ლელთ ღუნიას დაუვიწყარი სახის შემქმნელ ქართველ კლასიკოსს განზოგადებულმა გმირმა რეალობაში ერთხელ მწარე სინანული მოჰგვარა. იაკობ მანსვეტაშვილი იგონებს, ილიამ თურმე მთიბავ ხევსურებს უხმო და, თავისი გმირის სიცოცხლეში დარწმუნებულმა, ჰკითხა ძველ დროზე: – მაშინდელი დრო სჯობდა თუ ეხლანდელი? ხევსურებს, არც უციებიათ, არც უცხელებიათ, უპასუხნიათ: – რა სათქმელია: გარეთ ვერ გამოვდიოდით. სოფელს რომ გავცილებულიყავით, ან ლეკი დაგვიხვდებოდა ან შინაური ავი კაცი, სისხლი იღვრებოდა. მოსვენება არა გვქონდა, შველა არსაიდამ იყო. აი დაილოცოს ღმერთმა რუსის ხელმწიფე: ეხლა რა გვიშავს, აი, თქვენთანაც ჩამოვდივართ სამუშაოდ და ქალაქშიაც დავიარებით. თუ რამ გასაყიდი ან სასყიდელი გვაქვს, ხელს ვიმართავთ. გზაში ხელს არავინ გვახლებს. დაახლოებით იგივე სურათი აქვს აღწერილი გოდერძი ჩოხელს თავის ნოველაში „ნიკოლოზი“. ყაზბეგში, ერთ-ერთი ფილმის გადაღებისას, გადამღები ჯგუფის შემოქმედებით კოლექტივს ერთიმეორეში ჩხუბი მოსვლია – რეჟისორი ამტკიცებდა, რომ გადასაღები სცენის დროს ხევისბერს უნდა გამოებრძანებინა თამარ მეფის ან რომელიმე ქართველი ერისკაცის სურათი, მხატვარი – წმინდანის ხატს ვარაუდობდა და სცენარის ავტორი საბრძოლო დროშას მოითხოვდა. გაუკითხავთ ხალხში და, რაკი უმრავლესობამ უკვე აღარაფერი იცოდა ძველი დროის შესახებ, ბოლოს ერთ ას წელს გადაცილებულ კაცს მიდგომიან. - ძველი დრო თუ გახსოვსო – უკითხავთ – მოკვეთის დროს ხევისბერი რო დაარისხებდა, დარისხების დროს ეკლესიიდან რომ ხატს გამოაბრძანებდა ხოლმე, ვინ იყოო იმ ხატზე გამოსახული? - როგორ თუ ვინაო? – გაუკვირვებია ბერიკაცს. - თამარ მეფე იყოო თუ დავით აღმაშენებელი? ხატზე ვინ ეხატაო? - ვინ ეხატა და ნიკოლოზიო- გაუხსენებია მოხუცს. ჰოდა, თუკი ცხოთა ბატონობას უჩვევი მთა ორი საუკუნის მანძილზე შეაგუეს რუსის კანონს და რუსთხელმწიფეს, რა გასაკვირია, რომ მათ ბარიც შეთვისებოდა და მერე იმდენად, რომ მთელ რიგს ქართველებისას დღემდე ვერ ამოუგდია გულიდან ერთგულქვეშევრდომული ყმადნაფიცობა! |