საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

მერაბ კოსტავა - გამოსათხოვარი ( კონსტანტინე გამსახურდიას გარდაცვალების წლისთავი)
მერაბ კოსტავა


არ მეგულება უკანასკნელ ხანებში უბედურება იმაზე მეტი, ვიდრე დიდი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას გარდაცვალება; უბედურება მრავალთათვის ეროვნული და ერთდროულად პიროვნულიც. ამგვარი გრძნობა დაეუფლა იმხანად, შეგნებულად თუ სტიქიურად, თითქმის ყველა ჭეშმარიტ ქართველს. ერი დასტოვა ერის სულის დიდმა ქურუმმა და მესაიდუმლემ, პირნათლად რომ აღასრულა ყოველივე მისდამი აღთქმული.

ქართველ ერს, მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებით უფსკრულისაკენ დაქანებულს, უთუოდ არ ეწერა დაღუპვა. სამეფოს მოშლა და რუსიფიკაცია, შემდეგ იდეოლოგიური დიქტატურის მარწუხები, პიროვნების უგულველყოფა, პარალელურად ადამიანების დემორალიზება, აკრძალვა ან შერყვნა ქართული ენისა, აი რაც აღბეჭდა ამ ხნის მანძილზე წყვდიადისაკენ დამავალმა მრუდმა საქართველოს ისტორიამ.

ერის სულმა კონსტანტინე გამსახურდია გრიგალთა შორის უმძაფრესის, მეოცე საუკუნის გრიგალთან საბრძოლველად მოავლინა. ილია ჭავჭავაძეს მეცხრამეტე საუკუნიდან მეოცისათვის რომ შემოეხედნა, უთუოდ მეტ პატივს მიაგებდა კონსტანტინე გამსახურდიას, ვიდრე ამ უკანასკნელმა მიაგო მას, რადგან ნიავის ქროლვად მოსჩანს მეცხრამეტე საუკუნის ქარი მეოცე საუკუნის გრიგალთან. ამ წითელ გრიგალს თავდაუზოგავად მოაჭენებდა უშემზარავესი მხედარი, ცეცხლშემართული აზრთა მმუსვრელი წითელი ცენზურა, მისთვის უცხო, მიუღებელ აზრებს ხშირად თავებიანად რომ ათიბავდა მათსავე მატარებელთ. კ. გამსახურდიამ კარგად უწყოდა, რომ ჭეშმარიტი მწერლობა მარტოოდენ ღვთის სამსახური როდია, არამედ ხალხისაც. ამიტომ მწერალი ვერ დარჩება პოლიტიკის გარეშე, რადგან ხალხის კეთილდღეობა ღრმადაა დაკავშირებული ერის ნორმალურ სახელმწიფოებრივ ცხოვრებასთან. ცხოვრებასთან, რომელიც მხოლოდ მისი ბუნებიდან, მისივე ხასიათიდან უნდა მომდინარეობდეს. ეს კი ერის თავისუფლების, მის ყოფაში სხვის ჩაურევლობას ჰგულისხმობს. თავიდანვე ალტერნატივის წინაშე დადგა მწერალი მთელი არსებით: ემოქმედნა იარაღით, როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს მამულის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის, თუ როგორც მწერალსა და კულტურტრეგერს ებრძოლა ქართული სიტყვის, ქართული კულტურის გადასარჩენად? გარკვეული ჭოჭმანის შემდეგ მან მეორე გზა აირჩია, რადგან თავზეით ძალა არ იყო: საქართველო საკუთარი ძალების ამარა ვერ გაუმკლავდებოდა ბოლშევიკურ რუსეთს. სინდისის შეურყვნელად ცხოვრება, მაღალმხატვრული სახეებისა და ქველი აზრების დანერგვა ხალხში შიშის დათრგუნვითა და დიდი რისკის გაწევით მეტნაკლებად მაინც შეიძლებოდა. იმ ვითარებაში ორი სიკეთიდან ერისათვის მან მეორე უფრო სასარგებლოდ მიიჩნია და მისიაც აქ გამოიკვეთა. სიტყვითა და კალმით უნდა შებმოდა იგი მეოცე საუკუნის გრიგალს უუფლებობის წყვდიად ღამეში. ამგვარ ყიამეთში უნდა აღეზევებინა კონსტანტინე გამსახურდიას მშობლიური ისტორია, ლიტერატურა, განებანა, შეემოსა, სული შთაებერა და გვირგვინი დაედგა იმ ენისათვის, რომელიც ცოცხალმკვდარი წამოაყენეს საფლავიდან მეცხრამეტე საუკუნის სამოციანელებმა.

იმთავითვე საღვთო ომი გამოუცხადა გამსახურდიამ ქართული ენის ყველა შემბილწველს, როგორც ქველი ვაჟკაცი მეუღლის ნამუსს, ისე უფრთხილდებოდა და იცავდა იგი მის სიწმინდეს. ვითარცა გააფთრებულმა ბერძნებმა გამოჰგლიჯეს ოდესღაც პატროკლეს ცხედარი მტარვალებს, ისე გამოჰგლიჯა მან ენა მცონარებისა და პრიმიტივიზმის კლანჭებს. თავისი ერთადერთი სწორი ენობრივი პოზიციის განხორციელებისას, სიგრძე-სიგანეში უნივერსალობას რომ ჰგულისხმობს, ხშირად მარტოდმარტო შთენილა იგი ტოტალური საზოგადოებრივი იგნორაციის წინაშე. ვერც მტერთა სიმრავლემ, ვერც ტვირთის სიმძიმემ ვერ მოსდრიკა სწორუპოვარი რაინდი, მისი წმინდა ხე ვერ გაახმო ჯოგის შებღავლებამ; მან სძლია თვალბედით საუკუნეთა სიმრუმეს და ქართული ენა რუსთველის ეპოქის ლიტერატურულ დონეზე აღაზევა. აქ არ ვაჭარბებთ და ამას მომავალი დაინახავს უფრო, რადგან რუსთაველიც ხომ იმდენად გვიახლოვდება რაც დრო გადის. ასეა: საუკუნეებს სიშორე უფრო აახლოებს, თუკი დრო-ჟამი სულით დაინაღმება.

ახლა მისი ბრძოლა ენათმეცნიერთა ნეგატიურ ნაწილთან, ყოველივე ახალსა და ცოცხალს რომ ებრძვის ენასა და ლიტერატურში? გრამატიკის უსულგულო დოგმებს, ან ჩონჩხს, ენისას მიიჩნევდნენ ნიადაგ ეს გვამის გამკვეთავნი მხატვრული შემოქმედების თაურად, ერეტიკოსებად მიითვლიდნენ ყველანაირ გაბედვას, თუმც ნებისმიერი იმათთაგანი პირისფარეშივით იდრიკებოდა კონსტანტინე გამსახურდიას ცეცხლოვანი სიტყვის წინაშე. მრავალი გალახულა ამგვარად მისი პირუთვნელი და მკაცრი კრიტიკის შოლტით, მისი ენობრივი პოზიციის სისწორე, მისი მიმართება მხატვრული სიტყვისადმი დღეს ეჭვს გარეშეა, რადგან ფაქტები სახეზეა: ვინც ებრძოდა ქართული ენის სტიქიას, როგორც კოჭლი იაკობი თავის მრისხანე ღმერთს. უბადლო მწვრთნელობა გასწია და ვისაც დღეს საქართველოში ცოტად თუ ბევრად ხეირიანი წერა შეუძლია, არ დარჩენილა მისი ცხოველმყოფელი გავლენის გარეშე.

ასე გადმოეფოფრება ხოლმე ცეცხლისფრთიანი გენია მწერლისა მომავალს, სწვავს, ეკიდება ყოველს, ვისაც გული პატრუქად უქცევია. მაგრამ გენიოსობისათვის როდი კმარა მარტოოდენ კარგი მწერლობა. თავად პიროვნება უნდა იყოს გენიალური, სრულქმნილი საკრავივით მრავალძალი, მახვილის, ლახვრისა თუ მშვილდის ფარდი სიჩაუქით დამცემი.

მსოფლიო თვალსაწიერის რომანისტი, ამ ჟანრის უპირველესი ქართველი ამაგდარი, ჩინებული მენოველე და მელექსე ამავე დროს ჩვენი დროის უპირველესი ვაჟკაციც იყო. ამისთვის ღაღადებენ მისი სწორუპოვარი გმირები, სულითა და დინამიკით განსმჭვალული სიუჟეტები, გონისწამღები პასაჟები, აწყვეტილი ბედაურებივით ემოციები და რაც მთავარია, მისი პუბლიცისტური შემოქმედება.ილიამ, როგორც ხანდაზმულმა სპასალარმა, გადასცა მას, ახალნერგს, ქართული პუბლიცისტიკის მრავალნაწრთობი მახვილი, რომელიც მან უმძიმეს ბრძოლებში შეუმწიკვლავად ატარა. კალმითა და სიტყვით, წერილებით თუ ტრიბუნიდან დაუზოგავად ებრძოდა კ. გამსახურდია ქართველი ხალხის, მისი კულტურის დაუძინებელ მტრებს, გადამთიელ შოვინისტებს, ანტიეროვნულ ელემენტებს, ლიტერატურულ ფალსიფიკატორებს, მავნე ,,მოღვაწეებს“. იგი თავისი კალმის ფარდი ორატორი იყო, ორივეკერძ მაგიური, ავისმჩხრეკელთა ძირსდამცემი სიტყვის მფლობელი. მის გარეშე საბჭოური პერიოდის ქართულ პუბლიცისტიკაში უთუოდ ვაკუუმი დაისადგურებდა. მისი ხმის დაურისხებლად ერთფეროვანი ცხოვრება ხალისსა და ინტერესს დაჰკარგავდა, თავდადრეკილი მორჩილებისა და კომპრომისის შმორით გაიჟღინთებოდა. მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ თუ გაჩნდნენ საქართველოში სხვა, ასე თუ ისე გაბედული პუბლიცისტები, ასე რომ, კონსტანტინე გამსახურდია ვაჟკაცობის დიდი მასწავლებელიც იყო. არა მარტოოდენ მწერლობა და პუბლიცისტიკა, მისი ბიოგრაფიაც აღსავსეა ვაჟკაცობის აღმაფრთოვანებელი მომენტებით. მამულის, ქართველი ხალხის სიყვარული განაზრახებდა მას ამგვარ საქმეთათვის. უბრალო მეომრად დაბადება უნატრია მას კიდეც დიდი თამარისა და ლაშა-გიორგის ეპოქაში. თუ როგორი მებრძოლი იქნებოდა იგი ჩვენი ისტორიის ამ უბრწყინვალეს ხანაში, ამისთვის ღაღადებენ მისი ქმედებანი ქართველთათვის ყველაზე მძიმე, ყველაზე შავბნელ დროში.

ოციან წლებში საზღვარგარეთიდან ჩამოსულ კონსტანტინე გამსახურდიას საბჭოთა მთავრობა ბრალად სდებს სამშობლოს ღალატს. იგი უმტკიცებს კომუნისტებს ამ ბრალდების სიმცდარეს და ჯიქურ მიახლის ორჯონიკიძეს: ,,ქართველი ხალხის ფიზიკური განადგურებისა რომ არ მშინებოდა, თქვენ და თქვენს მეთერთმეტე არმიას როსტოვს აქეთ არ გადმოგიშვებდითო“. სიტყვიერად მეორე სილაც აჭამა მწერალმა გადამთიელთა ჯარის მეგზურსა და წინამძღოლს; ერთხელ კონსტანტინე გამსახურდიამ და მისმა მეგობრებმა სახალისოდ შეიკერეს შავი ჩოხები. ოცდაოთხი წლის ამბები ახლად მომხდარი იყო, ამიტომ ხალხმა მათი მოქმედება გლოვის საპროტესტო გამოხატულებად მიიჩნია და მრავალმა მიბაძა მათ მაგალითს. იმჟამად მთავრობას ყველგან და ყველაფერში ორგანიზაცია ელანდებოდა და ადმინისტრაციული დაწოლითა და მუქარით ყველას გაახდევინეს შავი ჩოხები გამსახურდიას გარდა. ,,ჩემი ჩოხა შენ ხომ არ გიჭერსო წელზე“, - შეუთვლია გამსახურდიას ორჯონიკიძისთვის მისივე მოციქულის პირით. არ შემდრკალა მწერალი იმ ავკაცის წინაშე, ქართველების სისხლით რომ მორწყო ჩვენი მთა-ველი.

საქართველოს გასაბჭოებისთანავე გამსახურდიამ ღია წერილი გაუგზავნა ლენინს. სადაც გმობდა საბჭოთა რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას საქართველოს მიმართ და ინტერნაციონალიზმის ნიღაბქვეშ ამოფარებულ ველიკორუსულ შოვინიზმს. ლენინმა წერილი უპასუხოდ დატოვა. სამაგიეროდ სულ მალე მწერალი დააპატიმრეს და სოლოვკის არქიპელაგზე გადაასახლეს სამი წლით. გზად, მოსკოვში, დაკითხვაზე ძერჟინსკის მოადგილემ მას დედა შეაგინა, რისთვისაც გამსახურდიამ ლაზათიანი სილა უთავაზა. ამის გამო მწერლის ფიზიკურ შეურაცხყოფასაც კი არ დაერიდნენ. ასე რომ, მანაც გაიზიარა ,,გულაგის“ მკვიდრთა მძიმე ხვედრი.

პრინციპული და შეუდრეკელი დარჩა გამსახურდია სასჯელის მოხდის შემდეგაც. საქართველოს უშიშროების მინისტრს, რაფავას, მისი ხელყოფა რომ ეწადა, ასე მიუგო მან ერთხელ: ,,შენისთანები ბევრი გამოცვლილა. მე კი ვიყავი, ვარ და ვიქნებიო“. იმჟამად ამგვარი მიმართვა ,,ჩკ“-ს მინისტრისადმი გილიოტინაზე ასვლას უდრიდა.

კონსტანტინე გამსახურდია სტალინსაც კი არ შეეპუა, როდესაც მან ენა გაუკრიტიკა; ,,მისი საქმე პოლიტიკაა და ლიტერატურის საქმეებში ნუ ერევაო“, - უთქვამს ამაზე მწერალს. გამსახურდიას მტერმა, ერთმა ენატანია კინორეჟისორმა ჩაუტანა ეს ამბავი სტალინს, რაზედაც იგი ძალზე განრისხებულა.

,,დროა გამსახურდიას ჭკუა ვასწავლოთო“, - უთქვამს აფხაზეთში ერთ-ერთი გამოსვლისას სტალინს, შემდეგ ბერიას გადახედა თურმე და დასძინა: ,,ოღონდ არა ისე, როგორც თქვენ ზოგჯერ გჩვევიათ“, რაც ნიშნავდა: ,,არც დახვრიტოთ, არც დააპატიმროთ“. სწორედ ამის შემდგომ გაათკეცდა პრესაში გამსახურდიას კრიტიკა და დევნა.

სტალინმა ფიზიკურად მაინც დაინდო გამსახურდია, რადგან ბოროტების უფლებანი ქვეყნად განუსაზღვრელი როდია. ცალკერძ მას ხალხისა ეშინოდა, რომლის წიაღშიც მწერლისადმი სიყვარულს ღმად ჰქონდა ფესვები გადგმული. გარდა ამისა, მას წაკითხული ჰქონდა ,,დიდოსტატის მარჯვენა“, რომელიც ერთხელ სიმონ ჯანაშიამ ჩაუტანა მოსკოვში. მთელი ღამე კითხულობდა იგი წიგნს, სადაც აღწერილია ხელოვანის ბედი ტირანულ სახელმწიფოში. დილით გამოვიდა ჯანაშიასთან თვალებდაწითლებული. ტირანის თუჯივით მყიფე გულიც კი შეუძრავს იმ ვაჟკაცურ სულს, რითაც ამ ქმნილების ყოველი უჯრედია გაჟღენთილი და გადაურჩა დიდი მწერალი სისხლისმსმელის კლანჭებს, როგორც ოდესღაც დანიელ წინასწარმეტყველი ნაბუქოდონოსორის რისხვას. 50-იანი წლების დასაწყისში საქართველოს უშიშროების მინისტრმა კოჭლავაშვილმა უშიშროების პარტაქტივის კრებაზე სსრკ გენერალური პროკურორის რუდენკოს თანდასწრებით მოითხოვა სანქცია ,,ნაციონალისტ“ კ. გამსახურდიას დაპატიმრებისა, მაგრამ რუდენკოსაგან უარი მიიღო. ასევე მოინდომა საქართველოს ცკ-ს მდივანმა ა. მგელაძემ 1952 წელს კონსტანტინე გამსახურდიას დაპატიმრება. რისთვისაც გადაფრინდა მოსკოვს და სტალინს ეახლა. ,,სისულელეს ნუ როშავო“ - უთხრა სტალინმა. ასეთი შემთხვევები თითზეა ჩამოსათვლელი ტირანის ბიოგრაფიაში.

ახლა ისიც ვთქვათ, თუ როგორი მორალური განაჩენი გამოუტანა კონსტანტინე გამსახურდიამ ბოლშევიკებს, შეჰქმნა რა თავის ,,მთვარის მოტაცებაში“ კომუნისტ არზაყან ზვამბაიას პათოლოგიური სახე, სახე პირსისხლიანი მამის მკვლელისა, რომელმაც მამის ცხედართან გააუპატიურა თავისი საცოლე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ადგილი ცენზურის მიერ ამოღებულ იქნა შემდგომ გამოცემებში. კაც ზვამბაია გამომხატველია ქართული პატრიარქალური ოჯახის, პატიოსანი ქართველი მშრომელი გლეხისა, ქართული წმინდა ოჯახის სიმტკიცისა. სოციალიზმის ერთ-ერთი ძირეული დებულება კი ოდითგანვე ოჯახის და ეროვნების წინააღმდეგ იყო მიმართული. ნიშანდობლივია, რომ კონსტანტინე გამსახურდია კომკავშირელს აკვლევინებს მამას (ამით მხილებულია მოროზოვშჩინა ქართულ ნიადაგზე), რითაც კომკავშირი ქართული ოჯახის მკვლელი გამოჰყავს. განა არ მიუჩინეს ,,ჯაშუშად ძმა ძმას“, არ ,,უწნავდა ცოლი ქმარს სიკვდილის თასმას?“ (გაბრიელ ჯაბუშანური). უნებურად გვახსენდება გალაკტიონ ტაბიძის სტრიქონები:
,,არის ოჯახებიც, მაგრამეს არ არის საქართველო“.

უამრავი მტერი და მოშურნე ჰყოლია კ. გამსახურდიას ცხოვრების მანძილზე: უნიჭო მწერლები, კარიერისტი სულისგამყიდველი კრიტიკოსები, უსულგული ცენზორები და რედაქტორები, უხერხემლო, გონებაწაწყმედილი კოსმოპოლიტები, ოფიციალური იდეოლოგიის რეზონიორ-დოგმატიკოსები. მათ აცოფებდათ მისი შინაგანი თავისუფლება და მოუსყიდაობა. მათი შავი ხროვა ხშირად აღძრულა მის მოსაშთობად, მაგრამ უცნაური ბედისწერა, სიმტკიცე და ხალხის სიყვარული მუდამ თან ახლდა მწერალს ფარად და მუზარადად, ბნელეთის მოციქულთ ერთი ბოროტი საქმე მაინც აღასრულეს. სტალინის სიკვდილის შემდგომ, განსაკუთრებით მას მერე, რაც მწერლის სახელი საბჭოთა საზღვრებს გასცდა, ოფიციოზმაც ძალაუნებურად აღიარა იგი და შეწყვიტა მისი აშკარა დევნა უშუალოდ თუ პრესაში, მაგრამ მას მეხის გავარდნასავით ეშინოდა მისი წამახული სიტყვისა და ცოცხალი, უკომპრომისო აზრების, მწერლის პოპულარობის გამო უმალ რომ ვრცელდებოდა ხალხში და ამის გამო არასოდეს შეუწყვეტია მისი ფარული დევნა და დისკრიმინაცია.მაგრამ ასეთ დისკრიმინაციას როდი შეუნელებია მისდამი ხალხის სიყვარული (თუმცა ნამდვილ სიყვარულს ცილისმწამებლური აზრები სათოფეზეც არ უნდა ეკარებოდეს), როდი დაუფრთხია მისი მკითხველი. არა თუ თვისტომი, უცხოთესლთაგანიც მრავალი ეწაფებოდა და ამჟამადაც ეწაფება მის შემოქმედებას, მათ შორის, რუსებიც. მისადმი აღფრთოვანების გამომხატველი წერილები ღაღადებენ ამისათვის. თუმცა ეს არ შეეხება რუსეთის ოფიციოზს. მოსკოვის მთავრობამ
და მწერალთა კავშირის გამგეობამ როდი დააფასეს იგი სათანადოდ. მოსკოვის სალიტერატურო გაზეთმა ძალზე ძუნწად აღნიშნა მისი გარდაცვალების ამბავი. ისინი თავიდანვე ,,შოვინისტად“ ნათლავდნენ გამსახურდიას, რადგან შოვინიზმად მიაჩნდათ და მიაჩნიათ პატარა ერების თვითგამორკვევისაკენ და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა. მათ შოვინიზმად მიაჩნიათ, როდესაც პატარა ერის მწერალი ისტორიულ სიუჟეტებს მიმართავს და საქვეყნოდ ათვალსაჩინოებს თავისი ერის გმირულ წარსულს, მისი აღმავლობისა და დიდების სასახელო მომენტებს. მოსკოვს პრინციპულად არ უთარგმნია და არ გამოუცია გამსახურდიას არც ერთი სტრიქონი. ყველა რუსული თარგმანი საქართველოს ინიციატივა იყო მხოლოდ.

საქართველოში არსებობს ინტელიგენციის პატარა ნაწილი, რომელიც ჩუმად გამოსთქვამს საყვედურს სიტყვის დიდოსტატის მიმართ. ეს ის ჯგუფია, თავის თავს რომ ქრისტიანად რაცხავს, ხოლო გამსახურდიას რატომღაც არაქრისტიან წარმართ მწერლად მიიჩნევს. ასეთები უმთავრესად ,,დიონისოს ღიმილით“ და ,,მთვარის მოტაცებით“ ხელმძღვანელობენ, სადაც კონსტანტინე სავარსამიძე კათოლიკურ კულტურასთან შედარებით ძველი რომის წარმართულ კულტურას ანიჭებს პრიორიტეტს, ხოლო თარაშ ემხვარი ქართული წარმართობის იდეალიზაციას ეწევა. მაგრამ ამგვარმა მსოფლჭვრეტამ ხომ მიიყვანა ეს გმირები კრიზისამდე? ხომ იყო ამ გმირების ტრაგიკული ფინალი მათივე მსოფლმხედველობის ლოგიკური შედეგი? ხომ შემოაღამდათ მათ თავიანთი ცხოვრების შუა გზაზე? ეს კი ცხადყოფს მწერლის ინტუიტურ წვდომას იმ სიმართლისადმი, კაცობრიობის ევოლუციას რომ უდევს საფუძვლად. მხოლოდ შინაგანი სულიერი ბრძოლითა და კრიზისებით მიდის კაცი ქრისტე მაცხოვრის ნათლისაკენ, მხოლოდ დიდ უარყოფას ძალუძს მიიყვანოს იგი დიდ აღიარებამდე, მხოლოდ სიბნელით გამოწვეული ტანჯვა გადააქცევს სინათლის წყურვილს ჭეშმარიტ სინათლედ. ამ შინაგანი ბრძოლის შუაგზაზე გაჩერდნენ გამსახურდიას ზემოხსენებული გმირები. ოსკარ უაილდის დაღუპული დორიან გრეისაგან განსხვავებით მათში ფრიადია სიკეთის სურვილი და პრინციპულობა ძირეულში, და ვინც მათდამი სიმპატიით არ განეწყობა, ვინც არ შეუნდობს მათ პირად ცოდვებს და ზოგიერთ აზრობრივ ცდომილებას, დაემსგავსება იმ ავტომატურ დაუნდობელ მორალისტს, ქრთილისოდენა გულმოწყალება რომ არ გააჩნია და ამიტომ თავადვე არ იმყოფება ქრისტეს ნათელში.ვინც დიდოსტატი არსაკიძის კათარზისს, მისი შინაგანი ფორმირებისა და სრულყოფის გზას ქრისტიანობის გარეშე განიხილავს, მას წარმოდგენაც არ გააჩნია ამ დიად ცხოვრებისეულ პრაქტიკაზე. კიდევ მეტიც: კონსტანტინე გამსახურდია სულ სხვა გზით და უფრო ახლო მივიდა მწერლობაში ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან, ვიდრე ამ ბოლო საუკუნეთა ნებისმიერი ქართველი მწერალი. ეს გახლავთ ქრისტიანობასთან მიახლება არა გარეგანი რელიგიური ექსტაზის, დოგმების ან კანონთა მორჩილად შესრულების გზით, არამედ მორალური ფანტაზიითა და თავისუფლების იმპულსით. შესაქმის პირველივე თავები გვამცნობენ, რომ ღმერთმა შეჰქმნა ადამიანი ხატად თვისად. თუკი ადამიანი ხატია ღვთისა, მასში უმთავრესი ღირსება შესაბამისად იგია, რაც უმთავრესია ღვთაებაში. ღმერთში კი უპირველესია სიყვარული, თავისუფლება და აქტიური შემოქმედებითი უნარი. მაშასადამე, მის ხატში, ადამიანში ეს იმპულსები უნდა მივიჩნიოთ უმთავრესად. არსაკიძეში ძალმოსილადაა წარმოჩენილი ამ უნართა გრადაცია. ამიტომ უპირისპირდება მას დოგმატიური ქრისტიანობის პოზიციებიდან მელქისედეკ კათალიკოსი. არსაკიძეში ჰღვივის უმაღლესი მშვენიერებისადმი მსხვერპლად თავის დადების გასაოცარი მისტერია. აღზევებული ესთეტიკისადმი მიმართული ეს უზენაესი ეთოსი კი ურთიერთგანმსჭვალვაა სიყვარულისა და უზენაესი სიკეთის; იგია თავად უშინაგანესი ქრისტიანული აქტი, დიდოსტატმა ხომ შესწირა სული სვეტიცხოველს? ტაძარი კი სიმბოლოა ადამიანის სხეულისა. როდესაც ქრისტე იერუსალიმის ტაძრის დანგრევისათვის და სამ დღეში მისი აღდგენისათვის საუბრობს, სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვას და თავის მკვდრეთით აღდგომას, ანუ სხეულით აღდგომას ჰგულისხმობს (იოანეს სახარება). ადამიანის სხეულებრივი უკვდავებისათვის სჭირდებოდა მას ამგვარი მსხვერპლი. კონსტანტინე არსაკიძის მსხვერპლიც ხომ სვეტიცხოვლის უკვდავებისათვის იქნა გაღებული, ამიტომაც უკავშირდება იგი უშუალოდ გოლგოთის მისტერიას. გოლგოთის მისტერია, ეს არის კოსმიური მაგალითი ქრისტეს, როგორც უზენაესი ხელოვანის დამოკიდებულებისა თავისი ქმნილებისადმი, ადამიანისადმი. მისი სიყვარული კაცთადმი სიკვდილისა და აღდგომის აქტში, თავის მიერ შექმნილი ადამიანის უკვდავყოფაში განხორციელდა. ამგვარი იმპულსი ყველა დიდი ხელოვანის სულისკვეთებაში ირეკლება. ისე ვით ღმერთმა განკაცებით, თავის ქმნილებასთან შეერთებით უკვდავყო კაცი, ასევე ისწრაფვის ყველა დიდი ხელოვანი შეუერთდეს თავის შთაგონების პირმშოში უმშვენიერესსა და უწარმტაცესს, რათა საკუთარი ინდივიდუალობით ბოლომდე განმსჭვალოს, განამშვენოს და უკვდავყოს იგი თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად. დიდოსტატ კონსტანტინე არსაკიძის გასაოცარი ცხოვრება და მსხვერპლი ამგვარი საქციელის უთვალსაჩინოესი მაგალითია. რომანის გმირი კი პირმშოა მწერლისა, რომელიც ჩვეულებრივი პირმშოსაგან განსხვავებით მან შვა არა მარტო ხორციელად, არამედ თავისი სულის ნაწილიც ჩასდო მასში. ამიტომაც მიგვაჩნია კონსტანტინე გამსახურდია უაღრესად ქრისტიან მწერლად. ჩვენ მოვუწოდებთ კ. გამსახურდიას წარმართად შემრაცხველ ,,ქრისტიანებს“ განთავისუფლდნენ დოგმებისაგან და თავად გაერკვნენ ქრისტიანობის არსში. სხვას რომ თავი დავანებოთ, ნუთუ თავად პირში წყალდაგუბებულნი უღმერთობის მქადაგებელ სახელმწიფოსთან მის გამუდმებულ პაექრობაში ვერ ხედავენ ისინი ქრისტიანული პრაქსისის ცოცხალ მაგალითს? განა იშვიათად შთენილა იგი ამის გამო სიკვდილთან პირისპირ მოყვასთათვის თავდადებული? განა მან არ გაუგზავნა თხოვნის ბარათი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში კალინინს, როდესაც მთავრობამ სიონის ტაძარს უზარმაზარი გადასახადი შეაწერა და ტაძარს დახურვა ემუქრებოდა? კალინინმა თხოვნა შეისმინა და გადასახადი მოახსნევინა. კონსტანტინე გამსახურდიამ პირველმა დაუნთო სვეტიცხოველში სანთელი გარდაცვლილი გრიგოლ რობაქიძის განაწემებ სულს, რითაც ანდერძი აღუსრულა. წინადღით საჯაროდ მოიწვია მან მთელი მწერალთა კავშირი მისი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე, მაგრამ მეორე დღეს მის გარდა სვეტიცხოველში ქართველ მწრალთაგან არავინ გამოცხადებულა (პანაშვიდს ესწრებოდა აგრეთვე კ. გამსახურდიას ოჯახი, ბატონ გრიგოლის და - ლიდა რობაქიძე და ბატონი შალვა მაღლაკელიძე, დამოუკიდებელი საქართველოს და გერმანიის მესამე რაიხის გენერალი, მოტაცებული დასავლეთ ბერლინიდან, 1954 წლის პირველ აგვისტოს, უშიშროების კომიტეტის თანამშრომლების მიერ). რას მივაწეროთ ეს ამბავი: შიშს? ინდიფერენტულობას? დეგენერაციას? სამივე შემთხვევაში პასუხი ერთია: მხოლოდ და მხოლოდ სულით დაცემას. ბატონებო! დიახ, მეტაფიზიკური ცეცხლის აგიზგიზებას მოგვიწოდებდა იგი თავის ესსეში ,,მაგიური შანდლები“. აღარაფერს ვიტყვი მისი შემოქმედების მწვერვალზე ,,დავით აღმაშენებელზე“, სადაც მწერალი ქრისტიანობის საიდუმლოთა უფსკრულებს სწვდება, ამისათვის დაე მომავალმა იღაღადოს.
***
შუაგულ ზაფხულში სიცხემ გაჰკრიფა თბილისელები, მაგრამ ქუჩებში იმდენი ხალხი მოზღვავდა, თითქო კალაპოტი გადმოლახაო აბორგებულმა მდინარემ. დღე იყო უსაზღვრო გლოვისა და უჩვეულო ზეიმის დამტევი: დღე მწუხარების, გაოგნების, გულის სიღრმეში შემწყვდეული მამულიშვილური გრძნობების სააშკარაოზე გამოტანისა. მისი კუბოსათვის ხელის შევლება რად უღირდა თვითეულ ქართველს: ამით დამწუხრებულს სულს დაიმშვიდებდა, მთელი ცხოვრება საგზლად იმყოფინებდა. მოხუცი მეფე ერეკლე გამახსენდა, კრწანისის ომში სამიათასი მეომარი რომ მოუვიდა მხოლოდ, ხოლო სულ მალე მის ცხედარს თელავიდან მცხეთისაკენ ოცდაათიათასი მხედარი მოაცილებდა. დაე, იმათმა სინდისმა ზიდოს კრწანისის სისხლის და გადამწვარი თბილისის ცოდვა. ბატონი კონსტანტინეს თაობიდან, დაე, იმათაც ზიდონ სირცხვილის ჭაპანი, ვინც თავი განარიდა ბრძოლას და ეულად დასტოვა ბრძოლის ველზე სიმართლისათვის ხმალამოწვდილი უებარი სპარაზენი სიტყვისა. ამით მთელი ერი როდი გახდება სირცხვილეული, რადგან ქართველ ერს მუდამ ჰყოლია, ჰყავდა და ეყოლება ბირთვი თავდადებული მამულიშვილებისა.

სახელმწიფომ, მთავრობამ ითავა კონსტანტინე გამსახურდიას დაკრძალვის ორგანიზება. სახელმწიფო, ნიცშეს განმარტებით ის მრავალთავიანი ურჩხულია, რომელიც ცდილობს მოიმადლიეროს ყველა ელვარე ინდივიდუალობა, იმსახუროს თავისი უპიროვნო არსების სადიდებლად და მისი ნიჭი საკუთარ ღირსებად გამოაცხადოს. ათწლეულების მანძილზე ებრძოდა საბჭოთა სახელმწიფო კონსტანტინე გამსახურდიას დაპატიმრებით, მუქარით, მწერალთა კავშირიდან გარიცხვით, უსაფუძვლო მოსყიდული კრიტიკით, ,,ჭორის ღრუბლებით“, ცდილობდა მის გადმობირებას, იდეური პოზიციის შერყევას, თავის სამსახურში ჩაყენებას. ბოლოს თითქოს მოლბა იგი, მეტადრე მისი მსოფლიო აღიარების შემდეგ. აირჩიეს აკადემიის წევრად, პრესაში ხოტბა აღუვლინეს, გამოუცეს ტომეულები, გადაუხადეს იუბილე. გაირინდა მრავალთავიანი ჰიდრა, გულში ჩაიგუბა ბალღამი, თითქო ყოველივე ჩვეულებრივი გზით წარიმართა. ცალკერძ პირფერობის ალმაცერი, ლაქიური ღიმი გამოკრთოდა მოქათინაურე მაღალსახელოიანი კომუნისტ-კარიერისტებისა, მეორეკერძ ზოგმა მათგანმა ამ ბრძოლაში მართლაც გულწრფელად შეიყვარა სიტყვისა და მამულის თავდადებული მოსარჩლე. ეს იმათ, ვისაც ყალბი ინტერნაციონალიზმის ცრუ სიქველით შენიღბულმა ველიკორუსულმა შოვინიზმმა ვერ ამოურეცხა გულიდან აკვანთან დარწეული ქართული იავნანას მადლი. დიახ, ზოგიერთი იმათგანისთვისაც კი ძნელი აღმოჩნდა თავისი ერის წარსულისათვის ხელაღებით შეფერხება, საკუთარი დედის შეურაცხყოფაზე არანაკლებ მძიმე.

ბევრჯერ ხვდენია კონსტანტინე გამსახურდიას ასეთი სიხარულიც: პირად საუბარში სიყვარული და მოწონება გამოუმჟღავნებია მისთვის ბევრ ისეთ პიროვნებას, ვისი თანამდებობა და მოღვაწეობაც ხშირად მათ ანტიეროვნულ პოზიციებზე, მამულის ყოველდღიურ ღალატზე მეტყველებდა. ეს სიყვარული უფრო სიტყვებში და არა საქმეში გამჟღავნებული სიყვარული იყო და ორ წისქვილზე წყლის დასხმას ჰგავდა, მაგრამ ამგვარებზეც ხომ უმოქმედნია მწერლის ცეცხლოვან სიტყვას, ოდნავ მაინც ხომ დაურბილებია მათი ხენეში, კორძადქცეული გული? და რაა დღევანდელი სიქველის ამოცანა, თუ არ ბოროტების სიკეთედ ქცევა? ტრანსფორმაცია არა მარტოოდენ საკუთარი თავისა, არამედ გარემოში არსებული ობიექტური ბოროტების, განსაკუთრებით სოციალური ბოროტებისა. სწორედ ამ მისიის მატარებელთა ბაირახტარი გახლდათ კონსტანტინე გამსახურდია ამ საუკუნის საქართველოში. ამისათვის შეიყვარა იგი ქართველმა ხალხმა. ხალხი ვერასოდეს იგუებს კარის პოეტებს. თუმცა მას პირი წყლით ამოუვსეს, მაგრამ კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარს ვერავინ წაართმევს, შინაგან ალღოს ვერავინ დაუჩლუნგებს.

ცივად, როგორც სჩვევია, უექსტაზოდ, წამოიწყო პროცესია ოფიციოზმა, მაგრამ აღარ დასცალდა თვალთმაქცობა. მეცნემ იმისა, რომ დიდ მწერალს არასოდეს მიუყიდია სული ძლიერთათვის ამა ქვეყნისა და ვაჟკაცურად გამოვლო სულთახდისა და საქართველოს პატივაყრის უმძიმესი პერიოდი, რომ მას ერთი სტროფიც არ დაუწერია საკუთარი სურვილის გარეშე. (და თუკი გამსახურდია რაიმე კომპრომისზე წასულა, ჩვენის მოსაზრებით, ეს იყო მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯი, უფრო მძაფრი შეტევისათვის მოჩვენებითი უკუქცევა). ხალხმა გამოსტაცა სახელმწიფოს, ოფიციოზს სადავეები პროცესიის მდინარებისა, ხელში აიტაცა კუბო სასიქადულო მამულიშვილისა და იმავდროს დასჭექეს კიდეც ქაშუეთის ზარებმა. ნიშივით გაიჭრა მისი ხმა თბილისის ქუჩებში. ხალხის სურვილს თითქოს განგებამ შეუერთაო თავისი ხმა. გაოგნება დაეუფლათ დამკრძალავი კომისიის წევრებს. ისინი თითქმის პანიკამ მოიცვა. ერთი შიში ჰკლავდათ მხოლოდ, მღელვარება დემონსტრაციაში არ გადაზრდილიყო.

მთაწმინდის პანთეონისაკენ როდი გაემართა პროცესია, არამედ რუსთაველის გამზირისა და ვერისუბნის გავლით კონსტანტინე გამსახურდიას კოლხური კოშკისაკენ. მან ჯერ კიდევ სიცოცხლეში, დემონსტრაციულად განუცხადა უარი მთავრობას, მთაწმინდის პანთეონზე: ,,იქ რა მინდა, სადაც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ორგანიზატორი ფილიპე მახარაძე მარხიაო“. მთელი ცხოვრება ებრძოდა კონსტანტინე გამსახურდია ილიასა და საქართველოს მტრებს. სიკვდილის პირსაც არ შეუწყვეტია მას ეს ბრძოლა.

ქართველი ხალხის სიყვარულმა გააპატიოსნა მისი ცხედარი. სიყვარულმა, რომელიც მწერალთა და მოღვაწეთა სიდიადის ერთადერთი უცდომელი ბარომეტრია, ამიტომაც, ცხრათავიანმა ჰიდრამ ვერც მიჩქმალა, ვერც მიისაკუთრა მისი სახელი.ოდესღაც ალექსანდრე მაკედონელს უთქვამს: ,,დიდი არსო აქილევს, მაგრამ მისი მეხოტბე ჰომიროს უფრო მეტი“. ჩვენ ვიტყოდით: რაც დავით აღმაშენებელმა მოიმოქმედა ჯვრითა და მახვილით ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნებისათვის თავის დროზე, იმასვე მიელტვოდა მისი მეხოტბე, კონსტანტინე გამსახურდია ჩვენს შავბნელ, ტრაგიკულ დროში. დავიწყების საუფლოს გამოჰგლიჯა მან საქართველოს წარსული, მაშინ როდესაც ყველანაირად ცდილობენ პატარა ეროვნებათა ისტორიის მიჩქმალვას, ხალხს დაუბრუნა უკვდავებასთან ნაზიარები მისი გმირები, ძველი კოლხეთის იდუმალთმიმთხრობივით წარმოგვიჩნდა სიზმრით მომქარგველი მისტი ლაჟვარდოვანი ლაზისტანისა, ეროვნული ისტორიის კვლავ მითად მამზევებელი ჯადო ფრინველი.

ღვთისა და ერის წინაშე ჭეშმარიტად ვალმოხდილი წავიდა უკვდავთა საუფლოში წმინდა გიორგის უშიშარი რაინდი. მისი დაზრდილი მართვეების გულისთქმა საიქიოშიც მისწვდება მას: ,,ძვირფასო ადამიანო, შენი ცხოვრების მაგალითი მომავლის იმედად გვექცა. შენთან ერთად გვწამს ღვთისმშობლის წილხვდომილი საქართველოს უკვდავებისა. გვჯერა: ვინც გათათრებისაგან იხსნა საქართველო, იგივ დაიხსნის მას გარუსებისაგანაც“!

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-09-26
დიდმოწამისა, საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლისა ქეთევანისა (1624); ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის ტაძრის განახლებისა იერუსალიმს (335); მღვდელმოწამისა კორნილიოს ასისთავისა (I); მოწამეთა: კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (დაახ. 237); მოწამეთა სელევკისა და სტრატონიკესი (III); მოწამეთა მაკროვოსი და გორდიანესი (IV); მღვდელმოწამისა იულიანე ხუცისა (IV); მოწამეთა: ელიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (IV); ღირსისა პეტრე ატროელისა (IX).
საქართველოს მნათობი დედოფალი (+1624)
26 სექტემბერს არის წმიდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენება
ენკენია
13 (26) სექტემბერს არის ენკენია - ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (335). ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას.
gaq