საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

ლოვარდ ტუხაშვილი - დიდი შემობრუნება
ლოვარდ ტუხაშვილი



,,ჟამი რაი წვლილთა და ხმელთა

აღმოფშვინვათაი წარმოდგეს,

ზარი მეფობისაი წარხდეს და დიდებაი დაშრტეს.

შვებაი უქმ იქმნენ,

ყვავილოვნებაი დაჭნეს,

სხვამან მიიღოს სკიპტრაი,

სხვასა შეუდგნენ სპანი,

მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო’’.

ეს სიტყვები ეკუთვნის XII საუკუნის პირველი მეოთხედის უდიდეს მოაზროვნესა და პოლიტიკურ მოღვაწეს დავით გიორგის ძე ბაგრატიონს - დავით IV აღმაშენებელს, რომელმაც სიცოცხლის ბოლოს შექმნა პარნასის სადარი ნაწარმოები, მარიამ ღვთისმშობლისადმი მიმართული ,,გალობანი სინანულისანი’’

დავით IV - ვითარცა პოლიტიკოსი, და დავით IV - ვითარცა პოეტი, ერთი შეხედვით მთლიანად დაპირისპირებულნი არიან ერთმანეთთან. პრაგმატიკოსი მეფე მკვეთრი კატეგორიულობით ახორციელებდა რაციონალისტურ პოლიტიკას. სიკეთის სამსახურში ძალას აყენებდა. იყო მკაცრი, დაუნდობელი; არ იცოდა პატიება; იგი ქვეყნად მოვიდა ,,მახვილად მესიისა’’. მეფე-პოეტი კი საკუთარი ქმედების უსასტიკესი მსაჯულია: გამოაცხადა რა თავი ყველაზე დიდ ცოდვილად, საკუთარ თავზე აიღო კაცობრიობის ყველა დიდი დანაშაული. საფუძველი ამ დანაშაულისა კი ის არის, რომ ადამიანი (ადამიანური ,,ეგო’’, ე.ი. ,,მე’’) მთლიანად გაემიჯნა ღმერთს (ღვთაებრივ ,,ეგოს’’ - ,,მეს’’). არადა, პირველი კაცი-ადამი ხომ საკუთარ ხატად დაბადა შემოქმედმა. ღვთაებრივისა და ადამიანურის ურთი           ერთდაშორება წყაროა ათასგვარი უბედურებისა.

,,გალობანი სინანულისანი’’ არის ჰიმნი ადამიანზე, რომელიც სამყაროს საფეხურების დაღმავალი და აღმავალი სვლით შინაგან განწმენდასა და სრულქმნას აღწევს’’ (ლ. გრიგოლაშვილი). ჩვენ დავსძენთ, დავით აღმაშენებელი არის მსოფლიოში ერთადერთი დიდი პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც მოახერხა სატანისებური ძალაც კი სიკეთის სამსახურში ჩაეყენებინა. ამავე დროს, იგი ერთადერთია, ვინც საკუთარი ქმედების პოეტური განსჯით მოგვცა მონანიების გზით სულიერი კათარზისის (თვითგანწმენდის) ბრწყინვალე ნიმუში. აი, რა დაუზოგველად ამათრახებს საკუთარ თავს ჩვენი საამაყო  მეფე: ,,ბუნებითნი რაი ძალნი არასჯულთაებრ ვიხუმრე’’; ,,ბილწთა მონებად მივჰყიდე თავი’’, ,,სჯული დავთრგუნე’’, ,,მხეცთაგან შეზავებულსა მხეცსა ვემსგავსე’’, ,,წურბელის მსგავსად ვერ მაძღარი სხვათა სოფლისა კიდეთა ვეძებ დამპყრობად’’, ,,ბოროტად გადავხედე საზღვართა’’, ,,სახლი სახლსა შევრთე’’, ,,ვიღწვი უმეზობლობასა’’, ,,ვძლავრე საწოლსა ჩემსა’’, ,,ვაცოდვე ერი ჩემი’’... ძრწოლვით კითხულობ ამ დაუნდობელ თვითგვემას და გეუფლება გრძნობა განსაცვიფრებელი: რა სიმაღლეზე უნდა იყოს დიდი სახელმწიფოს, საერთო-კავკასიური იმპერიის აღმაშენებელი, რომ ასე უმოწყალოდ მოექცეს თავს. არა დიდების მოთხოვნა, არა ძეგლი, არა პირამიდა და მავზოლეუმი, არამედ ცდა უკანასკნელი, რომ საშინელი სამსჯავროს წინაშე, იმქვეყნიერად თვითონ იტვირთოს ერის ნებსითი თუ უნებლიე ცოდვა. დავითის პოეზია ისეთივე სიმაღლისაა, ვითარცა მისი საქმენი. სწორედ ასეთ პიროვნებას მიესადაგება მუხრან მაჭავარიანის ლირიკული სენტენცია: ,,არა იუდა უნდა იტვირთო, უნდა იტვირთო იესო თვითონ’’!

დავით IV ბაგრატიონის შინაგანი ბუნება ასევე კარგად ჩანს მისივე ხელიდან გამოსული ორი ,,ანდერძიდან’’. ,,უკვდავი და დიდებისა მოყვარე და მეფობისა ტრფიალი მედგა ბუნება’’, წერს იგი კრძალვითი აღიარებით და სთხოვს შთამომავლობას, ასე ილოცონ: ,,უფალო ღმერთო, დავითს მიუტევენ ბრალნი მისნი სიყრმისა და ცთომილებისანი’’. თუ რაოდენ ,,ცოდვილია’’ მომნანიე ხელისუფალი, უკეთ განისჯება ასევე მის მიერ შექმნილი პოლიტიკური ფორმულიდან - ,,საქართველო - ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, ოვსეთიდგან სოერით არეგაწამდე’’. მაგრამ სანამ ეს მონახაზი ახალი ტიპის ქვეყნისა ჩამოყალიბდებოდა, ერთი წამით გადავხედოთ 900 წლის წინანდელ საქართველოს, ვიდრე 16 წლის ჭაბუკი ჩაიბარებდა სამეფო სკიპტრას. 1080 წელს დაიწყო დიდი თურქობა...

,,მოოხრდა ქვეყანა და ტყედ გადაიქცა, ნაცვლად კაცთა მხეცნი და ნადირნი ველისანი დაემკვიდრნეს. წმინდანი ეკლესიანი შექმნეს სახლად ჰუნეთა თვისთა, ხოლო საკურთხეველნი ღმრთისანი ადგილად არაწმინდებისა მათისა და მღვდელნი, რომელნიმე თვით შეწირვასავე შინა საღმრთოსა, მსხვერპლისასა მუნვე მახვილითა შეწირულნი იქმნეს და სისხლნი მათნი აღირივნეს მეუფისათა თანა. რომელნიმე მწარესა ტყვეობასა მიცემულ იქმნეს, მოხუცებულნი არა შეწყალებულ იქმნეს, ხოლო ქალწულნი გინექული, ჭაბუკნი დაკვეთებული, ჩვილნი მიმოტაცებული. ცეცხლი უცხო და მბრძოლნი, რომლითა მოიწვა შენებული ყოველ, მდინარენი სისხლთანი, ნაცვლად წყლისა ნაკადულთა, მრწყველნი ქვეყნისანი’’.

უმამაცესი იყო გიორგი II ბაგრატიონი, - თავგანწირვაც შეეძლო. ,,დასდვა სული თვის და სისხლნი ქრისტიანეთა ხსნისათვის’’. ეახლა თურქ სელჩუკთა უმაღლეს სულთანს, დროებით იხსნა სამშობლო, მაგრამ მეფის გულმოწყალე, თვინიერი ხასიათი, სირბილე, პაციფისტური სათნოება ვერ გამოდგა ეპოქის შესაფერისი. გიორგი II ვერ პასუხობდა ვერც ერთ პირობას, რასაც მის წინაშე აყენებდა რთული დრო. აი, რა მოეთხოვებოდა ქართველ მეფეს: ,,კიდეთა პყრობანი, ნაპირთა ჭირვანი, განხეთქილებათა კრძალვანი, სამეფოსა წყნარებისა ღონენი, ლაშქრობათა მეცადინეობანი, მთავართა ზაკვისა ცნობარი, მხედართა განწესებანი, საერონი, შიშნი, სახელითა და საბჭოთა სჯანი, საჭურჭლეთა შემოსავალნი, მოციქულთა შემთხვევანი და პასუხნი, მეძღვენეთა ჯეროვანი მისაგებელნი, შემცოდეთა წყალობითნი წვრთანი, მსახურებელთა ნიჭმრავლობანი, მოჩივართა მართალი გამოძიებანი, მოსაკითხავთა შესატყვისნი მოკითხვანი, სპათა დაწყობანი და ღონიერი მიმართებანი’’.

დაშლილ-დაქუცმაცებულ, მტერთაგან შეურაცხყოფილ საქართველოს ღმერთის ნაბოძები სასწაული თუ გადაარჩენდა. და აი, ,,...იწყეს ნიავთა ცხოვრებისათა მობერვად და ღრუბელთა მაცხოვარებისათა აღმოჭვირობად, ვინაიდან ათორმეტსა წელ ჭირთა განგრძობად ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან. დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგამან დავით ღმრთისა მამისაგან და თვით სამოცდამეათვრამეტმან შვილმან ამის დავითისამ (ე.ი. დავით წინასწარმეტყველის 78-ე ჩამომავალმა - ლ. ტ.) დავითმან’’. ,,თვით მამამან დაადგა გვირგვინი’’.

რა თქმა უნდა, ისტორიკოსის მითითება, რომ დავით IV-ს ,,თვით მამამან დაადგა გვირგვინი’’, ფრიად საეჭვოა. გიორგი II ჯერ კიდევ 34-35 წლის ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო, როდესაც დათმო ხელისუფლება. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ 1089 წელს დავით IV მხოლოდ თანამოსაყდრედ, ე.ი. თანამმართველად აკურთხეს. არც ეს უნდა იყოს სწორი. გიორგი II ფორმალურად დარჩა სახელმწიფოს მეთაური, მეფეთ-მეფე. შეინარჩუნა გარკვეული ფუნქციაც, მაგრამ ქვეყნის მართვის საჭე მთლიანად ხელში აიღო დავით აღმაშენებელმა. ამ დროს საქართველოში მოხდა უსისხლო სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც მოაწყო ,,ფილოსოფოსთა და სპასალართა სამხედრო-სასულიერო ორდენმა’’ დიდი გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის მეთაურობით.

დავით აღმაშენებლის აღსაყდრება სრულიად ახალი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური კონცეფციის გამარჯვება იყო. ამ კონცეფციას ლიტერატორებმა ,,დავითიზმი’’ უწოდეს (ა. ბაქრაძე). დავითიზმი ქართული მესიანიზმია, ცდაა ჯერ ბიზანტიზმის სრულყოფისა, შემდეგ კი ბიზანტიზმისგან გაქცევისა. ეს იყო დრო, როდესაც ბიზანტიის ორბიტაზე ტრიალი პროვინციალიზმად იქცა. ამ ორბიტიდან გასხლტომა კი მსოფლიო არენაზე დამოუკიდებლად დამკვიდრებას ნიშნავდა. დავით IV-მ შეძლო შემობრუნება. მან დაარღვია ის, რასაც იოანე საბანისძე უწოდებდა

,,მამულისა ჩვეულებისამებრ სვლას’’. მან ჯერ გააჩერა დრო, მერე უბიძგა და მხარი უცვალა მიმართულებას. მან ქართველობას დინამიზმი მიანიჭა, აქტიური დინამიზმი, პერმანენტული, აღმავალი სრბოლა. დავით აღმაშენებელი აიძულებდა ქართველობას ემოძრავათ, ყოფილიყვნენ საკუთარი ბედის გზამკვლევნი. იგი მათ ,,აუცილოებდა’’, ე.ი. მოცლას არ აძლევდა, იღებდა მათგან პოტენციალის ნაწილს, სწორხაზოვანს ხდიდა დაუნჯებულ ენერგიას. დავითისეული ქართველი მუდმივ ტრიალშია. ან ხმალი უჭირავს, ან გუთანი, ანდა კალამი. ეს დამთრგუნველი მეთოდი იყო, ძნელად მოსანელებელი, თითქმის აუტანელი. ,,ბელადთა ერი’’ - ქართველობა დიდი მესაჭის ხელში უზარმაზარი სტიქიაა, ერთად შენივთებული კოლოსალურ ძალას ავლენს. ამის საუკეთესო მაგალითია დიდგორი. არისტოკრატია ვერ ეგუებოდა გამაერთიანებელ წნეხს, - თავისუფლებისაკენ ისწრაფოდა. ფეოდალთა თავისუფლება კი ქვეყნის ანარქიაა. გამაერთიანებელი, რეფორმატორი მეფე ყელში უჭერდა მეამბოხეებს, ძელზე სვამდა, აძევებდა, თავებს აჭრიდა, სისხლში ახშობდა და ასეთი ძალადობის მეთოდით, პირადი თავისუფლების დათრგუნვით ხელს უწყობდა დიდი საქართველოს თავისუფლებას.

და აი, შედეგიც: დავით IV აღმაშენებელმა ,,სულტანი მოხარკედ დასვა თვისად, მეფე ბერძენთა - ვითარცა სახლეული თვისი, დასცა წარმართნი, მოსრნა ბარბაროსნი, მრწემად მოიყვანნა მეფენი, ხოლო მონად ხელმწიფენი, მეოტად წარაქცივნა არაბნი, იავარნა ისმაიტელნი, მტვერად დასხა სპარსნი, ხოლო გლეხად მთავარნი მათნი... პირველყოფილნი მეფენი, გოლიათნი, გმირნი კაცნი იგი, საუკუნითგან სახელოვანნი, ყოველნივე, ესრეთ დასხნა, ვითარცა პირუტყვნი ყოველთა საქმისა შინა’’.

,,დავითიზმი’’ ქართველთა არსებობის დროის ღერძზე განსაკუთრებული სიმაღლეა. დავით IV-მ შეკრა პოლიტიკური უნისონი ქართველთა. ახალი ტიპის საქართველო შენდებოდა, ახალი ტიპის ქართველი იბადებოდა. საერთო-კავკასიური იმპერია იწყებდა აღმობრწყინებას ვითარცა მთიები! აღმობრწყინებას ქართულად, ქართული შინაარსით; მთელი კავკასია ქართველდებოდა. ახალ ქვეყანას ეწოდებიდა ,,საყდარი დავითიანი’’. იგი ძველი საქართველოს (,,ტახტი ვახტანგეთის’’) ამაღლება იყო.

აღეშენებოდა სახელმწიფო მსოფლიო მნიშვნელობისა. დავით აღმაშენებლმა მოახდინა ეროვნულ ძალთა სრული მობილიზაცია. იგია გამაერთიანებელი, გამათავისუფლებელი, თბილისის გამომხსნელი 400-წლიანი ტყვეობიდან; იგია დიდი რეფორმატორი, იდეოლოგიის მომწესრიგებელი. დავითის შემდეგ ,,ქართველნი’’ არ ნიშნავს მხოლოდ მართლმადიდებელს. XII-XIII საუკუნის ,,ქართველობა’’ კულტურული ფენომენია. ქართული კულტურა კი უფრო დიდი სიმაღლეა, ვიდრე სწორხაზოვანი ქრისტიანიზმი. ქართველობა სოციალურ-ეკონომიკური, ტერიტორიული, ენობრივი, ფსიქიკური ერთობის თავისებური კრებადობაა. მოგვიანებით ამ ნიშანთა ერთობლიობას სხვა ფუნქცია მიენიჭა - გახდა პოლიტიკური მინიმუმი ქართველთა არსებობისა. ,,ქართველთა ღმერთმა’’ დავითმა სატანური ძალა ჩააყენა სიკეთის სამსახურში. არ ვიცით, გააფორმა თუ არა მან ,,ხელშეკრულება სატანასთან’’, ფაქტი ერთია, მის აღმაშენებლობას თანაბრად განსაზღვრავს ორგვარი იარაღი: ნაჯახი და მახვილი. ნაჯახი უხვად ირჯებოდა ,,რობესპიერის მეძავი გილიოტინასავით’’, მახვილიც ბასრად ჰკვეთდა გარე სამანებს...

გახანგრძლივებული პოლიტიკური უნისონი უკვე ძალადობაა. ისტორია არც ძალას უარყოფს, არც ძალადობას. ძალა პროცესის დამაჩქარებელია ხშირად, ძალადობა კი ზოგჯერ პროგრესის ,,ბებია-ქალი’’. განა მძლავრი არ იყო პეტრე პირველი? ნაჯახით ევროპულად შემოსა პირქუში ბოიარობა, რკინის მუშტით გამოტეხა ფანჯარა ევროპაში. სანკტ-პეტერბურგი (ევროპული, ე.ი. პროგრესისკენ მაცქერალი რუსეთის სიმბოლო) ადამიანთა ძვლებზეა აშენებული. რუსმა ხალხმა ყველაზე სასტიკ მეფეს დიდი უწოდა.

მძლავრი იყო დავით IV-ც. ,,ცოდვათა’’ განსაწმენდად ანდერძად დაიბარა - გელათის კარიბჭეში დამმარხეთ, - მომლოცველებმა ზედ გადამიარონო. დიახ, მძლავრი იყო დავით IV. მსახვრელი მტერთა. ეს მან შექმნა პირველად ქართულ სინამდვილეში საოცრად ქმედითი ,,საიდუმლო პოლიცია’’. აი, რას ამბობს მემატიანე: ,,პირველად ორგულობასა და ზაკვასა და ღალატსა რასამე ვერვინ დიდთა ანუ მცირეთაგანი იკადრებდა მოგონებადცა, არა თუ თქმად ვისდა; არც თუ მეუღლესა და ცხედრეულსა თვისსა თანა, ანუ მოყვასსა თვისსა, გინა ყრმათა თვისთა თანა, ვინაითგან ესეე მტკიცედ უწყოდა ყოველმან კაცმან, რომელი პირით აღმოსვლასავე, თანა სიტყვასა საცნაურს ქმნილი არს უეჭველად წინაშე მეფისა’’. ტოტალურმა დაზვერვამ შიში დასცა ყველას... ,,ამისათვის ვერავინ განიზრახა ღალატი... არამედ იყო ყოველთაგან საკრძალუავ და სარიდო, ვერც მღვდელ-მოძღვარნი, მღვდელნი, დიაკონნი, მონაზონნი, ყოველთა კაცნი საერონი ვერ იკადრებდდიან უწესოთ სვლათ შიშით მისითა’’. ,,ვინაითგან უწყოდნენ არა-რის დაფარულობა წინაშე მისისა’’.

იყო ,,შიში და ზარი’’. თვით მემატიანესაც ეტყობა შიში: ,,ნუ ამას ეძებ მკითხველო, თუ ვითარც იქმოდა ასე’’... ე.ი. არ გვიმხელს დავითისეული დაზვერვის შინაგან მექანიზმს, ოღონდ მიუთითებს: ,,...არამედ ამას ცნობდე, თუ რა სარგებელი პოვოს ამათ მიერ’’. ასეთ პოროვნებას ხალხმა ,,აღმაშენებელი’’ უწოდა. განა ესოდენ მკაცრ ,,უნისონს’’, მემატიანემ რომ დაგვიხატა და თვით დავითმა დაგვიდასტურა, არ ახლდა გადახვევები? განა მეფის ყველა ინფორმატორი კეთიშობილური მიზნით მოქმედებდა? ამას ხომ გამორიცხავს ადამიანთა მანკიერი ბუნება. ალბათ ბევრი უდანაშაულო თავიც გაგორდა მაშინ შეცდომით თუ აშკარა ქვენაგრძნობითი დასმენით. მეფის ,,მაბრალობელთა’’ დიდი ჯგუფიდან იქნებ საქმეთა უზენაესმა სიკეთემ ,,შიშის და ზარის’’ დამნერგავი კაცი ეროვნული გმირის წმინდა კვარცხლბეკზე აიყვანა... და აიყვანა სრულიად დამსახურებულად. ამიტომ გვჯერა ისტორიკოსისა, რომ ესოდენ სიმკაცრეს დავით აღმაშენებელი ,,არა ცუდად რადმე და განსაკითხავად საგიობელეთა საქმეთაი ანუ საკითხელად ვიეთათვისმე იქმოდა’’. ე.ი. მეფეს ძალაც, ძალადობაც, საიდუმლო სამსახურიც სჭირდებოდა სიკეთისათვის, - ძალა ძალის წინააღმდეგ ხომ სიკეთეა ყოველთვის.

დავითიზმი ბუნებრივად გადაიზარდა თამარობაში. საყდარი დავითიანი თამარმა დაასრულა. ამ ორ მოღვაწეს შორის პირდაპირი კავშირია, მაგრამ იგრძნობა უდიდესი სხვაობაც. მეფე-წმინდანმა თამარმა დაარღვია პოლიტიკური უნისონი. თამარის საშინაო პოლიტიკა შემწყნარებლობითია, ,,მგელისა და ცხვრის’’ ძმობის ჰარმონია, საგარეო პოლიტიკა - თავდაცვითი.

დავითი ძალას ემყარებოდა, თამარი - სათნოებას. შესაძლოა, ეს პროცესი ბუნებრივად მემკვიდრეობითობის გამოვლენაცაა. დავითი მხვნელ-მთესველს ჰგავს, თამარი - ჭირნახულის ამღებს. დავითის საქართველო ნაზამთრალია, თამარის - მცხუნვარე ზაფხულია, სავსე შემოდგომის დასაწყისია. დავით აღმაშენებელს არ ჰქონდა მიტევების უფლება. იგი ჰქმნიდა, ყამირს სტეხდა, ცოდვას იდებდა თავს, გამოსაშვებ სისხლს უშვებდა. თამარს უკიდეგანო სამეფო დარჩა, მდიდარი, განათლებული. მას შეეძლო ფუფუნება კაცთმოყვარეობაზე - დათმობა, პატიება. მან აკრძალა სიკვდილით დასჯა, ,,ნასაღით განპატიჟება’’.

დავით IV-ს დახვდა დაუძლურებული სამეფო, უდიდესი იმპერიული ამბიციებით, თამარს - იმპერია, ოღონდ იმპერიული ამბიციების გარეშე. დავითის მმართველობა იყო წესრიგი ექსტრემალურ სიტუაციებში, თამარის მეფობა - ექსტრემალური სიტუაციების მიღმა. თამარს არ სჭირდებოდა შენივთებული ძალა. საუბედუროდ, ნაადრევი აღმოჩნდა თამარის სათნოება... იგი ეროვნული თავისთავადობის რომანტიკული, თუმცა არასაიმედო მეთოდი გამოდგა. ,,ცხოვარივით’’ სათნო კი იყო თამარი, მაგრამ მგელ-აფთართა გარემოცვაში ცხოვრობდა. აი, რა ვერ გაითვალისწინა ,,მზეთუნახავმა ანგელოსმა’’.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq