წმინდა ქეთევანი იყო აშოთან მუხრან-ბატონის ასული შემკული საოცარი სილამაზითა და სიკეთით. ტანდაბალი, შავთვალება, "პირმშვენიერი და დარბაისელი, არამხოლოდ ერთი სამეფოს, არამედ მთელი იმპერიის მბრძანებლობის ღირსი იყო (რ. გულბენკიანი, "ნამდვილი ცნობები საქართველოს დედოფლის ქეთევანის მოწამეობრივი სიკვდილის შესახებ")". "მცოდნე საღვთო წერილისა და სათნოებათა მომგები, ქალწული, მორცხვი, ბრძენი, კეთილგონიერი, ქალი ნარნარი და მხნე კეთილთა მოქმედებათადმი." კეთილგონიერი და მორწმუნე ქეთევანი კახეთის მეფის, ალექსანდრე II უფროს ვაჟს, დავითს შერთეს ცოლად. მეფე ალექსანდრეს ბერად აღკვეცის შემდგომ ტახტზე დავითი გამეფდა. მაგრამ ოთხიოდ თვეში 1602 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. დაქვრივებულ ქეთევანს დარჩა ქალ-ვაჟი - თეიმურაზი და ელენე. ალექსანდრე იძულებული შეიქმნა, ქვეყნის მართვას დაბრუნებოდა. ამასობაში შაჰ-აბასმა თავის კარზე აღზრდილ გამაჰმადიანებულ კონსტანტინე-მირზას, უბრძანა, წასულიყო კახეთში, მოეკლა მოხუცებული მამა, ღვიძლი ძმა – გიორგი და თავად გამეფებულიყო. კონსტანტინე-მირზამ შეასრულა ბრძანება, მამისა და ძმის მოკვეთილი თავები, ვითარცა ძვირფასი ძღვენი, "მამობილს" გაუგზავნა, ამასაც აღარ დასჯერდა, ქეთევან დედოფალს მედიდურად შეუთვალა: შეგირთავ ცოლად და შენც მორჩილ მექმენ, რამეთუ ესრეთ არის წესი და ჩვეულება რჯულად მაჰმადისაო. ამ ამბით შეძრწუნებული კახეთის დიდებულები შეიკრიბნენ, შეებნენ რჯულისა და ადათის შემგინებელს და სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა, როგორც ქრისტიანმა დედოფალმა, ურწმუნო კონსტანტინეს გვამი მაინც გვარისათვის შესაფერი პატივით დაკრძალა. შაჰს დიდძალი ძღვენი გაუგზავნა და სთხოვა, მეფედ თეიმურაზი დაემტკიცებინა. მანამდე კი თავად იტვირთა სამეფოზე ზრუნვა. შაჰ-აბასი შეშინდა: კახეთი განმიდგება, ქართლს შეუერთდება და საბოლოოდ დავკარგავო. ამიტომ სასწრაფოდ დააბრუნა საქართველოში მის კარზე მყოფი უფლისწული თეიმურაზი. 1614 წელს შაჰმა თეიმურაზს ერთგულების ნიშნად შვილი სთხოვა მძევლად. თეიმურაზმა იცოდა შაჰის ვერაგობა, მაგრამ უმცროსი ვაჟი, ალექსანდრე მაინც გაგზავნა სპ
| არსეთში, თან ქეთევან დედოფალიც გააყოლა, რამეთუ "ჰგონებდა პატივისცემასა დედისასა შაჰ-აბასისაგან". მაგრამ განრისხებულმა აბასმა თეიმურაზს შეუთვალა, შენი შვილის გამდელი ხომ არ ვარ, რომ უმცროსი ვაჟი გამომიგზავნე, უკეთუ მართლა ჩემთან მეგობრობა გსურს, უფროსი ძე მაახლეო. დედოფალმა ფარულად აცნობა შვილს, არ შეესრულებინა შაჰის ბრძანება. მეფემ თავადაც კარგად იცოდა, რაც მოელოდა მის საყვარელ შვილებსა და დედას, მაგრამ დიდებულთა რჩევით, უფროსი ვაჟი მაინც გაგზავნა ისპაჰანს. არც ამით დაკმაყოფილდა შაჰი, "შენც უნდა მობრძანდეო" - შემოუთვალა. ცხადი იყო, ვერაგ სპარსელს კახეთის სამეფოს ამოწყვეტა სურდა. ეს "თხოვნა" ვეღარ აუსრულა თეიმურაზმა ირანის მბრძანებელს. მოიშველია ქართლის მეფე ლუარსაბი და საომრად მზადებას შეუდგა. მეფენი შეითქვნენ და გაერთიანებული ძალებით სძლიეს ჟალეთში დაბანაკებულ მტერს. მარცხით განრისხებულმა შაჰ-აბასმა ქეთევან დედოფალი და მეფის ძენი, ლევან და ალექსანდრე, შირაზის საპყრობილეში გაგზავნა. თავად კი ჯარით ქართლ-კახეთის ასაოხრებლად წამოვიდა. მტერმა დაამარცხა სამეფო, შერყვნა ეკლესია-მონასტრები. აყარა მოსახლეობა და დააცარიელა სოფლები. ქვეყანა შიმშილმა და ძალადობამ მოიცვა. უსჯულოებმა ცეცხლს მისცეს მთელი კახეთი. სამასი ათასზე მეტი ქართველი სპარსეთში გადაასახლეს. დამარცხებული ლუარსაბი და თეიმურაზი იმერეთის მეფეს - გიორგის შეეხიზნენ. შირაზს გადასახლებიდან 5 წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ძენი, ისპაჰანს წაიყვანა და დაასაჭურისა. ალექსანდრემ ტანჯვას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, ხოლო ლევანი ჭკუაზე შეცდა. არაფერს უმხელდა დედოფალს შირაზის მმართველი, ნაქართველარი იმამ-ყული-ხან-უნდილაძე. დიდი პატივით ეპყრობოდა ქეთევანს, არ სურდა დაემძიმებინა მისთვის ისედაც მწუხარე გული. 10 წელი იტანჯებოდა "საპატიო" ტყვეობაში დედოფალი. მარხვითა და ლოცვით, სამშობლოს ბედზე ფიქრით ილეოდა დრო. მაინც მხნედ იყო, უვლიდა, ზრუნავდა, დაჰფოფინებდა თავის სამწყსოს - მასთან მყოფ ოციოდ ქართველს. ქეთევანს ჰბაძავდნენ სპარსეთში მყოფი ქართველ თავადიშვილთა ცოლები. როდესაც შაჰმა ჰკითხა ქა
| რთველ თავადებს, რატომ არ გამაჰმადიანდებითო, ერთმა ახალგაზრდა თავადიშვილმა გულუბრყვილოდ მიუგო: "როდესაც ჩვენს ცოლებს ვეუბნებით, მიიღეთ მაჰმადიანობაო, ისინი გვეუბნებიან, დედა თეიმურაზისა ქრისტიანია და ჩვენ როგორ გავმაჰმადიანდეთო ("საქართველოს კალენდარი" 1893 წ.)" ამის შემდეგ შაჰ-აბასმა იმამ-ყული-ხანის პირით მოსთხოვა დედოფალს, სარწმუნოება გამოეცვალა. შედრკა იმამ-ყული-ხანი, შიკრიკი აფრინა შაჰთან, - ნუ აღმართავო ხელს უმწეო დედაკაცზე. მაგრამ შეუვალი იყო შაჰის პასუხი: "რაც გიბრძანე, ის აღასრულეო". ქეთევანს შაჰის ბრძანება და შვილიშვილების ბედი ერთად ეუწყა. სხვის დასანახად მაინც აღიარე მაჰმადი, გულში კი ქრისტიანად დარჩიო, - ეაჯებოდა ქეთევანს იმამ-ყული-ხანი, მაგრამ ვერ დაიყოლია. ქრისტესათვის სიკვდილი შვებად უჩნდა კახეთის დედოფალს. ხალხით გაჭედილ მოედანზე გამოიყვანეს ქართველები. მათ წინ დედოფალი ქეთევანი მოუძღვოდა. "დედოფლის მოსამსახურეთ, როცა ანთებულ ცეცხლთან მიიყვანეს, თავზარი დაეცათ და მაჰმადიანთა სასიხარულოდ უარჰყვეს ქრისტე. თვითონ დედოფლის მოძღვარი, მღვდელი გიორგი, როცა მოედანზე გამოიყვანეს, ათრთოლდა, არ იცოდა, რა ექნა და დედოფლის წინაშე მზად იყო, სპარსელებს დაჰყოლოდა ნებაზე. მაშინ დედოფალმა გამამხნევებელი ხმით დაუწყო დარიგება მოძღვარს და ურჩევდა, მტკიცედ დაეცვა ქრისტეს სარწმუნოება. დედოფლის გამამხნევებელმა რჩევამ ისე იმოქმედა მღვდელზე და მის მოსამსახურეებზე, რომელთაც უკვე უარჰყვეს ქრისტე, რომ მაშინვე აღიარეს მაცხოვარი, ისინი უმალ დახოცეს. შემდეგ მწვალებლები მიუბრუნდნენ დედოფალს და დაუწყეს წვალება. ჯალათებმა მოიტანეს სპილენძის ქვაბები, დაანთეს ცეცხლი, შეაწყვეს შიგ შანთები გასახურებლად და სადღესასწაულოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს (მხოლოდ ერთი რამ ითხოვა წმინდა მოწამემ: "დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შეურაცხმყოფთ სიშიშვლით"). ჯალათები როდესაც სწვდნენ რათა ხელები ზურგსუკან შეეკრათ მისთვის, კიდევ ერთი რამ ითხოვა დედოფალმა: "მაჰმადიანივით უკან ნუ შემიკრავთ ხელებს, წინ შემიკარით, როგორც ქრისტიანებს უკრავენ, რათა შემეძლოს ხელები მაღლა აღვაპყრო ჩვენი ღმერთისა და უ
| ფლისკენო (რ. გუბენკიანი, დასახ. ნაშრომი)". მხურვალედ ლოცულობდა დედოფალი, ქეთევანს გახურებული რვალის ქვაბი დაამხეს თავზე, რკინის მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები. გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს. ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს კი გახურებული ბარით შუბლი გაუპეს. "როგორც კი დასრულდა წმ. ქეთევანის წამება, უფალმა ღმერთმა განადიდა წმინდანის გვამი. ურიცხვი ხალხის თვალწინ, რომელიც იქვე იყო შეკრებილი მოედანზე, სამი ბრწყინვალე სვეტი ჩამოეშვა ციდან და დაადგა წამებულის გვამს. როცა შაჰის ბრძანებით წმ. ქეთევანის გვამი ქალაქს გარეთ გაიტანეს და სადღაც, ერთ უწმინდურ ადგილზე დააგდეს, ეს სამი ბრწყინვალე სვეტი იქაც თავს დაადგა მოწამის გვამს. ღამით ქრისტიანებმა ფარულად წაიღეს მოწამის გვამი და დამარხეს. ცოტა ხნის შემდეგ ფრანგმა ბერებმა იპოვნეს წმ. ქეთევანის გვამი და დიდხანს ინახავდნენ მის სხეულს. ბოლოს, გვამს მოაშორეს თავი და მარჯვენა ხელი და გაუგზავნეს დედოფლის შვილს, თეიმურაზ პირველს, რომელმაც ეს წმიდა ნაწილები დაასაფლავა წმ. გიორგის სახელობის ალავერდის საკრებულო ტაძრის ტრაპეზის ქვეშ. დანარჩენი ნაწილი წმინდანის გვამისა, საიდუმლოდ გაგზავნეს რომში და იქ ჩასვენებულ იქმნა წმ. პეტრეს საფლავში, სადაც დღემდე ინახება ეს წმიდა ნაწილნი ("მწყემსი" 1894წ)." ქეთევან დედოფლის წმიდა ნაწილები ინახება აგრეთვე ინდოეთში: გოა და - გრასის მონასტერში, ბელგიაში - ნამიურის ტაძარში, რუსეთსა და ინგლისში. არსებობს ასეთი ინფორმაციაც: "1723 წელს ოსმალებისა და ლეკების მიერ იერიშმიტანილი კახეთის ბატონიშვილი თეიმურაზი, ქეთევან დედოფლის შვილიშვილის შვილი, ახლობლებთან და ეპისკოპოსებთან ერთად ანანურში გადადიოდა. თან ქეთევანის წმინდა ნაწილები მიჰქონდა ცხენით. ცხენმა წაიბორძიკა და მდინარე არაგვში ჩავარდა. წმინდა ნაწილი წყალმა წაიღო. (რ. გულბენკიანი. დასახ. ნაშრომი)". დედოფლის ქეთევანის წამება და სიკვდილი მოხდა 13 (26) სექტემბერს, 1624 წელს. მასალა მოამზადა ნინო ტარყაშვილმა |