1938 წლის 23 დეკემბერს ტოკიოში, იმპარატორის ოჯახში დაიბადა პრინცი აკიჰიტო. იგი გახლავთ უფროსი ვაჟი იმპერატორ სიოოვასი (ხიროხიტო) და იმპერატრიცა კოძიუნისა. პრინცის აღმზრდელები იყვნენ იმპერატორის ოჯახის ტრადიციული მოძღვარი, იაპონელი კოიძუმი და ცნობილი ავტორი საბავშვო წიგნებისა − ელისაბედ გრეი. მან პრინცს შეასწავლა ინგლისური ენა და აზიარა დასავლურ კულტურას. პრინცი აკიჰიტო სწავლობდა გაკუსიუინის უნივერსიტეტში - პერების სკოლაში. შემდეგ ამავე უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა, ჩაირიცხა პოლიტიკისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1952 წლის ნოემბერში აკიჰიტო ოფიციალურად გამოაცხადეს მემკვიდრე პრინცად. 1953 წელს მან ექვსი თვის განმავლობაში თოთხმეტ ქვეყანაში იმოგზაურა, მოიარა ჩრდილოეთ ამერიკა და დასავლეთ ევროპა. დაესწრო დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის მეფედ კურთხევას. პრინცი აკიჰიტო ამ ცერემონიალზე იაპონიის იმპერატორის ოფიციალური წარმომადგენელი გახლდათ. როგორც ჩანს, დასავლურმა განათლებამ აკიჰიტოზე დადებითი გავლენა იქონია, მან პირველმა დაარღვია მრავალსაუკუნოვანი იაპონური ტრადიცია, რომლის მიხედვითაც მომავალი იმპერატორის ცოლი უნდა ყოფილიყო არისტოკრატული წრის წარმომადგენელი, ამგვარი ტრადიცია უკვე მყარადაა დამკვიდრებული ევროპულ დინასტიებში. 1959 წელს აკიჰიტომ ცოლად შეირთო სიოდა მიტიკო, ერთ-ერთი უმსხვილესი საფქვავი კომპანიის პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი. მომავალი მეუღლე პრინცმა ჩოგბურთის კორტებზე გაიცნო. უნდა აღინიშნოს, რომ მიტიკოს ოჯახის ორმა წევრმა კულტურის სფეროში მიღწეული წარმატებებისათვის დაიმსახურა უ მაღლესი ჯილდო, რომელსაც იმპერატორი გადასცემს მეცნიერებსა და სხვა გამოჩენილ მოღვაწეებს. აკიჰიტომ და მიტიკომ სასახლის მკაცრ ტრადიციებს თავი დააღწიეს. მათ შეცვალეს იმპერატორის ოჯახის ცხოვრების ყაიდა, მიუხედავად იმისა, რომ სისტემატურად უხდებოდათ ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, მაინც ახერხებდნენ თავიანთი შვილების აღზრდას ძიძა-გუვერნიორების დახმარების გარეშე. იმპერატორად კურთხევამდე ოფიციალური მიწვევით აკიჰიტომ 37 ქვეყანაში იმოგზაურა. 1967 წელს აკიჰიტო იყო საპატიო თავმჯდომარე წყნარი ოკეანის მე-11 სამეცნიერო კონგრესისა, 1967 წელს კი − ტოკიოს უნივერსიადისა და ოსაკის ექსპო 70-ის გამოფენისა. იმპერატორ სიოვას შეერთებულ შტატებსა და ევროპაში გამგზავრების დროს (1971-1975წ) აკიჰიტო მამის, იმპერატორის ფუნქციებს ასრულებდა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებს აგვარებდა. 1989 წლის სექტემბერში, იმპერატორის ავადმყოფობის გამო, პრინცმა აკიჰიტომ მონაწილეობა მიიღო პარლამენტის ოფიციალურ გახსნაში. 1989 წლის 7 იანვარს, მამის გარდაცვალების შემდეგ, აკიჰიტო გახდა იაპონიის იმპერატორი (ტენო). ამ დღიდან იაპონიაში დაიწყო ნაციონალური წელთაღრიცხვის ახალი ეპოქა, იმპერატორის მმართველობის შესაბამისი პერიოდი − ხეისეი. იგი ტრადიციული ათვლით იაპონიის 125-ე იმპერატორია. იმპერატორი ევროპული ტერმინია და იაპონიასთან მიმართებაში პირობითია, მისი იაპონური ტიტულების ნაწილი რელიგიურ-საკრალური ხასიათისაა, ნაწილი კი სოციალური მნიშვნელობის. მაგალითად „უპირველესი“, „დიდი ბატონი“, „მმართველი უდიდებულესობა“ და სხვა. იაპონიის კონსტიტუციის მიხედვით ,იმპერატორი ითვლება ეროვნულ სიმბოლოდ. მისი სტატუსი ხალხის ნებით არის განსაზღვრული. იმპერატორს აქვს მხოლოდ წარმომადგენლობითი უფლებები. ტახტზე ასვლისას იმპერატორმა პირობა დადო, რომ პირნათლად შეასრულებს თავის მოვალეობას. ყოველთვის ხალხის გვერდით იქნება და დაიცავს კონსტიტუციას. მამის მსგავსად იმპერატორი აკიჰიტო გატაცებულია იქტიოლოგიით. იქტიოლოგია არის ზოოლოგიის ერთ-ერთი დარგი, რომელიც შეისწავლის თევზებს. მათ აგებულებას, სისტემატიკას, ეკოლოგიას და ამუშავებს თევზის ჭერისა და მოშენების ბიოლოგიურ საფუძვლებს. იმპერატორს ამ საკითხებზე გამოცემული აქვს 25 ნაშრომი. 1986 წელს იაპონიის იმპერატორი აირჩიეს ლონდონის ბიოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრად. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის შემდგომ, იმპარატორმა მოუწოდა იაპონელებს, მოეშენებინათ ამრიკული კაპარჭინა (თევზი კობრისებრთა ოჯახიდან). ხალხმა მისი რჩევა გაიზიარა. რასაც მოჰყვა ამერიკული კაპარჭინების მიერ იაპონურ წყალსაცავებში თევზების შევიწროება. ამის გამო 2007 წელს იმპერატორმა საჯაროდ მოუბოდიშა იაპონელ ხალხს. იმპერატრი აკიჰიტო დაინტერესებულია ისტორიით. როგორც აღვნიშნეთ, სპორტის სახეობებიდან მოსწონს ჩოგბურთი, უყვარს ცხენით ჯირითიც. იაპონიის იმპერატორს ჰყავს სამი შვილი. მემკვიდრე პრინცი ნარუჰიტო, დაბადებული 1960 წლის 23 თებერვალს, პრინცი აკისინო (ფუმიჰიტო), დაბადებული 1965 წლის 30 ნოემბერს და პრინცესა საიაკო, დაბადებული 1969 წლის 18 აპრილს. |