 | დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი მონეტა ვლაქერნის ღვთისმშობლის გამოსახულებით | საქართველოს სამეფო კარის პოლიტიკურ-დიპლომატიური მიდგომა სომხეთის შემოერთების პრობლემისადმი 2. ,,ყოველი საქართველოს“ პოლიტიკური სტრუქტურის ერთი თავისებურების გარკვევისათვის (ცნება ,,შვიდი სამეფოს“ შინაარსი) ლოვარდ ტუხაშვილი ,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“ წიგნი I ბაგრატ III-დან გიორგი V ბრწყინვალემდე წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად. მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს. X საუკუნიდან (ბაგრატ III) მე-13 საუკუნემდე (თანდათანობით იკვრებოდა ერთიანი სახელმწიფო ,,ყოველი საქართველო“, რომელიც სხვადასხვა დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულების თანდათანობითი შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. კერძოდ, ,,ყოველი საქართველოს“ შემადგენლობაში შევიდნენ ,,ქართველთა სამეფო“ აფხაზთა სამეფო, ე.ი. მთელი დასავლეთი საქართველო, სომეხთა სამეფო“) ლორე-ტაშირის სამეფო, ანისის სამეფო (საშაჰანშაჰო), კახეთ-ჰერეთის ან რანთა და კახთა სამეფო, ქრისტიანული შირვანი, საარიშიანო და ა.შ. აკად. ივ. ჯავახიშვილის აზრით, ყველა ,,სამეფო“ (ე.ი. ყოფილი სამეფო) გაერთიანების შემდეგაც ინარჩუნებდა ,,დამოუკიდებელი პოლიტიკური სიცოცხლის ნიშნებს“ (იხ. ივ. ჯავახიშვილი. ,,ქართული სამართლის ისტორია“, წიგნი I, 1919, გვ. 1-3; აგრეთვე მისივე ,,ქართველი მეფე და მისი უფლების ისტორია“. ამ საკითხს ეხება აგრეთვე ჩვენი სტატიაც ,,ყოველი საქართველოს“ პოლიტიკური სტრუქტურის საკითხისათვის“). როგორ უნდა ავხსნათ ეს გარემოება? ხომ უცნაური პარადოქსი არაა ის, რომ არსებობს ძლიერი ,,ერთიანი საქართველო“ და ამავე დროს მასში შემავალი პოლიტიკური ერთეულები პოლიტიკურად ცოცხალი სახელმწიფოებრივი ორგანიზმებია? საქმე იმაშია, რომ ფეოდალური სახელმწიფოსათვის პრინციპში დამახასიათებელია უნიტარიზაციასთან შერწყმული ადგილობრივი მმართველობის წინ წამოწევა. ასეთ მმართველობას ფეოდალური ფედერაცია ჰქვია. მაგრამ ეს ფედერაცია ეროვნულ ნაწილთა თვითმმართველობად კი არ უნდა გავიგოთ (ასეთი ფედერაცია გვიანდელი მოვლენაა და ბურჟუაზიული საზოგადოებისათვისაა დამახასიათებელი). ფეოდალური ფედერაცია გამომდინარეობს პოლიტიკური ვასალიტეტის ბუნებიდან და მას რამდენიმე ძირითადი ფორმა აქვს: ა) პირადი უნია (ცალკეული პოლიტიკური ერთეულების სათავეში დგას საერთო მონარქი); ბ) რეალური უნია (სახელმწიფოებრივი შერწყმა დამთავრებულია, მაგრამ არსებობს პოლიტიკური თვითმყოფადობის დიდი ტრადიციები; გ) უნიტარული ფედერაცია (რეალური უნიის განვითარებული ფორმა, მაღალი ფორმა). უნიტარული ფედერაციის დროს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ნიშნები სრულიად გამქრალია, სამაგიეროდ წინაა წამოწეული სენიორალური სახლების პოლიტიკური უფლებები. ქართული სახელმწიფო ჩამოყალიბების პერიოდიდან თავისთავში შეიცავდა ფეოდალური ფედერაციის სხვადასხვა ფორმის დამახასიათებელ ნიშნებს. თავდაპირველად ერთიანი სიუზერენის (მეფეთა-მეფე) სტატუსი ცალკეულ ქვეყნებს აერთიანებდა პ ი რ ა დ ი უ ნ ი ი ს ს ა ფ უ ძ ვ ე ლ ზ ე (ე.ი. ცალკეული ,,ქართული ქვეყნები“ განიხილებოდნენ დამოუკიდებლად არსებულ სახელმწიფოებად, ოღონდ ესაა, მმართველი დინასტია ერთი ჰყავდათ). თანდათანობით ხდებოდა პ ი რ ა დ ი უ ნ ი ი ს გ ა დ ა ს ვ ლ ა რ ე ა ლ უ რ უ ნ ი ა შ ი (წარმოიქმნა საერთო დარბაზი, უწყებრივი დარგობრივი მმართველობა: უხუცესები, არმია, გვარდია ,,მონასპა“, ეკლესია, კარი და ა.შ.). მთელი ეპოქა X საუკუნიდან XIII საუკუნის დასაწყისამდე ასეთი შერწყმის კლასიკური მაგალითია. ,,ყოველი საქართველოს“ შემადგენლობაში შემავალი თითოეული სამეფო მეტნაკლები დოზით ინარჩუნებდა პოლიტიკურ სუვერენიტეტს - ორიგინალურ სახეს - რაც ფეოდალური ფედერაციის შთაბეჭდილებას ჰქმნიდა. ქართული წყაროების ,,შვიდი სამეფო“ ჩვენ უმთავრეს ხაზებში თითქმის რეალურად გვეჩვენება. ეს დასტურდება იმით, რომ ყოველთვის ,,სამეფონი“ მოიხსენიება მრავლობით რიცხვში. საერთო დედაქალაქის (თბილისის) გარდა არსებობს რამდენიმე რეზიდენცია. (დური, სტაგირი, ნაჭარმაგევი, ბიჭვინთა, ქუთაისი, ლორე, ანისი და ა.შ.). ჩვენ მხედველობაში გვაქვს არა კლიმატური გეოგრაფიული პირობების მიხედვით განლაგებული რეზიდენციები, არამედ ცალკეულ სამეფოთა მიხედვით ტრადიციულად შეპირობებული. ამავე დროს ერთიანობის ადრინდელ ეტაპებზე აშკარად ჩანს სამეფო კარის ხშირი ტერიტორიული მონაცვლეობით (,,გადავიდა აფხაზეთს და განაგის საქმენი მანდაურნი“). ბოლომდე შენარჩუნებული იყო ადგილობრივი ტახტები (,,გეგუთის ტახტი“ ქუთაისში, ,,ძუელთა მეფეთა ადგილი“ ტაო, ,,სომეხთა მეფის ადგილი ლორეში და ა.შ). ბოლომდე იყო შენარჩუნებული აგრეთვე ადგილობრივი მეფეების წოდებანი. აღსანიშნავია, რომ შვიდივე სამეფოს მეფეთა წოდებულება შევიდა ტიტულატურაში, მაგრამ ადგილზე მჯდომ ერისთავს, რომელიც იჯდა მაგ. ლორეში, შეიძლებოდა თავის თავისთვის ,,სომეხთა მეფე“ ეწოდებინა, ამიტომ ,,სომეხთა ნამდვილ მეფეს“, ე.ი. სრულიად საქართველოს მეფეს სცვლიდა ,,სომეხთა მ
 | ეფის“ ადგილზე. ასე იყო მოგვიანებით სხვა ქვეყნებშიც (მაგ. რუსეთის იმპერატორს ჰქონდა ,,პოლონეთის მეფის“ ტიტულიც. იმ მოხელეს, რომელიც რუს იმპერატორს სცვლიდა ვარშავაში, ხშირად უწოდებდნენ ,,პოლონეთის მეფეს“. სამეფოთა ტრადიციული არსებობა დასტურდება აგრეთვე მეფისნაცვლების ინსტიტუტის არსებობით): დადიანი - აფხაზთა სამეფოში, ,,შაჰანშაჰი“ - ანისში, ,,სომეხთა მეფე“ - ლორეში, ,,შარვანშაჰი“ - ,,არიშიანი“ დას. ქრისტიანული შარვანში და ა.შ. ,,ყოველი საქართველოს“ თითოეული სამეფო საერთო სახელმწიფოში არ სარგებლობდა ერთიანი უფლებით. თითოეული მათგანი უფლებრივად განსხვავებულ ადგილს იჭერდა საერთო იერარქიაში. უკიდურესად დიფერენცირებული ,,ქართველთა სამეფო“ პოლიტიკური აზრით თითქმის გამქრალი იყო. ცნება ,,ქართველთა სამეფო“ ბაგრატიონთა გვარის კოლეგიალური მმართველობის დროიდან მხოლოდ სიმბოლურად წარმოადგენდა ერთიანს, ფაქტიურად ეს იყო სამეფო საუფლისწულოების კრებული. სამაგიეროდ, დიდხანს შეინარჩუნა ერთიანობა და პრივილეგია ,,აფხაზთა სამეფომ“. დასავლეთ საქართველოს პრივილეგიები განაპირობა მისმა წამყვანმა როლმა გაერთიანებაში. მისი ჰეგემონია ფაქტიურად გაგრძელდა მე-12 საუკუნის 80-იან წლებამდე, დაეცა ორბელთა აჯანყების დროს, რისი საპასუხო რეაქციაც (ე.ი. ჰეგემონობის დაცემის საპასუხო რეაქციაც) გამოიხატა გიორგი რუსის აჯანყების დროს ,,იმიერის“ ერთობლივ გამოსვლაში ,,ამერის“ წინააღმდეგ ერთობლივ გამოსვლაში). კახთა და რანთა სამეფო დიდხანს იყო დამცრობილი, როგორც ძალით დაპყრობილი, დაუდგენელია ქრისტიანული შარვანის (საარიშიანო) როლი. შესაძლოა დავუშვათ, რომ ქრისტ. შარვანმა მიიღო ფართო ავტონომია თამარის დროს. ამჯერად განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის ორი ყოფილი სომხური სამეფოს: ლორე-ტაშირის სახეფოს, ე.წ. ,,სომეხთა სამეფოს“ და ,,ანისის სამეფოს“ ,,საშანშაჰოს“ პოლიტიკური სტატუსი. ამ ორი სამეფოს მდგომარეობა სხვადასხვა დროს განსხვავებულია: I ეტაპზე ლორე-ტაშირი მთლიანად გასამხედროებულ ოლქად გადაიქცა (ორბელები); II ეტაპზე ეს ოლქები გადაეცა უმთავრესად მხარგრძელთა საგვარეულოს კოლეგიალურ სენიორალურ მმართველობაში. აქ პოლიტიკური სუვერენიტეტის სრული დაცემის ხარჯზე გაიზარდა მმართველი საგვარეულო წონა (ამ ფაქტმა გარეგნულად პოლიტიკური ავტორიტეტის აღმავლობის შთაბეჭდილება შეუქმნა სომხურ პროვინციებს. ამ ოლქებში მეფისნაცვლობა (,,სომეხთა მეფე“, ,,შაჰანშაჰი“), დიდი მოხელეობა (ამირსპასალარობა, მანდატურთუხუცესობა, მსახურთუხუცესობა, ათაბაგობა), მონაპირეობა ერთმანეთში იყო შეზრდილი, რასაც თვისებრივად აფერადებდა რელიგიური თემობრივი განსხვავებულობაც. ,,სამეფოთა ფორმალური სახის შენარჩუნების პირობებში არ იყო გამორიცხული ,,ძუელთა მეფეთა ადგილას“ მჯდომი მეფინასცვლის მეფედ მოხსენიება, მაგ. ლორეში მჯდომი მოხელის ,,მეფობა“, სომხეთის დამოუკიდებლობას კი არ მოასწავებდა, პირიქით, ეს ადგილობრივი, რეგიონალური ტიტული სიუზერენი - ქართველი მეფის აღმავლობას უსვამდა ხაზს... ,,სამეფოების“ (,,საქართველოების“) ფორმულარული დამოუკიდებლობით უნდა აიხსნას აგრეთვე ხშირად გრანდიოზული არისტოკრატიული გამოსვლების არასეპარატისტული ხასიათი, და, რაც მთავარია, მეფის შემარიგებლობა, აქ ხდებოდა ცალკეული სამეფოების არისტოკრატიის ურთიერთშეჯახება, მაგრამ ის ყოველთვის არ ეხებოდა მეფეს, მეფე მათთვის საერთო იყო, კონფლიქტის არსი მდგომარეობდა იმაში, თუ რომელი კუთხე ჩაიგდებდა ხელში ჰეგემონობას. ,,ყოველ საქართველოს“ სამეფოთა პოლიტიკური სუვერენიტეტი მერყევი იყო. შეინიშნებოდა მთლიანი შერწყმაც, ე.წ. ,,სახლების შერთვა“ (დავით აღმაშენებელის ეპოქა) და კომპრომისული უნიაც. განვითარების განმსაზღვრელ ტენდენციას მაინც სრული უნიტარიზაციისაკენ სწრაფვა შეადგენდა, რაც სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური მოტივებით იყო შეპირობებული. აშკარად იკვეთებოდა სამეფო ხელისუფლების მკვეთრი გეზიც ,,თვითმპყობელური“ ცენტრალიზაციისაკენ ადმინისტრაციული (უხუცესთა სავაზირო), რელიგიური (მართლმადიდებლური პროპაგანდა და ტოლერანტიზმი) და სამხედრო პოლიტიკური (მეფისნაცვლების დამდაბლება, უშუალოდ მეფეს დამორჩილებული მონაპირე ერისთავების გაძლიერება, მთელი პროვინციების გასამხედროება და ა.შ.) მეთოდების გამოყენებით. მეფეთა-მეფე თამარის მმართველობის ბოლოს რეალური უნია საბოოლოდ გადაიქცა ფორმალურ მოვლენად, მაგრამ ,,სამეფოთა“ გაქრობას არ აუმაღლებია ცენტრის როლი, თავისთავად უაღრესად რთული პროცესების ურთიერთდამთხვევა - ერთი მხრივ - ცალკეულ სამეფოთა საერთო სახელმწიფოში უნიტარიზაცია და მეორე მხრივ - მოწოლილი ფეოდალური ურთიერთობის აუცილებელი მოვლენა - სოციალურ-პოლიტიკური დიფერენციაცია - გამოიხატა ფეოდალურ-სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის მთლიანი შეცვლით, ფეოდალურ სენიორალური სუვერენიტეტით - ცალკეული ,,ქვეყნების“ ნაცვლად წარმოიშვა არა მხოლოდ ტერიტორიალურ პრინციპებზე აგებული სენიორალური სახლები (,,ავაგის სახლი“, ,,შანშეს სახლი“, ,,სუმბატის სახლი“, ,,ჯაყელის სახლი“ და ა.შ.). აღსანიშნავია, რომ ეს მტკივნეული (თუმცა არა უარყოფითი) პროცესი საქართველოში შედარებით ასატან პირობებში მიმდინარეობდა. გამონაკლისი ჩვენთვის საინტერესო პროვინციები - სომხური პროვინციები იყო, სადაც გრანდიოზული იდეოლოგიურ-კონფესიონალური ბრძოლა მიმდინარეობდა მონოფიზიტობასა და დიოფიზიტობას შორის ამ უკანასკნელის მზარდი უპირატესობით. ეს ბუნებრივი მოვლენა შემდეგში ერთბაშად დაარღვია საგარეო ფაქტორმა, რასაც მოჰყვა სენიორალური სახლების ლიკვიდაცია და ეკონომიკური ერთობის აბსოლუტურად სრული გაქრობის ბაზაზე თემობრივ-ეთნიური დაყოფის უაღრესად რეგრესული პროცესი წარმოშვა. დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ,,იბერია“ თბილისი 1994 |