საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

ლიხთ-იმერეთის მეფეები XIII-XIV სს.

დავითი

დასავლეთ საქართველოს (ლიხთ-იმერეთი) მეფე 1259-1293 წლებში, რუსუდანის ძე (იგივე დავით VI ნარინი 1245-1259 წლებში საქართველოს მეფე).

აჯანყებული მეფე დავით ულუს მონღოლებთან დაზავების შემდეგ ,,დარჩა ლიხთ-იმერი რუსუდანის ძესა''. იგი ფაქტიურად მეფე ხდება ლიხთ-იმერეთისა. ამ აქტით დასავლეთ საქართველო გამოეთიშა ერთიან ქართულ სამეფოს. ამასთან ერთად, როგორც ევროპული წყაროები მოწმობენ, ნარინის სამეფო ილხანთაგან დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა.

დავით რუსუდანის ძე საკმაოდ წინდახედული პოლიტიკოსი აღმოჩნდა. მისი დიპლომატიური ორიენტირი მიმართული იყო ილხანთა მოშურნე სახელმწიფოებზე – ეგვიპტესა და ოქროს ურდოზე. 1260-1263 წლებში დასავლეთ საქართველოს უნდა სწვეოდნენ მამლუქ სულთანთა ელჩები, ხოლო მომდევნო 1264-1265 წლებში, როგორც ვარაუდობენ, დავით ნარინს ეგვიპტის სულთან ბაიბარსთან საპასუხო ელჩობა გაუგზავნია.

მეფე ცდილობდა გამოეყენებინა ილხანთა შინაგანი წინააღმდეგობანი, რაც სამეფოს პოლიტიკურ განმტკიცება-გაძლიერებას ისახავდა მიზნად. ლიხთ-იმერეთის სამეფო კარზე პოულობდნენ თავშესაფარს ილხანთა მოწინააღმდეგენი, მაგალითად, აბაღა ყაენის წინააღმდეგ მებრძოლი ჩრდილოელი უფლისწული თეგუდარი, ყაენისაგან დევნილი ღალღური. ამიტომაც ილხანები ყოველ ღონეს მიმართავდნენ მის მოსაშორებლად, რასაც შინაგამცემლობანიც უწყობდა ხელს. განსაკუთრებით აქტიურობდა ერისთავი რაჭისა კახაბერ კახაბერის ძე, ,,რომელი იყო თესლით ბოროტი''. ჟამთააღმწერლის მოწმობით, მან ღალღურთან შეთანხმებით აბაღა ყაენს გამოთხოვა ლაშქარი ,,სამი ბევრი'' ანუ 3 000 და ,,გარდასვლეს მთა ლიხისა და ზედა დაესხნეს ქუთაისს აბანოსა შინა მყოფსა მეფეს'', რომელმაც სასწაულებრივად დააღწია თავი შეთქმულთ. ორიოდ წლის შემდეგაც განმეორებულა შეთქმულება გვირგვინოსანი მეფის წინააღმდეგ. ჩვენს მეცნიერებაში მიჩნეულია, რომ ეს ამბავი 1270-1278 წლების შუალედში მომხდარა. ამის შემდეგაც არ დამცხრალა რაჭის ერისთავი, ამიტომაც ,,შეიპყრა იგი მეფემან და პირველ თუალი დასწუა და მერე ერთი ხელი და ერთი ფეხი მოჰკუეთა და ორნი შვილნი მისნი მისცა ექსორიობად... და მოისპო ყოველი ნათესავი მისი ბაღუაშთა კახაბერის ძეთა''...

საინტერესოა დავით ნარინის პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობა ტრაპიზონის სამეფოსთან. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში მეფე ერთიანი მონარქიის მიერ შემუშავებული კურსის გამგრძელებელი და აქტიური მოღვაწეა. მან რამდენიმე ლაშქრობაც მოაწყო ტრაპიზონის საკეისროში და გარკვეული დროით შეძლო აქ პოლიტიკური გავლენის მოპოვება.

გარდაიცვალა მეფე დავით ნარინი 1293 წელს. შვილის ვახტანგის გარდაცვალების ,,შემდგომად მცირეთა წელთა მანაც შეისუენა, პატიოსანთა სიბერითა აღსავსემან''. დაკრძალულია იგი გელათს, მეფეთა განსასვენებელში, სადაც დღემდეა მოღწეული მეფე დავითის სამი პორტრეტი შემორჩენილი ზედწერილებით.

 

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. III, 1966.

ბ. ლომინაძე, მონღოლთა ბატონობა საქართველოში და ბრძოლა მის წინააღმდეგ (XIII ს. 40 – XIV ს. 10-იანი წწ.), სინ, ტ. III, თბ., 1979.

დ. ნინიძე, დასავლეთ საქართველოს დიპლომატიური კონტაქტები XIII ს-ის II ნახევარში, ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1998.

 

კონსტანტინე I

ლიხთ-იმერეთის მეფე 1293-1327 წლებში.

დავით ნარინის გარდაცვალების შემდეგ ლიხთ-იმერეთში ტახტს ,,პირმშოების ძალით'' ეუფლა კონსტანტინე. მეფის მთელი ხელმწიფური ნება და ენერგია შინადინასტიურ ბრძოლას შეეწირა. წყაროთა მოწმობით, მას გამეფებისთანავე აუმხედრდა საკუთარი ძმა მიქელი, რომელმაც შეძლო რაჭა-ლეჩხუმისა და არგვეთის დაპყრობა. ,,დღეთა მათთა იშლებოდა სამეფო''. ასეთ ვითარებაში ხელსაყრელი პირობები შემუშავდა დასავლეთ საქართველოს დაქუცმაცებისა და შედეგმაც არ დააყოვნა: დაიმკვიდრა დადიანმა ,,სრულიად ოდიში ანაკოფიამდე. ეგრეთვე შერვაშიძემ აფხაზეთი და გურიელმან გურია და სვანთა ერისთავმან სუანეთი''.

ცალკეა აღსანიშნავი კონსტანტინე დავითის ძის ღვაწლი იერუსალიმის ჯვრის ,,გაცხოველება-განახლების'' საქმეში. მისი ინიციატივითა და საფასით ჩატარებულა აქ სარესტავრაციო სამუშაოები, რის აღსანიშნავადაც განუწესებიათ ,,აღაპი და პანაშვიდი აფხაზთა მეფეთ მეფისა კონსტანტინესი, ჯვრისა მონასტრისა ახლად შემკაზმავისა''.

მეფე კონსტანტინე 1327 წელს გარდაიცვალა.

 

ლიტ.: ბ. ლომინაძე, საქართველო XIV ს. პირველ ნახევარში მონღოლთა ბატონობის გადაშენება. გიორგი V ბრწყინვალე. სინ, ტ. III, თბ., 1979.

თ. პაპუაშვილი, კულტურულ-საგანმანათლებლო კერები საქართველოში და მის გარეთ. სინ, ტ. III, თბ., 1979.

 

მიქელი

ლიხთ-იმერეთის მეფე 1327-1329 წლებში, დავით ნარინის ძე.

იგი გამეფდა ძმის, კონსტანტინეს, გარდაცვალების შემდეგ. მიქელს გაუჭირდა ძმათა შუღლით აშლილი სამეფოს მკვიდრად დაჭერა. მისი მეფობა უდღეური აღმოჩნდა. 1329 წელს მეფის გარდაცვალებისთანავე გიორგი (V) ბრწყინვალე გადავიდა იმერეთში და დაიკავა ქუთაისი. ტახტის მემკვიდრე ბაგრატს შორაპნის ერისთაობა უბოძა. ამერ-იმერი საქართველო კვლავ გაერთიანდა.

 

ლიტ.: ბ. ლომინაძე, საქართველო XIV ს. პირველ ნახევარში, მონღოლთა ბატონობის გადაშენება, გიორგი V ბრწყინვალე. სინ, ტ. III, თბ., 1979.

 

ალექსანდრე I

იმერეთის მეფე 1387-1389 წლებში, დავით ნარინის ჩამომავალი, იმერეთის ერისთავის ბაგრატ I ძე.

მამის გარდაცვალების შემდეგ (1372 წ.) საქართველოს მეფე ბაგრატ V დიდმა იმერეთის ერისთავად დაადგინა. მის რეზიდენციას შორაპანი წარმოადგენდა. ბაგრატ V დიდის თემურ-ლენგისაგან დატყვევების შემდეგ ალექსანდრე განუდგა მეფეს, ,,დაიპყრა იმერეთი... იწოდა მეფედ და ეკურთხა გელათს''. დასავლეთ საქართველოს ფეოდალ-ხელისუფალთა უმრავლესობა ბაგრატის მტკიცე ერთგულებას იმორჩილებდა. ალექსანდრეს დიდი ბრძოლები დასჭირდა იმერეთის ციხეთა შემოერთებისათვის. ,,აღიხუნა'' კიდეც ზოგი მათგანი, მაგრამ ქუთაისში გამაგრება ვერ შეძლო. მეფე გამეფებიდან მესამე წელს გარდაიცვალა.

 

ლიტ.: ბ. ლომინაძე, საქართველო XV ს. მეორე ნახევარში, ერთიანი საქართველოს საბოლოო დაშლა სამეფოებად და სამთავროებად, სინ, ტ. III, თბ., 1979.

 

გიორგი I

იმერეთის მეფე 1389-1392 წწ., ალექსანდრე I-ის ძე.

გიორგი I-მა შეძლო სამეფოს დიდი ნაწილის შემომტკიცება, ეცადა განდგომილ, თითქმის დამოუკიდებელ მთავართა დამორჩილებას. მის მდგომარეობას ტახტზე ისიც ართულებდა, რომ ერთიანი მონარქიის (ბაგრატ V და მისი მემკვიდრის) მომხრენი არ ცნობდნენ გიორგის მეფობას. ტახტის განმტკიცების მიზნით ,,ამან გიორგი განიზრახა ბრძოლა ვამიყ დადიანისა''. ოდიშს გალაშქრებული მხედრობა გიორგი I-ისა იძლია ვამიყ დადიანის სპათაგან. ამ ბრძოლაში დაიღუპა დავით მეფეც 1392 წელს.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

 

კონსტანტინე II

ლიხთ-იმერეთის მეფე 1396-1401 წლებში.

ბატონიშვილი ვახუშტის ცნობით გიორგი I-ის დაღუპვის შემდეგ მეფის ძმა კონსტანტინე და ძმისწული ალექსანდრე, მეფის ძე დიმიტრი ოთხ წელს ლტოლვილობაში იმყოფებოდნენ. ვამიყ დადიანის გარდაცვალების შემდეგ 1396 წ. ,,შთამოიყვანეს იმერთა კონსტანტინე, ძე ბაგრატისა და ყვეს მეფედ'' კონსტანტინე მეფის მცდელობას დადიან-გურიელისა და სვანეთის შემომტკიცებისათვის წარმატება არ მოჰყოლია. მეფე უძეოდ გადაეგო 1401 წელს. იმერეთის ტახტის მემკვიდრედ დარჩა ალექსანდრე მეფის ძე დიმიტრი, ძმისწული კონსტანტინესი, რომელიც ამაოდ ეძიებდა მეფობას, საქართველოს მეფე გიორგი VII-მ მამია დადიანის დახმარებით შეიპყრო დიმიტრი და თვითონ ეუფლა იმერეთს.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ბ. ლომინაძე, საქართველო XIII ს. 70-იან – XIV ს. 10-იან წლებში. სინ, ტ. III, თბ., 1979.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ქალწულმოწამენი: ენაფა, ვალენტინა და პავლა (+308)
10 (23) თებერვალი
მღვდელმოწამე ხარლამპი და მის თანა მოწამენი: პორფირი, ბაფტოსი და სხვანი (+202)
წმიდა ხარლამპი, რომლის ხსენებასაც აღვნიშნავთ 23 თებერვალს, თესალიის ქალაქ მაგნეზიის (საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ოლქი) ეპისკოპოსი და ქრისტეს სიტყვის მხურვალე მქადაგებელი იყო. იგი მრავალ შეცდომილ სულს მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
gaq