საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

ლოვარდ ტუხაშვილი – პატარა კახის მხედრული ნათლობა
ლოვარდ ტუხაშვილი

...იდგა 1835 წლის გაგანია მკათათვე.

უთენია დააცხრა დაღესტნელ მოთარეშეთა რამდენიმე გუნდი ქიზიყის წინამხრის სოფლებს. დაარბიეს ჯუგაანი, ასანური, საქობო, ვაქირი, ანაგა. გაძარცვეს დიდი და პატარა, წაასხეს პირუტყვი, მოიტაცეს ქალები, ბავშვები, გადაბუგეს სახლები. მდიდარი ნარბევით გაეშურნენ ალაზნის ფონისკენ. უხაროდათ: ადვილი როდი იყო ქიზიყელთა დარბევა, თანაც უმსხვერპლოდ.

აი, გასცდნენ განაპირა დასახლებებს, შემოუარეს ,,ჭიან ტყედ’’ წოდებულ კორომებს და შესვენებაზეც იფიქრეს... არც დანაყრება და ნადავლის დათვლა-გაყოფა დავიწყებიათ.

სახიფათო თითქოს არაფერი ჩანდა, მაგრამ... უცებ მეხივით დაიჭექა ქართველთა საბრძოლო ყიჟინამ... აბრაგებს ელდა გაუათკეცდათ, როცა მდევრის მოთავე რაზმში კახეთის სამეფო დროშას მოჰკრეს თვალი. და ეს მაშინ, როცა თავდასხმის წინ მძარცველებმა თითქოს უტყუარი ცნობები შეკრიბეს: კახეთის მეფედ აღიარებული თეიმურაზ მეორე ფშავში იყო გახიზნული, ხოლო უფლისწულები, გარდაცვლილი დავით იმამ-ყული-ხანის - თეიმურაზ II-ის უფროსი ძმის, კახეთის მეფის გამაჰმადიანებული ვაჟები სპარსეთში იყვნენ გადახვეწილნი, ქიზიყის მოურავი კი ,,საენდრონიკო სოფლებში’’ მიმალულიყო...

მაშინ ვინ ააფრიალა სამეფო დროშა? ნუთუ თეიმურაზ II-ის ,,ძუძუმწოვარა ბალღმა’’, 15 წლის ერეკლემ გაბედა მახვილის აღმართვა? მაშ, დრო მოსულა ამ თავხედ ,,მგლის ლეკვს’’ დაუყოვნებლივ ასწავლონ ჭკუა...

დაღესტნელმა ავაზაკებმა რიხი არ გაიტეხეს და ქადილით დააწყვეს რაზმები. საბრძოლო თადარიგში შიშიც გაუქრათ. მათკენ ერეკლე ბატონიშვილი მოჰქროდა. მართლაც, პირად მცველთა და სახელდახელოდ შეკრებილ მცირერიცხოვან ამალას მედგრად მოუძღოდა...

და დაიწყო ნეიშნის ბრძოლა - ერეკლე II-ის საბრძოლო ნათლობა, რომელიც ჭაბუკი უფლისწულის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.

სანამ ამ გამარჯვების მნიშვნელობას განვსჯიდეთ, საჭიროდ მიგვაჩნია ნეიშნის ბრძოლის წინაისტორიას გავწვდეთ: XVIII საუკუნის 30-იანი წლები ქართველობისათვის ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი პერიოდი იყო. აღმოსავლეთ საქართველოში ბატონობისთვის კიდევ ერთხელ შეეჯახა ორი მტაცებელი: სულთანი და შაჰი. რასაკვირველია, ქართველობას არც ერთი არ ეხატა გულზე, მაგრამ ტაქტიკური მოსაზრებებით მმართველმა წრეებმა ,,სპარსული ორიენტაცია’’ არჩიეს და უკანასკნელთა მთავარსარდალს თამაზ-ყული-ხანს დაუჭირეს მხარი. ,,ტაქტიკური მოსაზრება’’ კი იმით იყო ნაკარნახევი, რომ სპარსეთი ქართველებს შინაგან ,,ავტონომიას’’ მაინც უტოვებდა, ამასთან, თამაზ-ყული-ხანი, რომელიც მალე სპარსეთის შაჰად ამაღლდა, ერთგვარ რელიგიურ შემწყნარებლობას იჩენდა, თანაც ამიერკავკასიიდან ერეკებოდა თურქ-ოსმალებს. 1725-1736 წლებში ქართლ-კახეთი თურქებმა სანჯაყებად - საკუთარ პროვინციებად გამოაცხადეს. სპარსეთს ,,ოსმალობის’’ ნაცვლად კი ყიზილბაშური მმართველობა შემოჰქონდა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელი, მაგრამ შედარებით უფრო რბილი. სხვა არჩევანი არ არსებობდა.

იმ წლებში ამიერკავკასიაში ოსმალური სამხედრო-ბიუროკრატიული აპარატის სათავეში იდგა ენერგიული ისაყ-ფაშა, რომელსაც რეზიდენცია ჰქონდა თბილისსა და ახალციხეში. ისაყ-ფაშა გამაჰმადიანებული ჯაყელი იყო. 1734 წელს ისაყ-ფაშამ ოსმალთა ჯარით ქიზიყის მაშინდელი ცენტრი - სოფელი მაღარო დაიპყრო. ხალხურ გადმოცემებში დღესაც მიუთითებენ ადგილს, სადაც ,,ურუმები’’ (ე.ი. ოსმალები) იდგნენ და საიდანაც ისინი აკონტროლებდნენ ქიზიყსა და მთელ კახეთს, თვალყურს ადევნებდნენ სპარსელთა მოძრაობას, უკავშირდებოდნენ დაღესტნელებს. ქიზიყელებმა თეიმურაზ II-ის მეთაურობით დიდად აზარალეს და უკუაქციეს ისაყ-ფაშა. მდინარე კელმეშურა ლამის დაგუბდა ჩახოცილი მტრის გვამებით. სპარსელთა შემოტევებმა კი ოსმალებს შურისძიების დრო აღარ მისცა: იმადაც იყო, რომ მათ ქიზიყს დაღესტნელი ფეოდალები მიუსიეს.

სიტუაცია გამძაფრდა. გახშირდა ,,ლეკიანობა’’. ოსმალეთის სულთნის უზენაესი ფირმანით კახეთი და ქიზიყი დაღესტნელ ნაიბებს გადაეცათ. თეიმურაზ II-მ განჯასთან მდგომ თამაზ-ყული-ხანს (ნადირ-შაჰს) მიაშურა და დახმარება სთხოვა. თეიმურაზ II იმ დროისათვის ყველაზე პოპულარული პიროვნება იყო საქართველოს უმაღლეს წრეებში და მშრომელი მოსახლეობაც იმედის თვალით შესცქეროდა მას. იგი კახელ ბაგრატიონებიდან ერთადერთი იყო, ქრისტიანად რომ დარჩა. ამასთან, როგორც დიდი ვახტანგ VI-ის სიძეს, გარკვეული გავლენა ჰქონდა ქართლშიც, სადაც რუსეთში გადახვეწილი ვახტანგ VI-ის ძლევამოსილ დაბრუნებას ჯერ კიდევ რეალურად მიიჩნევდნენ.

თავის მხრივ ნადირ-შაჰი ბოლომდე არ ენდობოდა აღიარებულ ქართველ ბატონიშვილს, ამიტომაც იგი სხვა ქართლ-კახელ დიდებულებთან ერთად საპატიო პატიმრობაში აიყვანეს. მართალია, ნადირ-შაჰი ოსმალებს ამიერკავკასიიდან ერეკებოდა, მაგრამ ქართველებისათვის როდი იკლავდა თავს - დიდი სპარსეთის იმპერიის აღდგენა ეწადა, ხოლო ,,გურჯისტანი’’ სპარსეთის ხელდებულ ქვეყნად მიაჩნდა.

თეიმურაზ II მაშინ 34 წლისა იყო. იპოვა შესაფერისი მომენტი და რამდენიმე მხლებელთან ერთად ხმლით გამოიკაფა გზა სამშობლოსაკენ, - ფშავს შეეხიზნა. ამასობაში აღმოსავლეთ საქართველოში ნამდვილი ,,მეორედ მოსვლა’’ იდგა. ომან ხერხეულიძის გადმოცემით, ოსმალებმა, მთიელმა მეკობრეებმა და ერთმანეთთან მოქიშპე თავადაზნაურობამ ისე გააპარტახეს მთელი ქვეყანა, რომ ,,შენობა აღარ იპოვებოდა ქართლსა შინა, თვინიერ ციხეთა და სიმაგრეთა’’. და მოხდა სასწაული: ,,გალეკდნენ ქიზიყელნი და გაღმამხრელნი’’, ე.ი. ,,პირი შეკრეს’’ ლეკებთან, გზა მისცეს საქართველოს სხვა პროვინციებისაკენ საკუთარი ხელშეუხებლობის პირობით.

იდგა საშინელი დრო: სოციალურ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა დრამატიზმმა უმაღლეს წერტილს მიაღწია, გაუთავებელ ომიანობას თან სდევდა დაუნდობელი კლასობრივი ბრძოლაც. ქიზიყში უკვე რამდენიმე საუკუნე აღარ არსებობდა თავადაზნაურული მიწათმფლობელობა, ამჯერად კი ქიზიყელებმა მოისურვეს, თავი დაეღწიათ სამეფო და სასულიერო დაქვემდებარებისგანაც. აქვე უნდა გავიხსენოთ: უფრო ადრე, 1699 წელს, მეორედ კი 1711 წელს, ქიზიყელები აჯანყდნენ ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრისა და ეპისკოპოსის წიმააღმდეგ. აიძულეს, შეემც

ირებინათ გადასახადები, გააუქმეს ე.წ. ,,რიგის ძროხის’’ გამოსაღები. ხელისუფლებმა ქიზიყელებს დაუთმეს ,,დროის სიავის’’ გამო. ეს ბრძოლები, მართალია, დემოკრატიული ხასიათისა იყო, მაგრამ ,,ქიზიყის გალეკება’’ უკვე სცილდებოდა კლასობრივ საზღვრებს და დეეთნიზაციის საშიში პროცესის დაწყებას ნიშნავდა. ქიზიყში მრავლად ,,ჩასხდნენ’’ დაღესტნელი მარბიელები და გაჩნდნენ მოლები. აქედან მოუხშირეს რბევა ქართლსა და კახეთს.

ქიზიყელთა მოულოდნელმა აქციებმა შეაძრწუნა მთელი კახეთი, მაგრამ სულით არ დაცემულან - განმტკიცდნენ უფრო. ნახევარ წელიწადს გრძელდებოდა ქიზიყელთა ყოყმანი. ლაღობდა მტერი - საქართველოს ებზარებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთის კარიბჭის უმტკიცესი ბურჯი.

მაგრამ ქიზიყელნი გონს მოვიდნენ, ერთბაშად გაწყვიტეს სამარცხვინო კავშირი და დაუნდობლად ამოხოცეს ჩამოთესლილი აბრაგები. გადმოცემის თანახმად, მოთარეშეთა ოცამდე ცნობილი ბელადი თავიანთი გუნდებიანად (დაახლოებით 3000-4000 კაცი) ერთ ღამეში ამოჟლიტეს. მთიდან უხმეს თეიმურაზ II-ს, ,,ყვეს მეფედ’’, მაგრამ თეიმურაზმა დიპლომატიური მოლაპარაკება ამჯობინა და კვლავ ნადირ-შაჰს დაუკრა თავი - გადაწყვიტა, სპარსეთზე დაყრდნობით მოეშორებინა ოსმალებიცა და დაღესტნელი ავაზაკებიც.

ამან უფრო მძიმე დღეში ჩააგდო ქიზიყი. შურისძიებით გახელებული ყოფილი მოკავშირეები უწყვეტი შემოტევებით იკლებდნენ მხარეს. ძალზე უთანასწორო იყო ძალები. XVIII საუკუნის 30-იან წლებში ქიზიყის მოსახლეობა 15-20 ათას სულს არ აღემატებოდა, დაღესტნის მთებში კი 600-700 ათასი სული ცხოვრობდა. გამოთვლილია, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველოზე სხვადასხვა დროს მოწყობილ თავდასხმებში მონაწილეობდა თითქმის 60-80 ათასი ,,გულხადარა’’ მეომარი, რომლებიც მთელ საქართველოს უტევდნენ ცალკე გუნდებად დაყოფილნი, მათი თარეში სწვდებოდა იმერეთს, ოდიშს, რაჭას, გურიას. ყველაზე ნაკლები მოძალადე ერთხანს ქიზიყზე მოდიოდა, რაც გამოწვეული იყო უკანასკნელთა შეუპოვრობით. მაგრამ 1735 წელს აბრაგები უკვე დასარბევად კი არა, შურისძიების მიზნით უტევდნენ ქიზიყს.

ქართველობას ჭეშმარიტი ლიდერი სჭირდებოდა. და აი, ამ ძნელბედობის ჟამს გაიბრწყინა, ჭაბუკი ერეკლე ბატონიშვილის სამხედრო ნიჭმა: 255 წლის წინათ, ჭაბუკმა ერეკლემ ნეიშნის ბრძოლა მოიგო!.. მოვუსმინოთ მემატიანეს: ,,მაშინ იყო ძე მეფისა თეიმურაზისა ირაკლი წლისა 15, რომელმან შემოიყარა ჯარი სოფლებიდან, ეწია ნეიშნის მინდორში და ძლიერად შემოეღობნენ ლეკნი. გარნა თვით ეს ყრმა, ძე მეფისა თეიმურაზისა ირაკლი, მეორედ შევიდა ჯარსა ლეკისასა და პირველად ამან მოკლა კაცი, ამის მხილველთა კახთა ერთნაირად მომართეს ყოვილი და წინ წარიქციეს ჯარი ლეკის, აჰყარეს ტყვენი და საქონელი, მოსწყვიტეს უმრავლესობა’’.

გამარჯვებული უფლისწული წმინდა ნინოს მონასტერში ავიდა, მოილოცა მოციქულთა სწორის საფლავი, აუნთო სანთელი ნაწამებ სამშობლოს.

ერეკლე ბატონიშვილი მაღაროში დაბანაკდა...

ნეიშნის მინდორზე მოპოვებულ გამარჯვებას უდიდესი მორალური მნიშვნელობა ჰქონდა. აშკარა გახდა, კახ ბაგრატიონთა ოჯახში დიდი მხედართმთავარი იზრდებოდა. აღფრთოვანებული ხალხი ზეიმობდა ჭაბუკი სარდლის მხედრულ ნათლობას. რა იცოდნენ მაშინ, რომ არწივის მართვესავით მომზირალი ბატონიშვილი იმ დღიდან მოყოლებული ხმალს ქარქაშში ვეღარ ჩააგებდა და 60 წლის განმავლობაში 70-ზე მეტ ბრძოლას მოიგებდა, ხოლო ნეიშნის გამარჯვებიდან ზუსტად 60 წლის შემდეგ კრწანისთან საშინელი მარცხის წუთებში 75 წლის მოხუცი მეფე ამაოდ ინატრებდა უდრეკ ქიზიყელებს, რომელთაც ბედის უკუღმართობით კრწანისში ვერ ჩააღწიეს!

სამ დღეს რეკდნენ ბოდბის მონასტრის ზარები, ცასა სწვდებოდა სიხარულის ყიჟინა. სწორედ მაშინ უწოდეს ქიზიყელებმა მომავალ მეფეს პატარა კახი. ეს მეტსახელი ჯერ მთიელებმა (თუშ-ფშავ-ხევსურებმა, თიანეთელებმა, დიდოელებმა) აიტაცეს, მოგვიანებით კი მთელმა საქართველომ შეისისხლხორცა. დიახ, პატარა კახი ჭაბუკ უფლისწულს მცირე ასაკის გამო შეერქვა, რამეთუ ერეკლე II გამორჩეულად ტანდაბალი არა ყოფილა, იგი შუა ტანის, მკვრივი აღნაგობის მამაკაცი იყო.

სად მდებარეობს ნეიშნის ველი? კითხვა დიდხანს უპასუხოდ რჩებოდა. საქმეს აძნელებდა ის გარემოება, რომ ეს ტოპონიმი დღეს დაკარგულია. ისტორიული წყაროებისა და ფოკლორული მასალის შესწავლა საშუალებას გვაძლევს, გაირკვეს ერეკლე II-ის პირველი სამხედრო ტრიუმფის ადგილმდებარეობა. პოლიექტოს კარბელაშვილის ,,ქრონიკებში’’ დაზუსტებულია, რომ ჭაბუკი უფლისწული დაღესტნელ მოთარეშეებს შეეტაკა ნეიშნის მინდორზე, ჭიან ტყესთან - ქიზიყიდან მარბიელთა უკუსვლის მომენტში. ამ დაზუსტებისას ავტორი ეყრდნობა რომელიღაც სიგელ-გუჯარს. პ. კარბელაშვილის ,,ქრონიკების’’ შედეგების წესი გვარწმუნებს, რომ მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, იგი ძირითადად სანდოა. მაშასადამე, გვაქვს საკმაოდ სწორი ორიენტირი - ჭიანი ტყე! ჭიანი ტყე კი, კარგად არის ცნობილი, მდებარეობს ქიზიყის ჩრდილო-დასავლეთით; ანაგის, ვაქირისა და საქობოს ბოლოს.

ტყე ვრცელი იყო, მდიდარი ფლორითა და ფაუნით. მრავლად იყო ირემი, ალაზანში კი თევზი, მათ შორის განთქმული ალაზნური ლოქო. თანდათან ტყე მეჩხერდებოდა, გაკაფეს საახოედ. ერთ-ერთი განაპირა ფართო ახო უნდა ყოფილიყო ნეიშნის მინდორი. მერე და მერე ტყე სრულიად გაჩეხეს. ქართველები ალაზნის მარჯვენა ნაპირს განგებ აშიშვლებდნენ მტრის შეფარებული თავდასხმების აღსაკვეთად, XIX საუკუნეში კი ქიზიყელებმა სახნავ-სათესი გაიფართოვეს. სადღეისოდ ოდესღაც ვრცელი ტყის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. ასე გაქრა ტოპონიმი ნეიშნის მინდორიც.

ნეიშნის მინდორზე დაიწყო ერეკლე II-ის ლეგენდარული ბატალიების ხანგრძლივი ეპოპეა. ამ ბრძოლიდან ორიოდე წლის შემდეგ პატარა კახი გაიწვიეს სპარსეთში და ნადირ-შაჰის არმიასთან ერთად მახვილით გაიარა ავღანეთი, სინდეთი, ბელუჯეთი, ინდოეთი, შევიდა შაჰ-ჯეჰან-აბადში... მოგვიანებით მეფე ერეკლე II მთელი კავკასიის პოლიტიკური ლიდერიც გახდა, მაგრამ პირველი საბრძოლო ნათლობის ხიბლი იმდენად ძლიერი იყო, რომ დიდ სარდალს მამაცი ქიზიყელებისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გრძნობა მთელი სიცოცხლის მანძილზე არ განელებია.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq