საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

„იქ, სადაც შიში და ძალადობაა, სიყვარულს აღარ რჩება ადგილი...“
ლელა ჩხარტიშვილი
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი მეუღლესთან, მართა კასრაძესთან ერთად

 

ამ წერილში საუბარი გვექნება კრიმინალურ ავტორიტეტებზე, ქურდობის ინსტიტუტზე.  ბევრ მათგანს სახარება არასწორად ესმის და თავისი კრიმინალური მენტალობის გასასამართლებლად ჯვარცმული ავაზაკის მაგალითი  მოჰყავს. რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ცდომილებაა. სხვა რომ არა იყოს რა, ჩვეულებრივ კრიმინალურ ელემენტსა და ხსენებულ ავაზაკს შორის ის განსხვავებაა, რაზედაც წმინდა მამები ასე კარგად წერენ: „ავაზაკის ცხონების საიდუმლო ისაა, რომ მან უფლის ღმერთობა შეიცნო მაშინ, როდესაც მაცხოვარი ყველაზე შეურაცხ, ყველაზე შეგინებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც მისი არათუ ღმერთობა, არამედ რაიმე ბუნებითად ადამიანური ღირსებაც კი გარეგანი თვალისთვის სრულიად წარხოცილი იყო. უფლის ღმერთობას ეჭვობდენ თვით ისინიც კი, რომლებმაც მკვდრეთით აღდგომილი იხილეს იგი, მაშინ როცა ზემორე კეთილგონიერმა ავაზაკმა რწმენით შეიცნო იესო ქრისტეს ღმერთობა სრულ გარეგნულ უბადრუკებაში.“

ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ ნიჰილიზმის, ღირებულებათა გაუფასურების გარემო ადამიანს ყალბი სიამოვნების ძიებისკენ უბიძგებს. ასეთი გარემო თავის შესაფერის, სუროგატ გმირებსა და ავტორიტეტებს შობს. მაგალითად, იყო დრო, როდესაც საზოგადოების ერთ ნაწილში  ავტორიტეტულ პიროვნებებად ითვლებოდნენ ე. წ. „ქუჩური სამყაროს“ წარმომადგენლები, რომელთაც ჰქონდათ თავიანთი გაგება „კაი კაცობისა“ და „კაი ბიჭობის“ შესახებ. სამწუხაროდ, ამ „შავმა გაგებამ“ არაერთი თაობა იმსხვერპლა როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით. კრიმინალურმა მენტალიტეტმა არნახულ მასშტაბებს განსაკუთრებით 80-იან წლებში მიაღწია. „კანონიერი ქურდების“ ტრადიციები საზოგადოების თითქმის ყველა ფენას მოედო და მან სკოლებშიც შეაღწია. ქურდული იდეოლოგია იმდენად წახალისებული და რომანტიზირებული იყო, რომ ბავშვები სკოლიდანვე „კანონიერ“ ქურდობაზე ოცნებობდნენ, ცდილობდნენ მიებაძათ მათი ავტორიტეტებისათვის, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს იყო თავისუფალი, უტეხი სულის გამოვლინება. ქურდს უყურებდნენ, როგორც საპატივსაცემო პიროვნებას. სამწუხაროდ, დღესაც მეტ-ნაკლებად შეინიშნება ამგვარი იდეოლოგიის გავლენა.

„კაი კაცობა კაი ბიჭობიდან იწყება და, რადგან ახალგაზრდობა ჩვენი ხვალინდელი დღეა, აუცილებელია, მათ დამაჯერებლად ესმოდეთ, თუ რა ძალებზე უნდა იყოს დაფუძნებული კაი კაცის გაგება: შავსა და  ბნელზე თუ ნათელსა და ღვთიურზე...“ სწორედ დამნაშავეთა სამყაროს ცნობიერების შეცვლასა და უმთავრესად მომავალი თაობის სულიერ გადარჩენაზე ზრუნვა  დაედო საფუძვლად ოთარ ნიკოლაიშვილის წიგნს: „პატიმართა იმედი და ნუგეში.“ წიგნის გარეკანზე წერია: „ჩვენი ნატვრაა, მალე ვიხილოთ გაბრწყინებული საქართველო. საქართველო - აღდგენილი ტერიტორიებით, სულიერად და ზნეობრივად ამაღლებული; საქართველო - არა ხელგაშვერილი, არამედ ენით, მამულით და სარწმუნოებით სხვებისთვის მაგალითის მიმცემი.

     ვნატრობთ, მაგრამ ვიდრე ჩვენი ახალგაზრდობა ნარკომანიის ტყვეობაშია, ჩვენი მომავალი თაობა ყალბი კრიმინალური „ფასეულობებით“ არის შეპყრობილი, სანამ ახალგაზრდებში საგანგებოდ მატულობს დაუნდობლობა და მკვლელობათა რიცხვი და ქვეყანაში იზრდება ახლად აშენებულ ციხეთა და პატიმართა რაოდენობა, გაბრწყინებამდე შესაძლოა კიდევ ბევრი სასჯელი, მსხვერპლი და კატაკლიზმები ვიწვნიოთ.“ ავტორის მოკრძალებული სურვილია, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ  ერთი-ორი ადამიანი მაინც გადაურჩეს ცოდვას და მარადიულ სატანჯველს.

       რა ძალებზე უნდა იყოს დაფუძნებული „კაი კაცობის“ გაგება; ვის უნდა მივიჩნევდეთ ავტორიტეტებად; ვის უნდა მივაგებდეთ და ვცემდეთ თაყვანს;  როგორ უნდა მიმართოს ადამიანმა ლიდერობის ნიჭი, ყველა ის თვისება, უნარი და გაგება, რომლითაც ის აშკარად გამორჩეული და აღმატებულია სხვა ადამიანებზე; რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავისუფლება... ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრებიან დეკანოზები: ზურაბ მჭედლიშვილი და შიო მენაბდე.

 

-  რა სულიერ დეფიციტს განიცდიდა თქვენი თაობა?

- მამა შიო: ყოველივე სიკეთის საფუძველი არის ღმერთი, ადამიანი კი არის შესაქმის გვირგვინი. ღმერთმა ადამიანს მისცა ყველაფერი (სულიერი, ფიზიკური, მშვინვიერი მონაცემები), რაც მისი ბედნიერებისთვის არის საჭირო. უფალმა მოგვცა სილამაზის, ტკივილის, სიხარულის შეგრძნების, თანაგრძნობის უნარები და ეს თავისთავად არის სრულყოფილების გამომხატველი. როცა ადამიანი ეჯახება ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებს, ჩნდება მისი გადალახვის აუცილებლობა. თუკი ადამიანი უფალთან ახლოსაა, ღმერთი ეხმარება ამ წინაღობის გადალახვაში. მაგრამ როცა ეს ასე არ არის, მაშინ ადამიანი ექცევა ჩიხში და იწყებს გამოსავლის ძიებას. ჩემმა თაობამ გამოიარა დრო, როცა ეკლესიის ზარები არ რეკდნენ, არ მოგვიხმობდნენ, არ იყვნენ მოძღვრები, სულიერი ავტორიტეტები. ამ თაობის გმირებად, გამორჩეულ და მისაბაძ ადამიანებად ითვლებოდნენ ქუჩის, ე. წ. „შავი სამყაროს“ ავტორიტეტები, რომელთაც პატივს მიაგებდნენ ახალგაზრდები.

- მაშ, თუ ვაღიარებთ, რომ სიცოცხლე და სხვა ყოველი

ლელა ჩხარტიშვილი
ვე ადამიანს ეძლევა ღმერთისაგან, მაშინ ყველაზე დიდ ავტორიტეტად ეკლესია, მასში დავანებული სიბრძნე და ნათელი სულით აღვსილი ადამიანები უნდა მივიჩნიოთ. .. თავი და თავი ურწმუნოებაა, რომელიც საფუძვლად უდევს კრიმინალური მენტალიტეტის ჩამოყალიბებას...

- მამა ზურაბი: დიახ, ადამიანი, როგორც ქმნილება და ხატება კოსმოსის მეუფედაა შექმნილი. თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავში მეუფებრიობას ატარებს, მმართველად, განმგებლად განიცდის თავს. ჩვენში ყოველთვისაა სწრაფვა მართვის, პასუხისმგებლობის, გადაწყვეტილების მიღებისა და მისი განხორციელებისა. როცა ამ უნარს ღვთისა და მოყვასის სიყვარული ავსებს, მაშინ ყველაფერი კარგად მიდის. ეს ნათლად ჩანს ქრისტიანული ოჯახს მაგალითზე. თუ მის სათავეში ღირსეული, პასუხისმგებლობით აღსავსე, კეთილად განმგებელი მამაკაცი დგას, მაშინ ოჯახში წესრიგი და სიმყუდროვეა, რადგან აქ სიყვარულით გვარდება ყველაფერი. ნებისმიერი პასუხისმგებლობის მტვირთველისათვის პირველწყარო სიყვარული უნდა იყოს. ადამიანის ამგვარ ფორმირებას უცილობლად სჭირდება სულიერი მასაზრდოებელი და ქართულ სინამდვილეში ამ მისიას ოდითგანვე ეკლესია ასრულებდა. ეკლესიის წიაღში აღზრდილი თაობებისათვის მისაბაძი მაგალითი ყოველთვის იყო, არის და იქნება კაცობრიობის გამომხსნელად ჯვარცმული მაცხოვარი. შემდგომ უკვე ამგვარად აღზრდილი ადამიანები ხდებოდნენ მისაბაძი სხვათათვის. სამწუხაროდ, ათეიზმის ეპოქაში ქვეყანა და საზოგადოება დაიცალა ჭეშმარიტი ღირებულებებისგან. ამ პერიოდში გაბატონებულმა იდეოლოგიამ უარი თქვა ღმერთზე და შესაბამისად, მისგან მომდინარე წყარო გადაიკეტა. იგი ჩანაცვლდა საბჭოთა სოციალიზმით, რომლისთვისაც მთავარი იყო არა ადამიანის სულიერი აღზრდა,  სიყვარული, კეთილდღეობა, არამედ ზრუნვა თავსმოხვეული იდეოლოგიის შესანარჩუნებლად. პიროვნება ამ დროს ბოლომდე იყო იგნორირებული. მოხდა მისი ღირებულებების გადაფასება, რასაც ადამიანის მანკიერად ჩამოყალიბება მოჰყვა. სწორედ ამ მანკიერების ერთ-ერთი გამოვლინებაა ე. წ. ქუჩური სამყარო.

- მაინც, რა ითვლებოდა თქვენს თაობაში ვაჟკაცობად?

- მამა შიო: ვაჟკაცობა ყოველთვის დაფასებული იყო ყველა საუკუნეში. ვაჟკაცი, „კაი ყმა“ უნდა ყოფილიყო გულადი, გაუტეხელი, მხნე, უშიშარი, ბრძოლაში შეუდრეკელი და ა. შ.  ყველა ადამიანში შინაგანად არის ბრძოლის ჟინი. როდესაც ჩემი თაობის ბიჭებს პოლიციაში იჭერდნენ, მათი მხრიდან ვაჟკაცობის გამოვლინებად ის ითვლებოდა, რომ არ გათქვამდა, არ დააბეზღებდა მეგობარს, ვისთან ერთადაც დანაშაული ჩაიდინა. სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის საკუთარ თავზე აღება მაშინ ვაჟკაცობად აღიქმებოდა და ეს ხდებოდა მისაბაძი მაშინდელი თაობისთვის.

- მამა ზურაბი: რაც შეეხება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას, თუ ამის მტვირთველს ნამდვილი, ჭეშმარიტი დახმარების სურვილი ამოძრავებს, მაშინ იგი გამართლებულია. ამ ქმედებას უცილობლად უნდა მოჰყვეს ისეთი მხილება, რომელსაც მაცხოვარი გვასწავლის: „უკეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაი იგი შენი. ხოლო უკეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენთანა ერთი ანუ ორი სხვაი, რათა პირითა ორისა და სამისა მოწამისათა დაემტკიცოს ყოველი სიტყვა. ხოლო უკეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკეთუ კრებულისაცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზვერე და წარმართი“ (მათე, 18, 15-17). ასე რომ, დიდი ვაჟკაცობა ისაა, დანაშაულის ჩამდენისთვის სიმართლის თქმა შეგეძლოს. პირველ რიგში, ამას დიდი სიყვარული სჭირდება საიმისოდ, რომ მეგობრის სასიკეთოდ იმოქმედო. მითითება, მხილება, განსჯა, შეგონება სიყვარულით უნდა მოხდეს და არა შეურაცხყოფის, დამცირებისა და დაჩაგვრის მიზნით. შენიშვნა კონკრეტული მანკიერების აღმოსაფხვრელად და გამოსასწორებლად უნდა ითქვას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გაუთვალისწინებლად დანაშაულის  დაფარვა იგივეა, რაც თანამონაწილეობა, ადამიანის კრიმინალად ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა. ხშირ შემთხვევაში, ის, ვინც ავტორიტეტად აყალიბებს თავის თავს, საკუთარი, ბნელი მიზნებისთვის იყენებს ადამიანებს, რომელთაც შიშის ფონზე ატვირთებინებს პასუხისმგებლობას ისეთ დანაშაულზე, რაც მას არ ჩაუდენია. იქ, სადაც შიში  და ძალადობაა, სიყვარულს აღარ რჩება ადგილი. განა შეიძლება მსგავსი მოქმედება მისაბაძი იყოს?! განა ცოტაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუნდაც უახლოეს წარსულში  გმირობისა და მოყვასისთვის თავდადების მაგალითები?!

- მაინც, რა იყო მიზეზი იმისა, რომ  ასე იცვალა სახე ვაჟკაცობის კლასიკურმა ფენომენმა და ამ სახითღა შემორჩა თანამედროვე ყოფაში, ყოველ შემთხვევაში საზოგადოების რაღა

ც ნაწილის ცნობიერებაში?

- მამა შიო: ომის პერიოდში ადამიანს ჰქონდა ღვთისგან ჩადებული თავდადებისა და სიმამაცის გამოვლენის საშუალება. მას ჰქონდა ასპარეზი. მაგრამ, როცა მშვიდობა დამყარდა, ადამიანს უკვე აღარ ჰქონდა შინაგანი სულიერი მუხტის დახარჯვის საშუალება. თუკი ადრე იყვნენ ომის გმირები, მერე უკვე წამოვიდნენ სოციალისტური შრომის გმირები. ახალგაზრდა თაობისთვის ეს გმირები ნაკლებად მისაბაძნი იყვნენ. ასპარეზი თითქოს დაცარიელდა. ახალგაზრდობას პროტესტი გაუჩნდა კომუნისტური მენტალიტეტის მიმართ, რადგან მის მიერ თავსმოხვეული იძულებითი ჩარჩოები ადამიანური ბუნებისთვის მიუღებელი იყო. ალტერნატივა არ არსებობდა; ადამიანი უნდა გამხდარიყო ან კომუნისტური იდეოლოგიის მსახური - ანდა შავი სამყაროს წარმომადგენელი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში თითქოსდა უფრო თავისუფალი იყო ადამიანი და უფრო მეტად შეეძლო ბუნებრივი ღირსების რეალიზება, თავისი „სიმართლის“ გატანა. რადგან სიმართლე არც მეორე მხარეს იყო, იმიტომ რომ, უღირსი მეთოდებით ხდებოდა კარიერის გაკეთება. ხოლო მესამე, - ჭეშმარიტების გზა, რომელსაც ჰქონდა კანონებისა და ღირსებების აბსოლუტურად სწორი საფუძველი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი თაობისთვის დაფარული იყო. ეს ადამიანები ვითომდა უარესში უკეთესს ირჩევდნენ. კომუნისტები, საერთოდ, ღმერთს ებრძოდნენ; „შავი სამყაროს“ წევრები კი „არა იპარო“ მცნებას არღვევდნენ, მოპარვით თავს იწონებდნენ, თუმცაღა კისერზე ჯვრებს მაინც ატარებდნენ. ეს ორივე გზა მცდარი იყო. ჭეშმარიტი გზა იყო ღვთის მცნებების დაცვის, ნამდვილი ვაჟკაცობის, ზნეობრივ-ესთეტიკური იდეალებისა და პრინციპების განხორციელების გზა. ქრისტიანობა გამორიცხავს ქურდობასაც და დაბეზღებასაც. იგი ადამიანს ჭეშმარიტ თავისუფლებას ანიჭებს.

- დღეს უკვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ „კანონიერი“ ქურდების ინსტიტუტი საბჭოური ფენომენია. იგი საბჭოთა ხელისუფლების ფარული ხელშეწყობითა და ნებართვით შეიქმნა კრიმინალური სამყაროს გასაკონტროლებლად. ასე რომ, საფუძველმოკლებულია ვიფიქროთ, რომ ეს იყო უსამართლობისადმი შეურიგებლობა და  კომუნისტური მმართველობის მიმართ პროტესტის გამოხატულება. პირიქით, ეს იყო ბნელ ძალებთან თანამშრომლობა. ეს ინსტიტუტი აბსოლუტურად დემონური ძალების მიერ იყო მართული...

- მამა ზურაბი: ზემოთ უკვე ვისაუბრეთ მეუფებრიობაზე. როდესაც ამ უნარს ადამიანი სიკეთის ქმნისთვის კი არ იყენებს, არამედ საკუთარი ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად, ის უცილობლად მრავალნაირი ძალადობის სახით ყალიბდება. მოძალადე ადამიანის ცნობიერება კი იმისკენაა მიმართული, რომ თავად იყოს ეპიცენტრი, აკონტროლებდეს ყველაფერს, მხოლოდ ის იღებდეს გადაწყვეტილებებს, რაც თავიდან ბოლომდე ეგოცენტრულია. თუ ქრისტიანისთვის უმთავრესი საყრდენი ღვთისა და ადამიანის სიყვარულია, ავტორიტეტი კი – იესო ქრისტე, ე. წ. შავ სამყაროს ლიდერთათვის საკუთარ თავზე ზემდგომი არავინაა, მათთვის ავტორიტეტი საკუთარი „მე“-ა. აქედან გამომდინარე, ამგვარი ცნობიერებისათვის უცხოა სხვაზე ზრუნვა, სიკეთე, პატიება, შეცდომის აღიარება. ის ყველაფერს თავისი შეხედულებებიდან, შეგნებიდან წყვეტს და უმეტესწილად ეს გადაწყვეტილება ძალადობრივი და შიშზე აგებულია. ვაჟკაცობა, მათი გაგებით, გულისხმობს სხვის დაჩაგვრას, შეურაცხყოფას, საწინააღმდეგო აზრის შეუწყნარებლობას. „კაი ბიჭებს“ თავიანთი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე ჭეშმარიტებად მიაჩნიათ და საკუთარი აზრის მიმართ პატივისცემის დანერგვას ძალადობით ცდილობენ. ასე რომ, ერთი შეხედვით იმ წრეში მათ მიმართ არსებული პატივისცემა თავიდან ბოლომდე შიშითაა გამოწვეული და არა ამ ადამიანების პიროვნული ღირსებებით.. მათი „ავტორიტეტი“ თავის დროზე კარგად გამოიყენა საბჭოთა იდეოლოგიურმა მანქანამ, რომელიც თავადაც შიშზე იყო დაფუძნებული. ეს დიქტატორული რეჟიმი ხალხის სამართავად იყენებდა მათ როგორც ციხეში, ასევე გარეთ. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ამ სამყაროს წარმომადგენლები საკუთარ თავს „მართალს“ უწოდებენ. ისინი ყოველთვის „მართალ“ სიტყვას ამბობენ, მათი მოქმედება ყოველთვის „მართალია“. ეს უკიდურესი ამპარტავნება, ზეობაა საკუთარი თავისა. ნამდვილი ვაჟკაცობის პირველწყარო ყოველთვის სიყვარულია, მართალი ადამიანი კი - თავმდაბალი და მოკრძალებულია. თითქმის საუკუნე დასჭირდა იმას, რომ ჩვენი ერის მოამაგე მამისთვის, დიდი ილიასთვის საქართველოს ეკლესიას წმინდა ილია მართალი ეწოდებინა. ის, რომ მართალი კაცი, მართალი ადამიანი ხარ, შენი ცხოვრების წესით უნდა დაამტკიცო. ძალადობაზე დაფუძნებული ყველა მოქმედება თავდაყირა აყენებს ჭეშმარიტ ადამიანურ ფასეულობებს. კაცი, რომელიც საკუთარ თავს „კაი ბიჭს“ უწოდებს, ვაჟკაცობისა და გმირობის მაგალითად ვერანაირად ვერ ჩაითვლება! ის მოტყუებულ მდგომარეობაშია. ამ იდეოლოგიამ ბევრ თაობას მიაყენა ზიანი, მრავალი ადამიანი დაღუპა, დაიკარგა ის პოტენციალი, რომელსაც ბევრი სიკეთის მოტანა და გაღება შეეძლო. ქრისტიანული თვალთახედვით, ადამიანის ყოველი მოქმედება, რომლის მიზანი სხვისი შეურაცხყოფაა, ამავდროულად უფალსაც შეურაცხყოფს. რა საერთო აქვს ყოველივე ამას გმირობასთან?! რა მნიშვნელობა აქვს, ათეისტთა მსგავსად სიტყვით აცხადებ შენს ურწმუნოებას თუ ამას მოქმედებით ამტკიცებ?! პირიქით, მით უარესი, თუკი ამბობ, აღიარებ, რომ მორწმუნე ხარ და რწმენას ამოფარებული ათასგვარ უბედურებას სჩადიხარ...   

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq