იტალიელი მისიონერის დონ კრისტოფორო დე კასტელისეული „ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ“ გამოიცა 1976 წელს. ტექსტი გაშიფრა, თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ბეჟან გიორგაძემ. მანამდე კასტელის ნახატებსა თუ ცნობებს შეისწავლიდნენ და იყენებდნენ მ. თამარაშვილი, ნ. ბერძენიშვილი, დ. ალენი, დ. ლენგი, ვ. ბელიო.
კასტელი 1628-1654 წლებში საქართველოში ცხოვრობდა. იგი კათოლიკური სარწმუნოების პროპაგანდას ეწეოდა საქართველოში რომის პაპის დავალებით. არ უნდა გაგვიკვირდეს და გავბრაზდეთ, ყველა თავისი ინტერესების რეალიზებას ცდილობს. კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები ჯერ კიდევ XIII საუკუნის 20-იანი წლებიდან მოღვაწეობდნენ საქართველოში. ეს, მაინცდამაინც, იმის მანიშნებელი კი არ არის, რომ ჩვენი ეკლესია სუსტი იყო და ისინი უმკალი სამკალის მომკას ცდილობდნენ ჩვენში. მართალია, კათოლიკეებს თავისი სარწმუნოების პროპაგანდა ევალებოდათ, მაგრამ ასევე ისინი ელჩების როლსაც ასრულებდნენ ქართველ ხელმწიფეებსა და ევროპელ მონარქებს შორის. უნდა ითქვას, რომ ქართული ეკლესიის მესვეურები დიდი სიხარულით არ ეგებებოდნენ მათ საქმიანობას, და მართალი რომც ვიყოთ, ბევრი ვერც ვერაფერი გააკეთეს კათოლიკობის გავრცელების თვალსაზრისით მისიონერებმა საქართველოში. მაგრამ მეფე-მთავრები, როგორც სტუმრებს და ელჩებს, ჰუმანური და პოლიტიკური მიზ ნებით კეთილად ეპყრობოდნენ, ხშირად. XVII საუკუნის დასაწყისიდან ევროპაში ანტიოსმალური კოალიციის ჩამოყალიბების მცდელობები იყო. ესპანეთიდან მოყოლებული პოლონეთის ჩათვლით ზოგიერთი ცდილობდა დაერწმუნებინა პაპი და ევროპელი მონარქები, მოემხროთ პერეკოპისა და კაფას კაზაკები, ქართველები, ასევე ირანელები და შეეტიათ ოსმალეთის იმპერიისათვის... ქართველი პოლიტიკოსები ამაზე ოცნებობდნენ... XVII საუკუნის პირველ მეოთხედში „პროპაგანდა ფიდეს“ დაარსების შემდეგ განახლდა კათოლიკურ მისიონერთა მოღვაწეობა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ჩვენს სამშობლოში. ამის შედეგად საქართველოში მოხვდა მისიონერი კასტელი. ზოგიერთმა მისიონერმა უნიკალური საისტორიო მასალები დაგვიტოვა მაშინდელი საქართველოს ყოფის, მეფე-მთავრების, ხალხისა და ჩვეულებების შესახებ (ყველაფერი მთლად სანდო არ უნდა იყოს, მაგრამ ამ ცნობებს შორის უამრავია ძალიან მნიშვნელოვანი). მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია დე კასტელის. 1976 წელს გამოვიდა დონ კრისტოფორო დე კასტელის "ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ", ტექსტი გაშიფრა, თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ბეჟან გიორგაძემ. კასტელის, როგორც ჩანს ძალიან უყვარდა საქართველო და ქართველები, ბაგრატიონები. იგი ერთგან წერს (525): „კურთხეულო უფალო, საქართველო ჩემი სატრფო იყო 26 წლი ს განმავლობაში, მაგრამ იძულებული გავხდი მიმეტოვებინა ჩემი მძიმე ავადმყოფობისა და მოხუცებულობის გამო”. ამჯერად ჩვენ გვაინტერესებს კასტელის რწმენა-წარმოდგენა ბაგრატიონთა შესახებ. ერთ-ერთი სურათის მინაწერზე კასტელს უწერია (3): „იესო ქრისტეს მიერ დაგვირგვინებული დიდებული მეფე ქართველთა. ყველა ქართველს სჯერა, რომ, როდესაც მეფე ბაგრატი ქუდმოხდილი ლოცულობდა ტაძარში, ციდან ჩამოეშვა ხილული შუქი და ძვირფასი ქვებით მოჭედილი გვირგვინი თავზე დაედგა. ეკლესიაში გვირგვინს დღევანდლამდე იყენებენ. ამ საეპისკოპოსო ეკლესიაში მოიპოვება ანტიკური გამოსახულება ქრისტესი, რომელიც გვირგვინს ადგამს ამავე მეფეს. შენს ეკლესიაზე გულმოდგინება მე მომანდეს. ცოცხლობდეს ქრისტე სამარადისოდ. ისრაელთა მეფე, მიიღე გვირგვინი. უფალი ქრისტე. ამასაც ამბობენ, რომ მარჯვენა ბეჭზე ჯვრის ნიშანი აქვსო, რასაც საჯაროდ აცხადებენ ამ სამეფოში. მე არ მინახავს ეს, მაგრამ ცნობისმოყვარეობით ვკითხე თვით მეფეს, როცა მას ვმკურნალობდი ავადმყოფობის დროს, ამის შესახებ მას არაფერი უთქვამს ჩემთვის. საქართველოს მეფეს აღმოსავლელები უწოდებენ ღვთივ გვირგვინოსან გორგასლიან მეფეს და იგი ძლიერ პატივცემულია. ისრაელთა მეფე“. აქ ბეჟან გიორგაძის აზრით სრულიად საქართველოს მეფე ბეგრატი უნდა იყოს ნახსენები, თუმცა კომენტატორი არ აკონკრეტებს რომელი (III, IV, თუ V). ალბათ III. რაც შეეხება ბეჭზე ჯვარს, აქ ალექსანდრე III უნდა იგულისხმებოდეს, ჩვენი აზრით. სხვაგან კასტელი, იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ის შესახებ წერს (8): „სისხლით ნათესავი ქრისტესი, ბაგრატიონად წოდებული ალექსანდრე, შთამომავალია ჩვენი სისხლით ნათესავის, ქრისტე მხსნელის, დავითის მოდგმისა. იგი მისიონერი პატრების კეთილისმყოფელია საქართველოს სამეფოში, ქრისტეს დაბადებიდან 1649 წელს. მისი ხელისუფლება ვრცელდება ღვთისმოშიშ ადამიანებზე. ქრისტეს სარწმუნოების გულმოდგინე დამცველი ვარ. ხალხში ამბობენ, თითქოს საქართველოს მეფეს გულისფიცარი სხვებსავით გაყოფილი კი არა აქვს, ერთი მთლიანიაო. ქართველთა მეფე ღირსია, რომ ყველას უყვარდეს და ადიდებდეს ვითარცა ქრისტიანების ერთგულს. იგი ყოველთვის აღიარებს: კურთხეულია უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მისი წმიდა სარწმუნოებაო. ქრისტეს მტრების წინააღმდეგ მებრძოლთ თავის მფარველობას უწევს და ყოველთვის ებრძვის თურქებს, სარკინოზებს და სპარსელებს. რამდენი მეფეც კი მინახავს, ყველა ნახევრად მდევკაცური, მეტად ჩაფსკვნილი და მკვრივი აგებულებისა იყო. ისრაელთა ღმერთი. მეფე ისრაელთა. მინდა მოვკვდე ქრისტეს სარწმუნოე ბისათვის, ვინც ნამდვილად ერთგულია, შემომიდგეს და მომეხმაროს. ვისაც ჯვარცმა უყვარს, მომყვეს. თუ ქრისტიანი ვარ, ჩემმა საქმემ დაგარწმუნოს. ქრისტე რომ არ მიყვარდეს, მის სარწმუნოებას მფარველობას არ გავუწევდი. მისი ღირსების პატივი რომ არ მქონდეს, სისხლს არ დავაქცევდი, გაუმარჯოს დავითის ძეს, მარადიული ქალწული მარიამის შვილს - იესოს“... ალექსანდრე III კარგი ხელმწიფე იყო, დასავლეთ საქართველოს აკონტროლებდა. სხვაგან კასტელი წერს (9): „მოსკოველები მას უწოდებენ ქრისტიანული სარწმუნოების დამცველს, რომლის სიძლიერე საკუთარ ბეჭებზე იყო დაყრდნობილი. დაბადებისთანავე მას ზურგის ორივე მხარეს ჯვარი ჰქონია გამოსახული. ღვთივ გორგასლიანი. ისრაელთა მეფე. დავითის კვერთხით ღვთივ გვირგვინოსანი. მეფე ქვეყნიერებისა და აღმოსავლეთის. ისრაელთა მეფე, ღმერთი ისრაელთა. ამბობენ, რომ ბეჭებზე პატარა ჯვარი აქვსო. მეფობას მიაღწია თავისი მხრების შემწეობით. აღმოსავლეთში ყველა ქართველი მეფე-მთავარი (მათივე რწმენით) შთამომავლობას იწყებს დავითისაგან, ისინი ღვთით არიან გვირგვინოსანნი. ყველაფერი ამ სიტყვებშია მოქცეული - მეფე. მას ასე მიმართავენ: ჩემო უფალო ღმერთო. მოდგმით თავლტანადნი არიან, შესამჩნევად მაღლები. ქართველთა მეფე ალექსანდრე იბერიის მეფე. იბერიის მეფე ამჟამად ცხოვრობს უძველეს ქალაქ ქუთაისში“... ალექსანდრე მესამის ჩაცმულობაზე (10) კასტელი წერს (პორტრეტის მინაწერზე): „...ამ ფორმის ოქროს ქუდი, ალმასებითა და მარგალიტებით მორთული; ყელის ირგვლივ ოქრო და ძვირფასი ქვები ბეწვმოვლებული ზედა ტანსაცმელიც ოქროს ყვავილებითაა მორთული. ოქროსფუსკულებიანი წითელი კაბა მსხვილი ოქროს ღილებით. ხმალი და კვერთხი ოქროსი, ესპანურად დაყენებული ქერა ულვაშებით, ტანსაცმელის ქვეშ ლურჯი პერანგი ოქროს ძაფებით. მთლად შიგნით წითელი შეიდიში, მწვანე ფეხსაცმელი. ალექსანდრე“. სხვაგან კასტელი წერს (12): „საქართველოს მეფეები ტანად თითქმის დევკაცები (გიგანტები) არიან. აღმოსავლეთის (მეფეები) დავითისა და სოლომონის მოდგმისაა, რომელთაც ბევრი შვილი ჰყავდათ. იმავე ებრაელებმა მითხრეს და დაგვიდასტურეს, რომ ისრაელის მეფეს დავითს დიდი კვრთხი ჰქონია, რომლითაც შეეძლო სულთნისა და შაჰის დამარცხებაო. მოსკოველი ხელმწიფე მას უწოდებს ქრისტეს ტახტს. საქართველოს მეფე დავითის მოდგმისაა. ქართველთა მეფის ალქსანდრეს შვილის, ბაგრატ ბატონიშვილის სურათი. იგი სამეფოს ერთადერთი მემკვიდრეა“... კასტელი ერთგან წერს (75): „პ ატრი საქართველოს მეფეს ერთგულებას ეფიცება ქრისტეს ჯვარცმაზე. საქართველოს მეფე თავის თავს თვლის აღმოსავლეთის აბსოლუტურ მეფედ, მემკვიდრედ და შთამომავლად დავითისა და სოლომონისა და სხვა. აღმოსავლელები მას ასეთად მიიჩნევენ მაშინაც კი, როცა ომს აწაროებენ და ანადგურებენ, როგორც თურქები, ისე სპარსელები, რომელნიც ამბობენ, რომ ვერ დაგვანგრევენ, რადგან წინასწარმეტყველი დავითისაგან მომდინარეობს ჩვენი შტოო და სხვა. ამბობენ, რომ იბერიის მეფეს მარჯვენა ბეჭზე ჯვრის გამოსახულება აქვსო. გვირგვინი, რომელიც თავზე ადგას, ციდანაა გადმოსული უცნაური წესით, ლოცვის დროს, გარდაცვლილი მეფის ბაგრატისაგან, რომელსაც ისინი თაყვანს სცემენ. გვირგვინს შიგნით ერთი კამარა აქვს ძვირფასი ქვებით შემკული, გელათის ეკლესიის (საკუთრება), იმერეთში, რომელიც საქართველოს სამეფოშია...“ სხვაგან კასტელი წერს (543): „ჩვენი უფლისგან ველით ხსნას. ყველა აღმოსავლელს შორის უკეთილშობილესი, ასევე გამძვინვარებულ მებრძოლთა შორის უძლეველი ქართველი მეფის შესახებ. არავითარი ეჭვი არაა, თქმა არ უნდა, სინამდვილეა და ჩინებულიც, (რასაც სხვა ეთანხმება), რომ, აღმოსავლეთის მეფეებთან შედარებით, მსოფლიოში ქართველთა ანუ იბერიის მეფე, როგორც ამას ერთხმათ აღიარებს სხვა ხალხი, შთამ ომავალია დავითისა, იესეს, სოლომონისაგან, ძე ზემოთქმული ვაჟის დავითისა. ეს მტკიცდება არა მხოლოდ ტრადიციით, არამედ სხვაგვარადაც.“ დონ კრისტოფერო დე კასტელის სხვა უამრავი ცნობებიც აქვთ საქართველოს შესახებ. როგორც ვხედავთ, მისი გადმოცემით მტკიცდება, რომ არა მარტო ქართველები, არამედ სხვებიც, ბაგრატიონთა წარმოშობას დავით წინასწარმეტყველიდან რეალურ ამბად მიიჩნევდნენ, საინტერესოა კასტელისეული ცნობა ებრაელთა შესახებაც, რომლებიც მისი თქმით აღიარებენ ბაგრატიონთა დავითიანობას. კასტელის ასევე უწერია რომ ამას აღიარებენ სხვებიცო. ამ სხვებში, ალბათ, ევროპელები და ქართველთა მეზობლები უნდა იგულისხმებოდეს. საინტერესოა კასტელისეული გადმოცემა ქართველთა მეფეების განსაკუთრებულობის შესახებ - მხრებზე დაბადებიდან ჯვარი აქვთ გამოსახულიო. ეს მარტო საქართველოს მცხოვრებთა შორის გავრცელებული აზრი არ უნდა ყოფილიყო. გავიხსენოთ მარკო პოლო, რომლის აზრითაც საქართველოს მეფეები, ბაგრატიონები მხარზე არწივის გამოსახულებით იბადებიანო. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ევროპელები, რომლებიც XIII-XVII საუკუნეების ქართველების შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ, ბაგრატიონებს განსაკუთრებული წარმოშობის ხალხად აღიარებდნენ - დავითის მოდგმა, მხარზე ჯვრის გამოსახულებით შობილნი, ბეჭზე არწივის გამოსახულებით დაბადებულნი, დავითის კვერთხის მფლობელნი, დავითის ტახტის მფლობელნი, ისრაელის მეფენი, ქრისტეს სარწმუნოების მცველნი და სხვა. |