ნაწყვეტი ჯუმბერ თადიაშვილის წიგნიდან: „პერსონასოფიური საზოგადოების საპროგრამო მანიფესტი“
ჩვენ ფილოსოფიურ მსოფლმხედველობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტრადიციონალიზმს. უმრავლესობის მიერ ტრადიციონალიზმის გაგება, როგორც სრულებით ნატურალისტური და რაციონალური კატეგორიის, ახდენს მის რადიკალიზაციას და ხელს უწყობს მისი აგრესიული ფორმებით გამოხატვის შესაძლებლობას. ტრადიცია უპირველესად სულიერი მოვლენაა. განსახიერებული და განსხეულებული ზეადამიანური ცოდნაა, ანუ სოფიურობაა და მსოფლიო სამშვინველის ერთიანობის სიმბოლოა, რომელიც ჩვენ ობიექტირებულ ბუნებაში ვლინდება და გადმოგვეცემა პირველადი პრინციპების, საკაცობრიო მნიშვნელობის ფასეულობების და მორალურ-ზნეობრივი ნორმების სახით. ნიკოლოზ ბერდიაევის განმარტებით, “ტრადიცია აქსეოლოგიური მნიშვნელობისაა და იგი არ წარმოადგენს კონკრეტულად წარსულის ან მომავლის კუთვნილებას, ტრადიცია არ ნიშნავს დროში ჩაკეტილობას, ტრადიცია დროისგან მარადიულობის მუდმივი ურთიერთობა, ტრადიცია ჩვენს შიგნით არსებული მარადიული აწმყოა“. ტრადიციულ ფასეულობებს განეკუთვნებიან ისეთი გამაერთიანებელი გრძნობა-პრინციპები, როგორიცაა: პატიოსნება, ღირსება, ოჯახი, სამშობლო, წინაპრები, სიმართლე, კაცთმოყვარეობა, მეგობრობა და სხვა მრავალი ის, რასაც ქართულ სუფრაზე გაიგონებთ სადღეგრძელოები სახით. სწორედ ამიტომაა, რომ ქართულ სუფრას ტრადიციულს უწოდებენ, რაც რა თქმა უნდა არასწორია. ქართული სუფრა თავისი წეს-ჩვეულებებით მხოლოდ იარაღია, რისი საშუალებითაც ხდება სასიამოვნოს შერწყმა საჭიროსთან და აუცილებელთან, საჭიროება და აუცილებლობა კი იმაში მდგომარეობს, რომ სუფრაზე ხდება, ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ტრადიციული ფასეულობების ხმამაღალი და საყოველთაო განცხადება და მტკიცებულება და მათი მუდმივად გამეორება, რომ არ მოხდეს მათი დავიწყება და გაუფასურება, ესაა ერთგვარი თვითშთაგონების საკმაოდ ორიგინალური ფორმა, რასაც უდიდესი აღმზრდელობითი მნიშვნელობა გააჩნია (სამწუხაროდ, გარკვეულ მიზეზთა გამო, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ამას სადღეგრძელოებში ვაპროეცირებთ). დღესდღეობით, ქართულ სუფრას, მსგავსად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა, გამკრიტიკებელი არ აკლია, თუმცა საეჭვოა, რომ კრიტიკოსთა მიზანი, ამ სფეროებში რაიმეს გამოსწორება და გაუმჯობესება იყოს და არა მათი სრული დისკრედიტირება და ლიკვიდაცია. გარკვეული ძალები დაინტერესებული არიან ტრადიციებისა და პრინციპების არმქონე საზოგადოების არსებობით, რამდენადაც, უპრინციპო ადამიანს და ზოგადად საზოგადოებას, ახასიათებს ავადმყოფურად გამოხატული მონური მორჩილება. ხშირ შემთხვევაში ადამიანები თავად არიან დაინტერესებული პრინციპების არქონით, რათა გაიადვილონ საკუთარი ცხოვრება, რომ მოიპარონ, მოიტყუონ, იმრუშონ, იძალადონ, არაფერზე პასუხისმგებლობა არა აიღონ, პატიება არ ითხოვონ და ბოდიშიც კი არ მოიხადონ საკუთარ უმსგავსო საქციელსა და ჩადენილ დანაშაულებზე. ტრადიციების და ისტორიული მეხსიერების არმქონე საზოგადოება გადახნული მინდორივითაა, რომელიც გამზადებულია დასათესად და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ ვინ იქნება მთესველი და რას დათესავს. მთელი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ტრადიციული ღირებულებები მუდმივად განიცდიან დევალვაციას, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია დღევანდელ პოსტმოდერნისტულ და პოსტ-ჰუმანისტურ ეპოქაში. თუმცა ყოველივე ეს, სავსებით ბუნებრივია და ახსნადია. როგორც ტრადიციული, ასევე მართლმადიდებლური სწავლებით, ადამიანის სამოთხისეულ-ეგზისტენციალური მდგომარეობიდან ისტორიულ დროში გადასვლა გაიგივებულია მის ვარდნასთან და დაცემასთან, რაც გაგრძელდება ისტორიის დასასრულამდე და ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. ტრადიციულ ღირებულებათა „თავისუფალი ვარდნის“ პირობებში ლაპარაკი იმაზე, რომ ადამიანი განიცდის პროგრესს და საუბარი ამ პროგრესის უწყვეტობაზე, შეუქცევადობასა და უსასრულობაზე, ჩვენ მიერ აღიქმება, როგორც აშკარა სიცრუე და ცინიზმი. შეუძლებელია ერთდროულად ვარდნა და აღმოასვლა. იმაზე ფიქრი, რომ ადამიანი არასრულფასოვანია და ის უნდა განვითარდეს, ესა ადამიანებისთვის თავსმოხვეული ყველაზე დიდი ტყუილი და კაცთა მოდგმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ილუზია. ტექნიკური პროგრესისგან განსხვავებით, თავად ადამიანია ევოლუციონერებს, ადამიანისთვის ამგვარი მიზნის დასახვას კი არასწორია. ადამიანს ესაჭიროება არა განვითარება, არამედ განთავისუფლება, განთავისუფლება ცოდვისაგან ან მისგან მიღებული შედეგებისაგან, ანუ ობიექტირებისაგან, რაც მყისიერად და კარდინალურად შეცვლის სამყაროში ადამიანის როლს და ადგილს, მის მნიშვნელობას და დანიშნულებას. როგორც მოგეხსენებათ ადამიანი შექმნილი ღვთის ხატად და მსგავსად, ანუ სრულფასოვან არსებად, ამიტომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას ესაჭიროება არა განვითარება არამედ განთავისუფლება და მასში არსებული შემოქმედებითი პოტენციალის გახსნა და რეალიზება. ამდენად ყოველივე ანტიტრადიციული და მათ შორის ე. წ. „პროგრესიზმი“ და ევოლუციონიზმი“ , ეს სამარცხვინო მეცნიერული ფალსიფიკაცია, მიუღებელია პერსონალიზმისათვის. საჭიროა ითქვას, რომ პერსონაკრატიული მმართველობა, პერსონალისტური იდეალის თავისუფალი და პლურალისტური საზოგადო ერთობა, პიროვნების თავისუფლება და მისი შემოქმედებითი აღმასვლა შესაძლებელია ეფუძნებოდეს მხოლოდ ტრადიციულ ღირებულებებს.
|