| პეტრე I | უკანასკნელ ხანს ქართულ საიტებზე (http://iberiana.wordpress.com/iberiana/petre/, http://samepo.ge/?p=854, http://www.droni.ge/?m=14&AID=9246) ზედიზედ რამდენიმე მასალა დაიბეჭდა რუსეთის იმპერატორის, პეტრე პირველის წარმომავლობასთან დაკავშირებით, სადაც დადებითად არის განხილული მის ძარღვებში ქართული სამეფო გვარის - ბაგრატიონის სისხლის არსებობის შესაძლებლობა. თავდაპირველად, ქვემოთ გთავაზობთ ამ წერილებს: რუსეთის იმპერატორი ქართლ-კახეთის მეფის უკანონო შვილი იყო? ლელა შერაზადიშვილი 12:23 28.12.2012 რუსეთის უკანასკნელი მეფე და პირველი იმპერატორი, პეტრე პირველი. სამეფო ტახტი მან 1682 წელს, 10 წლის ასაკში, დაიკავა. ახალგაზრდა მეფის სახელს უკავშირდება რუსეთში მასშტაბური რეფორმების გატარება და ქვეყნის ტერიტორიების გაფართოება. 1721 წელს, პეტრე პირველი რუსეთის იმპერიის პირველი იმპერატორიც გახდა. დაინტერესებული იყო მეცნიერების შესწავლითა და ევროპული ცხოვრების სტილით, რის გამოც, დასავლეთ ევროპაში ერთწლიანი მოგზაურობის შემდეგ, რუსეთში ევროპული წეს-ჩვეულებებისა და ცხოვრების სტილი შემოიღო. პეტრე პირველის წარმომავლობა - ეს საკითხი აქტუალური იყო მის სიცოცხლეშიც და აქტუალურია დღემდე, მისი გარდაცვალებიდან 286 წლის შემდეგაც. არსებობს სხვადასხვა ფაქტზე დაფუძნებული ეჭვები და ლეგენდები იმის შესახებ, რომ რუსეთის მეფე ალექსეი მიხაილოვიჩი პეტრე პირველის ბიოლოგიური მამა არ იყო. აღნიშნული ეჭვის მთავარი საფუძველი ალექსეი მიხაილოვიჩსა და პეტრე პირველის დედას, ნატალია კირილოვნას, შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა 22 წელი და ალექსეი მიხაილის ძის ავადმყოფობა გახლდათ. არსებობს მოსაზრება, რომ ასაკისა და ავადმყოფობის გამო დასუსტებულ მეფეს შვილის ყოლა აღარ შეეძლო და დედოფალი მას ღალატობდა. ერთ-ერთი და ყველაზე გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ახალგაზრდა დედოფლის საყვარელი ქართველი უფლისწული ერეკლე გახლდათ, რომელიც რუსეთის პირველი იმპერატორის მამად მიიჩნევა. ქართველი უფლისწული ერეკლე, რომელიც, მოგვიანებით, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე პირველი გახდა, რუსეთის კარზე აღიზარდა და დედოფლის სიყვარულთან ერთად, რუსი დიდგვაროვნების პატივისცემასაც იმსახურებდა. სიტუაცია შეიცვალა 1674 წელს. პეტრე პირველის დაბადებიდან 2 წლის შემდეგ, ქართველ უფლისწულს რუსეთი დაატოვებინეს. საქართველოში დაბრუნებული უფლიწული 1675 წელს ქართლ-კახეთის მეფე გახდა. პეტრე პირველისა და ერეკლე პირველის მამა-შვილობაზე რუსული მედია დღემდე წერს. ამ საკითხის გამოკვლევას ცდილობენ როგორც ქართველი, ასევე რუსი ისტორიკოსები, მაგრამ ყველა დამადასტურებელი დოკუმენტი კომუნისტების დროს, სტალინის მმართველობის პერიოდშია, გამქრალი. გადმოცემის თანახმად, იოსებ სტალინს უთქვამს: დავუტოვოთ მათ ერთი "რუსი" მაინც, რომლითაც იამაყებენ“. გავრცელებული ცნობით, როდესაც ალექსეი ტოლსტოი მუშაობდა რომანზე "პეტრე I", მას ხელთ ჩაუვარდა რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც დაუყოვნებლივ იოსებ სტალინს გააცნო, თუმცა საბჭოთა ლიდერმა საიდუმლოს შენახვა უბრძანა. ამასთანავე, როგორც ამბობდნენ, არსებობდა წერილები, რომლებიც პეტრეს ქართულ წარმომავლობას ადასტურებდნენ, მაგრამ ეს დოკუმენტები სტალინის მმართველობის დროს გაქრა. კომუნისტების მცდელობის მიუხედავად, დღემდე შემორჩენილია რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც პეტრე პირველის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ეჭვებს აღრმავებს. აი რას წერს რუსული მედია პეტრე პირველის ქართული წარმომავლობის დასამტკიცებლად. პეტრე პირველის დედა ნატალია მისი გამეფების წინააღმდეგი იყო. „ის არ უნდა იყოს მეფე“ -ამბობდა დედოფალი. პეტრე პირველის გამეფება დაუშვებლად მიაჩნდა, მის ნახევარდას, პრინცესა სოფიასაც. „არ შეიძლება ძალაუფლება უცხოელს ჩაუვარდეს ხელში“ - წერდა მეფის ასული ერთ-ერთ თავადს. „როგორ არის ჩვენი პატარა ანცი“- ამ სიტყვებს ამოიკითხავთ კახეთის მეფის, არჩილ მეორეს, მიერ დედოფალ ნატალიასთვის გაგზავნილ წერილში. „მე არ დავქორწინდები მოგვარეზე“- განაცხადა პეტრე პირველმა, როდესაც ქართველი პრინცესას ცოლად შერთვა შესთავაზეს. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის იმპერატორისთვის მისი და ბაგრატიონთა ნათესაური კავშირი უცხო არ ყოფილა. პეტრე პირველის წარმომავლობა დღემდე ბურუსითაა მოცული, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქართველი ისტორიკოსები მის ქართველობა-არაქართველობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, რადგან პეტრე I ისეთივე რუსი მმართველი იყო, როგორიც ივანე მრისხანე, ეკატერინე II, ალექსანდრე II და ნიკოლოზ II. პეტრე პირველს საქართველოსთვის არ უღვაწია, მან საკუთარი თავი რუსეთს შესწირა. http://www.droni.ge/?m=14&AID=9246 *** იყო თუ არა პეტრე პირველი ქართველი და იცოდა თუ არა მან, რომ იგი კახელი ბატონიშვილის უკანონო ძე იყო დიდი ხანია, გრძელდება მითქმა-მოთქმა იმის თაობაზე, თუ ვინ იყო რუსეთის იმპერატორის პეტრე დიდის მამა. ჭორის დონეზე გავრცელებულმა ინფორმაციამ თანდათან პუბლიცისტიკაში და ისტორიოგრაფიაშიც გადაინაცვლა. ვინ იყო პეტრეს ნამდვილი მამა, ეს საიდუმლო საფლავში წაიღო თან მისმა დედამ, ნატალია ნარიშკინამ. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ამჟამად ცნობილი ფაქტების ანალიზის საფუძველზე, გამოვთქვათ ვარაუდი ზემოხსენებულ საკითხზე. გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ გურული. – საიდან გაჩნდა ვერსია პეტრე პირველის ქართული წარმოშობის თაობაზე? – მიჩნეული იყო, რომ ვერსია პეტრე პირველის ქართული წარმომავლობის შესახებ შექმნეს ქართველებმა. ყოველ შემთხვევაში რუსებს დღესაც ასე სჯერათ. სინამდვილეში, ეს ვერსია, რუსული წყაროებიდან იღებს სათავეს. 1689 წელს რუსეთის ისტორიაში მოხდა გაუგონარი ამბავი. იმ ხანად, რუსეთში, მეფის საყრდენ ძალას წარმოადგენდა ეგრეთ წოდებული სტრელცების (მსროლელთა) ჯარი. სტრელცებს ევალებოდათ მეფის დაცვა, ისინი ძირითადად, დედაქალაქში, მოსკოვში იყვნენ განლაგებულნი. სრულიად მოულოდნელად, 1689 წლის 7-8 აგვისტოს ღამით, სტრელცები მოსკოვიდან აიყარნენ და დედაქალაქის მახლობელ სოფელში მყოფი პეტრე პირველის მოსაკლავად გაემართნენ. დიდხანს აუხსნელი იყო, თუ ასე რამ გააბოროტა მეფის მიმართ სტრელცები. პეტრე სიკვდილს გადაურჩა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სტრელცებთან 7 აგვისტოს საღამოს მივიდა პეტრეს ნახევარდა, მეფე ალექსის ქალიშვილი პირველი ცოლისგან – სოფიო და აუწყა მათ, რომ რუსეთის ტახტზე ავიდა არა მამამისის, მეფე ალექსი მიხეილის ძის კანონიერი შვილი, არამედ ქართველი ბატონიშვილის, ნიკოლოზისა და მეფე ალექსი მეორის ცოლის, ნატალია ნარიშკინას უკანონო შვილი – პეტრე. სოფიო ტახტისათვის იბრძოდა, მაგრამ ქალი ტახტზე ვერ ავიდოდა, სანამ ვაჟი მემკვიდრე, ანუ პეტრე ცოცხალი იყო. კონკურენტის გზიდან ჩამოსაცილებლად სოფიოს სამეფო ოჯახისათვის მეტად სამარცხვინო საიდუმლო საქვეყნოდ უნდა გამოეცხადებინა, რადგან მითქმა-მოთქმით და ჭორებით პეტრეს ვერ ჩამოიცილებდა. – რომელ ქართველ ბატონიშვილს გულისხმობდა პეტრეს ნამდვილ მამად სოფიო? – ის, ვისაც რუსული წყაროები, ქართველ ბატონიშვილ ნიკოლოზად მოიხსენიებენ, იყო კახეთის მეფის, თეიმურაზ პირველის ვაჟის, დავითის შვილი – ერეკლე (შემდგომში ჯერ ქართლის, ხოლო შემდეგ, კახეთის მეფე ერეკლე, ხოლო მოგვიანებით შაჰის გვარდიის სარდალი – ერეკლე პირველი ნაზარალი-ხანი). ბატონიშვილი ერეკლე, ბაბუამ, თეიმურაზ პირველმა, რუსეთის მეფის კარზე გაგზავნა, სადაც მან 20 წელი დაჰყო. იგი ახლო ურთიერთობაში იყო მეფე ალექსი მიხეილის ძესთან და საერთოდ, რუსულ არისტოკრატიასთან. მოხდენილი გარეგნობის ქართველი ბატონიშვილი დიდი პოპულარობით სარგებლობდა რუს ქალბატონთა შორის. მან მეფე ალექსის მეორე ცოლი, დედოფალი ნატალია ნარიშკინა გაიცნო, მანამ, სანამ ნატალია მეფის კანონიერი თანამეცხედრე გახდებოდა. ნატალია ნარიშკინა იზრდებოდა თავისი ნათესავის, გავლენიანი თავადის, არტამონ მატვეევის ოჯახში. იმ დროს, როცა ნატალია და ერეკლე ერთმანეთს დაუახლოვდნენ, ცხადია, ვერავინ იფიქრებდა, რომ ნატალია რუსეთის დედოფალი გახდებოდა. არტამონ მატვეევი დაინტერესებულიც კი იყო, რომ მისი ნათესავი, კახეთის მეფის შთამომავალს გაჰყოლოდა ცოლად. ასე რომ, ერეკლესა და ნატალიას, ინტიმური ურთიერთობა დიდ საიდუმლოებას არ წარმოადგენდა. – მაშ, როგორ გახდა ნატალია ნარიშკინა მეფე ალექსის კანონიერი თანამეცხედრე და რუსეთის დედოფალი? – მეფე ალექსის პირველი მეუღლე იყო მარია მილოსლავსკაია. პირველი ქორწინებიდან, ალექსის ჰყავდა 5 ვაჟი და 6 ქალიშვილი. მეფის ხუთივე ძე, დაბადებიდანვე ავადმყოფები იყვნენ. ეს ავადმყოფობა მემკვიდრეობითი იყო და როგორც ჩანს გადადიოდა სისხლით. თვითონ ალექსი ძალიან კარგი პიროვნული თვისებების და ჯანმრთელი ადამიანი გახლდათ, მაგრამ როგორც ჩანს, მისი ორგანიზმი მემკვიდრეობით ავადმყოფობას მაინც ატარებდა. ავადმყოფი იყო ალექსის მამა. პირველი რომანოვი მეფე – მიხეილი. კერძოდ, მისი ავადმყოფობა გამოიხატებოდა გონებრივ სისუსტეში და გადაადგილების უნარის შეზღუდვაში. ალექსი, თითქოს მამას არ ჰგავდა, გონებრივად განვითარებული და ფიზიკურად ძლიერი იყო, ძალიან უყვარდა ნადირობა და პირადად მონაწილეობდა ომებში პოლონეთის წინააღმდეგ. დაახლოებით 40 წლის ასაკში მას ჯანმრთელობამ უმტყუნა, ერთბაშად მოტყდა და ღრმად მოხუცებულს დაემსგავსა. რაც, როგორც ჩანს, მისი მემკვიდრეობითი ავადმყოფობის შედეგი იყო. ალექსის 3 ვაჟი: დიმიტრი, ალექსი და სემიონი, მამის სიცოცხლეშივე გარდაიცვალნენ, 2 დანარჩენი, თევდორე და ივანე მძიმე ავადმყოფები იყვნენ. მართალია, თევდორე გონებრივად განვითარებული იყო, მაგრამ სისხლძარღვების დაავადება სჭირდა და ამის გამო გადაადგილების უნარი იმდენად ჰქონდა შეზღუდული, რომ პრაქტიკულად, სასახლიდან ვერ გამოდიოდა. უფლისწული ივანე კი გონებაშეზღუდულიც იყო და სუსტი მხედველობაც ჰქონდა. 1669 წელს გარდაიცვალა მეფე ალექსის მეუღლე დედოფალი მარია. ცხადი იყო, რომ რუსეთს სამეფო ტახტზე ასაყვანად ჯანმრთელი უფლისწული არ ჰყავდა, ამიტომ უნდოდა თუ არა, ალექსის მეორედ უნდა ექორწინა. არადა, ამ დროისათვის, მეფე ფიზიკურად ძალზე დაუძლურებული იყო. ალექსიმ კარგად იცოდა – რომ ცოცხლად დარჩენილი მისი 2 ვაჟიდან, თევდორედან და ივანედან ვერც ერთი ვერ იმეფებდა, რაც დასაბამს მისცემდა ტახტისათვის ბრძოლას. მეფის კარზე მყოფმა გავლენიანმა ბოიარებმა, ის დაარწმუნეს, რომ უნდა ექორწინა, რადგან ქვეყანას, ჯანმრთელი უფლისწული სჭირდებოდა. მეფე როგორც ჩანს, მაინც ყოყმანობდა, მაგრამ მეორედ დაქორწინდა. ნატალია ნარიშკინა მეფეს გააცნეს თავად არტამონ მატვეევის ოჯახში. – რატომ გაჩნდა ეჭვი, იმის თაობაზე, რომ პეტრე დიდის მამა არ იყო მეფე ალექსი? – მეფე ალექსიმ და ნატალია ნარიშკინამ იქორწინეს 1671 წლის 22 იანვარს, ხოლო პეტრე პირველი დაიბადა 1672 წლის 30 მაისს. ქორწინების დროისათვის, როგორც აღვნიშნეთ, მეფე ალექსი ფიზიკურად დაუძლურებული იყო, თუმცა ასაკი დიდი არ ჰქონდა – მხოლოდ 42 წლისა გახლდათ, ხოლო დედოფალი ნატალია ნარიშკინა 20 წლის ჯან-ღონით სავსე ლამაზი ქალი იყო. ერთ-ერთ სანდო, რუსულ წყაროში, დაცულია ცნობა, რომელიც იუწყება შემდეგს: სამეფო კარზე მყოფმა გავლენიანმა ბოიარებმა, კარგად იცოდნენ, რომ მეფე შვილს ვეღარ გააჩენდა და არ იყო არავითარი გარანტია იმისა, რომ თუ გააჩენდა, ისიც ისეთივე ავადმყოფი არ იქნებოდა, როგორიც ალექსის 5 ვაჟი. არადა, მეფე ალექსი, შეიძლებოდა, ძალიან მალე გარდაცვლილიყო (მეფე ალექსი ქორწინებიდან მეექვსე წელს გარდაიცვალა). შეშფოთებული ბოიარები იძულებული გამხდარან, ეღიარებინათ: მეფე ალექსი შვილს ვერ გააჩენს, მაგრამ შვილის გაჩენა შეუძლია ქართველ ბატონიშვილ ნიკოლოზს, როგორც ისინი უწოდებდნენ ერეკლე ბატონიშვილს. ბოიარებისთვის, ხომ კარგად იყო ცნობილი ნატალიასა და ერეკლეს ინტიმური ურთიერთობა. მეფე ალექსისა და ნატალიას ქორწილზე, ულამაზესი ბატონიშვილი ერეკლე, ქორწილის მესტუმრე იყო, ანუ საპატიო სტუმრების მიღება მას ევალებოდა. ეს მოვალეობა, ალექსიმ მეგობრული ურთიერთობის გამო დააკისრა ერეკლეს. – ნუთუ, სასახლის კარზე ყურადღებას არ აქცევდნენ იმას, რომ რუსეთის დედოფალს, ნატალიას, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა ქართველ ბატონიშვილთან? – ცხადია, აქცევდნენ, მაგრამ ბოიარები გარკვეულ დრომდე ითმენდნენ. ერთ მშვენიერ დღეს კი ბატონიშვილი ერეკლე ცივად გამოისტუმრეს მოსკოვიდან. როგორც ჩანს, რუსების თავმოყვარეობა ზომაზე მეტად შეილახა. ერეკლეს მოსკოვიდან გამოძევებიდან ერთი წლის შემდეგ, მეფე ალექსიც გარდაიცვალა. – როგორ ფიქრობთ, იცოდა თუ არა პეტრე პირველმა თავისი წარმომავლობის შესახებ? – ძნელი სათქმელია, დაბეჯითებით არაფრის თქმა არ შეიძლება, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ პეტრემ ჭორის დონეზე მაინც იცოდა, თუ ვინ იყო მისი ნამდვილი მამა. აკადემიკოსმა ნიკო ბერძენიშვილმა, მოსკოვში ერთ-ერთ საარქივო საქმეში, სრულიად მოულოდნელად მიაკვლია ნატალია ნარიშკინას მიმოწერას ბატონიშვილ ერეკლესთან, როცა ერეკლე ჯერ კიდევ მოსკოვში იმყოფებოდა. ამ წერილებში, ნატალია, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ჯერ კიდევ ყრმა პეტრეს, მისსა და ერეკლეს შვილად მოიხსენიებს (ამ წერილების ასავალ-დასავალი დღეს ჩვენთვის უცნობია). ნატალია ნარიშკინა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მორწმუნე ადამიანი იქნებოდა. მართალია, უკანონო შვილის გაჩენით, მას დიდი ცოდვა ჰქონდა ჩა
| ერეკლე I | დენილი, მაგრამ როგორც მორწმუნე, თუ მანამდე არა, სიკვდილის წინ მაინც მოვალე იყო მოძღვრის წინაშე, აღსარებაში ჩადენილი ცოდვა მოენანიებინა და შვილისათვის ეთქვა, თუ ვინ იყო მისი ნამდვილი მამა. აღასრულა თუ არა ნატალიამ მორწმუნის ვალი, არავინ იცის. რაც შეეხება პეტრე პირველს, მას საქართველოს მიმართ სიყვარული არ გამოუმჟღავნებია, პირიქით, ქართლის მეფეს, ვახტანგ მეექვსეს, უღალატა კიდეც. სამაგიეროდ, პეტრე ძმასავით ეპყრობოდა ქართველ ბატონიშვილს ალექსანდრეს, რომელსაც რუსეთის არტილერიის უფროსობა უბოძა და დიდი ფულიც გაიღო იმისათვის, რომ ალქსანდრე შვედების ტყვეობიდან გამოეხსნა. არსებობს, არცთუ მთლად სანდო წყარო, იმის თაობაზე, რომ მის წინააღმდეგ შეთქმული ბოიარების გასამართლებისას, პეტრემ აღნიშნა, რომ იგი ძირძველი დინასტიის შთამომავალი იყო. რომელ დინასტიას გულისხმობდა, პეტრეს არ დაუზუსტებია, მაგრამ ცნობილია, რომ რომანოვები იმ დროს ძირძველ დინასტიად ვერ ჩაითვლებოდნენ, რადგან პირველი რომანოვი, ტახტზე მხოლოდ 1613 წელს ავიდა. http://iberiana.wordpress.com/iberiana/petre/ ამ წერილების შემოთავაზებასთან ერთად მოვიხმობთ ჩვენს საკუთარ არგუმენტებსაც ქართველ ავტორთა პოზოციების გასამყარებლად - დავიწყოთ იმპერატორის საყოველთაოდ ცნობილი ბიოგრაფიული მონაცემებით: რომანოვების 300–წლიანი მეფობის მანძილზე (და მანამდელ რიურიკოვიჩთა შორისაც) არ ყოფილა მეფე, რომელსაც მიეღწიოს იმ სიდიადისთვის, რომელიც ჰქონდა პეტრე პირველს (1672– 1725). მას ღირსებად უთვლიან დრომოჭმული ტრადიციების მსხვრევას, ძველი გამოცდილების ახალი იდეებით შეცვლას და რუსეთისათვის საჭირო და სასარგებლო ცოდნის გადმოღებას სხვა ხალხებისაგან. პეტრე გამოირჩეოდა თავისი გარეგნობითა და ახოვანებით – იყო 2 მეტრისა და 4 სანტიმეტრის სიმაღლისა, შავგვრემანი, დიდი და ცოცხალი თვალებით და უშიშარი, არწივისებური გამოხედვით. ბუნებით მონიჭებული უსაშველო ძალის პატრონი იყო. ჩაქუჩისა და ნაჯახის გამუდმებული ხმარებისგან განსაკუთრებულად ჰქონდა კუნთები განვითარებული. შეეძლო ვერცხლის თეფშის დაგორგვლა; ისეთი გრძელი ნაბიჯებით დადიოდა, რომ მხლებლები ფეხს ვერ უსწორებდნენ; თუ ის არ მოგზაურობდა, არ ქეიფობდა და არ ცეკვავდა, მაშინ რაღაცას აშენებდა – ხელებზე ერთთავად კორძები ჰქონდა გაჩენილი შრომისა და ჯაფისაგან. ევროპაში აღიარებული იყო ერთ–ერთ საუკეთესო გემთმშენებლად, ხოლო რუსეთში – საუკეთესოდ: შეეძლო საკუთარი ხელით გამოერანდა და აეწყო გემი თავიდან ბოლომდე; იყო საუკეთესო ხარატი – ქმნიდა ზარდახშებს, სათუთუნეებს, ჭურჭლეულობას. გამუდმებით საქმეში იყო. სოლოვიოვი წერდა, ჩვენ რომ წარმართები ვყოფილიყავით, პეტრეს დავსახავდით შრომის მფარველ ღმერთადო. ბავშვობიდან ამჟღავნებდა ხასიათის განსაკუთრებულ თვისებებს: გარემოს ცხოველ აღქმას, დაუდგრომლობას, დაუოკებელ ენერგიას; საბრძოლო თამაშებში თავგადაკლულ მონაწილეობას, რასაც თანდათან საქმეში გადაზრდიდა ხოლმე. მან სრულყოფილად იცოდა 14 ხელობა. ამან საკუთარ თავში თვითდაჯერება წარმოშვა – თავს თვლიდა დახელოვნებულ ქირურგად და კბილის ექიმად. სამეფო კარზე ეშინოდათ, თავისი სნეულების შესახებ ხმამაღლა გაეცხადებინათ – შეიძლებოდა მეფე თავს დასდგომოდათ თავისი ქირურგიული ინსტრუმენტებით; არსებობს გადმოცემა, რომ პეტრეს დარჩა მთელი ტომარა ამოღებული კბილებით – სტომატოლოგიური პრაქტიკის შედეგი. პუშკინის თქმით, „ყველა კანკალებდა და უდრტვინველად მორჩილებდა მეფეს“. და არა მარტო რუსები – მომხდარა დარბაზობაზე შემთხვევა, ერთი უცხოელი არტილერისტი თავისი განსწავლულობით თავს იწონებდა, განუწყვეტლივ ქაქანებდა და სიტყვა არ ჩააგდებინა მეფეს. მეფემ უსმინა, უსმინა ტრაბახას, ბოლოს ვერ მოითმინა – სახეში შეაფურთხა და უსიტყვოდ გაეცალა. პეტრეს შეძლო პეტერბურგის ნებისმიერ სახლში შესულიყო და გაეზიარებინა უბრალო ტრაპეზი; არც ხალხურ გართობებსა და დროსტარებებს აკლდებოდა. სვამდა თვითონ და ასმევდა სხვებს; თვითონ არ ითრობოდა, სხვებს ათრობდა – ბევრს ეშინოდა მასთან სტუმრობა – სმაზე უარისთვის დაწესებული ჰქონდა ჯარიმა – 50 მანეთი (დღევანდელი კურსით 1666 დოლარი); ვარდებოდნენ საგონებელში: რა ერჩივნათ, მეფის კეთილგანწყობა დაეკარგათ, თუ გონება სასმელისაგან? პეტრე იყო კარგი ფსიქოლოგი, საკმარისი იყო შეეხედა სახეში კაცისთვის და არკვევდა, ვის რისი ძალა შესწევდა; ამაში ხელს უშლიდა ბოიართა წვერები და იგი თავისი ხელით აჭრიდა წვერს ბოიარებს. მთავარი მისი ღირსება იყო მხედართმთავრის ტალანტი, რომელიც არ ცნობდა საბრძოლო ეტიკეტებს და რაინდულ წესებს, მისთვის ამოსავალი იყო: „მიზანი ამართლებს საშუალებას“. ამ მხრივ სამაგალითოა მისი ჩრდილოეთის ომი და გამარჯვება შვედებზე პოლტავის ბრძოლაში 1709 წელს; აზოვისა და კასპიის კამპანიები. პეტრე პირველის დიდი ხელმწიფებრივი ღვაწლი რუსეთის ისტორიაში არის მისი რეფორმები: მან შეუქმნა რუსეთს ფლოტი, რაც მანამდე ამ ქვეყანას არ ჰქონია; შექმნა რეგულარული არმია; შექმნა მეცნიერებათა აკადემია და უამრავი სხვადასხვა სკოლა – სანავიგაციიო, საფორტიფიკაციო, სახომალდო; შექმნა სამთავრობო სენატი, რომელიც მართავდა ქვეყანას მისი არყოფნის დროს და მის ყოფნაში კი ასრულებდა სათათბირო ორგანოს როლს. განასრულა საეკლესიო რეფორმა – გააუქმა პატრიარქობა და დააფუძნა სინოდი; შემოიღო სამოქალაქო შრიფტი და მოახდინა კალენდრის რეფორმა; შექმნა რუსული მრეწველობა – დააფუძნა 200–მდე ქარხანა და წარმოება, რაც მანამდე არ არსებობდა; გაატარა ადმინისტრაციული რეფორმა – ქვეყანა დაყო 8 საგუბერნიოდ; დააარსა პირველი რუსული გაზეთი – „ვედომოსტი“ („უწყებანი“); ბოიარობა შეცვალა აზნაურობაზე – შემოიღო ტაბელი ხარისხების მიხედვით – ყველა აზნაურს უნდა გაევლო სამხედრო სამსახური. პეტრემდე და პეტრეს შემდეგ: იყო დედაქალაქი მოსკოვი – გახდა პეტერბურგი, იყო „უკაზები“ – გახდა სამინისტროები, იყო საპატრიარქო – გახდა სინოდი, იყო სავოევოდოები – გახდა საგუბერნიოები; იყო გაუნათლებლობა – შემოვიდა განათლება; იყო მეფე – გახდა იმპერატორი. პოლიტიკაში: მოიგო ჩრდილოეთის ომი , შეიერთა ესტლანდია (ესტონეთი), ლიფლანდია (ლატვია), კარელია; რუსეთი გავიდა ბალტიის ზღვაზე. პეტრემ ჩამორჩენილი რუსეთი აქცია მსოფლიო დერჟავად. მისი ცნობილი ლოზუნგი იყო: „ჩვენ გვჭირდება ევროპა რამდენიმე ათეული წლით, მერე მას მივუბრუნდებით უკანალით“. როგორც ვხედავთ, ზემოაღწერილი რიგი თვისებებით პეტრე პირველი იმეორებს ბაგრატიონთა ისეთი წარმომადგენლების პიროვნულ მახასიათებლებს, როგორებიც იყვნენ: ბაგრატ მესამე, დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე და სხვები, რომელთაც, სამწუხაროდ, პეტრე პირველივით დიდი გეოგრაფიული ასპარეზი არ გააჩნდათ სამოღვაწეოდ. ახლა, რაც შეეხება უშუალოდ ცნობებს პეტრე პირველის ქართული წარმომავლობის შესახებ: როგორც ზემოხსენებულ წერილებშიც არის აღნიშნული, დღეს პრაქტიკულად აღარ დაობენ იმ საკითხზე, იყო თუ არა იგი ალექსეი მიხაილოვიჩის შვილი – ქორწინების დროისათვის, მეფე ალექსეი მიხაილოვიჩი ფიზიკურად დაუძლურებული ბრძანდებოდა, თუმცა ასაკი დიდი არ ჰქონდა, მხოლოდ 42 წლისა იყო, ხოლო დედოფალი ნატალია ნარიშკინა 20 წლის სიცოცხლით სავსე ლამაზი ქალი გახლდათ. იმისათვის, რათა სუბიექტურობა არ დაგვბრალდეს, ჩვენს მტკიცებულებებში დავეყრდნობით მხოლოდ რუსი მკვლევარების საბუთებს: თანამედროვე რუსი მკვლევარები, პრაქტიკულადაც ითვლიან პეტრეს ალექსეი მიხაილოვიჩისაგან ჩასახვის შეუძლებლობას – ვლადიმერ ბროვკოს, „ნაროდნაპრავდას“ ინტერნეტსაიტზე (http://www.narodnapravda.com.ua/politics/4a9b8a97a5243/) მოჰყავს ქრონოლოგიური ფაქტები მსგავსი შესაძლო მემკვიდრეობითობის გასაბათილებლად: „პეტრე პირველი დაიბადა 1672 წლის 30 მაისს. თუ გამოვაკლებთ ამ წლის ხუთ თვესა და წინა წლის 4 თვეს, გამოგვივა, რომ პეტრეს ჩასახვა მოხდა 1671 წლის აგვისტო–სექტემბერში. ხოლო სად იყო ამ დროს ალექსეი მიხაილოვიჩი? ომში გახლდათ! 1671 წლის 22 ივნისს ოსმალეთმა ომი დაუწყო მოსკოვის სამეფოს ახალ მოკავშირეს – რეჩ პოსპოლიტას.“ მაგრამ ავტორს მოჰყავს მამობის ვარაუდის აბსურდული ვერსიები – პატრიარქი ნიკონისა (რელიგიური ასკეტის) და სახელმწიფო მოხელის – ტიხონ სტრეშნევისა, რომელსაც მოზრდილი პეტრე თურმე წერილებში „მამად“ იხსენებდა, რაც ფსიქოლოგიურად სწორედ რომ გამორიცხავს რეალურ მამობას! ყველაზე უკეთ საქმის რეალური ვითარება, ბუნებრივია, იცოდა მწერალმა ალექსეი ტოლსტოიმ, რომელიც რომანს წერდა იმპერატორზე, და, რომელსაც მიუწვდებოდა ხელი ისტორიის დაფარულ არქივებზე. მაგრამ, არსებობს ყურადსაღები გადმოცემა, რომ სტალინმა, რომელსაც თავად სურდა ყოფილიყო რუსეთის პირველი ქართველი იმპერატორი, აუკრძალა ალექსეი ტოლსტოის პეტრე პირველის ქართველობის გამხელა. ამიტომ მწერალი, თავის ორტომიან ეპოპეაში – რომან „პეტრე პირველში“ – სჯერდება ან საკუთარ მსჯელობაში გაპარებულ მეფის თვისებათა აღწერას, სადაც მის რიგ ქმედებებში მოიაზრებს „აზიურ ცბიერებას“, ან იმოწმებს მეფის ასულ სოფიოს ბუნდოვან გამონათქვამებს, მაგალითად, იმის თაობაზე, რომ პირდაპირ „საიგავო და საოცარი ვინმეა მისი ძამიკო–პეტრუშკა – არც გარეგნულად და არც ხასიათით მამას რომ არა ჰგავს“. ის, ვისაც რუსული წყაროები პეტრე პირველის პოტენციურ მამად მოიხსენიებენ, იყო კახეთის მეფის, თეიმურაზ პირველის ვაჟის, დავითის შვილი – ერეკლე (შემდგომში ჯერ ქართლის, ხოლო შემდეგ, კახეთის მეფე ერეკლე, ხოლო მოგვიანებით შაჰის გვარდიის სარდალი – ერეკლე პირველი ნაზარალი-ხანი, რომელიც რუსეთში უფლისწულ ნიკოლოზის სახელით იყო ცნობილი). ბატონიშვილი ერეკლე, ბაბუამ, თეიმურაზ პირველმა, რუსეთის მეფის კარზე გაგზავნა, სადაც მან 20 წელი დაჰყო. იგი ახლო ურთიერთობაში იყო მეფე ალექსეი მიხაილოვიჩთან და საერთოდ, რუსულ არისტოკრატიასთან. მოხდენილი გარეგნობის ქართველი ბატონიშვილი დიდი პოპულარობით სარგებლობდა რუს ქალბატონთა შორის. მან მომავალი დედოფალი, ნატალია ნარიშკინა გაიცნო მანამ, სანამ ნატალია მეფის კანონიერი თანამეცხედრე გახდებოდა. ხოლო მოგვიანებით ჭაბუკი ერეკლე ხელისმომკიდის ფუნქციას ასრულებდა ალექსეი მიხაილოვიჩისა და ნარიშკინას ქორწილში. როგორც არ უნდა ილაპარაკონ ნატალია ნარიშკინას არცთუ მკაცრად დაცულ ზნეობრიობაზე და გონებაშეზღუდულობაზე (როგორც ამაზე მისი ნათესავი, თავადი კურაკინი მიუთითებს), ქართველი უფლისწულისგან მემკვიდრის ყოლის სურვილი სწორედ რომ საპირისპიროზე მეტყველებს: ნარიშკინამ იცოდა, რომ ალექსეი მიხაილოვიჩს პირველი ქორწინებიდან ერთთავად ავადმყოფი ბავშვები ებადებოდნენ და თავადაც ავადმყოფი იყო და დღითიდღე უძლურდებოდა. დედოფალს კი, ცხადია, ჯანმრთელი მემკვიდრის გაჩენა სურდა. და სწორედ ამ დროს ხდება უდიდესი დამთხვევა – რუსეთში ათონის მთიდან ჩამოაბრძანებენ ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს და, იმავდროულად, იმ საოცნებო ივერიის ქვეყნიდან – საქართველოდან ჩამოდის მშვენიერი ქართველი უფლისწული ერეკლე, რომელსაც რუსები ნიკოლოზად უხმობენ. ლეგენდებით გარეშემკული ქვეყნის შვილს საგანგებო პატივს მიაგებენ – ახალგაზრდა უფლისწული მეფის ქორწილში ინიშნება მესტუმრედ, ანუ საპატიო სტუმრების მიღება მას ევალება. და განა რად ეძრახვის სახელმწიფო აზროვნება დედოფალს, რომელიც, სამშობლოს მომავალი ბედნიერებისთვის და დღეკეთილობისთვის, ავადმყოფ ქმარს სამეუღლეო სარეცელზე ცვლის თვალ–ტანადსა და პირმშვენიერ ჭაბუკზე და რომანოვების 50–წლიან ნორჩ დინასტიას –ღვთისაგან ცხებულ ბაგრატიონთა ათასწლოვან დინასტიაზე? ცხადია, თავად პეტრემაც ძალიან კარგად იცოდა საკუთარი წარმოშობის შესახებ,რაზედაც მიგვითითებს სტალინის სიკვდილის შემდეგ დაბეჭდილი არაერთი პუბლიკაცია, რომელთაგან ერთ–ერთში, ცნობილი ისტორიკოსის, სერგეი დიანინის წიგნში („ბოროდინი“, მოსკოვი, 1955წ., გვ.154) საჯაროდ არის გამხელილი, რომ „პეტრე პირველი თავს თვლიდა ქართლის მეფეთა მემკვიდრედ“ და აქედან დაასკვნიდა, თუ რად არ ჩქარობდა ვახტანგ VI-მი დახმარებას სპარსულ ლაშქრობაში, რათა ჯერ დასუსტებულიყო ეს მეწინავე ქართული სამეფო და მერე საკუთარი უფლებამოსილებით მას თვით გაეერთიანებინა თავის მიერ შექმნილი იმპერიის საზღვრებში! ამ საზღვრების გასაფართოებლად კი იგი ძალ-ღონეს არ ზოგავდა, რისთვისაც ყველაზე ერთგულ თანამებრძოლად რაცხდა ქართველ უფლისწულს - ალექსანდრე ბატონიშვილს, რომელიც რუსეთის პირველ ფელდცეხმაისტერად დანიშნა. ბავშვობიდანვე პეტრესაგან უდიდესი ყურადღება ალექსანდრესა და მისი ოჯახის მიმართ უცილობლად იმ გარემოებითაც იყო განპირობებული, რომ პეტრემ მშვენივრად იცოდა დედისაგან ამთთან საკუთარი ნათესაობა - ერეკლე პირველი არჩილის ცოლის ძმა იყო. აღსანიშნავია, რომ პეტრე ალექსანდრეს დაღუპვის შემდეგაც დიდ ყურადღებას აქცევდა მამიდის ოჯახს – რასაც თავისი მამიდაშვილის, დარეჯან არჩილის ასულისადმი პატივისცემით გამოხატავდა. შემთხვევითი არ იყო, რომ 1722 წლის 30 იანვარს, შვედებზე დიდი ხნის ნანატრი გამარჯვების შემდეგ, მთელი თავისი ოჯახითა და ახლო თანამებრძოლებით, მოსალხენად მოსკოვიდან დარეჯანის საცხოვრებელ ვსესვიატსკოეში გაემგზავრა, სადაც დარეჯანმა საზეიმო სუფრა გამართა. დარეჯანი, ძმის დაღუპვით დამწუხრებული, საზეიმო მეჯლისში უშუალო მონაწილეობას არ იღებდა. პეტრემ დატოვა ამალა და მთელი ღამე დარეჯანთან საქმიან საუბარში გაატარა. შვედებზე გამარჯვების ზეიმი პეტრემ ვსესვიატსკოეს არჩილის სასახლეში დაიწყო – და გამარჯვების სახელზე თქმული სასმისით რუსეთის არტილერიის პირველი ფელდცეხმაისტერის შესანდობარი შესვა! |