საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > ინტერვიუ

მამა ზურაბ მჭედლიშვილი: "მეფობა თავის თავში მოიცავს მზრუნველობას, პასუხისმგებლობას, თავდადებას "
ლელა ჩხარტიშვილი
ინტერვიუ მამა ზურაბ მჭედლიშვილთან

"ხალხთა მართვის საქმე ყველაზე რთული საქმეა!", - ამბობს წმინდა იოანე კრონშტადტელი. მართვის სისტემა სათავეში ყოველთვის გულისხმობს პიროვნებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გასცეს განკარგულება, ზედამხედველობა გაუწიოს მის აღსრულებას, იკისროს პასუხისმგებლობა და აგოს პასუხი. ასეთი საქმეები კი ღვთით ბოძებული ძალისა და ნიჭის გარეშე არ ხდება. მეფობის საფუძველი ღვთივკურთხეულობაა. "სამეფო ხელისუფლება ღვთივდადგენილია", _ ამბობს წმინდა ისიდორე პელუსიოტი.

მეფის ღვთივკურთხეულობა ჩვენს წინაპრებს ღრმად ჰქონდათ შეგნებული. სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნილი ქვეყნის გადასარჩენად ქართველი მეფეები თავს სწირავდნენ. ისინი ჭეშმარიტად კეთილი მწყემსები იყვნენ და სამწყსოს წყლულებს უშუშებდნენ, სიბრძნითა და გონიერებეით მართავდნენ თავიანთ ქვეყანას.

წმინდა ილია მართალი არაერთხელ აღნიშნავდა იმას, რომ ერის დაცემა და გაპარტახება იწყება მაშინ, როცა ერი თავის ღირსეულ წინაპრებს და მამულიშვილებს პატივს არ მიაგებს. სათქმელი ამ კეთილშობილ ადამიანს ერთადერთი ჰქონდა. საქართველოს დაცემა მისთვის ერთდროულად ნიშნავდა ქართველთა ქრისტიანული შეგნების წახდენასაც, ჩვენი ქვეყნის დაგლახაკებასაც და თავის ნებაზე მიშვებული ქართული ენის გარყვნასაც - ანუ რწმენის, მამულისა და ენის ერთიანად მორყევას. ეს სათქმელი ჩვენს დროში მით უფრო აქტუალურია. ამ საკითხზე ინტერვიუ ვთხოვეთ ზემო ბეთლემის ეკლესიის მღვდელმსახურს, მამა ზურაბ მჭედლიშვილს.


- მამაო, უპირველეს ყოვლისა, დავიწყოთ იქიდან, რომ მეფობა ანუ მეუფება, ღვთის ხატების ერთ-ერთი არსებითი თვისებაა ადამიანში. ადამიანი შეიქმნა მეფედ, მთავრად და განმგებლად ყოველივე იმისა, რაც მას ებოძა... რა იგულისხმება ამაში?

- მეფობა ამავდროულად თავის თავში მოიცავს მზრუნველობას, პასუხისმგებლობას, თავდადებას მათდამი, ვინც მას აბარია, ანუ ის უცილობლად უნდა იყოს კეთილად გამგე, თუმცა კი ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანში ეს ხატებაც შეილახა. მირონცხებულობა მოწოდებაა სამართლიანი მართვა-გამგებლობის, გონიერების, ერის პატრონობის, თავდადებისა და მსხვერპლის გაღებისაკენ. მეფედცხებულობა სათავეს იღებს ებრაელი ხალხისათვის მეფის გამორჩევიდან, როდესაც სამუელ წინასწარმეტყველის მიერ მეფედ იკურთხა საული: "ახლა შეისმინე მათი სიტყვა, ოღონდ გააფრთხილე და აუხსენი უფლებები მეფისა, რომელმაც მათზე უნდა იმეფოს" (პირველი მეფეთა, VIII, 6); "უთხრა უფალმა სამუელს: შეიწყნარე მათი სიტყვა და დაუდგინე მათ მეუფე" (VIII, 22); "აიღო სამუელმა ზეთით სავსე ქილა, თავზე დაასხა, აკოცა და უთხრა: "აჰა, გხცო უფალმა თავისი სამკვიდროს მთავრად" (X, I).

- ქრისტიანობამ გადაარჩინა საქართველო. მეფობის, კეთილმწყემსობის იდეალიც ქრისტიანობითაა ნასაზრდოები, რაც, უპირველესად, ერისა და ქვეყნის ღირსეულ სამსახურს გულისხმობს. ქართველ მეფეთა ცხოვრება თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რამდენად შორსაა კეთილი მწყემსისათვის საკუთარი კეთილდღეობის მოწყობის სურვილი. რამდენად ღრმად ჰქონდათ მათ შეგნებული სახარებისეული სიბრძნე: "მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის".

- ქართველი მეფენი სწორედ ასე ცხოვრობდნენ. ჩვენს ისტორიაში ხშირად იყო უფლისწულთა მძევლად მიცემა საკუთარი ქვეყნის სანაცვლოდ. ქართველი მეფეები უმძიმეს ადამიანურ დაბრკოლებებს ლახავდნენ, რათა ერის საკეთილდღეოდ გადაედგათ ნაბიჯი; აღარაფერს ვამბობთ საკუთარი სიცოცხლის გაწირვაზე. ასეთ დიდ სულიერ საფეხურზე ასვლას დიდი სიყვარული სჭირდება ღმრთისა და საკუთარი ქვეყნისა. მას უდიდესი სულიერი მუხტი მოაქვს როგორც ქვეყნისთვის, ასევე ზოგადად, მთელი კაცობრიობისა და მისი ისტორიისთვის, რადგანაც ხშირ შემთხვევაში, ვისგანაც ეწამებოდნენ ჩვენი ხელმწიფენი, იმ ადამიანებსაც აფიქრებდათ მათი თავგანწირვა, უჩნდებოდათ კრძალვა არა მარტო მათდამი, არამედ მათი სარწმუნოებისა და ხალხის მიმართაც.

მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი ჩვენი ისტორიიდან და ლიტერატურიდან, რომელიც მართლაც რომ ერთი მთლიანობაა. ქართულ მწერლობაში აღწერილი მეფეთა სახეები თავიდან ბოლომდე წმ. წერილის მცნებებითაა ნასაზრდოები, ისევე, როგორც თავად ქართველ მეფეთა ცხოვრება.

შოთა რუსთაველი მეფობის ისეთ სახეს ირჩევს, როგორიც "მწყემსი კეთილია"

"იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი, 

მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,

თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი".

თავის ერთადერთ ასულს, თინათინს, მეფედ კურთხევისას როსტევანი "მწყემსი კეთილისთვის" შესაფერ დარიგებას აძლევს: "ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყარი და ცნობილი". "დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების..." "უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების"...

როსტევანის ყველა მეფურ ღირსებას იმეორებს სულხან-საბას მეფე ფინეზი "რომელსა სიკეთისა და სიქველისაგან ეგოდენი მოწყალებანი შეეკრიბნა გულსა თვისსა, თავად არ აღირაცხებოდა. სიფიცხლე და უწყალოება ჯავრისანი გულისაგან ღვთის შიშისა გექარვებინა"... მეფის "სიტკბო და ალერსი ესრეთ შეეტკბოთ, ჩვილთა წულთაებრ, სძისა და ძუძუთა უსაყვარლესად მიეზიდნათ". ამავე დროს, "მისი შიში და ზარი ესრეთ განფენილ იყო პირსა ყოვლისა ქვეყანისასა, მეხის ტეხისა უსაზღვროდ მიაჩნდათ". უფლისწულის აღზრდისას სულხან-საბა განსაკუთრებულად აღნიშნავს ერთ გარემოებას: `მრავალნი მწყემსნი უმჯობეს არიან უგვანთა მეფეთაო". რაკიღა "მწყემსი კეთილი" ღვთის ნების განმახორციელებელია ამქვეყნად, მაშინ იგი ჭეშმარიტი მწყემსის - მაცხოვრის დარად უნდა იქცეოდეს.

აქვე შეუძლებელია არ გავიხსენოთ ღირსი მამის - გრიგოლ ხანძთელის დალოცვა ბაგრატოვანთა სამეფო შტოსი: "გაკურთხენინ ყოველნი პირმან ქრისტესმან და ყოველთა წმიდათამან, რამეთუ ჭეშმარიტად სამართალ არს სიტყვაი ესე: "სადა არს პატივი მთავრობისა, მუნ არს მსგავსებაი ღმრთეებისაი". ამის ხორცშესასხმელად "მწყემსმა კეთილმა" ყოველი ტკივილი, შეურაცხყოფა, უსამართლო ბრალდება მაცხოვარივით უნდა დაითმინოს, რათა გაიგოს, რა განსაცდელითა და გაჭირვებითაა აღსავსე ჩვეულებრივ მოკვდავთა ყოფა...

ქართულ ლიტერატურაში წარმოდგენილ მეფეთა სახეები მარტოოდენ კარის მგოსანთა მიერ შეთხზული ხოტბა არ არის. ჩვენი მეფეთა უმეტესობა რეალურად იყვნენ ძალზე სულიერები, რჩეულები, რომელთა წმინდა ცხოვრებამ, ძლევამოსილმა მეფობამ, ქრისტიანულ მორალზე დაფუძნებულმა პოლიტიკამ და გამჭრიახობამ დიდად შეუწყო ხელი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ აღმავლობას. მათ გააჩნდათ უდიდესი კრძალვა ღვთისა და ღვთისმსახურებისადმი. როდესაც ქართულ სიგელ-გუჯრებს ეცნობი, შეუძლებელია, შენი ყურადღება არ მიიქციოს მეფეთა დამოკიდებულებამ ეკლესიის ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომ პირთა მიმართ, რომელიც უპირველესად სიყვარულზე, რწმენასა და მოშურნეობაზეა დამყარებული. მათ მიერ დატოვებულ ანდერძებსა და სინანულის საგალობლებში ნათლად ჩანს უდიდესი პატივისცემა და მოკრძალება საეკლესიო ცხოვრებისადმი. წმ. მეფეთ-მეფე დავით აღმაშენებელი თავის ანდერძში შიო-მღვიმის მონასტრისადმი ბრძანებს: "ვიხილე... სულითა ღმრთისაითა განათლებულნი მამანი; განვიშვი სულითა საწადელითა მისთვის კრებულისა და მხიარულებით აღვივსე სამოთხის მსგავსისა მის ლავრისათვის. მყის მოუწოდე არსენის ბერსა და განუცხადე სათნოი ჩემი და ვარწმუნე აღშენებად ეკლესიაი, საშუალ მონასტრისა, სახელსა ზედა ყოვლად წმინდისა ღმრთისმშობელისასა, და მომადლებითა მისითა სრულად ვიხილე. მიბრძანა სასომან ჩემმან ბერმან არსენიც და თვით სულიერმან ბერმან, მოძღვარმან ჩემმან იოანემ, რაითამცა წესსა ზედა სვიმონ წმიდისასა დავსხენ მონასტრისა მღვიმისა წესნი, რომელნი თვით მათ მიერ აღწერილი ვიხილე ყოვლად შვენიერად, უცთომელი გზა და წესიერი ცხოვრებაი და ანგელოზებრი მოქალაქეობაი, რათა ღმრთისათვის ოდენ განკუთვნილი მას მხოლოსა, თვინიერ საწუთოთაისა, ზრუნვასა ჰზრახვიდნენ და წინაშე ღმრთისა მეოხებად კადნიერ იყვნენ". წმ. მეფეს იმხელა რწმენა და მორჩილება აქვს ღვთისა და სულიერი მოძღვრისა, რომ როგორც რიგითი ქართველი, როგორც დედა-ეკლესიის ერთ-ერთი წევრი, საეკლესიო კანონის ფარგლებში საკუთარი სულიერი მოძღვრის კურთხევით წერს ანდერძს. აი, ასეთი სიყვარული ჰქონდათ ქართველ მეფეებს ღვთისა და იმ ადამიანებისადმი, ვინც ყოველდღიურად იმეორებდა მაცხოვრის მიერ განვლილ გზას, ეკლესია-მონასტრების ქტიტორობით კი ისინი საყოველთაო მზრუნველობას იჩენდნენ მთელი ერის მიმართ, ხედავდნენ რა ქრისტიანობას, როგორც ყველა სიკეთესთან ერთად, საოცრად მწიგნობრული რელიგიის გადამწყვეტ როლს ქვეყნის ცხოვრებაში. ქართველ მეფეთა შორის ყველაზე უშიშარმა, ძლევამოსილმა, მეფემ აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა თავის ერს გულწრფელი აღსარების სანიმუშო მაგალითი დაუტოვა: "ჟამი რაი წვლილთა და ხმელთა აღმოფშვინვათაი წარმოდგეს, ზარი მეფობისაი წარხდეს და დიდებაი დაშრტეს, შვებანი უქმ იქმნენ, ყვავილოვნებაი დაჭნეს, სხვამან მიიღოს სკიპტრაი, სხვასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო" ("გალობანი სინანულისანი").

გავიხსენოთ წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო წუთები. მეფისა, რომლის სახელს უკავშირდება საქართველოს ავტოკეფალიის საფუძვლის ჩაყრა, იერუსალიმში ქართველთა ჯვრის მონასტრის მშენებლობა, უამრავი ეკლესია-მონასტრის დაარსება თუ განახლება. საწუთროს დატოვებამდე მან თავისთან იხმო კათალიკოსი, მეუღლე, შვილები, ყველა წარჩინებული და თავის ერს ანდერძად დაუტოვა: "მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა დგეთ და ეძიებდით ქრისტესათვის სიკვდილსა, სახელსა მისსა ზედა, რათა წარუალი დიდება მოიგოთ".

მოწამეობრივად აღსრულებული თუ მძიმე შრომით, ღვაწლით, გამუდმებული მარხვითა და მკაცრი ცხოვრების წესით დამაშვრალი ჩვენი მეფეები სიკვდილის წინ უფალს ავედრებდნენ პირველ რიგში სამეფოს, შემდეგ ერს, საკუთარ ოჯახს და სულ ბოლოს თავიანთ სულს, ხოლო როცა მათ ხალხი საკუთარი სიცოცხლის დაზოგვას ურჩევდა, ისინი რჩეულთათვის შესაფერის ნაბიჯს დგამდნენ მუდამ: `რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკუეთუ ჩემთვის მრავალ სული მოკვდეს და მე ტვირთ-მძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა მისგან. იყოს ნება ღმრთისა: უკუეთუ მომკლან, ვგონებ, რომ ქუეყანა უვნებლად დარჩეს". ეს სიტყვები წმინდა მეფე დემეტრე მეორე თავდადებულს ეკუთვნის.

- ჩვენდა სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს ხშირია ჩვენი მხრიდან ჩვენივე ღირსების მასხრად აგდება. მხედველობაში გვაქვს სხადასხვა გასართობ გადაცემაში ქართველ მეფეთა გაშარჟება, გამოგონილი ამბების მიწერა მათთვის, რათა სანახაობრივად უფრო "მიმზიდველი" გახდეს სიუჟეტი. განა შეიძლება ყველაფრის აბუჩად აგდება? რატომ ირჩევენ მაიმცდამაინც ქართველ მეფეებს? საფიქრებელია, რომ ამგვარი რამ მიზანმიმართულად ხდება...

- გადაცემის ავტორები ამით დიდად ცოდავენ; ისინი ზიანს აყენებენ როგორც საკუთარ თავს, ასევე მთელ საზოგადოებას. შეუძლებელია, ერთსა და იმავე ადამიანზე ლოცვას აღვავლენდეთ, მის მიერ განვლილ წმინდა ცხოვრებაზე და ღირსებებზე სკოლაში ვასწავლიდეთ და ამავდროულად ე.წ. ,,შოუებით'' მათ დავსცინოდეთ, უხამს მოქმედებებსა და აზრს ვაწერდეთ. ამგვარი რამ მიზანმიმართულად ხდება, რათა მომავალ თაობას მათთან მიმართებაში ჩამოუყალიბდეს ინდიფერენტული დამოკიდებულება, შეილახოს ჩვენ დიდ მეფეთა განსაკუთრებულობა, რათა გაქარწყლდეს ის ღირსებანი, თავდადებანი, ღირებულებანი, რისთვისაც ისინი იღვწოდნენ. ნებისმიერი ერი ინატრებდა მათი ქვეყნის ისტორიასა და წმინდანთა დასში ასეთი მარგალიტების ყოლას, ჩვენ კი ჩვენივე ხელით ვანადგურებთ ყველაფერს. სულ ახლო წარსულში მძლავრი იდეოლოგიური მექანიზმი აშკარად დაუფარავად ებრძოდა ჩვენს კულტურას, ისტორიას, წინაპართა ნაამაგარს... თითქოს დამთავრდა ეს ტანჯვა, მაგრამ ახლა სხვაგვარად, შენიღბულად მოქმედებს სხვადასხვა იდეოლოგიას ამოფარებული უკეთურება. დღეს თუ ჩვენსავე ღირსებას დავცინით, ამ სიცილში უმეცრება გამოსჭვივის. გასულ საუკუნეში სწორედ ასე დაიწყო მოქმედება ცნობილმა იდეოლოგიამ და ცოტა ხანში საკუთარი ისტორიის, კულტურის, ახლობლების, ოჯახის, მშობლების ჯალათები აღზარდა; ამის შედეგს დღემდე იმკის ჩვენი ქვეყანა. საერო და სასულიერო არისტოკრატიის მოსპობა, ინტელიგენციის განადგურება, ერის გენოციდი – ყველაფერი სწორედ ეროვნულ ღირებულებებს დაპირისპირებული ადამიანების ხელით მოხდა. საზოგადოება სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ამაზე. აქვე გვინდა შეგახსენოთ ისტორიული მომენტი ებრაელი ერის ცხოვრებიდან, როდესაც მეფე საული დევნიდა მეფსალმუნე დავითს; მომავალ მეფეს რამდენჯერმე ჰქონდა იმის საშუალება, რომ საული მოეკლა, მაგრამ ხელი არ აღმართა მასზე: ,,ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს – უფლის ცხებულს! ხელს როგორ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის ცხებულია იგი!'' (პირველი მეფეთა, 24,7). აი, ასეთი დამოკიდებულებაა ღმრთისგან ცხებულ მეფეთა მიმართ და მით უფრო, როცა ასეთი მეფენი წმინდანებად არიან შერაცხულნი, მათდამი უმეტესი მოწიწება და კრძალვა გვმართებს!


- არცთუ დიდი ხნის წინ ჩვენმა პატრიარქმა ქართველ ერს მოუწოდა ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის მოწყობაზე დაფიქრდეს... "ბაგრატიონებს ჯერ თავისი სიტყვა არ უთქვამთ. ეს მათ მომავალში უნდა გააკეთონ", - ბრძანა მან...

 - დავით წინასწარმეტყველის შთამომავლად წოდებული და ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის მიერ უკუნისამდე ჟამთა დალოცვილ-კურთხეული ბაგრატოვანთა სამეფო დინასტია ქართველი ერის მიერ არ იყო უარყოფილი. ჩვენი ქვეყნის სამეფო ტახტი დამპყრობელმა გააუქმა. დროთა უკუღმართობის გამო ქართველ ერს აღარ მიეცა ამ საკითხზე სერიოზულად დაფიქრების საშუალება. ახლა ჩვენთვის წმიდათაწმიდა და აუცილებელია ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა – პირველ რიგში იმიტომ, რომ მეფობა ღვთივკურთხეულია. მისი აღდგენა მრავალი სასიკეთო საქმისა და ეროვნული ფასეულობების დაბრუნებას უზრუნველყოფს. თუნდაც ტიტული ქართველ მეფეთა – მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გვირგვინი იქნება.

მართვის ასეთი სისტემა ბევრ ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს და არანაირად არ უშლის ხელს დემოკრატიული პროცესების განვითარებას. ეს ინსტიტუტი მძლავრი ბურჯია მათი სახელმწიფოებრიობისა; მას უდიდესი როლი აკისრია როგორც ავტორიტეტს ქვეყნის სტაბილიზაციის, პოლიტიკური კულტურის განვითარებაში, ერის ღირებულებების ჩამოყალიბებაში, სახელმწიფოებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროში. ცნობილია, რომ მონარქები ყოველთვის უდიდეს თანადგომას უწევდნენ საკუთარ ხალხს. მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისის სამეფო კარი ზუსტად ისევე ცხოვრობდა, იკვებებოდა და ისევე ათბობდა თავის სასახლეს, როგორც ეს რიგით ინგლისელ მოქალაქეს შეეძლო. ამან უდიდესი სტიმული მისცა ერს – ებრძოლა გამარჯვებამდე.

მრავალია ამის მაგალითი უახლოეს ისტორიაში. მოვიყვან ციტატას უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლედან: "ღვთისა და მამულისათვის დამაშვრალნო, მეფენო და დედოფალნო ჩვენნო, შემწეობა თქვენი დღეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს, მტერი ლამობს შერყვნას რწმენა, დაფლითოს და დაანაწევროს ჩვენი მამული, ჩვენი ენა. თქვენი ლოცვით დაიცავით და დაიფარეთ სულიერი და ეროვნული საგანძური ჩვენი და აღადგინეთ საზღვარი საქართველოსანი. ერთ ძალად შეგვკრიბეთ და შესთხოვეთ უფალს ერთსულოვნება ჩვენი, რათა ვიყოთ ერთი სამწყსო და უფალი იყოს მწყემსი ჩვენი".

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq