 | იერუსამიმის მეფე ბალდუინ მეორე, რომელიც ეწვია დავით აღმაშენებელს | საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობანი XI-XIII საუკუნეებში 1. პრობლემის არსი ლოვარდ ტუხაშვილი ,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“ წიგნი I ბაგრატ III-დან გიორგი V ბრწყინვალემდე წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად. მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს. აქტიური ქართული დიპლომატიიის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავდა რამდენიმე მომენტი: ეკონომიკა, იდეოლოგია (რელიგია და კულტურა), გეოგრაფიული გარემო, ეროვნული მენტალიტეტი, ისტორიული ტრადიცია და ა.შ. აქედან ეპოქის შესაბამისად უფრო აშკარად გამოიკვეთებოდა ხოლმე რომელიმე ერთი ძირითადი მოვლენა. მაგ. ბაგრატ IV-ის გამეფებამდე ახალგაზრდა ფეოდალური სამეფო-სამთავროების ურთიერთსწრაფვას აპირობებდა ეროვნული ერთიანობის შეგნება. ერთიანდებიან წმინდა ქართული პოლიტიკური ერთეულები. ბაგრატ IV-ის შემდეგ გაჩნდა ინტერესი ,,სომხური“ და ,,ბიზანტიური“ ოლქებისადმი. დავით IV-ის საგარეო პოლიტიკა საერთო-კავკასიურია, თამარის მმართველობაში წინა აზიის გლობალურმა პრობლემებმა წამოიწია. გვიან შუა საუკუნეში მეორეჯერ აღორძინდა ქრისტიანული მესიანიაზმი. XI-XIV საუკუნეებში პოლიტიკური ინტერესების თანაფარდი გახდა ეკონომიკური ფაქტორები ე.წ. ,,კლასიკურ პერიოდში“ გამოიკვეთა საგარეო-პოლიტიკური და საგარეო-ეკონომიკური სტრატეგიის დიალექტიკური კავშირი. ამჯერად სწორედ ეს საკითხი გვაინტერესებს. შემთხვევით არ შეგვირჩევია ,,კლასიკური პერიოდი“ XI-XII ს-ები - აღმავლობისა და სრულყოფის ხანა. ასეთ ქრონოლოგიურ ჩარჩოს აქვს ნათლად გამოკვეთილი ლოგიკური ახსნა. ეს ის უნიკალური პერიოდია, როდესაც ,,ყოველი საქართველო“ ახორციელებდა სრულიად დამოუკიდებელ საგარეო-პოლიტიკურ კურსს. გასაგებ მიზეზთა გამო (გეოგრაფიული თავისებურება, ხალხის სიმცირე, ტერიტორიის სივიწროვე, ძლიერი სახელმწიფოების მეზობლობა). ჩვენს ქვეყანას მთელი ისტორიის სიგრძეზე უხდებოდა ე.წ. პასიური საგარეო პოლიტიკის წარმოება. უფრო მეტიც, მას არ შეეძლო ნეიტრალიტეტი. მისი პოლიტიკური (და თუ გნებავთ ეკონომიკური) სტრატეგიაც განისაზღვრებოდა ძლიერი მეზობლების გავლენით. საქართველო მტკივნეულად განიცდიდა აღმოსავლეთისა (ირანი) და დასავლეთის (რომი, ბიზანტია) ეკონომიკურ კრიზისებსაც კი. მხოლოდ ,,ყოველი საქართველოს“ შემოკრებისა და სრული სუვერენიტეტის ჩამოყალიბების შემდეგ გახდა შესაძლებელი ორიენტაციების ასევე სუვერენული საფუძვლების შემუშავება. სწორედ ამიტომაც XI-XII საუკუნეებში (XIII ს. I მეოთხედის ჩათვლით) შეიძლება მხოლოდ მივადევნოთ თვალი ეკონომიკური ინტერესების დამთხვევას (და ძალზე ხშირად გალენასაც) პოლიტიკურ სტრატეგიაზე. სხვა შემთხვევაში საქმე გვაქვს ან ადრინდელი ურთიერთობის გაუკუღმართებულ იმიტაციასთან, ან ინერციულ ტრადიციასთან. დასაწყისშივე ხაზი უნდა გავუსვათ თემატურ სპეციფიკასაც; ჩვენი შესწავლის ობიექტია არა საერთოდ ეკონომიკა, არა საერთოდ ეკონომიკის გავლენა საგარეო პოლიტიკაზე, არამედ მხოლოდ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობანი. ამ მკვეთრ შემოფარგვლას ვაკეთებთ რამდენიმე მიზეზის გამო: - ჯერ ერთი მთლიანი ეკონომიკის შესწავლა გაცილებით მეტ დროს მოითხოვდა და ბუნებრივია, ჩვენ სპეციალურად გავყავით, ერთმანეთისაგან გამოვაცალკევეთ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობანი და საშინაო პოლიტიკა. მეორეც, ჩვენი აზრით, საგარეო ორიენტაციაზე საშინაო ეკონომიკურმა ბაზისმა გვიან დაიწყო გავლენის მოხდენა. ჩვენი დაკვირვებით, კლასიკური ნატურალიზმის ქვეყანას, რომელმაც ძალზე სწრაფად ამოწურა ეთნიურ-ეკონომიკური პოტენციალი, არ შეეძლო (და არც სჭირდებოდა) ეძებნა გასაღების ბაზარი, მისი შინაგანი ეკონომიკა ასეთ აუცილებლობას გამორიცხავდა. მაგრამ მას შეეძლო ებრძოლა და იბრძოდა კიდევაც დიდი სავაჭრო მაგისტრალების კონტროლისათვის. საჭიროდ მიგვაჩნია ყურადღება გავამახვილოთ თვით ცნებაზე ,,საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობანი“. აქ პირველ რიგში, რასაკვირველია, იგულისხმება საგარეო ვაჭრობა, ექსპორტი, იმპორტი, მაგრამ აქ ჩვენ შემოგვაქვს რამდენადმე განსხვავებული მოვლენებიც; ჩრდილოეთ კავკასიისა და საქართველოს ურთიერთობის ისეთი ორიგინალური ფორმა, როდესაც ქართული საქონლის სანაცვალგებოდ გამოდის ცოცხალი ძალა (უმთავრესად დაქირავებული მეომრების, ნაწილობრივ კი მუშა-ხელის სახით). ეკონომიკური ურთიერთობის თავისებური ფორმაა აგრეთვე ნადავლისათვის ბრძოლის პერმანენტულობა. ვეხებით საშინაო ეკონომიკის ზოგიერთ ასპექტსაც. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უკანასკნელი გარკვეულ გავლენას ახდენს საგარეო ორიენტაციის განსაზღვრის ზოგიერთ საფუძველზე... საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობანი არ განეკუთვნება ქართული ისტორიოგრაფიის ,,თეთრ ფურცელს“ - მთლიანად შეუსწავლელი საკითხების წყებას. ამ პრობლემას ბევრი ქართველი მკვლევარი შეეხო. მიუხედავად ამისა, სრულიად სამართლიანი იქნება იმის აღნიშვნაც, რომ აქ წარმოდგენილი პრობლემა ჯერ-ჯერობით მაინც საკმაოდ დამუშავებული არაა. და ეს არა იმიტომ მხოლოდ, რომ არ არსებობს მონოგრაფიული გამოკვლევა (რაც თავისთავად საკმაოდ დიდ ნაკლად უნდა ჩაითვალოს), არამედ უფრო იმიტომ, რომ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობანი გამიჯნული არაა საერთოდ ეკონომიკისა და ფინანსების სფეროდან. არა აქვს მას მიჩნეული დამოუკიდებელი ადგილი პოლიტიკური ცხოვრების საერთო ფონზე. იგი ძირითადად შეისწავლებოდა საერთოდ ეკონომიკის, ფინანსების, ქალაქებსა და საქალაქო ცხოვრების, საგარეო პოლიტიკისა და სოციალური პროცესის განვითარების ჩვენებისას. ამავე დროს ეკონომიკური მაჩვენებლები ხშირად განიხილება არადიფერენცირებულად ქრონოლოგიური თვალსაზრისით. მკვეთრად არაა გამოყოფილი ცალკეული ეპოქები (ქრონოლოგიური პრინციპი შეიძლება იმიტომაც ირღვევა, რომ საუკუნეების მანძილზე საქართველოს ეკონომიკა პრინციპში ამჟღავნებდა გარკვეულ კონსერვატიზმს - მაგრამ ეს უმთავრესად შეეხება შემოტანილი და გატანილი საქონლის ხასიათს, რაც ბევრ თვისობრივ ნიუანსს ფარავს)... ქართული ისტორიოგრაფიის ამ ხარვეზს აქვს მთელი რიგი მიზეზები: საქმეს ართულებს ეკონომიკური ურთირთობების პრობლემატური სირთულე, ვაჭრობის, კრედიტის, საბანკო საქმის, აქტიური და პასიური ბალანსის თავისებურებანი... სწორედ ამიტომ სწერდნენ ცნობილი მკვლევარები ლანგლუა და სენიობისი: ,,მართლაც და განა წარსულის შესწავლისას ისტორიკოსი არ ხვდება ფილოსოფიის, სამართლის, ფინანსებისა და სხვ. საკითხებს? და თუ ფინანსიური მეცნიერება, მაგალითად, ყველასათვის, ვინც თანამედროვე ფინანსიურ საკითხებს სწავლობს აუცილებლობად ითვლება, მაშინ ის რად უნდა იყოს ნაკლებად აუცილებელი იმისთვის, ვინც თავისთავს ნებას აძლევს წარსულის ფინანსიურ ამოცანებზე იმსჯელოს (Ланглуа и Сеньобос. Введение в изучение истории. Пер. с французского, А. Серебряковой. СПБ. 1899, стр. 36). სწორედ ამიტომ მკვლევარ-ისტორიკოსი ხშირად დამოკიდებულია არქეოლოგების, ნუმიზმატების, ფინანსისტ-ეკონომისტების, წყაროთმცოდნეების მონაკვლევზე... საქმეს ართულებს კიდევ ერთი, ჩემის აზრით, სამწუხარო გარემოება. საერთოდ ქართულ ისტორიოგრაფიაში ჯერ კიდევ გარკვეული არაა სათანადოდ ისტორიკოსის მეთოდოლოგიური პოზიცია ისეთი მრავალკომპონენტიანი ფენომენებისადმი, როგორიცაა ეკონომიკა, ეროვნულ-ეთნიკური შეგნება (თვითშეგნება), მატერიალური და სულიერი კულტურა. ძალიან ჭირს ამ პრობლემებისადმი წმინდა ისტორიული მოდუსის მიყენება. ამიტომაც უმთავრესად განვითარდა ორგვარი ხაზი: ა) ლოკალურ-სპეციფიკური, როდესაც იწერება საერთო დიდი ისტორიული მოვლენის ერთ-ერთი კომპონენტის (მაგ. ფულის ტრიალის, საბაჟო სისტემის, სამონეტო საქმის და ა.შ.) სპეციფიკური მხარის ანალიზი და ბ) ტრადიციულ-ისტორიული, როდესაც ხდება საერთო მოვლენათა შესახებ არსებული ზემოხსენებული სპეციალური გამოკვლევების კონსპექტური შეერთება. ჩვენი აზრით, ორივე მეთოდი უკუსაგდები თუ არა, დასახვეწი მაინცაა უდავოდ... განსაკუთრებით მიუღებელია მეორე... თუ პირველი ცალკეული დარგობრივი დისციპლინების ლოგიკური განვითარებაა, მეორე მეთოდი ,,ეკლექტურ-კონსპექტური“ მიმოხილვაა, ისტორიული პროცესის ფართო მასშტაბით აღქმის უუნარობის მაჩვენებელია აუცილებლად და მიუთითებს კვლევის ხერხების გაღარიბებაზე... ჭეშმარიტი ანალიზის ნაცვლად აღწერილობითი მეთოდის დაშვებაზე... (ასეთი კატეგორიული დასკვნისას ჩვენ მხედველობაში გვაქვს მხოლოდ ე.წ. მრავალკომპონენტიანი ფენომენები: კულტურა, არა როგორც მოვლენა, არამედ როგორც რთულ მოვლენათა ზრდა-განვითარების პროცესი, ეკონომიკა, როგორც სოციალურ-პოლიტიკური დინამიკის საფუძველიც და შედეგიც). საერთოდ ასეთი ბრალდება მხოლოდ ქართული ისტორიოგრაფიის მისამართით როდი შეიძლება გამოითქვას. ანალოგიური ნაკლი შეინიშნებოდა საერთოდ ყოფილ მედიევისტიკაში. ამ მხრივ სასიამოვნო გამონაკლისია პროფ. ბ. პორშნევი. მისი შრომები (,,Полит-экономия средневековья“ და ,,Народные массы и феодализм“) იმის შესანიშნავი ნიმუშია, როგორ შეიძლება დაიწეროს გამოკვლევა პოლიტეკონომიაში წმინდა ისტორიზმის პოზიციებიდან. რთული ეკონომიკური პრობლემების დამუშავებისას პროფ. ბ. პორშნევი მაინც ისტორიკოსი და რაც მთავარია, მედიევისტ-ისტორიკოსი რჩება. დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ,,იბერია“ თბილისი 1994 |