ქართული დიპლომატია იმპერიულ ხანაში (XII – XIII საუკუნეთა მიჯნა) ა) ირრედენტიზმიდან თამარისეულ სათნოებამდე ლოვარდ ტუხაშვილი ,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“ წიგნი I ბაგრატ III-დან გიორგი V ბრწყინვალემდე წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად. მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს. არაბთა ბატონობის მეორე ეტაპზე განაპირა მხარეებში აღორძინდა ეროვნული სახელმწიფოებრიობა. ცენტრიდან განდევნილმა ნაციონალურმა სულმა პროვინციულ ხეობებში დაიდო ბინა. დაიწყო თავისებური ქართული რეკონკისტა (,,ბრძოლით უკან დაბრუნება“). ახლად ჩამოყალიბებულმა ქართულმა სამეფო-სამთავროებმა გამოამჟღავნეს დედაქალაქის დაბრუნების დაუოკებელი ჟინი, თბილისის დაუფლება ნიშნავდა ქვეყნის გაერთიანებას. ხანგრძლივ ბატალიებში ერთნაირი ხალისით ჩაება ,,აფხაზთა სამთავრო“, ,,ქართველთა სამეფო“, ,,კახეთ-ჰერეთის“ სამეფო, ლორე-ტაშირის ,,სომხურ-ქართული“ სამეფო, ანისის ,,სომხური“ სამეფო, თბილისის ,,სპარსული“ (ე. ი. მაჰმადიანური) საამირო (მაჰმადიან თბილისელთა მისამართით ქართულ წყაროებში არაბულთან შედარებით, ხშირად იხმარება სპარსული ,,სპარსი“, რაც მაჰმადიანს აღნიშნავს). გარეგნულად გაერთიანებისათვის ბრძოლა სამი ეთნიკური თუ კონფესიონალური თემის მონაწილეობით მიმდინარეობდა. სინამდვილეში ეს იყო ეროვნულ-ქართული ურთიერთსწრაფვა. ე.წ. ,,სომხური“ ერთეულები ან ასევე ე.წ. ,,სპარსული“ თბილისი, ძირითადად გამოხატავდა ქართული ეთნოსის სამგვარი შეფერილობის, მაგრამ პრინციპულად ერთი მოსახლეობის პოლიტიკურ ზრახვებს. ასეთ მიმართულებას დიპლომატიაში ეწოდება ირრედენტიზმი. ქართული ირრედენტიზმის ჭეშმარიტი იდეოლოგია დაისახა ტაოს სამეფოს რელიგიურ-პოლიტიკურ წრეებში. პრაქტიკულად გამტარებლად კი მოგვევლინენ დავით კურაპალატი და მეფეთა-მეფე ბაგრატ III. მაშინდელ რომანტიკულ საუკუნეში ბედმაც გაუღიმა ჩვენს ქვეყანას. ბაგრატ III ერთდროულად აღმოჩნდა რამდენიმე ქართული პოლიტიკური ერთეულის მემკვიდრე; ის იყო იმიერ-ტაოს უძეო მეფის დავით კურაპალატის შვილობილი (ე.ი. ერთადერთი მემკვიდრე), ამიერ-ტაოს და ჯავახეთის მეფის ბაგრატ II-ის შვილიშვილი (ე.ი. ერთადერთი მემკვიდრე), ტაო-კლარჯეთის დანარჩენი ნაწილების ,,მეფის“ გურგენ I-ის ვაჟი (ე.ი. ერთადერთი მემკვიდრე), ქართლის მფლობელი, ,,აფხაზთა მეფის“ ერთადერთი შვილიშვილი დედის მხრიდან (ე.ი. აფხაზთა სამეფოს ტახტის ერთადერთი მემკვიდრე). ამრიგად, ბაგრატ III-მ თავისი სკიპტრის ქვეშ გააერთიანა 5 (ხუთი) ქართული პოლიტიკური ერთეული. ამ დიდი მეფის ესოდენი წარმატება მხოლოდ ბედნიერ შემთხვევათა თანადამთხვევა არ იყო. სულ მალე ბაგრატ III-მ საკმაოდ იოლად შემოიერთა კახეთ-ჰერეთის ძლიერი სამეფოც, თუმცა არავითარი დინასტიური მემკვიდრეობა აქ არ ჰქონია. X საუკუნის მეორე ნახევარი არის ქართული ირრედენტიზმის აღმავლობის ხანა. ამ ეპოქის ასეთი მისწრაფებანი ჩვეულებრივი ინტერპრეტაციით არ ხერხდება. არნახული სწრაფვა ქართველებისა გაერთიანებისაკენ, რაღაც საკრალურ საიდუმლოს წარმოადგენს დღემდე. ჩვენ შეგვიძლია გავშიფროთ ამ პროცესის რამდენიმე განმსაზღვრელი საფუძველი: არაბთა წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობა, ბიზანტიის როლი, ჩრდილო-კავკასიელთა დახმარება, ,,ახალქალაქობის“ ხანა, ქრისტიანული რელიგია, ცნება ,,ქართველი“ - ,,საქართველოს“ გაჩენა და ა.შ. მაგრამ ამ საფუძველთა მიღმა აშკარად ჩანს ღვთაებრივ სიმაღლემდე ახალი გენეტიკური ნათესაობის შეგნებაც, ვიმეორებთ, ეს იყო ირრედენტიზმის ტრიუმფი. გიორგი I-მა გააფთრებით, თუმცა ნაკლები წარმატებით გააგრძელა ეს ხაზი, რამაც გამოიწვია მისი შეტაკება ბიზანტიასთან. ბაგრატ IV-მ ქართველობისათვის ბრძოლის ეთნიკურ-კულტურული არეალი გააფართოვა. ასპარეზზე გამოიყვანა იმავე ქართული ეთნოსის კონფესიონალურად სხვაგვარად გაფორმებული (,,სომხური“, ,,სპარსული“) ფენები. ირრედენტიზმი ჯერ შეირყა, მოგვიანებით კი დაიცალა შინაარსობრივად. დავით IV აღმაშენებელმა შექმნა საერთო - კავკასიური სახელმწიფო, რომელიც დაემყარა შენივთებულ ძალას (ქართული ტიპის აბსოლუტიზმს) და ცნება ,,ქართველის“ თვისებრივ მეტამორფოზას. ირრედენტიზმის ეპოქაში ,,ქართველი“ (,,ნათესავით ქართველი“) ნიშნავდა ეთნიკურად ანუ გენეტიკურად ქართველს. დავით IV აღმაშენებლის ეპოქაში ,,ქართველი“ უკვე მიუთითებდა ერთიანი მოქალაქის - ქვეშევრდომის სტატუსზე, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ,,ქართველი“ მოქალაქის“ სინონიმად გადაიქცა. მეფეთა-მეფე თამარის დროს კიდევ უფრო ამაღლდა ,,ქართველის“ აზრობრივი დატვირთვა. ამიერიდან ,,ქართველი“ გულისხმობდა ქართული კულტურის ნაზიარებ ნებისმიერ ქვეშევრდომს, ამიტომაც ქართველი ერი: ებრაელი ვაჭარიც, სომეხი ხელოსანიც, მაჰმადიანი ყადიც, ყივჩაღი მეომარიც და ა.შ. (თუ ისინი იყვნენ ქართველი მეფის ქვეშევრდომნი და საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქენი). პოლიტიკურ-კულტურულმა თვისებრივმა ნახტომმა გარკვეული კორექტირები შეიტანეს სახელმწიფოებრივ აზროვნებაშიც. ჩამოყალიბდა ახალი პოლიტიკური დოქტრინა - თამარისეული სათნოება, ანუ თანამშრომლობითი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი კონცეფცია. ახალმა მოძღვრებამ გადატრიალება გამოიწვია, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში. ქვეყნის შიგნით იგი აღნიშნავდა სოციალური ჰარმონიის ცდას. საგარეო პოლიტიკაში ახალ წესრიგს, თანამშრომლობას თანასწორობის საფუძველზე. სამეფო კარის პოლიტიკა თამარის ეპოქაში გამოიხატება ტოლერანტობით, ანუ რჯულთშემწყნარებლობით. ამ დროს, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო და საშინაო პოლიტიკა განსხვავებული მიმართულებისაა, ფართო აზრით, ორივე სწორედ თამარისეულ სათნოებას დაემყარა. აუცილებელი თავდაცვითი ომების პარალელურად, მეფე თამარმა სცადა შეექმნა პოლიტიკური პროტექტორატ-ვასალიტეტის ახლებური სისტემა. ქვეყნის შიგნით სამეფო კარმა აიღო სენიორული სახლების ,,დიდი კოორდინატორის“ ფუნქცია, ე.ი. საქართველოში მოახდინეს ცენტრალური ხელისუფლების უკუდელეგირება, მოხდა სამეფო და სენიორალური ხელისუფლების გამიჯვნა უკანასკნელის პირველთან უფლებათა გათანაბრებით. ანალოგიური ხაზი გატარდა საგარეო პოლიტიკაშიც. მეფე თამარის დიპლომატიის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ბუფერული სახელმწიფოების შექმნა ,,ყოველი საქართველოს“ გარშემო. მივიღეთ ასეთი იმპერიული სქემა: ,,ყოველი საქართველო“ (ერთიანი იმპერიის მეტროპოლია) - ყმადნაფიცი ქვეყნები (ძალით დაქვემდებარებული სამეფო-სამთავროები) - გავლენის სფერო (იმპერიული სამომავლო მიმართულება). ამ სქემის ჩამოყალიბება დავით აღმაშენებლის ხანას მიეკუთვნება, მაგრამ მასში გადამწყვეტი შესწორებანი შეიტანა მეფე თამარმა. ქართულ ისტორიოგრაფიაში ადრევე შენიშნეს განსხვავება დავითისეულ და თამარისეულ პოლიტიკას შორის. გაკეთდა დასკვნა, რომ მეფე თამარმა, დაუპირისპირა რა დავითისეულ ძალას თამარისეული სათნოება, დაუშვა გადამწყვეტი შეცდომა; დაარბილა ქართული მენტალიტეტი, ქვეყანას დაუკარგა აგრესიულობა. ჩვენ გამოთქმული გვქონდა ანალოგიური მოსაზრება, ჩვენი აზრით, ფეოდალიზმის დროს აგრესიულობა არის თვითგადარჩენის მკაცრი, მაგრამ აუცილებელი პირობა. ამ დროს მოქმედებს სატანური ფორმულა: ,,შენდებოდეს, შეეწიე, ინგრეოდეს, შეესიე!“ აგრესია გადარჩენის ყველაზე უტყუარი გზაა. მეფე თამარმა სცადა შეენელებინა ქართველთა აგრესიულობა, რომელიც უმაღლეს დონეზე ავიდა გიორგი III-ის დროს, მას შეეშინდა, რომ ომი არ განვითარებულიყო ,,ეროვნულ ინდუსტრიად“, ე. ი. ომი ნაცვლად ეკონომიკური წარმოებისა (ზ. ავალიშვილი მიუთითებდა, რომ გიორგი III-ის დროს ფეოდალთა მოთხოვნა მუდმივი ომების წარმოების შესახებ ნიშნავდა ,,ომის ეროვნულ ინდუსტრიად“ პრაქტიკულ დანერგვას საქართველოში). საქმე ისაა, რომ ქართული ფეოდალიზმის ბუნება არ იძლეოდა ინტენსიური აგრესიის საშუალებას. საქართველოში სცადეს ,,ყოველი საქართველოს“ ირგვლივ შეექმნათ მეგობარ სახელმწიფოთა ჯაჭვი; ეს არის იმპერიისათვის დამახასიათებელი საგარეო პოლიტიკური კურსის ერთ-ერთი პირველი ნიშანი. ეს ბუფერული სახელმწიფოები თავდაცვის გარანტიაც იყო და შეტევის პლაცდარმიც. მეფეთა-მეფე თამარის ახალი პოლიტიკური კონცეფცია იოლად არ შემუშავებულა, გიორგი III-ის დროს სამხედრო წრეებს ხელში ეჭირათ მთელი ქვეყანა. ფაქტობრივად სამხედრო დასის უფლებაში იყო საგარეო პოლიტიკაც (ივ. ჯავახიშვილი), ლაშქარი მეფეს პირდაპირ სთხოვდა მუდმივ შეტევებს, ლაშქრის მთავარი მისწრაფება ასე საბუთდებოდა: ,,არა არს ღონე დარჩომისა ჩვენისა, თვინიერ ლაშქრობისა და რბევისა“. ივ. ჯავახიშვილმა გამოიკვლია, რომ ცნება ,,ლაშქარნი“ ძველ ქართულში აღნიშნავდა, არა მხოლოდ არმიას (ან სახალხო ლაშქარს), არამედ უმაღლეს ოფიცრობას. ე.ი. ომის ეროვნულ ,,ინდუსტრიად“ გარდაქმნის მომხრე იყო უმაღლესი ოფიცრობა, ანუ უმაღლესი არისტოკრატია. ასეთი ლაშქრობანი მხოლოდ შემოსავლის წყარო არ იყო. თითოეული ლაშქრობა, თუნდაც იგი ცალკეული ფეოდალის დაჟინება ყოფილიყო, მოითხოვდა ფართო მასშტაბის სახელმწიფოებრივი ღონისძიების გატარებას. ასეთი ომები მუდმივი საფრთხის ქვეშ აყენებდა თვით სამეფოსაც: ან უნდა გაგრძელებულიყო დავითისეული სამხედრო რეჟიმი, ან გამონახულიყო განსხვავებული გზა. პირველი უკვე გამორიცხული იყო, დავითისეული რეჟიმი ახალ ვითარებაში შეუძლებელი გახდებოდა, აქედან გამომდინარე სამეფო კარმა აირჩია განსხვავებული მეთოდი. ქართული სამხედრო ძალები ძირითადად წარიმართა სომხეთის შემოერთებისაკენ (იხ. ამის შესახებ ცალკე ნარკვევი). სომხეთის შემოერთების გარეშე ყოვლად შეუძლებელი იყო ფართო მასშტაბის პოლიტიკის გატარება კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში. ინტენსიური დარტყმები სამხრეთის მიმართულებით უნდა შემაგრებულიყო უახლოესი მეზობლების მხარდაჭერით ან თანამონაწილეობით. თამარის ახალი პოლიტიკური კონცეფცია ძალზე ლაკონიურად, მაგრამ ზუსტად ჩამოყალიბებული აქვს თამარის მეორე ისტორიკოსს ბასილი ეზომსმოძღვარს (,,ქართლის ცხოვრებაში“ შემავალ თხზულებებს ახასიათებთ ერთი თავისებურება. ჯერ გადმოცემულია მატიანისებური თხრობა, ბოლოს დართული აქვს ავტორისეული ანალიზი. განსაკუთრებით ეს ითქმის დავით აღმაშენებლის ისტორიკოსზე (ჩვენი აზრით არსენ ბერზე) და თამარის მეორე ისტორიკოსზე, რომელიც სხვათაშორის ეპაექრება და თანაც კატეგორიულად არსენ ბერს). ბასილი ეზოსმოძღვარი, აღნიშნავს რა მეფე თამარის მიერ გატარებულ სიახლეებს საგარეო პოლიტიკაში, წერს: ,,...რაოდენნი დაგლახაკებულნი მეფენი განამდიდრნა, რაოდენცა მიმძლავრებულთა უკუსცა სამეფო თვისი, რაოდენნი განდევნილნი სამეფოდვე თვისად აგნა და რაოდენნი სიკვდილად დასჯილნი განათავისუფლნა“ (,,ქართლის ცხოვრება“, გვ. 147). მაშასადამე, მეფეთა-მეფე თამარმა მეზობელი პოლიტიკური ერთეულები ,,განამდიდრნა“, ,,განათავისუფლნა“, რაც მთავარია, უკუ მისცა წართმეული ტახტები. ე.ი. XII საუკუნის დასასრულსა და XIII საუკუნის დასაწყისში საქართველოში ხელი აიღეს ტერიტორიულ ექსპანსიაზე (გამონაკლისია სომხეთი) ყველა შემოერთებულ ქვეყანას დაუბრუნეს თავისუფლება. ბასილი ეზოსმოძღვარი ჩამოთვლის ასეთ ქვეყნებს. იგი წერს: ,,...და ამისი მოწამე არს სახლი შარვანშეთი და დარუბანდელთანი, ღუნძთა, ოვსთა, ქაშაგთა, კარნექალაქელთა, ტრაპიზონელთა, რომელნიც თავისუფლებათა ცხოვრებათა ამის მიერ იყვნენ და მტერთაგან უზრუნველობასა“ (იქვე, გვ. 147). ჩვენ შეგვიძლია აქ მოტანილ ცნობაზე დაყრდნობით აღვადგინოთ იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებიც საქართველოს სამეფო კარმა ურთიერთობის ახალ რანგში აიყვანა; 1. სახლი შარვანშეთი. შემოერთებული იქნა დავით აღმაშენებლის დროს (დაპყრობილი იქნა მთლიანად), გაუქმდა ადგილობრივი მმართველობა და ქვეყნის სათავეში ჩააყენეს ქართველი ხელისუფალი კონკრეტულად სვიმონ ბედიელ-ალავერდელი (აქ ,,ბედიელობა“ არ უნდა ნიშნავდეს სამეგრელოს ბედიის საეპისკოპოსო კათედრას. ჩვენი აზრით, უნდა იყოს არა ,,ბედიელი“, არამედ ,,ბედელი“, ანუ ბედიეის აწ დაკარგული საეპისკოპოსო კათედრის მწყემსი. ბედისი ანუ ვედისი ამჟამად მდებარეობს მეზობელ აზერბაიჯანში). დავით აღმაშენებლის სიკვდილის შემდეგ შირვანში აღადგინეს ადგილობრივი მმართველობა, ოღონდ ვასალობის საფუძველზე. თამარის ეპოქაში შირვანის სახლი სამად უნდა გაყოფილიყო: განჯის მმართველობად, უშუალო შირვანად (სადაც იჯდა შირვანშაჰი) და ქრისტიანულ შარვანად, ანუ ,,საარიშიანოდ“. ამ უკანასკნელში გამთავრდნენ ჯერ საქართველოში გადახვეწილი კომნენები, მოგვიანებით კი გრიგოლისძენი. ჩამოყალიბდა ე.წ. ,,არიშიანის ადგილის“ სტატუსი, რაც შირვანშაჰს ეტოლებოდა. 2. სახლი დარუბანდელთა. შემოერთებული იქნა დავით აღმაშენებლის დროს, მოგვიანებით დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ვასალობის საფუძველზე. თამარმა, როგორც ჩანს, აქედან აქ გამოიყვანა ქართული საოკუპაციო გარნიზონები (ე.ი. ,,განათავისუფლნა“). 3. სახლი ღუნძთა, ე.ი. ავარიის სამთავრო, შესაძლებელია ,,სახლი ღუნძთა“ გულისხმობდეს სერირის სამეფოს დაღესტანში. ეს იყო ქრისტიანული ქვეყანა, კულტურულ-რელიგიურად გაქართველებული. შემონახულია ქართულ-ღუნძური ორენოვანი წარწერები, მოიხსენიება ღუნძთა კათოლიკოსი, რომლის სამწყსოც ცალკე ეპარქიად შედიოდა მცხეთის საპატრიარქოში. 4. სახლი ოვსთა. ამ დროს არსებობდა სამი ოსური სამეფო: თამარის მეუღლე სოსლანი უნდა ყოფილიყო ალანიიდან, რომელიც მდებარეობდა უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთით. აქ მმართველი დინასტია იყო ბაგრატიონთა განშტოება, ეფრემისძეთა გვარით. მეორე ოსური სამეფო უნდა ყოფილიყო თამარის დედის ბურდუხანის მამის ხუდან მეფის სამფლობელო. მესამე ოსური სამეფო კი უნდა მოიცავდეს ოვსთა იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, საიდანაც გამოვიდნენ თამარის ხელის მაძიებელი უფლისწულები (მათთან არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონდეს დავით-სოსლანს). საერთოდ ოსური და სხვა ჩრდილოკავკასიური სამფლობელოების მდებარეობის განსაზღვრა, მათი მოუსვენარი ცხოვრებით გამოწვეული ხშირი ადგილმონაცვლეობის გამო, საკმაო სირთულეს წარმოადგენს. 5. სახლი ქაშავთა. ქაშავი ქართულში უდრის ,,ჩერქეზს“ ანუ ადიღეელს. ,,ქართლის ცხოვრების“ ეს ცნობა არის ერთადერთი ქართულ წყაროებში, სადაც მითითებულია ადიღეური პოლიტიკური გაერთიანების ქართველთა პოლიტიკური ბატონობის არეალში შემოყვანა. ძალიან ძნელია დავაზუსტოთ უფრო კონკრეტულად, რა ტერიტორიები იგულისხმება წარმოდგენილ ცნებაში. არ არის გამორიცხული ვივარაუდოთ, რომ ,,სახლი ქაშაგთა“ ნიშნავს ყველა ადიღეურ ტომს. მითუმეტეს, რომ ბასილი ეზოსმოძღვარი ყველა სახლს ერთნაირი სტატუსით არ წარმოადგენს. იგი დიფერენცირებულად ყოფს სახლებს, რომლებიც ,,განამდიდრნა“, ,,განათავისუფლა“, უკან დააბრუნა და ა.შ. ალბათ ,,განამდიდრნაში“ იგულისხმებიან: ღუნძთა, ქაშავთა და ოვსთა სახლები. 6. სახლი კარნუ-ქალაქელთა. საქართველოს შემადგენლობაში კარნუ-ქალაქი ანუ არზრუმის სასულტნო შემოვიდა 1202 წელს ბასიანის ომის შემდეგ, მან დიდხანს შეინარჩუნა საქართველოს ქვეშევრდომობა. 7. სახლი ტრაპიზონელთა (ტრაპიზონის საკითხს ქვევით შევეხებით უფრო დეტალურად). ბასილი ეზომოსძღვარის ცნობაში ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალი სრული არ უნდა იყოს, აშკარად აკლია რამდენიმე პოლიტიკური ერთეული, რომელთა საქართველოსადმი დაქვემდებარება ცხადია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისტორიკოსი შეეხო მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომელთა მიმართ მეფე თამარმა რაღაც გარკვეული ცვლილება გაატარა. სამაგიეროდ, ამავე წყაროში, ასევე ლაკონურად მოხაზულია თამარის ეპოქის ახალი პოლიტიკური კონცეფციის ძირითადი პრინციპები: მეფე თამარმა... ,,ურჩნი თვისნი დაამდაბლა და მოყვარენი აღამაღლა, არა იღუწოდა უმეზობლობასა; არცა შერთავდა სახლსა სახლსა ზედა, არცა აგარაკსა აგარაკსა ზედა უცხოსა, არამედ თვისი მამული ძველი კმა იყო, რათა არა უსამართლოთ ჰგონონ და მომხვეჭელად“ (,,ქართლის ცხოვრება“, გვ. 147). უკვე აღნიშნული გვქონდა, რომ ბასილი ეზოსმოძღვარი ეკამათება დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს არსენ ბერს. მოტანილი ციტატა არის არსენ ბერის თხზულების რამდენიმე ციტატის უკუპერიფრაზირება. აქ არის პაექრობა თვით დავით აღმაშენებელთანაც, იგივე ციტატა უარყოფს ,,გალობანი სინანულისანის“ სენტენციებს. დავითის ისტორიკოსიც და თვითონ დავითიც მიუთითებენ, რომ მეფე დავითი სახლს სახლსა ზედა შერთვიდა, აგარაკსა უცხო აგარაკსა ზედა, ბოროტად გადახედავდა საზღვრებს, არაფრად აგდებდა მეზობლობასა და ა.შ. რატომ ეპაექრება ასე სასტიკად თამარის ისტორიკოსი დავით აღმაშენებელს და მის მეხოტბეს? საქმე ისაა, რომ ერთმანეთს ეჯახება ორი კონცეფცია. მეფეთა-მეფე თამარმა ,,ყოველი საქართველო“ შემოსალტა მეგობარი ქვეყნებით; დაახლოებით 14-15 პოლიტიკური ერთეული, რომელთა შორის საქართველო გამოიყურება, როგორც უმაღლესი სიუზერენი. მას აღებული აქვს გამაზავებლის, ერთმანეთზე არა მიშვების, დამამშვიდებლის, მთავარი მომრიგებელ-მოსამართლის, ე.ი. ბჭის, დამცველის, გამამდიდრებელის, განმანათლებლის ფუნქციები. მაშასადამე ,,ყოველი საქართველოს“ პოლიტიკური გარანტიის ქვეშ მყოფ ერთეულებს სიუზერენთან (საქართველოსთან) დელეგირებული აქვთ სახელმწიფოებრივ უფლებათა მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არის პროტექტორატ-ვასალიტეტის სრულიად ახალი ფორმა ჩვენი ქვეყნის სინამდვილისათვის. თითოეული ვასალი ქვეყანა დაახლოებით ისეთი სტატუსით სარგებლობს, როგორც ანტიკური ხანის რომის იმპერიის ,,მოკავშირე და მეგობარი“. სამწუხაროდ, მალე გამოირკვა, რომ ურთიერთობათა ეს ფორმა ნაადრევი აღმოჩნდა. გამოირკვა ისიც, რომ ყმადნაფიცობა იყო საქართველოს ძლიერების არა წყარო, არამედ მხოლოდ მოწმობა (ნ. ბერძენიშვილი). აკად. ივ. ჯავახიშვილი თამარისეულ ,,სათნოების პოლიტიკას“ (საგარეო ურთიერთობის ახალ დოქტრინას) უწოდებდა ,,მეზობელთა შორის პოლიტიკური წონასწორობისა და ხელშეუხებლობის პრინციპს (ივ. ჯავახიშვილი. ,,ქართველი ერის ისტორია“, გვ. 369). დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ,,იბერია“ თბილისი 1994 |