კარლ XII ან კაროლუს რექსი, ასევე ქართულად უწოდებენ კარლოს XII -ს (17 ივნისი, 1682 - 30 ნოემბერი, 1718), ასევე ალექსანდრე ჩრდილოეთისა და თურქების მიერ შერქმეული დემირბაშ შარლი (Demirbaş Şarl) — შვედეთის მეფე 1697 წლიდან გარდაცვალებამდე 1718 წელს. შვედეთის ვიტელსბახების დინასტიის მეოთხე მეფე. ვიტელსბახების დინასტია მართავდა ბავარიას. ბავარიის კურფიურსტთა უფროს შტოს გამოეყო პფლალცგაფების დინასტია, რომლებიც შემდეგ გამეფდნენ შვედეთში. ბავშვობაში ყველას სუსტი და ავადმყოფი ეგონა, თუმცა კარლმა სიყმაწვილე ცხენზე ტანშიშველა ჯირითში და შვედეთის წიწვოვან ტყეებში მგლებზე ნადირობაში გაატარა, რითაც სისუსტე დაძლია და ომისთვის გამოიწრთო.
მამამისის გარდაცვალებისას კარლი უკვე ჩამოყალიბებული მეომარი იყო. იგი ტახტზე თხუთმეტი წლის ასაკში ავიდა, ხოლო სამ წელიწადში ქვეყანა დატოვა ზღვის იქით ბრძოლების სერიაში მონაწილეობის მისაღებად. ეს ბრძოლები ჩრდილოეთის დიდი ომის ნაწილი იყო, რომელთა უმრავლესობა რუსეთის იმპერატორი პეტრე დიდის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი ახალგაზრდობით გათამამებულ ქვეყნებს საბაბი მიეცათ შვედეთზე თავდასხმისთვის და საქსონია, დანია-ნორვეგია, პოლონეთი და რუსეთი კოალიციას ქმნიან მის წინააღმდეგ, რაც დიდი ომის დასაბამი გახდა. 1700 წელს შვედეთს ერთდროულად შეუტია დანიამ, საქსონიამ, პოლონეთმა და რუსეთმა. შვედეთის მეფე კარლ XII მხოლოდ თვრამეტი წლის იყო და მტრებს მისი გამოუცდე ლობის იმედი ჰქონდათ. თუმცა გაცილებით უფრო გამჭრიახი და გონებამახვილი ტაქტიკოსი გამოდგა ვიდრე ამას მისი მტრები მოელოდნენ. მან ესტონეთში, ნარვასთან დაამარცხა რუსები; საქსონია, პოლონეთი და დანია აიძულა ომიდან გასულიყვნენ. რვა წლის შემდეგ კარლ XII რუსეთში შეიჭრა, მაგრამ 1708-1709 წლების ზამთარი მეტად მკაცრი აღმოჩნდა, რუსები უკან დახევის დროს გზაზე ყველაფერს სპობდნენ. რუსეთის განახლებული შეტევების დროს შვედები საკვების მარაგის მწვავე ნაკლებობამ შეაწუხა. გაზაფხულისთვის კარლ XII-ის ჯარი განახევრდა. პოლტავის ბრძოლაში რუსებმა შვედები დაამარცხეს და კარლი 1709 წელს თურქეთში გაიქცა. 1714 წელს იგი შვედეთში დაბრუნდა და დანიელთა ჯარი მოიგერია. შემდეგ შეიჭრა ნორვეგიაში, სადაც იგი მოკლეს 1718 წელს. 1721 წელს უმეფოდ დარჩენილი, ოცწლიანი ომით გამოფიტული შვედეთი ზავზე დათანხმდა.
კარლოს XII-ის სიკვდილი დღემდე კამათს იწვევს მკვლევარებს შორის, ზოგიერთის აზრით ის მოკლეს შეთქმულებმა, რათა ქვეყანა გამოეყვანათ ომიდან, ოფიციალური ვერსიიტ, რაც მაშინ გავრცელდა, მეფეს მოხვდა ასხლეტილი ტყვია. იგი იყო უკანასკნელი მეფე ევროპაში, რომელიც ბრძოლის ველზე გარდაიცვალა. შვედეთის ვიტელსბახების შტო შეწყდა... უნდა აღინიშნოს, რომ კარლოს მეფის მოგვარე გახლდათ ბაგრატ ირაკლის ძე ბაგრატიონის პაპა დედის მხრიდან.
|