|
ჰერეთის დედოფლის, დინარას ამბავი ქართულ და რუსულ მატიანეებში გაიოზ მამალაძე
დღეს, თორმეტი მოციქულის კრებასთან ერთად აღინიშნება დინარა დედოფლის ხსენების დღეც.
დინარა დედოფალმა თავის შვილთან, იშხანიკთან ერთად ჰერეთის მოსახლეობას, ჰერებს, ქართველებს დააძლევინა მონოფიზიტური მოძალება, აღუდგინა მართლმადიდებლური სარწმუნოება…
დინარა დედოფალი ძალიან პოპულარული პერსონაჟია რუსული მატიანეებისა – Повесть о Царице Динаре. რუსეთის პირველი მეფე ივანე მრისხანე (გროზნი), 1552 წელს ყაზანის აღების დროს, თავისი ჯარის გასამხნევებლად, როცა ისინი შედრკნენ, მათ ივერიის დედოფლის დინარას და მისი ჯარის მაგალითს ახსენებდა.
რუსულ ქრონოგრაფიებში, მატიანეებში პოპულარულია, როგორც ვთქვით, “ივერიის დედოფალი დინარა”, რომელიც წარმატებით შეებრძოლა სპარსებს და გაიმარჯვა. დინარა დედოფლის შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობდა, ზოგი მეცნიერი ფიქრობდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო თამარ მეფის შესახებ გადმოცემა, სადაც სახელი იყო შეცვლილი.
მოთხრობის თანახმად დინარა ტახტზე ადის მამის სიკვდილის შემდეგ (როგორც თამარი). მოთხრობილია, რომ დედოფალს სპარსთა მეფემ ხარკი მოსთხოვა. მერე ძეგლი გვიამბობს საქართველო-სპარსეთის ომზე, რომელშიც იმარჯვებს საქართველო. ეს ძალიან ჰგავს რუქნადინისა და საქართველოს ომს, თამარ მეფის პერიოდს. თუმცა, არის ამბები, რომლებიც საქართველოში არ მომხდარა და გამოგონილია. ზოგიერთის აზრით, მოთხრობა უნდა იყოს დაწერილი XVI საუკუნის დასაწყისში, უცნობი ავტორის მიერ. მას თვლიან პირველ ძეგლად საქართველოს შესახებ. ეს მოთხრობა პოპულარული იყო XVI-XVIII საუკუნეების რუსეთში და საქართველოში.
ჰერეთს (ალბანეთის უდიდესს, აღმოსავლეთ ნაწილს), ძველი სლავები, რუსები, სავსებით სამართლიანად ივერიადმოიხსენიებდნენ. ისინი ლაშქრობდნენ ხოლმე კასპიის ზღვის სანაპიროებზე და აქედან ამბავი ივერიელ დედოფალ დინარაზე, რომელიც სპარსეთის შემოტევას წარმატებით იგერიებდა, რუსეთში გაავრცელეს.
თუმცა, დინარა დედოფლის შესახებ ცნობა მოგვეპოვება “ქართლის ცხოვრებაში”. რომელსაც დიდი დამსახურება მიუძღვის ქრისტიანობის, მართლმადიდებლობის წინაშე. როგორც ზემოთ ვთქვით, დინარა დედოფალმა თავის შვილთან, იშხანიკთან ერთად ჰერეთის მოსახლეობას, ჰერებს, ქართველებს დააძლევინა მონოთეისტური მოძალება, აღუდგინა მართლმადიდებლური სარწმუნოება.
დინარა დედოფლის ვინაობის მეცნიერულად დადგენის საქმეშე დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს წმიდა კათალიკოს-პატრიარქს კირიონ II, რომელმაც ბევრ ვითარებას მოჰფინა ნათელი. მისი წიგნის შესახებ: “ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში” (Епископ Кирион - “Культурная роль Иверии в истории Руси“) - ორიოდე დღის წინ ვესაუბრეთ ჩვენს მკითხველს, როდესაც გავაცანით მოკლე ნაწყვეტი აღნიშნული წიგნიდან მთაწმინდელის შესახებ (იხ. “კირიონ II – გიორგი ათონელის შესახებ”, 09.07.2011). იმ დღეს ამ ორი წმინდანის ხსენების დღე იყო.
კირიონ II როლი ჩვენს ქვეყანაში ჯეროვნად დაფასებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ 2002 წელს ჩვენმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა. მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა შესწავლილი არ არის სათანადო დონეზე. მისი აღნიშნული წიგნი კი არის გადატრიალება რუსეთის ისტორიაში, რომელსაც დამფასებლები სჭირდება. იმ დღესაც ვწერდი და დღესაც გავიმეორებ, ეს წიგნი ყველა ქართველმა უნდა დაისწავლოს და რუსებსაც უნდა წააკითხოს და გააგებინოს, რაოდენი დამსახურება მიუძღვის ივერიას რუსეთის წინაშე და რომ ამას დაფასება სჭირდება და არა უმადურობა.
რუსები ყოველთვის გვაყვედრიან ჩვენ გადაგარჩინეთო. მაგრამ, წაიკითხონ “Культурная роль Иверии въ исторიи Руси” და მიხვდებიან, რომ საქმე იქნებ პირიქითაა, როცა ისინი ჩამოყალიბების სტადიაზე იყვნენ, ბევრ რამეს სესხულობდნენ ქართული კულტურიდან; როცა იდგნენ ქრისტიანობისა და და წარმართობის გასაყარზე, ქართული კულტურა აღმოჩნდა ის ერთ-ერთი უმთავრესი ბალავარი, რომლის გაცნობის შედეგად აღმოცენდა რუსული კულტურა; რომ მათი, ვითარცა ნაციის, როგორც კულტურული, ქრისტიანული ერის ჩამოყალიბების პროცესში უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართველებს…
მივუბრუნდეთ თემას. კირიონ კათალიკოსი კარგად ასაბუთებს, რომ დინარა დედოფლის თამარ მეფედ მიჩნევა შეცდომაა. დინარა არის ჰერეთის დედოფალი, ტაო-კლარჯეთის ხელმწიფის, ადარნასე ბაგრატიონის ასული. იქვე წერს, რომ ჰერეთს, რუსები კარგად იცნობდნენ და ეს მათ ფოლკლორშიც არის წარმოდგენილი.
ჩვენს მკითხველს ვულოცავთ თორმეტი მოციქულისა და დინარა დედოფლის ხსენების დღეს და ვთავაზობთ ნაწყვეტს კირიონ II წიგნიდან, სადაც განიხილავს დინარა დედოფლის ვინაობას და დამსახურებას.
რუსულიდან თარგმნა ზურაბ თორიამ, ვინაიდან ქართული ვარიანტი დაკარგულია.
კირიონ II დინარა დედოფლის შესახებ (წიგნიდან “ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში”).
თხზულება: “საკვირველი და მეტად მარგი ამბავი ქალწულზე, ივერიის მეფის ქალიშვილ დედოფალ დინარაზე, რომელმაც სპარსთა მეფე ადრამელეხი დაამარცხა”. ეს ნაწარმოები ძველ რუსეთში საყვარელ სულიერ-შემეცნებით თხზულებებს განეკუთვნებოდა; იგი ძველ რუსულ ქრონოგრაფებში ხშირად გვხვდება. რუსული გადმოცემის მიხედვით თხზულების შინაარსი ასეთია:
დედოფალი დინარა, “ივერიის ხელისუფალის” ალექსანდრე მელეხის ქალიშვილი, თხუთმეტი წლის ასაკში ტახტის მემკვიდრე გახდა და ხალხს ბრძნულად უძღვებოდა. სპარსეთის შაჰმა ალექსანდრეს სიკვდილი რომ შეიტყო, მისი ქალიშვილისაგან მორჩილება მოითხოვა. დინარამ ძღვენი გაუგზავნა მას, მაგრამ მშობლიური სამეფოს დამოუკიდებლობაზე უარის თქმას არ აპირებდა. გახელებული მბრძანებელი მისკენ საომრად გამოემართა. ნორჩი დედოფლის ყველა დიდებული შიშმა შეიპყრო. “ამდენ მეომარსა და სპარსთა ასეთ უძლეველ ლაშქარს როგორ გავუმკლავდებით!” – წუხდნენ ისინი. მამაცმა დინარამ მათ გამბედაობა ჩაუნერგა; “ბარბაროსთა წინააღმდეგ ვისწრაფოთ, – ამბობდა იგი, – რამეთუ მე დიაცი უკვე მივეშურები, დავძლევ დიაცურ უძლურებას, ვაჟკაცური სიმტკიცით შევიმოსები, წელზე საჭურველს შემოვირტყამ, თავზე ჩაჩქანს დავიდგამ, ხელში შუბს მოვიმარჯვებ, და გაშმაგებით ჩავებმები ბრძოლაში, რამეთუ არა მნებავს ჩემთა მტერთაგან ჩვენმა ღვთისმშობლის წილხვდომილმა ქვეყანამ და ჩვენთვის მისგან ბოძებულმა სამეფოებმა ტყვევნა განიცადონ; ციური დედოფალი მოგვანიჭებს სიმამაცესა და შემწეობას ჩვენი სამკვიდროსათვის”. მას შემდეგ, რაც შარბენის მონასტერში ღვთისმშობლისადმი ლოცვა აღავლინა, სადაც “ქვეითად, ფეხშიშველი, წვეტიანი ქვებით დაფარული უხეში გზით მივიდა”, მტრების წინააღმდეგ გაემართა, შუბშემართული გაქანდა სპარსთა ლაშქრისკენ და განგმირა ერთი სპარსელი. მტრებს მისმა ხმამ თავზარი დასცა და უკუიქცნენ. დინარამ სპარსეთის მეფეს თავი მოჰკვეთა და შუბზე წამოცმული თავრიზში ჩაიტანა; მას ქალაქები დანებდნენ და ძვირფასი ნადავლით დატვირთული სამშობლოში დაბრუნდა. ნადავლი “ლალის თასი”, ძვირფასი ქვები და მძივები, ოქრო და სპარსთაგან წამოღებული მთელი სამეფო მონაგარი”, ყოველივე ღვთის სახლებს დაურიგა. ამის შემდეგ მეფობდა 38 წელს, ბოლოს ხელისუფლება თავის ნათესავებს დაუტოვა. “ივერიის განუყოფელი სამეფო კი ჰგიებს დღევანდლამდე. იგი ებრაელთა მეფის დავითისაგან, მეფის შტოსაგან მომდინარეობს”.*
ეს თხზულება აკადემიკოსმა მ. ბროსემ ისტორიული განმარტებებითურთ გამოსცა და ფიქრობს, დინარა, რა თქმა უნდა, იგივე დიდი თამარიაო, თუმცა, “ქართლის ცხოვრებიდან” იცის, რომ დინარა ჰერეთის დედოფალი იყო და სახელოვან თამარამდე სამი საუკუნით ადრე ცხოვრობდა. დინარა “ქართლის ცხოვრებაში” ორჯერაა მოხსენიებული (გვ. 197, 210. ავტოპრისვე შენიშვნა). ცნობილია, რომ იგი ღვიძლი და იყო გურგენ ერისთავთერისთავისა და მართლმადიდებლობაზე მოაქცია თავისი ვაჟიშვილი იშხანიკი და წარმართული ჰერეთი. უფრო დაწვრილებითი ცნობები დინარაზე “ქართლის ცხოვრებაში” არაა, რადგან ჰერეთის სამეფოს თავისი მატიანე ჰქონდა, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მიკვლეული არაა.
მ. ბროსეს აზრი შესაძლოა გარკვეულ წილად დასაჯერებელი ყოფილიყო, რომ დინარას სახელი საქართველოს ისტორიაში საერთოდ არ გვხვდებოდეს, მაგრამ იგი ისტორიული პიროვნებაა და ჩვენი თანამემამულე მემატიანეებისა და სომეხი მწერლებისათვის კარგადაა ცნობილი. რუსები თამარს ისე კარგად იცნობდნენ, დინარაში არ აერეოდათ. თამარი რუს მთავარ გიორგიზე, ანდრეი ბოგოლიუბსკის ძეზე იყო დაქორწინებული და თავის ბრწყინვალე გამარჯვებათა წყალობით რუსებისთვის ცნობილი გახლდათ. ასევე უსაფუძვლოდ და ყოვლად დაუსაბუთებლად მიგვაჩნია ნ. გ. უსტრიალოვის მოსაზრება, თითქოს თქმულება დედოფალ დინარაზე დიდი სიძველით არ გამოირჩევა და იგი ზღაპარია, რომელსაც ყვებოდნენ ქართველები რუსეთში მეფე მიხეილ თევდორეს ძისა და მისი მემკვიდრის კარზე. უსტრიალოვის მოსაზრებებთან დაკავშირებით საჭიროა აღინიშნოს, რომ პირველ რიგში ეს ამბავი რუსულ ქრონოგრაფებში გვხვდება, რომელთა უძველესი ნუსხები XVI საუკუნეს სცდება, მეორეც, ზღაპარი ისტორიულ ქრონიკებში ვერ მოხვდებოდა. ამ თქმულების მწიგნობრული ნასესხობა ივერიიდან რომაა, მისი გადმოცემის ლიტერატურული სტილიც მიუთითებს.
1639 წელს რუს დესპან ფ. ფ. ვოლკონსკის ალავერდელმა ეპისკოპოსმა ზებედემ აცნობა, რომ ალავერდის ტაძარი სპარსთა მეფის დამმარცხებელი ქართველი დედოფლის, დინარას შვილის მიერაა დაარსებული, რომ დამაარსებლის ნეშტი მონასტრის ტაძარში განისვენებს, რომ მემატიანეები დინარას სახელოვანი მეფობისა და სპარსეთის მეფეზე გამარჯვებათა შესახებ თხრობისას არაფერს ამბობენ, გათხოვილი თუ იყო, ან შვილები თუ ჰყავდა. აქ დედოფალ დინარას მაგიერ თამარ მეფე რომ იგულისხმებოდეს, წიგნიერი კაცი, მთავარეპისკოპოსი ზებედე არ იტყოდა, რომ მატიანე მის ქორწინებაზე არ ლაპარაკობს, არც იმაზე, ჰყავდა თუ არა შვილები, ვინაიდან “ქართლის ცხოვრება” დაწვრილებით მოგვითხრობს თამარის ორჯერ, გიორგისა და დავითზე დაქორწინების შესახებ, ასევე მოგვითხრობს, რომ მას შვილები, გიორგი და რუსუდანი ჰყავდა და, როგორც თამარი, ისე მისი მემკვიდრე, გიორგი არა ალავერდის, არამედ გელათის მონასტერში არიან დაკრძალულნი.
კახეთის ნაწილი – ჰერეთი ქართული ტომითაა დასახლებული. ეს პროვინცია ერთ-ერთ რუსულ საბავშვო სიმღერაშიცაა ნახსენები:
“Дождикь, дождикь, перестань, Я поэду в эрестань…”
“წვიმავ, წვიმავ, გადაიღე, წავალ მე ჰერეთში…”
ეს სიმღერა, უეჭველია, ადრე ხალხური იყო და რუსეთ საქართველოს მჭიდრო კავშირზე მიუთითებს, ე. ი. რელიგიური მომლოცველობა, რომელიც როგორც ამ სიმღერის შინაარსიდან ჩანს, გრძელდებოდა ქრისტიანულ პერიოდშიც, საქართველოდან რუსების წინაპართა გადასახლების შემდგომაც.**
———————
* – კირიონ კათალიკოსი შენიშვნებში წერს: “რუსმა მწიგნობარმა ეს თხზულება რომ ისესხა, მასში, როგორც ეს რუსულ წერილობით ძეგლებში ხშირად გვხვდება, საკუთარი სახელები დაამახინჯა. ქართული მატიანის მოწმიგით დინარა ხელისუფალის,ადარნასე მესხის ქალიშვილია, ხოლო მან ადარნასე მესხი ალექსანდრე მელეხად გადააკეთა.
** – მთარგმნელის, ზურაბ თორიას, შენიშვნა: “აქ ავტორს, ეტყობა, მხედველობაში ის რუსი მომლოცველები ჰყავს, რომლებიც ჰერეთისაკენ, როგორც წმიდა ადგილისაკენ მიემართებოდნენ და აქვე გარკვეული ვადით სახლდებოდნენ.” |
|