მე-19 საუკუნის დამლევს კავკასიაში იმოგზაურა რუსმა
მწერალმა და ეთნოგრაფმა ევგენი მარკოვმა, რომელმაც დატოვა სქელტანიანი ნაშრომი „კავკასიის
ნარკვევები“. წიგნი სამჯერ დაიბეჭდა ერთმანეთზე
უკეთესი გამოცემებით (1887, 1904 და 1913 წლებში). მასში სიუზერენის გადმოსახედიდან იმპერიული სულისკვეთებით
არის დანახული ცარისტული დერჟავის ყოველი კუთხე-კუნჭული
და აქ დასახლებული თითოეული ხალხი, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. მაგრამ
ავტორს, აწმყო ვითარებიდან გამომდინარე დახასიათების გარდა, დროდადრო ცალკეული ერის
მდგრადი და ჩამოყალიბებული ისტორიული ფასეულობების მიმართ ობიექტურობის გრძნობაც არ ღალატობს. სწორედ ამ კუთხით გვაქვს შერჩეული მარკოვის მიერ
ქართველი ერის შესახებ წარმოდგენილი ის რამდენიმე ფრაგმენტი, რომელთაც ქვემოთ გთავაზობთ
(გვერდები მითითებულია ბოლო გამოცემის მიხედვით):
„ქართველები
პატივით მოსავენ თავიანთი ხალხის სიწმინდეებს. საქართველოში ჩემი მოგზაურობის დროს
მე არ შემხვედრია არცერთი, თუნდაც ყველაზე მივარდნილ ადგილას მდებარე სალოცავი, სადაც
წელიწადში თუნდ ერთხელ მაინც არ იკრიბებოდნენ რომელიმე ძველებურ დღესასწაულზე.
სოფელ გერგეტში არსებობს საინტერესო პატრიარქალური ჩვეულება, თუმცა არ ვიცი, რამდენად შენარჩუნებული ჩვენს დროში:
ბარში მცხოვრებ ყოველ ოჯახს, მკის შემდეგ მოაქვს აქ საგანგებოდ დადგენილ სახლში თითო
ფუთი ქერი მომლოცველთა დასაპურებლად, სტუმართმოყვარეობის წმიდათაწმინდა ვალის აღსრულებისათვის“(გვ.93).
„ორივე ეს ტაძარი
(სვეტიცხოველი და სამთავრო) აგებულია ტიპიურ ქართულ არქიტექტურულ სტილში, რომელიც საოცარი
მსგავსებით მეორდება სულ სხვადასხვა საუკუნეების ყველა ქართულ და თვით სომხურ საეკლესიო
ნაგებობებშიც, მეოთხე საუკუნიდან დღემდე, საქართველოს ყოფილ სამფლობელოებში - შავი
ზღვიდან კასპიის ზღვამდე“(გვ. 114).
„ევროპა და,
განსაკუთრებით, რუსეთი ძალიან ნაკლებად უწევენ ანგარიშს იმ გარემოებას, თუ როგორი მნიშვნელობის
ისტორიულ მისიას ასრულებდა საქართველო ევროპული ქრისტიანობის წინაშე საუკუნეობრივი
ტანჯვითა და მოუღლელი ბრძოლით.
როდესაც მე ჩუმი გაოცებითა და ცნობისმოყვარეობით ვეცნობოდი ამ მხარეს ...მე მატყვევებდა აქ საყოველთაოდ დამკვიდრებული უძველესი ქრისტიანული
სამეფოს სუნთქვა.
როდესაც იხილავთ უთვალავ მონასტერს, ტაძრებსა და სამლოცველოებს
- ამაღლებულებს ყოველი კლდის ქარაფზე, ჩამყუდროებულებს ყოველ დაბლობ-ვაკეზე - საბუდრად
ქცეულთ მოსახლეობისათვის - მიხვდებით, რომ აქ სახელმწიფოს ინტერესები განუხრელად იყო
გადაჯაჭვული ეკლესიის ინტერესებთან; რომ ხალხი, რომელიც, როგორც უკანასკნელ თავშესაფარს,
იცავდა თავის რელიგიურ სიწმინდეებს, მათი მეოხებით იცავდა მთელ თავის სამშობლოს, მთელ
თავის წარსულსა და მომავალს. ხშირი ხიფათისა და ბედუკუღმართობის დროს საქართველო მთლიანად ეკედლებოდა ამ მონასტრებს, როგორც ნოეს კიდობანს, მშვიდობისმყოფელად გაცისკროვნებულ ჯვრების საფარველქვეშ,
გარშემორტყმული, როგორც წარღვნით - მუსულმანური ურდოებით - თურქებით, საპრსელებით,
მონღოლებით, ლეკებით და სხვებით.
ისტორიამ ძალაუნებურად აღზარდა ქართველებში მომეტებული
კრძალულება უძველესი სიწმინდეებისადმი, რომლებშიც მისთვის, როგორც ნამდვილ კიდობანში, ისევე
დიდხანს და ისევე ხშირად იყო პირობადებული მტრისაგან მისი დაცვაც და ყოველივე, რაც ფასეული
იყო მისთვის ამ ქვეყანაზე.
მართლმადიდებელი ჯვარი თავისთავად ხდებოდა მისი მამულიც და მისი ხალხურობის სიმბოლოც, ხოლო ქრისტიანობის
დაცვა - მთელი მისი ისტორიის ამოცანა.
ქართველი ხალხი
- ეს არის ჭეშმარიტი ხალხი-ჯვაროსანი. როგორც რაინდი-ჯვაროსნის, ისე მთელი ამ
ხალხის ცხოვრებაც ნაწილდებოდა ლოცვასა და ისლამთან ბრძოლას შორის. ათასწლეულზე მეტი
დროის მანძილზე მას ხელიდან არ გაუშვია ხმალი და თუ ქრისტიანული ჯვარი მას მანტიის მხარზე არ ჰქონდა ამოქარგული, სამაგიეროდ
ის წარუშლელად იყო ამოჭრილი ხალხის გულში.
ამ თვალსაზრისით არის ზოგიერთი ისტორიული მსგავსება
ევროპის სამხრეთ-დასავლეთით ესპანეთის როლსა და სამხრეთ-აღმოსავლეთით საქართველოს შორის“(გვ.
182).
„მხედრისა და
მეომრის იდეალი დღემდე ღრმად არის ჩაბეჭდილი ყოველი ქართველის გულსა და გონებაში -
რა უნივერსიტეტიც არ უნდა ჰქონდეს გავლილი,
რა სპეციალობასაც არ უნდა ფლობდეს. მე ამაში ღრმად დავრწმუნდი ჩემი მოგზაურობის დროს
ამიერკავკასიის სოფლებსა და ქალაქებში,
ხედავ, რომ გელაპარაკება ევროპული აღზრდისა და გაგების
ადამიანი, ყველაზე მშვიდობიანი და თვით პედანტური პროფესიის წარმომადგენელი, უმწიკვლო
ლიბერალური და პროგრესული, ლიტერატურის ცივილიზებულ ენაზე მოსაუბრე, პეტერბურგისა და
ოდესის ფასონზე ჩაცმული. მასთან ყოფნის დროს
თქვენ სრულებით გავიწყდებათ, რომ ხართ აზიაში, რომ თქვენს წინაშე კავკასიელია; მაგრამ
აი, გაიწკრიალეს ჭიქებმა, აჭყვიტინდა ზურნა, გაისმა ცრემლისმომგვრელი უბრალო ქართული
სიმღერა და როგორც სასწაული - გარდაიქმნება ეს
ვითომ ევროპელი: ცეცხლს დააკვესებენ მისი შავი აზიური თვალები, წიგნიერ ფრაზებს შეცვლის ველური აღტაცების ყიჟინა - და მას ხედავთ ისეთსავეს, როგორებიც არიან
დანარჩენი მისიანები - სავსე აზარფეშით ხელში, ხმაშეწყობილი სიმღერით, ლეკურის ბუქნითა
და ცხენზე ჯირითით.
ასეთები არიან, ჩემი ხედვით ყველა ქართველები, მემამულიდან
და მეომრიდან მოსამართლემდე, მასწავლებლამდე,მღვდლამდე და ლამის არქიმწყემსმთავრებამდე.
და, უნდა ვაღიარო,
მე მომხიბლა ამ გულწრფელმა, შთამბეჭდავმა და აღტყინებადმა ქართულმა ხასიათმა. მასში
ის ჭაბუკური გახელება და ცხოვრებისეული სიკისკასეა, რაც, სამწუხაროდ, დიდი ხანია დავიწყებულია ფხიზელი და
დავარგებული ევროპული საზოგადოებების მიერ. მართალია, ქართული ლხინი ყოველთვის ზღვარზეა დავიდარაბასთან
და ღვინის სამეგობრო ჭიქა მათთან ხშირად იცვლება ხმლების ტრიალზე.
მაგრამ თავისთავად უდარდელი სილაღე და მხიარული ერთობა არაჩვეულებრივად განაწყობენ მათკენ ადამიანს, მიჩვეულს
სახლში მოწყენილობას, თავშეკავებასა და დაძაბულობას“
( გვ. 250).
„ევროპელი ლამაზმანის
ყველაზე სიმპათიური თვალები გეჩვენება ფერმკრთალი, მიმქრალი და ცივი მშვენიერი ქართველი ქალის თვალებთან
შედარებით“ (გვ. 280). |