|
ლოვარდ ტუხაშვილი – ,,რჩეული ღმრთისა’’ - დავითი, მოყმე დავითიანისა’’ / ცხოვრება დავით-სოსლან ეფრემის ძე-ბაგრატოვანისა ლოვარდ ტუხაშვილი
,,რჩეული ღმრთისა’’ - დავითი, მოყმე დავითიანისა’’
ცხოვრება დავით-სოსლან ეფრემის ძე-ბაგრატოვანისა
- ,,იყო სახლსა შინა დედოფლისა რუსუდანისა მოყმე ეფრემის ძეთაგანი, რომელნი არიან ოვსნი, კაცნი მძლენი და ძლიერნი ბრძოლისა შინა. ესე დედოფალსა რუსუდანს, ვინათგან თუის ეყვოდა მამის დისა მისისა დავითს ასულისა ოვსეთს გათხოვილობისა მიზეზეთითა, მოუყვანა საზრდელად სახლსა მისსა და იხილეს მუნ მომავალთა და წარმავალთა, რამეთუ მოყმე იყო ფერ-ნაკუთად კარგი, ბეჭბრტყელი, პირად ტურფა და ტანად ზომიერი, ორთავე - კერძო გუართაგან სახელმწიფო’’.ამ სიტყვებით შემოყავს მეფეთა-მეფე თამარის პირველ ისტორიკოსს ქართულ საისტორიო მწერლობაში, ჩვენი კლასიკური ხანის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი პიროვნება, ჭეშმარიტი რაინდი დავით სოსლან-ბაგრატიონი. ,,ქართლის ცხოვრება’’ არ აზუსტებს დეტალებს მეფე-ქმრის ვინაობის გარშემო, როგორც ჩანს, იმ თავითვე ჩაითვალა, რომ ყველაფერი ნათელი იყო. ალბათ არც დაესიზმრებოდა შუასაუკუნეების არცერთ ქართველ ისტორიკოსს, რომ შვიდნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწყებოდა ხანგრძლივი პოლიტიკური ვნებები მზეთუნახავი მეფის-მეუღლის, ,,ღმრთის რჩეულის’’, ,,მოყმე დავითიანის’’ შესახებ.
დავით-სოსლანი ოსი უფლისწული იყო, მაგრამ რას ნიშნავს მცნება ,,ოსი’’, ანუ ,,ოვსი’’? - ამ სიტყვას ფეოდალურ ხანაში სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა. ,,ოვსი’’ ნიშნავდა არა მარტო განსხვავებულ ეთნოსს, არამედ ქართველი ხალხის შემადგენლობაში მტკიცედ შესულ ეროვნულ ჯგუფს. რასაკვირველია, ქართველებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ ენით, წარმომავლობით, გეოგრაფიული საცხოვრისით ოსები განსხვავებული ხალხი იყო, ოღონდ უკვე დიდი ხანია ნაზიარები იყვნენ ქართულ კულტურას, ამიტომაც ვახუშტი ბატონიშვილი ოსებს, ჩეჩნებს, ინგუშებს და ჩრდილო კავკასიელ სხვა ხალხებს განიხილავს წმინდა ქართული ტომების: კახელის, ქართლელების, იმერლების, რაჭველების და სხვათა რანგში. XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე ტერმინი ,,ნათესავით ქართველი’’, აღნიშნავდა კულტურულად ქართველს. დღეს ბევრს ლაპარაკობენ ე.წ. იბერიულ-კავკასიურ ერთიანობაზე. ზოგს ეს მიმართულება მიაჩნია ქართული ნაციონალიზმის ვიწრო ჩარჩოების გაფართოების პერსპექტივად, ზოგი თვლის, რომ ასეთი ირეალური განწყობილება შლის საერთო-ევროპული სახლის იდეას. არავითარი იბერიულ-კავკასიური ერთობა არასოდეს არ ყოფილა პოლიტიკური ერთობის თვალსაზრისით, სამაგიეროდ უდაოდ სახეზე გვქონდა ქართულ-კავკასიური გაერთიანება, რომელიც ისეთ სიმაღლეზე ავიდა, რომ თამარის ხანაში პრაქტიკულად დადგა ,,ყოველი საქართველოს’’ საერთო-კავკასიურ სახელმწიფოდ გარდაქმნის გეგმები. ,,ნათესავით ქართველმა’’ შეიძინა კულტურით გაეთიანებული კავკასიელი ხალხების (ქართული, ქართველური, იბერიული, ირანული, თურქული, ებრაული და ა.შ) შემკრების მნიშვნელობა. თამარის კარზე მოღვაწეობდნენ ებრაელი ზანქან ზორაბაბელი, სომხური სარწმუნოების ზაქარია მხარგრძელი, მუსლიმანი დვინელი ყადი, ბერძენი ანდრონიკე და მრავალი სხვა, ყველა ესენი ,,ქართველები’’ იყვნენ, მათი სამშობლო ,,ყოველი საქართველო’’ იყო, მაშასადამე დავით-სოსლანი წარმოშობითაც ოსი რომ ყოფილიყო, ის მაინც ქართველად დარჩებოდა, მაგრამ ისტორიას უყვარს ჭეშმარიტება - დავით-სოსლანი იყო არა ოსი, არამედ ოსთა მეფის ძე, ე.ი. ოსი უფლისწული. ოსთა მეფეები კი ბაგრატიონთა დინასტიას ეკუთვნოდნენ და წარმოშობით ქართველები იყვნენ.
დავით-სოსლანის სახელისა და გვარის ეტიმოლოგიისათვის
,,ქართლის ცხოვრებაში’’ გვხვდება თამარის სვებედნიერი მეუღლის სახელის ორი ვარიანტი. ან მხოლოდ ,,დავითი’’ ან გაორმაგებული ,,დავით-სოსლანი’’. სხვათა შორის, იმდენად შორს წავიდა ოსური ნაციონალისტური ისტორიოგრაფია, რომ სახელთა თანამიმდევრობაც კი გადაანაცვლეს, წერენ არა დავით-სოსლანს, არამედ სოსლან-დავითს. სომხურ ისტორიოგრაფიაში მითითებულია, რომ ოსთა მეფის ძეს ერქვა სოსლანი, მხოლოდ მეფე-თამარზე დაქორწინების შემდეგ დაემატა დავითი. ეს ცნობა სარწმუნო არ არის. საქართველოს კულტურულ არეალში შემავალ ჩრდილო კავკასიაშიც ფეოდალებს საერთოდ ახასიათებდათ გაორმაგებული სახელები და ზეწოდებანი. ამით გამოიხატებოდა მათი სულიერი აღზრდის ორი ნაკადი: ადგილობრივი - წარმართული და ქართულ-ქრისტიანული. ოსთა სამეფო სახლი ზუსტად ასახავდა ფაქტობრივ მდგომარეობას. დავაკვირდეთ თვით მცნებას ,,ოსეთი’’, ,,ინგუშეთი’’, თუნდაც მათ რუსულ შესატყვისებს ,,ოსეტია, ,,ინგუშეტია’’. ორივეგან ქართული დაბოლოებაა. დღეს ბარემ არ მოწონთ ოს ნაციონალისტებს, ,,ოსეტია’’ და ,,ალანიას’’ დამკვიდრებას ცდილობენ, მაგრამ ყოვლად შეუძლებელია წაიშალოს ჩრდილოეთ კავკასიელებზე ქართული კულტურის უდიდესი გავლენის კვალი. აშკარაა, რომ დავითიც და სოსლანიც თამარის მომავალ მეუღლეს შეარქვეს დაბადებიდანვე. სოსლანი ალბათ საგვარეულო-საკრალური მნიშვნელობის სახელია, დავითი კი ქართულ-დინასტიური. აკად. ნ. მარმა 1926 წელს სცადა დავით-სოსლანის და მისი ვაჟის ლაშა-გიორგის სახელთა ეტიმოლოგია განსხვავებულად აეხსნა, მან ,,სოსლანში’’ დაინახა ,,ოვს-ალანი’’, ჩათვალა, რომ ოვსთა მეფის ძის სახელში შემორჩა ორი მოძმე ტომის ოსებისა და ალანების სატომო სახელწოდებანი. მისი ვარაუდით გაერთიანებულ სახელში აისახა თვით ამ ტომთა შერწყმის პროცესიც. აკად. ნ. მარმა სხვა გარემოებასაც მიაქცია ყურადღება, კერძოდ, სცადა აეხსნა ლაშა-გიორგის ეტიმოლოგიაც. ,,ლაშა’’ ,,ქართლის ცხოვრების’’ მიხედვით ითარგმნება აფსართა ენით და ნიშნავს ,,სოფლის მანათობელს’’ ან მოკლედ ,,მნათობს’’. პავლე ინგოროყვა აფსარებს წმინდა ქართველებად თვლიდა. ჩვენი აზრით უფრო სწორია თვალსაზრისი, რომ აფსარები ძველთაგანვე ქართიზებული აფხაზურ-ადიღეური ტომია. სწორედ აფხაზურ ენაზე შემორჩა ახლაც ,,ლაშა-ალაშას’’ ახსნა, რაც ნიშნავს, მართლაც, ,,სინათლეს’’ ან ,,მნათობს’’. სხვათა შორის არსებობს XIII საუკუნის სომხური წყარო, სადაც ლაშა-გიორგის ჰქვია ,,ალაშა’’. აფხაზური ენის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ თანამედროვე აფხაზურს პრეფიქსი ,,ა’’ გაუჩნდა გვიან. ვფიქრობთ, ეს მთლად ასე არ უნდა იყოს, მაგრამ დავუბრუნდეთ მთავარს, რატომ აქვს აფხაზური-აფსარული ზეწოდება ქართველ მეფეს? რატომ ჰქონდა ასეთი წოდება მაინცა და მაინც დავით-სოსლანის ვაჟს? ნ. მარმა ეს ,,მარტივად’’ გადაჭრა. მან დავით-სოსლანი ,,აფხაზად’’ გამოაცხადა. ამავე დროს ,,დაასაბუთა’’, რომ ენობრივი ფენა, რომელიც აფსარულ-აფხაზურით იხსნება, წარმოშობილია ჩრდილოეთ კავკასიიდან, კონკრეტულად იმ ადგილებიდან, სადაც მოგვიანებით ოსური ელემენტიც ჩასახლდა. ამ საკითხებს ცოტათი ქვევით დავუბრუნდებით, აქ მხოლოდ გავიმეორებთ ზემოთ თქმულს: დავითიც და სოსლანიც თავიდანვე უწოდეს ახლად დაბადებულ ყრმას. ამით მშობლებმა გამოხატეს მათი ვაჟის ორმაგი მემკვიდრეობა: ტრადიციულ-წარმართული და ქრისტიანულ-დინასტიური. სოსლანი გამოხატავს ოსთა ისტორიას, დავითი კულტურულ-რელიგიურ და პოლიტიკურ ორიენტაციას. აღსანიშნავია შ. ინალიფას ახსნა. მისი აზრით ,,ზეწოდება’’ ლაშა თითქოს მიუთითებს, რომ ქართული სამეფო კარი აფხაზურად ლაპარაკობდა თვით XII-XIII საუკუნეების მიჯნაზეც კი. ეს იმდენად არასერიოზული მტკიცებაა, რომ მასზე საერთოდ არ ღირს მსჯელობა.
გვარის გარკვევისათვის
,,ქართლის ცხოვრებაში’’ დავით-სოსლანის ვინაობის შესახებ სამ ისტორიკოსს აქვს დაცული ცნობა. პირველი არის ,,ისტორიანი და აზმანის’’ ავტორი, რომელიც მხოლოდ მიუთითებს, რომ ოსი უფლისწული იყო ,,ორთავე - კერძო გვართაგან სახელმწიფო’’. ეს ნიშნავს, რომ მამისა და დედის მხრიდან (,,კერძო’’ ნიშნავს ,,მხარეს’’) იყო სამეფო გვარის ჩამომავალი. მართალია, აქ კონკრეტული გვარი არ არის მითითებული, მაგრამ შეიძლება დაშვება, რომ იგულისხმებიან ბაგრატიონები. თუნდაც იმიტომ, რომ XII-XIII საუკუნეებში კავკასიის ,,მეფეთაგან’’ ,,ხელმწიფე’’ მხოლოდ საქართველოს მეფეს ეწოდებოდა, ხოლო ,,სახელმწიფო გვარად’’ ბაგრატიონები ითვლებოდნენ. თამარის მეორე ისტორიკოსი, რომელსაც პირობითად ბასილი ეზოსმოძღვარი ეწოდება, ასევე არ აკონკრეტებს დავით-სოსლანის გვარს, თუმცა ხაზს უსვამს მის მაღალ წარმოშობას. სამაგიეროდ ე.წ. ლაშა-გიორგის დროინდელი ისტორიკოსი (ასევე ანონიმი) პირდაპირ, საკმაოდ კატეგორიული ხაზგასმით უთითებს: ,,თამარის ქმარი დავითი იყო ოსთა მეფის ძე, ტომი ბაგრატიონთა’’. ,,ტომი’’ ამ შემთხვევაში ნიშნავს სწორედ გვარს. ასეთი მაგალითები თვით XIX საუკუნეშიც კი გვაქვს. მაგ., ,,ჯამბაკური, ტომი ორბელიანთა’’, ,,მზეჭაბუკი, ტომი ჯაყელთა’’ და ა.შ. მაშასადამე დავით-სოსლანის ბაგრატიონობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს, მაინც ეს საკითხი მწვავე პოლემიკის საგანი გახდა. გაურკვეველი იყო, როგორ და რა ვითარებაში აღმოჩნდნენ ბაგრატიონები ოსეთში. საქმეს ართულებდა ერთი გარემოება. თამარის ისტორიკოსები ხაზს უსვამდნენ დავით-სოსლანისა და თამარის ნათესაობას. ოღონდ მიუთითებდნენ ორ ფაქტს: 1. დავით აღმაშენებლის ქალიშვილის (მეფე-თამარის მამიდის რუსუდანის მამიდის, რომელსაც, როგორც ჩანს ასევე რუსუდანი ერქვა), ოსეთში გათხოვებას და 2. მეფე-თამარის დედის ბურდუხანის ნათესაობას (ბურდუხანი იყო ოვსთა მეფის ხუდანის ასული). ჩვენი აზრით თამარის ისტორიკოსების მითითება, რომ დავით-სოსლანი ორმხრივად ენათესავებოდა თამარს, ნიშნავს, რომ წარმომავლობით ორივე სამეფო გვარი ბაგრატოვანი იყო. ისტორიკოსები აზუსტებდნენ კონკრეტულ ნათესაობას; რადგან დავით აღმაშენებლის ასული ოსეთში იყო გათხოვილი, შესაძლებელია, იგი პირადად ენათესავებოდა დავით აღმაშენებლის შვილიშვილებს - გიორგი III-სა და მის დას რუსუდანს. არსებობს ასეთი ვარაუდი, რომ თამარის მამიდის მამიდა ან მამის მამიდა, იყო დავით-სოსლანის ბებია. ეს ერთი ხაზია. მეორე ხაზი ნათესაობისა მოდიოდა, თამარის დედის ბურდუხან ხუდან ოვსთა მეფის ასულის ოჯახიდან. რაც შეეხება საგვარეულო ერთობას, ეს თავისთავად იგულისხმებოდა. XVIII ს-ში სახელოვანმა ქართველმა ისტორიკოსმა ვახუშტი ბაგრატიონმა სცადა სინათლე შეეტანა ამ გაუგებრობაში. მან გამოთვალა, რომ დავით-სოსლანი იყო მეხუთე ჩამომავალი მეფე გიორგი I-ის შვილის უფლისწულ დემეტრესი. ვახუშტი ბაგრატიონის ვერსია ასეთია: სრულიად საქართველოს მეფეს გიორგი I-ს (მეფობდა 1014-1027 წწ.) ჰყავდა მეორე ცოლი დედოფალი ალდე. მასთან შეეძინა უფლისწული დემეტრე. სხვათაშორის, ეს ის გიორგი I-ია, რომელიც უკვდავყო კონსტანტინე გამსახურდიამ თავის ბრწყინვალე რომანში ,,დიდოსტატის მარჯვენა’’. ალდე იყო ალანთა მეფის ასული. მას მტრულად უყურებდნენ საქართველოში. 1027 წ. გიორგი I ბელტის ციხეში გარდაიცვალა. სპასალარმა ზვიად მარუშიანმა მეფის გვამი წამოასვენა და დაკრძალა ბედიის მონასტერში. დედოფალ ალდეს დიდი საფრთხე შეექმნა. ტახტზე ავიდა მცირეწლოვანი ბაგრატ IV, რომელსაც მძლავრი დასი უჭერდა მხარს. ხელისუფლება აიღო გიორგი I-ის პირველმა (კანონიერმა) მეუღლემ დედოფალმა მარიამმა, მან ბრძოლა გამოუცხადა ალდეს და მის ძეს დემეტრეს. დედოფალი ალდე გაიქცა ანაკოფიაში. 1032 წ. საქართველოში დაიწყო შინაარეულობა. დედოფალმა ალდემ დახმარება სთხოვა ბიზანტიას. ამ დროს გაძლიერებული საქართველო ბიზანტიას ეურჩებოდა. ბიზანტია ცდილობდა საქართველო დაესუსტებინა შინა ბრძოლებით, ამიტომაც იგი მხარს უჭერდა ყველას, ვინც საქართველოს ერთიანობის დარღვევას შეუწყობდა ხელს. ბიზანტიაში სიხარულით მიიღეს უფლისწული დემეტრე, ბაგრატ IV-ის ნახევარძმა. დედოფალმა ალდემ და მისმა ვაჟმა მოახერხეს ჩრდილო-დასავლეთი საქართველოს პროვინციების გადაბირება, მათ ანაკოფიის ციხეში შეუშვეს ბერძნული გარნიზონი. ამ პერიოდში მიმდინარეობდა მძიმე ბრძოლები გაერთიანებული საქართველოს მეფე ბაგრატ IV-სა და მის მოწინააღმდეგე დიდებულებს შორის. ამ ბრძოლებში გამოირჩეოდა ლიპარიტი ბაღუაში, მას მფარველობდა ბიზანტია. ერთმანეთს ებრძოდნენ დედოფალი მარიამ და დედოფალი ალდეც. ბაგრატ IV-ის მოწინააღმდეგეები მარჯვედ იყენებდნენ ამ მეტოქეობას ორ დედოფალს შორის. 1047 წ. მოულოდნელად გარდაიცვალა დედოფალ ალდეს შვილი დემეტრე, არ არის გამორიცხული, რომ იგი მოწამლეს. დემეტრეს დარჩა მცირეწლოვანი ვაჟი დავითი. დედოფალ ალდეს შეეშინდა, რომ საფრთხე შეექმნებოდა მის შვილიშვილსაც. იგი სასწრაფოდ გადაიხვეწა ოსეთში. აქ მოგვიანებით ქართველი უფლისწული დავითი დაქორწინდა ოსთა მეფის ასულზე. სიმამრმა იგი ოსეთის მეფედ გამოაცხადა. ასე ჩაეყარა საფუძველი ოსეთის ბაგრატიონთა დინასტიას. ვახუშტი ბაგრატიონი გვთავაზობს ასეთ სქემას: გიორგი I - დემეტრე - დავითი - ათონი - ჯადარონი - დავით-სოსლანი. ვახუშტი ბაგრატიონის აღნიშნული ვერსია დადასტურებულია ოლთისელი გიორგი ხუცესის მიერ. ამ უკანასკნელს აღწერილი ჰქონია დედოფალ ალდეს და მისი შვილიშვილის დავით დემეტრეს ძის ჯერ ანაკოფიაში, შემდეგ კი ანაკოფიიდან ოსეთში გაქცევის და იქ დამკვიდრების ამბავი. ეს საკითხი შეისწავლა აკად. კ. კეკელიძემ, მან დაასკვნა, რომ ვახუშტი ბაგრატიონის მიერ დამოწმებული გიორგი ოლთისელი უნდა ყოფილიყო ათონის ივერიის მონასტრის წინამძღვარი გიორგი ოლთისარი, რომელიც ათონში მოღვაწეობდა 1065-1075 წწ. აკად. კ. კეკელიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ გიორგი ოლთისარმა აღნიშნული ცნობები ალდე-დემეტრე-დავითის შესახებ მიიღო ლიპარიტ ბაღვაშისაგან. ეს უკანასკნელი დიდხანს ებრძოდა ბაგრატ IV-ს, ეყრდნობოდა მის ნახევარძმა დემეტრეს. მოგვიანებით ბაგრატ IV-მ ლიპარიტ ბაღვაში შეიპყრო, აიძულა იგი ბერად აღკვეცილიყო და ბიზანტიაში დამკვიდრებულიყო. ლიპარიტ ბაღვაში ანტონ ბერის სახელით მოღვაწეობდა ათონის ივერთა მონასტერში სწორედ გიორგი ოლთისარის დროს. აკად. კ. კეკელიძემ გამოთქვა აგრეთვე საინტერესო მოსაზრება, იმ ფაქტის შესახებ, რომ დავით-სოსლანი წარმოდგენილია ეფრემისძედ. ჯერაც საბოლოდ გარკვეული არ არის, რას ნიშნავს მცნება ,,ეფრემისძე’’. იგი აღნიშნავს, როგორც დავით-სოსლანს, აგრეთვე, საერთოდ, ოსებს. აკად. კ. კეკელიძის აზრით ,,ეფრემისძეობა’’ უნდა იყოს ,,დავითიანობის’’ ანალოგიით შექმნილი (ტერმინი ,,ეფრემისძეობა’’ ხშირადაა ნახსენები, როგორც ,,ქართლის ცხოვრებაში’’, ასევე სიტყვაკაზმულ ლიტერატურაში, კერძოდ XII-XIII ს-ის ქართულ სახოტბო პოეზიაში) (იოანე შავთელი, ჩახრუხაძე). აქ ხშირად ნახსენებია ,ეფრემიანი’’, ,,ეფრემის ძე’’, ,,ეფრემისძეები’’, ,,ეფრემისძეებრ მოისარი’’, ,,ეფრემის ძირთა აღმოცენებულნი’’, ,,ეფრემისთვისი’’, ,,ეფრემის ძირთა ისართა მთლელი’’ და ა.შ. აკად. კ. კეკელიძე სთვლიდა, რომ ,,ეფრემისძეობა’’ ნიშნავს ბიბლიური იოსებ მშვენიერის შთამომავლობას. როგორც ბაგრატიონები არიან ბიბლიური დავითის ნაშიერები, ასევე ,,ეფრემისძეები’’ უნდა იყვნენ იოსებ მშვენიერის ძის ჩამომავლები. მეცნიერი გვთავაზობს ასეთ სქემას: ბიბლიური პატრიარქის იაკობისაგან მოდის ორი შტო. უფროსი შტოს გენეალოგიური ხე ასე ვითარდება: იაკობი-იუდა-ფარეზი-ესრომი-არამი-ამინადაბი-ნასონი-სალმონი-ბოოსი-ობედი-იესე-დავით წინასწარმეტყველი და ბაგრატიონი.
მეორე შტოს გენეალოგიური ხე ასეთია: იაკობი - იოსებ მშვენიერი - ეფრემი და ოსეთის ბაგრატიონები. ეს სქემა გაზიარებულია. მას მხარს უჭერენ. ჩემი აზრით, ეს მცდარი და ხელოვნური თვალსაზრისია, იგი ვერ პასუხობს ორ მარტივ კითხვას: 1) თუ ამ გენეალოგიური ხიდან უკვე გამოსულნი არიან ბაგრატიონები, ვითარცა დავით წინასწარმეტყველის ჩამომავლები, მაშინ რატომ უნდა ყოფილიყვნენ გიორგი I-ის მემკვიდრეები ეფრემიანები? 2) თუ მხედველობაში გვაქვს ქართველი და ოსი ბაგრატიონების უფლებრივი ურთიერთდამოკიდებულება, მაშინ, რატომ არ შეიქმნა ასეთი სქემა სომეხი ბაგრატიონების მიმართ? - ვფიქრობთ ,,ეფრემისძეობა’’ ერთდროულად აღნიშნავს ოსთა ეთნარქთა სისტემასაც და დინასტიის გვარსაც, ე.ი. ,,ეფრემის ძე’’ არის ოსური ტრადიციის მიხედვით მათი მამამთავარიც და დინასტიის მაჩვენებელიც. ამავე დროს შესაძლებელია ,,ეფრემისძეობა’’ აღნიშნავდეს არა მთელ ოსეთს, არამედ დასავლეთის ალანურ ტომებს. კერძოდ, უშუალოდ დავით-სოსლანის მამა-პაპეულ ქვეყანას. ჩვენ ქვევით ვეცდებით დავასაბუთოთ, რომ არასოდეს ოსეთი არ იყო ერთიანი სამეფო და არასოდეს მთელი ალანეთი არ უდრიდა ოსეთს. ახლა კი კვლავ დავით-სოსლანის გვარს დავუბრუნდეთ. ოსურ ისტორიოგრაფიას არაფრით არ აწყობს დაიჯეროს დავით-სოსლანის ქართველობა და ბაგრატიონობა. იქმნება ათასგვარი მეცნიერული ჰიპოთეზა. მაგ., პ. ჩელინა ამტკიცებდა, რომ დავით-სოსლანის გვარი იყო ცარაზონი, ეს ჰიპოთეზა ბევრმა ოსმა ისტორიკოსმა აიტაცა. ამ გვარის ეტიმოლოგია (ე.ი. ახსნა) თვითონვე იძლევა საფუძველს უარყოფისა. ,,ცარაზონ’’ აღნიშნავს ,,მეფის შვილს’’. ,,ცარ’’ - მეფე, ,,ზონ’’ - შვილი, მაგრამ საიდან მოდის ,,ცარ’’-? რუსული ,,ცარი’’-დან. რუსული ,,ცარი’’ თავის მხრივ მომდინარეობს ბულგარული ,,ცარ’’-იდან. ჯერ ბულგარელებმა, მერე კი რუსებმა ,,ცარი’’ აიღეს ,,ცეზარიდან’’, ე.ი. ,,კეისარიდან’’. დაამახინჯეს ,,ცეზარი’’. ,,ცეზარის’’ დამახინჯებული ფორმა ,,ცარი’’ ოსეთში ცნობილი გახდა ივანე IV-ის დროიდან, ანუ XVI ს-დან. მაშასადამე, ყოვლად შეუძლებელია XII ს-ში დაბადებული ოსი უფლისწულისთვის ეწოდებინათ სახელი, რომელიც 400 წლის შემდეგ წარმოიშვა. საერთოდ, ოსეთის ისტორიის შესახებ ძირითადად არსებობს ქართული, ნაწილობრივ ბერძნული, სომხური და არაბული წერილობითი წყაროები. ოსებს დამწერლობა არ შეუქმნიათ. ოსური ქრისტიანული ეკლესია იყენებდა ჯერ ბერძნულ, მერე კი ქართულ დამწერლობას, ქართული იყო საეკლესიო ტერმინოლოგიაც. მაგ., ქართულად ,,ჯვარი’’ ანუ ,,ჯუარი’’ ოსურში გადავიდა, როგორც ,,ძუარი’’. აშკარაა, რომ ეს ქართული სიტყვაა. ოსები საკუთარი ისტორიისათვის იყენებენ ზეპირსიტყვიერებას, ეს კი სანდო არ არის და ათასგვარი შეცდომის წყარო ხდება. ამ მხრივ აღსანიშნავია ისეთი დიდი რანგის მეცნიერის ნაშრომები, როგორიცაა პროფესორი ვ. აბაევი. მაგ., ავიღოთ როგორ ხსნის ოსურ ფეოდალურ გვარებს ეს მეცნიერი. იგი ეყრდნობა XVIII ს-ის მოღვაწის, იოანე იალღუზიძის, საეკლესიო მოღვაწის პოემას. პოემას ეწოდება ,,იალღუზიანი’’. იოანე იალღუზიძე (1755-1830 წწ.) წერდა ქართულად. მან განათლება მიიღო დავით-გარეჯის მონასტერში. იგი ოსურ ფეოდალურ გვარებს ასეთნაირად ალაგებს: ,,აგუზონი’’ ანუ ,,იალღუზონი’’, ,,ცარაზონი’’ ანუ ,,სარაგონი’’, ,,ცახილონი’’ ანუ ,,ჭარხილონი’’. ვ. აბაევის მიხედვით ,,აგუზონი’’ მოდის ,,ავგუსტოდან’’, ე.ი. რომის იმპერატორებიდან. ,,ცარაზონი’’ ,,ცეზარიდან’’ ასევე რომის და ბიზანტიის იმპერატორებიდან და ა.შ. რა თქმა უნდა, ასეთი სასაცილო ახსნებით ისტორიული ჭეშმარიტების დადგენა წინასწარ განწირულია მარცხისათვის. ცხადია ერთადერთი რამ: ოსური გვიანდელი ფეოდალური სახელები: ,,აგუზონები’’, ,,სიდამონები’’, ,,ცარაზონები’’, ,,კუგასონები“, ,,ცახილონები’’ თავს აცხადებენ ქართველ მეფეთა ნათესავებად. ერთდროულად თავს თვლიან ოს-ბაღათარის და ბაგრატიონთა შთამომავლებად. ეს აიხსნება ორი მომენტით: 1) შუასაუკუნეებში ბევრ ოსურ-ფეოდალურ სახლს წოდება მიღებული ჰქონდა ქართველი მეფეებისაგან; 2) ბევრი, ნამდვილად ქართული წარმომავლობის საგვარეულო მონღოლთა ბატონობის დროს გაოსდა. მაგ., არსებობს ეჭვი და საფუძვლიანიც, რომ ცნობილი ოს-ბაღათარი XIV ს-ის დასაწყისში, რომ დაიკავა შიდა ქართლი და სიცოცხლე გაუმწარა ქართველობას, წარმოშობით იყო ქართველი ბაგრატიონი, ოღონდ გაოსებული. ოს-ბაღათარი სახელი და გვარი არ არის. იგი ნიშნავს ,,ოსთა მთავარს’’. ოს-ბაღათარი დასაწყისში ფლობდა კასრის ხეობას, სადაც XIV ს-ში ჯერ კიდევ მძლავრი იყო ქართული კულტურული ტრადიციები. სწორედ მისი ნახევრად ქართველობა ხდიდა რთულს მასთან ბრძოლას. გიორგი ბრწყინვალემ ოცწლიანი ბრძოლების შედეგად მთლიანად მოსპო ოს-ბაღათარის ნაშიერები და დედა სამშობლოს დაუბრუნა მისი ისტორიული კუთხე. მაშასადამე, შეგვიძლია დავასკვნათ: დავით-სოსლანი იყო ოსეთში გამეფებული ქართველი ბაგრატიონების წარმომადგენელი, მისი მეორე გვარი იყო ეფრემისძე.
რომელი კუთხიდან იყო ,,რჩეული ღმრთისა’’ დავით-სოსლანი?
თითქოს ამ კითხვაზე მარტივად უნდა გაიცეს პასუხი, საიდან და ოსეთიდან, ანუ ალანეთიდან, მაგრამ აქ პასუხის გაცემა ესოდენ მარტივად არ ხერხდება. ოსური ისტორიოგრაფიის ამბიციური მტკიცების მიუხედავად, არ არსებობდა ერთიანი ოსეთი ან ერთიანი ალანეთი. ოსები იყვნენ მრავალრიცხოვანი, მძლავრი და ენერგიული ტომები, მაგრამ არსად ჩანს მათი ერთიანი დამწერლობა, ერთიანი რელიგია, საერთო დედაქალაქი, საერთო დინასტია, საერთო კანონები, დადგენილი არ არის ოსთა განსახლების მიახლოებითი საზღვრებიც კი. დღევანდელი ოსური ისტორიოგრაფია ძირითადად ემყარება კასრის ხეობის ოსთა ზეპირსიტყვიერებას. მეფეთა-მეფე თამარის ეპოქაში აშკარად ჩანს 3-4 ოსური სამეფო. ეს ტრადიცია ასახულია ივანე იალღუზიძის პოემაშიც, აგრეთვე ხალხურ ლექსებში: ,,ჩვენ ვიყავით ცხრანი ძმანი ჩარჯოლიძე-ჭარხილანი: ოს-ბაღათარ, დავით-სოსლან - ოთხ სამეფოდ მებრძოლანი’’; ,,ქართლის ცხოვრებიდან’’ მოტანილი ცნობებით შესაძლებელია დაახლოებით მოვხაზოთ ოსური სამეფოები: პირველი არის ხუდან ოსთა მეფის სამფლობელო, მასთან მტკიცე კავშირი ჰქონდა ჯერ დემეტრე I-ს, მერე კი მის ვაჟს გიორგი III-ს. ამ უკანასკნელის მეუღლე იყო უმშვენიერესი ბურდუხანი, ხუდანის ასული, თამარის დედა. მეორე სამეფო ან სამთავრო იყო იმ ოს უფლისწულთა ქვეყანა, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში თამარის ხელის სათხოვნელად და რომელთაგან ერთი, უკან მიმავალი, დარდისაგან გარდაიცვალა ნიქოზში. თუ გავითვალისწინებთ, რა გზით ბრუნდებოდნენ ეს უფლისწულები უკან, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ მათი მამული მდებარეობდა თანამედროვე დვალეთის გადაღმა, მაშინ, როდესაც ხუდან მეფის სამფლობელო დარიალის მიღმაა სავარაუდო. მესამე სამეფოს თუ სამთავროს წარმოადგენდა ე.წ. ალანეთი, თანამედროვე ყარაჩაის ოლქში. მეოთხე სამეფო სავარაუდოა კიდევ უფრო შორს ჩრდილო-დასავლეთით. სწორედ აქ უნდა გათხოვილიყო დემეტრე მეფის ქალიშვილი. დემეტრე I-ის ქალიშვილი ჯერ გაუთხოვებიათ რუსეთში, მაგრამ სასიძო, დაქვრივებული იზიასლავი გარდაცვლილი დახვედრია. იგი მიუღია მის ძეს. მოგვიანებით ქართველი მეფის ასული მოხვდა იმ ოსურ-ალანურ სამთავროში, რომელიც რუსეთთან შედარებით ახლოს იყო. ოს ისტორიკოსთა უმეტესობა საკითხს ასე არ სვამს. მათ მიაჩნიათ, რომ ოსეთი ანუ ალანეთი ერთიანი სამეფო იყო, რაც არაფრით არ დასტურდება. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ მეფე თამარს ხუდანის შვილიშვილს ხელს სთხოვს რამდენიმე ოსი უფლისწული და ერთ-ერთი მათგანი დავით-სოსლანი კიდევაც გახდა მისი მეუღლე. კიდევ ვიმეორებთ, XII ს-ის ოსური არისტოკრატია ქრისტიანული იყო და ისინი არ დაუშვებდნენ ერთ საგვარეულოში ესოდენ აღრევით ქორწინებებს. თანამედროვე ტრადიციული გადმოცემები დავით-სოსლანს კასრის ხეობასთან აკავშირებს. ასაბუთებენ, რომ იგი ნუზალის ტაძარშია დაკრძალული. ეს სრული აბსურდია, თუნდაც იმიტომ, რომ დავით-სოსლანი დამარხეს გელათში, ქართველ ბაგრატიონთა საგვარეულო აკლდამაში. კასრის ხეობა და ნუზალი იმიტომ ფიგურირებს, რომ გვიანი შუასაუკუნეების ოსური სახელმწიფოს ნამსხვრევები მხოლოდ აქ შემორჩა. დავით-სოსლანის პიროვნებამ ნაციონალური სიამაყის შეგრძნება გაუღვიძა გვიანდელ ოსებს და ქართველთა სიძე საფლავიანად გაითავისეს. დავით-სოსლანი უნდა ყოფილიყო ალანიის, ე.ი. მესამე ოსური სამეფოს მეფის ჯადარონის ვაჟი. ეს ის ქვეყანაა, რომელიც უკვე X ს-დან განიცდიდა მძლავრ ქართულ პოლიტიკურ და კულტურულ გავლენას და მთლიანად იყო ქართიზებული, ოღონდ აფხაზური რედაქციით. ამაზე მეტყველებს შემონახული ქართულ-ქრისტიანული არქიტექტურა ქართული ტაძრების ფრაგმენტებით. სწორედ ამით უნდა აიხსნას დავით-სოსლანის ვაჟის გიორგის ზეწოდება ,,ლაშა’’ ანუ ,,ალაშა’’. ალანია ერთიანად ინახავდა ძველი ოსებისა და ალანების შერწყმულ ტრადიციებს (აქედან აიხსნება სახელი ,,სოსლან’’, რაც უნდა ნიშნავდეს ნ. მარის მიხედვით ოს-ალანს), გაქართველებული აფსარების ძველ კულტურასაც. ,,ლაშა’’ ანუ ,,ალაშა’’ შესაძლებელია იყო არა საკუთარი სახელი, არამედ ალანეთის ძველი მფლობელების ტიტული - ,,მანათობელი’’. ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი გარემოება. სომეხი ისტორიკოსი მხითარ გოში დავით-სოსლანს პირდაპირ უწოდებს ,,ალანეთის მეფეს’’, თუმცა სომეხმა ისტორიკოსებმა იცოდნენ ტერმინი ოსეთიც. დავით-სოსლანს საქართველოში გამოეყო საგანგებო ტერიტორია - ჯავახეთი, რომელიც ლაშა-გიორგის დაბადების შემდეგ იქცა ტახტის მემკვიდრის საუფლისწულო მამულად. ამ სამფლობელოს რეზიდენცია იყო ჯავახეთის სოფელი ალასტანი. შეიქმნა ტიტული ,,ჯავახთუფალი’’, რომლითაც მოიხსენიება ლაშა-გიორგი. არ არის გამორიცხული, რომ პირველი ,,ჯავახთუფალი’’ იყო სწორედ დავით-სოსლანი, ხოლო რეზიდენციის სახელი ალასტანი მოდიოდეს ალანისტანიდან. ასე დაშვებას აადვილებს ისიც, რომ ლაშა-გიორგის ჰქვია არა ,,ალასტანელი’’, არამედ ,,ალასტანელის შვილი’’. დავით-სოსლანის გამეფებას არ მოყოლია ოსეთ-საქართველოს გაერთიანება, პირიქით 1190 წ. ,,იმიერის’’ აჯანყების დროს, გიორგი-რუსის შემოჭრის პერიოდში, ოსური რაზმები დავით-სოსლანის მხარეზე არ არიან. აქ იგულისხმება ის ოსური სამეფოს ლაშქარი, რომელთა წარმომადგენლები მეფე-თამარის საქმროდ დაიწუნეს. საინტერესოა დავით-სოსლანის არჩევანიც. მართალია ხაზგასმულია სასიძოს პირადი თვისებები, მაგრამ შესაძლოა გათვალისწინებული იქნა ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს (ალანია, ნიკოფსია, აფსარია) ინტერესებიც. ყოველ შემთხვევაში, თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოს აჯანყების დროს ცხუმისა და აფხაზეთის ერისთავები თამარის მოწინააღმდეგეები არ არიან.
დავით-სოსლანის ბიოგრაფიის აღდგენის ცდა
თუ ჩვენ გავყვებით თავიდანვე აღებულ ჰიპოთეზას, დავით-სოსლანი უნდა დაბადებულიყო ალანიაში, დაახლოებით 1161 წელს. ეს თარიღიც გამოთვლილია. ცნობილია, ,,ვეფხისტყაოსანში’’ შეფარვით აისახა დავით-სოსლანისა და მეფე-თამარის ურთიერთობის პოეტური შინაარსი. მიღებულია, რომ პოემაში შენარჩუნებულია ზოგიერთი ისტორიული რეალია - ტარიელი 5 წლით უფროსია ნესტან-დარეჯანზე (ალბათ, ასევე იგულისხმება ავთანდილისა და თინათინის ასაკობრივი განსხვავება), დასაშვებია, რომ დავით-სოსლანი სწორედ 5 წლით აღემატებოდა მეფე-მეუღლეს. თამარის დაბადების თარიღი უნდა იყოს 1166 წლის 1 მაისი. აქედან გაითვლება დავით-სოსლანის დაბადების წელი - 1161 წ. ქართველთა მომავალი სიძის ადრეული ყრმობა იმდენად ბურუსითაა მოცული, რომ ფრთხილი ვარაუდის გამოთქმაც კი ჭირს. დაშვებულია რამდენიმე მეტ-ნაკლებად სანდო მოსაზრება. დავით-სოსლანის მამა იყო ჯადარონ ათონის ძე ბაგრატიონ-ეფრემისძე. დედის შესახებ ლეგენდებშიც კი არაფერია ნათქვამი. ცხადია, რომ ისიც სამეფო სახლის წარმომადგენელი იყო. მაშასადამე, უნდა ვიფიქროთ, მეფე ჯადარონის მეუღლე ან ისევ ბაგრატიონთა ნაშიერია, ან მათი მონათესავე, რომელიმე ქრისტიანულ-ოსური საგვარეულოდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლოა დავით-სოსლანის დედა ხუდან მეფის კართან იყოს დაკავშირებული. სწორედ ამას უნდა აღნიშნავდეს ვახუშტი ბაგრატიონის მითითება, რომ თამარისათვის მისი საქმრო დედით მესამე ნათესავი იყო. საერთოდ კი, ვახუშტის ნათესაური მითითებანი ზუსტი არ არის.კასრის ხეობაში, ნუზალის ეკლესიის რუკაზე გვერდი-გვერდ გამოსახულია შვიდი ძმა: სოსლანი, ფიდაროზი, ჯადაროზი, სოკური, ისაკ, რომანოზი და ბასილი. ძნელი სათქმელია აქ გამოხატული პირები მართლაც ძმები არიან თუ ოსური ფოლკლორის გმირები. წერილობით წყაროებში არაფერია ნათქვამი სოსლანის ოჯახის შესახებ. შემორჩენილია ერთადერთი ლექსი:
1. ,,ჩვენ ვიყავით ცხრანი ძმანი ჩარჯოლიძე-ჭარხილანი:ოს-ბაყათარ, დავით-სოსლან ოთხ სამეფოდ მებრძოლანი;ფიდაროზ, ჯადაროზ, სოყურ და გიორგი -მტერთა რისხვით შემხედვარნი;ჩვენი ძმანნი, სამნი ბერნი - ისაკ, რომანოზ და ბასილიქნეს ქრისტეს კარგი ყმანი. 2. ჩვენ გვიჭირავს მომავალთაოთხის კუთხივ ვიწრო გზანი.კასარაზედ სიმაგრე მაქვს და საბაჟოაქ მიჭირავს ხიდი-კარი,საიქიოს მოიმედე, სააქაოს კარგად მდგარი...ოქროსა და ვერცხლის მიწა, ამდენი მაქვს, ვითა წყალი.3. კავკასიონი დავიპყარ, ოთხ სამეფოდ გავუმკლავდი;ქართველს ბატონს და მოვსტაცენ, არ დავაგდე ჩემი გვარი.მამწვდა, ფიცით მიღალატა, მან დაიდვა ჩემი ბრალი.ბაყათარი წყალს მიეცა, აღიხოცა ოსთა ჯარი.ვინც ეს ლექსი იხილოთა მცირე ბრძანეთ შენდობანი’’.
ამ ხალხურ ლექსს მრავალი მკვლევარი შეეხო. სრულიად სამართლიანად წერს რ. მეტრეველი: ,,ნუზალის საყდარზე დაწერილ ლექსს უშუალო კავშირი აქვს ნუზალის ფრესკულ მხატვრობასთან’’. რ. მეტრეველს მიაჩნია, რომ დავით-სოსლანს ყავდა ექვსი ძმა: ფიდაროზი, ჯადაროზი, სოკური, ისაკი, რომანოზი და ბასილი. ბოლო სამი ძმა ბერები ყოფილან. თუ კარგად დავაკვირდებით ხალხურ ლექსს, აშკარაა, რომ გამომთქმელმა კარგად არ იცოდა დავით-სოსლანის ცხოვრება, მაგრამ უდაოდ შემოინახა ფასეული ისტორიული რეალიები. მაგ., არავითარი წინააღმდეგობა არ უნდა იყოს იმაში, რომ ლექსში დასახელებულია ცხრა ძმა, ნუზალის ფრესკულ მხატვრობაში კი შვიდი პირია წარმოდგენილი. ჩვენი აზრით ოს-ბაყათარში იგულისხმება დავით-სოსლანი. უკვე აღნიშნული გვქონდა ზემოთ, რომ ოს-ბაყათარი ოსთა საერთო წინამძღოლის აღმნიშვნელია. ალბათ ყოველთვის რომელიღაც ერთი ცნობილი პიროვნება ამ ტიტულს ფლობდა, ხან სიმბოლური, ხან რეალური მნიშვნელობით. საქართველოს მეფეზე დაქორწინებამ დავით-სოსლანს განუზომელი ავტორიტეტი შეუქმნა ჩრდილოეთ კავკასიაში, ამიტომაც გვიან იგი ჩაითვალა ,,ოს-ბაყათარად“ ე.ი. ,,ოსთა მთავრად“. რაც შეეხება ხალხურ ლექსში მოხსენებულ სახელ გიორგის, ალბათ იგი სოკურის ქრისტიანული სახელია. მიუხედავად გარეგნული ხიბლისა, ჯადარონ ბაგრატიონის სამეფოს რაღაც ხიფათი უნდა შემთხვეოდა. ამან განაპირობა ის, რომ მისი უფროსი ვაჟიშვილი დავით-სოსლანი გაიზარდა საქართველოში დედოფალ რუსუდანის კარზე. დედოფალი რუსუდანი, იკონიის ანუ რუმის სულტნის ცოლყოფი-ლი ფლობდა სასახლეებს ქ. თბილისში და ქ. დმანისში. ეს ქალბატონი გამოირჩეოდა, როგორც ქვრივ-ობოლთა, ასევე ჩაგრულთა მფარველად. მასთან ამთავრებდა სიცოცხლეს ოთხმოცი წლის ასაკში მონოზვნად აღკვეცილი მისი მამიდა, მასთანვე იზრდებოდნენ გიორგი III უკანონო ქალიშვილები, ავხორცი ყოფილა გიორგი III თამარის მამა. ან შესაძლოა ავხორცი კი არ იყო, ვაჟი მემკვიდრის გაჩენა სურდა. თამარის გარდა ორი ქალიშვილი შეეძინა, ორივე მათმა მამიდამ რუსუდანმა აღზარდა. დავით აღმაშენებლის შემდეგ ლაშა-გიორგის მეფობამდე საქართველოს სამეფო კარი გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი ზნეობრივი სისპეტაკით. გიორგი III-ს მრუშობა დიდ ცოდვად ითვლებოდა. რუსუდან დედოფალმა იშვილა თავის ძმის ,,ცოდვის ორივე ნაყოფი“, ორივეს რუსუდანი უწოდეს: ერთი რუსუდანი შემდეგში დიდებული მზითევით გაათხოვეს არზრუმში, მეორე კი მონოზვნად აღიკვეცა. აი, ასეთ გარემოცვაში იზრდებოდა ჭაბუკი დავით-სოსლანი. იმ მშვენიერ ეპოქაში საგანგებო სკოლებში ყალიბდებოდა ე.წ. ,,სამსახეობა რაინდისა“. მოყმე, ე.ი. რაინდი უნდა ყოფილიყო მებრძოლი, განათლებული და ზრდილობიანი. არისტოკრატებისათვის სავალდებული იყო უცხო ენების ცოდნაც, ორი ენა - ბერძნული და სპარსული მაინც აუცილებლად ითვლებოდა.
დიდუბის ქორწინება
მეფე-თამარის პირველი ქორწინების შემდეგ, როდესაც ქართველებმა ორგზის კინწისკვრით გააგდეს მეფის პირველი ქმარი სვეუბედური და სვეგამწარებული სოდომია-რუსი, იური-გიორგი ანდრიას ძე რიურიკოვიჩი, როდესაც ჩაცხრა ,,სამოქალაქო ომით’’ გამოწვეული ვნებები, სამეფო დარბაზმა კატეგორიულად მოითხოვა მეფე-თამარის ახალი ქორწინება. მოაწყდა საქართველოს დედაქალაქ თბილისს მეფე-თამარის ხელის მაძიებელთა ლაშქარი. ქართველთა მეფის მზეთუნახავი ანგელოზის ხელს თხოულობდნენ: გერმანიის იმპერატორის ფრიდრიხ ბარბაროსას ვაჟები, პალესტინაში შექმნილი ჯვაროსნული სახელმწიფოების: იერუსალიმის სამეფოს, ანტიოქიის და ედესის სამთავროების ფრანგი, გერმანელი, ინგლისელი, იტალიელი და ბერძენი წარჩინებულები. თბილისში დიდი ამალით ჩამოვიდა მუტაფრადინ სალდუხის ძე, არზრუმის სულტანი. მან საჯაროდ განაცხადა, რომ მზად იყო მიეტოვებინა მაჰმადის რჯული და გაქრისტიანებულიყო. მეფე-თამარის სიყვარულით გაგიჟებულმა მუსლიმანმა უხვად გასცა საბოძვარი, მთელი სამეფო კარი მოქრთამა, დაარიგა: ოქრო, ვერცხლი, თვალ-მარგალიტი, ტაიჭები, მაგრამ ამაოდ. მუტაფრადინს დიდხანს უნასპინძლეს, სამაგიერო საჩუქრებიც მიუძღვნეს, გული რომ არ დაწყვეტოდა, თამარის ნახევარდა რუსუდანი შერთეს ცოლად და უკან გაისტუმრეს. მუტაფრადინი დასავლეთის კარით ტოვებდა თბილისს, როდესაც ქალაქის სამხრეთის განჯის კარებიდან დედაქალაქში ჩამოვიდა შირვანის შაჰი აღსართანი. ახალგაზრდა შაჰი ძალზე მდიდარი და უაღრესად განათლებული კაცი იყო, მფარველობდა პოეტებს, მეცნიერებს. მისი სიმდიდრის წყარო იყო ბაქოს ნავთობის საბადოები, იმ შორეულ საუკუნეშიც ძალზე ძვირად ფასობდა ,,მიწის ზეთი“. შირვან შაჰმა საჯაროდ დადო ფიცი, რომ მიიღებდა ქრისტიანობას, მიატოვებდა ყველა ცოლს. თამარის ხელს რომ თხოულობდა, აღსართანს ბარემ სამი დუჟინი ცოლი უკვე ყავდა. დაიწუნა მეფე-თამარმა გახელებული აღსართანი, იწყინეს ქართველმა დიდებულებმაც. შირვანი საქართველოს მოხარკე იყო, ვასალური ქვეყანა. ქართველი მეფე არ იკადრებდა საკუთარ ქვეშევრდომს გაყოლოდა ცოლად. საქართველოში ჩამოვიდა ბიზანტიის იმპერატორის ვაჟიშვილიც, კეისარ მანუელ I-ის უკანონო ვაჟი ალექსი. აქ ცოტა სხვადასხვაობაა ისტორიკოსებს შორის. თამარის მთხოვნელთა შორის დასახელებულია მანუელ I-ის კანონიერი შვილი ანდრონიკეც. სასიძოთა რიცხვი გაცილებით მრავალი იყო. არა ერთი მოყმე გაიჭრა მაშინ ველად. ზოგი სამუდამოდ გადაიხვეწა. ქართულმა ფოლკლორმა შემოინახა რომანტიკული ლეგენდები დემნა ბატონიშვილისა და შოთა რუსთაველის თამარისადმი ტრფობის შესახებ. გადმოცემები ასახელებენ აგრეთვე ჩახრუხაძეს, შავთელს, სარგის თმოგველს, ზაქარია მხარგრძელს, ივანე მხარგრძელს, ახალგაზრდა შალვა ახალციხელ-ჯაყელს, ,,შავლეგოს“ და ა.შ. მეფეთა-მეფე თამარის არჩევანი შეჩერდა დავით-სოსლან ჯადარონის ძე ბაგრატიონ ეფრემისძეზე. ამ არჩევანს რამდენიმე ახსნა აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, გარდამწყვეტი იყო სწორედ დავით-სოსლანის ბაგრატიონობა. 1188 წ. სრულიად საქართველოს მეფემ თამარმა წყნარად, გრანდიოზული ზარ-ზეიმის გარეშე, თბილისის შემოგარენში, დიდუბის ეკლესიაში, დაიწერა ჯვარი. ასე გადაიქცა პატარა ოსური სამეფოს ტახტის მემკვიდრე ,,ღმერთის რჩეულად“.
დავით-სოსლანი - მეფე-თამარის თანამეფე
დავით-სოსლანი მოიხსენიება ვითარცა ,,მეფე ქართველთა“. ბრწყინვალე ჭაბუკი იყო თამარის ქმარი. საქართველოსთვის თავდადებული, უებრო რაინდი. თამარის გვერდით აღუმართეს სამეფო ტახტი, თავზე გვირგვინიც დაადგეს, მაგრამ ის არ ყოფილა საქართველოს მეფე. სრულიად საქართველოს მეფეთა მეფედ დარჩა თამარი - დავით-სოსლანი ნამდვილი მხედარი იყო, მან მიიღო მონაწილეობა ე.წ. ,,იმერის აჯანყების“ ჩახშობაში, შამქორის ომში, ბასიანის ომში. მან აიღო მიუდგომელი ციხე-სიმაგრე კარი ანუ ყარსი, თუმცა არც მთავარსარდალი ყოფილა და არც სამხედრო საქმეთა გამგებელი. სამხედრო საქმეებს ხელმძღვანელობდა ამირსპასალარი - სამხედრო საქმეთა მინისტრი. მთავარსარდლად მეფე ითვლებოდა. ცალკეული ლაშქრობის დროს მეფე ნიშნავდა სარდალს, თუ გამოვრიცხავთ კარი-ყარსის ბრძოლებს, დავით-სოსლანი არასოდეს დაუნიშნავს თამარს სარდლად. შამქორის ბრძოლაში ცალკე კორპუსს მეთაურობდა, ასევე იყო ,,სამოქალაქო ომის დროს“ და ბასიანშიც. ეს არ აიხსნება იმით, რომ თამარი არ ენდობოდა მეუღლეს, პირიქით, არცერთ წყაროს არ შემოუნახავს სულ მცირე კონფლიქტიც კი გვირგვინოსან მეუღლეებს შორის. უბრალოდ, მეფე-თამარი მტკიცედ იცავდა სახელმწიფოებრივ განაწესს. სახელმწიფოს სათავეში იდგა მეფეთა-მეფე. უშუალო საქმეებს განაგებდა დიდი კანცლერი, ანუ პირველი ვეზირი, რომელსაც მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი ერქვა. მას შემდეგ მოდიოდნენ ვეზირები ანუ მინისტრები: მანდატურთუხუცესი, ამირსპასალარი, მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი და ა.შ. მაშასადამე, სახელმწიფოში ყველა დარგი თუ უწყება განაწილებული იყო. მაშ რა ფუნქცია ეკისრებოდა დავით-სოსლანს? - იურიდიულად თითქმის არაფერი, იგი მხოლოდ თანამეფე იყო, ე.ი. მეფის მრჩეველი და თანაშემწე. მაგრამ პიროვნულად დავით-სოსლანმა თანდათან მიიღო გარკვეული უფლებები. ძალზე ხშირად მისი სიტყვა გადამწყვეტი ხდებოდა, თუმცა არასოდეს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს თამარის ნების გარეშე. თამარის ისტორიკოსებმა შემოგვინახეს მხოლოდ ერთი განსაკუთრებული შემთხვევა. ე.წ. ,,სამოქალაქო ომის“ შემდეგ, როდესაც დასავლეთელი ფეოდალების ჯანყი ჩაცხრა, ზოგიერთმა დიდებულმა მეკობრეობა-ყაჩაღობა დაიწყო. მათ შორის გამორჩეოდა ტაოს სეფე-წული (ე.ი. მმართველი) მთავარი გუზან ტაოელი. მან გააოხრა მთელი ქვეყანა. მობეზრდათ ბოლოს მისი თარეში ქვეშევრდომებს, უბრალო მთიბავებმა შეიპყრეს დიდი მთავარი და დავით-სოსლანს მიჰგვარეს. ამ უკანასკნელმა იცოდა მეფე-თამარის გულმოწყალება, იცოდა ისიც, კიდევ ერთხელ აპატიებდა მეფე ურჩ დიდებულს, ამიტომაც შეპყრობისთანავე ჯერ თვალები დათხარა და მერე მოახსენა მეფე-მეუღლეს მომხდარი ამბავი. გაწყრა თამარი, მაინც დავით-სოსლანსაც შერჩა სისასტიკე, თუმცა სამართლიანი. მეორეჯერ კარის ციხესიმაგრის ალყის დროს ციხეში მომწყვდეულმა თურქებმა მწარედ შეაგინეს დავით-სოსლანს, დაიფიცა თამარის მეუღლემ, საძირკვლიანად დავანგრევო ქალაქს. ხანგრძლივი ალყის შემდეგ ყარსელებმა დანებება გადაწყვიტეს, ეშინოდათ დავით-სოსლანის ფიცის, ამიტომაც საგანგებო მოციქული მოუვლინეს მეფეს, შემოუთვალეს: დაგნებდებით, ოღონდ პირადად შენ და არავითარ შემთხვევაში შენს მეუღლეს. ჩავიდა თამარი კარში (ყარსში), ჩაიბარა ციხე-სიმაგრის კლიტენი, რადგანაც იცოდა, აუცილებლად შეასრულებდა დავით-სოსლანი დადებულ აღთქმას.
მალე გვირგვინოსან მეუღლეებს ქალ-ვაჟი შეეძინათ, ჯერ უფლისწული გიორგი დაიბადა ,,ლაშად’’ სახელდებული, მალე კი ულამაზესი რუსუდანიც გაჩნდა. გიორგი-ლაშა 1193 წელს უნდა იყოს დაბადებული, რუსუდანი 1198 წელს. ორივე უფლისწული იწოდება არა დავითის, არამედ ,,თამარის ძედ’’.
1205 წელს გარდაიცვალა დავით-სოსლან ბაგრატიონი. დიდებულად დამარხეს ქართველებმა ბრწყინვალე რაინდი გელათის სამეფო აკლდამაში, მეფე-თამარმა თანამეფედ აიყვანა 12 წლის გიორგი-ლაშა. შეთანხმებულად იცხოვრეს 16 წელი მეფე-თამარმა და მისმა ერთგულმა მეუღლემ დავით-სოსლანმა. ხანმოკლე, მაგრამ უბედნიერესი იყო ოსი უფლისწულის სიცოცხლე. და რა იცოდა, რომ შვიდსაუკუნე ნახევრის შემდეგ აღმოჩნდებოდა ათასგვარი ჭორის სუბიექტი. ოსი ისტორიკოსების ერთმა ნაწილმა აბსურდული ვერსიები შეთხზა. ჯერ ,,დაასაბუთეს’’, რომ დავით-სოსლანი შურის ნიადაგზე მოკლეს ქართველებმა. ღმერთო ჩემო, რაღა არ დაიწერა. მაგ., არსებობს ,,მეცნიერული’’ გამოკვლევა, რომლის მიხედვით თურმე დავით-სოსლანი მოუკლავთ მძინარე და ეს ,,დაამტკიცეს’’ მისი გვამის გაკვეთით! რაც შეეხება გვამს, თურმე დავით-სოსლანი დაუკრძალავთ არა გელათში, არამედ ნუზალში, კასრის ხეობაში. მართლაც გათხარეს რომელიღაც გოლიათის საფლავი, იქ ნახული ცხედარის ძვლები ათასნაირი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ საფლავში აღმოჩნდა მძიმე კეტი და ალჩუ კოჭები, თურმე საქართველოს მეფეთა-მეფის თამარის ღირსეული მეუღლე და თანამეფე, უებრო რაინდი, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, მიყრუებულ მომცრო ეკლესიაში დაუმარხავთ ალჩუ-კოჭების და მეცხვარის კეტის ამარა. ასეთი ისტორიოგრაფიის განხილვაც კი შეურაცხმყოფელია წარსულის ხსოვნისადმი, თუმცა ერთი კია, გაყალბებულ ისტორიას პატარა ხალხების ავადმყოფური პატივმოყვარეობის სრული გამრუდება შეუძლია. ეს კი ხშირად ეთნოკონფლიქტების იდეოლოგიურ წყაროდ იქცევა ხოლმე. არავითარი ისტორიული ძიება არ სჭირდება დამაშვრალი რაინდის ნეშტს. იგი მშვიდად განისვენებს გელათში, ქართველ ბაგრატიონთა სამეფოში.
|
|