“georoyal.ge”-ს საიტზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: ”ჰერცოგინია ქეითი პატივს მიაგებს ბრძოლაში დაცემულ მეომრებს”, სადაც აღწერილი იყო, თუ როგორ მიაგებდნენ 11 ნოემბერს დიდ ბრიტანეთში პატივს პირველ და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ მეომრებს: ”მთავარი ღონისძიება გაიმართა კენოტაფის მემორიალთან ლონდონის ცენტრში, სადაც მონაწილეობა მიიღეს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედმა, სამეფო ოჯახის წევრებმა, მთავრობის წევრებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. ცერემონიის შემდეგ ვეტერანებმა პარადით გაიარეს ვაითჰოლის ქუჩაზე... პრესა საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ ქეითს ეკეთა ყაყაჩოს ფორმის გულსაბნევი - ომში დაღვრილი სისხლის სიმბოლო”, - ვკითხულობთ საიტზე. ერთობ ნიშანდობლივი მაგალითია, რომელიც ასოციაციური პარალელებით აღგვიძრავს საფიქრალს. მაგრამ, ვიდრე მთავარ სათქმელამდე მივიდოდეთ, გავიხსენოთ, რომ ჩვენში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს იხსენიებენ 9 მაისს და ზეიმობენ კრემლთან ერთად და არა 8 მაისს - ევროპასთან ერთად. მცირე გადახვევა ამ თარიღთან დაკავშირებით: არსებობს გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის 2 აქტი. პირველი ხელმოწერილი იყო რეიმსში (საფრანგეთი) 6-დან 7 მაისის ღამეს, ხოლო რეპორტიორებს, რომლებიც ამ ცერემონიას ესწრებოდნენ, ეს ცნობა უნდა გაევრცელებინათ 8 მაისს დღის 3 საათზე. მაგრამ სტალინმა არ სცნო რეიმსის აქტი, რადგან მიიჩნია, რომ საბოლოო აქტი ხელმოწერილი უნდა ყოფილიყო დამარცხებულ ბერლინში. ამდენად, მეორე აქტი ხელმოწერილ იქნა 8 მაისს 22 საათსა და 45 წუთზე, რომელმაც დაადგინა ცეცხლის შეწყვეტა მთელ ფრონტზე 23 საათისათვის შუა ევროპის დროით (00 საათზე მოსკოვის დროით). მოსკოვში ცნობა გერმანიის კაპიტულაციის შესახებ გავრცელდა 9 მაისს საღამოს 10 საათზე. სტალინმა აკრძალა რეიმსში ხელმოწერილი აქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და გამარჯვების დღის სადღესასწაულოდ დააწესა 9 მაისი. ახლა ისა ვთქვათ, რომ დღემდე სწორედ რუსების გვერდით ვდგავართ ამ ზეიმში და დიადი საბჭოეთის მსოფლიო იმპერიის დაბადებას ვზეიმობთ. მაგრამ ეს არაფერი - რუსეთისა და ევროპის გამარჯვებული ქვეყნებისაგან განსხვავებით, ჩვენ საკუთარი დამოუკიდებელი ქვეყნით არ გვიომია და ამდენად, თუკი ერთ მხარეს იბრძოდნენ საბჭოთა ქვეყნის სამხედროვალდებული ქართველი მეომრები, დამარცხებული ქვეყნების მხარეს მებრძოლი ქართველი ტყვეები თუ ემიგრანტები მოღალატენი კი არა, ხშირად უფრო დიდი პატრიოტები იყვნენ, ვიდრე საბჭოთა ჯარის მეომრები, რადგან ისინი პოტენციურად საკუთარი ქვეყნის სიუზერენის ხელიდან გამოხსნისათვის და ქვეყნის განთავისუფლებისათვის იბრძოდნენ. ამდენად, ჩვენ ალბათ დიდად არ გვეზეიმება, მაგრამ თუ მაინცდამაინც უნდა გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები, ალბათ ყველაზე სამართლიანი იქნება, რომ 8 მაისს (და არა 9 მაისს) ევროპელებთან ერთად აღვნიშნოთ ეს დღე და მოვიგონოთ არა მხოლოდ საბჭოური არმიის ჯარისკაცები, არამედ მათთან ერთად ამ საბჭოური ბლოკის წინააღმდეგ მებრძოლ
| ი ქართველი მეომრებიც, რადგან ორივენი ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ, რომელთაც თავიანთებურად ჰქონდათ გააზრებული სამშობლოს ერთგულებაც და სიყვარულიც და სინამდვილეში არცერთი მხარე არ იბრძოდა უშუალოდ თავისი ქვეყნის გამარჯვებისთვის - უნდოდათ თუ არა, ისინი ან გერმანიის ან რუსეთის გამარჯვებას სჭედდნენ. ახლა კი გადავიდეთ მთავარ სათქმელზე - რადგან მაინც სხვის სასიკეთოდ დაღვრილ სისხლს ვგლოვობთ ქართველები და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთ მივაგებთ პატივს, თუკი დიდ ბრიტანეთში საგანგებო დღე აქვთ დაწესებული და პატივს მიაგებენ ერთდროულად პირველ და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს, ჩვენმა პირველ მსოფლიო ომში დაღუპულებმა რაღა დაგვიშავეს? განა ისინი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე ნაკლებად უცხო ქვეყნისთვის სწირავდნენ თავს? და განა ისინიც ისეთივე ქართველები არ იყვნენ - რატომ მათაც არ ვიხსენებთ? აკი სწორედ მათ მიუძღვნა თავისი დიდებული ლექსი ვაჟა-ფშაველამ: ”ფშაველი ჯარისკაცის წერილი დედას”, სადაც იმას კი წერდა, ” ვცდილობთ, რომ, საქართველოსა ვუშველოთ ჩვენის ხარჯითაო” და ომახიანადაც დასძახებდა: ”მშვიდობით! დაჰკრეს საყვირსა, კვლავ მეძახიან ბრძოლაზე: საჩხუბრად, სისხლის საღვრელად, თოფის, ზარბაზნის სროლაზე”, მაგრამ ბოლოს ბუნებრივად უჩნდებოდა ტკივილიანი კითხვა და სინანულით დასძენდა: ”ნეტავ, თუ არ გვიტირებენ ბოლოს ვაჟკაცურ შრომაზე?! ნეტავ, თუ დაგვიფასდება ქართველთა შვილებს ამაგი, - არ იქცა საყოვ-ყორნედა ჩვენი ლამაზი ალაგი”. უკანასკნელი ორი სტრიქონი დედნისეულ ავტოგრაფში კიდევ უფრო გამჭვირვალედ ცხადყოფდა ვაჟას ფარულად გულში ნატარებ სურვილს: ”ნეტავი ჩვენის სისხლითა ირწყოდეს ჩვენი ალაგი”, რითაც სინანულს გამოხატავდა იმის გამო, თუ ვისთვის და რისთვის იღვრებოდა ქართული სისხლი საკუთარი სამშობლოს გარეთ. ჰოდა, თუ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს ვიგონებთ, განა ცოდონი არ არიან ეს ფშავლები და ყველა ის ქართველები, ვინც პირველ მსოფლიო ომს შეეწირა, რომ არ მოვიგონოთ? ვიმსჯელოთ - რადგან ბრიტანელთაგან განსხვავებით ჩვენ სხვადასხვა ეპოქებში, სხვა ქვეყნებზე დაქვემდებარების გამო სხვათა ომებშიც გვიხდებოდა ხოლმე მონაწილეობა, მოდით ორად გავყოთ ჩვენი სათქმელი და ერთ მხარეს იმათი სადიდებელი ვთქვათ, ვინც სამშობლოს დროშას ეწირებოდა დიდგორში, შამქორში, მარაბდაში თუ აფხაზეთში და მეორე მხარეს კი იმათი, ვინც სხვათა ომებში იხარჯებოდა ალამუთთან, ავსტრო-უნგრეთში, ბერლინთან თუ ავღანეთში. ერთნიც და მეორენიც ხომ ჩვენი ერის შვილები არიან. ხოლო რაც შეეხება მაინცდამაინც მეოცე საუკუნეს, თუ მეორე მსოფლიო ომში დაკარგულ მეომრებს ვიხსენებთ, რატომ ჩვენც ბრიტანელებივით არა გვაქვს ერთი დღე, როცა პირველი მსოფლიო ომის მეომრებსაც გავიხსენებდით? განა ისინიც - რუსეთის იმპერიისთვის სისხლდაღვრილნი - ისეთივე ქართველები არ იყვნენ, როგორც საბჭოთა იმპერიისთვის თავშეწირულნი? |