ეჭვი და უჯერო ფიქრი ზოგჯერ წმიდა ადამიანებსაც სწვევია. მაგრამ უმალვე საღვთო განგებულებას თავისი ძალმოსილი გამოვლინებით განუფანტავს მათი ყოველგვარი დაეჭვება და კვლავ და კვლავ განუდიდებინებია უფალი ღმერთი - ყოვლადწმიდა სამება. რა დიდი იყო მეფეთა შორის დავითი, თავისი ყოველი სიტყვით ყველა ადამიანზე მეტად მსასოებელი ღმრთისა, მაგრამ სვეტიცხოვლის მიმართ ერთხელ ცოტაოდნად დაეჭვებულა და გულში უთქვამს: ”ვიცი კი, რა დევს ამ სვეტის ქვეშ და რასა ვცემ თაყვანს?!” და ამას ფიქრობდა იმ ბოროტი სულის ჩაგონებით, ვინც კაცთა მოდგმის დაუძინებელი მტერია - ყველაზე მეტად კი ღმერთის მსახური და წმიდა ადამიანებისა. და აი, ერთხელაც, როცა ეს ღვთისმოყვარე მეფე ქვემო ქართლის მხრიდან მოემართებოდა, ეკლესიაში შემოვიდა და ცხოველ სვეტს მიეახლა სალოცავად. ამასთან, კვლავაც ბრკოლდებოდა ეჭვით განმსჭვალული ფიქრით. მოლოცვის შემდეგ თავისთან წავიდა და იმ ღამით ასეთი ჩვენება იხილა: ცხოველ სვეტს მოხუცი ვინმე დადგრომოდა, ძველი დროის მსგავსად და იმგვარი ნათლით იყო გაბრწყინებული, რომ მისგან ელვისებრ გამოკრთოდა ცეცხლის ალები, რის გამოც ადამიანი თვალს ვერ გაუსწორებდა. ამ საკვირველი სახილველით შეძრწუნებულ მეფეს მოხუცმა საშინელი ხმით მიმართა ზემოდან და უთხრა: ”დავით, დავით! განა არ უწყი, ვინა ვარ მე, რომელსაც აქ მხედავ?! იცოდეთ შენც და ყველამ, რომ ვისაც ჩემდამი მტკიცე სასოება აქვს, არასოდეს იქნება სირცხვილეული! მაშ, ნუ იქნები ურწმუნო ჩემს მიმართ ნურაფერში, რამეთი ყოველი ურწმუნო დიდ სასჯელს მიიღებს!” ძალზე შეშინებულ დავით მეფეს ძილი გაუკრთა და იგი უმალ წამოიჭრა საწოლიდან, ამხედრდა და ღამიანად წამოვიდა ეკლესიაში ცისკარზე. როცა პატრიარქმა და მცხეთას მყოფებმა მეფე დაინახეს, ასე უდროოდ და მოულოდნელად მოსული, დიდად განკვირდნენ და შეშინდნენ. მეფე კი მაშინვე წმიდა ცხოველ სვეტს მიეახლა, დაემხო მის წინაშე, ცრემლით ალტობდა იატაკს და მხურვალედ ევედრებოდა უფალს შენდობას თავისი უწინდელი ცდუნებისა და ეჭვისათვის. პატრიარქმა ჰკითხა მეფეს, რა შეგემთხვაო და მანაც დაწვრილებით მოუთხრო ყოველივე, რაც კი იმ ღამის ჩვენებით იხილა. პატრიარქმაც და ყველა იქ მყოფმაც ერთხმად განადიდეს უფალი ღმერთი და სვეტიცხოველი. |