საგარეო ეკონომიკური ურთიერთობანი XI-XIII საუკუნეებში 6. ბრძოლა საერთაშორისო სავაჭრო მაგისტრალებზე გასასვლელად ლოვარდ ტუხაშვილი ,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“ წიგნი I ბაგრატ III-დან გიორგი V ბრწყინვალემდე წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად. მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს. აკად. ნ. ბერძენიშვილმა ფრთხილად მიუთითა, რომ XI-XII საუკუნეებში გაერთიანებული საქართველოს საგარეო პოლიტიკა მიზნად ისახავდა სამხრეთის სავაჭრო მაგისტრალების დაუფლებას ან ყოველ შემთხვევაში მათზე სახელმწიფოებრივი კონტროლის დაწესებას. ამავე დროს კარგად განმარტა ამ სავაჭრო-სატრანზიტო მაგისტრალების მნიშვნელობა საქართველოს, ამიერკავკასიის და საერთოდ წინა აზიის ეკონომიკურ ცხოვრებაში. შედარებით მოგვიანებით (1967 წელს) პროფ. ვ. გაბაშვილმა უფრო გარკვევით და საკმაო კატეგორიულობით ჩამოაყალიბა ზემოთაღნიშნული თვალსაზრისი. ,,საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა, - წერს იგი, - XI-XII საუკუნეებში მიზნად ისახავდა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების უზრუნველყოფასაც. მის კავკასიურ და ახლო-აღმოსავლურ პოლიტიკის საერთო მიმართულებას აპირობებდა ეკონომიკური ფაქტორები, კერძოდ კი მთავარ სავაჭრო მაგისტრალებზე გასვლისა და გაბატონების საჭიროება. (ვ. გაბაშვილი. ,,საქართველოს სავაჭრო ურთიერთობანი XII საუკუნეში“, თსუ შრ. ტ. 121, 1967; გვ. 202). ,,პოლიტიკურად გაერთიანებული და ეკონომიკურად გაძლიერებული ქვეყანა ცდილობდა თავისი კონტროლისათვის დაექვემდებარებინა აღმოსავლეთ და დასავლეთ ამიერკავკასიის სავაჭრო გზები. ამ ამოცანის წარმატებით გადაჭრამ XIII საუკუნის 20-იან წლებში დააყენა ირანიდან ლევანტისაკენ მომავალი სავაჭრო გზის დაუფლების საკითხი. პროფ. ვ. გაბაშვილი ასეთ მიზანს ხსნის საქართველოს პოლიტიკური გაფართოებით, ქალაქების გამრავლებით, საქალაქო ცხოვრების გართულებით, ვაჭარ-ხელოსნობის გაცხოველებით. პრინციპში ყოველივე ეს სწორია, მაგრამ ჩვენი აზრით, როდესაც ვლაპარაკობთ ქალაქებზე, ვაჭარ-ხელოსნობის ზრდაზე, არ უნდა გამოგვრჩეს ძირითადი, უნდა გაირკვეს ხაზგასმით - რა საფუძველს ემყარებოდა ამ ქალაქების კეთილდღეობა? რა გავლენას იქონიებდა ამ მაგისტრალების ბედზე მათი საქართველოს სამეფოს მიერ დაკავება? საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზანს თუ წმინდა ეკონომიკური ინტერესები შეადგენდა, მაშინ უნდა გავშიფროთ ამ ეკონომიკური ინტერესების მთავარი შინაარსი - რა უფრო სასარგებლო იქნებოდა ქართული სახელმწიფოსათვის, ამ მაგისტრალების სრული დაუფლება (ე.ი. ათვისება), თუ მათი მშვიდობიანი შენარჩუნება თუნდაც მაჰმადიანური მფლობელობის დაკონსერვებით (ანისის მაგალითი!) რა მოუვიდოდა ამ მაგისტრალებს მათი უშუალოდ საქართველოსთან შემოერთებით? შეეძლო კი საქართველოს ეკონომიკას (წმინდა ქართულ ეკონომიკას) ეკონომიკური ვაკუუმის შევსება პოლიტიკური წარმატების შემთხვევაში? ვფიქრობთ, ქართულმა ისტორიოგრაფიამ ჯეროვნად ვერ შეაფასა დავით აღმაშენებელის ,,თბილისური პოზიცია“, უფრო სწორად (როგორც აღვნიშნეთ ზევით), გაშიფრა ზუსტად, მაგრამ ვერ დაადგინა ამ ფენომენის მოქმედების ქრონოლოგიური რკალი (გავიხსენოთ ჯალალედინი და დარღვეული საქართველო, თბილისელი ,,სპარსელები“ და ა.შ.). გაერთიანებული საქართველო უდავოდ დაინტერესებული იყო ყველა დიდი სავაჭრო მაგისტრალის ხელში ჩაგდებით, მაგრამ ეკონომიკურად თვით აღმავლობის პერიოდშიც კი არ შესწევდა საამისო ძალა. ე.ი. იპყრობდა, მაგრამ ვერ ითვისებდა. მისი ეკონომიკური პოტენცია შეზღუდული აღმოჩნდა გრანდიოზული ამოცანების გადასაჭრელად. გაერთიანების პროცესმა ფეოდალურ საქართველოს მოუსწრო. ბატონყმობა ის-ის იყო სრულდებოდა, თითქმის დამთავრებული იყო გლეხის მიწაზე მიმაგრება, მესაკარგავე აზნაურების გამემამულებამ, თემის სრულმა დაშლამ (ყველგან მხედველობაშია ბარი), მდაბიორ-მოლაშქრეთა გაგლეხებამ შეასუსტა ქართული სახელმწიფოს ექსპანსია. საერთოდ ფეოდალიზმისათვის დამახასიათებელია ექსპანსიის 3 ძირითადი ფორმა: 1. ეთნიური ექსპანსია - გაუდიფერენცირებელი მასის შეტევა, ამის კლასიკური მაგალითია მთიელთა მასიური ჩამოწოლა ბარში, ძველი რუსეთის სახელმწიფოს ზღაპრული ზრდა. შედარებით გაუდიფერენცირებელმა სლავიანურმა მასამ თითქმის 10-12 საუკუნე შეინარჩუნა ექსპანსიის საერთო-სახალხო ხასიათი. ასეთი ექსპანსია ახასიათებდა იბერიის საზოგადოებას I-V საუკუნეებში (გავიხსენოთ მისი გასაოცარი ეთნიური წარმატებანი კახეთ-ჰერეთის მიმართულებით). X საუკუნიდან ანალოგიური უნარი შერჩა ტაოს (იჭრებოდა სამხრეთისაკენ და აფხაზეთს (დას. საქართველო). საერთო-სახალხო ხასიათის ექსპანსიას, ეთნიური ტალღების გადაადგილებით, საქართველოს აღარ შეეძლო მე-12 საუკუნიდან, ხალხის რესურსები მას მხოლოდ წმინდა ,,რეკონკისტული“ შეტევისათვის შემორჩა. სწორედ ამიტომ მაჰმადიანური აღმოსავლეთის მოძალების წინააღმდეგ საქართველო იყენებდა სომეხ-გრიგორიანთა ეთნიურ-იდეოლოგიურ რეზერვებს. სწორედ ამით აიხსნება ესოდენ აფიშირებული ტოლერანტიზმი - რელიგიური შემწყნარებლობა, რაც მხოლოდ სახელმწიფოებრივი პოლიტიკის რაფინირებული დონით კი არ აიხსნება, არამედ ეთნიური ბაზის სიმცირით. ამ მიზეზმა დიდხანს შეძლო გავლენა მოეხდინა განვითარების ბევრ მომენტზე. მაგ. ყივჩაღთა ასიმილაციის პროცესში სომხურმა ეთნიურ-იდეოლოგიურმა ბაზისმა თითქმის ქართველთა თანაფარდი მნიშვნელობა შეიძინა. გარკვეულ პერიოდში ეს დადებითი მოვლენა იყო. წარმართულ-მომთაბარული ყივჩაღური მასა, თავისთავში რომ დიდხანს ატარებდა მეამბოხურ - ,,ანარქისტულ“ სულს, სომხური ეთნოსის მეშვეობით ,,მოთვინიერდა“. მაგრამ სამაგიეროდ სულ მალე საქართველოს წინაშე დადგა მეორე, უფრო მძლავრი ეთნოსი, გამოკვეთილი კულტურულ-რელიგიური ორიგინალობით - სომხური ეთნოსი, რომლის დაძლევა ძალზე გაჭირდა. სწორედ ამ მიზეზებმა, რომ ქართველებმა ვერ დააჩქარეს ,,ქართველიზაციის“ პროცესი სომხური და მაჰმადიანური სამყაროს მიმართ, განაპირობა ,,ყოველი საქართველოს“ უუნარობა ჯერ ხვარაზმელების, შემდეგ კი მონგოლთა თავდასხმების დროს. 2. ექსპანსიის მეორე, უფრო მაღალი ფორმაა ეკონომიკური ექსპანსია. ესაა განვითარებული სავაჭრო კაპიტალის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების (ან გავლენის ქვეშ მყოფი პროვინციების) ეკონომიკური ათვისება. სამწუხაროდ, საქართველომ ვერ მოახერხა ამაღლებულიყო ასეთ დონემდე. 3. ექსპანსიის მესამე, კიდევ უფრო მაღალ, უმაღლეს ფორმას წარმოადგენს კულტურული ექსპანსია - საქართველო თამარის ეპოქაში ყველაზე ინტენსიურად ახორციელებდა ამ უკანასკნელს. კულტურული ექსპანსია სხვა ეთნიური სამყაროს ათვისების ყველაზე უტყუარი, საიმედო მეთოდია, მაგრამ მოითხოვს პოლიტიკური თანაცხოვრების და ეკონომიკური ურთიერთობის თუნდაც პასიურ, მაგრამ ხ ა ნ გ რ ძ ლ ი ვ პ ე რ ი ო დ ს. (ხანგრძლივს იმიტომ, რომ საქართველოს საქმე ჰქონდა უკვე მყარად ჩამოყალიბებულ სომხურ ეთნოსთან და მტკიცე მაჰმადიანურ ტრადიციებთან). ამ საკითხთან დაკავშირებით გვინდა გავიხსენოთ პროფ. გ. ნათაძის მეტად საინტერესო თვალსაზრისი, სამწუხაროდ დღეს თითქმის დავიწყებული მოსაზრება, საქართველოში ბატონყმობის განმტკიცებასა და სავაჭრო კაპიტალის ურთიერთქმედების შესახებ (გ. ნათაძე, ,,საქართველოს ისტორიის მოკლე სოციოლოგიური მიმოხილვა“, ნაწ. II, VIII-XIX ს.ს., ტ. 3, 1926). ,,რაც შეეხება XII-XIII საუკუნეებს, მონღოლების შემოსევის ხანამდის, გლეხები თავის მდგომარეობით უკვე გაერთიანებულნი არიან (გულისხმობს გათანაბრებას და დაყმევებას, ე.ი. ბატონყმურად გაერთიანებას), რაც კი მიწაზე მიმაგრება საერთო მოვლენა იყო. სავაჭრო კაპიტალის გავლენა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, იმ საქონლის ნუსხიდან, რომელიც საქართველოში შემოჰქონდათ და აქედან გაჰქონდათ, საქართველოს ვაჭრობა პასიურ ბალანსზე უნდა ყოფილიყო დამყარებული, მაინც დიდ გავლენას ახდენდა ცხოვრებაზე. საქართველოში შემოსული ფული და საქონელი, რა თქმა უნდა, თავის ეკვივალენტს მოსძებნიდა და ეკვივალენტის შექმნა კი უმთავრესად სასოფლო მეურნეობას უნდა ეთავა; რადგანაც აქაური წარმოება, მიუხედავად მისი განვითარებისა, წინანდელ დროსთან შედარებით, მაინც ვერ შეავსებდა პასიურ ბალანსს და აქტიურად მას ვერ გახდიდა. აი, ამ ბალანსის პასიურობის ბრალი იყო სწორედ ის, რომ ფული ძნელი საშოვარი იყო და თუ იშოვებოდა, ისიც დიდი სარგებლით (გრ. ნათაძე, გვ. 64). ,,...ვაჭრობის დიდ განვითარებას თვით თამარის დროსაც კი მთლად ვერ შეურყევია ის ქვიეტიზმი, რომელიც დამახასიათებელია ნატურალური მეურნეობისა. ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ საქართველოს მთავრობამ და
 | პყრობილი ქვეყნებიდან ხარკის აღებას მიმართა, რომ ამით მაინც აღედგინათ ის წონასწორობა გატანილ და შემოტანილ საქონელთა შორის, რომელნიც სახელმწიფოს ეკონომიური სიმტკიცისათვის საჭირო იყო“ (გრ. ნათაძე, გვ. 65). გრ. ნათაძის ასეთი დასკვნა ემყარებოდა, თვით მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,გატანილი და შემოტანილი საქონლის ნუსხას“. თუმცა წყაროთა მეტისმეტი სიმცირის გამო ამ ნუსხის მთლად საიმედოდ გამოცხადება არ შეიძლება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ განსვენებული მეცნიერი მართალია. წმინდა წარმოებით საქონელს (სახელოსნო და სამანუფაქტურო) წარმოებას მართლაც არ შეეძლო შემოტანილი ანალოგიური საქონლის ტოლფასი ყოფილიყო (იმ ეპოქაში ამ თვალსაზრისით აქტიური ბალანსი ჰქონდა მხოლოდ იტალიურ ქალაქებს). აქვე გვინდა გავიხსენოთ, რომ აკად. ივ. ჯავახიშვილი პრინციპულად უარყოფდა საქართველოში ნატურალური მეურნეობის არსებობას: ,,...საზოგადოდ ერთი ახირებული აზრი არსებობს, ვითომც მე-18 საუკუნემდე საქ-ში ,,საოჯახო მეურნეობა ყოფილიყოს, ვითომც ყველაფერს, რაც კი ადამიანისათვის საჭირო იყო, თითოეულ ოჯახში თავიანთვის ეკეთებინოთ. ეს აზრი დიდი შეცდომაა, საქ-ში იმ ხანას, რომელსაც ახლა ჩვენ ვიკვლევთ, არ მოიძებნებოდა ისეთი საგანი, რომელიც ბაზარზე არ ტრიალებდა და რომელიც სოფლადაც არ გაყიდულიყოს! (ცხენი, უნაგირი, ლაგამი, უნაგირი ოქროთი და ვერცხლით მოჭედილი, ჯორი პალანკორდნით, სამოსელი, ჯუბაზა, სახნისი, ქუაბი, ხარის ტყავი, ქალამანიც კი! სახლი, მამული, ყანა, ვენახი, მიწა, მიწა - დანაწილებული, სოფლები, ტყე, ნაკალოები, ქვა, ქვიშა, კირი და ა.შ.). ამ აზრს ივ. ჯავახიშვილი უფრო ავითარებს, ,,ვაჭრობა მიდიოდა ზოგჯერ ფულად, ზოგჯერ ნივთეულად ,,განძად და პირუტყვად“. IX – XI-XIII საუკუნეებში ფულის მაგიერ ნივთეულად აძლევდნენ ხოლმე (,,შენ ოქრო არ ძალგიძდა და მოგუეცი ორი გუთანი მიწა”, შიო მღ. საბუთები, 61, ქრ. II, 133). უფრო მეტიც, ივ. ჯავახიშვილის მტკიცებით ,,საქართველოში ნივთის ნამდვილ ღირებულებას და საბაზრე ღირებულებას შორის განსხვავებაა. ივ. ჯავახიშვილის ეს თვალსაზრისი უდავოდ სწორია, მაგრამ არა ფეოდალიზმის მთელ სიგრძეზე და არა ყველგან... საერთოდ კი ასეთი შეხედულება არ ეწინააღმდეგება პროფ. გ. ნათაძის ზემოთმოყვანილ დასკვნას. შიდა ვაჭრობის განვითარებას (სწორედ სასოფლო-სამეურნეო და არა მხოლოდ საქალაქო სფეროში) აღნიშნავდა გრ. ნათაძეც, ოღონდ იგი ამას ხსნიდა იძულებით, რაც გაპირობებული იყო პასიური ბალანსის გასააქტიურებელი ეკვივალენტის გამოძებნის აუცილებლობით... აქვე დავუმატებთ, რომ აღნიშნულ პერიოდში (მე-11 - მე-12 საუკუნეები) არსად ჩანს მერკანტილიზმი (შეიძლება მხოლოდ ნიშნები დავინახოთ ასეთი ეკონომიკური პოლიტიკისა დავით აღმაშენებლის მმართველობის დროს), პროტექციონიზმი, პროტექტორატიზმი... (ვარძიის ამშენებელი ხელისუფლება არ შეიძლება ოქროს რაციონალური გამოყენების მიმდევარი ყოფილიყო). არ ჩანს იმ მიზეზით, რომ ასეთი პროცესი (მერკანტილიზმი) საქართველოში ხელოვნურად შეფერხდა მე-12 საუკუნის 80-იან წლებში და განვითარების უმოკლეს პერიოდში შესაფერისი ასახვა ვერ ჰპოვა... პროფ. ვ. გაბაშვილის აზრით, XII საუკუნის ქართულ საგარეო პოლიტიკაში ძირითადი იყო ამიერკავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის სავაჭრო მაგისტრალებისათვის ბრძოლა... მისი თვალსაზრისით აქეთკენ იყო მიმართული მთელი ქვეყნის საერთო ინტერესები. პროფ. ვ. გაბაშვილის მსჯელობა რომ ოდნავ კატეგორიულია, ჩანს იქიდან, რომ ვერ ვხედავთ განჯის, შირვანის, დარუბანდის სრული შემოერთებისათვის დაჟინებითი ცდების მიმართ საერთო სახალხო მხარდაჭერას... ტრაპიზონის, არზრუმის, ყირიმის, ერზინსკის, ხლათის დაპყრობის სურვილს. სამაგიეროდ ვხედავთ საზღვაო საქმისადმი ხელისუფლების გულგრილობას; რატომ არ იყვნენ ფეოდალები დაინტერესებულნი თუნდაც განძის ლაშქრობის დროს ლაშა გიორგის წარმატებით? ეს აიხსნება დაშვებით, თითქოს განჯა-შირვანის შემოერთება გააძლიერებდა მხოლოდ მეფის ხელისუფლებას; ძალზე მარტივი ახსნაა! მე-12 - მე-13 საუკუნეების ისტორიული პრაქტიკა სწორედ საწინააღმდეგოს ადასტურებს, ახალი პროვინციების დაპყრობა პირველ რიგში თვით არისტოკრატიას აძლიერებდა... ეს აიხსნება მხოლოდ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს შ ე დ ა რ ე ბ ი თ ი ს ი ს უ ს ტ ი თ! ,,შედარებითი სისუსტე“ იმას კი არ ნიშნავს, თითქოს ამ ეპოქაში სამხედრო-პოლიტიკური აზრით საქართველოს ტოლფასი მეზობლები ჰყავდა წინა აზიაში, არამედ იმით, რომ გარეგნული სიძლიერის მიუხედავად, მას მკვეთრი ეთნიური ექსპანსიის უნარი თითქმის აღარ გააჩნდა! *** სოციალურ ურთიერთობათა განვითარებაში მე-11 - მე-12 საუკუნეებში გარდამავალი ხანა გვქონდა, ანალოგიური მდომარეობა შეიქმნა ეკონომიკაშიც. თუ სოციალურად საქართველო ბატონყმობას სრულყოფდა... ეკონომიკაში ხდებოდა ქართული ეროვნული ბაზრის ჩამოყალიბება, ოღონდ ამ ეროვნულ ბაზარს ჰქონდა საერთო-კავკასიური ხასიათი. სამწუხაროდ ასეთი ფართო მასშტაბის ეროვნული ბაზრის ჩამოყალიბებამ მეტად ხანგრძლივი ხასიათი მიიღო. ამას თავისი მიზეზები აქვს. ქართულმა სახელმწიფომ თავის გავლენას დაუქვემდებარა სხვადასხვა ეკონომიკური ორიენტაციის მქონე სავაჭრო წრეები, ქალაქები, რომელთაც არაფერი ჰქონდათ საერთო. არ არსებობდა ერთიანი თანაცხოვრების ტრადიციები. ამიერკავკასია ყოველთვის მხოლოდ გეოგრაფიული ცნება იყო და ძალზე ჭირდა მისი ეკონომიკური ერთიანობის საფუძვლების ჩამოყალიბება (ამიერკავკასიის, როგორც უბრალო გეოგრაფიული ცნების შესახებ, საინტერესო დაკვირვებები აქვთ ივ. ჯავახიშვილს და პ. ინგოროყვას), დავით აღმაშენებლის ეპოქიდან მოყოლებული პოლიტიკური მოტივები ნელ-ნელა შლიდა ეთნიურ თავისებურებებს, ანგრევდა რელიგიურ-ტომობრივ ზღუდეებს, საერთო-ეროვნული ბაზარის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი იყო სავაჭრო წრეების ,,გაქართველება“. ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ უცნაურ პარადოქსს წარმოადგენდა უაღრესად მაღალი პროცენტი არაქართული ელემენტისა ვაჭარ-ხელოსანთა და მოქალაქეთა წრეებში. ეს ფეოდალური საქართველოს ,,ქრონიკული სენი“ იყო მთელი ისტორიის მანძილზე. ამ მოვლენას თავისი ახსნა აქვს. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ სავაჭრო-სახელოსნო წრეების ეთნიურად განსხვავებულობას თანდათან სოციალური მნიშვნელობა მიენიჭა და ქართული სახელმწიფოს ორგანიზმში ბუნებრივად ჩაჯდა. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა გვიანი შუა საუკუნეების დროს, როდესაც ეთნიურმა ტერმინოლოგიამ (,,ქართველი, ,,სომეხი“, ,,ოსი“, ,,ებრაელი“) შეიძინა სოციალური შინაარსი (,,მიწათმოქმედი“, ,,ვაჭარი“, ,,მწყემსი“, ,,მეწვრილმანე“). ე.წ. კლასიკური ხანა ამ მხრივ დიდად არ განსხვავდება. შემორჩენილი წყაროები მოწმობენ, რომ ამ პერიოდში საგარეო ვაჭრობაში დომინირებს 4 ეთნიური ჯგუფი: წმინდა ქართული, ებრაული, სომხური და ,,სპარსული“ (ე.ი. მაჰმადიანური). ოთხივე ელემენტი თითქმის თანაფარდია, მაგრამ წამყვანი მაინც ებრაული კომპონენტი უნდა ყოფილიყო - ყოველ შემთხვევაში ებრაელებს ძალზე მნიშვნელოვანი როლი აქვთ საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში (და არა მარტო ეკონომიკურში, ისინი ჩანან აქტიურად დიპლომატიურ სარბიელზეც... ავიღოთ თუნდაც ზანქან ზორაბაბელის მაგალითი). პროფ. ვ. გაბაშვილის აზრით ებრაელთა წინწამოწევა იმ გარემოების შედეგი იყო, რომ მახლობელი აღმოსავლეთის საგარეო ვაჭრობა, ფინანსები და კრედიტი ისეთ უმსხვილეს ქალაქებში, როგორებიც იყვნენ: ბაღდადი, დამასკო, იერუსალიმი, კაირო, ალექსანდრია, ებრაელებს ჰქონდათ ხელში ჩაგდებული და საქართველოს ქვეშევრდომი ებრაელები მათთან ადვილად ახერხებდნენ კონტაქტის დამყარებას. ჩვენ დავუმატებდით, რომ ებრაული ელემენტი სხვა მხრივაც იყო მისაღები საქართველოსათვის... 1. ებრაელობა ქართულენოვანი იყო; 2. იუდაიზმი საქართველოში არ წარმოადგენდა სერიოზულ მეტოქეს იდეოლოგიური თვალსაზრისით (რაც არ შეიძლება ითქვას გრიგორიანობის შესახებ); 3. ებრაელებს არ ჰქონდათ სახელმწიფოებრიობა. ერთი სიტყვით პოლიტიკურად და იდეოლოგიურად ებრაელობა უფრო მისაღები იყო, ვიდრე მაჰმადიანური (არაბული, სპარსული) და სომხური ეთნიურ-სოციალური თემები. მე-13 საუკუნიდან ირღვევა ებრაელთა საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები, სავაჭრო ასპარეზი მთლიანად ხელში ჩაიგდო სომხურმა სავაჭრო, ე.წ. ,,ხოჯაურმა კაპიტალმა“... საქართველოში ებრაელობას მხოლოდ საწვრილმანო საქონელბრუნვა შერჩა. საერთო ეროვნული ბაზრის ნელი ფორმირების პარალელურად ხდებოდა სავაჭრო წრეების, ,,ქართველიზაციის“, მართალია უფრო ნელი, მაგრამ უფრო დაჟინებითი პროცესი... ეს იყო აქტიური ეკონომიკური და სოციალური მოვლენების დუღილი, რომელსაც ალბათ მოჰყვებოდა მტკიცე ეკონომიკური ერთობაც... მაგრამ სანამ ეს უაღრესად მტკივნეული პროცესი დასრულდებოდა, მას ახასიათებდა მძლავრი ანტაგონიზმი. ეს კი ფეოდალურ-არისტოკრატიული წრეების ანალოგიურ ,,ბორგნეულობასთან“ შეერთებით ჰქმნიდა ზედაფენების პოლიტიკურ კრიზისს სახელმწიფოში. ამ კრიზისის მაჩვენებელია ნამდვილი ,,სამოქალაქო ომი“ მე-12 საუკუნის 80-იან წლებში. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ისეთი ფაქტი, რამაც ჩვენი აზრით, მთლიანად დაუკარგა სამეფო ხელისუფლებას კონტროლი საგარეო-ეკონომიკურ მიმართულებებზე... დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ,,იბერია“ თბილისი 1994 |