საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > ინტერვიუ

თურქი პრინცესები
ლელა ჩხარტიშვილი


გთავაზობთ ინტერვიუს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან, ქალბატონ მანანა ხომერიკთან, რომელსაც ჰქონდა ბედნიერება და პატივი თურქეთის პრინცესებთან უშუალო ურთიერთობისა. მან საგულისხმო ცნობები მოაგროვა მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

- ქალბატონო მანანა, როგორც ცნობილია, 2005 წლის აპრილში, საქართველოში ჩამობრძანების დროს, გიორგი ბაგრატიონ-მუხრან ბატონიშვილმა გაგაცნოთ თურქეთის პრინცესები, რომლებიც მასთან ერთად (ორი კვირით) ჩამობრძანდნენ. გთხოვთ, გვიამბოთ ამ მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტის შესახებ...

- მათ საიმპერატორო უმაღლესობებთან პრინცესა ირინასა და მის ქალიშვილ პრინცესა ნილუფერთან შეხვედრისთანავე, დედა-პრინცესამ განმიცხადა, რომ მისი დიდი ბებია იყო ეკატერინე გურამიშვილი, ილია ჭავჭავაძის ცოლისდა. "თქვენ სტაროსელსკაია ხომ არ ბრძანდებით?" - ვკითხე მე, რაც პრინცესა ირინამ დამიდასტურა. ის ემიგრაციაში დაბადებულა და შემდეგ თურქეთიდან განდევნილ პრინცს გაჰყოლია ცოლად. გენერალი დიმიტრი სტაროსელსკი ამიერკავკასიაში მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო (1877-1884). იქამდე კი (1872-1876) - ქალაქ ბაქოს გუბერნატორი. ამ პერიოდს განეკუთვნება ილია ჭავჭავაძის ერთი წერილი, რომელიც მან თავის ცოლისდას, ეკატერინე გურამიშვილ-სტაროსელსკაიას ხუმრობით მისწერა: "თქვენო აღმატებულებავ, ბაქოს ღუბერნატორის მეუღლევ, დიდთა გურამ კურატ-პალატთა ჩამომავალო, ბრწყინვალე თავადის ილია ჭავჭავაძის ცოლის დავ, დიდის იმპერატრიცის ეკატერინეს სანატრელო თანა-მოსახელევ, ყუბანისა და ფოთის მბრძანებელო და თვითმპყრობელო, უბილეთო შალიკოვის ყოვლად მფარველო და მოწყალევ!

თქვენი უღირსი ძმა ილია ჭავჭავაძე კეთილ-მორწმუნე დუშეთიდამ უმდაბლესს სალამს გიძღვნით და ყოვლად მოწყალე ღვთის მიერ ითხოვს თქვენის აღმატებულების კეთილგანწყობილად სუფევას ქმრით და შვილებითურთ..."

სხვა წერილებში დიდი ილია ეკატერინეს ასე მიმართავს: "საყვარელო დაო კატო".

თბილისში გადმოსვლის შემდეგ, დიმიტრი სტაროსელსკი ღირსეულად ამოუდგა გვერდში ილიას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნებაში. ამ წამოწყებას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა მთავრობის მოხელეების მხრიდან, მაგრამ დიმიტრიმ შეძლო დაეთანხმებინა მეფისნაცვალი. დ. სტაროსელსკი იყო არა მხოლოდ მეფინაცვლის მოადგილე, არამედ მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსი სენატორიც. მას უანგაროდ უყვარდა საქართველო. მან დიდი დახმარება გაუწია ილია წინამძღვრიშვილს 1883 წელს, სოფ. წინამძღვრიანთკარში სამეურნეო სასწავლებლის გახსნაში. იაკობ გოგებაშვილი დ. სტაროსელსკის შესახებ წერდა: "დასაფასებელია მისი მეტად ნათელი მიმართულება, უყვარს საქართველო, როგორც თავისი მეორე სამშობლო, რომელმაც ოჯახური ბედნიერება მიანიჭა". სტაროსელსკი 1884 წელს, თბილისში გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ დაამწუხრა ქართული საზოგადოება, რაც აკაკიმ ამ სიტყვებით გამოხატა: "შესანიშნავი ის არის, რომ ენით სხვას და გვარტომით გარეშეს ისე ვიგლოვთ, როგორც საკუთარ ძმას და თვისსა".

- გვიამბეთ სტაროსელსკების ოჯახის შესახებ...…რამდენი შვილი ჰყავდათ მათ აღმატებულობებს: დიმიტრის და ეკატერინეს და შემდგომ როგორ წარიმართა მათი ცხოვრება?

- ეკატერინესა და დიმიტრის ოთხი ვაჟიშვილი დარჩათ.

ირინა ივანეს ასული სტაროსელსკაია ემიგრაციაში, საფრანგეთში დაიბადა. 1951 წელს ის ცოლად გაჰყვა ოტომანთა იმპერიის სულთანთა შთამომავალს - ოსმანლის, ანუ ოტომანთა დინასტიის დამაარსებელი იყო ოსმან პირველი, რომელიც სულთანი გახდა 1299 ან 1300 წელს. მისი სახელიდან მომდინარეობს ოსმალეთის იმპერიის სახელწოდება. უკანასკნელი სულთანი მეჰმედ VI ვაჰიდედდინი (1918-1922) სასულთნოს გაუქმების გამო, ოსმალეთიდან გაიქცა. თურქეთის დიდმა ეროვნულმა კრებამ ხალიფად აირჩია ოსმანთა დინასტიის პრინცი აბდულმეჯიდი. 1923 წლის 29 ოქტომბერს, თურქეთი რესპუბლიკად გამოცხადდა, პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ქემალ ათათურქი. 1924 წელს სახალიფოც გააუქმეს და ოსმანლის დინასტიის ყველა წევრი ქვეყნიდან განდევნეს. პრინცესა ირინასგან შევიტყვე, რომ თურქეთის სულთანთა საგვარეულოს წარმომადგენლებისთვის მატარებელი გამოუყვიათ. ისინი იმ იმედით სტოვებდნენ სამშობლოს, რომ ეს დროებითი მოვლენა იყო. ეგონათ, ჩქარა ისევ ყველაფერი ძველ კალაპოტში ჩადგებოდა. მიდიოდნენ და თან მიჰყავდათ თუთიყუშები და მრავალრიცხოვანი ძიძები. მათი უძვირფასესი თვალ-მარგალიტი კი თურქეთში რჩებოდა. დევნილობაში საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდნენ. ძიძებსაც ხომ რჩენა უნდოდათ... პრინცესა ირინას მომავალი საქმრო, პრინცი ბურგანედდინ ჯემი 4 წლის იყო, როდესაც სამშობლო დატოვა. მამამისი, პრინცი იბრაჰიმ თევფიკი იყო სულთან აბდულმეჯიდ პირველის (1839-1861) შვილიშვილი და ოთხი სულთანის ძმისშვილი. სულთან აბდულ-მეჯიდის ექვსი ვაჟიდან ოთხი სულთანი გახდა: მურად V, აბდულ მაჰიდ მეორე, მეჰმედ V და ვაჰიდედდინი, რომელმაც ძმის პატივსაცემად მეჰმედ VI დაირქვა (უკანასკნელი ხალიფა აბდულმეჯიდი კი ზემოხსენებული სულთან აბდულმეჯიდ მეორის ძმის, სულთან აბდულ-აზიზის (1861-1876) შვილიშვილი იყო).

პრინც იბრაჰიმ თევფიკს ცოლად ჰყავდა შადიე ჩურუქსულუ, რომლის მამა, გენერალი ბაჰრი ფაშა, პრინცესა ირინას თქმით, წარმოშობით ქართველი ყოფილა. პრინცი იბრაჰიმი 1929 წელს ნიცაში გარდაიცვალა, ხოლო მისი ქვრივი შადიე ამერიკელ სამხედროზე გათხოვდა. თურქეთის პატარა პრინცს ხან ევროპაში უხდებოდა ცხოვრება, ხან ნიუ-იორკში დედასა და მამინაცვალთან ერთად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის შეხვდა ირინა სტაროსელსკაიას, რომელთანაც 1951 წელს იქორწინა. მათ ორი შვილი შეეძინათ: ნილუფერი და სელიმი.

- როგორც ცნობილია, პრინცესა ირინა და პრინცესა ნილუფერი მტკიცე მრწამსითა და საქველმოქმედო მოღვაწეობითაც გამოირჩეოდნენ...

- პრინცესა ნილუფერი პირველად 1980-იან წლებში ესტუმრა თურქეთს. მისმა მოხუცმა ბებიამ, შადიემ, 1984 წელს სტამბულში დაბრუნება მოისურვა, რათა იქ გაეტარებინა სიცოცხლის დარჩენილი წლები.

პრინცესა ნილუფერს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი - პრინცესა ტატიანა, რომელიც 2000 წელს, 16 წლის ასაკში დაიღუპა დიაბეტისაგან (როგორც მისი ახლობლები თვლიან, ექიმების უყურადღებობის გამო). ტატიანა თავისი გულისხმიერებით გამოირჩეოდა. შვეიცარიაში მცხოვრებმა პრინცესა ნილუფერმა გადაწყვიტა შვილის ხსოვნის პატივსაცემად დაეარსებინა ფონდი, რომელიც ობოლ და ავადმყოფ ბავშვებს გაუწევდა დახმარებას. ასე დაარსდა "მისი საიმპერატორო უმაღლესობის პრინცესა ნილუფერ სულთანის ასოციაცია". თურქეთის ბავშვებისათვის გაწეული დახმარებისათვის, თურქეთის მთავრობამ სპეციალური ბრძანებულება გამოსცა, რომლის ძალითაც, გამონაკლისის სახით, ნილუფერის პასპორტში შეტანილი იქნა შემდეგი ჩანაწერი: "ეს პასპორტი ეკუთვნის ოსმანლის დინასტიის პრინცესას, 22 ნოემბერი, 2004 წ." პრინცესა ნილუფერმა ეს ჩანაწერი პირადად მაჩვენა და ისიც დასძინა, რომ ტიტული თავისი ძმის, პრინცი სელიმის პასპორტშიაც კი არ არის აღნიშნული.

პრინცესა ირინას და პრინცესა ნილუფერს ავადმყოფი ბავშვის გადარჩენისთვის რომში ყოფნისას გადაეცათ მედალი "სიცოცხლისათვის ("International Life Award"). ეს ის მედალია, რომლითაც დაჯილდოებული იყო დედა ტერეზა. იტალიის მთავრობამ ასევე დააჯილდოვა იორდანიის დედოფალი რანია. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თურქეთის სულთანთა დინასტია მჭიდროდ არის დაკავშირებული იორდანიის სამეფო სახლთან.

პრინცესა ნილუფერს არ მოსწონს ნათესავებსა და, მით უმეტეს, ბიძაშვილებს შორის ქორწინება, ვინაიდან მართლმადიდებლურ ტრადიციებზეა აღზრდილი. პრინცესა ირინამ არა მხოლოდ თავად არ მიიღო ქმრის სარწმუნოება - ისლამი, არამედ ქალიშვილიც მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მონათლა. ხელთ მაქვს ამონარიდი მონტერეის წმ. სერაფიმეს ეკლესიის 1953 წლის სამეტრიკო წიგნიდან, საიდანაც ირკვევა, რომ პრინცესა ნილუფერის ქრისტიანული სახელი ყოფილა - ეკატერინე (ეკატერინე გურამიშვილის პატივსაცემად). მშობლები: "მისი საიმპერატორო უმაღლესობა პრინც ბურგანედდინ ჯემი, დაბადებული 1921 წლის 2 თებერვალს, სტამბულში (თურქეთში), მუსლიმანი და მისი მეუღლე პრინცესა ირინა ივანეს ასული სტაროსელსკაია, დაბადებული საფრანგეთში, 1928 წლის 30 სექტემბერს, მართლმადიდებელი". ეს დოკუმენტი უდავოდ მეტყველებს თურქეთის პრინცის ტოლერანტობაზე. გამახსენდა ანალოგიური მაგალითი: ჟერალდინ ალბანელმა ასევე შე

ძლო ქრისტიანობის შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე, ალბანეთის მეფე ზუგუ პირველი - მუსლიმანი იყო. აღმოჩნდა, რომ თურქეთის პრინცესებისთვის კარგად იყო ცნობილი ეს ოჯახი.

პრინცესები ირინა და ნილუფერი აწყობენ საქველმოქმედო აქციებს, გალა სადილებს, რომელთა შემოსავალი ობოლ ბავშვებს ხმარდება. ერთ-ერთ ასეთ წვეულებაზე ჟენევაში, მათ ერთმანეთს შეახვედრეს პალესტინის ელჩი ალ ქოქი და ისრაელის ელჩი იაკოვ ლევი. პრინცესების პროექტი ითვალისწინებდა ისრაელიდან და პალესტინიდან ღარიბი ბავშვების შვეიცარიაში ჩაყვანას, სადაც ისინი 3 თვეს ერთად დაისვენებდნენ მთებში, პროექტის მთავარი მიზანი იყო მტრის ხატის ჩამოყალიბებული სტერეოტიპის მოსპობა ამ ბავშვების ცნობიერებაში, მაგრამ საჭირო თანხა ჯერჯერობით ვერ შეგროვდა.

ახლა, მათმა საიმპერატორო უმაღლესობებმა, პრინცესებმა ირინამ და ნილუფერმა გადაწყვიტეს საქართველოში მცხოვრები ობოლი და ავადმყოფი ბავშვების პრობლემები გააცნონ თავიანთ გარემოცვას და შეძლებისდაგვარად დაეხმარონ პატარებს. ორივე პრინცესას გაცნობიერებული აქვს თავისი ქართული ძირები, მათ ეამაყებათ ქართული წარმომავლობა.

- ამ საკითხისადმი მიძღვნილ თქვენს ნაშრომებში აღნიშნავთ, რომ თურქეთის პრინცესები ირინა და ნილუფერი ივნისში კვლავ ჩამოვიდნენ თბილისში და ჟენევიდან საგანგებოდ ჩამოგიტანეს თქვენ გენერალ დიმიტრი სტაროსელსკისა და ეკატერინე გურამიშვილის შვილების, შვილიშვილების და მათი მეუღლეების გენეალოგიური ნუსხა. თუ შეიძლება, გაგვაცანით მათი შთამომავლობა... შემდგომ რა ბედი ეწიათ მათ?


- იმ ნუსხიდან ჩამოვთვლი მხოლოდ შვილებს: თამარი, ნინო, ელისაბედი, რუსუდანი, ქეთევანი, სიმონი, გივი, ნიკოლოზი, ვსევოლოდი. მათ შთამომავლებს კი შერჩევით დავასახელებ. თავად პრინცესა ირინა გივი სტაროსელსკის ვაჟის - ვანოს ქალიშვილია.

ნინო სტაროსელსკაია გათხოვილი იყო იოსებ შალიკაშვილზე. აი, ვის გულისხმობდა ილია ჭავჭავაძე, როდესაც ეკატერინე გურამიშვილს ხუმრობით სწერდა: "უბილეთო შალიკოვის ყოვლად მფარველო და მოწყალევ!" ნინოს და იოსებს ორი ვაჟი ჰყავდათ - დავითი და დიმიტრი (დიმა), რომლის მეუღლე იყო ვარშავაში მცხოვრები გრაფინია მისსი რუდიგერ-ბელიაევა. მათი შვილები არიან ცნობილი ოთარ და ჯონ-მალხაზ შალიკაშვილები.

დავით შალიკაშვილი აფრიკაში იბრძოდა. 1940 წელს საფრანგეთში, კანში, სტუმრად ეწვია გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი-მუხრანბატონიშვილს, რომელსაც ის, პრინცესა ირინას თქმით, ენათესავებოდა. ის გიორგი ბაგრატიონსა და მის მეუღლე ელენეს მოუყვა, რომ ბოშა ქალმა 1940 წელს სიკვდილი უწინასწარმეტყველა. ამაზე ბევრი იცინეს. ამ დროს ძაღლმა რაღაც ჩამოაგდო. მოულოდნელობისგან დავითი შეკრთა და ფერი დაკარგა. გიორგიმ და ელენემ სთხოვეს, საწოლ ოთახში შესულიყო და დაესვენა. დავითიც შევიდა და წამოწვა. იქვე გარდაიცვალა. წინასწარმეტყველება ან მართლაც ახდა, ან მძიმე ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინა დავით შალიკაშვილზე და მისი დაღუპვის მიზეზი გახდა.

დიმიტრი სტაროსელსკის ვაჟებიდან უმცროსი, ვსევოლოდი, გენერალი იყო. ცოლად ჰყავდა ბარონესა ბეიბი ოსტენ დრიესენი. ვსევოლოდი კაზაკების ბრიგადას მეთაურობდა. ნიკოლოზ მეორემ გაგზავნა ირანში აჰმედ-შაჰის დასახმარებლად. შაჰი ყაჯართა დინასტიიდან იყო და ისევე, როგორც ამ დინასტიის სხვა წარმომადგენლები, რუსეთის მეფის კარზე იყო გაზრდილი.

ვსევოლოდმა ყურადღება მიაპყრო ერთ დაბალი ჩინის სამხედროს, რომელსაც ცხენების გასუფთავება ევალებოდა. ამ უკულტურო ადამიანში გენერალმა ბუნებრივი ნიჭი შენიშნა და ოფიცერი გახადა.

გაწეული დახმარებისათვის შაჰმა გენერალ სტაროსელსკის მარგალიტებით გაწყობილი ხმალი აჩუქა. რუსეთში საბჭოთა წყობილების დამყარების გამო, ირანიდან რუსული ჯარი გაიწვიეს, გენერალს კი ემიგრირება მოუხდა. ამერიკაში, ლოს-ანჟელესის მახლობლად, მან შაჰის ნაჩუქარი მარგალიტების ფასად ძვირადღირებული რანჩო იყიდა, ფორთოხლის ბაღით.

გენერლის მიერ გაოფიცრებულმა სამხედრომ კი შაჰი დაამხო, ყაჯართა დინასტიის მეფობას ბოლო მოუღო და თავად გამეფდა. შაჰი ამაყობდა იმით, რომ წერა-კითხვის უცოდინარი იყო, მაგრამ ასეთ არნახულ წარმატებას მიაღწია.

1941 წელს რეზა შაჰი ტახტიდან გადადგა, რის შემდეგაც გამეფდა მისი ვაჟი, მეჰმედ რეზა-შაჰი, პრინცესა ნილუფერისგან შევიტყვე, რომ თავისი სილამაზით განთქმულ დედოფალ სორეამდე, მეჰმედ რეზა-შაჰს შეურთავს ეგვიპტის მეფე ფარუხის და - პრინცესა ფავზია. ამ ცნობამ ნათელი მოჰფინა ერთ საკითხს, რომლის ახსნასაც ადრე ვერ ვპოულობდი: როგორც ჩემს წერილში - "ქარაგმა მხატვარ ხალილ-ბეგ მუსაევის დღიურიდან" ვწერდი, მეჰმედ-რეზა ფეჰლევიმ მხატვარი "აქემენიდების შთამომავლად" სცნო და აზნაურის გერბიც უბოძა. როგორ ავხსნათ ეს საქციელი? ხალილ-ბეგის გააზნაურებაში დაინტერესებული იყო ეგვიპტის პრინცესა მილექი, რომელიც, თავის მხრივ, ცხადია, მეჰმედ-რეზას მეუღლეს ფავზიას ენათესავებოდა. როგორც ამბობენ "ეძიე ქალი".

პრინცესა ფავზია იმდენად ყოფილა ფუფუნებას მიჩვეული, რომ ირანის შაჰის კარზეც კი ვერ გაუძლია და განქორწინება მოუთხოვია. შაჰი მის თხოვნაზე დათანხმდა და ახლა სორეია შეირთო ცოლად, მაგრამ დედოფალი უშვილო აღმოჩნდა, რის გამოც, შაჰი იძულებული გახდა განქორწინებოდა მას. მესამე ცოლი გახდა ფარადიბა. მასთან მეჰმედ რეზა-შაჰს შეეძინა ვაჟი, სახელად რეზა, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს.

ირანში მომხდარი ცნობილი მოვლენების შემდეგ, შაჰი ლტოლვილობაში აღმოჩნდა და განუკურნებელი სენით შეპყრობილმა დაასრულა სიცოცხლე.

- პრინცესა ირინა შეუვალი პოზიციითა და სიმართლის სიყვარულით გამორჩეული პიროვნება ყოფილა, რაზედაც ერთი ფაქტიც მეტყველებს. გთხოვთ, მოგვიყვეთ ამ ფაქტის შესახებ...

- პრინცესები ირინა და ნილუფერი შაჰის ვაჟს იორდანიაში შეხვდნენ. 2004 წლის 28 მაისს, ქ. ამანში იორდანიის მეფე ჰუსეინის ვაჟის, ამჟამინდელი მეფე აბდალას ძმის - პრინც ჰამზას ქორწილში მთელი მსოფლიოდან ჩასულმა საპატიო სტუმრებმა მოიყარეს თავი (მათ შორის იყო ესპანეთის დედოფალი სოფიაც). პრინცი ჰამზა ოსმალეთის სულთანთა დინასტიის წარმომადგენელ პრინცესა ნურიზე დაქორწინდა. ცხადია, თურქეთის პრინცესებს, ირინასა და ნილუფერს, ქორწილში საპატიო ადგილი ეკავათ. სწორედ აქ შეხვდა მათ რეზა ფეჰლევი. პრინცესა ირინამ მას საჯაროდ განუცხადა: "გენერალ სტაროსელსკის პაპაშენი საჯინიბოდან რომ არ გამოეყვანა და ოფიცრად არ ექცია, ის შაჰი ვერასოდეს გახდებოდა". პრინცესა ნილუფერმა დასძინა, რეზას სახე შეეცვალაო. "პირდაპირ ასე უთხარით?" - ვკითხე პრინცესა ირინას. "მე მართალი ვთქვი" - ბრძანა მისმა საიმპერატორო უმაღლესობამ.

- 2005 წლის ოქტომბერში საქართველოში მოეწყო დავით გურამიშვილის დაბადების 300 წლისთავისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო აქცია, დევიზით: "დავითის სამშობლოს - ჯანსაღი თაობა", რამაც პრინცესების მხრიდან გამოხმაურება ჰპოვა….

- პრინცესებმა ძალიან გაიხარეს, როდესაც შეიტყვეს ამ აქციის შესახებ. მათმა საიმპერატორო უმაღლესობებმა შვეიცარიიდან გამომიგზავნეს წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო: "რა ამაღელვებელია, რომ 300 წლის შემდეგ ხალხს ისევ ახსოვს და პატივს მიაგებს დავით გურამიშვილს. ნეტავი შეგვძლებოდა თქვენთან და იმ შესანიშნავ ექიმებთან ერთად ყოფნა, რათა როგორც გურამიშვილების შთამომავლებსა და უცხოეთში მათ წარმომადგენლებს, მადლობა გვეთქვა... და თქვენ, ძვირფას მეგობარს მანანა ხომერიკს გთხოვთ, ჩვენი სახელით ილაპარაკოთ ხოლმე ჩვენი არყოფნის დროს.

კიდევ და კიდევ დიდი მადლობა აქციის მონაწილეებს შესანიშნავი საქველმოქმედო ღონისძიებებისთვის. თუ ფიზიკურად არა, სულიერად მაინც მათთან ერთად ვართ".

2006 წლის მოსალოც ბარათს პრინცესებმა ორი ფოტოსურათი დაურთეს: 1. მისი საიმპერატორო უმაღლესობა პრინცესა ნილუფერი თავის ნათესავთან, მის სამეფო უდიდებულესობა იორდანიის მეფე აბდალა მეორესთან ერთად.

2. იგივე პრინცესა მის სამეფო უდიდებულესობასთან, იორდანიის დედოფალ რანიასთან და თავის ნათესავ პრინცესა ფიროუზენ ბინ ნაიეფთან ერთად.

პრინცესა ნილუფერი სიტყვით გამოვიდა ამერიკის კონგრესში. მას და ჰილარი კლინტონს ჰყავთ ერთი საერთო მეგობარი, ქალბატონი დაფნა ზამანი, რომელმაც პრინცესას უთხრა; "ჰილარი კლინტონს სჭირდება სწორედ თქვენნაირი ადამიანები, ვინაიდან თქვენ ხართ დაბადებული ამერიკაში და წარმოშობით ბრძანდებით - თურქი."

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq