მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო... სანამ საკითხის რაობაზე გადავალ, მინდა მოგახსენოთ, თუ რა არის გერბი და როგორ ესმოდათ მისი მნიშვნელობა ჩვენს წინაპრებს... იოანე ბატონიშვილი თავის „კალმასობაში“ აღნიშნავს, რომ "ღერბნი არიან ნიშანნი ხარისხისა და პატივისანი, წარმოდგენილნი ფერებითა და ნაკვეთებთაგან ფარსა ზედა ანუ გულსა ზედა მის ღერბისასა განსხუაებისათვის გვართა, ანუ წარმომავლობათა და საკუთართა ადგილთა და ქვეყნიურობისათა". ბაგრატიონთა გერბის პირველი და მეოთხე მეოთხედის ველი მეწამულია, რომელიც ჰერალდიკაში მეფური ღირსების, უზენაესობის სემანტიკის მატარებელია. თუმცა, ხშირად რაინდულ გერბებში მტერთან ბრძოლებში დაღვრილ სისხლს განასახიერებს. XVIII საუკუნის მოღვაწე სულხან–საბა ორბელიანი მეფეთა წითელი ფერის მანტიას თავის „სიტყვის კონაში“ „პორფირსა და ბისონს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ იგი „სისხლის ფერობას მოასწავებს, რათა დასთხიონ სისხლი მათი (მეფეთა–დ.კ.), ვითარცა ქრიატემან ერისთვის“. ამ მეწამულ ველზე დატანილია ქრისტეს კვართი, რომელიც IV საუკუნიდან საქართველოში, კერძოდ კი მაშინდელი სატახტო ქალაქის მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში ინახება. გერბში ამ ნიშნის გამოსახვით ქართველი მეფეები ქრისტიანობის ერთ–ერთი უდიდესი სიწმინდის – ქრისტეს კვართის მცველებად გვევლინებიან. ჰერალდიკურ სემანტიკის მიხედვით გერბში “კვართის სიმბოლური მნიშვნელობა ის იყო, რომ იგი ხაზს უსვამდა სამეფო საგვარეულოს სიძველეს, ქართული სახელმწიფოებრიობის სიძველესა და ქვეყანაში უძველესი დროიდან მართლმადიდებლობის შემოტანას” (პახლობკინი). ვახუშტი ბატონიშვილის “სამეფო კვართიან-დავითიან” გერბზეც კვართია გამოსახული და გერბში მისი გამოსახვის უფლება მხოლოდ ბაგრატიონთა სამეფო შტოს წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ, მით უფრო, რომ რუსეთში მცხოვრებ ქართველთა გერბები გარკვეულ წესებს დაუქვემდებარეს – ბა
| გრატიონთა გვარის სამეფო სამეფო შტოს წარმომადგენლები გერბში კვართის გამოსახვის უფლებას იტოვებდნენ, ხოლო მეფის ამალის დანარჩენი წევრები კი წმ. გიორგის ემბლემას. გერბის მეორე და მესამე მეოთხედის ველი ლაჟვარდია, რომელიც ჰერალდიკაში ღირსებისა და პატიოსნების სემანტიკის მატარებელია. მასზე დატანილია ბიბლიური მეფე დავით ფსალმუნთმგალობლის ოქროს ქნარი და შურდული, რომლითაც მან გოლიათი დაამარცხა. ქართველი მეფეები – ბაგრატიონები მიიჩნევიან ბიბლიური მეფეების მამა–შვილი დავითისა და სოლომონის ხორციელ შთამომავლებად. IX საუკუნის ქართველი მოღვაწე გიორგი მერჩულე მათ „დავით წინასწარმეტყველისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულ ხელმწიფედ“ იხსენიებს, ხოლო X საუკუნის ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი ამბობს: „საცოდნელია, რომ თავისი თავის განმადიდებელი იბერები, ესე იგი კურაპალატის იბერები ამბობენ, რომ ისინი ურიას ცოლის (ბიბლიური დავით მეფის მხედართმთავრის ურია ქეტელის ცოლი ბერსავია – დ.კ.) შთამომავლები არიან, რომელიც დავითმა, წინასწარმეტყველისა და მეფის, ნათესავები არიან და აქედან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისაც, რადგან ესეც დავითის თესლიდან არიან წარმოშობილი“. XI საუკუნის ანონიმი ქართველი ავტორი „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, საქართველოს მეფე დავით IV ამაშენებელს იხსენიებს, როგორც „სახელ–მოდგამმან დავით, ღმრთისა მამისაგან, და თვით სამეოცდამეათესამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით“. XVII საუკუნეში საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერი დონ ქრისტეფორო დე კასტელი პირდაპირ აცხადებს, რომ ქართველი მეფე ბაგრატიონად წოდებული... შთამომავალია ჩვენი სისხლით ნათესავით, ქრისტე მხსნელის, დავითის მოდგმისა... აღმოსავლეთში ყველა ქართველი მეფე–მთავარი შთამომავლობას იწყებს დავითისგან, ისინი ღვთით არიან გვიტგვინოსანნი. ყველაფერი ამ სიტყვებშია მოცემული – მეფე! მას ასე მიმართავენ: ჩემო უფალო ღმერთო!“. შუა საუკუნეების ოფიციალურ დოკუმენტებში ქართველი მეფეები ასე მოიხსენიებენ საკუთარ თავს – „იესიან–დავითიან–სოლომონიან პანკრატოვანნი“, სადაც „პანკრატოვანი“ პანტოკრატორს ანუ ყოვლისმპყრობელს ნიშნავს . გიორგიევკის ტრაქტატის 1783 წლის რატიფიცირებული ტექსტის ქვეშ მეფე ერეკლე II–ს ხელმოწერაში „ე“ ასოები ბაგრატიონთა გერბში გამოსახული ბიბლიური დავითის ქნარის სახით არის წარმოდგენილი, ხოლო მისი ერთ–ერთი ბეჭდის იგავია – „ქნარს მიცემს დავით მიხმობს ძედ კახეთის მეფედ ცხებულს“. გერბის მესამე მეოთხედის ლაჟვარდის ველზე დატანილია მეფეთა ინვესტიტურის ნიშნები – ოქროს სფერო, ნიშნად კურთხეული უმაღლესი ხელისუფლებისა; გადაჯვარედინებული კვერთხი და ხმალი, როგორც უმაღლესი სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების სიმბოლო და თემიდას სასწორი, როგორც უმაღლესი მსაჯულის აღმნიშვნელი სიმბოლო. გერბის მცირე ფარია – წითელზე ვერცხლის წმ. გიორგი, რომელის გველეშაპს ჰგმირავს. 1156 წელს ერთიანი საქართველოს მეფე დავით V–ს გარდაცვალაბის შემდეგ სამეფო ტახტი არა მისმა ძემ დემეტრე, იგივე დემნა უფლისწულმა დაიკავა, არამედ მისმა (დავითის) უმცროსმა ძმამ გიორგი III–მ, რის შემდეგაც მეფეთა გენეალოგიური ხაზი ბაგრატიონთა უმცროს შტოზე გადავიდა, რომელმაც საკუთარი ახალი ნიშანი მოიტანა. გიორგი III–მ ქვეყნის მგარველად და სახელმწიფო სიმბოლოდ წმიდა გიორგი გამოაცხადა და მისი სახე დიდ სახელმწიფო ბეჭედზე გამოსახა, რომლის ლეგენდაც იყო – „წმიდაო გიორგი, მმოსავი შენი გიორგი ძალითა შენითა ვსძლევ მტერთა ჩემთა“. საქართველოში ღვთისმშობელი გვევლინება, როგორც საერო მფარველი ქვეყნისა, ხოლო „მხედარი წმიდისა სამებისაი“ წმ. გიორგი, როგორც სამხედრო მფარველი. თეთრ ცხენზე ამხედრებული “ვითარცა ვარსკვლავი მთიებისაი და შემოსილი ბრწყინვალებითა... განათლებული გიორგი” სიმართლისა და გამარჯვების სიმბოლოა და ქართველი ადამიანის იდეალის გამოხატულებაა. სწორედ ამიტომ არის, რომ საქართველოში, როგორც ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს, ქართველთა განმანათლებელი წმ. ნინოს ნათესავი წმ. გიორგის სახელზე აგებულ ეკლესიათა რიცხვი ბევრად სჭარბობს სხვა წმინდანთა სახელობის ეკლესიებს. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით: ~მეფენი (ქართველთა) მარადის დროშათა ზედა და ღერ ბთა მათთა დასწერდეს სახესა წმიდის ამის მთავარ-მოწამისა გიორგისასა და ეგრეთვე ყოველთა ზედა საჭურველთა და ჩაფხუტთა ზედა მხედართასა და იქმნა სახეი მისი შეწყნარებული პირველ ოდენად ქართველთა სახელმწიფოსა~. ხოლო, XII საუკუნის ლათინი პატრიარქი ჟაკ დე ვიტრი წერს: ~ამ ხალხს Gეორგიან-ებს უწოდებენ, რადგანაც განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობა და ეთაყვანება წმიდა გიორგის, ვინც მის მფარველად და მედროშედ მიაჩნია~. საქართველოში წმ. გიორგის კულტის ასე ძლიერმა აღზევებამ გამოიწვია, რომ ქართველ მეფეთა უმრავლესობა, სწორედ გიორგის სახელით არის ცნობილი. აქვე დავამატებ, რომ ევროპელთაგან "იოანე-ხუცესად" მონათლული და საქართველოში "მესიის მახვილად" წოდებული მეფე დავით IV აღმაშენებელის ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ დიდგორის ბრძოლის დროს დავით მეფის ლაშქარს "წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა, რომელ თვით იგი უსჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს". როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართველები განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენდნენ წმ. გიორგის მიმართ და იგი, როგორც ქართველი მეფის მფარველი წმიდანი, ქვეყნის მფარველადაც გვევლინება. საბოლოოდ, ბაგრატიონთა სახელმწიფო გერბზე ჩვენ ვხედავთ სამი სახეობის ემბლემატიკას: 1) ტერიტორიული ემბლემები - კვართი და წმ. გიორგი. იმერეთის სამეფო შტოს შემთხვევაში ემატება ოქროს საწმისი, კოლხეთის ნიშნად. 2) მეფეთა წარმომავლობის მაჩვენებელი ემბლემები _ ბიბლიური დავითის ქნარი და შურდული; 3) ბაგრატიონთა მდგომარეობის (ძალაუფლების) აღმნიშვნელი ემბლემები _ კვერთხი, სკიპტრა და ხმალი, როგორც უმაღლესი სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების სიმბოლო და თემიდას სასწორი, როგორც უმაღლესი მსაჯულის აღმნიშვნელი სიმბოლო. ქართველ მეფეთა ბაგრატიონების გერბი დაგვირგვინებულია კლასიკური ჰერალდიკისათვის კარგად ცნობილი ოქროს “ივერიის გვირგვინით”, რომელსაც შიგნიდან მეწამული ჰავერდის სარჩული (ქუდი – დ.კ.) აქვს ამოდებული. გერბის ფარს კი ოქროს ლომები წარმოადგენენ, რომელთაც თავად მეფე ვახტანგ VI-ს სპეციალური ლექსი გვაძლევს, რომელიც 1712 წელს “ვეფხისტყაოსნის: შესავალში დაიბეჭდა – “ლომნი ტახტისა სოლომონს, შვიდს სიბრძნეს მუასწავებდა”. სახელმწიფო გერბებისა უმრავლესობას საკუთარი დევიზები გააჩნდა, რომელიც გამოხატავდნენ მფლობელის სულიერ სწრაფვასა თუ ცხოვრების წესს და ფაქტიურად მის იდეოლოგიას წარმოადგენდა. საკუთარი დევიზი ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო - ბაგრატიონთა გერბსაც, რომელიც თეოლოგიერი ხასიათის იყო. საქართველოს სამეფო გერბის გარშემო მოთავსებული წარწერა წარმოადგენდა, როგორც საგვარეულო დინასტიის დევიზს - "ეფუც უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხ-ყოს იგი: ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთა" (ფსალმ. 131.11), ასევე სახელმწიფო დევიზს - "განიგდეს წილი, განიყვეს სამოსელი ჩემი, მათ შორის და კვართსა ჩემსა ზედა" (ფსალმ. 21.19). იმ ბაგრატიონთა გერბის დევიზი, რომლებიც რუსეთის სამსახურში იყვნენ, შემდეგი იყო: “ხოლო კუართი იგი, რომელი იყო უკერველ ზეით გამოქსოვილ ყოვლად” (იოანე 19.23).
დასასრულს ვიტყვი, რომ ყველა ზემოთმოყვანილი მასალები საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ქრისტიანულ სახელმწიფოს სუზერენთა შორის ყველაზე პრესტიჟული გერბი აქვს ბაგრატიონებს, რადგან მასზე იკითხება მათი ნათესაური კავშირები უფალთან, რაც, დამეთანხმებით ალბათ, ბაგრატიონთა გერბს კიდევ უფრო პრესტიჟულსა და ამაღლებულს ხდის. დავით კლდიაშვილი, სამეფო კლუბის ჰერალდიკისა და სიმბოლიკის კოლეგიის თავმჯდომარე წაკითხულ იქნა სამეფო კლუბის კომფერენციაზე: "სახალხო მონარქია - ევროპული არჩევანი" 3/06/2019
|