ალექსანდრე კონსტანტინეს-ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი - რუსეთში მოღვაწე ქართველი ბატონიშვილი - იყო რუსეთის არმიის გენერალ-ადიუტანტი, ინფანტერიის გენერალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი - მისი სამშობლოს დამასამარებელი რუსეთის იმპერიის უერთგულესი მაღალჩინოსანი. იმერეთის მეფის - დავით II-ის შვილიშვილი, ალექსანდრე ბაგრატიონი დაიბადა 1837 წელს. 1857 წლის 31 იანვარს მიიღო პორუჩიკის წოდება და საკუთარი თხოვნის საფუძველზე ჩაირიცხა ქართველ გრენადერთა პოლკში, რომლის შემადგენლობაშიც მონაწილეობას იღებდა ჩეჩნეთისა და დაღესტნის დაპყრობაში. 1859 წლის დეკემბერში შევიდა გენერალური შტაბის აკადემიაში, რომელიც დაასრულა შტაბს -კაპიტნის ჩინით და დაინიშნა გვარდიის კორპუსის შტაბში. შემდგომში მონაწილეობას იღებდა პოლონეთის აჯანყების ჩაქრობაში. 1863 წლის 4 ივლისს გამორჩეული სამსახურისათვის მიიღო კაპიტნობა. 1864 წლის აგვისტოში მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება, ხოლო 1869 წელს უკვე გენერალ-მაიორია. 1876 წლიდან ინიშნება ჰერცოგ გიორგი მეკლენბურგ-სტრელიცკის თანაშემწედ მსროლელი ბატალიონების ინსპექტორის წოდების მიხედვით. თურქეთთან ომის გამოცხადებასთან ერთად იმერეტინსკი გაიგზავნა ბელგრადში, სერბების სამხედრო მომზადების ხელშესაწყობად, შემდეგ იგი მეთვალყურეობდა პლევნას მე-2 შტურმს. ამ შტურმისათვის მან მიიღო ოქროს ხმალი წარწერით „სიმამაცისათვის“. დაჯილდოვდა 1877 წლის 22 აგვისტოს წმიდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით ქ.ლოვჩის შტურმით აღებისათვის. ნიშანდობლივია იმერეტინსკის შედარებითი დახასიათება, რომელიც სამხედრო უწყების მიერ იყო გაკეთებული ქართველებისთვის კარგად ცნობილ ტოტლებენის მოგვარე გენერალთან, ვისთან ერთადაც მოუხდა მას სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა: „ ყოველთვის მშვიდი, აუღელვებელი, ზნეობრივად გაწონასწორებული სწორედ რომ აუცილებელი დანამატი იყო ფეთქებად და ფიცხ ტოტლებენზე, რომელიც ვერც დაუღალავი საქმიანობით დაიკვეხნიდა, ვერც ნებისყოფის სიმტკიცითა და ვერც ნათელი გონებით. ალექსანდრე III-ის ტახტზე ასვლის შემდეგ ის დაინიშნა სამხედრო-სასამართლო სამმართველოს უფროსად და მთავარ სამხედრო პროკურორად. ამ თანამდებობაზე იყო 12 წლის მანძილზე. 1891 წლიდან არის ინფანტერიის გენერალი, ხოლო 1892 წლიდან - სახელმწიფო საბჭოს წევრი. 1897 წლის შემდეგ - ვარშავის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი და ვარშავის გენერალ-გუბერნატორია. როგორც ჩანს, გენერალს არა მარტო საკუთარი სამშობლოს თავისუფლების წყურვილი ჰქონდა განელებული, მისი ქვეყნისებრ დამონებულთაც საკუთარი ხვედრისათვის შერიგებისკენ მოუწოდებდა. როგორც მადლიერი რუსი მეისტორიეები აღნიშნავენ, იმერეტინსკი ცდილობდა: „დაემტკიცებინა პოლონელებისათვის საქმით, რომ რუსეთის ხელისუფლება ზრუნავს მათი საჭიროებებისა და სარგებლობისათვის და რამდენადაც შეუძლია, ყოველთვის მზად არის დააკმაყოფილოს მათი არა მარტო მატერიალური ინტერესები, არამედ სულიერი მოთხოვნილებანიც, ერთადერთი აუცილებელი მოთხოვნით - იყვნენ სრულიად რუსეთის იმპერატორის ერთგული ქვეშევრდომნი და თავს რაცხდნენ ერთიანი და განუყოფელი რუსული სამეფოს მოქალაქეებად“. |