საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

ბაგრატიონები XIX-XX საუკუნეებში

რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობას ბაგრატიონთა სამეფო ტახტისა და მეფობის გაუქმება მოჰყვა. აღმოსავლეთ საქართველოდან რუსეთში გადასახლებულ იქნა სამეფო გვარის უმეტესი ნაწილი, განსაკუთრებით, თეიმურაზ II – ერეკლე II შთამომავალნი, როგორც ქართლ-კახეთის უკანასკნელ მეფეთა მემკვიდრენი. ქართველი ერი ვერ ეგუება სახელმწიფოებრიობისა და ბაგრატიონთა სამეფო გვარის დაცემას და იწყებს ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის – ყველა აჯანყება, რომელიც საქართველოს სამეფო ტახტის აღდგენისაკენაა მიმართული, მეფობის კანდიდატებად ქართლ-კახეთის მეფეების – თეიმურაზისა და ერეკლეს შთამომავლებს ასახელებს.

რუსეთში წინა საუკუნეებში გადასახლებულ ბაგრატიონთა სახლის სხვა სამეფო განშტოების წარმომადგენელნიც ცხოვრობდნენ, ბუნებრივია, იქ XIX საუკუნეში მათი სტატუსის საკითხიც დადგა. საერთოდ, გვიანი შუასაუკუნეების საქართველოში ბაგრატიონთა სამეფო შტოების ურთიერთდამოკიდებულების პრობლემა მწვავედ დაისვა – მხედველობაში გვაქვს ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა სამეფო სახლების დინასტიური ბრძოლა და ქართლის თავადთა ,,ლეგიტიმისტური მოძრაობა'':

ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ, მიუხედავად ირან-ოსმალეთის აგრესიისა, XVI-XVIII სს-ის ქართულ სამეფოთა ტახტებზე (მცირე გამონაკლისით იმერეთში) მხოლოდ ბაგრატიონთა საგვარეულო სახლის წარმომადგენელნი ადიან, რაც უპირველესად მტკიცე ისტორიული ტრადიციით აიხსნება – საქართველო და ბაგრატიონები იმდენად განუყოფელ ცნებებად იქცნენ, რომ მძიმე ვითარებაშიც კი სამეფო დინასტიის შეცვლის საკითხი არ ისმება. ბაგრატიონთა დინასტიის შეცვლის მცდელობა თუ მათი სამეფო ტახტიდან ჩამოშორება ქართველობის წინააღმდეგ ბრძოლად აღიქმებოდა და დამპყრობლისათვის მწვავე უკურეაქციის საშიშროებას შეიცავდა, ამიტომ ირან-ოსმალეთი იძულებულია ბაგრატიონთა საგვარეულოს ასეთ ფუნქციონირებას ანგარიში გაუწიოს. როცა რუსეთის იმპერიამ ბაგრატიონთა მეფობა გააუქმა, ქართველი ბატონიშვილები ხაზგასმით აღნიშნავდნენ (კერძოდ, იულონ ბატონიშვილი), რომ ,, ...наш царский дом, процветавший во времена великого Юстиниана, уцелел даже до сего времени; если это допустило право персидских государей – тиранов, то тем более имеем мы несомненную надежду, что смилуется над нами христианский цар''. იგივეს ამბობს დავით ბატონიშვილიც. თვითონ ბაგრატიონთა სამეფო სახლში არსებობდა მტკიცე აზრი, რომ ბაგრატიონთა გვარის გარეშე საქართველოს მართვა შეუძლებელია – დარეჯან დედოფლის სიტყვებით, 1200 წელია საქართველოს მეფეებად ბაგრატიონები არიან და ,,ეს ყოველ ქვეყანაზე და მთელ ევროპაში გამოცხადებულია.''

ბაგრატიონთა დამოუკიდებელ სამეფო შტოთა ჩამოყალიბების შემდეგ, სამივე სახლის წარმომადგენელნი კვლავ თვლიან, რომ ბაგრატიონთა გარდა ,,სხუა მეფე არა უფლებულ არს ჩუენ ზედა''; ეს კიდევ უფრო ამწვავებს დაპირისპირებას და დინასტიურ ბრძოლას ქართულ სამეფო სახლებს შორის.

დაპირისპირებულ შტოთა ბაგრატიონები ყოველმხივ ცდილობდნენ მეორე სახლის წარმომავლობისა და წარსულის დაკნინებას. ქართლის ბაგრატიონთა ინტერესების გამომხატველ ისტორიულ წყაროთა ავტორები ყოველმხრივ ცდილობენ გარკვეულად მაინც გამოხატონ განსხვავება სამეფო სახლების რანგსა თუ სტატუსში – მაგალითად, ქართლის ხელისუფალთ ,,მეფის'' ტიტულით მოიხსენიებენ, სხვებს კი ,,ბატონის'' ან სხვა მსგავს ხარისხში. ასე იქცევა თვით ვახტანგ VI, როცა კახეთის მეფეს მხოლოდ ,,კახის ბატონს'' უწოდებს; ბერი ეგნატაშვილი ამ მხრივ მკვეთრ დიფერენციაციას აკეთებს – მაგალითად: ,,ხოლო ამას ჟამში წარმოუგზავნა კაცი ხონთქარმან მეფესგიორგის, და მპყრობელსა იმერეთისასა ბაგრატს, და მპყრობელსა კახეთისასა ლევანს...'' ,,ქართლოცენტრიზმის'' კლასიკური მაგალითია ალექსანდრე ამილახვარის ,,გეორგიანული ისტორია'', სადაც კახეთის ბაგრატიონები ქართლის ტახტის უზურპატორებად არიან გამოცხადებული; დაპირისპირება იქამდე მიდის, რომ ქართლის ტახტზე უცხო ძალის ხელისუფლობაც კი ურჩევნიათ, ვიდრე მეორე შტოს ბაგრატიონთა ბატონობა – ალექსანდრე ამილახვარი ვახტანგ VI-ზე ამბობს, რომ მან ,,წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია ამდენ მტერს და მთელი ქართლითურქეთის სულთანს მისცა, რათა იგი სპარსელებს და კახეთის მფლობელებს არ დარჩენოდა''.

კარგადაა ცნობილი, რომ ქართლის სამეფო ტახტზე კახეთის ბაგრატიონთა გამეფებას ქართლის ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენელთა მწვავე რეაქცია მოჰყვა; ფეოდალური ოპოზიციაც თავის მხრივ გაერთიანებული ქართლ-კახეთის სამეფოს დაშლას და მათთვის ,,საშიში მეფეების'' ქართლიდან განდევნას ცდილობს. ვახტანგ VI ჩამომავალთა საკითხი დიდხანს იდგა პრობლემად თეიმურაზ-ერეკლეს ტახტის წინაშე. ეს იყო ძლიერი ოპოზიცია, რომელიც ქართლის სამეფო ტახტზე კახეთის ბაგრატიონთა სახლის გამეფებას ბოლომდე ვერ შეეგუა. არსებულ ვითარებას კარგად ახასიათებს გაძევებული ანტონ I კათალიკოსის განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიისადმი: ,,Нине ж царствующие в Грузии не наследники престола нашего, а Грузия принадлежит деду моему и в наследство фамилии моей...'' იესე მეფის ძის – ალექსანდრე ბატონიშვილის 1759 წლის არზაში იმპერატრიცა ელისაბედ I-დმი აღნიშნულია: ,,Нине царствующие тамошнего престола не наследники, а принадлежит тот престол фамилии отца моего по линии ближним...''

აღსანიშნავია, რომ პრობლემა თავად ქართლის სახლის წარმომადგენლებმა შექმნეს. ვახტანგ VI-მ რუსეთში გამგზავრებით და იქ კავშირების ძიებით, სახელმწიფო მმართველი დინასტიის გარეშე დატოვა, რაც დიდი შეცდომა იყო. გამართლდა შანშე ერისთავის წინასწარმეტყველება ვახტანგ VI სახლისა და მის ჩამომავალთა საქართველოდან ფეხის ამოკვეთის თაობაზე: ,,ბაქარ დააბრუნე, სულ ნუ დააგდებ ამ ქვეყანას... უფრო ძალიანობა გამოგიჩნდება''. რადგან ვახტანგ VI სახლმა ქართლი დატოვა, ხოლო საგარეო ვითარება შესაბამის საშუალებას იძლევა, ამით რატომ არ უნდა ესარგებლათ თეიმურაზსა და ერეკლეს?! მითუმეტეს ვახტანგის ნაბიჯის შედეგად შეიქმნა მმართველობის ვაკუუმი, რაც დიდხანს არ შეიძლება გაგრძელებულიყო. ამ დროს, ასეთი ვითარებისა და დაშლის საპირისპიროდ, თეიმურაზ-ერეკლეს გადაწყვეტილებას ორი ქართული სამეფოს გაერთიანება და გაძლიერება მოჰყვა, რაც დიდი და პროგრესული მოვლენა იყო.

თუ ერთ დროს თავადთა რანგში მყოფი გვერდითი შტოს საგვარეულო სახლის – მუხრანბატონების ჩამომავლებს ჰქონდათ უფლება დაეკავებინათ ქართლის ტახტი, რატომ იგივე არ შეეძლო, ქართლის მეფეების არყოფნის პერიოდში, თეიმურაზ-ერეკლეს სახლს?! მივუდგეთ ამ საკითხის განხილვას ისტორიული წარსულის თვალსაზრისით:

XV ს. 60-იან წლებში საქართველოს სამეფოს დაშლა რეალობაა; 1490 წ. კონსტანტინე II-ის დარბაზის გადაწყვეტილება ერთია, ხოლო მწარე პოლიტიკური რეალობა მეორე. ყალიბდება ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფო შტოები: ქართლის ბაგრატიონები სამეფო გვარის უპირველესი შტოა, მისი მამამთავარია კონსტანტინე II. ლეგიტიმიზმის თვალსაზრისით, ხაზი უნდა გაესვას, რომ იგი არაკანონიერი ,,მეფის'' – ,,ჯერეთ არ კურთხეული'' ბაგრატიონის – დიმიტრი ,,პროვინციის მეფის'' ჩამომავალია. თუ ერთიანი ქართული მონარქიის დაშლის იურიდიულ გაფორმებად 1490 წ. დარბაზის გადაწყვეტილებას მივიჩნევთ, მაშინ ქართლის ბაგრატიონები ოფიციალურად არსებული ერთიანი ქართული სახელმწიფოს უკანასკნელი ხელისუფლის ჩამომავალნი გამოდიან – თუმცა, როგორც ითქვა, პოლიტიკური რეალობა სხვაგვარია. ერთიანი სამეფოს ბოლო მეფეა გიორგი VIII – 1466 წლიდან კი იგი კახეთის ბაგრატიონთა სამეფოს სახლის მამამთავარია. ამდენად, კახეთის ბაგრატიონები რეალურად ერთიანი საქართველოს ბოლო მეფის ჩამომავალნი არიან. ამიტომ, ისინი ,,რიგითი'' ფეოდალები (როგორც ზოგჯერ უწოდებენ) ან უზურპატორები კი არა, თავისი წარმომავლობით ბაგრატიონთა იმ შტოს პირდაპირი ჩამომავალნი გამოდიან, რომელიც სათავეს ერთიანი ქართული სახელმწიფოს უკანასკნელი მეფისაგან (გიორგი VIII) იღებს. დაშლის შედეგად ე.წ. ,,ბატონიშვილობის საკითხი'' ძალიან გამწვავდა, მართალია გაქრა ,,პროვინციის მეფეთა'' ინსტიტუტი, მაგრამ საპირისპიროდ სამეფო სახლის სხვადასხვა განშტოება წარმოიშვა – ,,ბაგრატიონად თქმულთა'' რიცხვი მომრავლდა, ზოგიერთი მათგანი კი თავადის რანგშიც მოგვევლინა.

XVI ს. ქართლის ბაგრატიონთა რამდენიმე შტო ჩამოყალიბდა: ლუარსაბ I-ის, დაუთ-ხანის...   XVII ს. პირველ ნახევარში ქართლის პირდაპირი სამეფოს შტოს არსებობა შეწყდა ლუარსაბ II-ის, სიმონ II-ისა და როსტომ ხანის შემდეგ. სიმონ I დიდის ძმის, სავახტანგოს ,,პატრონის'' ვახტანგის ჩამომავალნი ქართლში ფეხს ვერ იკიდებენ. სხვა გვერდითი შტოები უკვე თავადის რანგში არიან – გოჩაშვილნი, ბაგრატიონ-დავითიშვილები, რამაზიშვილები. ამ განშტოებათა ლეგიტიმიზმზე, ბუნებრივია, საუბარი არ გვიხდება.

XVI ს. დასაწყისში ყალიბდება ქართლის ბაგრატიონთა კიდევ ერთი უმცროსი შტო – მუხრანბატონები; იოანე ბატონიშვილის სიტყვებით, ისინი იყვნენ ,,მეორისა ხარისხით ბაგრატოანად წოდებულნი და პირველნი თავადნი''. ქართლის ბაგრატიონთა უფროსი შტოს შეწყვეტის გამო, ქართლის მეფე ხდება როსტომ მეფის შვილობილი, გათავადებული განშტოების ჩამომავალი – ვახტანგ V (,,შაჰნავაზი''), ანუ თავადი მუხრანბატონები ქართლის სამეფო ტახტის ლეგიტიმური მმართველნი ხდებიან. ,,მუხრანბატონებად'' კი ვახტანგ V-ის უმცროსი ძმის – კონსტანტინეს შთამომავალთა შტო ყალიბდება. როგორც აღინიშნა, მუხრანბატონთა გამეფებული ეს შტო ვახტანგ VI-ის მეთაურობით რუსეთში გადასახლდა – შემდგომში ბაგრატიონთა ამ განშტოების წარმომადგენლებს აღარ უმეფიათ.

მუხრანბატონები ქართლის სამეფო ტახტზე ლეგიტიმურნი ხდებიან როსტომის მიერ ვახტანგის (ბახუტას) შვილობისა და ირანის შაჰის მხრიდან მათი ცნობის შემდეგ. ასევეა კახეთის ბაგრატიონების შემთხვევაშიც – რომანოვებმა 1783 წლის ტრაქტატით, სწორედ ერეკლე II-ის შტოს ლეგიტიმურობა სცნეს ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე; სხვათაშორის, ირანი მათაც უჭერს მხარს, კერძოდ, თეიმურაზს. მთავარი კი ის არის, რომ თეიმურაზის შტო კანონიკურადაა კურთხეული, თანაც სვეტიცხოველში ქრისტიანული წესით. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თეიმურაზ II თეიმურაზ I-ის ჩამომავალია, რომელიც უკვე იჯდა ქართლის ტახტზე; თეიმურაზ II-ის მამა – ნაზარალი-ხანი (ერეკლე) ასევე ფლობდა ქართლს; ვახტანგ VI-ის შემდეგ ქართლი კონსტანტინეს გადაეცა, რომლის ძმა და მემკვიდრეც სწორედ მეფე თეიმურაზ II-ა. ამ დროის, შემდგომი მუხრანბატონები (დღეს მხოლოდ ამ შტოს ჩამომავალნი არსებობენ) პირველ მუხრანბატონთა უმცროსი განაყოფი და მათი შთამომავალნი არიან; აღნიშნული შტოს არც ერთ წევრს არასოდეს არ უმეფია, თავადთა წოდებას ეკუთვნიან და როგორც ყმა, ვასალნი, ისე ემსახურებიან სამეფო ტახტს. ამ გვერდითი შტოს წარმომადგენლებს სამეფო ტახტის არსებობის ხანაში ფიქრიც არ ჰქონდათ გამეფებაზე – ასეთი იყო ერეკლე II-ისა და მისი მოხელის იოანე მუხრანბატონის ურთიერთობაც – ერეკლე II-ის წყალობიდან: ,,თქვენ ჩვენზე ერთგულობა და თავდადებით ნამსახურობა რომ ვიცანით... გიბოძეთ დეა წყალობა გიყავით, თქვენის ოჯახის ნაქონი ჩვენის კარის სახლთხუცობა...''

ქართლის მოსახლეობის მხოლოდ ერთი ნაწილია კახეთის ბაგრატიონთა გამეფების წინააღმდეგი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ სამეფოს მეორე დიდი ნაწილი 1744 წელს თეიმურაზისა და ერეკლეს გამეფებასაღფრთოვანებით შეხვდა: ,,კ (20) წელს გადევლო და მემკვიდრე-მეპატრონე აღარავინ მჯდარიყო ქართლსა. ამისთვის უფრო სიხარული ჰქონდათ, მემკვიდრე ქრისტეს მოყვარე მეფე დაუჯდათ და ამით ყოველი შეჭირვება დაავიწყდათ ქართველთ'' (პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი). ეს მნიშვნელოვანი და პროგრესული მოვლენა იყო, მაგრამ, შესაბამისად, ურთულესი საქმეც, რაც თეიმურაზ-ერეკლეს შესანიშნავად ესმოდათ. პროგრესული საქმე ძმათა სისხლის ღვრის გარეშე უნდა განხორციელებულიყო, რასაც შორსმჭვრეტელური დიპლომატიური ნაბიჯები სჭირდებოდა – ამ მიზნით ძალზე ჭკვიანურად წინ წამოიწია თეიმურაზ მეფის მეუღლისა და ვახტანგ VI-ის ასულის – თამარ დედოფლის პიროვნებამ; პროგრესისა და გაერთიანებისათვის მებრძოლმა დედოფალმა ნადირ-შაჰის ნდობისა და ქართლის თავადთა ანტიკახური განწყობილების შენელების საქმეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. საერთოდ, თამარის – ვახტანგ VI-ის ასულობა და თეიმურაზის ცოლობა ქართლის ტახტზე ფეხმოკიდების რთული საკითხისა და ლეგიტიმურობის გასაღებად იქცა. ასეთ ვითარებაში, რუსეთში გადახვეწილ ქართლის ბატონიშვილებს საყრდენი საფუძველი სულ უფრო ეცლებათ, მათ რეალურად ქართლისათვის აღარაფრის შეთავაზება აღარ შეუძლიათ. ამ ფონზე თეიმურაზ II-ს ერთობლივად შეეძლო განეხორციელებინა ქრისტიანული მმართველობის აღდგენა, სიმპათიების მოპოვება რუსეთთან და ლოიალობა ირანთან ურთიერთობაში; თეიმურაზ-ერეკლეს ტახტმა ფაქტობრივად დამოუკიდებელი და გაერთიანებული აღმოსავლეთ საქართველო ამიერკავკასიის ჰეგემონად აქცია, აწარმოა გამიზნული საშინაო პოლიტიკა წესრიგისა და ქართული სახელმწიფოებრივი სტრუქტურების დასახვეწად... ასეთ შედეგებს ქართლის ფეოდალთა ,,ლეგიტიმისტური მოძრაობა'' წინ ვეღარ დაუდგებოდა – ამ ეტაპზე ერეკლე II-ის მმართველობის შედეგად, ქართლ-კახეთის თავადთა უდიდესი ნაწილი მხარს ,,პატარა კახის'' პოლიტიკას უჭერს.

რა ვითარება შეიქმნა თეიმურაზ-ერეკლეს ჩამომავალთა რუსეთში იძულებით გადასახლების შემდეგ:

თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ XVI-XVIII სს. რუსეთში გადასახლებული ბაგრატიონთა გვარის ყველა წარმომადგენლისათვის დინასტიური სტატუსის ცნობა-აღიარება უკლებლივ ხდებოდა. ოფიციალურ აქტებში ისინი ბატონიშვილებად (Царевичи) და პრინცებად იწოდებოდნენ, რუსეთის ხელისუფლება მათ იმავე რანგში განიხილავდა, როგორც სხვა უცხოურ სახელმწიფოთა მსგავსი რანგის წარმომადგენლებს, მაგ., როგორც რუსეთში მოღვაწე გერმანელი პრინცები. რუსეთის მიერ ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმების შემდეგ საიმპერატორო კარი სამეფო სახლის წევრების ხარისხში მხოლოდ ქართლ-კახეთის ბოლო მეფეების უახლეს შთამომავლებს განიხილავს. დაპყრობის შემდეგ რუსეთში ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის შვილები და ცოლები დედოფლისა და ბატონიშვილის ტიტულს ინარჩუნებდნენ. მათ შთამომავლებს 1833 წ. 25 აპრილის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭათ ტიტული – თავადი გრუზინსკები, იმერეთის მეფის შთამომავლებს კი – იმერეტინსკები. 1842 წ. 18 ივნისის მინისტრთა კომიტეტის სპეციალურ დოკუმენტში – ,,О способах для упрочения состояния членов бывших царских домов Грузии и Имеретии'' ,,საქართველოს ყოფილი სამეფო სახლის'' წევრებად მხოლოდ ერეკლე II – გიორგი XII-ის ჩამომავლებია დასახელებული: ერეკლეს ძე ფარნაოზი, გიორგი XII-ის ძეები – თეიმურაზ, მიხეილ, ილია, ოქროპირი, ირაკლი... ,,იმერეთის ყოფილი სახლის'' წევრებად კი დავით II-ის შვილი – კონსტანტინე, თავადი ალექსანდრე და დიმიტრი გიორგის ძეები – ბაგრატიონ-იმერეტინსკები. მათზე რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით გარკვეული პრივილეგიები ვრცელდებოდა.

1865 წ. 20 ივნისის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით – ,,О предоставлении титула светлости потомкам последних царей Грузии и Имерети, происходящим от мужского поколения, князьям Грузинским и Имеретинским'' – ეს ტიტული მიენიჭათ მხოლოდ ქართლისა და კახეთის მეფეების ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის ჩამომავლებს და იმერეთის მეფეების ალექსანდრე V, სოლომონ I-ისა და დავით II შთამომავალთა ნაწილს; ამ დროს პიროვნებათა სია, ვისაც ეს ტიტული ერგო, უფრო განივრცო, კერძოდ, იგულისხმება სოლომონ I-ის ძმის ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავლები. ხაზგასმულია, რომ იგი არ მიენიჭა არც ერთ სხვა შტოს, მათ შორის არც ვახტანგ V-ის განშტოების წარმომადგენლებს.

რუსეთის ხელისუფლების მიერ ,,თავადის'' ღირსება დაუმტკიცდა ბაგრატიონთა რამდენიმე შტოს – 1825 წ. 20 სექტემბრისა და 1826 წ. 25 მარტის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი ცნობილ იქნენ თავადის რანგში, კერძოდ, ქართლის სამეფო სახლიდან ვახტანგ VI-ის პირდაპირი შთამომავლები (სენატის 1859 წ. 29 მაისის გადაწყვეტილებით, ისინი ასევე დამტკიცებულ იქნენ თავადის ღირსებაში ,,საგვარეულო წიგნის'' (Родословная книга) V ნაწილში შეტანით), თავადი ბაგრატიონები და თავადი ბაგრატიონ-მუხრანსკები (მათი მხოლოდ რამდენიმე განშტოება) და კახეთის სამეფო სახლის უმცროსი შტო – თავადი დავიდოვები და ბაგრატიონ-დავითიშვილები. ყურადსაღებია, რომ ეს შტოები მხოლოდ თავადის რანგს აღწევენ, მაგრამ სხვა სპეციალური ტიტული, როგორც ბაგრატიონ-გრუზინსკებსა და ბაგრატიონ-იმერეტინსკებს, არ მიუღიათ.

რომელმა შტოებმა მოაღწია ჩვენამდე:

ლიხთ-იმერეთის ბაგრატიონთა შტო პირველად დავით ნარინის შთამომავლების დროს ჩამოყალიბდა, რომელიც 1402 წ. შეწყდა. იმერეთის ბაგრატიონთა მამამთავრებია ბაგრატ VI, წარმომავლობით ალექსანდრე I დიდის ძმის (გიორგი) შვილი. ეს განშტოება ყველაზე ადრე ცდილობს ბაგრატიონთა ძირითადი შტოდან გამოყოფას. საიმპერატორო კარის ნებართვით, მისი ჩამომავალი სოლომონ I შტოს წარმომადგენელნი ,,ბაგრატიონ-იმერეტინსკებად'', ხოლო დავით II-ისა კი ,,იმერეტინსკებად''იწოდნენ. 1900 წ. ვარშავის გენერალ-გუბერნატორის, თავადის ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკის გარდაცვალების შემდეგ ბაგრატიონთა გვარის ამ შტოში უფროსობა სოლომონ I ძმის – ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავალს – თავად დავით ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკის გადაეცა, რომლის ასული ნინო ბაგრატიონი დღეს თბილისში ცხოვრობს.

რუსეთში მცხოვრები ვახტანგ VI-ისა და მისი ძმის – მეფე იესეს შთამომავლების შტო XX ს. დასაწყისში შეწყდა – 1919 წ. თავად დიმიტრი პეტრეს ძე ბაგრატიონის გარდაცვალებით ბაგრატიონთა სახლის ამ შტოს არსებობა დასრულდა. რაც შეეხება დარჩენილ უმცროს დინასტიურ ხაზს – 1921 წ. რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაპყრობის შემდეგ ბაგრატიონ-მუხრანელების წარმომადგენელთა ერთი ნაწილი დას. ევროპაში გადასახლდა – მათი შთამომავლები ცხოვრობენ საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში და ა.შ.; ისინი დაუნათესავდნენ ევროპის სხვადასხვა სამეფო სახლების წარმომადგენლებს. XX ს. 40-იან წლებში, გარკვეული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, აქტუალური გახდა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეობის საკითხი და სწორედ ამ დროს ამოტივტივდა გათავადებულ მუხრანბატონთა უმცროსი შტო. 1946 წ. 5 დეკემბრის აქტით რუსეთის ტახტის მემკვიდრემ – ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვმა ხელი მოაწერა ბაგრატიონთა სახლის სამეფო ღირსების აღიარების აქტს და ოფიციალურად სცნო ეს განშტოება უფროსად ბაგრატიონთა საგვარეულოში. 1957 წ. მამის – გიორგი ალექანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელის გარდაცვალების შემდეგ ირაკლი ბაგრატიონი საქართველოს სამეფო სახლის მეთაურად გამოცხადდა. მისი მემკვიდრე გიორგი ბაგრატიონი დღეს ესპანეთში ცხოვრობს.

ისტორიულად დღევანდელი ბაგრატიონ-მუხრანელები ბაგრატიონთა სამეფო სახლის გვერდითი შტოს – მუხრანბატონთა უმცროსი განაყოფის ჩამომავალნი არიან, ისინი ყოველთვის თავადთა რანგში იყვნენ, ქართული სამეფოების არსებობის ხანაში გამეფება არც უცდიათ და როგორც ვასალნი ისე ემსახურებოდნენ იგივე ერეკლე II-ის სამეფო ტახტს. აქედან გამომდინარე, რა მდგომარეობა გვაქვს მთავარი შტოს – ქართლ-კახეთის უკანასკნელ მეფეთა შთამომავლების თვალსაზრისით:

1880 წ. მეფე გიორგი XII-ის შვილიშვილის – იოანე გრიგოლის ძე გრუზინსკის გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის მეფეთა გვარში უფროსობა მეფე გიორგი XII-ის ვაჟის – ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავალთა ხაზზე გადავიდა. 1888 წ. დავით ბაგრატის ძე გრუზინსკის გარდაცვალების შემდეგ გვარში უფროსობა მის ძმისშვილს პეტრე ალექსანდრეს ძეს გრუზინსკის გადაეცა; გიორგი XII-ის შვილიშვილის – ოლღა გრუზინსკის ჩანაწერიც ადასტურებს, რომ ,,Петр, ныне старший в царском роде''... ამ პეტრეს შვილიშვილია დღეს თბილისში მცხოვრები ნუგზარ პეტრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი.

 

ლიტ.: მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულები შეადგინეს: მზია სურგულაძემ და მიხეილ ქავთარიამ, თბ., 1995.

ს. ბიჭიკაშვილი, დ. ნინიძე, ა. მხეიძე, ბაგრატიონები, თბ., 1995.

დ. ნინიძე, ,,პროვინციის მეფეები'' XIV-XV საუკუნეების საქართველოში, თბ., 1995.

დ. ნინიძე, მუხრანბატონები, თბ., 1997.

დ. ნინიძე, ,,გუარი მეფეთა ბაგრატიონთა'' – გოჩაშვილნი, თბ., 1998.

დ. ნინიძე, ,,აქა ანბავი თვალდამწვრიანთა'' (ბაგრატიონ-დავითიშვილები), თბ., 1999.

Дворянские роды Российской Империи, 1721-1917, т. III. Князья, М., 1996.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq