1439 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა გერმანიის, უნგრეთის, და ჩეხეთის მეფე ალბრეხტ II ჰაბსბურგი (გერმ. Albrecht II. von Habsburg) . იგი ზეობდა 1438-1439 წლებში. მომავალი მეფე დაიბადა 1397 წელს.1421 წელს დაქორწინდა ელისაბეტზე, იმპერატორ სიგიზმუნდის ასულზე (1409 - 1442).
ალბრეხტი მტკიცე და სასტიკი ხასიათის იყო, თუმცა მან სახელი გაითქვა როგორც, სამართლიანმა მმართველმა. ალბრეხტი, ჯერ კიდევ სიგიზმუნდის ზეობისას გახდა უნგრეთის მეფე და იმპერატორის ნაცვალე ჩეხეთში. ამის გარდა 1438 წლის მარტში კურფიურსტებმა იგი აირჩიეს გერმანიის მეფედ. წერენ რომ მას არ სურდა გერმანიის მეფობა და არჩევის შემდეგაც ყოყმანობდა. ეს ზედმეტი თავმდაბლობით კი არ იყო გამოწვეული, არამედ უამრავი პრობლემით რაც გადასაჭრელი იყო თურქების მიერ აოხრებულ უნგრეთში და ჰუსის მოძრაობით გატაცებულ ჩეხეთში. იგი დათანხმდა გერმანიის ტახტზე იმ პორობით, რომ გერმანიაში მხოლოდ ორი წლის შემდეგ ჩავიდოდა.
ჩეხეთში სიგიზმუნდთან დაპირისპირებული რადიკალი ჰუსიტები არ ცნობდნენ ალბრეხტს, ხოლო სიგიზმუნდის გარდაცვალების შემდეგ, ისინი შეიკრიბნენ ტაბორში და მეფედ პოლონელი პრინცი კაზიმირი გამოაცხადეს. პრაღაში კორონაციის შემდეგ ალბრეხტმა გაილაშქრა ტაბორიტების წინააღმდეგ და დაამარცხა ისინი, და ქალაქ ტაბორს ალყა შემოარტყა. ტაბორი პოლონელმა მხედართმთავარმა გიორგი პოდებრატმა იხსნა, რომელმაც ალბრეხტს აიძულა პრაღისკენ დახევა. თუმცა მალე პოლონეთის მეფე შეურიგდა ალბრეხტს და შეწყვიტა ტაბორიტების მხარდაჭერა.
ჩეხეთში მდგომარეობის დარეგულირებამ ალბრეხტს საშუალება მისცა უნგრეთისთვის მიეხედა, რომელიც თურქების მიერ იყო აოხრებული. თურქები ტრანსელვანიაში შეიჭრნენ და 70 000 ადამიანი მონად წაიყვანეს. ალბრეხტმა ლაშქრობა გამოაცხადა, მაგრამ ლაშქრობამდე მოუწია დიდებულებთან დათმობებზე წასვლა. ამ დათმობების თანახმად მეფეს შეეძლო პალატინების დანიშვნა მხოლოდ მაგნატთა პალატის თანხმობით და მეფის გადაწყვეტილებები სეიმს უნდა დაემტკიცებინა. მიუხედავად დათმობებისა უნგრელები მაინც ძალიან ცუდად იბრძოდნენ. ლაშქარი სამარცხვინოდ გაიფანტა ბრძოლამდე.
ალბრეხტი ავად გახდა და გარდაიცვალა გრანას მახლობლად პატარა დასახლებაში. |