საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

გარიელა* (წიგნიდან ,,თამარ მეფის დღესასწაული“)
თედო რაზიკაშვილი

გარიელა*

მეფე მთავართა,

მფლობი ჯავართა,

სოფლისა წყალთა

დამამშვენალი.

 

გაზაფხულია. ჭაბუკის წვერ-ულვაშივით ახლადაბუსუსებული ბალახი საამურად ბზინავს ტკბილსა და მხიარულს დღეში. გასაშლელად მომზადებული კვირტები ნელა-ნელა, შეუმჩნევლად იხსნიან მაგრა შეხვეულს და შეკრულს, ზამთრის სიცივისაგან შეშინებულს საკინძებს გულზედა, საიდამაც გამოჩნდებიან ჯერ ქორფა მწვანე და რბილი ფოთლები და მერე ათასფერი მრავალ სამოსლიანი ყვავილები; ყვავილების გულში, ვინ იცის როდის, ჩასხდებიან პატარა ნაყოფები. მრავალჯერ მრავალი ბუზი გაცოცხლებულა და გაუმართავთ ნაზამთრი ფრთები, არხეინად დაფრინავენ და ნელსა და ბოხს ხმაზედ დაბზუიან, თითქოს ბუკს აყვირებენო.

 

***

აგერ თამარ დედოფლის ბაღში ვართ. თამარიც იქ ბრძანდება; აუზში მოთამაშე გარიელას შესცქერის. გარიელა სიამოვნებაში ხან ჩაეშვება აუზის ძირისაკენ, ჩაიყურჭუმალავებს წმინდა ნაკადში და ერთს წამს გაქრება, მაგრამ მეორე წამს, მეორე ნაპირში ამოჩნდება, თითქო გაუმარჯვნიაო და ამაყად თავაღებული წყალს უწყებს მხრებით ცემას და ტყაპუნს: ხან დაიხრება, და ფრთების ცემით გაქან-გამოქანებული ზვირთი კისერზედ და ზურგზედ გადასდისა, ცვარი წყალი კი არ ადგება ზედა; ისევ ისეთი ლამაზი და კოხტაა. ნეტა რატომ არ უხუნდება ის მუქი მწვანე საცმელი, შიგა და შიგ რომ მომხიბლავად თეთრ-წითლად მოუქარგიათ?! გარიელასაც ის უხარიან, რომ საქართველოს სადიდებელი და სალოცავი თამარი თავს დასცქერია, მეტი რაღა უნდა გარიელასა? არ არის კმაყოფილი? რამდენი ოქროსფერი თევზები ბუდობენ აუზში: ვინ დაუშლის გარიელას დაიჭიროს რამდენიც უნდა? მაგრამ აგერ გარიელა მაღლა ჰაერს შეაჩერდა უცებ, მხრები ჩამოუშვა და წყალზედ გაშეშდა. თავი გადიხარა, კისერი აიგძელა და ცალი თვალი ცის უფსკრულს მიაჩერა.

- რას შესცქერი, გარიელა, ითამაშე! ქორი ხომ არ დაინახე და იმან შეგაშინა? ეკითხება თამარი.

გარიელა ხმას არ იღებს.

- შავარდენმა ხომ არსად დაიკივლა და შენ გული შეგენძრა, ჩემო ლამაზო, რა არის შენს თავსა?

გარიელა გარინდებული და გაქვავებული ისევ მაღლა იცქირება.

- ავად ხომ არ ხარ და მიკვდები, გარიელა? ეკითხება თამარი, მაგრამ გარიელა უძრავად ზის და ისევ მაღლა იხედება.

თამარმა ხელი წაავლო გარიელას, თითქო იმისი გამოფხიზლება უნდაო, მაგრამ გარიელა ისევ ცისკენ იცქირება, სხვა სიცოცხლის ნიშანი იმას აღარ ეტყობა. თამარმაც შეიხედა მაღლა, მაგრამ იქ წეროების გუნდის მეტი ვერაფერი დაინახა. გაბმულან შორს, შორს მაღლა და მიეშურებიან ჩრდილოეთისკენ. გარიელა იქნება იმათ უცქერის? მიდიან წეროები, მიფრინვენ აჩქარებითა. აგერ მიიფარენ თვალთაგანაც. აგერ ბატებმაც გადიარეს, საოთებმა, გედებმა; გარიელა ისევ უძრავადა ზის და შესცქერის ცის გუმბათს, მზე ჩაწვერებულა და ორიოდე შუბის ტარი-ღა აქვს ჩასასვლელი.

აი ფრთების ხმა უფრო ახლო მოისმა. აგერ იმათ თავზედ გარიელებმაც გადაიარეს. ისინიც ჩრდილოეთისკენ მიეჩქარებიან. გარიელა უცებ გაცოცხლდა, მხრებით ერთი გაუტლაშუნა წყალსა და ჰაერში აფრინდა, გაშალა მხრები, ორჯერ თუ სამჯერ კამერა გააკეთა, უნდოდა გაჰყოლოდა თავის მოძმეებს, მაგრამ, თითქოს მოაგონდა რაღაცაო, თოფ-ნაკრავივით თამარის ფეხებთან ჩამოეშვა. რაღა გარიელა იყო! აღარც სიცოცხლე, აღარც სხვა სიხარული იმას აღარ ემჩნეოდა. მხოლოდ თამარსღა შესცქეროდა, თითქოს იმისი სიცოცხლე იმაზე ჰკიდიაო. თამარი მიჰხვდა. აიყვანა ხელში გარიელა, გადუსვა მხრებზედ და გულზედ თავისი ბროლის თითები და ალერსით უთხრა:

- წადი, ჩემო ტურფავ. წადი, გაფრინდი შენს ძმებთანა. მე ხელს არ შეგიშლი, გაფრინდი. გარიელ, ღმერთმა გაგაბედნიეროს! ვინძლო არ დამივიწყო კი. მე შენ თავისუფლებას ვერ წაგართმევ; წყეული იყოს და შეჩვენებული, ვინც სხვას თავისუფლება მოუსპოს. იხარე შენც, როგორც ერთი ვინმე ხარობს თავისუფლებითა! ეს უთხრა და ააფრინა ჰაერში.

გარიელამ მხრებ-გაშლილმა ერთი შეინავარდა, ერთი შეითამაშა და ისარივით გაეშვა თავის მოძმეებისაკენ.

თამარი დიდხანს გასცქეროდა მიმფრინავის კვალსა, სანამ სულ არ მიეფარა. ეხლა ის ტყვე აღარ იყო.

 

***

 გარიელას ამბავი გძელი არ იყო. ერთმა მონადირემ მოართვა თამარს პატარა გარიელა. თამარმაც გაზარდა, აჭმევდა თავის ხელით და ეფერებოდა, ჩაჰსვამდა აუზში და თვითონაც თავს ადგა ხოლმე იმის ჭყუმპალაობას. თამარს გულით უყვარდა გარიელა.

 

***

მალე გაფრინდა ზაფხული, თან გაიყოლა დარიანი და თბილი დღეები. დარჩა წვიმა და ტალახი, გაიცარცვა მთა და მინდორი, გახმა ჭალაში ბალახი. ხეებიდან ფოთოლმა დაიწყო ჩამოცვენა და ჩრდილოეთიდან ფრინველებმა დენა სასამხრეთოდ. გაზაფხულითაც წეროებმა გადაიარეს, შემოდგომითაც ისევ ისინი მოდიან. გაუბამთ სიმღერა და ნაცნობ ქვეყნებს ატყობინებენ.

,,ჩრდილოეთიდან მოვდივართ,

უკან მოგვყვება ზამთარი;

მიურბით სამხრეთისაკენ,

იქ თბილი ბინა მზათ არი.

დავტოვეთ ცივი ყინული,

ჭაობიანი ციმბირი.

იქ ლხინს და ნატარებასა

აქ გვირჩევნია სიკვდილი!

წესი გვაქვს, მივეჩქარებით,

თბილს ვეტანებით მხარესა,

მაგრამ მალიმალ თქვენსასა

ამბავსა ვკითხავთ მთვარესა;

მალე მოგიყვან ისევა

გაზაფხულს გასახარელსა!“

ბევრნი ჩვენც მივნატრებთ წეროებს, რომ ისე თავისუფლად მიდიან და მოდიან. წეროებს ბატები და საოთები მოსდევენ უკანა; ყველანი ქვეითკენ მოდიან. - ნეტა გარიელები სადღა არიან, ისინი კი არ მოფრინდებიან? ფიქრობს თამარი. - იქნება ჩემი გარიელა მოკლა ვინმემ, იქნება გზაზე დაიღალა და დარჩა სადმე? ან იქნებ არწივმა მოიტაცა და შეუბრალებლად გაგლიჯა? ან იქნება დავავიწყდი, ცოცხალი იყოს და აღარ ვახსოვდე? ან რად ვეხსომები, იქ არ ურჩევნიან, თავისუფლად, თავის ტოლებში?

ასე ფიქრობდა თამარი, მაგრამ გარიელამ არ დაივიწყა თავისი თამარი; ის გაშურებული მიფრინავდა თავის მხსნელთან. აგერ გარიელების გუნდი გაუსწორდა სასახლეს, ერთი გარიელა გამოერჩია ბრბოდან და დაეშვა დაბლა; აგერ თამარის ფეხებთან დაეცა და მხრებ-გაშლით მიუალერსა. დაიხარა თამარიც და დაუწყო კოცნა და ალერსი გარიელასა, როცა თამარი ხელს უსვამდა გარიელას თავზედ, გარიელამ სამი ჩხირი დაუწყო ბროლის თითებზედ, მერე თავისუფლად, თითქო ეხლა კი სიკეთე გადუხადაო, შემოჰკრა მხარი მხარსა, გაიფთრქიალა, აიწია ჰაერში, ერთი კიდევ დაჰტრიალა თავზედ ნიშნად გამოთხოვებისა გაოცებულს თამარს და წავიდა სამუდამოდ, გაჰშორდა ტყვეობის ქვეყანასა.

- მშვიდობით, გარიელ, მშვიდობით! მიაძახა თვალ-ცრემლიანმა თამარმა. იყავ დღეგრძელი და ბედნიერი!

 

***

მობრუნდა თამარი სასახლეში. მართალია ცრუმორწმუნე არ იყო თამარი, მაგრამ ამ ამბავმა დააფიქრა კი. რა იყო ან გარიელას ისე მოსვლა, ან ისე უცებ წასვლა, ან ის სამი ჩხირი, საიდამ მოიტანა, რისათვის მოიტანა, ან რადა - რაღაც სასწაულ მოქმედი კი უნდა იყოს ეს ჩხირები, ფიქრობდა თამარი, რომ გარიელამ ამით გადამიხადა მადლობაო. თამარმა დაუძახა მაშინვე თავის კარის კაცებს და გადასცა ის ჩხირები საცდელად, თუ რა იყო. კარის კაცებმა სცადეს ჩხირები, ბევრი აცოდვილეს და ვერაფერს მიხვდნენ. ბოლოს ერთი ჩხირი ღვინიანს თასში ჩააგდეს. აი დიდება ღვთის განგებას. ღვინო სპილენძად იქცა.. კიდევ დაასხეს, კიდევ იქცა სპილენძადა. ახლა მეორე ჩხირი ჩააგდეს ღვინოში, ის ვერცხლად იქცა. მესამე ჩხირმა ოქროთ აქცია. იმათ გაოცებას საზღვარი არა ჰქონდა, - ვინ მოგართვათ, სად იშოვეთ, ვინ მოგცათო, ეკითხებოდნენ თამარსა.

- ღმერთმაო, უპასუხა თამარმა.

 

 

* ფრინველის სახელია, ეს ლეგენდა თამარზე დაბეჭდილი იყო 1892 წ. ჯეჯილში თედო რაზიკაშვილის მიერ.

 

 

წიგნიდან

,,თამარ მეფის დღესასწაული“

 

 

თბილისი

ელექტრო-მბეჭდავი ,,შრომა“, მუხრანის ქ. № 12.

1916

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

იპოლიტე რომის პაპი და მის თანა წამებულნი: კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი
30 (12.02) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპისა და მის თანა წამებულთა კენსორინესი, საბინესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა ოცთა მოწამეთა (III)
ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი
ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
gaq