საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

სვეტიცხოვლის საფლავები
ლელა ჩხარტიშვილი

სვეტიცხოვლის  დიდებულ ტაძარში განისვენებენ ადამიანები, რომელთაც "სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველის" რწმენით დაამარცხეს და სრულიად განდევნეს საკუთარი არსებიდან სიკვდილის ბუნებრივი შიში. სვეტიცხოვლის ტაძარში განსვენებულ ქართველ წმინდანთა, გმირთა და საზოგადო მოღვაწეთა მეოხება არ მოჰკლებოდეს ქართველ ერსა და სრულიად საქართველოს!

"მშვენიერი გამოგონებაა სასაფლაო. იგი აუცილებელიცაა, რათა მოკვდავმა მასში ხანდახან თავისი ცხოვრება ამოიკითხოს”, - წერს ნიკოლოზ ბარათაშვილი.  მაგრამ არის საფლავები, რომლებიც მარტო მიცვალებულებს როდი უნდათ, არამედ გვჭირდება იგი ცოცხლებსაც, ვაჟასი არ იყოს, სალოცავად, სულის საოხად, სამთხვევად: "გმირთა საფლავებს, როგორც ხატს, სამთხვევად დავეღირები”... "ნეტარია ის, ვისაც ეღირსა სამშობლოში სიკვდილი" და დამარხვა თავის "წინაპართ საფლავებს” შორის.

განსაკუთრებული პატივია საფლავის გაჭრა სვეტიცხოვლის ტაძარში, სვეტიცხოველი ხომ უმთავრესი ტაძარია ქართული მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და სიმბოლოა სულიერი ნათლისა, ღვთებრივი სვეტიცხოვლისა. იქაურ საფლავებს შორის რომ ჩაივლი და მათ დახედავ, უნებურად მოგერევა ჩვენს სახელოვან წარსულთან გასაუბრების სურვილი. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ იმ ადამიანთა ღვაწლი, რომელთაც წილად ხვდათ ამ უდიდესი სიწმინდის ახლოს განსვენება.

წმინდა ევსტათი მცხეთელი - "წარმოშობით სპარსი იყო, მოგვის შვილი. თვითონაც მამის ხელობას სწავლობდა - მოგვობა სურდა, მაგრამ საბედნიეროდ, ჩქარა ეჭვი აღეძრა ცეცხლთაყვანისმცემლობის საბუთიანობაზე. ბუნებით დაკვირვებული ევსტსათი ფიქრობდა, რომ კაცი უნდა ეთაყვანებოდეს და ემსახურებოდეს ისეთ არსებას, რომლის თვისებასაც შეადგენენ პიროვნება, სიბრძნე, თავისუფლება, ყოვლად ძლიერება და ყოვლის მპყრობელობა, ცეცხლი კი, როგორც უსულო ნივთი, თვითონ დამოკიდებული კაცის ნებაზე, მოკლებულია პიროვნებასაც, შეგნებასაც და ყოველ შესაძლებლობასაც, მაშასადამე, არავითარი გონიერი საბუთი არა გვაქვს, რომ იგი (ცეცხლი) ღმერთად დავსახოთო. ევსტათი დაეთხოვა ცეცხლმსახურებას და ფიქრობდა ჭეშმარიტების აღმოჩენას წარმართობის სხვა ფორმებში. იგი შეუდგა ფორმების შესწავლა-გამოძიებას, მაგრამ სულ ამაოდ და ფუჭად დაშვრა: ვერსად წარმართობაში ვერა აღმოაჩინა-რა კაცის გულის დამატკბობელი და გონების დამაკმაყოფილებელი, პირიქით, მისმა მკვეთრმა გონებამ მთლად გააშიშვლა, გამოამზევა და ფარდა ახადა წარმართობის უაზრობას, უნიადაგობას და სიყალბეს. ვინ იცის, რა გზას დაადგებოდა ევსტათი, რომ მოსეს სჯულისა და ქრისტიანობისთვის არ მიეგნო ბოლოს. ევსტათი გაეცნო ძველსა და ახალ აღთქმას.  მიხვდა, რომ მოსეს სჯულისა და ქრისტეს მოძღვრების ღმერთი ერთადერთი არსებაა, რომელსაც ნამდვილად შეეძლო ქვეყნის გაჩენა და განაგებს სამყაროს, რომლისგანაც ანთებულია კაცში სიცოცხლე და გრძნობა-გონებაო.  მაგრამ ერთი რამ მაინც კიდევ ვერ შეეგნო და ვერ წარმოედგინა: ორივე მოძღვრება ეცნო სრულ და შეუცდომელ ჭეშმარიტებად თუ მარტო ერთი; მოსე დაეყენებინა ქრისტეზე მაღლა თუ ქრისტესთვის მიეცა უპირატესობა; ქრისტეს მინდობოდა თუ მოსეს; და შესაძლოა, რომ მხარი-მხარ, პარალელურად არსებობდეს ორი თანაბრად სრული და ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი მოძღვრება?

ამ სიძნელის დასაძლევად ღმერთმა მოუვლინა მცხეთის საკათალიკოსო ტაძრის იმდროინდელი არქიდიაკონი და ჩქარა უხვი სიბრძნე-მეცნიერების გამო კათალიკოსობის ხარისხზე ამაღლებული სამოელი. სამოელმა დალაგებით და დაწვრილებით აცოდინა ევსტათის, რომ მოსეს სჯული იყო მხოლოდ "მზარდულ ქრისტეს მიმართ" (გალატ. 3,24) ე.ი. ძველ აღთქმას მიზნად ჰქონდა მხოლოდ კაცობრიობის აღზრდა, მომზადება ქრისტეს მოძღვრებისათვის: "სჯულს მხოლოდ აჩრდილი აქვნდა მერმეთა მათ კეთილთა". (ებრ. 10,1) და ახლა, ქრისტეს განხორციელების შემდეგ, ეს აჩრდილი გაუქმდა, გათავდა კაცობრიობის მზადება და აღზრდა, მოსეს სჯულს დაეკარგა მნიშვნელობა, მისი ალაგი სავსებით დაიკავა ქრისტეს მოძღვრებამ და მარტოოდენ ქრისტიანობაა სრული და შეუცდომელი სარწმუნოებრივი მოძღვრება, მხოლოდ ქრისტიანობა ანიჭებს კაცს სრულ ბედნიერებას.

არაფერი უთქვამს ევსტათის ამის საწინააღმდეგო, მაგრამ წინდახედულობა და სიფრთხილე გამოიჩინა. ფიქრობდა: მაღალი, საღმრთო და კეთილი სარწმუნოებრივი მოძღვრება უსათუოდ თავის აღმსარებელსაც აღამაღლებს და აფაქიზებს სულითა და ზნეობით. ამიტომ, თუ ქრისტიანობა ჭეშმარიტი მოძღვრებაა, ქრისტიანის ცხოვრებაც უნდა საღმრთო და სათნოებიანი იყოს. გამოსაკვლევად იმისა, თუ რამდენად მართალი იყო სამოელის განმარტება, ევსტათი დაუკვირდა ქართველების ცხოვრებას, მათ მეზობლობას და ერთმანეთში განწყობილებას. საკუთარი თვალით ნანახმა და საკუთარი ყურით გაგონილმა დაარწმუნა ქრისტიანი ქართველების მოსაწონ ცხოვრებაში და თავისი სულიერი არსებით შეუერთდა ქრისტეს, მიიღო ნათლისღება სამოელისაგან და ისე დაეწაფა სახარების უკვდავ წყაროს, როგორც მწყურვალი ირემი მთის ანკარა ნაკადულს.

საქართველოში კალიასავით მოდებულ სპარსელებს ძალიან ეწყინათ ევსტათის გაქრისტიანება. ყველანაირად შეეცადნენ, ცეცხლთაყვანისმცემლობაზე დაებრუნებინათ, მაგრამ რომ ვერაფერი გააწყეს-რა და მასთან ყველაფერში სიტყვა-წაგებულნი დარჩნენ, დააბეზღეს თავიანთ უგულო, ფანატიკოსობით დაბრმავებულ უფროსებთან. უკანასკნელები ბევრს ეცადნენ, როგორც მოფერება-დაყვავებით, ისე დაშინება-მუქარით, უარი ეთქმევინებინათ ევსტათისათვის ქრისტიანობაზე, მაგრამ ვერაფერს გახდნენ; ევსტათი კლდესავით მტკიცედ იდგა ქრისტიანობაზე. მტარვალებს დაეკარგათ იმედი ევსტათის მოქცევისა, ცხადად დაინახეს და იგრძნეს თავიანთი ზნეობრივი სისუსტე და არარაობა, ამიტომ შური იძიეს წმინდანზე და თავი მოჰკვეთეს 589 წლის 29 ივლისს" (კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდე ოქროპირიძის ქადაგებიდან).

ქრისტიანებმა ევსტათის წმინდა ნეშტი პატივით და დიდებით დაკრძალეს სვეტიცხოველში, წმინდა ტრაპეზის ქვეშ. ე.ი. მისი მეორე სამშობლო შეიქნა მცხეთა და ამის გამო ეწოდება მას სახელად მცხეთელი.

შევთხოვოთ წმინდა ევსტათის: "სულითა შენითა ღმრთისა საყდარსა მიწევნულო და ხორცითა ღვაწლით შემოსილითა მცხეთას დაკრძალულო, ბროლისა მის საშინელისა განმარჯვებითა განმასრულებელო, გვიოხე წინაშე  ღვთისა!"

სვეტიცხოველში დაკრძალული მეფეებიდან წმინდანად შერაცხულია წმინდა კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასალი. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საფუძვლის ჩაყრა. მის მოღვაწეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მცხეთის ისტორიაში, V საუკუნის II ნახევრიდან გახდა ქართული ეკლესია ავტოკეფალიური, "ოდეს იწყეს თვით ხელთდასხმად და ვითარმედ არა თვინიერ წესისა და ბრძანებისა" (ეფრემ მცირე). წმინდა ვახტანგ გორგასლის დროს ქართლში 12 საეპისკოპოსო დაარსდა; კათალიკოსის რეზიდენციად მცხეთა განისაზღვრა; საკათედრო ტაძრად - მის მიერვე ახალაგებული და 12 მოციქულის სახელზე ნაკურთხი სვეტიცხოველი, სადაც ღვთისმსახურება ქართულად ტარდებოდა. წმინდა ვახტანგ მეფემ აღასრულა წმინდა მირიან მეფის სურვილი და იერუსალიმში ააშენა ქართველთა ჯვრის მონასტერი.

VI საუკუნის დასაწყისში ქართლის მეფეთა ტახტმა ახალდაარსებულ თბილისში გადაინაცვლა. "მცხეთას მოაკლდებოდა და ტფილისი განძლიერდებოდა, არმაზი აღოხრდებოდა და კალა აშენდებოდა ("ქართლის ცხოვრება"). იმ დროიდან ქალაქმა მცხეთამ დაკარგა საერო და პოლიტიკური მნიშვნელობა, თუმცა საუკუნეთა მანძილზე უმთავრეს საეკლესიო ცენტრად დარჩა.

წმინდა მეფე 502 წლის 30 (13) ნოემბერს აღესრულა, 60 წელს მიტანებული. ყველასთვის ცნობილია მისი ანდერძი: "მე ესერა წარვალ წინაშე ღმრთისა ჩემისა და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა, აწ გამცნებ თქვენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა დგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუალი დიდება მოიგოთ". წმინდა მეფე დიდი პატივით დაკრძალეს და გულზე თავისი ზომის ლოდი დაადეს.  მას შემდეგ არასოდეს შეუწყვეტია საქართველოს ლოცვითი კავშირი წმინდა მეფესთან, ყოველთვის გრძნობდა მის მეოხებას.

მეფეთაგან სვეტიცხოველში დაკრძალულნი არიან: რევი, ბაკური, დავით VI, გიორგი VI, გიორგი VIII, ლუარსაბ I, ალექსანდრე დიდი, სიმონ I, ერეკლე II, გიორგი XII. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა ღვაწლი მიუძღვით მათ ღვთისა და ერის წინაშე.

რევი - გახლდათ ქართლის მეფის მირიან III-ის ძე, რომელიც მოღვაწეობდა IV საუკუნეში.  მირიანის მეფობის დროს რევი მართავდა კახეთსა და კუხეთს.  მისი რეზიდენცია უჯარმაში იყო. უფლისწული აქტიურად მონაწილეობდა ქართლის გაქრისტიანებაში. იგი მამაზე ადრე გარდაიცვალა, ქართლში ქრიასტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებიდან 25-ე წელს. რევის შთამომავალნი შემდგომში ქართლის პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ.

ბაკურ იბერიელი - IV საუკუნის მოღვაწე, ბიზანტიელთა მხედართმთავარი, ფილოსოფოსი და რიტორი. ბერძნულ-ლათინურ წყაროებში იგი ხან მეფედ, ხან კი მეფის შთამომავლად მოიხსენიება. ერთ-ერთი მოსაზრებით, ბაკური იყო იბერიის მეფე და ამ ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელების თაოსანი. საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო იგი ბიზანტიაში წასულა. პირველწყაროთა დახასიათებით, ბაკური ყოფილა კაცი ფრიად მორწმუნე და ღვთის მოშიში, იბერთა შორის სახელოვანი (გელასი კესარიელი), ყოვლად ღირსეული როგორც რწმენითა და სათნოებით, ისე სულიერი და ხორციელი სიკეთით (გიორგი ამარტოლი), მისთვის უცხო იყო ბოროტება, გახლდათ საომარ საქმეებში გაწვრთნილი, სარდალთა შორის უმამაცესი (ზოსიმე), ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული, სამართლიანი და ზომიერების მოყვარული (ლიბანიოსი).

დავით VI (ულუ) - იყო გიორგი IV-ის ლაშას უკანონო შვილი. საქართველოს მეფე გახდა 1247 წელს. მან ბევრი დევნა და განსაცდელი გადაიტანა და აღესრულა 1270 წელს.

გიორგი VI - იმერეთის მეფე, გიორგი VI-ისა და მამია გურიელის ასულის - თამარის ვაჟი. იგი 1741 წელს გაამეფეს ოსმალებმა, მაგრამ იმავე წელს გადააყენეს.  გარდაიცვალა დაახლოებით 1773 წელს.

გიორგი VIII - ქართლში მეფობდა 1446-66 წლებში, კახეთში კი - 1466-76 წლებში. მის დროს ფაქტობრივად დამთავრდა საქართველოს ერთიანი მონარქიის სამეფო-სამთავროებად დაშლა. მისი შვილი გახლდათ ალექსანდრე I, რომელიც კახეთში მეფობდა 1476-1511 წლებში. ალექსანდრე I-ის დროს დადგინდა კახეთის სამეფოს საზღვრები. იგი ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდა საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროებსა და მეზობელ ქვეყნებთან.  ალექსანდრე I-მა საფუძველი ჩაუყარა კახეთის მეფეთა ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას - ყოველგვარი საშუალებით უზრუნველეყოთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. ალექსანდრე I მოკლეს 1511 წელს მისი შვილის, ავგიორგის შეთქმულების დროს.

ლუარსაბ I - ქართლის მეფე 1527-1556 წლებში. თავი ისახელა 1522 წელს ყიზილბაშებთან გამართულ ბრძოლაში. 1526 წელს პოლიტიკური კავშირი შეკრა იმერეთის მეფე ბაგრატ III-სთან.  ლუარსაბ I ცდილობდა სპარსეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ მებრძოლ ქართულ სამეფო-სამთავროთა ძალების გაეთიანებას. ბრძოლების შედეგად მან დაიბრუნა ქართლის მრავალი ციხესიმაგრე და შეავიწროვა თბილისის ყიზილბაშური გარნიზონი. 1556 წელს ყიზილბაშებთან ბრძოლაში ლუარსაბ I  სასიკვდილოდ დაიჭრა. მისი თანამედროვე და შემდგომი დროის ქართველი და უცხოელი ავტორები, მათ შორის თვით მოწინააღმდეგენიც, მას ახასიათებდნენ, როგორც კარგ სარდალს, მამაც და გულად მებრძოლს. უწოდებდნენ დიდს, თავდადებულ გმირს, რომელმაც ათეული წლების თავგანწირული ბრძოლით დაიცვა "ქართველობა", საქართველოს სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური წყობილება და ქართული კულტურა.

სვიმონ I - ლუარსაბ I-ის ძე, ქართლში მეფობდა 1537-1611 წლებში.  გარისის ბრძოლაში 1556 წელს მოხუცმა მამამ ქართლის შემტევი ლაშქრის      მეთაურად დანიშნა. სიმონ I-ის გამეფების დროს თბილისი ყიზილბაშების ხელში იყო და მეფეს რეზიდენცია გორში ჰქონდა. 1556-59 წლებში სიმონ I მეთაურობდა განუწყვეტელი ომიანობით განადგურებული ქვეყნის აღდგენა-შენების, შემდეგ კი ყიზილბაშებისგან ქართლის განთავისუფლების საქმეს. 1559 წელს კავშირი შეკრა კახეთის სამეფოსთან. 1560 წელს შეეცადა თბილისის განთავისუფლებას, მაგრამ 1561 წელს დამარცხდა ციხედიდის ბრძოლაში. 1569 წელს ფარცხისის ბრძოლაში ღალატის წყალობით ტყვედ ჩავარდა. სიმონ I-მა მტკიცე უარი განაცხადა გამაჰმადიანებაზე და 1569-78 წლებში ირანში ტყვეობაში იტანჯებოდა. ირან-ოსმალეთის ომის დაწყებისთანავე შაჰმა ის ტყვეობიდან გაათავისუფლა და ქართლის მეფედ დანიშნა. ქართლში დაბრუნებისთანავე სვიმონ I-მა ომი გააჩაღა ოსმალების წინააღმდეგ, რომელთაც თბილისი და მთელი ქართლი დაპყრობილი ჰქონდათ. ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად სვიმონ I იბრძოდა ქვეყნის გასაერთიანებლად. იგი სტამბოლის ციხეში, ტყვეობაში გარდაიცვალა 1599 წელს.

გიორგი XII - ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე. 1798 წელს, ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა, უკვე მძიმე ავადმყოფი იყო. გიორგი XII-ს ზოგჯერ გიორგი XIII-ის სახელითაც მოიხსენიებდნენ. მისი მეფობის დროს ქართლ-კახეთში მეტად რთული საშინაო და საგარეო პოლიტიკური ვითარება შეიქმნა. მისი გარდაცვალების შემდეგ (1800 წ.) ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთს შეუერთდა, ბაგრატიონთა სამეფი დინასტია კი - გაუქმდა.

ერეკლე II-ს ქართველი ერი უდიდესი თაყვანისცემით იხსენიებს ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის და თამარის შემდეგ. ხალხის თვალში იგი გმირის შარავანდითაა შემოსილი. აუარებელი ლექსი აქებს და ადიდებს ერეკლეს სამაგალითი ვაჟკაცობას, მახვილ ჭკუას, არწივისებურ სისწრაფესა და თავგანწირულობას. მისი 54 წლის მეფობა შეუსვენებელი და ძლევამოსილი ბრძოლაა თავისი ხალხის დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისათვის.

კრწანისის დამარცხების შემდგ მოხუცებულობის და ნაღველის გამო ერეკლე მალე დასნეულდა წყალმანკით და 1798 წელს, 82 წლისა გარდაიცვალა... ყოველი კუთხე ჩვენი ქვეყნისა გმირ მეფეს იგლოვდა ცხარე ცრრემლით.  ყველაზე ძლიერია გლოვა თუშთა, ფშავთა და ხევსურთა. ერთი ასე იწყება: "აღსდეგ, გმირთ-გმირო, ნუ გძინავს, მტერთა ისმიან ხმანია, გრძლად ძილსა როდი ჩვეულ ხარ, მოგვიხმენ უნჯნი ყმანია!" (იაკობ გოგებაშვილი).

კათალიკოს-პატრიარქთაგან სვეტიცხოვლის ტაძარში განისვენებენ: მელქისედეკ I, დომენტი II, ბესარიონ I, ანტონ I და სხვანი...

მელქისედეკ I - საქართველოს ეკლესიას მართავდა 1010-33 წლებში. იგი იყო ბაგრატ III-ის ახლო ნათესავი. მელქისედეკ I დიპლომატიური მიზნით არაერთხელ ყოფილა კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის იმპერატორების კარზე. მის სახელს უკავშირდება საქართველოში პატრიარქობის დაწესება. ზრუნავდა მცხეთის საპატრიარქო კათედრის გაფართოება-გამშვენიერებასა და გამდიდრებაზე. შემონახულია მელქისედეკის მიერ დაახლოებით 1031-33 წლებში შედგენილი ანდერძი, რომელიც საუკეთესო წყაროა XI ს-ის საქართველოს ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის შესასწავლად.

დომენტი II - აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი XVI ს-ის მიწურულსა და XVII ს-ის დასაწყისში. დომენტის ინიციატივით 1595 წელს მცხეთის საპატრიარქოს დაუბრუნდა მსხვილი მამულები, რომლებიც ადრე საერო ფეოდალებს ჰქონდათ მიტაცებული. ცნობილია დომენტი კათალიკოსის 1595 წლის წიგნი ვახტანგ ბატონიშვილისადმი სვეტიცხოვლისათვის სოფ. ქორდის დაბრუნების შესახებ და მისივე წყალობის წიგნი, 1610 წელს დაწერილი.

ბესარიონ კათალიკოსი - აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 11723 და 1725-37 წლებში, ცნობილი საეკლესიო მწერალი. თბილისში ოსმალების შემოსვლის შემდეგ, 1723 წელს, ქართლის გამგებელმა იესემ ბესარიონი კათალიკოსად დასვა. ბესარიონი აქტიურად ეძებდა ოსმალთა უღლისაგან საქართველოს განთავისუფლების გზას, სთხოვდა, ასტრახანში მყოფ ვახტანგ VI-ს, ჩამოსულიყო და სათავეში ჩასდგომოდა ქვეყანას. ბესარიონი გარეჯის ლიტერატურული კერის ერთ-ერთი აქტიური მოღვაწე იყო. მის კალამს ეკუთვნის ლუარსაბ მეფის, ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ერისთავების, რაჟდენ პირველმოწამის, არჩილ მეფის "წამებანი" და ისე წილკნელის "ცხოვრება". მას წვლილი მიუძღვის ქართული ლიტერატურული და პოლემიკური მწერლობის განვითარებაშიც. სლავურ-რუსულ პროლოგ-სვინაქსარების მიხედვით მან შეადგინა "სადღესასწაულოს" ახალი რედაქცია. საქართველოში მართლმადიდებლური რწმენის დასაცავად, კათოლიკობისა და კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ დაწერა პოლემიკურ-დოგმატიკური თხზულება "გრდემლი".

ანტონ I კათალიკოსი - ვახტანგ VI-ის ძმის - მეფე იესესა და ერეკლე I-ის ასულის, ელისაბედის ძე. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად აირჩიეს 1744 წელს. ანტონი შეუდგა ნიადაგშერყეული და შევიწროებული ქართული ეკლესიის გაძლიერებისთვის ზრუნვას, აღადგენდა გაპარტახებულ ეკლესია-მონასტრებს, ებრძოდა სომეხ მონოფიზიტთა გააქტიურებულ პროპაგანდისტულ შემოტევებს, წამოიწყო სწავლა-განათლებისა და სასტამბო საქმის მოწესრიგება, შემოიკრიბა საქმიანი და განათლებული ადამიანები მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგიდან. 1755 წელს ანტონს გაკათოლიკება დასწამეს და კათალიკოსობიდან გადააყენეს. ის რუსეთს გაემგზავრა. 1763 წელს ერეკლე II-მ ანტონი რუსეთიდან დააბრუნა, ხოლო საეკლესო კრებამ კვლავ აირჩია კათალიკოსად. ანტონ I-მა კვლავ განაგრძო ინტენსიური საეკლესიო და სამეცნიერო-ლიტერატურული მოღვაწეობა. ანტონ I ყველანაირად უწყობდა ხელს კალიგრაფიული სკოლების, ბიბლიოთეკების, თეატრის შექმნას, მხატვრობის, პოეზიისა და ხელოვნების სხვა დარგების განვითარებას. მან დიდი მონაწილეობა მიიღო ჯერ თბილისის, შემდეგ კი თელავის სემინარიების დაარსებაში. ანტონმა თვითონ მოჰკიდა ხელი სახელმძღვანელოების შედგენის საქმეს. ამ მიზნით გამოიყენა თავისი ორიგინალური და ნათარგმნი წიგნები: "ქართული ღრამატიკა", სხვადასხვა ავტორის შრომები ლოგიკის, მეტაფიზიკის, ფიზიკის და სხვა დარგებში. ანტონმა მდიდარი ფილოსოფიურ-თეოლოგიური და ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მას ეკუთვნის დოგმატურ-პოლემიკური თხზულება "მზამეტყველება", "წყობილსიტყვაობა", ენციკლოპედიური ნაშრომი; "სპეკალი", რომელშიც თავისებურად არის მორიგებული ეკლესიისა და ფილოსოფოსთა მოძღვრება, ასევე ლოგიკის სახელმძღვანელო "კატეღორია-სიმეტნე", "ღვთისმეტყველება" და სხვ. ანტონ I-ის ორიგინალური ჰაგიოგრაფიული კრებული "მარტირიკა" მოიცავს თითქმის ყველა ქართველ წმინდანთა "წამებას", ჰიმნოგრაფიიდან აღსანიშნავია მისი უზარმაზარი ნაშრომი სადღესასწაულო ანუ "თვენი". ანტონ პირველს ეკუთვნის ისტორიული თხზულებები: "მოკლე ისტორია საქართველოსი", "ქართველ მეფეთა შთამომავლობა" და სხვა. მან მრავალი მოწაფე-მიმდევარი აღზარდა და შექმნა მთელი სკოლა, რომელმაც ღრმა კვალი დააჩნია იმდროინდელ ქართულ საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებას.

სვეტიცხოვლის ტაძარი მუხრანელ ბაგრატიონთა საგვარეულო განსასვენებელი იყო. ამიტომაც მეფეთა გვერდით განისვენებენ ბაგრატიონთა სხვა წარმომადგენლებიც - დედოფალი მარიამი (როსტომ მეფის მეუღლე), ანა (ერეკლე II-ის მეუღლე), ერეკლე II-ის ქალიშვილი თეკლე, მათი შვილები და შვილიშვილები.

როსტომ მეფის თანამეცხედრე მარიამი ცხოვრობდა 1631-1658 წლებში. იგი კეთილშობილი ქრისტიანი ქალის სახელით არის ცნობილი. მარიამმა ტყვეობიდან დაიხსნა არაერთი ძვირფასი ხელნაწერი: პარხლის მრავალთავი, სვეტიცხოვლის ჟამნი, ტბეთის ოთხთავი და სხვა. მანვე განაახლებინა ჭალის გულანი და სხვა წიგნები. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს "ქართლის ცხოვრების" ნუსხას, რომელიც მარიამ დედოფლის ბრძანებით ყოფილა დამზადებული და ამიტომ მარიამისეული ეწოდა. იგი 1633-1646 წლებშია გადაწერილი.

თეკლე ბატონიშვილი - ერეკლე II-ის ქალიშვილი, ცხოვრობდა 1776-1846 წლებში. ცოლად ჰყავდა ვახტანგ ორბელიანს.

სვეტიცხოვლის ტაძარში განსვენებულ ქართველ წმინდანთა, გმირთა და საზოგადო მოღვაწეთა მეოხება არ მოჰკლებოდეს ქართველ ერსა და სრულიად საქართველოს!

 მოამზადა ლელა ჩხარტიშვილმა 

მამული, ენა, სარწმუნოება

ქალწულმოწამენი: ენაფა, ვალენტინა და პავლა (+308)
10 (23) თებერვალი
მღვდელმოწამე ხარლამპი და მის თანა მოწამენი: პორფირი, ბაფტოსი და სხვანი (+202)
წმიდა ხარლამპი, რომლის ხსენებასაც აღვნიშნავთ 23 თებერვალს, თესალიის ქალაქ მაგნეზიის (საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ოლქი) ეპისკოპოსი და ქრისტეს სიტყვის მხურვალე მქადაგებელი იყო. იგი მრავალ შეცდომილ სულს მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
gaq