საქართველოში არსებული კრიზისიდან გამოსავლის გეგმა ვფიქრობთ, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის დარეკვას ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა იგივე შინაარსი: 2024 წლის 28 ნოემბრის ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო სარეკომენდაციო, როგორც ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებისადმი, რაც მთავარია, საქართველოს მთავრობისადმი. საქართველოს მთავრობას ან ვინმეს მოეწონა თუ არა, იქ ქვეტექსტებში იგულისხმებოდა, რომ საქართველოს მთავრობას კომპრომისული ნაბიჯი გადაედგა, კი არ გადამდგარიყო და კი არ გამოეცხადებინა თავი უკანონოდ, არამედ, შეპირებოდა საზოგადოებას და დაეწყო მზადება, რათა ერთი წლის ვადაში ჩანიშნულიყო ახალი საპარლამენტო არჩევნები, ანუ დაახლოებით 2025 წლის შემოდგომის ბოლომდე. აქვე გავითვალისწინოთ, რომ 2025 წლის შემოდგომაზე არის ჩანიშნული ადგილობრივი არჩევნები. აღნიშნული რეკომენდაციის მიხედვით, თუ საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებდა ევროპარლამენტის რეკომენდაციას, ქვეტექსტებით ნათქვამი იყო, რომ რამდენიმე ადამიანზე (ივანიშვილი, კობახიძე, კალაძე) აღარ გამოცხადდებოდა სანქციები, რადგან, პოლიტიკურ-დიპლომატიურ პრინციპით - ერთი მხრიდან დათმობას მოჰყვება ხოლმე მეორე მხრიდან დათმობა. ასეთ შემთხვევაში ქვეყანა არ აირეოდა და სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროების წინაშე არ დადგებოდა. იმის მაგიერ, რომ საქართველოს მთავრობას გამოეჩინა სიფრთხილე და განეცხადებინა, რომ ყველა საკითხზე იფიქრებდა, მთავრობის თავმჯდომარე კობახიძემ გააკეთა არადიპლომატიური, უადგილო, ვითარებისთვის შეუ საბამო, ქვეყნისა და მთავრობისათვისაც კი არარეალისტური, ფეთქებადსაშიში განცხადება, რომ საქართველოს მთავრობა წყვეტდა ევროკავშირთან გაერთიანებაზე მოლაპარაკებებს 2008 წლის ბოლომდე და უარს ამბობდა ევროკავშირისგან ყველანაირი ფინანსური დახმარების მიღებაზე. ეს იყო დიდი შეცდომა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს, თითქოსდა, დახურული ჰქონდა ევროკავშირის გაფართოების საკითხი. თუმცა, მთლად მასეც არ არის. თან, მთავრია ევროკავშირისადმი სვლის დემონსტრირება, რათა არ შეიცვალოს გეოპოლიტიკური ვექტორი და არ გაღიზიანდეს საზოგადოებაც. თითქოსდა მთავრობამაც ივაჭრა, მაგრამ, ივაჭრა თავისთვის სავალალოდ. თავისთავად ცხადია, მთავრობის ასეთი განცხადება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის საგანგაშო აღმოჩნდა, ვინაიდან მასში დაინახეს გეოპოლიტიკური ვექტორის ცვლის საშიშროება, ტოტალიტარიზმის დამყარებისა და ეკონომიკური ვითარების გაუარესების საფრთხე. დაიწყო აქციები. მთავრობა მიხვდა, რომ დაუშვა შეცდომა და სცადა ვითარების გამოსწორება, განაცხადა, რომ მზად არის გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშრითან, და მოითხოვა ევროკავშირისგან მოლაპარაკებების გახსნა. თუმცა, პარალელურად საზოგადოებასთან მოლაპარაკება არ გამართა და აქციების ლიდერებად სცადა წარმოეჩინა რეკლამირებული ოპოზიცია, წინა ხელისუფლება და სცადა აქციების დისკრედიტაცია ხალხის თვალში... ესეც შეცდომა იყო. ამას მოჰყვა ამერიკის შეერთებლი შტატების მიერ მოქმედი მთავრობისადმი გზავნილი, რომ ამერიკა ამ მთავრობას აღარ განიხილავს სტრატეგიულ მოკავშირედ. დღეს ვითარება კიდევ უფრო ფეთქებადსაშიშია. ფეთქებადსაშ იშია როგორც სამოქალაქო დაპირისპირების თვალსაზრისით, ისე, ეკონომიკურად, ფინანსურად, გეოპოლიტიკურად და სხვა. ასეთი ვითარების გაგრძელების შემთხვევაში ყველა ვარიანტში დაზარალდება სახელმწიფო. შეიძლება დროებით მოიგოს მთავრობამ, მაგრამ, შემდეგში და რაც მთავარია, ისტორიულად აუცილებლად წააგებს, ვინაიდან ყველაფერზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება მმართველ ძალას. ამიტომ, მივმართავთ მოქმედ მთავრობას რომ ნამდვილად გახსნას ევროკავშირთან მოლაპარაკებები, რაც მთავარია, საკუთარ მოსახლეობასთან და გამოაცხადოს, რომ ერთი წლის ვადაში მოამზადებს ახალ საპარლამენტო არჩევნებს და საარჩევნო კოდექსის დახვეწას განაახლებს, რომ შემდგომი არჩევნები ჩატარდეს თანაბარი პირობებით, თანაბარი მედია გახსნილობით ყველასთვის, როგორც მდიდარი, ხელისუფლებაში მყოფი და ხელისუფლებაში ნამყოფი, ასევე სხვა პოლიტიკური ძალებისათვის. მანამდე კი მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამს გეოპოლიტიკური მიმართულებით. ამასთან, იფიქრებს „გამჭვირვალობის“ კანონის მუხლების შეცვლაზე. პარალელურად, საქმეები შეწყდება, ვინც დაკავებულია აქციებში მონაწილეობისათვის. როგორც აღვნიშნეთ, ვფიქრობთ, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის დარეკვას ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა იგივე შინაარსი. მხოლოდ ასე შეიძლება ვითარების განმუხტვა და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება. მხოლოდ ასე შეიძლება ევროკავშირი და ამერიკა არ გახდნენ მთავრობის მტრები. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა საარჩევნო კოდექსის დახვეწაში და მოლაპარაკებებში. ქართველთა ერთობის მეთაური გაიოზ მამალაძე
|