საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

ქართლის მეფეები

კონსტანტინე II

საქართველოს მეფე 1466-1478 წლებში, ქართლის მეფე 1478-1505 წლებში.

იგი იყო ალექსანდრე I დიდის (1412-1441 წწ.) ვაჟის დემეტრეს ძე. ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ერთ-ერთი სამეფოს – ქართლის პირველი მეფე.

1490 წელს კონსტანტინე II-ემ მოიწვია სამეფო დარბაზი, რომელმაც ცნო საქართველოს პოლიტიკური დაშლის ფაქტი, მიუხედავად ამისა კონსტანტინე II მაინც ,,ყოვლისა საქართველოსა ტახტისა და გვირგვინის მპყრობელად'' და ,,მეფეთა-მეფედ'' იწოდებოდა. იგი ენერგიულ ზომებს ღებულობდა ქვეყნის დამშლელი რეაქციული ძალების წინააღმდეგ. ქართლის სასულიერო და სამეფო ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შემდეგ ბოლო მოეღო სამცხე-საათაბაგოს მთავრის მზეჭაბუკისა და მის მესვეურთა მისწრაფებას, ძირი გამოეთხარათ საქართველოს ეროვნულ-კულტურული ერთიანობისათვის და სამცხე-საათაბაგო საეკლესიო სფეროშიც დამოუკიდებელი გაეხადათ.

კონსტანტინე II-ეს გართულებულ საგარეო-პოლიტიკურ ვითარებაში მოუხდა მეფობა. ქართლი ამ დროს აყ-ყოინლუს (თეთრბატკნიან თურქმანთა) სახელმწიფოს მოხარკეა და მეფე ცდილობდა ამ დამოკიდებულებისაგან თავის დახსნას. კონსტანტინე II არ ურიგდებოდა არც სეფიანთა სახელმწიფოს ვასალობას და იბრძოდა თავისი სამეფოს სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის.

კონსტანტინე II-ეს ქვეყნის გარეთაც უცდია საიმედო მოკავშირეთა პოვნა. ამ მიზნით მას ეგვიპტის სულთანთან ქაიროში გაუგზავნია დესპანი ნილოსი – კარის ეკლესიის მოძღვარი. რა ევალებოდა დესპანს კონკრეტულად, ცნობათა სიმცირის გამო, არ ვიცით. იგივე დესპანი გაუგზავნია კონსტანტინე II-ეს რომის პაპ ალექსანდრე VI-ესა და ესპანეთის დედოფალ იზაბელასთან. მათ ქართველი მეფე არაბებზე ბრწყინვალე გამარჯვებას ულოცავდა და დესპანის პირით სთხოვდა, შთაეგონებინათ დასავლეთის ქრისტიანული სახელმწიფოებისათვის ლაშქრობა კონსტანტინოპოლისა (იმჟამად უკვე სტამბოლი) და იერუსალიმის ურჯულოთაგან გასათავისუფლებლად. თავის მხრივ, ქართლის მეფე თავისი შვილითა და ჯარითურთ ამ ლაშქრობაში მონაწილეობის პირობას იძლეოდა.

 

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. IV, თბ., 1948.

ვ. გუჩუა, საქართველოს პოლიტიკური ვითარება XV-XVI სს. მიჯნაზე, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

 

დავით X

ქართლის მეფე 1505-1525 წლებში, კონსტანტინე II-ის ძე, იწოდებოდა ,,მეფეთა-მეფედ''.

მის წინააღმდეგ იბრძოდნენ იმერეთის მეფე ალექსანდრე II, რომელმაც 1509 წელს ქ. გორი დაიკავა ერთი წლით და კახეთის მეფე გიორგი II (ავ გიორგი). ამ უკანასკნელის ალაგმვა ითავა დავით X-ის ძმამ ბაგრატმა, რომელსაც ამ დამსახურებისათვის შეპირებისამებრ მეფე დავითმა უბოძა მუხრანი საუფლისწულოდ. ბაგრატი მუხრანში დასახლდა და საფუძველი ჩაუყარა როგორც ახალი სათავადოს – სამუხრანბატონოს ჩამოყალიბებას, ისე ბაგრატიონთა დინასტიის მუხრანბატონთა შტოს.

1513-1518 წლებში ქართლ-კახეთი დროებით გაერთიანდა დავით X-ის მეთაურობით. ამ ერთიანობას ბოლო მოუღო ოსმალეთსა და ირანს შორის დაწყებულმა ომმა. 1518 წელს ირანის შაჰი ისმაილ I წამოვიდა ქართლის დასამორჩილებლად. სამეფოს აოხრებისაგან გადარჩენის მიზნით დავით X-ემ მორჩილება არჩია. მან შაჰის სარდალს თავისი ძის რამაზის ხელით დიდი ძღვენი გაუგზავნა. მოხდა შეთანხმება, რომლის ძალითაც ქართლის მეფე მორჩილებასა და ყოველწლიურ ხარკს კისრულობდა. ამგვარად, ქართლი 1518 წლიდან სეფიანთა სახელმწიფოს ვასალი გახდა.

ქართლის ასეთი გართულებული ვითარებით ისარგებლეს კახეთის მეფის გიორგი II-ის შვილმა ლევანმა და მისმა მომხრეებმა და კახეთში მეფობა აღადგინეს. დავით X-ის ბრძოლა კახეთის ხელახალი შემოერთებისათვის მარცხით დასრულდა.

1520 წელს შაჰ ისმაილ I ისევ წამოვიდა ქართლისაკენ. ბრძოლა მოხდა თელეთთან. დავით X დამარცხდა. შაჰის ჯარი თბილისში შეიჭრა, ეკლესიები გაძარცვა, გადაწვა, ავლაბრის ხიდის ყურთან მეჩეთი ააგო. თბილისის ციხეში კი თავისი გარნიზონი ჩააყენა.

1524 წელს დავით X-ემ თბილისი დაიბრუნა. აიღო და დაანგრია აღჯაყალის ციხე (შაჰ ისმაილის მიერ ქართლის შემოსამტკიცებლად აგებული სტრატეგიული პუნქტი) და ირანის ვასალობისაგან გათავისუფლდა.

ამ დროს ქართლის სამეფო კარზე არეულობა დაიწყო. 1525 წელს დავით X გადადგა და აღიკვეცა ბერად ,,ტფილისსავე მონასტერსა შინა'' დამიანეს სახელით.

ბერობაში მყოფი მეფე დავით ყოფილი – დამიანე აღესრულა ქ. თბილისს 1526 წელს.

 

ლიტ.: ბატონიშვილი ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. IV, თბ., 1948.

ვ. გუჩუა, ბრძოლა ქვეყნის მთლიანობის აღდგენისათვის და აგრესორთა წინააღმდეგ XVI ს. პირველ ნახევარში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

 

გიორგი IX

ქართლის მეფე 1525-1527 წლებში (ივ. ჯავახიშვილი – 1524-1527 წწ. ვ. გუჩუა – 1524-1526 წწ.), კონსტანტინე II-ის ძე.

იგი ტახტზე ავიდა თავისი ძმის დავით X-ის ბერად შედგომის შემდეგ. ტახტის მემკვიდრეობის წესის მიხედვით, მეფობა დავითის შვილზე – ლუარსაბზე უნდა გადასულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მეფობა ხელთ უგდია მის ბიძას გიორგის.

გიორგი IX-მ ილაშქრა იერუსალიმის წმიდა ადგილების უსჯულოთაგან გასათავისუფლებლად. ამ ლაშქრობაში მონაწილეობა მიუღიათ იმერეთისა და კახეთის მეფეებს – ბაგრატ III-ესა (1510-1565 წწ.) და ლევანს (1518-1574 წწ.). ქართველებს სასტიკ ბრძოლაში გაუმარჯვიათ და გაუთავისუფლებიათ წმიდა ადგილები, რის შედეგადაც მიუღიათ ,,ქრისტეს საფლავი, გოლგოთა, ბეთლემი, ჯვარის მონასტერი და სხვანი მონასტერნი ყოველნივე... სიგლითა მტკიცითა''.

გიორგი IX-ეს ტახტისათვის ებრძოდა მისი ძმისწული, ტახტის კანონიერი მემკვიდრე ლუარსაბი. მალე ბრძოლა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. 1527 წლიდან საბუთებში მეფედ უკვე ლუარსაბ I იხსენიება. გიორგი IX კი 40-იანი წლების დასაწყისში საბოლოოდ ჩამოშორდა პოლიტიკურ ასპარეზს და აღიკვეცა ბერად გერასიმეს სახელით.

 

ლიტ.: ბატონიშვილი ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. IV, თბ., 1948.

ჯ. ოდიშელი, აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის (XIV-XVII სს.), XIV-XVII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი. თბ., 1964.

ტიმოთე გაბაშვილი, მიმოსვლა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ელ. მეტრეველმა, თბ., 1956.

ვ. გუჩუა, ბრძოლა ქვეყნის მთლიანობის აღდგენისათვის და აგრესორთა წინააღმდეგ XVI ს. პირველ ნახევარში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

 

ლუარსაბ I

ქართლის მეფე 1527-1556 წლებში, დავით X-ის ძე.

ჯერ კიდევ ბატონიშვილი, იგი შეუპოვრად იბრძოდა ყიზილბაშების წინააღმდეგ თელეთთან.

1526 წელს ლუარსაბმა პოლიტიკური კავშირი შეკრა იმერეთის მეფე ბაგრატ III-თან (1510-1565 წწ.) – ცოლად შეირთო მისი ასული თამარი. 1535 წ. ბაგრატ III-მ გაილაშქრა პროთურქული ორიენტაციის მქონე სამცხის მთავრის ყვარყვარე II-ის წინააღმდეგ. ერთობლივი მოქმედების შედეგად, ბაგრატმა სამცხე-საათაბაგო დაიკავა, ლუარსაბმა კი ჯავახეთი.

ლუარსაბ I ცდილობდა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ძალების გაერთიანებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ბაგრატ III-ის გარდა, მან კავშირი დაამყარა კახეთის მეფე ლევანთან.

ირანის შაჰის თამაზ I-ის ოთხგზის ლაშქრობა საქართველოში (1541, 1547, 1551, 1554 წწ.) ლუარსაბ I-ის მეფობის პერიოდში განხორციელდა.

1541 წლის ლაშქრობის დროს, ისარგებლეს რა მეფე ლუარსაბის დედაქალაქში არყოფნითა და თბილისის ციხისთავის სულმოკლეობით, ყიზილბაშები თბილისს დაეუფლნენ, კახეთიც მათ დამორჩილდა. ლუარსაბმა პარტიზანული ბრძოლები გააჩაღა, მტერი დიდად დააზარალა და აიძულა უკან გაბრუნებულიყო.

1545 წელს სამცხე-საათაბაგოს ოსმალები შემოესივნენ. ლუარსაბმა განჭვრიტა ის დიდი უბედურება, რაც მოჰყვებოდა თურქების გაბატონებას სამხრეთ საქართველოში, ამიტომ დაუყოვნებლივ გამოეხმაურა იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის მოწოდებას, მაგრამ სოხოისტასთან გამართულ ბრძოლაში ქართლ-იმერეთის გაერთიანებული ლაშქარი დამარცხდა და სამცხე-საათაბაგოში ოსმალებმა თავიანთი მომხრე ათაბაგის – ქაიხოსრო III-ის ხელისუფლება აღადგინეს. ლუარსაბ I მაინც ინარჩუნებდა ძალაუფლებას ჯავახეთში.

შაჰ-თამაზის მესამე ლაშრობის წინ მეფე ლუარსაბმა სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიის ნაწილი დაიკავა. ეს გახდა შაჰის მორიგი 1551 წლის ლაშქრობის მიზეზი საქართველოში. ამ ლაშქრობაში ყიზილბაშთა გამარჯვების შედეგად ლუარსაბი იძულებული გახდა დაეტოვებინა დაკავებული ტერიტორიები.

ლუარსაბ I-ის დიპლომატიურ ნიჭზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იგი ცდილობდა ხელი შეეშალა ირან-ოსმალეთს შორის ზავის დადებისათვის, რადგან ესმოდა, რომ აგრესორთა შორის წარმოებული ომი აადვილებდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. ზავი ქ. ამასიაში 1555 წელს მაინც დაიდო.

ლუარსაბ I ფარ-ხმალს ამის შემდეგაც არ ყრიდა. მან თანდათან დაიბრუნა ქართლის არა ერთი ციხე-სიმაგრე და შეავიწროვა თბილისის ციხის ყიზილბაშური გარნიზონი.

1556 წელს ლუარსაბ I ყიზილბაშთა წინააღმდეგ სოფ. გარისთან (ქვემო ქართლი) წარმოებულ ბრძოლაში საბედისწერო შემთხვევამ იმსხვერპლა. გადმოცემით, სასიკვდილოდ დაჭრილ მეფეს უთქვამს, ჩემს გლოვას დაეხსენით და ქვეყანას გაუფრთხილდითო. მისივე ანდერძისამებრ, სახელოვანი მეფე მცხეთას ჩამოასვენეს და ბაგრატიონ მეფეთა საძვალეში – სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს.

ლუარსაბ I-ის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის დიდ შეფასებას აძლევენ როგორც მისი, ასევე მომდევნო თაობის წარმომადგენლები. ბერი ეგნატაშვილის სიტყვით: ,,უკეთუმცა მეფესა ლუარსაბს ესოდენი ბრძოლა არ ექმნა, ახლამცა საქართველო ქმნილიყო სრულ სარკინოზ და რაოდენიცა დღეს სახელნი არიან საქართველოსანი, ყოველნივე ხმლისა მისისგან არიან''.

ქართულმა ისტორიულმა ტრადიციამ სამართლიანად დაუმკვიდრა ლუარსაბ I-ს დიდის ეპითეტი.

 

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. IV, თბ., 1948.

ვ. გუჩუა, ბრძოლა ქვეყნის მთლიანობის აღდგენისათვის და აგრესორთა წინააღმდეგ XVI ს. პირველ ნახევარში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

 

სვიმონ I

ქართლის მეფე 1556-1569; 1578-1599 (1600) წლებში, ლუარსაბ I-ის ძე.

ჯერ კიდევ ტახტის მემკვიდრე სარდლობდა ქართველთა ლაშქარს გარისთან ბრძოლაში, სადაც ქართველებმა ბრწყინვალედ გაიმარჯვეს.

სვიმონ I-ს მემკვიდრეობად ერგო ხანგრძლივი ბრძოლებით დასუსტებული ქვეყანა, რომლის აღდგენა-მოშენების მიზნით რიგი ღონისძიებანი განახორციელა.

1559 წელს კახეთთან კავშირის განსამტკიცებლად სვიმონ I-მა ცოლად შეირთო კახთა მეფის ლევანის (1518-1574 წწ.) ასული ნესტან-დარეჯანი.

1560-1561 წწ. იგი შეეცადა თბილისის ყიზილბაშთაგან გათავისუფლებას, მაგრამ ციხედიდის ბრძოლაში 1561 წ. დამარცხდა. ამ დამარცხების შემდეგ სვიმონ I-ის ძმა დავითი ირანში წავიდა და გამაჰმადიანდა. შაჰმა მას დაუთ-ხანი უწოდა, თბილისისა და ქვემო ქართლის გამგებლად დანიშნა და საქართველოში გამოისტუმრა. 1567 და 1569 წწ. დიღომთან და სამადლოსთან გამართულ ბრძოლებში სვიმონ I-მა დაამარცხა დაუთ-ხანი. 1569 წ. ფარცხისთან ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლაში სვიმონ I ტყვედ ჩავარდა, უარი თქვა გამაჰმადიანებაზე და 1569-1578 წლები ირანში, ალამუტის ციხეში ტყვეობაში გაატარა.

1578 წელს ირან-ოსმალეთის ომის დაწყებისთანავე შაჰმა იძულებით გამაჰმადიანებული სვიმონ I ტყვეობიდან გაათავისუფლა და საქართველოში დააბრუნა ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩამოსვლისთანავე მან უარყო მაჰმადიანობა, ისევ ქრისტიანობას დაუბრუნდა და სათავეში ჩაუდგა ქართველი ხალხის ბრძოლას ამჯერად ოსმალების წინააღმდეგ.

სვიმონ I-მა ოსმალთაგან გაათავისუფლა გორი, ლორე, იბრძოდა თბილისისათვის. 1582 წ. მუხრანთან გამართულ ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა თბილისის ოსმალური გარნიზონის დასახმარებლად წამოსული ჯარი.

1583 წელს სვიმონ I-მა დიდი ბრძოლებით გაათავისუფლა ოსმალთა მიერ ისევ დაკავებული ლორე, ასევე დმანისისა და სამშვილდის ციხეები; ზოგიერთი ცნობით, მან მცირე ხნით თბილისიც დაიკავა, მაგრამ მომდევნო წელს ოსმალებმა კვლავ დაიპყრეს ლორე, დმანისი და თბილისისაკენ წამოვიდნენ. ხატის-სოფელთან დაბანაკებულ ოსმალებს სვიმონ I მოულოდნელად თავს დაესხა და დიდი ზიანიც მიაყენა, მაგრამ თავისი მცირერიცხოვანი ჯარის სრული განადგურებისაგან გადარჩენის მიზნით, ბრძოლის ველს გაეცალა.

ქართველი მეფის სიმამაცით განცვიფრებულმა ოსმალებმა და ყიზილბაშებმა მას ,,დელი'' (გახელებული) სვიმონი შეარქვეს.

1588 წელს სვიმონ I ოსმალებს დაეზავა. იგი კისრულობდა ყოველწლიურ ხარკს, სამაგიეროდ ოსმალეთი ცნობდა მას ქართლის მეფედ ქრისტიანობით, აღიარებდა მის მემკვიდრეობით უფლებას და არ ერეოდა მის საშინაო საქმეებში, რაც სვიმონ I-ის მეთაურობით ,,ქართველობისათვის'' მებრძოლ ძალთა დიდი გამარჯვება იყო.

საგარეო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად სვიმონ I იბრძოდა საქართველოს ერთიანობის აღდგენისათვის, კერძოდ, დასავლეთ საქართველოს შემოერთებისათვის.

1588 წელს გოფანთოს ბრძოლაში სვიმონ I-მა დაამარცხა იმერეთის მეფე ლევანი, მაგრამ მოპოვებული გამარჯვება ვერ შეინარჩუნა.

1590 წელს მან ისევ ილაშქრა იმერეთში; აიღო ქუთაისი, მაგრამ ვერ შეინარჩუნა. მორიგი ლაშქრობისას ისევ აიღო ქუთაისი, კვარას, კაცხის, სვერის სიმაგრეები, მაგრამ ოფშკვითთან ბრძოლაში დამარცხდა. ასე რომ ქართლისა და იმერეთის სამეფოების გაერთიანების ცდა მარცხით დასრულდა.

1595 წელს შეიქმნა ირანის, ქართლისა და კახეთის კავშირი, რომლის მიზანი იყო ოსმალეთის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა. ანტიოსმალური კოალიციის შექმნის სურვილს გამოთქვამდა სვიმონ I ესპანეთის მეფის ფილიპე II-ისა და რომის პაპ კლიმენტი VIII-დმი გაგზავნილ წერილებში.

1598 წელს სვიმონ I-მა განაახლა ომი ოსმალეთთან. 1599 წელს ცხრათვიანი ალყის შემდეგ გაათავისუფლა გორის ციხე. სულთანმა დიდი ჯარი გამოგზავნა საქართველოში ჯაფარ ფაშას მეთაურობით. 1600 წელს ნახიდურთან უთანასწორო ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ და უკანდახევისას სოფელ ფარცხისთან სვიმონ I ოსმალებს ტყვედ ჩაუვარდა. სვიმონის დატყვევებით გახარებულმა სულთანმა ბრძანა, მთელი მისი სახელმწიფოს ქალაქებში ქუჩები საზეიმოდ მოერთოთ და სამი დღე-ღამის განმავლობაში ეუქმათ და ეზეიმათ.

დატყვევებული სვიმონ მეფე 1600 წლის 21 ივნისს სტამბოლს ჩაიყვანეს და იედიკულეს ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც ხანგრძლივი ტყვეობის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ცხედარი ქართველებმა დიდი საფასურით გამოისყიდეს, საქართველოში ჩამოასვენეს და თავისი სახელოვანი მამის – ლუარსაბ I-ის გვერდით სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს.

 

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. IV, თბ., 1948.

ვ. გუჩუა, საქართველო XVI ს. უკანასკნელ მეოთხედში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

 

დავით XI*

ქართლის მეფე 1569-1578 წლებში, ლუარსაბ I-ის ძე.

დავითი განუდგა თავის ძმას, ქართლის მეფე სვიმონ I-ს და 1562 წელს მოღალატე თავადებთან ერთად შაჰ-თამაზ I-ს ეახლა ყაზვინში. აქ იგი გამაჰმადიანდა და დაუთ-ხანის სახელი მიიღო.

შაჰმა გადაწყვიტა, დავითი თავისი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისათვის გამოეყენებინა და სვიმონ I-სთვის დაეპირისპირებინა. ამიტომ დაუთ-ხანს მან ,,შვილის'' წოდება მიანიჭა, თბილისისა და ქვემო ქართლის გამგებლად დანიშნა და საქართველოში გამოისტუმრა. ასე დამყარდა ქართლში ,,ორიანობა'' ანუ ორმეფობა (ქართლის დანარჩენი ნაწილი სვიმონ I-ს ემორჩილებოდა).

1567 და 1568 წლებში დიღომთან და სამადლოსთან სვიმონ I-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დაუთ-ხანი დამარცხდა, მაგრამ თბილისი მაინც შეინარჩუნა.

1569 წელს ფარცხისის ბრძოლაში სვიმონ I-ის დატყვევების შემდეგ დაუთ-ხანი ქართლის ერთპიროვნული მმართველი გახდა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მეფისა და ერის მოღალატე დაუთ-ხანს მხარი არ დაუჭირა. მისი ხელისუფლება ფაქტიურად მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლზე ვრცელდებოდა. იგი წელიწადში 20 000 დუკატს უხდიდა ხარკად ირანს.

1578 წელს როცა ოსმალთა დიდი ჯარი საქართველოში შემოიჭრა, დავით XI-ემ ქ. თბილისი გადაწვა და თავი ლორეს შეაფარა. იმავე წელს, ირანის შაჰმა სვიმონ I ტყვეობიდან გაათავისუფლა და ქართლში დააბრუნა ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად.

დაუთ-ხანმა ქართლის ციხეები ოსმალთა სარდალს გადასცა, თვითონ კი სტამბოლში წავიდა, სადაც დიდი პატივით მიიღეს და სარჩოდ ორი სანჯაყი უბოძეს.

სტამბოლში პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოცილებულმა დავით XI-ემ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმეს მოჰკიდა ხელი. მან აქ ორი ოსმალური კარაბადინისაგან ერთი ქართული საექიმო წიგნი შეადგინა და საქართველოში გამოგზავნა.

 

* მართალია, XVI ს-ში ადგილი ჰქონდა ირანის სახელმწიფოს მცდელობას, ქართლის სამეფო ტახტზე მაჰმადიანი ბაგრატიონების დამკვიდრებისა, რის მაგალითსაც წარმოადგენს დავით XI დაუთ-ხანად წოდებული, მაგრამ ამის განხორციელება მათ შეძლეს მხოლოდ XVII ს-დან, კერძოდ, მეფე როსტომიდან (1632-1658 წწ.) მოყოლებული. უკანასკნელი მაჰმადიანი ბაგრატიონი ქართლის სამეფო ტახტზე იყო იესე (1714-1716; 1724-1727 წწ.), პირველი ქრისტიანი მეფე ხანგრძლივუ პაუზის (საუკუნეზე მეტი) შემდეგ კი თეიმურაზ II (1744-1762 წწ.) გამაჰმადიანებული ქართველი მეფეები ქართულთან ერთად მაჰმადიანურ სახელებსაც ატარებდნენ.

 

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. IV, თბ., 1948.

ვ. გუჩუა, საქართველო XVI ს. 50-60-იან წლებში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

 

გიორგი X

ქართლის მეფე 1600-1606 წლებში, სვიმონ I-ის ძე.

1598-1599 წლებში იგი აქტიურად მონაწილეობდა ოსმალთა წინააღმდეგ ქართლის აჯანყებაში.

1600 წელს ნახიდურთან ბრძოლაში ქართველთა დამარცხებისა და სვიმონ I-ის დატყვევების ამბავი გორში დაბანაკებულმა გიორგი ბატონიშვილმა მეორე დღეს გაიგო, გაქცეულ მტერს თავისი მხედრები დაადევნა, მაგრამ მეფისა და სხვა ქართველი ტყვეების დახსნა ვერ შესძლო.

ქართლის ტახტზე ასული გიორგი X დიდი გამოსასყიდის ფასად შეეცადა სახელოვანი მამის ტყვეობიდან დახსნას, თავისი ვაჟი დავითი მძევლადაც კი გაგზავნა სტამბოლს, მაგრამ ეს ღონისძიებანი უშედეგო აღმოჩნდა.

1601 წელს გიორგი X-ემ ოსმალთაგან გაათავისუფლა ლორე.

1602-1612 წლებში ირან-ოსმალეთის ომის დროს იძულებული იყო ყიზილბაშთა მხარეს ებრძოლა. ქართლის ჯარებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს 1603-1604 წწ. ერევნის აღებაში, რისთვისაც შაჰ-აბას I-მა (1578-1629 წწ.) გიორგი X-ეს ირანში სოფლები (ფუშთუქუნი, გილიანი, ლაჰიჯანი) უბოძა, 300 თუმანი ჯამაგირი დაუნიშნა და ირანში დატოვა, სამაგიეროდ კი, ლორეს პროვინცია და მდ. დებედას ხეობა გამოსთხოვა.

1604 წელს გიორგი X  შაჰ-აბას I-ის ნებართვით ქართლში დაბრუნდა თბილისსა და ახალციხეში მდგარი ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად.

გიორგი X-ის მეფობისას საფუძველი ჩაეყარა ქართლისა და რუსეთის პოლიტიკურ ურთიერთობას. მეფე გიორგიმ ელჩებიც გაგზავნა რუსეთს, მაგრამ საქართველოში შექმნილი გართულებული პოლიტიკური ვითარების გამო 1605 წ. ელჩები არაგვის ხეობიდან უკან დაბრუნდნენ.

1606 წელს გიორგი X მოულოდნელად გარდაიცვალა მეჯვრისხევს. ქართული ქრონიკის მიხედვით მეფე გიორგი თაფლს მიირთმევდა ,,შიგ ფუტკარი იყო. პირში რომ ჩაიდვა, უცა ფუტკარმა, პირი გაუსივა და მიიცვალა''. სხვა ვერსიის მიხედვით, მეფე გიორგი იმ დროს საქართველოში მყოფმა შაჰ-აბას I-მა მოაწამვლინა.

 

ლიტ.: ბატონიშვილი ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

გ. ჯამბურია, ირან-ოსმალეთის ახალი ომი და ქართლ-კახეთის სამეფოები, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

 

ლუარსაბ II

ქართლის მეფე 1606-1615 წლებში, გიორგი X-ის ძე.

გიორგი X-ის უეცარი გარდაცვალების შემდეგ, 1606 წლის გაზაფხულზე თბილისში მყოფმა შაჰ-აბას I-მა (1587-1629 წწ.) ქართლის სამეფო ტახტზე 14 წლის ლუარსაბი დაამტკიცა.

მას მეტად რთულ პოლიტიკურ ვითარებაში მოუხდა მეფობა. ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში იყო ოსმალთა ბატონობისაგან, რის გამოც ,,ფრიად გლახაკ და უპოვარ იყო ქართლი''. ლუარსაბის გამეფებისთანავე კი ქართლ-კახეთში ოსმალთა ბატონობა ყიზილბაშთა ბატონობით შეიცვალა. ამავე დროს მიმდინარეობდა ირან-ოსმალეთის ომი (1602-1612 წწ.), რომლის ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი საქართველო იყო.

1609 წ. ოსმალეთის დიდი ჯარი ქართლში შემოიჭრა. როგორც ჩანს, მტერმა იცოდა, რომ ლუარსაბ II მცირე ამალით ცხირეთის ციხეში იმყოფებოდა და ცდილობდა იქითკენ გაჭრას. თევდორე მღვდლის თავდადებამ იხსნა მეფე და მისი ამალა განადგურებისაგან. მას ოსმალებმა მეგზურობა უბრძანეს, მღვდელმა თევდორემ კი მტერი შეგნებულად სულ სხვა მიმართულებით ატარა, რის გამოც ოსმალებმა იგი ხმლებით აკუწეს. (მოწამებრივი სიკვდილით აღსრულებული მეფისა და ქვეყნისათვის თავდადებული მღვდელი თევდორე ქართულმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა). ამასობაში კი ლუარსაბმა ჯარი შეკრიბა და ქვიშხეთის ბოლოს, ტაშისკართან გამართულ ბრძოლაში ქართველებმა ბრწყინვალედ გაიმარჯვეს (ბრძოლას სარდლობდა გიორგი სააკაძე).

1610 წელს ლუარსაბ II შაჰ აბასს ეახლა ირანში, რომელმაც დააკმაყოფილა ქართლის მეფის თხოვნა და მას თბილისის ციხე დაუბრუნა.

1611 წელს ლუარსაბ II-ემ ცოლად შეირთო აზნაურ გიორგი სააკაძის და, რომელსაც დიდ თავადთა მოთხოვნით მალე გაეყარა. ამის შემდეგ მეფეს ცოლი აღარ შეურთავს და ტახტს პირდაპირი მემკვიდრე არ დარჩენია.

1612 წელს ლუარასაბ II-ემ მოაკვლევინა ყაზახის ხანი მოჰამედი, რომელიც შაჰის წაქეზებით მტრობდა ქართლს. იმავე წელს ლუარსაბის და ხორეშანი ცოლად შეირთო კახეთის მეფე თეიმურაზ I-მა, რითაც ქართლისა და კახეთის მეფეებს შორის კავშირი შეიკრა.

1612 წელს შაჰ აბას I-მა ლუარსაბ II და თეიმურაზ I ნადირობის საბაბით მაზანდარანს დაიბარა, მაგრამ ისინი არ წავიდნენ. ურჩი ვასალების დასჯის მიზნით 1613 წ. შაჰი საქართველოსკენ დაიძრა. ქართლისა და კახეთის მეფეებმა იმერეთს შეაფარეს თავი. 1614 წ. ოქტომბერში თავისი სამეფოს მრისხანე მტრის შემოსევისაგან გადარჩენის მიზნით ლუარსაბ II შაჰს ეახლა.

შაჰ აბასი მეფე ლუარსაბს ქართლში დატოვებას შეპირდა, მაგრამ ნადირობის საბაბით ნელ-ნელა საქართველოდან გაიტყუა, ირანში ჩაიყვანა, დაატყვევა და გამაჰმადიანება მოსთხოვა, რაზედაც ქართველი მეფისაგან არა ერთი უარი მიიღო.

1622 წელს იმ საბაბით, რომ მეფე ლუარსაბმა მტკიცე უარი განაცხადა ქრისტიანობის უარყოფაზე, შაჰ აბას I-მა იგი გულაბის ციხეში (გულაბ-ყალაში) მშვილდის საბლით მოახრჩობინა. მისი წმინდა სხეული იმავე ციხის ეზოში დაკრძალეს. ქართულმა ეკლესიამ ლუარსაბ II წმიდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 21 (4.VII) ივნისი დააწესა.

ბერი ეგნატაშვილის (XVIII ს.) ცნობით, ,,ესე მეფე ლუარსაბ იყო კაცი შუენიერი და კეკლუცი და სანახავად სატრფიალო, და არსად გამოსულა ამისთანა შუენიერი და შემკობილი კაცი, ყოვლისა სამღთო – საკაცობოთ ზნეობით გათავებული და უკლები''.

 

ლიტ.: გ. ჯამბურია, ქართველი ხალხის ბრძოლა არსებობის შენარჩუნებისათვის XVII ს. პირველ მესამედში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

 

ბაგრატ VII

ქართლის მეფე 1615-1619 წლებში, დავით XI-ის (დაუთ-ხანის) ძე.

იგი იმ დროს თბილისში მყოფმა შაჰ აბას I-მა (1587-1629 წწ.) დასვა ლუარსაბ II-ის ნაცვლად ქართლის მმართველად. მართალია, ქართული წყაროები ბაგრატ VII-ეს მეფეს უწოდებს, მაგრამ სინამდვილეში იგი ირანის ტიპიური მოხელე-ხანი იყო.

ბაგრატ-ხანის მეფობა არაფრით ყოფილა აღსანიშნავი. იგი სახელმწიფო მოღვაწეობისა და ქვეყნის მმართველობის უნარს მოკლებული იყო და მთლიანად შაჰ აბასზე იყო დამოკიდებული.

მისი მმართველობის პერიოდში ძლიერ გააქტიურდნენ ქვეყნის დეცენტრალიზაციისაკენ მიმართული ძალები, რამაც სათავადოთა სისტემის გაძლიერება გამოიწვია. ბაგრატის მეფობის დროს ,,იყოფოდნენ მთავარნი თჳსთჳსად და განიმკჳდრებდენ თჳსთა კერძოთ''.

ბაგრატ VII ფაქტიურად ქვემო ქართლის – საბარათიანოს მეფე იყო. ქართლის მოსახლეობაში გამაჰმადიანებულმა მეფემ სიყვარული და მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. მას ქართველები დაცინვით ,,საბარათიანოს ბატონს'' ეძახდნენ.

ბაგრატ VII ძირითადად ბოლნისში ცხოვრობდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1619 წელს.

 

ლიტ.: ბატონიშვილი ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

გ. ჯამბურია, შაჰ აბასის შემოსევები საქართველოში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ., 1973.

 

სვიმონ II

ქართლის მეფე 1619-1631 წლებში, ბაგრატ VII-ის (ბაგრატ ხანის) ძე.

ირანში გაზრდილი, მცირეწლოვანი, მაჰმადიანი სვიმონი ქართლის ხანად დანიშნა შაჰ აბას I-მა (1587-1629 წწ.) და ,,ვექილად და ხელმძღვანელად'' დაუყენა გიორგი სააკაძე, რომელიც ქართლის ფაქტიური გამგებელი გახდა. ისევე როგორც მისი წინამორბედი ბაგრატი, სვიმონიც ირანის მოხელე-ხანი იყო, თუმცა ქართულ წყაროებში იგი მეფედ იხსენიება.

1625 წელს მარტში გიორგი სააკაძის მეთაურობით ირანის წინააღმდეგ აჯანყების დროს, სვიმონ II ყიზილბაშებთან ერთად თბილისიდან გაიქცა და აღჯაყალის ციხეში (დღევანდელი მარნეულის რაიონი) ჩაიკეტა. ქართლ-კახეთში კი კახეთის მეფე თეიმურაზ I (1606-1660) გამეფდა.

1625 წლის 1 ივლისს მარაბდის ველზე ყიზილბაშთა წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში ქართველების დამარცხების შემდეგ, შაჰ აბასმა სვიმონ II აღადგინა ქართლის ხანად, მაგრამ მისი ხელისუფლება მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლზე ანუ საბარათიანოზე ვრცელდებოდა. თბილისის ციხე თვით ყიზილბაშთა სახელოვანმა სარდალმა ისა-ხან ყორჩიბაშმა გაამაგრა და სვიმონ მეფე იქ დატოვა. ყორჩიბაშის საქართველოდან წასვლის შემდეგ სვიმონი ვერ ბედავდა ციხიდან გამოსვლას და ,,ვერცა პატრონობდა ქართლსა''. ქართლის დანარჩენ ნაწილს ფაქტიურად თეიმურაზ I განაგებდა.

ბაზალეთის ტბასთან 1626 წელს გიორგი სააკაძეზე გამარჯვების შემდეგ ზურაბ არაგვის ერისთავმა უღალატა თეიმურაზ I-ს, სვიმონ II-ეს კი ,,მისცა საფიცარი დიდი და… გააბატონა და მიუყენა ქართლი''. მაგრამ შემდგომში სვიმონ II-საც უღალატა.

1631 წელს ზურაბ ერისთავმა ვერაგულად მოკლა ცხვილოში მასზე მინდობილი მძინარე სვიმონ-ხანი და მისი მოკვეთილი თავი თეიმურაზ I-ს გაუგზავნა, ამის შემდეგ თეიმურაზ I ისევ ქართლ-კახეთის მეფე გახდა.

 

ლიტ.: ბატონიშვილი ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ., 1973.

გ. ჯამბურია, ქართველი ხალხის ბრძოლა არსებობის შენარჩუნებისათვის XVII ს. პირველ მესამედში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

გ. ჟორჟოლიანი, საქართველო XVII ს-ის 30-50 წლებში, თბ., 1987.

 

თეიმურაზ I

ქართლ-კახეთის მეფე 1625-1632 წლებში (იხ. თეიმურაზ I – კახეთის მეფე).

 

როსტომი

ქართლის მეფე 1632-1658 წლებში, დავით XI-ის (დაუთ-ხანის) ძე.

როსტომი დაუთ-ხანის უკანონო შვილი იყო, ,,ნაშობი ხარჭისაგან''. იგი დაიბადა დაახლ. 1565 წ. ისპაჰანში, აღიზარდა ირანშივე, მიუხედავად ამისა, მან ქართული კარგად იცოდა; თავიდანვე მაჰმადიანი იყო. იგი პირადი ნიჭისა და უნარის წყალობით მალე აღზევდა შაჰის კარზე, რაშიც გარკვეული როლი გიორგი საკააძემაც შეასრულა.

შაჰ აბას I-მა როსტომი თავისი პირადი გვარდიის – ყულის ჯარის სარდლად (ყულარ-აღასად) დანიშნა, შემდეგ კი ირანის დედაქალაქის – ისპაჰანის მოურავიც გახდა. ყულის ჯარის დახმარებით როსტომმა შაჰ აბას I-ის შვილიშვილი შაჰ სეფი ირანის ტახტზე აიყვანა, რითაც მისი ავტორიტეტი კიდევ უფრო ამაღლდა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, შაჰ სეფი როსტომს ,,უხმობდა მამად''.

სანამ ქართლის მეფე გახდებოდა როსტომს ხოსრო-მირზას (ქაიხოსრო ბატონიშვილის) სახელით იცნობდნენ. შაჰ სეფიმ თეიმურაზ I-ის მაგივრად ხოსრო-მირზა დანიშნა ქართლ-კახეთის გამგებლად (ვალი), როსტომ ხანი უწოდა და 1632 წ. საქართველოსკენ დიდი ჯარით გამოგზავნა.

როსტომი ქართლში გამეფებისას 67 წლის ყოფილა. ქართველთა თვალსაზრისით იგი მეფე იყო (ქართულ საბუთებში იგი თავის თავს ,,მეფეთ-მეფეს'' და ,,პატრონს'' უწოდებს), რომელიც თავის თავს ირანის ვასალად აღიარებდა, შაჰი კი ქართლს ირანის პროვინციად მიიჩნევდა და როსტომს თავის მოხელედ, ქართლის ვალად თვლიდა.

საქართველოში ჩამოსულმა როსტომმა, პოლიტიკური კავშირის განმტკიცების მიზნით, ცოლად შეირთო სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის (1611-1657 წწ.) და მარიამი. მეფეს შვილი არ ეყოლა; უშვილო როსტომმა მემკვიდრედ აირჩია ბაგრატიონთა გვერდითი შტოს – მუხრანბატონების შთამომავალი ვახტანგი (შემდგომში ვახტანგ V).

როსტომი ქართლში წესრიგის დამყარებასა და ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებას შეუდგა. მან ირანიდან ჩამოყოლილ თავად-აზნაურებს მამულები უბოძა, მოხელეებად თავისი მომხრეები დანიშნა, თბილისის, გორისა და სურამის ციხეებში ყიზილბაში მეციხოვნეები ჩააყენა. ყოველივე ამან ქართველ ფეოდალთა უკმაყოფილება გამოიწვია. მათ რამდენჯერმე მოაწყვეს გამოსვლა როსტომის წინააღმდეგ (1636 წ. 1638 წ. 1642 წ.), კავშირი დაამყარეს კახეთის მეფე თეიმურაზ I-თან (1606-1660 წწ.), რომელიც ცდილობდა როსტომის გაძევებას, ქართლის ტახტის დაკავებასა და ირანის ბატონობის გადაგდებას. როსტომმა თეიმურაზის მომხრეები ქართლში მეტად შეავიწროვა. მან ღალატით მოაკვლევინა არაგვის ერისთავი დათუნა და მისი საერისთავოც ააოხრა.

1642 წელს მოეწყო დიდი შეთქმულება როსტომის წინააღმდეგ, რომელიც მარცხით დასრულდა. როსტომი სასტიკად გაუსწორდა მის მონაწილეებს (მათ შორის იყო ქართლის კათოლიკოს-პატრიარქი ევდემოზ დიასამიძე (1632-1642 წწ.)).

1648 წელს თიანეთთან გამართულ ბრძოლაში როსტომმა საბოლოოდ დაამარცხა თეიმურაზი, რომელიც ამის შემდეგ იმერეთში გადაიხვეწა. ამავე წელს შაჰმა კახეთიც როსტომს უბოძა 1656 წლამდე.

როსტომმა ქართლში ზედაპირული ხასიათის ადმინისტრაციული ცვლილებები მოახდინა. მან რამდენიმე სამოხელეო თანამდებობა სპარსულ ყაიდაზე გარდაქმნა, სახელმწიფო მოხელეთა ქართული სახელები სპარსულით შეცვალა; მაგრამ მის მიერ გატარებული ღონისძიებანი არსებითად ქართულ სახელმწიფო და სამეურნეო წყობას არ შეხებია.

როსტომის მმართველობის პერიოდში ქვეყანაში შეწყდა ყიზილბაშთა თარეში, შენელდა თავადებს შორის შუღლი, რამაც გამოიწვია ქვეყნის მეურნეობის განვითარებისათვის ნორმალური პირობების შექმნა, გახიზნული ხალხი დაუბრუნდა ძველ საცხოვრისს, მოშენდა დაცარიელებული სოფლები, აღდგა ქალაქები, განვითარდა ვაჭრობა – ხელოსნობა, სავაჭრო ურთიერთობა განახლდა დასავლეთ ევროპასთან. ვაჭრობის განვითარების მიზნით, 1639 წლის ბრძანებით აღიკვეთა თბილისის მებაჟეთა თვითნებობა.

როსტომი დიდი სამშენებლო მოღვაწეობით გამოირჩეოდა. ჩამოსვლისთანავე მან მეტეხის, გორისა და სურამის ციხეები განაახლა. თბილისში ნარიყალას მიდამო შემოზღუდა, მის დროს გაყვანილ იქნა და კეთილ მოეწყო გზები, აგებულ იქნა ქარვასლები, გამოცოცხლდა საქალაქო ცხოვრება, აშენდა ახალი ქალაქები, მაგ. მდ. თეძამზე, როსტომ მეფის ბრძანებით, აშენდა ახალი ქალაქი – ,,მეფის ქალაქი'', მდ. ხრამზე – კეთილმოწყობილი ხიდი (,,წითელი ხიდი''), თბილისში მტკვრის პირას – სამეფო სასახლე; აღადგინეს და ახლად გაიყვანეს არხები: ლიახვის, ძევრის, ტყიურის, კარალეთის, გარეჯის, თორტიზის და სხვა.

როსტომმა უარყო ქართველთა იძულებითი გამაჰმადიანების პოლიტიკა. იგი ქრისტიანობას აშკარად არ ებრძოდა, პირიქით, ერთი შეხედვით თითქოს ცდილობდა მის დაცვა-შენარჩუნებას, ხელს უწყობდა თავის მეუღლე – მარიამ დედოფალს დანგრეული ეკლესიების აღდგენაში, ათარხნებდა საეკლესიო-სამონასტრო ყმებს, აძლევდა შესაწირავს, ზრუნავდა უმაღლეს სამღვდელოებაზე; ამავე დროს მტკიცედ იცავდა მაჰნადიანურ წესებს, აშენებდა მეჩეთებს, მის დროს ქრისტიანობა არ იდევნებოდა, მაგრამ მაჰმადიანობა ძლიერდებოდა, მკვიდრდებოდა ცხოვრების ყიზილბაშური წესი.

ღრმად მოხუცებული როსტომ ხანი გარდაიცვალა 1658 წ. იგი, როგორც ,,მორჩილი ყაენისა და მოყუარე სჯულისა მაჰმადისასა'', ირანში წაასვენეს და ქალაქ ყუმში დაკრძალეს.

 

ლიტ.: ბატონიშვილი ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ., 1973.

გ. ჯამბურია, კომპრომისი ირანისა და ქართლის ურთიერთობაში. როსტომ ხანი და თეიმურაზ მეფე, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

 

ვახტანგ V

ქართლის მეფე 1658-1675 წლებში, თეიმურაზ მუხრანბატონის ძე.

ვახტანგი იყო ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს პირველი წარმომადგენელი ქართლის სამეფო ტახტზე, სათავადოს მეთაური 1629-1658 წწ. იგი მისმა წინამორბედმა როსტომ მეფემ იშვილა და ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა.

1654 წელს ვახტანგი ირანში გაგზავნეს, სადაც გაამაჰმადიანეს და შაჰ ნავაზი უწოდეს. 1658 წ. შაჰ აბას II-ემ იგი ქართლის მეფედ (,,ვალი'') დაამტკიცა.

ვახტანგ V-ის გამეფებით ქართლში დასაბამი მიეცა ბაგრატიონთა დინასტიის უმცროსი შტოს – მუხრანბატონების მეფობას. ამ დინასტიის წარმომადგენლები, მათ შორის ვახტანგ V-ეც, მრავალმხრივი და ნაყოფიერი მოღვაწეობით გამოირჩეოდნენ, ზრუნავდნენ ქართული მწერლობის, ისტორიის, კულტურის განვითარებისათვის. ვახტანგ V მაჰმადიანი იყო მხოლოდ გარეგნულად. იგი ხელს უწყობდა ქრისტიანული ეკლესიების გაძლიერებას.

ვახტანგ V-ის პოლიტიკის მიზანი იყო ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება, ქართლის საშინაო ცხოვრების მოწესრიგება, ეკონომიკური და კულტურული წინსვლისათვის ხელის შეწყობა. მეორე მხრივ, ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანება და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან მჭიდრო კავშირი ქართლის ჰეგემონობით.

ვახტანგ V-მ მოაკვლევინა კახეთის ფაქტობრივი გამგებელი ზაალ არაგვის ერისთავი, რის შედეგადაც მის მმართველობაში გადავიდა თითქმის მთელი კახეთი (გარდა იმ ციხეებისა, სადაც ყიზილბაში მეციხოვნეები იდგნენ), ისარგებლა იმერეთში არსებული არეულობით, დაიკავა მისი დიდი ნაწილი და თავისი ვაჟი არჩილი 1661 წ. იმერეთის ტახტზე აიყვანა. ვახტანგმა ოდიშზეც გაილაშქრა, დადიანად დასვა ლევან III, რომელსაც ცოლად შერთო თავისი ძმისწული თამარი. ამასთან, მას ეახლნენ აფხაზეთისა და გურიის მთავრები და მორჩილება გამოუცხადეს. ასე რომ თითქმის მთელი საქართველო ვახტანგ V-ის ხელქვეით გაერთიანდა, ,,და მეფობდა მეფე შაჰნავაზ სამთავე სამეფოთა: ქართლსა, კახეთსა და იმერეთსა ზედა, ესრეთ განდიდნა და აღემატა მეფობა და სიმდიდრე მისი საქართველოსა შინა'' (ბერი ეგნატაშვილი).

მაგრამ ეს გაერთიანება დროებითი აღმოჩნდა; მალე ოსმალეთის მოთხოვნით ვახტანგ V იძულებული გახდა არჩილი იმერეთიდან გაეყვანა. ეს უკანასკნელი გაემგზავრა ირანს, სადაც გაამაჰმადიანეს, კახეთის მეფობა უბოძეს და საქართველოში გამოისტუმრეს.

კახეთში მისი შვილის არჩილის მეფობის დროს ქართლ-კახეთს ფაქტიურად ვახტანგ V განაგებდა. ქვეყანა მოღონიერდა; მამა-შვილმა ალაგმეს ლეკთა თარეში, სასტიკად აკრძალეს ადამიანთა უცხოეთში გაყიდვა, ყოველმხრივ ხელი შეუწყვეს შერყეული ქრისტიანობის გაძლიერებას, ჩამოართვეს თავად-აზნაურებს მინატაცები საეკლესიო ყმა-მამული და აღადგინეს ეკლესია-მონასტრების მფლობელობა; ვახტანგის დროს ,,განშენდეს წმინდანი ეკლესიანი და მონასტერნი და ყოველნივე წესნი ეკლესიათანი გამრავლდეს საქართველოსა შინა''. გარდა ამისა, იგი ცდილობდა მოეზიდა ევროპელი ვაჭრები და აღედგინა ევროპა-ინდოეთის სავაჭრო-სატრანზიტო გზა, რომელიც ერთ დროს საქართველოზე გადიოდა. ასე რომ, ქართლის ეკონომიკური წინსვლა, როსტომ-ხანიდან რომ დაიწყო, მეფე ვახტანგის დროს კიდევ უფრო სწრაფად წარიმართა.

ქვეყნის ასეთი დაწინაურება მხედველობიდან არ გამოპარვია ირანის ახალ შაჰს სულეიმანს. მან გადაწყვიტა, ბოლო მოეღო ქართლ-კახეთის ერთიანობისათვის და არჩილსა და ვახტანგ V-ეს დაუპირისპირა მოსკოვის სამეფო კარზე მყოფი კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის შვილიშვილი – ერეკლე. მასთან ბრძოლა არჩილმა უიმედოდ მიიჩნია, 1675 წ. თავი მიანება კახეთის ტახტს და იმერეთის ტახტის დაკავებას შეეცადა, მაგრამ ვერ შესძლო და ახალციხეში გაიქცა. უფრო ადრე ასევე მოიქცა ვახტანგ V-ის მეორე შვილი – ლუარსაბი.

არჩილისა და ლუარსაბის ახალციხეში წასვლა ვახტანგ V-ეს დანაშაულად ჩაუთვალა შაჰმა და ახსნა-განმარტებისათვის დაიბარა.

1675 წელს ირანში მიმავალი მეფე ვახტანგი გზაში ავად გახდა და ხოშკარში გარდაიცვალა. იგი ირანს წაასვენეს და ქ. ყუმში დაკრძალეს.

ბერი ეგნატაშვილის დახასიათებით – ,,შანავაზ მეფე იყო კაცი საკჳრველი, ძლიერი საქმითა და გამარჯუებული. და ამას სჭირდა ოთხნი ესე საქმენი: ბრძენ იყი უპოველი, ბედნიერ იყო საკჳრველი, სარდალი და მამაცი უამხანაგო, პირად შეუბედავი და გულით მოწყალე უცხოდ''.

 

ლიტ.: ბატონიშვილი ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ., 1973.

გ. ჯამბურია, საქართველოს პოლიტიკური ვითარება XVII ს. 30-90-იან წლებში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

 

გიორგი XI

ქართლის მეფე 1676-1688; 1703-1709 წლებში, ვახტანგ V-ის ძე.

1676 წელს შაჰმა გიორგი XI ქართლის მეფედ დაამტკიცა, მაჰმადიანობა მიაღებინა, შაჰ ნავაზ-ხანი უწოდა და საქართველოში გამოისტუმრა.

გიორგი XI-ის მეფობა ქართლში (1676-1688 წწ.) აღინიშნა ფეოდალური ანარქიის რამდენადმე გაძლიერებით. იგი მამამისზე ვახტანგ V-ზე მეტად იჩენდა მისწრაფებას მეფის ხელისუფლების განმტკიცებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისაკენ. ირანელთა ბატონობისაგან გათავისუფლების მიზნით, მან დიპლომატიური მოლაპარაკება გამართა ოსმალეთთან; ქართლიდან არ გააძევა ირანის შაჰის ურჩი თავისი ძმა არჩილი, პირიქით, გიორგის დახმარებით არჩილი არა ერთხელ გამეფდა იმერეთში. შაჰს არ მოსწონდა გიორგის კავშირი რაჭის ერისთავთან, ჩერქეზ ბატონებთან, აგრეთვე ის, რომ ზედმეტად მფარველობდა საქართველოში მყოფ კათოლიკე მისიონერებს. ყოველივე ამან ირანთან ურთიერთობის გამწვავება გამოიწვია. შაჰმა გიორგის ოსმალეთში გაქცეული ძმის არჩილის შეპყრობა და ირანში გაგზავნა დაავალა. გიორგიმ დავალება არ შეასრულა. მან შეუტია სპარსული ორიენტაციის თავადებს და კახეთის დაკავება და იქიდან ირანელთა მიერ დასმული რენეგატი ბეჟან ხანის გაძევება დააპირა, მაგრამ შინა გამცემლობის გამო ეს განზრახვა ჩაეშალა.

ყოველივე ამის გამო, 1688 წ. შაჰმა გიორგი XI გადააყენა და მის ადგილზე კახეთის ტახტის მემკვიდრე, თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ერეკლე I ნაზარალი ხანი დანიშნა.

გიორგი XI იმერეთს გადავიდა და თავის პოლიტიკურ მოკავშირეს – პაპუნა რაჭის ერისთავს შეეხიზნა. ამის შემდეგ იგი არა ერთხელ ამაოდ შეეცადა ქართლის ტახტის დაბრუნებას; საბოლოოდ, კი შაჰს ეახლა ირანში და პატიება სთხოვა.

ირანში გაუარესებულმა შინაპოლიტიკურმა ვითარებამ შაჰ ჰუსეინს გადააწყვეტინა, შერიგებოდა გიორგი XI-ეს და მისი მხედარმთავრული ნიჭი გამოეყენებინა აჯანყებულ ავღანელთა წინააღმდეგ.

1703 წელს შაჰ ჰუსეინმა გიორგი XI-ეს დაუბრუნა ქართლის მეფობა, მაგრამ საქართველოში არ გამოუშვა. იგი დანიშნა ყანდაარის (ავღანეთში) ბეგლარ-ბეგად და ირანის სპასალარად და აჯანყებულ ავღანთა წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნა; ქართლში კი, გიორგი XI-ის თხოვნით, გამგებლად მისი ძმის ლევანის ძე ვახტანგი დაადგინა.

ქართველებმა გიორგი XI-ის მეთაურობით ადვილად შემუსრეს ავღანელ მეამბოხეთა შეიარაღებული რაზმები. ამის გამო ქართლის მეფემ ავღანელთა სიძულვილი დაიმსახურა. მას განსაკუთრებით მტრობდა ავღანელი ტომების განმათავისუფლებელი ბრძოლის მეთაური მირ-ვეისი. მან დანათესავება შესთავაზა ქართველ მეფეს, თავისთან მიიტყუა და 1709 წ. ნადიმობის ჟამს ვერაგულად მოკლა.

შაჰის წინაშე თავის მართლების მიზნით, მოკლულ მეფეს მირ-ვეისმა ,,აჰყარნა ხატნი და ჯუარნი და... ფსალმუნი'', რომელსაც მუსლიმობას ნაზიარევი გიორგი XI მუდამ თან ატარებდა და შაჰს გაუგზავნა როგორც ,,საბუთი'' გულით ქრისტიანი მეფის ,,ორგულობისა''.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ,,იყო ესე გიორგი მეფე მჴნე, ახოვანი, ძლიერი ძალითა და ტანითა, შუენიერ-ჰაეროვანი, პირმხიარული, ენატკბილი, უხჳ და მრისხანე, მოისარ-მოასპარეზე უებრო''.

 

ლიტ.: ბატონიშვილი ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ., 1973.

ლ. ტუხაშვილი, პოლიტიკური ვითარება XVIII ს. პირველ ოცეულში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

 

ერეკლე I

ქართლის მეფე 1688-1703 წლებში, კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის (1606-1660) ძის დავითის შვილი.

ერეკლე I რუსეთის სამეფო კარზე აღიზარდა, სადაც თითქმის ოცი წელი მძევლად იმყოფებოდა, იქ ცნობილია ნიკოლოზის სახელით.

ერეკლე კახეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო. იგი 1662 წელს საქართველოში ჩამოვიდა და შეეცადა კახეთში გამეფებულიყო, მაგრამ ამაოდ. ქართლის მეფე ვახტანგ V-ემ (1658-1675 წწ.) კახეთის ტახტზე 1664 წელს თავისი შვილი არჩილი აიყვანა, ერეკლე კი ისევ რუსეთში დაბრუნდა. მამა-შვილის ვახტანგ V-ისა და არჩილის წარმატებული მეფობა შაჰს არ მოსწონდა, ამიტომ მათ დაუპირისპირა რუსეთში მყოფი ერეკლე ბატონიშვილი, რომელსაც სათანადო სიგელებითა და წერილებით აღუთქვა საქართველოში გამეფება, თუ იგი მოსკოვიდან წამოვიდოდა და მასთან გამოცხადდებოდა. 1675 წელს ერეკლე შაჰს ეახლა ირანში. მას გამეფების პირობად გამაჰმადიანება მოსთხოვეს, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.

1688 წელს შაჰმა ქართლის ტახტიდან გიორგი XI (1676-1688; 1703-1709 წწ.) გადააყენა და მის მაგივრად ერეკლე I დაამტკიცა, რომელმაც ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ მაჰმადიანობა მიიღო. შაჰმა იგი ნაზარალი-ხანის სახელით ქართლში გამოგზავნა და კახეთის ნაწილიც – ქიზიყი და თუშეთი უწყალობა.

ნაზარალი-ხანი ირანის მორჩილი იყო. მის დასაყრდენს ძირითადად წარმოადგენდა ქართლის ციხეებში მდგარი ყიზილბაშ მეციხოვნეთა ჯარი. ქვეყანაში ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების მიზნით მან რიგი ღონისძიებანი განახორციელა. კერძოდ, გადააყენა უმაღლესი საეკლესიო პირები (კათოლიკოსი, ეპისკოპოსები) და მათ ადგილზე თავისი მომხრეები დააყენა, ასევე დაამცრო ძირძველი დიდებული თავადები (მეწინავე დროშის სარდალი, ამილახორი, მუხრანბატონი, ქსნის ერისთავი) და განადიდა თავისი ერთგულები. მან ქართლში მტკიცე მმართველობის შემოღება და სამართლის წარმოების გაუმჯობესება სცადა.

აღსანიშნავია ნაზარალი-ხანის საქალაქო პოლიტიკა. მან გააუქმა თბილისში ბეითალმანობის წესი და მოქალაქეებს საკუთრების ქალაქური უფლება აღუდგინა, განსაზღვრა ქალაქის მოხელეთა უფლება-მოვალეობანი, შეიმუშავა თბილისის ხელოსანთა ამქრის წესდება.

ნაზარალი-ხანი რუსეთში იყო აღზრდილი და ნაკლებად იცნობდა ქართულ ადათ-წესებს. იგი თავიდანვე ვერ შეეგუა ქართველ თავადებს, საზოგადოებას განსაკუთრებით რუსეთში შეთვისებული მისი ბილწსიტყვაობა არ მოსწონდა, ვერ ეგუებოდა მის უხეშ, უტაქტო მოქმედებას, მის მიერ ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად შეიზღუდა დიდ თავადთა უფლებები, ქვეყანაში გაძლიერდა ყიზილბაშ მეციხოვნეთა პარპაში. ყოველივე ამის გამო ქართველი თავადების დიდმა ნაწილმა ისევ გიორგი XI-ის გამეფება მოინდომა.

1691 წელს გიორგი XI შემოვიდა ქართლში, რის გამოც ნაზარალი-ხანი იძულებული გახდა თბილისში ჩაკეტილიყო. ამ დროიდან მოყოლებული დაიწყო გაუთავებელი ბრძოლა მათ შორის (,,ორიანობა'').

1703 წელს შაჰმა გიორგი XI-ს ქართლის სამეფო დაუბრუნა, ერეკლე I-ს კი კახეთის მეფობა უბოძა, მაგრამ ირანში დატოვა, კახეთი კი სამმართველოდ მის შვილს დავითს (იმამყული-ხანს) ჩააბარა.

ირანში დარჩენილი ნაზარალი-ხანი შაჰმა თავისი გვარდიის სარდლად ყულარაღასად დანიშნა.

ნაზარალი-ხანი ირანშივე გარდაიცვალა 1709 წელს.

 

ლიტ.: ბატონიშვილი ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ., 1973.

გ. ჯამბურია, საქართველოს პოლიტიკური ვითარება XVII ს. 30-90-იან წლებში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

 

ქაიხოსრო

ქართლის მეფე 1709-1711 წლებში, გიორგი XI-ის ძმის ლევანის ძე.

ქაიხოსროს მამა – ლევანი სპარსეთის მდივანბეგი იყო. მისი ქართლში წასვლის შემდეგ, ქაიხოსრო დაინიშნა სპარსეთის შაჰის კარის მდივანბეგის ნაიბად (მოადგილედ). თანამედროვე ისტორიკოსის ცნობით, ქაოხოსრო ,,თვით ყმაწვილი იყო, მაგრამ ცოდნის იადგარი... ასე გაუძღვა ერანის მდივანბეგობას, რომე დიდი და მცირე გააკვირვა: შეიქნა ხელმწიფის კარგი ყმა და სდევდა პატივსა უშურველსა''.

ლევანის სპარსეთში დაბრუნების შემდეგ ქაიხოსრო შაჰის კარზე დარჩა და მის სხვადასხვა დავალებას ასრულებდა. 1707 წელს მისი მეთაურობით ჩახშობილ იქნა ისპაჰანში მომხდარი აჯანყება.

გიორგი XI-ის ვერაგულად მოკვლის შემდეგ (1709 წ.), შაჰმა ქაიხოსრო ქართლის მეფედ დაამტკიცა. მასვე ჩააბარა ირანის მხედართმთავრობა, მაგრამ სამშობლოში არ გამოუშვა (ქართლის გამგებლად ისევ მისი ძმა ვახტანგ ჯანიშინი რჩებოდა). 1709 წ. ქაიხოსრომ შაჰისაგან საგამგეოდ მიიღო თავრიზი და ბარდა.

1710 წელს მან შაჰის დავალებით, აჯანყებულ ავღანელთა წინააღმდეგ გაილაშქრა, სძლია და გააქცია აჯანყებულთა მეთაური მირ-ვეისი.

1711 წელს ყანდაარზე იერიშის დროს ქართველები ღალატის შედეგად დამარცხდნენ. ამ ბრძოლას ქაიხოსრო-ხანიც შეეწირა, რომელიც მისი წინამორბედი გიორგი XI-ის მსგავსად გულით ქრისტიანობდა.

 

ლიტ.: ბატონიშვილი ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ლ. ტუხაშვილი, პოლიტიკური ვითარება XVIII ს. პირველ ოცეულში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

 

ვახტანგ VI

ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) – 1703-1714 წლებში, მეფე – 1716-1724 წლებში, გიორგი XI-ის ძმის – ლევანის ძე.

1703 წელს ირანის შაჰმა გიორგი XI-ს ქართლის მეფობა დაუბრუნა, მაგრამ ირანში დატოვა, ხოლო ქართლში მეფის მოადგილედ (,,ჯანიშინად'') მისი ძმის შვილი ვახტანგი დანიშნა.

,,ჯანიშინობის'' პერიოდში ვახტანგმა სცადა ქვეყნის შიგნით წესრიგის აღდგენა, სამეფო კარს ჩამოაცილა მისთვის მიუღებელი პირები, ალაგმა ურჩი თავადების თვითნებობა, სასტიკად აკრძალა ტყვის სყიდვა. ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისა და ქვეყანაში წესრიგის აღდგენის მიზნით შექმნა ე.წ. ,,მცველთა ჯარი''.

1705 წელს მისი ინიციატივით მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელმაც გადააყენა საერო ხელისუფლების მიერ დადგენილი კათოლიკოს-პატრიარქი ევდემოზ II (1700-1705 წწ.) და მის ნაცვლად ქართლის კათოლიკოს-პატრიარქად რუსეთიდან ახლად დაბრუნებული ვახტანგის ძმა – დომენტი (1705-1741 წწ.) აირჩია. ვახტანგმა ეკლესიას დაუბრუნა თავადების მიერ მიტაცებული მიწები, აღადგინა მცხეთის ეკლესიის მემამულეობა. ვახტანგის ჯანიშინობის პერიოდში ქართლის თავადებმაც დაიბრუნეს წინათ გაქცეული ყმები.

თავისი მმართველობის პირველივე წლებში ვახტანგმა დიდი საკანონმდებლო საქმიანობა გააჩაღა, მან შეკრიბა ძველი ქართული და უცხოური (ებრაული, ბერძნული, სომხური) სამართლის წიგნები, ერთ კრებულად შეკრა და თან დაურთო სამეფო დარბაზის მონაწილეობით შედგენილი საკუთარი სამართლის წიგნი. ეს კანონთა წიგნი ვახტანგმა ქართლისათვის შეადგინა, მაგრამ მალე ის მთელ საქართველოში მომქმედ კანონმდებლად იქცა, რის გამოც მას ,,სჯულმდებელი'' შეარქვეს.

ვახტანგის მოღვაწეობის ამავე ხანას ეკუთვნის მისი მეორე საკანონმდებლო ძეგლი – ,,დასტურლამალი'', რომელიც სახელმწიფოს ძირითადი კანონის – კონსტიტუციის მთავარ იურიდიულ ძეგლს წარმოადგენდა.

ვახტანგმა დიდი ყურადღება მიაქცია მეურნეობის აღდგენას, ხელახლა დაასახლა დაცარიელებული სოფლები და მთელი მხარეები (თრიალეთი, ბაიდარი, ტაშირი, სააბაშიო); ააგო სასახლეები (თბილისს, გორს, კოჯორს), ქარვასლები; განაახლებინა თბილისის სიონის პერანგი (მოპირკეთება); შეაკეთებინა მცხეთის, ურბნისისა და სადგერის ტაძრები. ზრუნავდა გზებისა და ხიდების მოვლაზე. ვახტანგმა განაახლა დიდი ხნის წინ მოშლილი სარწყავი არხები ყარაიას (,,ვახტანგის რუ''), შიდა ქართლს, სააბაშიოს (,,ქვიშხეთის რუ''), სომხითს, ხუნანს (,,ვახტანგის რუ''), შიდა ქართლს, სააბაშიოს (,,ქვიშხეთის რუ''). იგი დიდ ყურადღებას აქცევდა მეურნეობის სხვადასხვა დარგის – მევენახეობის, მეჯოგეობის, მეპურეობის, მეაბრეშუმეობა-მებამბეობის განვითარებას. მის დროს გამოცოცხლდა ვაჭრობა-ხელოსნობა, საქალაქო ცხოვრება, თავის კეთილდღეობას დაუბრუნდა თბილისი.

ჯანიშინობის პერიოდში ვახტანგმა დიდი კულტურული მოღვაწეობა გააჩაღა. 1709 წ. მან ვლახეთში (რუმინეთი) მოღვაწე ქართველის ანთიმოზ ივერიელის დახმარებით დააარსა საქართველოში პირველი ქართული სტამბა, მასში დაიბეჭდა საეკლესიო წიგნები, რითაც ხელი შეუწყო ქართული ეკლესიების წიგნით მომარაგებას, ხოლო 1712 წ. პირველად – ,,ვეფხისტყაოსანი'' თვით ვახტანგ მეფის კრიტიკულ-მეცნიერული გამოკვლევით, რითაც დიდი ბიძგი მისცა პოემის ტექსტის შემდგომი შესწავლა-აღდგენის საქმეს და საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ რუსთველოლოგიას.

მოგვიანებით ვახტანგ VI-ემ თარგმნა და გადმოაკეთა დიდაქტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები: გალექსა ,,აპოვთეგმატას'' ე. თურქესტანიშვილისეული მოკლე რედაქცია (,,სიბრძნე მალაღობელი''), თარგმნა ,,ქილილა და დამანა'', ,,ამირ-ნასარიანი'' და სხვ. ძველ ქართულ მწერლობაში ერთ-ერთმა პირველმა შექმნა პატრიოტული ლირიკის ნიმუშები.

აღსანიშნავია ვახტანგ VI-ის ზრუნვა ძველი ,,ქართლის ცხოვრების'' (,,საქართველოს ისტორიის'') ტექსტის დადგენისა და გამართვისათვის. ამ მიზნით მან შეადგინა სწავლულ კაცთა კომისია ბერი ეგნატაშვილის მეთაურობით, რომელმაც დიდი მუშაობა გასწია ,,ქართლის ცხოვრების'' გადამუშავება-რედაქტირების, ტექსტის გამართვის, სამსაუკუნოვანი (XIV-XVII სს.) ხარვეზის შევსების მიზნით, რის შედეგადაც შეიქმნა ,,ახალი ქართლის ცხოვრება''.

ვახტანგს თავის გარშემო შემოკრებილი ჰყავდა კულტურულ მოღვაწეთა მთელი დასი, რომელთა შორისაც იყვნენ მისი შვილი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი, მისი აღმზრდელი – სულხან-საბა ორბელიანი და სხვ.

ვახტანგი ცდილობდა თავისი გავლენა გაევრცელებინა საქართველოს სამეფო-სამთავროებზე. როგორც ჩანს, ამას ნაწილობრივ მიაღწია კიდეც, რადგან ჯანიშინს ,,მორჩილებდნენ იმერნი, უსმენდნენ კახნი''.

1711 წელს მან დალაშქრა და დახარკა დვალეთი, რითაც ხელში ჩაიგდო ამერი და იმერი კავკასიის შემაერთებელი გზა და ქართლის სამეფო უფრო მეტად გაძლიერდა.

1712 წელს გიორგი XI–სა და შემდეგ ირანში მისი შემცვლელის ქაიხოსრო მეფის ავღანეთში დაღუპვის შემდეგ ვახტანგ ჯანიშინი ირანის შაჰმა ქართლის სამეფო ტახტზე დასამტკიცებლად ისპაჰანში დაიბარა და გამაჰმადიანება მოსთხოვა, რაზედაც ვახტანგმა უარი განაცხადა, ამიტომ იგი ქირმანში გადაასახლეს. სულხან-საბა ორბელიანმა ევროპაში იმოგზაურა, რათა დაერწმუნებინა ევროპის მონარქები (რომის პაპი კლემენტი XI, საფრანგეთის მეფე ლუი XIV) ეთხოვათ შაჰისათვის ვახტანგი ქრისტიანობით დაემტკიცებინა ქართლის მეფედ, მაგრამ ამას ვერ მიაღწია.

1716 წელს ვახტანგმა ფორმალურად მიიღო მაჰმადიანობა, შაჰმა კი იგი ქართლის მეფედ დაამტკიცა და მხოლოდ 1719 წელს დააბრუნა სამშობლოში.

მეფობის პერიოდში (1716-1724 წწ.) ვახტანგ VI ცდილობდა გაეგრძელებინა ჯანიშინობის პერიოდში დაწყებული საქმიანობა, მაგრამ დაძაბულმა საერთაშორისო ვითარებამ მას ამის საშუალება არ მისცა. საქართველო ისევ გახდა კავკასიაში გაბატონებისათვის მებრძოლ სახელმწიფოთა ცილობის ობიექტი. ასეთ ვითარებაში ვახტანგ VI რუსული ორიენტაციის გზას დაადგა და 1720 წელს სამხედრო-პოლიტიკური კავშირი დაამყარა პეტრე I-თან (1689-1725 წწ.). მათ გადაწყვიტეს ერთად გაელაშქრათ ირანის წინააღმდეგ. შეთანხმების მიხედვით, რუსეთის ჯარი უნდა შესულიყო აზერბაიჯანში, სადაც მას შეუერთდებოდა ქართველთა და სომეხთა ლაშქარი და ერთობლივად უნდა აეღოთ ირანი.

1722 წელს პეტრე I-მა დაიწყო ლაშქრობა კავკასიის მიმართულებით და ხელთ იგდო კასპიის ზღვის დაღესტნის სანაპირო, დარუბანდი, მაგრამ ლაშქრობა შეწყვიტა და ასტრახანში გაბრუნდა. ვახტანგ VI კი შეთანხმებისამებრ ქართველთა და სომეხთა 40 000-იანი ჯარით განჯასთან იდგა და ამაოდ ელოდა რუსეთის ჯარის გამოჩენას. სამი თვის ლოდინის შემდეგ აცნობეს მას ლაშქრობის გადადების ამბავი, რამაც მეფე უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. განრისხებულმა შაჰმა ქართლი გამაჰმადიანებულ კონსტანტინე კახთა მეფეს გადასცა, რომელმაც 1723 წელს ლეკთა დაქირავებული ჯარით აიღო თბილისი. ლეკებმა გაძარცვეს და გადაწვეს თბილისი. ამ დროს ოსმალები შემოიჭრნენ და მალე მთელი ქართლი დაიკავეს. ამაოდ ელოდა ვახტანგი რუსეთიდან დამხმარე ძალას. მას საქართველოში აღარ ედგომებოდა.

1724 წლის ივლისში ვახტანგ VI თავისი ოჯახის წევრებით, მათ შორის ტახტის მემკვიდრე ბაქარიც, თანამოღვაწეების 1200 კაციანი ამალით რაჭის გზით რუსეთს გაემგზავრა. იგი იმედოვნებდა, რომ რუსეთის მხარდაჭერითა და დამხმარე ჯარით მალე უკან დაბრუნდებოდა და თავის სამშობლოს დამპყრობთაგან გაათავისუფლებდა, მაგრამ მას საქართველოში დაბრუნება აღარ ეწერა.

რუსეთში ყოფნისას ვახტანგ VI ისევ ცდილობდა საქართველოს საკითხით დაეინტერესებინა რუსეთის სამეფო კარი. 1726-1727 წლებში, იგი საგანგებო მისიით გილანშიც კი ჩავიდა, როგორც რუსეთის წარმომადგენელი და ირანის შაჰთან მოლაპარაკება გამართა, მაგრამ უშედეგოდ.

1737 წლის 26 მარტს ვახტანგ VI გარდაიცვალა ქ. ასტრახანში, დაკრძალულია იქვე, მიძინების ტაძარში.

 

ლიტ.: ბატონიშვილი ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ., 1973.

ლ. ტუხაშვილი, პოლიტიკური ვითარება XVIII ს. პირველ ოცეულში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

 

იესე

ქართლის მეფე 1714-1716 (ალი ყული-ხანი); 1724-1727 წლებში (მუსტაფა). იგი იყო ლევან ბატონიშვლის ძე, ვახტანგ VI-ის ძმა.

1705-1714 წლებში ირანში შაჰის სამსახურში იყო, მონაწილეობას იღებდა შაჰის წინააღმდეგ აჯანყებულ ავღანელებთან წარმოებულ ბრძოლებში ჯერ ბიძის – ქართლის მეფე გიორგი XI-ის, ხოლო შემდეგ ძმის – ქართლის მეფე ქაიხოსროს მეთაურობით.

1708 წელს იესე ქირმანის ნაიბად დაინიშნა, 1709 წ. შაჰმა ქირმანის ბეგლარ-ბეგობა უბოძა და მაჰმადიანური სახელი – იესე ალი ყული-ხანი უწოდა. 1711 წელს იგი დანიშნეს თოფჩიბაშად (არტილერიის უფროსად).

1714 წელს როცა ვახტანგ ჯანიშინმა უარი თქვა გამაჰმადიანებაზე, შაჰმა იესე ქართლის მეფედ დაამტკიცა.

იესე ალი ყული-ხანი ირანული ორიენტაციის მმართველი იყო. მან ანტიქართული პოლიტიკის გატარებაში ირანელ მოხელეებსაც კი გადააჭარბა. მისმა უკიდურესმა მაჰმადიანობამ, მრავალცოლიანობამ და შაჰისადმი უტყვმა მორჩილებამ საზოგადოების ყველა ფენის უკმაყოფილება გამოიწვია.

1716 წელს როცა ქართლის მეფედ ვახტანგ ჯანიშინი დაამტკიცეს, იესე თელავს გაიხიზნა, მაგრამ შეიპყრეს და გადასცეს ბაქარ ბატონიშვილს. თბილისის სასახლეში პატიმრობისას იესემ უარყო მაჰმადიანობა და ქრისტიანობა აღიარა.

1721 წელს ვახტანგ VI-ემ იესე ალი ყული-ხანი გაათავისუფლა, დაუბრუნა წართმეული ქონება, უბოძა მუხრანი და მსაჯულთუხუცესობა.

1723 წელს, როცა ირანის შაჰმა ქართლის მეფობა კახეთის მეფე კონსტანტინე II-ეს უბოძა და მან თბილისი დაიკავა, იესე ვახტანგ VI-ის დავალებით ბაქართან ერთად მიეგება თბილისის ასაღებად მოსულ ოსმალთა ჯარს, ხოლო 1724 წელს როცა ბაქარი ოსმალებს განუდგა, იესე შეურიგდა დამპყრობლებს და ისევ გამაჰმადიანდა. ამჯერად მას მუსტაფა ეწოდა.

1724 წელს ქართლის მოსახლეობა აჯანყდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ. აჯანყებულებს განზრახული ჰქონდათ აეღოთ გორის ციხე და შეეტიათ თბილისზე. იესე ოსმალთა მხარდამხარ იბრძოდა აჯანყებული ქართველების წინააღმდეგ.

1724 წლის სექტემბრის ბოლოს გორის მახლობლად, გუფთასთან (ზედაველაზე) მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა. თავდაპირველად ქართველებმა სძლიეს და გააქციეს ოსმალები, მაგრამ მოღალატე იესემ გაქცეული მტერი მოაბრუნა და ახალი ძალებით შეუტია ქართველებს. აჯანყებულები დამარცხდნენ.

ოსმალებმა დაუფასეს იესეს სამსახური და ქართლის საქმეებს მას ეკითხებოდნენ. იესეც თავის მდგომარეობას საკუთარი ქონების გაზრდისათვის იყენებდა – ,,ხუეჭდა და იღებდა ქუეყანათა ნარდად და ამით მოირჭვაცა ფრიად''.

ოსმალთა სამსახურში მყოფი რენეგატი იესე – მუსტაფა გარდაიცვალა 1727 წელს.

 

ლიტ.: ბატონიშვილი ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ., 1973.

ლ. ტუხაშვილი, პოლიტიკური ვითარება XVIII ს. პირველ ოცეულში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

ნ. სოლოღაშვილი, კახეთის სამეფო კონსტანტინე მაჰმად-ყული ხანის მეფობის პერიოდში (1722-1732 წწ.), თბ., 1993.

 

ბაქარი

ქართლის მეფე 1717-1719 წლებში, ვახტანგ VI-ის ძე.

იგი იყო სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, რუსეთში გრუზინსკების გვარის ფუძემდებელი.

1712 წელს ვახტანგ VI-ის ირანში გაწვევის შემდეგ ბაქარი ბიძასთან – იესე ალი ყული-ხანთან ერთად მართავდა ქართლს.

1716 წელს როცა შაჰმა იძულებით გამაჰმადიანებული ვახტანგ VI ქართლის მეფედ დაამტკიცა, იგი სამშობლოში არ გამოუშვა, ხოლო ქართლი ,,ჯანიშინად'' დანიშნულ მის მემკვიდრეს – ბაქარს გადასცა. ბაქარმაც შეიცვალა სჯული და 1717 წლიდან შაჰ ნავაზ-ხანის სახელით ქართლის მართვა-გამგეობას შეუდგა.

ბაქარის პირველი ღონისძიებანი დაკავშირებული იყო ქვეყნის მოღალატეების განადგურებასთან. მან შეიპყრო ქართლის ყოფილი მეფე, ირანის ერთგული მოხელე იესე ალი ყული-ხანი, დაიმორჩილა გამდგარი ქსნის ერისთავი.

ბაქარი 20-იანი წლების დასაწყისშიც მედგრად იბრძოდა შინაური თუ გარეშე მტრის წინააღმდეგ, ცდილობდა ჯარის რეორგანიზაციას, კავკასიის მეზობელ ხალხებთან – სომხებთან, დაღესტნელებთან, ჩეჩნებთან, ოსებთან ურთიერთობის განმტკიცებას.

1723 წელს როცა ოსმალები ქართლის საზღვრებს მოადგნენ, ვახტანგ VI-ემ მორჩილების ნიშნად მათ ბაქარი მიაგება. ოსმალებმა გამგებლად ბაქარი დანიშნეს, მაგრამ ,,არა ნებისაებრ თჳსისა ამეფეს'', ამიტომ იგიც იმ დროს ცხინვალში ვახტანგ VI-ის მეთაურობით მდგომ ქართველებს შეუერთდა, ხოლო 1724 წელს მათთან ერთად რუსეთში გადასახლდა.

1727 წელს ბაქარს რუსეთის არმიის გენერალ-ლეინტენანტის წოდება მიანიჭეს და მოსკოვის ოლქში საარტილერიო კანტორის უფროსად დანიშნეს.

1730 წელს მან მოსკოვში პრესნიაზე სახლი აიშენა და იქვე დასახლდა.

ვახტანგ VI-ის რუსეთიდან წამოსვლის შემდეგ, ბაქარი ჩაუდგა სათავეში მოსკოვის ქართულ ახალშენს.

1735 წელს მოსკოვში ბაქარის ხელმძღვანელობით დიდი მუშაობა გაჩაღდა ქართული სტამბის შესაქმნელად, სასწავლო წიგნებისა და ქართული ბიბლიის გამოსაცემად, საქართველოს რუკის შესადგენად.

1743 წელს ბაქარი ასტრახანში, შემდეგ კი ყიზლარში ჩავიდა. მან პეტერბურგში ჩაიყვანა ყაბარდოელთა მთავრის სახლის წარმომადგენლები, რომელთაც რუსეთის საიმპერატორო კარს ქვეშევრდომობა სთხოვეს.

1744 წელს დიპლომატიური მისიით ყაბარდოში მყოფ ბაქარს ქართლის ტახტის დასაკავებლად და მისი მეფის თეიმურაზ II-ის (1744-1762 წწ.) წინააღმდეგ საბრძოლველად მოუხმეს, მაგრამ ბაქარი დარწმუნდა, რომ მისი ამ მისიით დაბრუნება, სამშობლოს უფრო დიდ ზიანს მოუტანდა.

ბაქარის მოღვაწეობა რუსეთში ერთგვარად ნიადაგის მომზადება იყო, რუსეთის მხარდაჭერითა და მთელი იმიერ-კავკასიის მოსახლეობის დახმარებით, ქვეყნის მაჰმადიანური აგრესიისაგან გასათავისუფლებლად.

1749 წელს ბაქარი გათავისუფლდა რუსეთის სამსახურიდან და საქართველოში გამომგზავრება დააპირა, მაგრამ ავად გახდა და 1750 წლის 1 თებერვალს გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვის დონის მონასტერში.

ბაქარი დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობით გამოირჩეოდა. 1725 წელს პეტერბურგში მან დაიწყო რუსულ-ქართული სასაუბრო ლექსიკონის ,,ვაკაფის'' შედგენა, ფრანგულიდან თარგმნა ,,ეკონომიის'' წიგნი; ბაქარის ხელმძღვანელობით ნოვგოროდის არქიეპისკოპოსმა იოსებმა (ქომელაშვილი) მოსკოვში გახსნა ქართული სტამბა, სადაც დაიბეჭა მრავალი სასწავლო და სამღვდელთმსახურო წიგნი. ბაქარის წინადადებით, ვახუშტი ბაგრატიონმა დასაბეჭდად მოამზადა ბიბლიის ტექსტი, რომლის გამოცემის ხარჯები ბაქარმავე გაიღო. 1743 წელს მოსკოვში დაბეჭდილი ეს ბიბლია ბაქარის ბიბლიის სახელით არის ცნობილი. მან დიდი წვლილი შეიტანა ოსეთის სასულიერო კომისიის შექმნაში.

 

ლიტ.: ბატონიშვილი ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ლ. ტუხაშვილი, პოლიტიკური ვითარება XVIII ს. პირველ ოცეულში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

გ. პაიჭაძე, ქართლის სამხედრო-პოლიტიკური კავშირი რუსეთთან XVIII ს. 20-იან წლებში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

ენციკლოპედია, საქართველო, ტ. I, 1997.

 

თეიმურაზ II

ქართლის მეფე 1744-1762 წლებში, ერეკლე I ნაზარალი-ხანის ძე, კახეთის მეფის კონსტანტინე II-ის (მაჰმად-ყული ხანის) ძმა.

იგი იყო კახეთის გამგებელი 1709-1715 წლებში, ხოლო მეფე 1733-1744 წლებში. თეიმურაზი ძმასთან – კონსტანტინე II-თან ერთად აქტიურად იბრძოდა აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონებული ოსმალების წინააღმდეგ. მან მაღაროსთან ბრძოლაში დაამარცხა ოსმალო ფაშა, რითაც დიდი სამსახური გაუწია ირანის ხელისუფლებას ქართლ-კახეთიდან ოსმალთა განდევნის საქმეში. მიუხედავად ამისა, შაჰ-თამაზის სარდალი ნადირ-ხანი მას ეჭვის თვალით უყურებდა და რამდენჯერმე დააპატიმრა კიდეც. 1737 წელს, მას შემდეგ, რაც ნადირი ირანის შაჰი გახდა, მან თეიმურაზი გაათავისუფლა, სამმართველოდ კახეთი დაუბრუნა და სამშობლოში გამოისტუმრა.

თეიმურაზმა, თავის ძე ერეკლესთან ერთად, დაამარცხა ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ აჯანყებული გივი ამილახვარი, აგრეთვე, ლეკ-ოსმალთა გაერთიანებული ლაშქარი; ნადირ-შაჰისადმი მოჩვენებითი ერთგულებით იგი შეეცადა ქართლ-კახეთში ქართველობა აღედგინა, რამაც შედეგი გამოიღო. 1744 წელს ნადირმა თეიმურაზი ქართლის, ხოლო მისი ძე ერეკლე – კახეთის მეფედ სცნო ქრისტიანობით.

თეიმურაზ II-ის მეფედ კურთხევის ცერემონიალი შესდგა 1744 წ. 1 ოქტომბერს სვეტიცხოვლის ტაძარში, ძველი ქართული ქრისტიანული წესით. ეს უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო, რადგან საუკუნეზე მეტი იყო გასული, რაც ქართლსა და კახეთში ქრისტიან მეფეს არ ემეფა. ამასთან შაჰმა თეიმურაზს დაუბრუნა XVII ს-ში შაჰ-აბას I-ის მიერ მიტაცებული მხარეები: ლორე, ბორჩალო, ბაიდარი.

გამეფებისთანავე მამა-შვილმა დაიწყეს ბრძოლა ამიერკავკასიაში გაბატონების მსურველი ხანების წინააღმდეგ და მალე ერევნის, განჯისა და ნახჭევანის ხანები მოხარკედ გაიხადეს.

1747-1749 წლებში თეიმურაზ II ირანის შაჰის კარზე იმყოფებოდა. სამშობლოში დაბრუნებულმა თან ჩამოიტანა შაჰის ბრძანება იმის შესახებ, რომ ყაზახ-ბორჩალო ქართლ-კახეთის სამეფოს კუთვნილება იყო, რითაც სახელმწიფოს ტერიტორიული ფარგლები კიდევ უფრო გაფართოვდა.

1751-1752 წლებში მამა-შვილმა დაამარცხეს თავრიზის მფლობელი აზატ-ხანი, შაქი-შარვანის ხანი აჯი-ჩალაბი და ამით ქართლისა და კახეთის სამეფოებმა მთელ ამიერკავკასიაში პოლიტიკური უპირატესობა მოიპოვეს.

XVIII ს. 50-იან წლებში თეიმურაზ II-ემ, თავის ძე ერეკლე II-თან ერთად, შეუტია ქვეყანაში მომძლავრებულ ე.წ. ,,ლეკიანობას''. განსაკუთრებით დიდი ბრძოლები გაიმართა მჭადიჯვრისა (1754 წ.) და ყვარლის (1755 წ.) ციხეებთან, სადაც ქართველებმა დაამარცხეს ლეკთა დიდი ლაშქარი ხუნძახის (ავარიის) მფლობელის ნურსალ-ბეგის მეთაურობით, რის შედეგადაც შესუსტდა დაღესტნელ ფეოდალთა განუწყვეტელი შემოსევები.

1760 წლის აპრილში თეიმურაზ II რუსეთს გაემგზავრა. იგი მოითხოვდა დახმარებას ჯარით ან მის დასაქირავებლად საჭირო ფულადი სესხის სახით, რისი მეშვეობითაც რუსეთის მთავრობას ირანში ლაშქრობასა და იქ რუსეთისათვის სასურველი შაჰის დასმას პირდებოდა. მაგრამ მაშინ რუსეთს საქართველოსათვის არ ეცალა, რადგან პრუსიასთან შვიდწლიან ომში (1757-1764 წწ.) იყო ჩაბმული.

დახმარების მოლოდინში, 1762 წლის 8 იანვარს თეიმურაზ II პეტერბურგში გარდაიცვალა. მისი ამალის წევრებმა იგი წამოასვენეს და დაკრძალეს ასტრახანის მიძინების ტაძარში, ვახტანგ VI-ის გვერდით.

თეიმურაზ II იყო აღორძინების ხანის ქართული მწერლობის წარმომადგენელი, პოეტი და მთარგმნელი. მის კალამს ეკუთვნის პოემა ,,დღისა და ღამის გააბაასება'', ავტობიოგრაფიული ხასიათის ლექსი ,,თავგადასავალი''. აღსანიშნავია მისი თხზულება ,,სასახლის ქება''. პოეტის ლიტერატურული მრწამსის გასათვალისწინებლად მნიშვნელოვანია მისი ,,გაბაასება რუსთაველთან''. თეიმურაზ II-ემ სპარსულიდან თარგმნა იგავ-არაკთა კრებული ,,თიმსარიანი''.

 

ლიტ.: მ. დუმბაძე, ქართლ-კახეთის ბრძოლა დამოუკიდებლობის განმტკიცებისათვის, სინ., ტ. IV, თბ., 1973.

 ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ., 1973.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ქალწულმოწამენი: ენაფა, ვალენტინა და პავლა (+308)
10 (23) თებერვალი
მღვდელმოწამე ხარლამპი და მის თანა მოწამენი: პორფირი, ბაფტოსი და სხვანი (+202)
წმიდა ხარლამპი, რომლის ხსენებასაც აღვნიშნავთ 23 თებერვალს, თესალიის ქალაქ მაგნეზიის (საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ოლქი) ეპისკოპოსი და ქრისტეს სიტყვის მხურვალე მქადაგებელი იყო. იგი მრავალ შეცდომილ სულს მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
gaq