8 დეკემბერს, უკრაინის დროით 18 საათზე კიევში ახალგაზრდებმა დაამსხვრიეს ლენინის ძეგლი ტარას შევჩენკოს ბულვარში! ეს მოხდა ეროვნული ”ვეჩეს” მიმდიონარეობისას უკრაინის დედაქალაქში. რა არის ”ვეჩე”? ძველ უკრაინაში საერთო სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების საკვანძო საკითხების გასარკვევად და დასადგენად იწვევდნენ ”ვეჩეს”. ეს იყო პირდაპირი დემოკრატიის ისტორიული ფორმა. ვეჩეს კომპეტენციაში იყო ომის გამოცხადება და ზავის დადება, ქვეყნის ფინანსების და მიწის რესურსების განკარგვის საკითხები და სხვ. მრავალი ათეული წლის შემდეგ უკრაინაში აღდგა ”ვეჩეს” ტრადიცია და მის პირველსავე დიდ თავყრილობაზე ისტორიული მოვლენა დაფიქსირდა - დაემხო კაცობრიობის ტირანის, ლენინის ძეგლი. ძეგლს მოაბეს ლითონის ტროსები და დაუწყეს რყევა. პოსტამენტიდან გადმოვარდნისას ძეგლს მოძვრა თავი და თავის მოძრობის ადგილას დაიმტვრა ასფალტი. ძეგლის მსხვრევა თავის თავზე აიღო პარტია ”სვობოდამ”, რომელმაც შეასრულა ხალხის დავალება. ”მთელი უკრაინიდან მოგვმართავდნენ თხოვნით, მოგვეცილებინა ეს სალახანა კიევიდან” - განაცხადა პარტიის ხელმძღვანელობამ. ლენინის ძეგლის აღების გარდა ამ დღეს ”ევრომაიდანზე” მილიონთა მარშიც გაიმართა. აქ მოვიდა მთელი უკრაინა ყველა სახის ტრანსპორტით - ფეხით, მანქანით, ველოსიპედით... კაზაკები ცხენებით მოვიდნენ. შეკრებილი ხალხის მთავარი მოთხოვნა იყო პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადადგომა და ხელისუფლების მიერ უკრაინის ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმებაზე ხელის მოწერის შეჩერების გაპროტესტება. მანამდე კი კიდევ ერთი შანსი მისცეს იანუკოვიჩს - თუ 48 საათის ვადაში არ გადააყენებს აზაროვის მთავრობას, არ დააპატიმრებს შინაგან საქმეთა მინისტრ ზახარჩენკოს და არ გაანთავისუფლებს პოლიტპატიმრებს - მომიტინგეები დაიძრებიან მისი რეზიდენციისაკენ! ეროვნული წინააღმდეგობის შტაბის მიმართვაში კი უკრაინელი ხალხისადმი ნათქვამია: ”იანუკოვიჩისაგან უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში ეროვნული წინააღმდეგობის შტაბი, ხალხის ნებაზე დაყრდნობით: პრეზიდენტს, მინისტრთა კაბინეტს და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს ჩათვლის არალეგიტიმურად და იძულებული იქნება ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე მთელი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე”. სხვათა შორის, ეროვნული იდეით გაერთიანებული მილიონიანი მიტინგის შორიახლოს იანუკოვიჩის ხელისუფლებამ და რეგიონთა პარტიამ ძალით მირეკა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლები ”ალტერნატიულ” მიტინგზე კიევის ერთ-ერთ პარკში. ეს ხალხი სიებით იყო დათქმულ ადგილზე გამოცხადებული და როგორ არ ცდილობდა თავის დაძვრენას და გაქცევას, მათ გარს შემოერტყნენ შავფორმიანი, ავტომატმომარჯვებული შავნიღბიანი ახალგაზრდები და არ უშვებდნენ სახლებში, რათა რაოდენობრიობის აღქმა არ შემცირებულიყო, რომელმაც მაინც ძლივს მიაღწია ერთნახევარ ათეულ ათასს! |