1209 წლის 4 ოქტომბერს გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის იმპერატორად აკურთხეს ოტო IV ბრაუნშვაიგელი ( Otto IV. von Braunschweig), ველფების დინასტიის წარმომადგენელი. იგი დაიბადა 1175/1176 წელს ბრაუნშვაიგში, ქვემო საქსონიაში. იგი იყო საქსონიისა და ბავარის ჰერცოგის ჰაინრიხ ლომის ძე, დედამისი იყო ინგლისის მეფის ჰენრიხ მეორის ქალიშვილი, მატილდა პლანტაგენეტი. რომაელ-გერმანელთა მეფე იყო 1198-1218 წლებში. საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი 1209-1218 წლებში. 1198 წლიდან სამეფო ტახტს ეცილებოდა იმპერატორ ჰაინრიხ VI შტაუფენის ძმას ფილიპ შვაბიელს. ამ ბრძოლაში ოტო IV-ს მხარს უჭერდნენ რომის პაპი ინოკენტი III და მისი ინგლისელი ბიძა რიჩარდ I ლომგული. 1201 წელს ოტო IV დაბრუნდა გერმანიაში. 1209 წელს იმპერატორად აკურთხეს. 1210 წელს მოინდომა სიცილიის სამეფოს დაპყრობა, რომელიც პაპის ხელისუფლებას ემორჩილებოდა. პაპმა იგი ეკლესიიდან განკვეთა და 1211 წელს მეფედ ფრიდრიხ VI-ის ძმა ფრიდრიხ II შტაუფენი გამოაცხადა.
შტაუფენ-ველფების დინასტიური დავა ბუვინის ბრძოლაში გადაწყდა 1214 წელს. ოტო IV-მ ძალაუფლება დაკარგა.
ოტო IV-ს ყავდა ორი მეუღლე: ბეატრიჩე, გერმანელი მეფის ფილიპის და ირინა ანგელინას შვილი (1209-1212 წლებში) და 1214 წლის 19 მაისიდან მარია ბრაბანტი (დ. 1190 - გ. 1260), ბრაბანტის ჰერცოგის ჰაინრიხ I-ის და მატილდა ფლანდრიელის შვილი.
შვილები არცერთ ცოლთან არ ჰყავდა. გარდაიცვალა 1218 წლის 19 მაისს, ჰარცბურგში. |