|
ფერდინანდ VII - კარლისტური ომების დაწყების მიზეზი
ფერდინანდ VII (ესპ. Fernando VII; დ. 14 ოქტომბერი, 1784, მადრიდი − გ. 29 სექტემბერი, 1833, მადრიდი) — ესპანეთის მეფე 1808 წლის მარტ-მაისში და 1813-1833 წლებში. კარლ IV-ის შვილი. ფერდინანდს კონფლიქტი ქონდა ნაპოლეონ I-ის მორჩილ მამასთან და ამის გამო მას ეროვნულ ლიდერად მიიჩნევდნენ. საფრანგეთის ინტერვენციისა და მადრიდის აჯანყების შემდეგ, რომელსაც მხარს თავად პრინცი უჭერდა კარლ IV გადადგა და ფერდინანდი მეფედ გამოაცხადეს. ძალიან მალე ნაპოლეონმა მამა-შვილი ბაიონაში, ფაქტობრივად დააპატიმარა და ესპანეთის სამეფო ტახტზე თავისი უფროსი ძმა ჟოზეფი აიყვანა. ესპანეთის ანტიფრანგული მოძრაობა მეფედ ფერდინანდს აღიარებდა, თუმცა მეფეს ამ მოძრაობაში მონაწილეობა არასოდეს არ მიუღია. 1813 წელს საფრანგეთი ესპანეთიდან გააძევეს და ფერდინანდი კვლავ სამეფო ტახტზე ავიდა (კარლ IV ამ დროს რომში ცხოვრობს, მაგრამ ესპანეთში არ დაბრუნებულა). 1820-1823 წლებში ესპანეთში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, რომელსაც რაფაელ რიეგო-ი-ნუნიესი მეთაურობდა. 1820 წლის 9 მარტს მეფე იძულებული გახდა აღედგინა 1812 წლის კონსტიტუცია. ამბოხება ჩაახშეს საღვთო კავშირისა და საფრანგეთის არმიის დახმარებით. 1823 წლის 1 ოქტომბერს მეფე ფერდინანდ VII აღადგინა აბსოლუტისტური რეჟიმი. მეფემ საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა. ფერდინანდის მეფობის პერიოდში ესპანეთმა დაკარგა გავლენა ლათინურ ამერიკაზე. 1810-1820-იან წლებში დამოუკიდებლობისათვის ომის პერიოდში სიმონ ბოლივარის, ხოსე დე სან-მარტინისა და სხვათა მეთაურობით დამოუკიდებელი სახელმწიფოები ჩამოყალიბდა. დაქორწინებული იყო ოთხჯერ, თუმცა შვილები შეეძინა ბოლო ქორწინების შედეგად. უფროსი შვილი ისაბელა 1830 წელს გამოაცხადა ტახტის მემკვიდრედ, სალიკური სამართლის შეცვლის შედეგად. ფერდინანდის გარდაცვალებას 1833 წელს მოჰყვა ბრძოლა მცირეწლოვან ისაბელასა და ფერდინანდის ძმის, კარლოსის მომხრეებს შორის, ამ დაპირისპირებას კარლისტური ომები ეწოდა. |
|