საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > პროექტები

კონსტიტუციური, სახალხო, ჰორიზონტალური, დემოკრატიული, საპარლამენტო, რესპუბლიკური მონარქია (მეორე რედაქცია)
გაიოზ მამალაძე

კონსტიტუციური,

სახალხო,

ჰორიზონტალური,

დემოკრატიული

საპარლამენტო,

რესპუბლიკური,

მონარქია

(გვირგვინოსანი დემოკრატიული რესპუბლიკა)

(მეორე რედაქცია)

(კონცეფცია ჩამოყალიბებულია სამეფო კლუბის დადგენილებების შესაბამისად)

  

კონსტიტუციური მონარქია

 

            რა თქმა უნდა, მონარქიის ჩვენი პროექტი გულისხმობს კონსტიტუციურ, შეზღუდულ მონარქიას და არა აბსოლუტურს, როგორც ევროპის ქვეყნებშია და როგორცაა იაპონიაში. აბსოლუტური მონარქია საქართველოში არც არასდროს ყოფილა. საქართველოს მეფეები შეზღუდულები იყვნენ ჩვეულებითი სამართლით, ტრადიციითა და სჯულის კანონით, მორალით, შესაბამისი, სამეფოდ აღზრდის დროს მიღებული სამართლიანობის შეგნებითა და ქრისტიანული წვრთნით.

            ისტორიულად ქართველი ხელმწიფეებისათვის მეფობა იყო ხალხისა და უფლის მსახურება და არა ბატონობა ხალხზე. ეს არის სწორედ შეზღუდული მონარქია - ანუ დღევანდელი გაგებით კონსტიტუციურობა მეფობისა, რაც თანამედროვე სამართალზეა დაფუძნებული.

            კოსნტიტუციაში დაწვრილებით იქნება გაწერილი მეფის უფლებანი და რაც მთავარია - ვალდებულებანი (კანონი მეფის შესახებ).

            ამიტომ ეწოდება ჩვენს პროექტს პირველ რიგში - კონსტიტუციური მონარქია.

მონარქიასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში სხვა დაბნეულობააცაა, ზოგს ჰგონია, თუ საქართველოში აღდგება მონარქია, მეფობასთან ერთად უნდა აღდგეს არისტოკრატიული (თავად-აზნაურული) ფენა  თავისი ტიტულებით და ფეოდალური იერარქია. თითქოს, თავად-აზნაურებს უნდა გადაეცეთ ქონება, ისინი უნდა არჩინოს ბიუჯეტმა და სხვა. ზოგი თვლის, რომ არისტოკრატიული ტიტულები (წოდებები) უნდა აღდგეს სიმბოლურად. 

პირდაპირ ვიტყვი, აბსოლუტური მონარქიის, არისტოკრატიული ფენის აღდგენის, მათთვის ქონების გადაცემის ან თუნდაც, თავად-აზნაურული ტიტულების სიმბოლურად აღდგენის მოთხოვნა არის სრულიად არარეალური და თუ ამგვარი პროექტი იქნება შეთავაზებული ხალხისთვის, ვერასდროს ვერ აღდგება მონარქია საქართველოში.

ქართველი ხალხი არ მისცემს ხმას ქართული საზოგადოების დაყოფას კიდევ ერთი ნიშნით, წინაპართა სოციალური სტატუსის მიხედვით. ქართველი ხალხი ისედაც დაყოფილია ძალიან მდიდრებად და ღატაკებად და კიდევ მრავალი ნიშნით. უნდა შეწყდეს ხალხის დაყოფა სხვადასხვა ნიშნით.

ჩვენ სხვა გზით მივდივართ, ჩვენ გაერთიანების გზას ვეძებთ!

ანუ, არისტოკრატიული და აბსოლუტური მონარქიის მოთხოვნები მონარქიის პროექტს დაასამარებს, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ.

 

სახალხო მონარქია

 

სამეფო კლუბს აქვს სრულიად განსხვავებული, რეალური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვეობის რეალობას, სახელმწიფო ანუ საერთო ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფოს მართვის თანამედროვე მექანიზმებს, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრინციპებს, პოლიტკორექტულობას, განვითარებული და სახელმწიფოებრივად დაწინაურებული სახელლმწიფოების გამოცდილებას, მოქალაქეთა სრული თანასწორობის, მათ შორის, ღირსებისა და პატივის თანასწორობის იდეას და ყველაზე უმთავრესს, ეროვნული ერთიანობის აუცილებლობას.

ტერმინი „სახალხო მონარქია“ ჩვენი შემოტანილია თანამედროვე საქართველოს სინამდვილეში და აღნიშნავს იმავეს, რასაც კონსტიტუციური მონარქია, საპარლამენტო მონარქია, ოღონდ ფეოდალიზმის ყოველგვარი, თუნდაც სიმბოლური გამოვლინებების გარეშე.

სახალხო მონარქია ნიშნავს, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. სადაც, მეფე მეფობს, მეფობა ხალხის სამსახურია, ხოლო ქვეყანას მართავს ხალხი. სახალხო მონარქია არის ხალხისა და ტრადიციული მმართველობა. ეს არის წარსულისა და მომავლის ერთიანობა - ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების რეალიზებისათვის.

სამეფო კლუბის თანამედროვე ქართული მონარქიის პროექტი არის თანამედროვე, დემოკრატული, ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოებრიობის პროექტი. ის გათვლილია მხოლოდამხოლოდ ქვეყნის მარტივად სამართავად და არავითარი, არანაირი კავშირი არ აქვს  ფეოდალურ მონარქიასთან, გვაროვნულ იერარქიასთან, ადამიანების დაყოფასთან წარჩინებულებად და არაწარჩინებულებად, დიდებულებად და მდაბიორებად, თავადებად და გლეხებად, კეთილშობილებად და არაკეთილშობილებად, დიდგვაროვნებად და უბრალო გვარების წარმომადგენლებად. არავითარი კავშირი არ აქვს ფეოდალიზმის ნებისმიერ, თუნდაც, სიმბოლურ გამოვლინებასთან.

მეფე ერის, სახელმწიფოს სიმბოლოა, მეფე მთელი ერის წარმომადგენელია და არა რომელიმე ფენისა.

ეს პროექტი ჩვენ გვჭირდება სტაბილურობისთვის.

არავითარი საჭიროება თანამედროვე მონარქიას არ აქვს თან ახლდეს თავად-აზნაურობის იურიდიულად და ოფიციალურად არსებობა. ქონების გადაცემაზე და თანხების გამოყოფაზე ხომ საუბარიც გამორიცხულია.

თანამედროვე ცივილიზაციაში, თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროში გვაროვნული იერარქია (წინაპართა დამსახურებით ადამიანის გამორჩევა-დაწინაურება) შეუძლებელია. ხალხი ირჩევს პარლამენტს, პარლამენტი აყალიბებს მთავრობას. მთავრობა დაქირავებულია ხალხის მიერ, სახელმწიფოს სამართავად. პარლამენტის ვადის გასვლის შემდეგ იშლება მთავრობა და ახალი პარლამენტი ირჩევს ახალ მთავრობას. სამთავრობი იერარქია დროებითია. ამგვარად, ძველი, ფეოდალური იერარქიისათვის დამახასიათებელი გვაროვნული ელიტურობა და გამორჩეულობა, თანამედროვე ცივილიზებულ სახელმწიფოს არ სჭირდება.

თუ ადრე, ფეოდალურ ხანაში, ქვეყანას და მის კუთხეებს მართავდნენ მეფის მიერ თავად-აზნაურთა წრიდან დანიშნული მოხელეები და არმიაში მეთაურებისა და ოფიცრებისა ფენას შეადგენდნენ მხოლოდ თავად-აზნაურები, დღეს ეს ფუნქცია გადანაწილებულია საქართველოს ყველა მოქალაქეზე. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია არჩეული იყოს რომელიმე არჩევით თანამდებობაზე, ქვეყნის, კუთხის, ქალაქის, სოფლის ხელმძღვანელად და ასევე, ყველა ადამიანს შეუძლია სამხედრო სამსახურში შესვლა და დაწინაურება უმაღლეს სარდლობამდე. ამგვარად, ფეოდალიზმის ეს ფუნქციებიც გაუქმებულია თანამედროვე ევროპულ მონარქისტულ ქვეყნებში.

ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში არსებობს სიმბოლური ან რაიმე ფუნქციის მატარებელი საგვარეულო მემკვიდრეობანი ან წოდებანი. იმ ქვეყნებში, ეს ტრადიცულად იქნა შემონახული და რეალური ძალაუფლება ამ თანამდებობებს თუ წოდებებს (ტიტულებს) არ აქვს. რეალური განსახვავება სხვა მოქალაქეთაგან, ამ წოდებათა (ტიტულთა) მატარებლებს არ გაჩნიათ. ეს სიმბოლურია.

თუმცა, ქართული მონარქიის შემთხვევაში ესეც გამორიცხულია უკვე, რადგან, ქართულ მონარქიამდე საქართველოს თითოეული მოქალაქე, დღევანდელი რეალობით, მიდის თანაბარი პატივით, თანაბარი ღირსებითა და თანაბარი წოდებით - მოქალაქე. რადგან, 1921 წლის კონსტიტუციით მემკვიდრეული წოდებანი, ტიტულები არა მხოლოდ გაუქმებულია, არამედ აკრძალულია.

დემოკრატიულობის თვალსაზრისით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ზვიად გამსახურდიას მიერ აღდგენილი სახელმწიფოებრიობა სწორი გზით მიდიოდნენ.

რადგან, ფეოდალიზმის იდეოლოგიით, აზნაური (არისტოკრატი) ნიშნავდა თავისუფალს. სხვები კი, ფეოდალიზმის დროს, არ იყვნენ თავისუფალი და დამოკიდებული იყვნენ აზნაურებზე (თავად-აზნაურებზე), ქონებრივად და რაც ყველაზე საშინელია, უფლებრივად. არააზნაურებს არ ჰქონდათ ან შეზღუდული ჰქონდათ თავისუფლების ხარისხი ან დაბალ ფენას მაინც მიეკუთვნებოდნენ.

დღეს ტერმინი „გლეხი“ არ წარმოადგენს დაბალი ღირსების სოციალური ფენის აღმნიშვნელ სიტყვას. მაგრამ, თუ იურიდიულად გაცოცხლდება წოდებები: თავადი და აზნაური, ტერმინი გლეხი კვლავ ასოცირებული გახდება დაბალი სოციალური ფენის (თუ წარმოშობის) მქონე ადამიანთან. ასეთ შემთხვევაში, ყველა, ისტორიულად არათავადური და არააზნაური წარმოშობის ადამიანი ფსიქოლოგიურად და ფაქტობრივად, სამართლებრივადაც, გაიგივებული იქნება ნაკლები ღირსების მქონე ადამიანთა ფენასთან.

არისტოკრატთა და არაარისტოკრატთა უფლებრივ-ხარისხობრივი შეპირისპირება საისტორიო წყაროებში (და ცხოვრებაში, ძველად) ასე გამოიხატებოდა: აზნაური - უაზნო, დიდებული - მდაბიორი, შერაცხილი - შეურაცხი, პატივიანი - უპატიო, გვარიანი - უგვარო და ა. შ.

გარდა ქართულისა, აზნაურის შესატყვისი ბერძნულად იყო „კეთილშობილი“, ლათინურად „ცნობილი“, სომხურად „წარჩინებული“, სირიულად - „დიდი სახლის შვილი“. „ხოლო „უაზნოს“ არაკეთილშობილად გააზრებას მხარს უჭერს I კორინთელთას I. 28-ში დამოწმებული „უაზნოს“ შესატყვისი უცხოური ტერმინები: ბერძნულად „არაკეთილშობილი“ ლათ. „უცნობი“, „არაკეთილშობილი“, სომხური „უტომო“, „არაკეთილშობილი“, სირიულად „მცირე გვარის“ კაცი, „არაკეთილშობილი“ (ტარასი ახალაია, „შერაცხილის სოციალური ისტორია“, საქ. სსრ მეცნ. მაცნე, 1987, 4, გვ. 69). 

ეს ყველაფერი ასოცირდება, სამწუხაროდ, მოვლენებთან, როგორიც არის ერთი ადამიანის (ერთი სოციალური წრის წარმომადგენლის) უფლება სხვა ადამიანის (სხვა სოციალური წრის წარმომადგენლის) ჩაგვრასთან - გაყიდვასთან, გაჩუქებასთან, დასჯასთან...  

მთელი ცივილიზებული მსოფლიო აღიარებს პოლიტკორექტულობის აუცილებლობას. ანუ ნებისმიერი საჯარო გამონათქვამი, გამოსვლა და ქცევა, რა თქმა უნდა, კანონმდებლობა და კონსტიტუციის პრინციპებიც, უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაო თანასწორობის აღიარებას, ადამიანთა ცხოვრების ყველა ასპექტში. მიუღებელია ისეთი გამოთქმებიც კი, რომლებიც რაიმე ჩაგვრასთან, დისკრიმინაციასთან ან ადამიანთა სხვადასხვა უფლებრივ ჯგუფებად დაყოფის რაიმე ფორმასთან იყო დაკავშირებული, თუნდაც ოდესღაც (მაგალითად, „მონა“, და გამომდინარე აქედან ტერმინები, „მონათმფლობელი“ „კეთილშობილი“, „არაკეთილშობილი“, „მონათა შთამომავალი“ და სხვა), რათა ადამიანებმა არ აწყენინონ ერთმანეთს.

გლეხი (ყმა) რომ გვიან ფეოდალურ ხანაში, განსაკუთრებით ქართული სახელმწიფოებრიობის დაშლისა და დეგრადაციის, შემდეგ კი გაუქმების მერე, დისკრიმინაციას განიცდიდა, ამას ლაპარაკი არ უნდა.

მართალია, ყველა გლეხი არ ყოფილა ყმა, არათავისუფალი, განსაკუთრებით მთაში, მაგრამ, სოციალური თვალსაზრისით ისინი მაინც არაარისტოკრატიულ, „უაზნოთა“ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდნენ.

პოლიტკორექტულობის საუკუნეში ადამიანების წოდებრივი დაყოფა თავად-აზნაურებად და გლეხებად (თუნდაც გლეხები კი არა მოქალაქეები ან სხვა რამ ეწოდოს), სრულიად წარმოუდგენელია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტკორექტულობის ზოგიერთ მომდევარს ზედმეტიც მოსდის, უცხოეთშიც და საქართველოშიც.

დღევანდელ საქართველოში ყ ვ ე ლ ა  ადამიანი თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი ა და არავინ არავისზე პოლიტიკურად და რაც მთავარია, უფლებრივად დამოკიდებული არ არის და არავინ არავისზე არაფრით ნაკლები არ არის. არაფრისდიდებით არ შეიძლება პოლიტკორექულობის დარღვევა და რაიმე არასასიამოვნოს მინიშნება.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთო დეკლარაციის მიხედვით, ყოველი ადამიანი თანაბარია, მათ შორის ღირსებით. სახელმწიფოს მხრიდან, კონსტიტუციურად, თავად-აზნაურული ტიტულების დაშვება კი ნიშნავს ადამიანების დაყოფას ღირსებისა და პატივის მიხედვით.

ზოგიერთ სახელმწიფოში, ოფიციალურ დოკუმენტებში აკრძალულია არისტოკრატიული ტიტულების მოხსენიება. ზოგ ქვეყანაში კანონი საერთოდ კრძალავს არისტოკრატიული ტიტულების გამოყენებას, როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ ურთიერთობებში.

ქართველი ხალხი, არც ერთი იდეოლოგიით (მით უმეტეს, კონსტიტუციით, იურიდიულად), არ უნდა დაიყოს თავადებად და გლეხებად, კეთილშობილებად და მდაბიორებად, ცისფერსისხლიანებად და წითელსისხლიანებად, აღმატებული ღირსებისებად და ნაკლები ღირსებისებად.  

თანამედროვე საქართველოში ყველა თავისუფალია, ანუ ყველა აზნაურია და უნდა ითქვას, მეტიც, საქართველოში არსებული ყველა გვარი კეთილშობილია. სწორედ, ამ იდოლოგიით უნდა შევუდგეთ  ახალი ქართული სახელმწიფოს შენებას.

სამეფო კლუბის გადაწყვეტილებით,

            ამიტომ ვუწოდეთ ჩემს პროექტს - სახალხო მონარქია.

 

                                                ჰორიზონტალური მონარქია

 

თანამედროვე დემოკრატიული სამყარო მოწყობილია ჰორიზონტალური პრინციპით. ყველა ადამიანი თანაბარია. ყველა ადამიანს აქვს თანაბარი შანსი დაიკავოს რაიმე თანამდებობა, შეძლოს კარიერული წინსვლა, იყოს არჩეული რომელიმე არჩევით ორგანოში, დამსახურების მიხედვით სახელმწიფოს მიერ გამოცხადდეს რჩეულ, საპატიო, ღვაწლმოსილ, საამაყო პიროვნებად და სხვა.

ყველას უნდა შეეძლოს  მეფისგან (სახელმწიფოსგან), ერის წინაშე დამსახურებისათვის, ჯილდოს - წოდების მიღება, რომელიც არ გადაეცემა მემკვიდრეობით (ხაზს ვუსვამ, რომელიც არისტოკრატილი შინაარსის არ იქნება, რადგან თითოეულმა ადამიანმა პირადად უნდა დაიმსახუროს სახელმწიფოსგან ჯილდო და არ უნდა იყოს გამორჩეული წინაპრების დამსახურებით). ტიტული, წოდება, ღირსება უნდა იყოს მხოლოდ პერსონალური.

ასეთი წოდებები, რომელთაც მეფე მიანიჭებს მოქალაქეებს, შეიძლება იყოს, „საქართველოს სამეფოს რაინდი“, ქალებისათვის „საქართველოს სამეფოს დამსახურებული მანდილოსანი“. ასევე, შეიძლება შემოვიღოთ, მაგალითად: „ვარგი“, „დიდებული“, „დარბაისელი“ და სხვა.   

საქართველოში არ უნდა არსებობდეს ოფიციალურად თავადის, აზნაურის და სხვა არისტოკრატიული ტიტულები. რათა არავითარი მინიშნება არ იყოს ფეოდალიზმის დრონდელ ადამიანთა კასტებად დაყოფის იდეოლოგიასთან და რათა ახალი „თავადის“ ან „აზნაურის“ წოდებებმა გაურკვევლობა არ გამოიწვიოს თავადებისა და აზნაურების შთამომავლებს შორის და, რაც მთავარია, მათთან მიმართებაში.

თავად-აზნაურთა შთამომავლებს, ჩემი აზრით, აქვთ უფლება, პოლიტკორექტულობის ფარგლებში, მხოლოდ ერთმანეთთან ურთიერთობაში ჰქონდეთ საკუთარი ნორმები, შეიკრიბონ და ა. შ. მაგრამ, როგორც უამრავ დემოკრატიულ ქვეყნებში, ოფიციალურად (ოფიციალურ დოკუმენტებში, კონსტიტუციაში, კანონებში, მასობრივ გამოცემებში, სახელმწიფოსთან, საზოგადოებასთან და სხვა პიროვნებებთან ურთიერთობაში და ა. შ.), არ უნდა იარსებოს ადამიანთა განმასხვავებელმა წოდებებმა.  

თანამედროვე სამყარო ფეოდალური წყობისგან სრულიად განსხვავებულადაა მოწყობილი და თანამედროვე სამყაროს არაფერში არ სჭირდება ადამიანების განსხვავება წინაპრების სოციალური სტატუსის მიხედვით. თანამედროვე სამყარო არ ცნობს ადამიანების დაყოფას რასის, კანის ფერის, სქესის, სარწმუნოების, ფიზიკური მონაცემებისა და წინაპართა სოციალური სტატუსის მიხედვით. ეს ყველაფერი კაცობრიობამ, მადლობა ღმერთს, წარსულში დატოვა. თანამედროვე სამყაროში ადამიანები თანაბარნი არიან დაბადებიდან, მათ შორის, ღირსებითა და პატივით.

ადამიანთა თანასწორობის პრინციპი, სხვათა შორის, არის ქრისტიანობის ჭეშმარიტი გამოვლენა.

თუ ვინმეს ჰგონია, მონარქია რადგან ჰქვია პროექტს, ამიტომ უნდა იყოს რაიმე იერარქია სახელმწიფოში, უნდა იყოს თავად-აზნაურობაც, რომელიც მონარქიის დროს იყო ძველად, ცდება. ეს არ არის მართალი, რადგან, ძველ რესპუბლიკებშიც, მაგალითად, რომში, რესპუბლიკა იყო, თუმცა არსებობდა არისტოკრატიაც, რომელიც რომს მართავდა. იყო მონობაც. მონობა და უთანასწორობა იყო სხვა რესპუბლიკებშიც, მაგრამ, თანამედროვე რესპუბუბლიკებმა უარი თქვეს არისტოკრატიაზე, მონათმფლობელობაზე, მაგრამ უარი არ უთქვამთ რესპუბლიკაზე და მაინც არსებობენ რესპუბლიკები, არისტოკრატიისა და მონების გარეშე.

ადამიანები, მიუხედავად წინაპართა სოციალური მდგომარეობისა, არაფრით განსხვავებიან. ამას ამტკიცებს მეცნიერება, ხელოვნება, პოლიტიკა, სამხედრო საქმე და მორალთან დაკავშირებული ისტორიებიც. სავსებით შესაძლებელია ფეოდალიზმის დროისათვის დაბალ ფენად წოდებულთა წარმომადგენელების შთამომავალი იყოს გენიოსი და პირიქით, მაღალი ფენის წარმოადგენელთა შთამომავალი კი ნაკლებად ნიჭიერი. ასევე ერთგული და ორგული, მამაცი და არამამაცი, სამშობლოსათვის თავგანწირული და ეროვნული ნიჰილისტი და სხვა. გმირები და გენიოსები, ან მოღალატეები და უნიჭოები შეიძლება ჰყავდეს ნებისმიერი ფენის შთამომავლობას.

არავითარი ეროვნული ერთიანობა და კონსოლიდაცია არ იქნება, თუკი საზოგადოებას, თუნდაც, სიმბოლურად, წარმოშობის მიხედვით დავყოფთ თავად-აზნაურებად და გლეხებად.

მეფეც, დედოფალიც და ტახტის მემკვიდრეც (მეფის ოჯახის სხვა წევრები) იქნებიან ჩვეულებრივი მოქალაქეები და მათზე გავრცელდება (როგორც თანამედროვე კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებშია) სახელმწიფოში არსებული ყველა კანონი და წესი.

მეტიც, მეფეს და მისი ოჯახის წევრებს, მეფის შესახებ კანონით ჩვეულებრივ მოქალაქეებთან შედარებით გარკვეული შეზღუდვები ექნებათ დაწესებული (მაგ. დახურული პირადი საბანკო ანგარიშები, კომერცია-ბიზნესის წარმოება, სარეკლემო საქმიანობა, პოლიტიკური პარტიებისადმი პირადი, სუბიექტური დამოკიდებულების გამოვლენა, კაზინოებთან ურთიერთობა და სხვა).

თავად-აზნაურული ტიტულების ოფიციალური და იურიდიული არსებობა, თუნდაც სიმბოლური არსებობა, ადამიანებს წარმოშობის მიხედვით ახარისხებს, რაც მიუღებელია, და რომც მოვინდომოთ, არ გამოგვივა. ასეთ რამეს არც საზოგადოება დაუშვებს, რადგან რეფერენდუმი დასჭირდება, რომლის შედეგიც, თავისთავად ცხადია გამორიცხავს ამგვარ რამეს და არც დემოკრატიული სამყარო მოგვიწონებს, რომლის მხარდაჭერა ნამდვილად გვჭირდება სახელმწიფოს მშენებლობისას და ოკუპაციის დაძლევისთვის.

ამიტომ ვუწოდეთ ჩვენს პროექტს ჰორიზონტალური მონარქია.

 

დემოკრატიული მონარქია

 

თანამდროვე ევროპული კანსტიტუციური მონარქიის ქვეყნები დემოკრატიული სახელმწიფოებია, საქართველოს სამეფოც, რა თქმა უნდა, დემოკრატიული სახელმწიფო იქნება.

 

დღევანდელი ვითარება

 

რაც მთავარია, რაც ყველაზე უმთავრესია:

დღევანდელი საქართველოს სახელმწიფო, - 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებისა და 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის აქტის მიხედვით, - არის 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის სამართალმემკვიდრე ანუ რესპუბლიკა. რაც დამტკიცდა აღნიშულ რეფერენდუმზე, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის მიერ.

1918 წელს, როცა აღდგა საქართველოს დამოუკიდებელი სახელწიფოებრიობა, საქართველოს თავად-აზნაურობამ თავისი ნებით უარი თქვა არისტოკრატიულ, მემკვდრეულ წოდებაზე და ქონების დიდი ნაწილი გადასცა სახელმწიფოს. იმდროინდელი თავადაზნაურობის მხრიდან ეს იყო მამულიშვილური, შეგნებული, სამართლიანი ნაბიჯი. რადგან, საქართველოს მთელი ქონება არის ერის საკუთრება და ის მხოლოდდამხოლოდ ხალხს, სახელმწიფოს ეკუთვნის. მისი პირობითი, დროებითი მფლობელი, გასხვისების უფლების გარეშე, სიმბოლურად შეიძლება იყოს მეფე (ანუ სახელმწიფო), რადგან მეფე არის სახელმწიფოს სიმბოლო. ხოლო სათავადოებების, სააზნაუროების და სხვა, იერარქიით მიღებული ქონება იყო დროებით ქონება, დროებითი სარგებლობისთვის, რასაც დროებით გასცემდა მეფე, ხალხის სახელით, სამსახურისათვის, თუმცა, მერე მოხდა მითვისება. ასევე, წოდებანი, რაც თანამდებობისა და ფუნქციის მატარებლობის გამოხატვა გახლდათ, მეფის, ანუ სახელმწიფოს მიერ იყო გაცემული. რაც, ანუ ქონება და წოდება, უკან გამოართვა, ხალხის სასარგებლოდ, სახელმწიფომ, 1918 წელს და დაადასტურა რეფერენდუმმა 1991 წელს.

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ვცხოვრობთ რესპუბლიკაში, რომელიც დადგენილია სახალხო რეფერენდუმით.

რეფერენდუმის შედეგებს ჩვენ ვერ უგულებელყობთ. ვერაფრისდიდებით. გამორიცხულია.

ახალი რეფერენდუმის დანიშვნა, ჯერ ერთი, შეუძლებელია, რადგან ტეროტორიებია ოკუპირებული; მეორე, ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს და მესამე, რეფერენდუმზე რომ დავაყენოთ არისტოკრატიული ტიტულების, თუნდაც, სიმბოლური აღდგენის საკითხი, ხომ წარმოგიდგენიათ რაც მოხდება? - ჩავარდება კონსტიტუციური მონარქიის იდეა.

 

საპარლამენტო მონარქია

 

დღევანდელი ევროპული, იაპონური და სხვა კოსნტიტუციური მონარქიები ფაქტობრივად, არის, საპარლამენტო მონარქიები. ხალხი ირჩევს საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტს. პარლამენტი ირჩევს აღმასრულებელ ორგანოს, მთავრობას. მთავრობა მართავს სახელმწიფოს. მეფეს აქვს ცერემონიალური და სიმბოლური დანიშნულება, თანამშრომლობს პარლამენტთან და მთავრობასთან და ეხმარება მათ ეროვნული თანხმობის განმტკიცებაში.

 

რესპუბლიკური მონარქია

(რესპუბლიკა მეფით, რესპუბლიკა მონარქითგვირგვინოსანი (დაგვირგვინებული) რესპუბლიკა)

ტერმინი „რესპუბლიკური მონარქია“ ერთი შეხედვით თითქოს აბსურდია, თითქოს ამ ორი წყობისა და ტერმინების, მონარქიისა და რესპუბლიკის შეთავსება შეუძლებელია, მაგრამ, ეს მხოლოდ საკითხის შესწავლის გარეშე. სინამდვილეში ამგვარი ტერმინი გამოიყენება დიდი ხანია, ისტორიული და თანამედროვე ვითარებების ასახვისას. მაგ. რომის პრინციპატის ეპოქის, იმპერატორ ავგუსტის მმართველობის ხანასთან მიმართებაში (ა. მეჟერიცკი: „რესპუბლიკური მონარქია - იმპერატორ ავგუსტის იდეოლოგიისა და პოლიტიკის მეტამორფოზები“, Я. Ю. Межерицкий, «РЕСПУБЛИКАНСКАЯ МОНАРХИЯ» МЕТАМОРФОЗЫ ИДЕОЛОГИИ И ПОЛИТИКИ ИМПЕРАТОРА АВГУСТА  http://ancientrome.ru/publik/article.htm?a=1302473204 ). მსგავსი დამოკიდებულება არის სხვებთანაც.

„მცნება „რესპუბლიკური მონარქია“ შემოღებულ იქნა აბატ მაბლის მიერ, გარდაცვალების მერე, 1789 წელს გამოცემულ მის წიგნში „მოქალაქეების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ“, თუმცა, თავად პრინციპი მოდის რუსოს სწავლებიდან სახალხო სუვერენიტეტის შესახებ. „რესპუბლიკური მონარქია“ მხოლოდ კიდევ ერთი ვარიაცია კი არ არის შერეული მმართველობის შესახებ თემაზე, როდესაც „მონარქიის განმტკიცებისათვის მასში შეაქვთ ყველაფერი კარგი, რაც აქვს რესპუბლიკას (დ’არჯანსონი). აქ, უმაღლეს ბატონად, სუზერენად, წარმოდგენილია ხალხი, რომელთან მიმართებაში „მეფეები მხოლოდ ადმინისტრატორები არიან“, გარკვეულწილად გარანტორები „რომელიმე კლასის ან პარტიის ტირანიის წინააღმდეგ“ (მაბლი). „მმართველობა, სადაც უმაღლესი ხელისუფლება ხალხის ან მისი ნაწილის ხელშია, მონტესკიეს მიხედვით არის რესპუბლიკური. მაშასადამე, „რესპუბლიკური მონარქია“ არსებითად არის რესპუბლიკა მეფით (ხაზი ჩვენია - გ. მ). არსებითად უმნიშვნელოვანესად ითვლება არა მმართველობის ფორმა (მონარქია), არამედ პრინციპი (რესპუბლიკა).

რესპუბლიკა მონარქით“ (ხაზი ჩვენია - გ. მ.) ასე შეაფასა 1791 წლის 13 ივლისს მ. რობესპიერმა საფრანგეთის კონსტიტუცია, რომელმაც გამოაცხადა ერის სუვერენიტეტი და უწოდეს მეფეს (აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს), სხვებთან, საკანონმდებლო კორპუსთან ერთად, ერის უფლებამოსილი წარმომადგენელი“ (ტ. ჩერნოვერსკაია: „რესპუბლიკური მონარქიის" პრობლემა პოლიტიკურ აზროვნებებში საფრანგეთის დიდი რევოლუციის პირველი წლების დროს“, Т. А.Черноверская ПРОБЛЕМА "РЕСПУБЛИКАНСКОЙ МОНАРХИИ" В ПОЛИТИЧЕСКОЙ МЫСЛИ ФРАНЦИИ В ПЕРВЫЕ ГОДЫ ВЕЛИКОЙ ФРАНЦУЗСКОЙ РЕВОЛЮЦИИ).

დიდი განმანათლებელი მონტესკიე (1689-1755) ამბობდა, ინგლისი არისო „მონარქიის ფორმაში შეფარული რესპუბლიკა“ (http://www.cr

ownedrepublic.com.au/index.php/crowned-republic).

დოქტორი ბრექტ დესოერი (Brecht  Deseure) თავისი ნაშრომის, -„რესპუბლიკური მონარქია 1830 წლის რევოლუციებში, ლაფაეტიდან ბელგიის კონსტიტუციამდე / ევროპული იდეების ისტორია, “Republican Monarchy in the 1830 Revolutions. From Lafayette to the Belgian Constitution’ / History of European Ideas.“, - ანოტაციაში წერს:

„1831 წლის ბელგიის კონსტიტუცია წარმოადგენდა გადამწყვეტ ნაბიჯს კონტინენტური ევოლუციისა, რესტავრირებული კონსტიტუციური მონარქიიდან, დაფუძნებულს მონარქისტულ პრინციპზე, საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქიის დამყარებისკენ. იმ დროს ძალთა ბალანსი, რომლისკენაც ისწრაფოდნენ ბელგიელი რევლუციონერები, გამოიხატებოდა ფრაზით - „რესპუბლიკური მონარქია“. საყურადღებოა, რომ ეს კონცეფცია, მიუხედავად იმისა, რომ მამა-დამფუძნებლების მთავარი მოთხოვნა იყო, შემდგომი ისტორიკოსებისა და საზოგადო იურისტების მიერ არ განხილულა. წინამდებარე სტატიის მიზანია ცნების წარმოშობის რეკონსტრუქცია, მნიშვნელობა და გამოყენება, 1830 წლების რევოლუციურ ტალღაში. ფრანგი ვეტერანი-რევოლუციონერი გენერალი ლაფაიეტი პოპულარობას უწევდა რესპუბლიკურ მონარქიის იდეას ივლისის რევოლუციის დროს, თუმცა, ამ ტერმინის წარმოშობა მეთვრამეტე საუკუნის დებატების პერიოდს მიეკუთვნება, რომელიც მიმდინარეობდა აბსოლუტური მონარქიის რეფორმებთან დაკავშირებით“ (https://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/01916599.2019.1628085).

აღნიშნული ტერმინის საფრანგეთში და ბელგიაში გაჩენამდე, აშშ-ს ერთ-ერთი დამაარსებელი მამა, ჯორჯ ვაშინგტონის პრეზიდენტობისას ვიცე-პრეზიდენტი, მერე კი მეორე პრეზიდენტი, 1797-1801 წლებში - ჯონ ადამსი, 1763 წელს, ამტკიცებდა, რომ ბრიტანეთის იმპერიას რესპუბლიკის ფორმა აქვს: „ბრიტანეთის კონსტიტუცია გაცილებით ჰგავს რესპუბლიკას, ვიდრე იმპერიას. ის წარმოადგენს რესპუბლიკას, როგორც კანონების მმართველობას და არა ადამიანებისას. თუ ეს განმარტება სწორია, ბრიტანეთის იმპერია სხვა არაფერია, თუ არა რესპუბლიკა, სადაც მეფე წარმოადგენს მოსამართლეს. ეს თანამდებობა გადაეცემა მემკვიდრეობით და ახასიათებს ფართო და მდიდრული პრეროგატივები (ბრიტანეთის იმპერია მდიდარი იყო და იმიტომ, თან საუბარია მეთვრამეტე საუკუნეზე - გ. მ.), ამიტომ, არ არიან წინააღმდეგი იმისა, რომ მთავრობა იყოს რესპუბლიკური, რომელიც არსებული კანონებით იქმნება, სადაც ხალხს აქვს ხმისა და მთავრობის შექმნისა და თავის დაცვის უფლება“ (https://en.wikipedia.org/wiki/Crowned_republic).

სამეფო კლუბის ღვაწლმოსილი  წევრი, ელბერტ ბატიაშვილი გვიამბობდა სამეფო კლუბში, რომ 1832 წლის შეთქმულების ერთ ნაწილს ჰქონდა იდეა საქართველოში დაემყარებინათ „ერთგვარი მონარქია“ ანუ რესპუბლიკური მმართველობა მონარქიასთან ერთად.

ანალოგიური მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება...

რესპუბლიკა არის მმართველობის ისეთი ფორმა, სადაც სახელმწიფოს მმართველები, როგორც კანონმდებლები, ისე აღმასრულებლები არიან არჩეულები, გარკვეული დროით. მარკუორის (Macquarie) ლექსიკონის მიხედვით, რესპუბლიკა არის სახელმწიფოს ისეთი წყობა, სადაც უმაღლესი ხელისუფლება ეკუთვნით მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ საარჩევნო ხმის უფლება, რომელსაც ახორციელებენ პირდაპირი ან ირიბად არჩეული წარმომადგენლების მიერ. 

აქვე ვნახეთ ჯონ ადამსის განმარტებაც, რომ რესპუბლიკა არის კანონების მმართველობა და არა ადამიანებისა. მაშასადამე, თუ ჯონ ადამსის დეფინიციას გავყვებით, რესპუბლიკა ნიშნავს კანონების მმართველობას, სადაც არჩეული ადამიანები, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფალნი, კანონების აღმსრულებელნი არიან და არა "მმართველნი". მაშასადამე, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის აზრით, რესპუბლიკაში მთავარია კანონები. აქვე პატარა განმარტებაც - ასეთ ვითარებაში, ასეთი პრინციპით, ჯონ ადამსისეული პრინციპს თუ გავყვებით, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები კანონებს ქმნიან ან ცვლია კანონებით ანუ, რესპუბლიკის მმართველობა კანონებით ხდება, რესპუბლიკის მმართველები კანონები არიან.

მონარქია არის მმართველობის ისეთი ფორმა, სადაც ერთი მართავს ქვეყანას - მონარქი, მეფე. ასეთ შემთხვევაში, ძველად ეს იყო თითქმის შეუზღუდავი ან ნაკლებად შეზღუდული ერთის (მონარქის) მმართველობა, შემდეგ კი, კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებში ის ერთი შეიზღუდა კანონებით (კონსტიტუციით). ამგვარად, კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებსაც კანონები მართავენ (ზემოთმოტანილი ჯონ ადამსისეული განმარტებით).

        გარდა ამისა, დროთა განმავლობაში, ვითარებათა ცვლილების გამო ხშირია ტერმინთა შინაარსისა და თავად ტერმინთა ცვლილების შემთხვევები.

ტერმინებს - რესპუბლიკა და მონარქია - დეფინიცია თანამედროვე ვითარებაში, საპარლამენტო მონარქიის ქვეყნებმა, ფაქტობრივად, სახე შეუცვალა და მათ მიმართ მოაძველა, დიახ, მოაძველა და გადახედვას საჭიროებს.

ტერმინი არ უნდა იყოს კლიშე. თუ ცვლილება მოხდა, აუცილებელია მისი დაფიქსირება და აღიარება. ესაა პროგრესი.

რესპუბლიკის მთავარი განმარტება, მთავარი პრინციპი ისაა, რომ მმართველები არიან არჩევითი.

თითქოს, არსებობს რესპუბლიკის ორი ძირითადი სახე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო. პრეზიდენტი არჩევითია, ან საერთო-სახალხო არჩევნებით ირჩევა (რაც საკმაოდ ძვირია ქვეყნისთვის), ან პარლამენტი (სინამდვილეში, მმართველი პოლიტიკური გუნდი ირჩევს). საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში (როგორც ჩვენთანაა), პრეზიდენტს, ფაქტობრივად, ცერემონიალური უფლებები აქვს.

საპარლამენტო მონარქიის პირობებში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებანი არის არჩევითი, მათ ირჩევენ საარჩევნო ხმის უფლების მოქალაქეები. ანუ ძალაუფლება აქვს ხალხს. ხოლო მონარქს ძალაუფლება არ აქვს და მხოლოდ ცერემონიალური ვალდებულებები (დიახ, ვალდებულებები, სამსახურეობრივი ვალდებულებები) გააჩნია.

ამგვარად, თანამედროვე საპარლამენტი მონარქიები - რეალურად რესპუბლიკური მმართველობის ქვეყნებია, რესპუბლიკებია - რესპუბლიკური მონარქიებია (ამას წერდა ჯეიმს ბრაისიც, იხ. ქვემოთ).

როგორც ზემოთ ვწერდით, თანამედროვე სამყაროში დიდ ხანი არსებობს ტერმინი, რესპუბლიკური მონარქია. გარდა ამისა, არსებობს ტერმინები - მონარქია რესპუბლიკური ელემენტებით („რესპუბლიკური მონარქია“) და რესპუბლიკა მონარქიული ელემენტებით (თამარ მექურიძე: „მართვის (მმართველობის) თანამედროვე მეთოდები ადგილობრივ ორგანოებში“ და ჰენრი კუპრაშვილი: „ევროპის პოლიტიკური მმართველობის სისტემა“).

საპარლამენტო მონარქიებში, ფაქტობრივად, და ხანდახან კონსტიტუციური ნორმითაც, მონარქები არ მიეკუთვნებიან ხელისუფლების ანუ მმართველობის არც ერთ შტოს.

მაგალითად, იაპონიის კონსტიტუციის მე-4 მუხლი გვამცნობს: იმპერატორი „ახორციელებს სახელმწიფოს საქმეებთან დაკავშირებულ მხოლოდ ისეთ მოქმედებებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კონსტიტუციით და არ არის აღჭურვილი ხელისუფლების განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებებით“ (ზურაბ ჯიბღაშვილი: „პრეზიდენტის ინსტიტუტი საქართველოში და ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში“).

გარდა ამისა, რესპუბლიკური, არჩევითი წესით შექმნილი მონარქიაც არსებობს დღეს - ვატიკანის სახით. იქ რომის პაპს ირჩევენ მღვდელმთავრებიდან, კარდინალებიდან, მაგრამ, არჩევის მერე იგი ერთპიროვნი მმართველია, უნდა ითქვას, ევროპაში  ერთადერთი აბსოლუტური მონარქი.

თანამედროვე სამყაროში კარგ ხანია გაჩნდა გამოთქმა, „მმართველობის არატიპიური ფორმა“.  თანამედროვე ევროპული მონარქისტული ქვეყნები დიდი ხანია აღარ არის ტიპიური მონარქიები, არც მხოლოდ კონსტიტუციური მონარქიები.

მაშასადამე, გამოდის, რესპუბლიკა შეიძლება იყოს საპრეზიდენტო, საპარლამენტო (შერეულიც) და მონარქისტულიც და მონარქია შეიძლება იყოს აბსოლუტური (მოძველებული ფორმაა) და საპარლამენტო, ანუ, რესპუბლიკური.

ამგვარად, ტერმინები და ვითარებანი, დროთა და ვითარებათა განმავლობაში და გამოისობით იცვლება. ევროპული, იაპონური და სხვა, კონსტიტუციური მონარქიის თანამედროვე მოწყობა ნამდვილად შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც რესპუბლიკური მონარქია, ვინაიდან, რესპუბლიკის ყველა პრინციპი დაცულია და მონარქის არსებობაც ფაქტია.

ჩვენს შემთხვევაში პარლამენტი დაამტკიცებს ტახტის მემკვიდრედ მეფედ, თუ მას არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და არ აქვს დარღვეული კანონი მეფის შესახებ, რომელიც შემუშავებული იქნება იმ დროისათვის და რომელიც იქნება კონსტიტუციის ნაწილი. თუ იქნება უტყუარი მტკიცებულებები კანონის დარღვევისა, პარლამენტი არ აირჩევს ტახტის მეკვიდრეს მეფედ და მის მაგიერ აირჩევს მომდევნო მემკვიდრეს.

გარდა ამისა, აუცილებლად გასათვალისწინებელია ჯონ ადამსის პრინციპი, სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, საქართველოს სამეფო უნდა იმართებოდეს კანონებით, მხოლოდდამხოლოდ კანონებით. 

ამიტომ ვუწოდეთ ჩვენს პროექტს - რესპუბლიკური მონარქია.

 

გვირგვინოსანი (გვირგვინიანი, დაგვირგვინებული) რესპუბლიკა

 

ტერმინი - გვირგვინოსანი რესპუბლიკა (Crowned republic) იგივეს ნიშნავს, რაც რესპუბლიკური მონარქია და ისიც საკმაოდ ძველია. ავტორია ბრიტანელი აკადემიკოსი, იურისტი და ლიბერალი პოლიტიკოსი, „ნაციონალურ-ლიბერალური კლუბის“ დამფუძნებელი, თემთა და მერე ლორდთა პალატის წევრი, ჯეიმს ბრაისი (1838-1922). ის მაგ. წერდა: „ნორვეგიული მონარქია, ნამდვილად არის გვირგვინოსანი რესპუბლიკა და ნამდვილად დემოკრატიული რესპუბლიკა“ (https://en.wikipedia.org/wiki/Crowned_republic).

ამგვარად, ეს არაოფიციალური ტერმინი Crowned republic შეგვიძლია ჩვენც გამოვიყენოთ რესპუბლიკური მონარქიის პარალელურად და ქართული შინაარიც მივცეთ მას. ქართულ ენაში სიტყვა - გვირგვინოსანი ნიშნავს გვირგვინის მფლობელს, უმაღლესი რანგის  მქონეს, განსაკუთრებულს, გვირგვინით შემკულს, კურთხეულს, დაგვირგვინებულს. სიტყვა დაგვირგვინება არა მხოლოდ მეფის კურთხევას, მეფის ტახტზე აყვანას ნიშნავს, ასევე რამე საქმის კარგად გაკეთებას, კარგად დასრულებას, რაიმეს კარგად მოწყობას. სხვათა შორის, Crowned ტახტზე აყვანას, გვირგვინის დადგმას, მეფედ კურთხევასაც ნიშნავს. მეფედ კურთხევას კი მირონცხება, დალოცვა ახასიათებს - სიმბოლურია!

            საქართველოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოს აღდგენის პროცესი, 1918 წელს, რესპუბლიკის სახით დაიწყეს ჩვენმა წინაპრებმა. ათწლეულების შემდეგ აღნიშნული რესპუბლიკა აღადგინა ზვიად გამსახურდიამ, რომელსაც, ასევე ჰქონდა კონსტიტუციური მონარქიის იდეა.

საჭიროა, განვაგრძოთ ეროვნული, პატიოსანი ხელისუფლების გზა, აღვადგინოთ რეალურად ჩვენი ქვეყნის რესპუბლიკა, კანონების მმართველობა, სადაც, ხელისუფლება, ნამდვილად, ექნება ხალხს, და მაშასადამე, ჩვენ შეიძლება გავაგრძელოთ და დავაგვირგვინოთ ჩვენი რესპუბლიკა. ჩვენ შეგვიძლია ბოლომდე მივიყვანოთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საქმე და დავხვეწოთ სახელმწიფო, დავაგვირგვინოთ - გვირგვინოსანი რესპუბლიკით.

 

როგორ შეიძლება მეფობის დადგენა, არჩევა, დამტკიცება ჩვენთან?

                                                      

მარტივად, პრეზიდენტის თანამდებობას შევცვლით მეფის თანამდებობით, ეგაა და ეგ, მეტი არაფერი. მხოლოდ შეთანხმება გვჭირდება, მეფის შესახებ კანონის მიღება და კონსტიტუციაში ერთი პატარა ჩანაწერის, - თავი მეფის შესახებ, - დამატება (უფრო სწორად, თავის - პრეზიდენტის შესახებ დახვეწა).

            თანამედროვე ქართულ სახალხო მონარქიაში დარჩება რესპუბლიკისა და დემოკრატიის ყველა მიღწევა. ხელისუფლების წყარო კვლავ იქნება ხალხი. ყველა თანამდებობა, ყველა პოსტი, რომელიც ახლა არჩევითია, იქნება კვლავ არჩევითი. ჯეიმს მედისონისეული რესპუბლიკის განმარტება რომ გამოვიყენოთ, კანონებს შექმნიან და აღასრულებენ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები. ხელუხლებელი იქნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპი: საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებად. ფაქტობრივად და რეალურად ეს იქნება ისევ რესპუბლიკა. ეს იქნება რესპუბლიკური მონარქია, ეს იქნება საპარლამენტო მონარქია, ეს იქნება კანონების მმართველობა.

მეფობა კი იქნება თანამდებობა. რომელსაც დაამტკიცებს (ანუ აირჩევს) პარლამენტი დინასტიიდან, რა თქმა უნდა, შესაბამისად აღზრდილ მემკვიდრეზეა საუბარი და არა მხოლოდ გვარის მატარებელ პერსონაზე, რომელიც შესაძლოა შეუსაბამო იყოს. მეფის თანამდებობის თანაშემწენი იქნებიან დედოფალი და ტახტის მემკვიდრე, რომლებიც შეასრულებენ სახელმწიფოს მოხელეთა მოვალეობას. ამისთვის მეფე მიიღებს ანაზღაურებას, ხელფასს, როგორც პრეზიდენტი იღებს დღეს და გადაიხდის საშემოსავლოს. არ იარსებებს არავითარი სამეფო კარი და არავითარი თავად-აზნაურული იერარქია. იქნება მხოლოდ სამეფო კანცელარია (როგორც ახლაა პრეზიდენტის კანცელარია). მეფის კანცელარიისათვის და მეფის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობების შესრულებისათვის (ელჩებისა და სხვა სახელწიფოს წარმომადგენელთა მიღება, პარლამენტის გახსნა, დამსახურებული მოქალაქეების დაჯილდოება და სხვა) სახელმწიფოსგან გამოყოფილი იქნება თანხა, როგორც დღესაა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებისთვის გამოყოფილი, თუმცა, იქნება გაცილებით ნაკლები, ვიდრე დღეს სრულიად უფუნქციო პრეზიდენტისთვის იხარჯება. 

მეფის ოჯახი იცხოვრებს იქ, სადაც დღეს პრეზიდენტის ოჯახი ცხოვრობს. სახელწიფო საქმიანობისთვის, აუცილებელ შემთხვევებში, შეიძლება გამოიყოს რომელიმე შენობა დროებით.

სხვათა შორის, ქართული რესპუბლიკური სამეფოს სიმბოლური პირველი პირის, მეფის თანამდებობა იქნება გაცილებით იაფი სახელმწიფოსთვის, ვიდრე პრეზიდენტისაა. 

ქვეყანაში შეიძლება იარსებოს მხოლოდ რამდენიმე ტიტულმა - მეფე, დედოფალი, დედა დედოფალი, მეფისწული (ან უფლისწული), მეფის ასული. ამათგან მემკვიდრეობითი იქნება მხოლოდ მემკვიდრე მეფისწულისა და მისი მემკვიდრის ტიტულები. დანარჩენი ტიტულები ორი თაობის მერე გაუუქმდებათ მეფის მემკვიდრე შთამომავლებს, თუმცა, ტახტის მემკვიდრეობის ნუმერაციაში დარჩებიან.

მეფის მიერ კონსტიტუციის დარღვევისა ან კრიმინალის ჩადენის შემთხვევაში, სხვა, მომდევნო მემკვიდრის სასარგებლოდ მას გადააყენებს უმაღლესი სასამართლო უწყება და პარლამენტი.  

მაშასადამე, ჩვენი პროექტით, რესპუბლიკურ სამეფოში, მეფე მეფობს, მაგრამ, არ მართავს. ქვეყანას მართავს, როგორც ვთქვით, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა (ქვეყანას მართავს კანონები). ამგვარად, დაცულია რესპუბლიკის მთავარი პრინციპი - სახელმწიფოს მმართველობა არჩევითია.                            

 

მაშ, თუ რესპუბლიკა რჩება, რაში გვჭირდება მეფის თანამდებობა?

მონარქიის მნიშვნელობა ქვეყნისთვის

                         

მეფე ქვეყნის დიდი ისტორიის, ხანგრძლივი სახელმწიფოებრიობის, ტრადიციულობის, თავისთავადობის, თავისუფლების სიმბოლოა, და რაც მთავარი - სტაბილურობის, სახალხო თანხმობის, მოუსყიდაობის, პოლიტიკური მიუმხრობლობის, ობიექტურობის, ჰუმანიზმის, დემოკრატიის, ლიბერალიზმის, პოლიტიკური სტაბილურობის გარანტიაა... 

ქვეყანა დაიბრუნებს სრულ, უძველეს სუვერენიტეტსა და პრესტიჟს, რაც წართმეული იყო დამპყრობლის, რუსეთის იმპერიის მიერ. საქართველო შეუერთდება უძველესი, უცვლელი, დაუპყრობელი, სუვერენული ქვეყნების რიცხვს, რომელთა შორის არიან ევროპის კონსტიტუციური მონარქისტული ქვეყნები, ასევე იაპონია და სხვა.

როგორი განვითარებულები არიან ისინი და რამდენად წინ არიან, ზოგადად, არამონარქისტულ რესპუბლიკებთან შედარებით, თავად განსაჯეთ.

სამეფო კლუბის სახალხო მონარქიის პროექტი არის პერსპექტივის პროექტი. დავაზუსტოთ - პროექტი პერსპექტვისთვის ქვეყანაში სტაბილურობის მისაღწევად!

მეფის ინსტიტუტი გვჭირდება იმისთვის, რომ სახელმწიფოს პირველი პირი არ იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის მომხრე ან მოწინააღმდეგე, ან ძალიან დიდი ფულის მქონე ადამიანი ან მის მიერ დასმული პოსტზე!

მეფე გვჭირდება იმისათვის, რომ რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურებმა სხვადასხვა მაქინაცებით არ მოახდინონ სახელმწიფოს პირველ თანამდებობაზე საკუთარი ღია თუ ფარული კანდიდატის გაყვანა!

მონარქი იმისთვის გვჭირდება, რომ სახელმწიფოს პირველი პირი იყოს ქვეყნის ისტორიული ბრენდი – სახე და მცველი ქვეყნისა!

მეფე გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყნის მეთაურად ითვლებოდეს არა გაქნილი პოლიტიკოსი, არა ვინმეს ან რომელიმე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პერსონა, არა რომელიმე პარტიის წევრი და სხვა პარტიების მოწინააღდეგე, არამედ, შესაბამისად აღზრდილი ადამიანი, სხვა ქვეყნების გავლენისაგან და პარტიული თუ ფინანსური ვალდებულებებისაგან თავისუფალი და ნეიტრალური პიროვნება!

მეფის თანამდებობა გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანას ჰყავდეს მირონცხებული მეთაური, რომლის ტახტზე ასვლას აკურთხებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია!

მეფის თანამდებობა გვჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ აღადგინოს რუსეთის იმპერიის მიერ წართმეული სახელმწიფოებრიობის სრული ფორმა!

მეფის თანამდებობა გვჭირდება იმისთვის, რომ დავბრუნდეთ ევროპის უძველესი სახელმწიფოების რიგებში!..

დაბოლოს, თუ საქართველოს სამეფო კლუბის სახალხო, კონსტიტუციური, ჰორიზონტალური, საპარლამენტო, რესპუბლიკური მონარქიის პროექტი განხორციელდება, ეს იქნება მაგალითი სხვა ევროპული ერებისათვისაც, რომელთაც დამპყრობელთა ძალმომრეობის შედეგად დაკარგეს ისტორიული სამეფო ხელისუფლებანი.

საქართველოს სამეფო კლუბის სახალხო სახალხო, კონსტიტუციური, ჰორიზონტალური, საპარლამენტო, რესპუბლიკური მონარქიის პროექტი არის ახალი სიტყვა სახელმწიფოებრიობის, კონსერვატიზმისა და დემოკრატიისა და ლიბერალიზმის შერწყმისა და განვითარების საქმეში.

ზოგი ამბობს, იყო წყვეტა და ახლა აღდგენა ძნელიაო...

            პასუხი ძალიან მარტივია, უაღრესად მარტივი: ავტოკეფალიის წყვეტაც გვქონდა და სახელმწიფოებრიობისაც. განა უარი ვთქვით  ავტოკეფალიის აღდგენაზე? ან უარი უნდა გვეთქვა სახელმწიფოებრიობის აღგენაზე?

მით უმეტეს, რესპუბლიკას არ ვცვლით, ფაქტობრივად. ვამარტივებთ მხოლოდ, ვასტაბილურებთ და განვამტკიცებთ!

ცვლილებები სახელმწიფოს მოწყობისა, ფაქტობრივად არ იქნება!

            კონსტიტუციაც არ იცვლება, გარდა ერთი ფრაზისა!

სახელმწიფოს გადაწყობა ფაქტობრივად არ იქნება - უბრალოდ, ევროპის ყველაზე განვითარებული ქვეყნების მაგალითს ვიმეორებთ! რაც მთავარია, ვაარტივებთ და ვაქართულებთ სახელმწიფოს!

დაბოლოს, ალბათ, გვკითხავენ: ჩვენი აზრით,     ?

            სამეფო კლუბის პასუხია: ს ა მ ე ფ ო  დ ი ნ ა ს ტ ი ი ს  წ ა რ მ ო მ ა დ გ ე ნ ე ლ ი!

ბავშვობიდან შესაბამისად აღზრდილი, შესაბამისად განათლებული და განსწავლული ადამიანი (სამხედრო საქმე, იურისპრუდენცია, ქვეყნის სახელმწიფო ენები, ხელოვნება, ისტორია და სხვა).

 მანამდე, არსებული სახელმწიფო წყობილებიდან და მოქმედი კონსტიტუციიდან გამომდინარე, ასევე, ხალხის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად და ბაგრატიონთა ზოგი წარმომადგენლის ზოგიერთი ქმედების გამო, სამეფოს აღდგენამდე, რომელიც დადგინდება, აუცილებლად, სახალხო, კონსტიტუციურ, საპარლამენტო, თანამედროვე, რესპუბლიკურ და არა ფეოდალური ტიპის მონარქიად, - სამეფო კლუბი უარს ამბობს ტიტულების (წოდებების): მისი სამეფო უმაღლესობა, ბატონიშვილი, პრინცი, პრინცესა, ტახტის უპირობო მემკვიდრე და ა. შ. გამოყენებაზე და ყველას განიხილავს ჩვეულებრივ მოქალაქედ, როგორც კონსტიტუციის მიხედვით არიან კიდეც დღევანდელ რესპუბლიკაში. სამეფო კლუბი არ ერევა ბაგრატიონთა რამდენიმე ოჯახის კამათში, თუ რომელია სამეფო ოჯახი და ვინაა ტახტის მემკვიდრე. ტახტის მემკვიდრეობა პირველ რიგში არის დამსახურება, თავად პიროვნების მხრიდან, მანამდე, მისი მშობლების მხრიდანაც.

მეფობა მსახურებაა და არა პატივი. დინასტიის წევრობა დიდი მოვალეობაა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა.

მისთვის აუცილებელია კარგი განათლება, პასუხისმგებლობა და - გული გულისხმიერი!

ტერმინი - სამეფო ოჯახი და ტიტულები: მეფე, დედოფალი, ტახტის მემკვიდრე და ა. შ. იურიდიულად დადგინდება მონარქიის აღდგენის შემდეგ (სხვა ტიტულები, ვიმორებთ, არ იქნება).

ყველაფერი გამოჩნდება!

           

ყველაზე მთავარი, ყველაზე უუმთავრესი არის ინტერესები!

სახელმწიფო ინტერესებზე აღმატებული არ არის არც ერთი საგვარეულოს, არც ერთი ფენის, არც ერთი პოლიტიკური დაჯგუფებისა და არც ერთი, ნებისმიერი წარმოშობის ადამიანის ინტერესი!

ყველა და ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს!

სახელმწიფო კი უნდა ემსახურებოდეს ერის შენარჩუნება-განვითარებასა და ხალხის კეთილდღეობას!

და კიდევ, განსხვავებით პარტიებისგან და განსხვავებით პოლიტ-ელიტისგან, სამეფო კლუბი საკუთარ პერსონებს კი არ ვთავაზობთ საზოგადოებას, არამედ, სახელმწიფოებრივ კონცეფციას, სახელმწიფო ინტერესების რეალიზებას!

ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით!

 

სამეფო კლუბის სპიკერი                               გაიოზ მამალაძე

 

პირველი რედაქცია -2019 წლის 3 ივნისი, სამეფო კლუბის კონფერენცია: „სახალხო მონარქია - ევროპული არჩევანი“. დასრულებული რედაქცია - 2022 წლის 24 აგვისტო

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი აბრაამ დაყუდებული და ნეტარი მარიამი, ძმისწული მისი (+დაახლ. 360)
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) აღინიშნება ღირსი აბრაამ დაყუდებულისა და ნეტარი მარიამის, მისი ძმისწულის (+დაახლ. 360) ხსენების დღე.
ღირსმოწამე ანასტასია რომაელი (III)
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) აღინიშნება ღირსმოწამე ანასტასია რომაელის (III) ხსენების დღე.
gaq