საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > ინტერვიუ

დაფარნა

შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების განყოფილებაში დაცულ საეკლესიო დანიშნულების მხატვრული ქარგვის ნიმუშებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი დაფარნათა მდიდარ კოლექციას უჭირავს. ამ კოლექციის მრავალი ნიმუში ყურადღებას იპყრობს მწყობრად აგებული კომპოზიციით, დინამიური და ნატიფი ნახატით, საინტერესო ცნობების შემცველი წარწერებით, გემოვნებით შერჩეულ ფერთა შეხამებითა და დახვეწილი ტექნიკით, მაგრამ საეკლესიო დანიშნულების ნაქარგობაში წამყვანი ადგილი მანც ქართველი ოსტატების თეოლოგიურ აზროვნებას უჭირავს.

საქართველოში ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის შესწავლილი დაფარნათა უმდიდრესი კოლექცია. დღესდღეობით მხატვრული ქარგვის ამ ნაწილს საგანგებოდ იკვლევს შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების განყოფილების კურატორი, უფროსი მეცნიერი მუშაკი, ხელოვნებათმცოდნე გულნაზ ბარათაშვილი.

- როგორ განიმარტება „დაფარნა“? როდიდან და რა დანიშნულებით შემოვიდა იგი ჩვენთან ხმარებაში?

- დაფარნა არის საეკლესიო დანიშნულების ნივთი, რომელიც იხმარება ბარძიმისა და ფეშხუმის საფარებლად. დაფარნები კომპლექტების სახით კეთდება. თითო კომპლექტი შედგება სამი ნაწილისგან. ამათგან ერთი განკუთვნილია ფეშხუმისათვის, მეორე _ ბარძიმისათვის, ხოლო მესამე, ცოტა მოზრდილი ზომის, საერთო საფარებელს წარმოადგენს. პირველად ხმარებაში შემოსულა პატარა დაფარნები, მათ ჰქონდათ წმინდა პრაქტიკული დანიშნულება _ უნდა დაეცვათ წმინდა ნაწილები (მაცხოვრის სისხლი და ხორცი) მწერებისა და მტვრისაგან. ლიტურგიის დამკვიდრებისთანავე შემოსულა მათი ხმარება. რაც შეეხება, მესამე, დიდ დაფარნას, იგი მეხუთე საუკუნეში შემოვიდა ხმარებაში. წმ. საბა განწმენდილს მიეწერება მისი შემოტანა. სულხან-საბა ორბელიანთან „დაფარნა“ განმარტებულია, როგორც „სიწმინდის საფარებელი“.

პირველად „დაფარნა“ მოხსენიებული აქვს წმ. იოანე მმარხველს (მე-6 ს.). იგი „საფლავის საბეჭდავს“ უწოდებს მას. ეს ნივთი ნახსენებია, აგრეთვე, კონსტანტინოპოლის წმინდა მოციქულთა ტაძრის აქტებში. შედარებით დაწვრილებით ცნობებს დაფარნების შესახებ გვაწვდის წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელი (მე-8 ს.), როდესაც იგი ლიტურგიას აღწერს. მისი განმარტებით, დაფარნა წარმოადგენს იმ საფარებელს, რომლითაც იფარება ფეშხუმსა და ბარძიმში მოთავსებული წმინდა ნაწილები, მსგავსად ჰაერისა, რომლითაც გარემოცულია დედამიწა. რუსები დაფარნას უწოდებენ „ვოზდუხს“, ბერძნები _ „აერს“, ხოლო ქართველები თავის დროზე მას „ცაჲს” უწოდებდნენ. სვიმეონ თესალონიკელს მიაჩნია, რომ დაფარნა იმ ლოდის სიმბოლოა, რომელიც ქრისტეს საფლავს მიაფარეს.

- როგორც ცნობილია ,,დაფარნისა” და ,,გარდამოხსნის” ფუნქციები გარკვეულ პერიოდამდე გაყოფილი არ იყო; ისინი, თანამედროვე გაგებით, დიდხანს არ განირჩეოდნენ ერთმანეთისგან, როგორც ზომით, ისე მათზე შესრულებული სცენებითაც. როდის მოხდა მათი ფუნქციური დანიშნულების გაყოფა?

- ეს მოხდა მე-17 საუკუნეში. მანამდე ისინი ერთმანეთის ფუნქციას ასრულებდნენ. ადრეული პერიოდის მონუმენტური ქარგულობით მორთული დაფარნა და გარდამოხსნა ურთიერთდაკავშირებული იყო არა მხოლოდ როგორც საღვთისმსახურო სიწმინდე, არამედ ზედ გამოსახული იკონოგრაფიული სიუჟეტითაც. ისინი ტრადიციული, კლასიკური ფორმის ,,დატირების” კომპოზიციით არის მორთული. ვ. ბერიძე ფიქრობს, რომ ამ სიწმინდეების კომპოზიციებით მორთვა მოხდა არაუადრეს მე-12-13-ე საუკუნეებისა. მაგრამ ამაზე ძნელია საუბარი, რადგან ამ პერიოდის დაფარნები არ არის შემონახული.

,,დიდი სჯულის კანონში”, რომელიც მე-12 საუკუნეში წმ. არსენ იყალთოელის მიერ არის ნათარგმნი, ჩამოთვლილია სიწმინდეები და მათ შორის მოხსენიებულია ,,ცაჲ” და ,,პერექელები”. ,,ცაჲ” განმარტებულია, როგორც ,,საფარებელი”. თვითონ ექსპონატი, რომელზეც ,,ცაჲ” დაფარნის აღმნიშვნელად არის მოხსენიებული, ჩვენ არ მოგვეპოვება. მაგალითად, გვაქვს ერთი, მე-15 საუკუნის ,,გარდამოხსნა”, რომელზედაც წერია: ,,შეიმკო ესე საფლავად დადებაჲ”. ამ ნივთს ჩენთან ,,საფლავად დადებაჲს” უწოდებდნენ. ე.ი. აქ ზუსტად იმ კომპოზიციის განმარტებითი მომენტია ამოქარგული, რაც ზედ იყო გამოსახული. თვითონ სიტყვა ,,გარდამოხსნა” მე-16 საუკუნეში დამკვიდრდა. ამის შემდეგ ,,დაფარნა” და ,,გარდამოხსნა” თანდათან ემიჯნებიან ერთმანეთს. ,,გარდამოხსნამ” დაიტოვა ის კომპოზიცია,  რაც მასზე იყო გამოსახული (,,დატირება”), ხოლო დიდ დაფარნებზე ჯერ, როგორც ჩანს, ჯვრები გაჩნდა, ხოლო შემდეგ თანდათან დაიხვეწა იკონოგრაფიული პროგრამა. შემოვიდა: ,,ნუ მტირ მე, დედაო”, ,,კუბოთდება”, ,,დიდისა ზრახვისა ანგელოზი”… რაც შეეხება მცირე დაფარნებს, მათზე გამოსახულ კომპოზიციებში უშუალოდ იყო ასახული მათი ფუნქციური დანიშნულება. მაგალითად, ფეშხუმის საფარებელზე გამოისახებოდა ფეშხუმი მასზე მწოლიარე ყრმით (ტარიგით), ხოლო ბარძიმის საფარებელზე გამოისახებოდა ბარძიმი მასში მყოფი ტარიგით (მაცხოვრით). უფრო ადრეული ხნის ნიმუშები ჩვენ არ შემოგვრჩენია. ის, რამაც ჩვენამდე მოაღწია, მე–17 საუკუნის შუა ხანებით თარიღდება.

- საინტერესოა, ‚,დატირების“ გარდა, კიდევ რა კომპოზიციებით ირთვებოდა ადრეული ხანის დაფარნები?

- დიდი დაფარნები - ,,დატირების“, ხოლო პატარა დაფარნები - ,,ზიარების“ კომპოზიციებით ირთვებოდა. მცირე დაფარნებზე გამოსახული იყო ტრაპეზი, ტრაპეზთან მჯდომი ყრმა მაცხოვარი, რომელსაც ხელში პური ეჭირა და მოციქულებს გადასცემდა. აქეთ-იქით სამ-სამი (ხან უფრო მეტი) მოციქული გამოისახებოდა მის ორივე მხარეს. საერთოდ, ქართულ ნაქარგობაში ,,ზიარების“ კომპოზიციის გამოსახვა ფართოდ გავრცელებული არ არის (ყოველ შემთხვევაში, ჩვენამდე მოღწეულ ნიმუშებში არ გვხვდება). უკვე მე-17 საუკუნიდან დათარიღებულ ფეშხუმის გადასაფარებელზე გამოისახება ფეშხუმზე მწოლიარე ყრმა მაცხოვარი, ხოლო ბარძიმისაზე კი _ ბარძიმში მყოფი ყრმა მაცხოვარი, რომელსაც ხელი აქვს აღმართული კურთხევის ნიშნად.

- დაფარნები განსაკუთრებული სიწმინდეა. იგი ხელშეუხებელია ერისკაცთათვის. რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ დაფარნებს ლიტურგიის სხვადასხვა ნაწილში?

- ეკლესიაში პირველად მოხვედრილი დაფარნა სპეციალური ლოცვით იკურთხება. მასზე ხელის ხლების უფლებას თავად მომქარგველიც კარგავს.

სპეციალური ლოცვები წარმოითქმება, აგრეთვე, ლიტურგიაში დაფარნათა ხმარებისას და ამ ლოცვათა ფრაგმენტები ამოქარგულია შესაბამის დაფარნაზე. ხშირ შემთხვევაში, ეს წარწერა გამოყოფილია და მას მოსდევს საქტიტორო ანუ შემწირველის წარწერა (საერთოდ, დაფარნებზე ორი სახის წარწერა გვხვდება: კანონიკური და საქტიტორო).

ლიტურგიის პირველ ნაწილში _ კვეთის დროს, როცა ხდება ევქარისტული პურისა და ღვინის მომზადება, მცირე დაფარნები იმ სახვევთა სიმბოლური გამოხატულებაა, რომელშიც ახალშობილი მაცხოვარი შეახვიეს და ბაგაში მიაწვინეს; დიდი დაფარნა კი ის ქსოვილია, რომელშიც ჯვრიდან გარდამოხსნილი მაცხოვრის გვამი ,,წარგრაგნეს“.

წირვის მეორე ნაწილში - კათაკმეველთა ლიტურგიის დროს დაფარნათა ხმარება შეჩერებულია.

წირვის მესამე ნაწილში _ (მართალთა ლიტურგია) ,,დიდი გამოსვლის“ დროს ფეშხუმის დაფარნა ნიშნავს სუდარას, რომელშიც მაცხოვარი შეახვიეს, ბარძიმის საფარებელი - არდაგს, რომლითაც ჯვრიდან გარდამოხსნილი ქრისტე ,,გრაგნილად“ დადეს, დიდი დაფარნა კი იმ ლოდს, რითაც მაცხოვრის საფლავი დაბეჭდეს. ,,მრწამსის“ გალობისას დიდი დაფარნის რხევა ბარძიმ-ფეშხუმის თავზე სულიწმიდის ძალისა და მადლის ფრქვევასა და მაცხოვრის აღდგომას მოასწავებს.

- ფორმისა და ზომის მიხედვით როგორია დაფარნები?

- დიდი დაფარნები ყოველთვის მართკუთხედის ფორმისაა, ხოლო მცირე დაფარნები შეიძლება იყოს კვადრატის ფორმისაც და ოდნავ დაგრძელებული, მართკუთხედის ფორმისაც. გვხვდება ჯვრული ფორმის პატარა დაფარნებიც. ჯვრული ფორმა, როგორც ჩანს, უფრო მოხერხებულად გამოყენების მიზნით შეიქმნა (მღვდლებს უფრო უადვილდებათ მისი გამოყენება). ჯვრული დაფარნების გამოყენება მე-19 საუკუნიდან დაიწყეს ჩვენში, რაც რუსულ გავლენაზე მიუთითებს.

- ხელოვნების მუზეუმში დაცულ ნაქარგობის უამრავ მნიშვნელოვან და მაღალმხატვრულ ნიმუშებს შორის გამოირჩევა დაფარნათა სრული კომპლექტი სცვეტიცხოვლიდან. ის ქართლის მეფე ვახტანგ მეხუთეს (1658-1676 წ.წ.) ძემ, ლევან ბატონიშვილმა, გარდაცვლილი მეუღლის, თუთა გურიელის, სულის მოსახსენებლად შესწირა ამ ტაძარს. განსაკუთრებით საინტერესოა ამ დაფარნების შესწავლა სიმბოლურ-თეოლოგიური და მხატვრულ-ისტორიული თვალსაზრისით, რაზეც თქვენ მუშაობთ...

- დაფარნებისთვის საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და ყალიბდებოდა იკონოგრაფიული პროგრამები, რომლებშიც ასახული იყო ამ ნივთის ძირითადი აზრი და ფუნქცია. თუთას დაფარნებზე ეს საკითხი ცოტა სხვაგვარადაა გადაწყვეტილი, რითაც ისინი განსხვავდება დანარჩენი დაფარნებისაგან.

შესრულების მაღალი დონითა და სიუჟეტის ორიგინალობით გამოირჩევა ფეშხუმის პერექელი. ნაქარგობა ვერტიკალურად დაგრძელებულ, მართკუთხედის ფორმის ოქროსფერ ატლასზეა განთავსებული. ოსტატი ვერცხლისფერი ზეზით შესრულებულ, ზეციურობაზე მიმანიშნებელ დისკო-მედალიონში ემანუელს, ,,მზე იგი სიმართლისაჲ” და ,,ნათელი სოფლისაჲ”, განკაცებული ღმერთის სიმბოლოს, წარმოგვიდგენს, როგორც კაცობრიობის მხსნელსა და მსხვერპლს. მსხვერპლის განკაცების თემას ხაზს უსვამს მედალიონის ირგვლივ მდიდრულად გაფორმებული მცენარეული ორნამენტი. ,,მაშინ შეიქმნა ცხორებაჲ”, ოდეს ყუავილი გამოჩნდა ქვეყანასა ზედა”.

ყვავილ–ფოთლების მონაცვლეობითი განლაგება ქმნის სტილიზებულ ჯვრებს, რომლებიც იმავდროულად მედალიონიდან გამომავალ სხივებადაც აღიქმება, რითაც მქარგველმა ორიგინალურად წარმოადგინა კომპოზიცია ,,მე ვარ ნათელი”. სხივმფენი ჯვრების გარეთ სიმეტრიულად განაწილებულ მცენარეულ შტოებზე განთავსებულ რვა მედალიონში ანგელოზთა ნახევარფიგურებია გამოსახული. ანგელოზები მიდრეკილი თავებითა და მავედრებელი ხელებით მოწიწებასა და თაყვანისცემასთან ერთად, თითქოს, ეხმიანებიან ,,მსხვერპლის სადიდებელს”.

წრის მეოთხედით შემოფარგლულ კუთხეებში ოთხივე მახარებლის სიმბოლური გამოსახულებებია მოთავსებული.

ცენტრალური სცენის მოსართავად ოსტატმა გამოიყენა საგანგებოდ შერჩეული დეკორაციული მოტივი, რომლის უმთავრესი კომპონენტია მიხაკის ყვავილ-ფოთლები. ქრისტიანულ სიმბოლიკაში მიხაკი მოწამეობის _ სამსჭვალის სიმბოლოდაა მიჩნეული, თუმცა თუთას პერექელზე ოსტატმა, ქარეთულ მხატვრულ ქარგულობაში პირველმა, იგი სიცოცხლის, განახლების სიმბოლოდაც მოიაზრა. ჰარმონიულად გაწონასწორებული, მკაცრად ორგანიზებული, ერთ მთლიან ორგანიზმად შეკრული დეკორატიული მოტივების მეშვეობით ოსტატმა მოახერხა, გადმოეცა იმ სამი ჯვრის ერთობლიობა, რითაც ტრადიციულად ირთვებოდა დაფარნები:

პირველია ,,წამების” ანუ ,,გოლგოთის ჯვარი” (,,ძლევის ჯვარი”) _ მორთული სამფურცლა ყვავილებითა და კიდეებდაკბილული, გრძელი, მწვანე ფოთლებით. სამფურცლა ყვავილი მიგვანიშნებს სამ საღვთისმეტყველო სათნოებაზე (სარწმუნოება, სასოება, სიყვარული). მწვანე ფოთოლი კი მარადისობისა და სამოთხის სიმბოლოა.

მეორეა ,,აღყვავებული ჯვარი” _ სიცოცხლის, განახლების, აყვავების, სამყაროს მარადიულობის სიმბოლო, გაფორმებული შვიდ-შვიდი მწვანე ფოთლით, ნიშანია სული წმიდის შვიდი ნიჭისა.

მესამეა ,,გაბრწყინებული ჯვარი” მახარებლებისაკენ მიმართული შუბისპირა სხივებითა და ოთხ ადგილზე შროშანის ყვავილით. ღეროდ აღმართული შროშანი ღვთიური აზრის გამოხატულებაა და აგრეთვე სიმბოლო აღდგომის ზეიმისა.

მახარებელთა ფიგურები ამ შემთხვევაში განასახიერებენ დედამიწის ოთხ მხარეს და ოთხსავ მხარეს ერთად შეკრებას, გამთლიანებას მათ მიერ ქრისტეს სიტყვის ქადაგებით.

ჯვრული ფორმის ბარძიმის პერექელზე იგივე სიუჟეტია მოცემული. ოსტატმა აქაც ცენტრში გამოსახა ,,მზე იგი სიმართლისაჲ… რომლისა ნათელი ყოველსავე ქუეყანასა მიეფინა”. მქარგველი აქ უკვე გეომეტრიული მოტივებით შედგენილი სამი ჯვრითა და ანგელოზებით გადმოსცემს ,,მსხვერპლის დიდებას”.

მე-17 საუკუნის საქართველოში პერექელთა იკონოგრაფიაში ტრადიციად ჩამოყალიბებული და დამკვიდრებული ჩანს ,,მსხვერპლის” თემა ფეშხუმის საბურველზე  _ ,,ზვარაკს ფეშხუმზე” და ბარძიმისაზე კი ,,ზვარაკს ბარძიმში” გამოსახავდნენ. ზვარაკი _ ემანუელი უშუალოდ მიანიშნებდა საზიარებელ პურსა და ღვინოზე, როგორც მაცხოვრის ხორცსა და სისხლზე. თუთას პერექელებზე კი ძირითადი თემა არატრადიციული იკონოგრაფიული სიუჟეტითაა გადმოცემული. ოსტატმა ამ შემთხვევაში მსხვერპლთან ზიარების სახეცვლილი ვარიანტი შემოგვთავაზა, სადაც ემანუელი _ მსხვერპლი ტრადიციული ,,ხორცისა და სისხლის” ნაცვლად ,,ნათელში ზიარებისკენ” მოგვიხმობს.

,,მსხვერპლის” თემა ცოტა სხვაგვარადაა დიდ დაფარნაზე _ ,,ცაჲზე” გააზრებული. აქაც მკაცრ სიმეტრიაზეა აგებული ხუთი მედალიონისაგან შედგენილი კომპოზიცია: ცენტრალური ადგილი ეთმობა დიდ მედალიონს ,,მსხვერპლის” გამოსახულებით, რომელიც მახარებელთა სიმბოლოებით მორთული, შედარებით მცირე ზომის ოთხი მედალიონის გარემოცვაშია მოქცეული. განსხვავებით პერექელებისაგან ,,მსხვერპლი” აქ წარმოდგენილია ზრდასრული, წითელი ფერის თმა-წვერით. მას მოსავს ვერცხლის თმით მოსითვული არდაგი და გამოსახულია ჯვრიდან უკვე გარდამოხსნილი, კუბოში მყოფი, ნაწამები. აქვს განზე გაზიდული ნალუსმნალი ხელები. მარჯვენა ფერდიდან გადმომდინარე სისხლი და წყალი მინიშნებულია ორი მოკლე, პარალელური ხაზით.

მე–17 საუკინის დასაწყისისთვის, როცა საბოლოოდ გაიმიჯნა დაფარნა-გარდამოხსნების ფუნქციები, დაფარნებისთვის (ცაჲ), როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ არ იყო შემუშავებული და დადგენილი იკონოგრაფიული პროგრამა და მათი მორთვა უმთავრესად ჯვრებით ხდებოდა, რომელსაც შემდგომ ,,მსხვერპლის” სხვადასხვა ვარიანტი, ,,კუბოთდება”, ,,ნუ მტირ, მე დედაო”, ,,მიძინება” დაემატა, როგორც ცანს, ჩვენი დაფარნის ოსტატი ჯერ კიდევ ძიების პროცესშია. იგი მაცხოვარს გამოსახავს ჯვრიდან გარდამოხსნის შემდგომ. აქ არც ,,მიძინებაა” და არც ,,კუბოთდება” უფრო მათი შუალედური მომენტია. საფიქრებელია, აქ წარმოდგენილი ხუთი მედალიონი იმ ხუთი სეფისკვერის სიმბოლური გამოხატულება იყოს, რომელიც წმინდა ზიარების აღსრულებისას იხმარება. მაშინ დიდი მედალიონი იმ სეფისკვერის სიმბოლო იქნება, რომლიდანაც ტარიგის ამოღება ხდება.

ამგვარად, სამივე დაფარნაზე წარმოდგენილი კომპოზიცია ,,ლიტურგიკული მსხვერპლის”, ,,უფლის დიდებისა” და ,,ზიარების” ერთ მთლიანობად მოაზრებულ თეოლოგიურ იდეას მოიცავს, რომლის წარმოსაჩენად ოსტატმა შემოგვთავაზა რამდენიმე გამორჩეული და განსხვავებული იკონოგრაფიულო პროგრამა.

ესაუბრა ლელა ჩხარტიშვილი

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq