქაური გარნიზონის უფროსს ჩააბარეს, მაგრამ მალევე, მ. ამირეჯიბის თანხლებით, სტავროპოლში გადააგზავნეს უკვე ყოველგვარი პატივის გარეშე. 23 ნოემბერს მიხეილ შარვაშიძე სტავროპოლში ჩაიყვანეს და სასტუმრო "ევროპაში" დააბინავეს. მასთან იმყოფებოდა მ. ამირეჯიბიც. მიხეილ შარვაშიძეს პოლიციის გაძლიერებული მეთვალყურეობა დაენიშნა, ამასთან შიკრიკად ორი კაზაკი მიუჩინეს. სასტუმროში ღამით ორ გუშაგს აყენებდნენ თითქოსდა წესრიგის დასაცავად, რომელთაც დღისით ხსნიდნენ. ფარული მეთვალყურეობის დაწესების შესახებ მთავრისთვისაც ცნობილი იყო. ხელისუფლება ფრთხილობდა: ამირეჯიბი ავად იყო, მას თვალები სტკიოდა, მიხეილ შარვაშიძეს კი შვიდი მოსამსახურე ახლდა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.108,125). ამითაც იყო გამოწვეული ეს სიფრთხილე, თუმცა ალბათ უსაფუძვლოდ. მთავარი სერიოზულად იყო ავად და არავის იღებდა.
1865 წლის 15 იანვარს მიხეილ რომანოვმა დ. მილიუტინს შესთავაზა, რომ, რადგან მიხეილ შარვაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტი იყო და ჩრდილოეთის კლიმატს ვერ გადაიტანდა, მის საცხოვრებლად განსაზღვრულიყო ხარკოვი, ვორონეჟი ან სამხრეთ რუსეთის რომელიმე სხვა ქალაქი. ამასთან, იგი შეეხო მიხეილ შარვაშიძის თურქეთთან კავშირის საკითხს, რაც შეუფერებლად მიაჩნდა მისი წოდებისთვის, და წინადადება წამოაყენა ჩამოერთმიათ მისთვის იმპერატორის გენერალ-ადიუტანტის წოდება; აგრეთვე, აღძრა შუამდგომლობა მისთვის ჯამაგირის დანიშვნის თაობაზე. მეფისნაცვლის აზრით, ყოფილი მთავარი არ უნდა შეეზღუდათ ოჯახის წევრებისა და თანმხლებ პირთა შერჩევაში, რომელთაც ის თან წაიყვანდა; მითუმეტეს, როდესაც მას შესაბამისი ანაზღაურება დაენიშნებოდა, თანმხლებ პირებზე ხარჯები უკვე არა ხაზინის, არამედ მისი პირადი საქმე იქნებოდა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.112-113). სულ მალე, 2 თებერვალს დ. მილიუტინმა მიხეილ რომანოვს აცნობა, რომ იმპერატორის ბრძანებით მიხეილ შარვაშიძის საცხოვრებლად ქ. ვორონეჟი განისაზღვრა. ვორონეჟის გუბერნატორს უნდა დაკისრებოდა თვალყურის დევნება მის გაუსვლელობასა და შემდგომ ქცევაზე; მიხეილ შარვაშიძეს და მისი ოჯახის წევრებს შესაბამისი ჯამაგირი ენიშნებოდათ (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.115).

სტავროპოლის ცივმა კლიმატმა მიხეილ შარვაშიძის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა. იგი უფრო ცუდად გახდა და დამოუკიდებლად ოთახში გადაადგილებაც არ შეეძლო. 7 მარტს მან წერილი გაუგზავნა კავკასიის მეფისნაცვალს და თავისი უკიდურესად მძიმე მდგომარეობა აუწყა. ის იმპერატორთან შუამდგომლობას ითხოვდა, რათა ნება დაერთოთ სამკურნალოდ გერმანიაში ან საფრანგეთში წასულიყო, ხოლო დაბრუნებულისთვის საცხოვრებლად განესაზღვრათ კავკასიის მხარე, თუ შესაძლებელი იქნებოდა, ვლადიკავკაზი ან პიატიგორსკი, სადაც კლიმატი უფრო ასატანი იქნებოდა როგორც მისთვის, ისე მისი შვილებისთვის, რომლებთანაც სურდა დარჩენილი დღეები გაეტარებინა. ყოფილი მთავარი მეფისნაცვალს სთხოვდა გაეთვალისწინებინა 60 წლის მოხუცის თხოვნა, მისი 42 წლის არცთუ უსარგებლო სამსახური და დიდი ხნის ავადმყოფობა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.118-119). მაგრამ მეფისნაცვალი ნაწყენი იყო თურქეთთან მისი ურთიერთობის გამო, და როგორც ა. კარცოვმა ყოფილ მთავარს აუწყა, დიდი მთავარი საზღვარგარეთ მისი გაშვების წინააღმდეგი იყო, მითუმეტეს, რომ უკვე იმპერატორის ბრძანებით მის საცხოვრებლად ვორონეჟი განისაზღვრა. ამის შემდეგ მას შუამდგომლობის თხოვნით ვორონეჟის გუბერნატორისთვის უნდა მიემართა (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.121).

მიხეილ შარვაშიძე ჯერ კიდევ არ ჰკარგავდა აფხაზეთში დაბრუნების იმედს, მაგრამ ამაოდ. 1865 წლის 25 მაისს სტავროპოლიდან გავიდა კოლონა, რომელსაც აფხაზეთის ყოფილი მთავარი ვორონეჟში უნდა ჩაეყვანა(სცსსა,ფ.416,აღწ.3,ს.177,ფურც.124). ნოვოროსიისკიდან როსტოვამდე გზად მიხეილ შარვაშიძე ცუდად გახდა. 23 ივლისს მან როსტოვიდან დეპეშით აუწყა დ. მილიუტინს თავისი მძიმე მდგომარეობა და იმპერატორთან შუამდგომლობა სთხოვა. ყოფილი მთავარი ითხოვდა სამხრეთ რუსეთის რომელიმე ქალაქში - როსტოვში, ტაგანროგში, ოდესაში ან ნოვოჩერკასკში დაეტოვებინათ, რადგან ცენტრალური რუსეთის მკაცრი კლიმატი მასზე და მის სამ არასრულწლოვან შვილზე ცუდად იმოქმედებდა (სცსსა,ფ.545,აღწ.1,ს.75, ფურც.67-69). მიხეილ შარვაშიძე დარწმუნებული იყო, რომ მთავრობისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა სად იცხოვრებდა ის, ვორონეჟში თუ სამხრეთ რუსეთის რომელიმე ამ ქალაქში, ამიტომ ჩათვალა, რომ მის თხოვნას დააკმაყოფილებდნენ და როსტოვში ჩამოაყვანინა ბავშვები - არზაყანი (მიხეილი) და ნინო, ელოდა უმცროს ასულსაც - ბარბარეს (სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.182, ფურც.21). 25 ივლისს დ. მილიუტინმა მიხეილ შარვაშიძეს აცნობა, რომ მისი თხოვნა გააცნო ალექსანდრე II-ს, მაგრამ ამ უკანასკნელმა განკარგულების უსიტყვოდ შესრულება ბრძანა(სცსსა,ფ.545,აღწ.1,ს.75, ფურც.70). ამდენად, ყოფილ მთავარს უკანასკნელი იმედიც გადაეწურა.

1865 წლის 29 ივლისს როსტოვიდან გავიდა კოლონა, რომელმაც მიხეილ შარვაშიძე 17 აგვისტოს ვორონეჟში ჩაიყვანა(სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177, ფურც.128). მიიწურა ზაფხული, გაილია სექტემბერ-ოქტომბრის შედარებით თბილი დღეები და ნოემბრიდან უკვე საკმაოდ აცივდა. შესაბამისად, მიხეილ შარვაშიძის მდგომარეობაც დამძიმდა. ბავშვები ვერ იტანდნენ რუსეთის მკაცრ კლიმატს და 30 გრადუსიან ყინვაში მუდმივად ავადმყოფობდნენ, რის გამოც მოხუცი, ავადმყოფი მთავრის ტანჯვა კიდევ უფრო იზრდებოდა. 23 დეკემბერს მიხეილ შარვაშიძემ წერილი გაუგზავნა მეფისნაცვალს, აუწყა მისი და შვილების მძიმე მდგომარეობა, და სთხოვა უფროსი შვილის გიორგის შვებულებით დათხოვნა სამსახურიდან ერთი წლით, რათა მამასთან ჩასულიყო; მოხუცს სასიამოვნოდ დარჩებოდა, რომ გიორგი სიკვდილის წინ მის გვერდით იყო(სცსსა,ფ.545,აღწ.1,ს.75, ფურც.71-72). 

1866 წლის დასაწყისში, ძმამ, კონსტანტინემ, მიხეილს ვორონეჟში ჩაუყვანა უმცროსი ასული ბარბარე, რაც ავადმყოფს დიდად ესიამოვნა. მარტში ა. კარცოვმა აფხაზეთის ყოფილ მთავარს აუწყა, რომ მისი საზღვარგარეთ გაშვება მეფისნაცვლის უფლებებს აღემატებოდა და ასეთი თხოვნით მას შინაგან საქმეთა ან სამხედრო მინისტრისთვის უნდა მიემართა; რაც შეეხება გიორგის შვებულებით გათავისუფლებას, მასზე დაკისრებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალების შესრულებამდე მეფისნაცვალმა ეს შეუძლებლად ჩათვალა (სცსსა,ფ.545,აღწ.1ს.75, ფურც.75-76).

შეიძლება ეს იყო ის უკანასკნელი წვეთი, რომელმაც აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის სიმწრის ფიალა შეავსო. სამშობლოში დაბრუნებაზე მეოცნებე მიხეილ შარვაშიძე 16 აპრილს ვორონეჟში გარდაიცვალა. ივლისში მისი ნეშტი აფხაზეთში ჩამოასვენეს და ანდერძისამებრ მოქვის ტაძარში, მეუღლის გვერდით დაკრძალეს (Кавказ,1866). უკანასკნელი სურვილი მაინც შეუსრულდა აფხაზეთის უკანასკნელ მთავარს - მისი ნეშტი მშობლიურმა მიწამ მიიბარა. საფლავზე გაკეთებული ქართული ასომთავრული წარწერა გვაუწყებს: ,,აქა განისვენებს მთავარი აბხაზეთისა მიხაილ გიორგის ძე შარვაშიძე, მიცვალებული 1866 წელსა". 


გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა

სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.177.
სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.178.
სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.182.
სცსსა,ფ.416, აღწ.3,ს.184.
სცსსა,ფ.545, აღწ.1,ს.75.
თ.სახოკია, 1985, - თ.სახოკია, მოგზაურობანი, ბათუმი,1985.
ბ.ხორავა, რუსეთის მიერ დასავლეთ კავკასიის დაპყრობა და აფხაზეთი, - ,,საისტორიო ძიებანი", VII, თბ., 2004.
А.Л.Зиссерман,1888, - А.Л.Зиссерман. Фельдмаршал Барятинский, т.II, М. 1888.
Кавказ,1866, - Кавказ,1866, #68.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq