|
ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (+1021) დაიბადა 946 წელს ქალაქ მალატიაში (პაფლაგონია). მან უმაღლესი განათლება მიიღო კონსტანტინეპოლში. მამა სასახლის კარის ბრწყინვალე კარიერისთვის ამზადებდა და რამდენიმე ხნის განმავლობაში მაღალი თანამდებობა ეჭირა კიდეც. 25 წლის ასაკში სვიმეონმა იგრძნო ლტოლვა ბერული ცხოვრებისაკენ, სახლიდან გაიქცა და სტუდიტის მონასტერს მიაშურა, აქ გაიცნო წმიდა ბერი სვიმეონ ღვთისმოშიში და მისი მოწაფე შეიქმნა.
ღირსი სვიმეონის ძირითადი ღვაწლი იყო მოუკლებელი ლოცვა: „უფალო, შეგვიწყალენ“. უფრო ხანგრძლივი ლოცვისთვის ის განმარტოვდებოდა ხოლმე. ლიტურღიაზეც კი ცალკე იდგა, ხშირად მარტო რჩებოდა ტაძარში მთელი ღამის განმავლობაში. სიკვდილზე ფიქრი ჩვევად რომ გადაქცეოდა, მთელ ღამეებს სასაფლაოზე ატარებდა. სულიერი ამაღლების ჟამს მასზე სულიწმიდა გადმოდიოდა ნათელი ღრუბლის სახით და გარემოს ფარავდა მის თვალთაგან. დროთა განმავლობაში წმიდანმა უმაღლეს სულიერ გაბრწყინვალებას მიაღწია, რაც განსაკუთრებით ლიტურღიის დროს ჩანდა.
977 წელს ღირსი სვიმეონი მღვდლად აკურთხეს, ხოლო 980 წელს წმიდა მამანტის მონასტრის იღუმენად დანიშნეს. მან ამ ხარისხში 25 წელი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში ღირსმა მამამ სავანის მოშლილი მეურნეობა მოაწესრიგა და ტაძარი კეთილმოაწყო.
ღირსი სვიმეონის სიკეთე შერწყმული იყო სიმკაცრესთან და სახარებისეული მცნებების დაცვასთან. როდესაც მისმა საყვარელმა მოწაფემ, არსენმა, დახოცა ყვავები, რომლებიც დამბალ პურს კენკავდნენ, წმიდა სვიმეონმა უბრძანა, მკვდარი ფრინველები თოკზე აეცვა, ეს „სამკაული“ კისერზე ჩამოეკიდა და მონასტრის ეზოში დამდგარიყო. წმიდა მამანტის მონასტერში ცოდვებს ინანიებდა ერთი ეპისკოპოსი რომიდან, რომელსაც შემთხვევით ძმისწული შემოკვდომოდა. ღირსი სვიმეონი მის მიმართ განსაკუთრებულ სიკეთეს იჩენდა. ღირსი მამის მკაცრმა სამონასტრო დისციპლინამ ძმების უკმაყოფილება გამოიწვია. ერთხელ გაბრაზებული ბერები ლიტურგიის დროს თავს დაესხნენ მას და კინაღამ მოკლეს. როდესაც ეს ბერები კონსტანტინეპოლის პატრიარქმა მონასტრიდან გაყარა და სამჯავროს გადასცა, ღირსი მამა მათ თავდებად დაუდგა, გამოიხსნა და დიდი დახმარება გაუწია.
1005 წელს წმიდა სვიმეონმა იღუმენობა გადასცა არსენს, თვითონ კი მონასტერში განმარტოვდა. აქ შექმნა მან თავისი საღვთისმეტყველო შრომები. ღირსი სვიმეონი თავის თხზულებებში გვასწავლის სულიერი სრულყოფილებისთვის მოღვაწეობას, ვნებებისა და ცოდვილი ფიქრების წინააღმდეგ ბრძოლას, შინაგან სიმშვიდეს. მან შექმნა სწავლებანი ბერებისთვის, ლოცვის სამი სახისა და რწმენის შესახებ. გარდა ამისა, ღირსი სვიმეონი იყო გამოჩენილი საეკლესიო პოეტი, ჰიმნოგრაფი. მას ეკუთვნის „საღმრთო ლიტურღიის ჰიმნები“, ღრმა აზრით განმსჭვალული 70 პოემა.
ღირსი მამის, სვიმეონის სწავლება „ხორცის განღმრთოების“ შესახებ, რომლითაც მას სურდა „ხორცის მოკვდინების“ სწავლების შეცვლა (რისთვისაც „ახალი ღვთიმეტყველი“ ეწოდა), თანამედროვეებმა ძნელად მიიღეს. ბევრისთვის მისი სწავლება უცხო და მიუღებელი იყო. ამან გამოიწვია კონფლიქტი კონსტანტინეპოლის უმაღლეს სამღვდელოებასთან. დაიწყო ღირსი სვიმეონის დევნა. წმიდა მამა წავიდა ბოსფორის სანაპიროზე, პალკიტონის კონცხზე და დაარსა წმიდა მარინეს სახელობის სავანე.
წმიდანი 1021 წელს გარდაიცვალა. მან ჯერ კიდევ სიცოცხლეში მიიღო სასწაულთქმედების ნიჭი. მრავალი სასწაული აღსრულდა მისი სიკვდილის შემდეგაც. ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის ცხოვრება აღწერა მისმა მოწაფემ, ნიკიტა სტიფატემ.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ. |
|
|
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). | ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. |
| | | |
|