| ქართველთა ეროვნული ხასიათი რბილი რაინდიზმია. ჩვენი რჯულთშემწყნარებლობა უნიკალურია. აფხაზთა გარდა, ყველა არაქართული ტომი ლტოლვილთა სახით შევიფარეთ. ეს ,,ისტორიული ინტერნაციონალიზმის’’ პირდაპირი გამოვლენაა, - საამაყო და სანიმუშო. შეგვიძლია ე.წ. ,,ეთნიკური სიმბიოზების’’ დათარიღებაც. ზუსტდ არის დადგენილი, ვინ, როდის და როგორ შემოვიდა. საქართველომ არ იცის ინკვიზიცია, ანტისემიტიზმი, ,,ერეტიკოსთა კოცონები’’, ,,კუდიანებზე ნადირობა’’ და ა.შ. ზოგმა ეს ძლიერებად ჩაგვითვალა, ზოგმა - სისუსტედ. ასეთი იყო ნიშატი ჩვენი, ბუნებითი ძალა ეროვნულობისა. ალბათ ერთადერთი ერი ვართ, რომელსაც საუკეთესოს აღმნიშვნელად აქვს ცნება ,,საუცხო-ო’’. ბერძნები და რომაელები სხვებს ,,ბარბაროსებს’’ უწოდებდნენ. ასევე იქცეოდნენ აქემენიანი სპარსელებიც. რა არის ,,საუცხოო?’’ თაყვანისცემა უცხოურისადმი? იქნებ თავის დადრეკაც, როგორც ეს მოხდა ევროპელთა მიმართ XVIII საუკუნის რუსეთში. არა, ეს პატივისცემაა, შინაგანი კულტურა სათნოებისა, რომელმაც ალტრუისტული შინაარსი შეიძინა და რომელიც ხშირად არასწორად იყო გაგებული. ეს თვისება ახლაც შემოგვრჩა. ასეთ ფონზე გაოცდება მკითხველი: დავით აღმაშენებელი მძლავრი? ეს ხომ მკრეხელობაა! მაგრამ დავით აღმაშენებელი აღაშენებდა არა მარტოოდენ საქართველოს, არამედ ქართველობასაც. ქართული სულის გარდაქმნისათვის უნდა შემუსვრილიყო ქართველთა მთვლემარე ბუნება, სიზარმაცე, უდარდელობა, მხოლოდ ნიჭზე დაყრდნობა, მცირედით დაკმაყოფილება. დავით აღმაშენებელმა ერთროულად წამოიწყო რამდენიმე ომი: გამათავისუფლებელი (თურქთა წინააღმდეგ მიმართული), გამაერთიანებელი (დაქუცმაცებულობის მომშლელი), სულის გამწმენდი (ეროვნული ამაღლების). დავითი წინამძღოლობდა სამამულო და სამოქალაქო ომს. ორივე ერთმანეთთან იყო ჩაწნული. დავით IV პრაქტიკულად ახორციელებდა ლოგოსის (სიტყვის, იდეის) განსხეულებას. ამ ბრძოლაში იყო შეუპოვრად თანამიმდევარი, ჯიუტად წინმსწრაფი. იგი ერთადერთი მეფეა, რომელმაც შეძლო ეპოვა ყველა პრობლემის დასასრული. ავიღოთ ბაღუაშთა არისტოკრატიული სახლის ხალხის ისტორია. ამ რენეგატებმა სისხლი გაუშრეს ბაგრატიონებს. ეს რიგითი ფეოდალური ქიშპობა არ იყო. ბაგრატიონები ერთიან ქართულ შენობას ქმნიდნენ, ბაღუაშები შლიდნენ ამ შენობას. სიცოცხლე გაუმწარეს ბაგრატ III-ს, გიორგი I-ს, ბაგრატ IV-ს, გიორგი II-ს. ხან ურიგდებოდნენ მეფეებს, ხან ებრძოდნენ. მეფეებიც ერთ მეთოდს იყენებდნენ - ხან შეიწყალებდნენ, დააჯილდოებდნენ, ხანაც შეუტევდნენ. ვერც ერთმა მოიფიქრა რაიმე ახალი. მათ ეშინოდათ დაერღვიათ არისტოკრატიული იმუნიტეტი - შეუვალობა. დავით IV-მ დასვა წერტილი, ძირიანად ამოძირკვა ,,სახლი გამამწარებელთა’’, ,,ნაშობნი იქედნესი’’. ბაღუაშთა წაქცევა ადვილი როდი იყო, ბაღუაშობა ყველა ფეოდალში იყო გამჯდარი. მეფემ ამ აქტით ომი გამოუცხადა მთელ არისტოკრატიას. მათ ე.წ. ,,შეწყალებულნი’’, ,,მსახურეულნი’’ დაუპირისპირა. რადიკალური იყო დავით IV კახეთ-ჰერეთის შემოერთების საკითხშიც. ეს უმდიდრესი ქართული ქვეყანა დიდი ხნით იყო მოწყვეტილი დედა-სამშობლოს. მისი დაბრუნება არაერთგზის სცადეს. გიორგი II ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ მან მოულოდნელად შემოხსნა ვეჯინს ალყა და ქუთაისში გადავიდა აჯამეთის ტყეში სანადიროდ. მეფის საქციელი ფრიად მოულოდნელია. ჩანს, გიორგი II არ სურდა ქართველთა სისხლის დაღვრა ქვეყნის დამაქცევარ თურქ-სელჩუკებთან ერთად. ამ პოზიციამ საშინლად გაანადგურა ივრისპირეთი და გარეკახეთი. გულმოწყალება გაცილებით ძვირი დაჯდა. დავით IV-მ ერწუხთან გრიგალივით გადაუარა თურქებსაც და მათთან შეკავშირებულ კახ აზნაურებსაც. მეფე პირადად მიუძღოდა ჯარს. სამი ცხენი მოუკლეს, მეოთხე ცხენით დაამთავრა მთელი დღის ომი... და აფრიალდა ქართული დროშები ხორნაბუჯის ზესთა გოდოლზე, ნუხა-გიშის თავზე, დარუბანდში. ქართველებმა მახვილები კასპიის ზღვაში განბანეს. საქართველოში შევიდა ქრისტიანული დასავლეთი შირვანი. ,,დავითიზმი’’ იყო საუკუნეებით ჩამოყალიბებული ქართველთა ეთნოფსიქოლოგიის მსხვრევა, რაღაც არასწორის გასწორება, ბუნებითი დაუდგომლობის წაღმართ წარმართვა. დავით IV არ აძლევდა ,,სიმშვიდეს’’ ქართველობას, აიძულებდა აქტიურობას. დიდი საქმეებისაკენ მოუწოდებდა. პატივმოყვარეობის ჭიას, გულში რომ ჰქონდა თითოეულს ცალ-ცალკე, საერთო-ქართული სიდიადის გრძნობად აყალიბებდა. განასხამდა ქართველისაგან შიშს უცხოურისადმი. მეფემ უარყო ბიზანტიური ტიტულები. არ მიიღო იმპერატორის წოდებაც. არაფერი სურდა სხვათაგან ნაბოძები. უწყოდა: ქართველი უნდა ესწრაფოდეს თვითდამკვიდრებას. თუ ეს ვერ შეძლო, უსაქმურობის ჭაობში ჩაეფლობა. შემთხვევითი როდია, რომ დიდი ცოტნე დადიანის ჩამომავლები გვიან ერთმანეთის რბევაში გაიწაფნენ. უძრავ XIX საუკუნეში ვნებააშლილი დათიკოები და მცონარა ლუარსაბები აღმოცენდნენ. აბა, ერთმანეთს შეუდარეთ XVII საუკუნის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ფეოდალები. აღმოსავლეთში გმირები სჭარბობდნენ, დასავლეთში - მეშუღლარები. განა ერთი სისხლისანი არ იყვნენ? განა ნიჭით, მოხერხებით ლევან II დადიანი ჩამორჩებოდა გიორგი სააკაძეს, თეიმურაზ I-ს, ლუარსაბ წამებულს? განსხვავება ის იყო, რომ ამიერში საგარეო მტერს ებრძოდნენ, იმიერში - ერთმანეთს. ამ სენის ამოძირკვა სურდა დავით IV-ს. მისი ლოზუნგი იყო: გარე სამანებს უნდა შეუტიოთ საკუთარი სამანების დასაცავად, თუ გარე სამანებში შენს სამანებს ემუქრებიან. დავით IV-მ თვისებრივად გარდაქმნა არისტოკრატია, გადაადგილა ტერიტორიულად. არსებობს აზრი, რომ გადაალაგა მოსახლეობაც. ჰერეთში გადაასახლა გურულებისა და ოდიშარ
| სამეფო კლუბი პატივს მიაგებს შესანიშნავ მამულიშვილს და ისტორიკოსის – ლოვარდ ტუხაშვილის ხსოვნას | თა ერთი ნაწილი და პირიქით. ამით თუ აიხსნება ტოპონიმიკური უცნაურობანი. მაგალითად, ალაზანი გურიაში და ეგრის-წყალი საინგილოში. მეფე ეროვნულ მიწა-წყალს ისევ ეროვნული ეთნოსით ავსებდა; ებრძოდა კუთხურობას; მოგვიანებით დადიანი - დასავლეთ საქართველოს მეფისნაცვალი, ქართლში იჯდა, სვანეთსა და გურიას ერთი ერისთავთერისთავი ჰყავდა, ბედიისა და ალავერდის კათედრები შეერთებული იყო, შორეულ შირვანში ქალაქი ,,აფხაზი’’ აშენდა, სვანი ფეოდალები კახეთში, კახელები კი ქვემო ქართლში საქმიანობდნენ. XII საუკუნის პირველი მეოთხედიდან აზნაურობასა და მთავრებს მუდმივი სამხედრო ვალდებულება დაეკისრათ. ეს წესი იმდენად გაჯდა ძვალ-რბილში, რომ გიორგი III-ს დროებითი ,,მშვიდობიანობის’’ დროს აუჯანყდნენ მსახურეული პირები, ომების წამოწყება მოსთხოვეს. ამიტომ ამბობს მეფის ეპიტაფიაში არსენ იყალთოელი: ,,თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალში შთამესხნეს’’, - რაც საქართველოს გამთლიანების მხატვრული ასახვაა. დავით IV იყო ქართული სულის აღმაშენებელი. მან სრულყო ეროვნული ქრისტიანიზმი. მისი საეკლესიო რეფორმა ეკლესიის სახელმწიფოსადმი დაქვემდებარება როდია. ეს პროცესი ადრევე იყო დამთავრებული. მეფემ მოახდინა ეკლესიის დემოკრატიზაცია, - დაუმორჩილა რა უშუალოდ მეფეს, სასულიერო მმართველობას საერთო გამგებლობის კონტროლი დაავალა. შეიქმნა რთული საერო-სასულიერო იერარქია, ორიგინალური როგორც მართლმადიდებლურ, ისე კათოლიკურ სამყაროში. დავით IV-მ ქართველობის ახალ თვისებრიობას საფუძვლად დაუდო წიგნიერება. ააგო გელათი ,,სხვა ათინად’’, ,,მეორე იერუსალიმად’’. განათლება ,,დავითიზმის’’ ქვაკუთხედია. დავით IV ხომ უბადლოა, ვითარცა სარდალი, მაინც სჭარბობს მასში ფილოსოფოსი. წიგნი იყო მისი საზრდო უპირველესი. წერდა და კითხულობდა ლაშქრობისას, ბრძოლათა შორის ხანმოკლე შესვენებისას. ერთ წელიწადში მხოლოდ ,,სამოციქულო’’ ჩაიკითხა 24-ჯერ. ჰქონდა მოძრავი (აქლემებსა და ჯორებზე აკიდებული) ბიბლიოთეკა. უპირველესი პოეტი წიგნებში ეძებდა ჭეშმარიტების ძირებს, მომავლის გზას, ,,სამარადისო ცხოვრების’’ აზრს. დავითის თანამედროვენი მეფეს ალექსანდრე მაკედონელზე მაღლა აყენებენ. ალექსანდრე მაკედონელმა ელინიზმს უბიძგა, ელინიზმმა აზია გამოაფხიზლა, დავით IV-მ ქართული ფენომენი ააღორძინა, ,,ნათესავით ქართველი’’ ,,კულტურულად ქართველად’’ განვითარდა, რამაც შეკრა საერთო-კავკასიური რენესანსული იმპერია. დავით აღმაშენებელმა უარყო ხსნის ტრადიციული გზა - ძიება დიდი მოკავშირისა. მესიას კი არ ეძებდა, თვით იტვირთა მესიის როლი. მან ორიენტაცია აიღო თვით ქართველთა ერთიანობაზე, ქართველთა რეალური პოტენციალის სრულ გამოვლენაზე. მთიდან დაქანებული ზვავის ძალა მიანიჭა ჩვენს დაუნჯებულ ენერგიას. რა საოცრად ჰგავს მეფე-ღმერთის მეთოდს - ქართველთა იძულებითი ამოძრავების მეთოდს, მისგან 800 წლით დაშორებული მეორე ღმერთკაცის - ილია ჭავჭავაძის თვალსაზრისი. რამდენი რამ განასხვავებთ მათ (დრო, ეპოქის შინაარსი, პირადი მდგომარეობა), მაინც რა ახლოს არიან ერთმანეთთან. გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის შემზარავად მამხილებელი სტილი, მისი მოწოდება მარადიული მოძრაობისაკენ, მისადმი წაყენებული ბრალდებანი (მისი აღიარება: ,,ჩემზე ამბობენ, ის სიავეს ქართვლისას ამბობს’’) და კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ არსენ ბერის თხზულება დავითის ,,მაბრალობელთა’’ (ე.ი. ოპოზიციის) შესახებ. ,,ვინაითგან ნათესავი ქართველთა ორგული ბუნება არს... რაჟამს განდიდდნენ, განსუქდნენ და დიდება პოონ და განსვენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა, ვითარცა მოგვითხრობს ძველი მატიანე ქართლისა და საქმენი აწ ხილულნი, და ესე მან უბრმესმან ყოველთა კაცთამან კეთილად სადმე უწყოდა, ამისათვის არასოდეს მოაცალა ამისად განზრახვად, ანუ განსუენებლად, ან შეკრებად და ქმნად რასამე ესევითარსა. არამედ საქმეთა რომელთა იწყო ქმნად, გაასრულნაცა მაღლად და შვენიერად... ნუ უკუე და ლომსაც, აბრალონ ეგევითართა, რამეთუ არა ციდამტკაველად იხედავს, არცა კუერნაულად კრთების’’ (ციდამტკაველა ძველ ქართულში მაიმუნს ერქვა). დავით აღმაშენებელი (ისე როგორც მისი შორეული მემკვიდრეების მამა დიდი ილია) მტკივნეულად აღიქვა ქართველობამ. ,,დავითიზმი’’ იყო განგების მიერ მოვლინებული უდიდესი ლოგოსი, რომლის ხორცშესხმა განვითარდა აღმავალ ქართულ იმპერიად, მაგრამ დიდი ტვირთიც იყო, გოლგოთა. მისი სჯეროდათ, ეიმედებოდათ, სამსხვერპლო ბომონად მიაჩნდათ, ეამაყებოდათ, - მაინც საკრალურად კრძალული დარჩა. ნაკლებად არის მასზე ხალხური ლექსები, სიმღერები, - თითქოს ვერ შეუბედიათ შთამომავლებს. ,,საყდარი დავითიანი’’, ახალი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური სისტემა თამარობაში განსხეულდა. დავითის თაყვანისმცემელნი თამარის შვილებად დავრჩით. ამ მოვლენამ განსაზღვრა ჩვენი ერის მომავალი. დავითს ებრძოდნენ ცხადად და მალვით, ებრძოდნენ სასტიკად - მტერნიც, ბედისწერაც. ,,მრავალგზის მრავალთა მიზეზთა და განსაცდელთა სიკვდილისათა შთავარდა’’. ერთხელ ნადირობისას ცხენი წაექცა, სამ დღეს უსულოდ მდებარე იყო უძრავად. მეორეჯერ ალყაშემორტყმული ციხიდან შემოსტყორცნეს ისარი, რომელიც მოხვდა ყელზე ჩამოკიდებულ მთავარანგელოზის ხატს, ,,საღმრთომან განარინა მშვიდობით’’. მრავალგზის სცადეს მეფის სიკვდილი ყივჩაღთა: ხმლით, შუბით, ისრით. ,,არასოდეს მიუშვა ღმერთმან კვერთხი ცოდვილთა მართალსა ზედა’’, მრავალგზის უსაჭურვლო გადაურჩა თურქთაგან დევნას. თუმცა ვერ გაექცა ბოლოს საწუთროს. 52 წლის ასაკში ღმერთმა მიიღო ,,ზედან სუფევლად’’ სამოთხეში, სადაც არს ცხოვრება, რომელსა ვერა შეამღვრევს სიკვდილი’’. |