საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

თამარ მეფის გვირგვინის სიმბოლიკა
ანა ლეთოდიანი

ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ 1178 წელს გიორგი III-ემ თავისი ასული, თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. ამ მოვლენის შესახებ, თამარის უცნობი მემატიანე „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანში” წერს: „გიორგი მეფემ შეყარა შვიდივე სამეფო აწვია დედოფალთა დედოფალი, ცოლი მისი ბურდუხან და შვილი მათი თამარ... და დაადგა გვირგვინი ოქროსა თავსა მისსა, ოქროსა მის ოფაზისა, აღმკული იაკინთთა, ზმირთა და სმარაგდათა მიერ”.

თავდაპირველად, ორიოდე სიტყვით, საზოგადოდ, გვირგვინის სიმბოლიკას შევეხებით. იგი, მაღალი მდგომარეობის, ღირსეულობის, სასულიერო და საერო ხელისუფალთა რჩეულობის ნიშანია. როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, - საქართველოში, მეფობის ეს უმთავრესი ატრიბუტი სხვადასხვა სახეობისა და მოყვანილობის არსებობდა. ჩვენი მეფეების სურათებიდან ჩანს, რომ დროთა განმავლობაში მათი გვირგვინი არაერთხელ უნდა შეცვლილიყო. ზემოთქმული საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ გვირგვინი თამარისთვისაც შეიძლება სპეციალურად დაემზადებინათ. ჩვენი აზრით, ამაზე მის გვირგვინში მოთავსებულ ძვირფას ქვათა სიმბოლური ანალიზიც მიგვანიშნებს.

უცნობი ისტორიკოსი გვამცნობს, რომ გვირგვინი, რომელიც გიორგი III-მ დაადგა თამარს თავზე „ოქრო ოფაზის“ იყო. „ოქრო ოფაზი” ყოველგვარი შერყვნილებისაგან უცხო, ბაჯაღლო ოქროა. რაც შეეხება საკუთრივ ოქროს, იგი მიჩნეულია სიწმინდის, სინატიფის, ჰარმონიულობის, სულიერი სინათლის, სიბრძნის, ცოდნის, დიდების, აღმატებულების, გამორჩეულობის, კეთილშობილების, სიმდიდრის (იგულისხმება როგორც მატერიალური, ისე სულიერი სიმდიდრე) სიმბოლოდ. ამასთან თავისი ბრწყინვალების, უჟანგაობის, სიმყარის გამო, ეს კეთილშობილი მეტალი ღვთაებრივი საწყისის სიმბოლოდ იქცა. გავრცელებული თვალსაზრისით, მეფენი ღთისაგან ხელდასხმულნი არიან და ამდენად, ოქრო მეფობის სიმბოლოცაა.

ახლა, რაც შეეხება, თამარ მეფის გვირგვინის შემამკობელ: იაკინთის, ზმურის და სმარაგდის თვლებს.

თამარის გვირგვინში მოთავსებული პირველი ძვირფასი ქვა არის იაკინთი, იაკობის მეოთხე ძის, იუდას სახელის შესაბამისი თვალი. მისი ფერი „მბრწყინვალე ცეცხლის მსგავსია”, მეწამულობით კი ფინიკს ჰგავს. სწორედ იუდა იყო დავით წინასწარმეტყველის წინაპარი, რომლის შტოსაგან ხორციელად იშვა იესო ქრისტე. ბაგრატიონები კი, ისტორიულად დავითის შთამომავლებად იწოდებიან.

წმინდა მამა, ეპიფანე კვიპრელი „თვალთაჲში” გადმოგვცემს: იაკინთი, არისო ნათლის გამომცემელი, ნაკუერცხლის მსგავსად ბრწყინვალე. ეს პატიოსანი თვალი ხსნისა და რისხვის გამომხატველია. იგი, ხსნაა ღირსთათვის, ხოლო რისხვა - უღირსთათვის. იაკინთი ანუ ანთრაკი ღვთისმშობლის სიმბოლოდაცაა მიჩნეული, რადგან სწორედ მისი წიაღიდან გამოუბრწყინდა კაცობრიობას მარადიული, „დაუვალი ნათელი” იესო ქრისტე. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანში” ავტორი თამარს წმინდა მარიამს ადარებს. გავიხსენოთ ის ეპიზოდი, სადაც თამარის მიერ ლაშა-გიორგის შობაა აღწერილი. ისტორიკოსი ამბობს: ”მსგავსად მარიამისსა მიუდგა თამარ განწმენდილითა გონებითა და, ტაძრისა, ღმრთისა აღმსჭუალულისა, სანთლითა სხეულისათა, მჴურვალითა გულითა და განათლებულითა სულითა ტაბაჴმელსა ბეთლემ-მყოფელმან, მუნ შვა ძე, სწორი ძისა ღმრთისაჲ, და უწოდა სახელი აჴოვნისა მის მამისა თჳსისა“.

იაკინთი, როგორც ეპიფანე კვიპრელი აღნიშნავს, მდინარე ფისონში მოიპოვება. ფისონი, იგივე განგი კი, იოანე დამასკელის ”მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემის” მიხედვით, ის მდინარეა, რომლის შესახებაც უნდა იყოს ნათქვამი საღმრთო წერილში “მდინარე გამოდის სამოთხიდანო”. (შესაქ. 2. 10)

ზემოაღნიშნული ძვირფასი თვალი მსგავსია იმ ანთებული ლამპრისა, რომლისაგან განშორება და რომლის დაფარვაც არავის ძალუძს. ეპიფანე კვიპრელი აქვე შენიშნავს, ასეთივე განათებული და დიდებული არიან წმინდანნი, რომელნიც ღირს-იქმნენ სულიწმინდის მადლი მიეღოთ ქრისტესგანო. სინას მთიდან ორი ფიქალით ჩამოსულ მოსეზე, ბიბლიაში ნათქვამია: “აეროვან იქმნა პირი მშჳდისა მის მოსჱსი და ვითარცა მზისთვალისაგან, გამჰკრთებოდა მისგან ბრწყინვალებანი”. სტეფანე პირველმოწამის შესახებ კი, წმინდა მამ ამბობს: „ბრწყინვალებასა განათლებულ ჩანდა პირი იგი სტეფანჱსი” და აქვე დასძენს „ესრედ იყვნეს ყოველნი წმინდანნიო”.

„ისტორიანი და აზმანში” თამარ მეფეს ხშირად მიემართება ნათლის სიმბოლოები. მასზე ნათქვამია: ის იყოო „უღრუბლო მზე”, ნათელი უმეტეს ნათლისა მის პირველისა”, „პირი ეთეროვანი”, „უმრუმო ნათელი”, „შჳდმნათობიერი, “ნათელბრწყინვალე” და სხვა.

„ბიბლიური ღვთისმეტყველების ლექსიკონში” ვკითხულობთ: „ყოველი ადამიანი ატარებს იმ სახელს, რომელიც მის ამქვეყნიურ დანიშნულებას შეესაბამება”. საინტერესოა, როგორ განიმარტება ძველებრაული სახელი „თამარ”. ერთის მხრივ, ის ნიშნავს „პალმის ხეს, რაც ამასთანავე განასახიერებს ცხოვრების ხეს, რომელიც თავისთავად ნათლის მომცველია. მეორეს მხრივ კი, „თამარ” განიმარტება, როგორც „სიქველე”, „მოძღვარი”.

„ვინც განწმენდას ესწრაფვის, უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი უმსგავსო მინარევისაგან, რომ წმინდა გონების ძალით მისწვდეს მჭვრეტელობით ძალას. ამასთანავე ის, ვინც თვით განწმენდს თავს, სხვებსაც უნდა ანიჭებდეს სიწმინდეს”, გვასწავლის წმინდა დიონისე აეროპაგელი. როგორც „ისტორიანი და აზმანი” გადმოგვცემს, თამარი დიდად ზრუნავდა არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვათა სულებზეც. თავად ხომ ყოველთვის ესწრებოდა წირვა-ლოცვას და მისი რიდით: “დარბაზის კარს მყოფიც წირვად ვერვინ დააკლდებოდა: მწუხრი, დილეულ და სამხარ, ვითარცა თქმულ არს”.

იაკინთთან დაკავშირებით არსებობს რწმენა, რომ იგი ადამიანებს ბოროტი ძალების მზაკვრობისაგან იცავს. ეპიფანე კვიპრელი ასევე შენიშნავს, რომ ვინც ამ ქვას პირში ჩაიდებს, სწორ, სამართლიან განაჩენს გამოიტანსო.

თამარ მეფის დროს სამართლებლივი (კერძოდ, სასჯელთა) სისტემა ჰუმანურობისა და გონივრული ლმობიერების პრინციპს ემყარებოდა. თამარის ტახტზე ასვლამდე მიღებული იყო როგორც სიკვდილით დასჯა, ასევე სხვადასხვა მკაცრი სასჯელი. გიორგი III-მ, მეკობრეობის აღკვეთის მიზნით, შემოიღო სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით და ხელ-ფეხის მოკვეთა. თამარის მეფობის პერიოდში კი, როგორც ქართული წყაროები და მათ შორის „ისტორიანი და აზმანი” მიუთითებენ, სიკვდილით დასჯა და დამასახიჩრებელი სასჯელები არ ფუნქციონირებდა. უცნობი ისტორიკოსი გადმოგვცემს, თამარმა „განგებასა ათორმეტსა წელიწადსა შინა არცა თუ ტაჯგანაგი უბრძანა ვის სადმე კრვადო”.

თამარ მეფის გვირგვინში მოთავსებულ ძვირფას ქვათაგან, მეორე არის ზმირი იგივე ზმური ანუ ზურმუხტი. „თვალთა ს” მიხედვით, ის ბრწყინვალების გამომცემელი მწვანე ფერის ქვაა. მასზე ამოტვიფრული იყო ლევის სახელი. ლევის შთამომავალნი იყვნენ: მოსე, მისი ძმა აარონი და იოანე ნათლისმცემელი, რომელიც მხოლოდ მწვანე ფერის საკვებს, მხალს იღებდა. აარონის წმინდა შესამოსელზე III რიგში მოთავსებულ ზმირს, ზეციურ იერუსალიმში IV ადგილი უკავია. ქრისტიანული თვალსაზრისით, იგი: უკვდავების, რწმენისა და იმედის სიმბოლოა. „თვალთაჲს” მიხედვით, ეს ძვირფასი თვალიც მდინარე ფისონში მოიპოვება. ზმირის ძალა ამგვარია, ყველა შინაგანი საიდუმლო და მომავალი უწყება (იგულისხმება ღვთაებრივი ნება) მასში სარკის მსგავსად აირეკლება, ე.ი აღნიშნული პატიოსანი თვალი მის მფლობელს წინასწარჭვრეტის უნარით აჯილდოებდა. ამასთანავე, ზმირი სულიერი ჰარმონიის მომნიჭებელია.

ძველ ქართულ ლექსიკაში სიტყვა „ზმური” მურს უკავშირდება. მური შედგებოდა განსაკუთრებული, კეთილსურნელოვანი ნივთიერებებისაგან და გამოიყენებოდა მირონცხებისათვის. ზემოაღნიშნული ხაზს უსვამს ზმურის, ამ პატიოსანი თვალისა და სურნელების ლიტურგიკულ მნიშვნელობას. სურნელების, კეთილსურნელების შეგრძნება ყნოსვით შთაგვენერგება. ეს, ღვთისადმი სხეულებრივად თქმული ერთ-ერთი სიმბოლო, იოანე დამასკელის თანახმად, ღვთისადმი მიმართული ფიქრისა და კეთილგანწყობის გამომააშკარავებლობას აღნიშნავს.

ზემოთქმულთან დაკავშირებით, საინტერესოა ცნობები, რომელთაც თამარ მეფის პირველი ისტორიკოსი გვაწვდის: „ვითა უტყუელი პირი იტყჳს: ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და ყოველი შეგეძინოს თქუენ”. (მათე. 6. 33.) და ამისმან მსმენელმან და კეთილად გულის მის მყოფელმან თამარ, აღიხილნა თუალნი მაღლისა მიმართ და აღიმაღლა გონება, ყოვლად რამე ბრძენი და კეთილად ცნობა - გონიერი, რომელი ყოვლითურთ შეეყო მაღალსა მას, ყოველთა ზედა მხედვალსა და მას მხოლოსა ხედვიდეს”. თამარმაო, - ამბობს მემატიანე: „პირველად მეძიებელმან სასუფეველისამან და ზენა სუფევისა მოსურნემან ქუენაცა ესე დიდება და სიმდიდრე უხუებით და სავსებით მიიღო აღთქმისაებრ უტყუველისა: „პირველად ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და ესე ყოველი შეგეძინოს”; რამეთუ აღამაღლა მაღლად გონება და მდაბლითა სულითა განიცადა სიდიდე საქმითა მისდა ხუედრებულისა”. როგორც ბასილი ეზოსმოძღვარი გადმოგვცემს, თამარის ხელმწიფების დროს: „სარწმუნოება განმტკიცდებოდა, ეკლესიანი შეიმოსებოდეს მრავალფერითა მათ მიერ სამკაულითა, ლოცვანი და ღამისთევანი განმრავლდებოდეს, უფროჲსღა თვით პალატსა შინა წმიდათა საიდუმლოთა სრულყოფილნი მიმდემნი... წყალობა ღმრთისა განმრავლდებოდა და ყოველი სიბოროტე ეშმაკისა მოუძლურდებოდა”.

რაც შეეხება, თამარ მეფის გვირგვინის მესამე პატიოსან თვალს, სმარაგდს, ის ორგვარი არსებობს: მეწამული (ღვინო იყო სმარაგდის ფერი) და დაბინდული მწვანე. საერთოდ, გვირგვინის ცენტრში, როგორც წესი, მოთავსებული იყო მწვანე ფერის ქვა, (მწვანე, რწმენის სიმბოლოა. სიმწვანე გაზაფხულთანაა დაკავშირებული. იოანე დამასკელის სწავლებით, სწორედ გაზაფხულზე განხორციელდა ღვთაებრივი შესაქმის აქტი). ხოლო აქეთ-იქიდან წითელი, ზოგჯერ კეფისაკენ ყავისფერი თვლები. (მაგ. ტოპაზი). აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თამარის გვირგვინში ჩასმული სმარაგდი იყო არა მწვანე, არამედ მეწამული ფერის ქვა. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის გარემოებაც, რომ წითელი, მეწამული საზოგადოდ სიმბოლოა მეფობისა, რადგან ამ ფერში დევს სხვათაგან გამორჩეულობის თვისება. ამასთან, მეწამული არის სათნოების, სიქველის სიმბოლო, რაც შეიძლება დავუკავშიროთ სახელ „თამარის” განმარტებას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ უცნობი მემატიანე ასე ხაზგასგასმით საუბრობს თამარ მეფის გვირგვინისა და მისი შემამკობელი პატიოსანი თვლების შესახებ. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ქართულ საისტორიო პროზაში ვერსად ვხვდებით მეფეთა გვირგვინის ისეთ ზედმიწვნით აღწერას, როგორც ეს “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანშია” გადმოცემული

დამოწმებული ლიტერატურა: 1. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”, „ქართლის ცხოვრება”, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით, ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, თბილისი, 1979; 2. ბასილი ეზოსმოძღვარი, „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი”, დასახელებული გამოცემა; 3. ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი XII ტომად, სახელმწიფო სამართალი, ტ. VIII, თბილისი, 1977; 4. სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ტ. I. თბილისი, 1999; 5. ეპიფანე კვიპრელი, „თვალთაჲ“, შატბერდის კრებული, თბილისი, 1978; 6. ნ. სულავა, „ფილიპე-ბეთლემი”, ლიტერატურული ძიებანი, XIX, თბილისი, 1998; 7. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა”, ძველი ბერძნულიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ე. ჭელიძემ, თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 2000; 8. დიონისე აეროპაგელი, ზეციური იერარქია, საღვთისმეტყველო კრებული, თბილისი, 1987; 9. რ. მეტრეველი, მეფე თამარი, თბილისი 1991; 10. ზ. გამსახურდია, ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება, თბილისი, 1991; 11. გ. ალიბეგაშვილი, ეპიფანე კვიპრელის „თვალთა“ და ქრისტიანული ეგზეგეტიკის ტრადიციები, თბილისი 1999; 12. ვ. ნოზაძე, ვეფხისტყაოსანის ფერთამეტყველება. 13.Словарь Символов, Д. Тресиддер, Москва, 1999 г. 14. Словарь Библейского Богословия, Брюссель, 1974 г. 15. Библейская энциклопедия, Москва, 1891 г. 16. I. C. Cooper, Lexikon Alter Symbole, Leipzig, 1986.

Ana Letodiani

The Symbolics of Queen Tamar's Crown

Queen Tamar's crown was adorned inth jacinths, emeralds and smaragds. Jacinth is considered to be the simbol of di ine wisdom and justice. Emerald, accoding to Epiphanis of Cyprus, grants it owner the talent of prophry.Smaragd in the symbol of revival and renewal generally, ar Ivane Javakhishvili noted, the crown of georgion kings otten changed in the course of times. Nence, I think that Queen Tamar's crown may have teen created personally her. It is noteworthy that in none of the historical sourees the royal crown is so meticulously dercriled as in "The History and Eulogy".

მამული, ენა, სარწმუნოება

ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი, მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I)
29 (11.01) დეკემბერი
gaq