საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ენა და დამწერლობა

ქართული ანბანი და ,,მეფეთა ცხოვრება’’
თამაზ ჩხენკელი

რაც უფრო პარადოქსული და სასწაულებრივია ენიგმა, მით უფრო აშკარად დასტურდება, რომ იმას კი არ უნდა ვერწმუნოთ, რასაც იგი სიტყვით გვიცხადებს, არამედ იმას, რასაც ფარავს და იდუმალყოფს.

იმპერატორი იულიანე (IV ს.)

1

 

ქართულ საიტორიო მწერლობაში არსებობს ერთადერთი ცნობა, რომელიც ქართული ანბანის შექმნას ეხება. ეს ცნობა, რომლის თანახმად, ქართული ანბანი ანუ მწიგნობრობა შექმნა ქართლის პირველმა მეფემ ფარნავაზმა, XI ს. ისტორიკოსს ლეონტი მროველს მიეწერება. უაღრესად საყურადღებოა ის გარემოება, რომ ცნობა, რომელიც მომდევნო თაობების ქართველთა შორის, თითქმის 700 წლის განმავლობაში არავითარ ეჭვს არ იწვევდა, ჩვენი საუკუნის არცერთ მკვლევარს – ისტორიკოსს თუ ფილოლოგს – არ გაუზიარებია. ამ ცნობას უარჰყოფენ ან გვერდს უვლიან, ხანაც ანბანის წარმოშობის საკუთარი კონცეფციის მიხედვით, სავსებით სუბიექტურად განმარტავენ, რამაც არ შეიძლება იმ დასკვნამდე არ მიგვიყვანოს, რომ მასში არის რაღაც ისეთი, რაც სრულებით არ ესადაგება ანბანის მკვლევართა თვალთახედვას, მათი კვლევა-ძიების მიმართულებასა და საზრისს.

როგორც ცნობილია, ივ. ჯავახიშვილისა და პ. ინგოროყვას მიერ ნავარაუდევი მიახლოვებითი თარიღი ქართული ანბანის წარმოშობისა დიდად უსწრებს წინ ფარნავაზის მეფობის ხანას, ე.ი. III საუკუნეს ძვ. წ-ით. გ. წერეთელი ფარნავაზს, როგორც ქართული ანბანის შემოქმედს საერთოდ არ ახსენებს, რაკი მას ქართული ანბანი არამეული პროტოტიპიდან ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბებულად მიაჩნია. რ. პატარიძე ქართული ანბანის შექმნის ხანად ძვ. წ-ის V ს. უკანასკნელ მეოთხედს მიიჩნევს, რაც  ფარნავაზის მეფობის წლებს საუკუნეზე მეტი ხნით უსწრებს წინ. ელ. მაჭავარიანი თუმცა კი აღნიშნავს, რომ მის ,,ნაშრომში განხილული არცერთი მონაცემი არ ეწინააღმდეგება ქართულ საისტორიო წყაროებში დაცულ ლეონტი მროველის ცნობას ფარნავაზის მიერ ძვ. წ. III საუკუნეში ქართული დამწერლობის შემოღების შესახებ’’ (,,საბჭოთა ხელოვნება’’, N 10, 1977), მაგრამ ამ ცნობის დამადასტურებელი რაიმე კონკრეტული არგუმენტი არ მოჰყავს. ,,ფარნავაზის ცხოვრებაში’’ დაცულ ამ ცნობას იგი ისევე, როგორც გ. წერეთელი, საერთოდ არ განიხილავს.

ზ. სარჯველაძის აზრით, ,,ფარნავაზის მიერ ქართული დამწერლობის შემოღების შესახებ ცნობა ალბათ გულისხმობს* (ხაზგასმა ყველგან ჩვენია, თ. ჩ.) სახელმწიფოს საჭიროებისათვის საკანცელარიო მიზნებით ბერძნულის, ან არამეულის გამოყენებას. სხვაგვარად ძნელად თუ აიხსნებოდა ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნია ადრეული ხანის ბერძნული, არამეული და ა.შ. ძეგლები, ქართული კი არა ‘’ (ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესავალი, 1984, გვ. 76, სქოლიო). ცხადი უნდა იყოს, რომ ,,განავრცო ენა ქართული’’ და ,,შექმნა მწიგნობრობა ქართული’’ – არასგზით არ შეიძლება ,,გულისხმობდეს’’ ბერძნულის ან არამეულის გამოყენებას. ზ. სარჯველაძის აზრით, ,,ქართული დამწერლობის წარმოშობა უკავშირდება ქრისტიანობის შემოღებას’’ (იქვე, გვ. 86) და ამიტომ, ანბანის შექმნის ტრადიციული ცნობა მისთვის ჭეშმარიტებას მოკლებულია.

როგორღა განმარტავენ ამ ცნობას ისინი, ვისთვისაც მისი ისტორიული ღირებულება ეჭვს არ იწვევს?

პ. ინგოროყვას მიაჩნია, რომ ,,ფარნავაზის დროს... ჩატარდა შევსება ქართული ანბანისა, დართვა ძველი ანბანის ბოლოში ცალკე საგანგებო ნიშნებისა სპეციფიკური ქართული ბგერებისათვის’’ (ტ. IV, 1978, გვ. 250). მაშასადამე, პ. ინგოროყვას აზრით, ანბანი უკვე ფარნავაზამდე არსებობდა, რაც აშკარად უგულებელყოფს წყაროს ჩვენებას, სადაც, როგორც ვიცით, ლაპარაკია ფარნავაზის მიერ ანბანის შექმნაზე და არა შევსებაზე.

რ. პატარიძის თვალსაზრისით, ,,ქართული ასომთავრული ანბანი შექმნილია არა ფარნავაზ მეფისა და საქართველოს დაარსების ხანაში, არამედ გაცილებით ადრე. ამიტომ მემატიანის ცნობა: და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი, ამან განავრცო ენა ქართული, და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა. და ამან (ფარნავაზ) შექმნა მწიგნობრობა ქართული, – სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ქართული დამწერლობა ფარნავაზმა შექმნა ან ფარნავაზის დროს შეიქმნა... მემატიანის ცნობა, რომ ,,ამან (ფარნავაზ) შექმნა მწიგნობრობა ქართული’’, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ უკვე არსებული (!) ქართული დამწერლობა ფარნავაზ მეფემ ერთიან ქართულ სახელმწიფო დამწერლობად გამოაცხადა’’ (ქართული ასომთავრული, 1980, გვ. 513).

როგორც ვხედავთ, აქაც, საისტორიო წყაროს ჩვენება სუბიექტურად არის განმარტებული, ვინაიდან ,,შექმნა’’ არ ნიშნავს და არც შეიძლება ნიშნავდეს უკვე შექმნილის ,,გამოცხადებას’’. ,,ფარნავაზის ცხოვრებაში’’ მკაფიოდ არის ნათქვამი: ფარნავაზმა ,,შექმნა კერპი დიდი სახელსა თვისსა ზედა...’’ ,,ფარნავაზმა შექმნა მწიგნობრობა ქართული’’...

ამრიგად, საისტორიო წყაროში დაცული ცნობა იმის შესახებ, რომ ანბანი შექმნილია ქართლის პირველი მეფის ფარნავაზის მიერ უნაყოფო და უნიადაგო აღმოჩნდა მკვლევართათვის.

შესაძლოა, ამ ცნობაში ფაქტების ობიექტურ რეალობაზე კი არ უნდა გამახვილებულიყო ყურადღება, არამედ განცდილ შთაბეჭდილებათა სუბიექტურ სიმართლეზე? მაგალითად, ზ. ალექსიძე ფიქრობს, რომ ,,ლეონტი მროველმა (ან მისმა წყარომ) სწორად გაიგო ფარნავაზის ეპოქის ამოცანა და სრულიად სამართლიანად ქართული სახელმწიფოებრიობის წარმოშობა არ დააცილა მის ერთ ყველაზე უფრო დამახასიათებელ ნიშანს – დამწერლობის შექმნას’’ (ეპისტოლეთა წიგნი, 1968, გვ. 032). ,,ლეონტი მროველის მიერ გადმოცემული ლეგენდა სხვა რომელიმე ლეგენდაზე ნაკლები ყურადღების ღირსი არ არის’’, დაასკვნის იგი, გვ. 031).

ზ. ალექსიძის თვალსაზრისით, ანბანის შექმნის ,,ქართული ლეგენდის’’ ღირსება იმაშია, რომ მისმა ავტორმა ,,ქართული დამწერლობის შექმნისათვის ეპოქა მეტად მოხერხებულად შეარჩია’’, რომ ამ მხრივ, მან ,,შესანიშნავი ალღო’’ გამოიჩინა (იქვე). მაგრამ აქედან ის ცნაურდება, რომ ამ ცნობის ავტორმა (ან მისმა წყარომ) თვითონ არ იცის როდის შეიქმნა და ვინ შექმნა ანბანი. როგორც ზ. ალექსიძე აღნიშნავს, იგი მხოლოდ სწორ ქრონოლოგიურ მიჯნაზე და შესაბამის ისტორიულ გარემოცვაში ,,აბინავებს’’ ქართული ანბანის შექმნის ფაქტს...

ასეთია ვითარება, რომელიც ცხადყოფს არა მარტო ამ ცნობის ანალიზისას გამჟღავნებულ თვალსაზრისთა ნაირგვარობასა და ურთიერთშეუთავსებლობას, არამედ ერთგვარ ,,შეშფოთებასაც’’, რასაც ერთი მხრივ, მისი ღირებულების გამართლებისაკენ სწრაფვა, ხოლო მეორე მხრივ, მასში გამხელილი ინფორმაციისადმი დაეჭვების ურთიერთმოურიგებლობა იწვევს. როგორც ვხედავთ, არცერთი ქართველი მეცნიერისათვის არ არის ეს ცნობა პირდაპირი და ჭეშმარიტი ინფორმაციის შემცველი. რა უნდა ვიფიქროთ? ის, რომ ეს ცნობა ,,ნატყუარი’’ და ,,გამოგონილია’’. თუ ის, რომ იგი ჯერ კიდევ არ არის გაანალიზებული კვლევის შესაბამისი მეთოდით და ახსნის ყველა შესაძლებელი მიმართულებით?

თუ დავუშვებთ ამ ცნობის ნატყუარობას, მაშინ ისიც უნდა დავუშვათ, რომ სიყალბე ჩადენილია იმისათვის, რომ რამენაირად ახსნილიყო ქართული ანბანის არსებობის ფაქტი, მაშასადამე, უნდა დავუშვათ ისიც, რომ არავის არასოდეს არ სცოდნია როდის და ვინ შექმნა ქართული ანბანი. საერთოდ, ამ ცნობის ,,ნატყუარობას’’ შეიძლება დაეძებნოს ათასგვარი მიზეზი და ყოველი მათგანი იმდენადვე იქნება სარწმუნო, რამდენადაც დაუმტკიცებელი, და ჩვენ ვარაუდების დახშულ წრეში ვიბორიალებთ დაუსრულებლად. აშკარა იქნება მხოლოდ ის, რომ ჭეშმარიტი ვითარება უდიდესი მნიშვნელობის ფაქტისა ერთხელ და სამუდამოდ არის დაკარგული.

ძნელია იმ აზრთან შეგუება, რომ ერთადერთ ქართულ ცნობაში, რომელიც უდიდესი კულტურულ-რელიგიური მნიშვნელობის ფაქტს ეხება, ნატყუარი ამბავი იყოს მოთხრობილი, რომ ეს ცნობა ნაყალბევი და ზერელე ფანტაზიის ნაყოფი იყოს, რომ მასში რაიმე კონკრეტული მითითება, რამენაირი მინიშნება არ იყოს დაცული რეალურად მომხდარ ამბავზე. ხოლო თუ ასეა, თუ ამ ცნობაში რამენაირი ფორმით მაინც არის გაცხადებული ჭეშმარიტება, იგი როგორცა ჩანს, რაღაც სხვა მიმართულებით, სხვა საზრისით და მეთოდით უნდა იქნას მოძიებული, შესაძლოა, ისეთით, რომელიც ერთი შეხედვით, ნაკლებად ასაჩინოებს მეცნიერების ჩვეულებრივ კანონებთან კავშირს. ,,ისტორიული გამოცდილება თვალსაჩინოდ გვიდასტურებს, თუ რაოდენ სასარგებლოა მეცნიერული ცოდნის ფუნდამენტური პრინციპების უკმარობის გაცნობიერება. ამ პრინციპების გაფეტიშებას არაერთხელ მივუყვანივართ იქამდე, რომ ზოგიერთი ცხადად და მრავალგზის შენიშნული მოვლენა არარეალურთა კატეგორიაში იყო შერაცხილი და დიდი ხანი უნდებოდა იმას, რომ მათი რეაბილიტაცია მომხდარიყო’’ (დ. დუბროვსკი).

აღნიშნული ცნობისადმი რწმენა (ისევე როგორც რწმენა უმაღლესი რანგის რელიგიური ჭეშმარიტებებისადმი) ურყევი და შეუვალი იყო საქართველოში თითქმის ახალ დრომდე. იგი, როგორც ,,ზღაპრული’’ და ,,ფანტაზიისმიერი’’ ამბავი მხოლოდ XX საუკუნის პირველ მეოთხედში იქნა უარყოფილი (ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე). მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ უარყოფას საფუძვლად ედო ,,პრეზენტისტული ობიექტურობით’’ აღბეჭდილი ერთნიშნადი თვალსაზრისი, რომელიც მთელი სიღრმით არ ითვალისწინებდა ამ ცნობის სავსებით უნიკალურ ხასიათს. ეს თვალსაზრისი ამხსნელ წანამძღვართაგან გამორიცხავდა რელიგიური აქტივობისა და ეროვნული მიზანდასახულობის ფაქტორებს, რაც მის ჭეშმარიტ შემეცნებაზე ხელის აღებას ნიშნავდა.

გვიანანტიკურ ხანასა და ადრექრისტიანულ საუკუნეებში ანბანი საიდუმლო ჰერმეტულ მოძღვრებებთან იყო დაკავშირებული. ანბანი განიხილებოდა, როგორც ,,გამოუთქმელ საიდუმლოთა საწყაული’’ (ს. ავერინცევი). იგი კრიპტოგრაფიული და კაბალისტიკური ახსნა-განმარტების საფუძველსა და საშუალებასაც წარმოადგენდა და ამიტომ მაგიისა და მისტიკის სფეროსაც განეკუთვნებოდა. (იხ. ფრანც დორნზაიფის წიგნი ,,მაგია და მისტიკა ანბანში’’, ლაიპციგი, 1925). მთელი სიღრმით არ იყო გაცნობიერებული ანბანის, როგორც სტრუქტურის, როგორც რიცხვული სისტემის, და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტების, სპეციფიკა. რის გამოც გათვალისწინებული არ იყო, თუნდაც ვარაუდის სახით, იმის შესაძლებლობა, რომ აღნიშნული ცნობა პირდაპირი ინფორმაციის გარდა შეიძლება შეიცავდეს არაპირდაპირ, დაშიფრულ ინფორმაციას, რომლის მოძიება ანბანის რიცხვული სისტემის საფუძველზევე იქნებოდა შესაძლებელი. ამ ცნობის ანალიზისას ყველაფერი ეს ყურადღების სფეროდან იყო გამორჩენილი, ან უკეთეს შემთხვევაში, კრიტიკულად განწყობილი გონების ირონიულ დამოკიდებულებას იმსახურებდა.

ამავე დროს, ცნობილია, რომ ,,ქართლის ცხოვრებაში’’ სხვა წყაროებთან ერთად გამოყენებულია ,,ასტროლოგიურ-კაბალისტიკური წიგნი ჰერმეს ტრისმეჯისტონისა, რომლის შინაარსი ყოფილა თეოსოფია, ალქიმია, ასტროლოგია, აგრეთვე ასოების, საუკუნეთა, შვიდეულისა და მისი დღეების კაბალისტიკური განმარტება’’ (კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტ. ისტორია, II, 1981, გვ. 261).

,,საიდუმლო კაბალისტიკური მოძღვრება’’, როგორც კ. კეკელიძე აღნიშნავს, ,,პოპულარული ყოფილა საშუალო საუკუნეებში’’, იმდენად, რომ მათ ,,ხშირად იხსენიებენ ხოლმე საეკლესიო მწერლებიც’’, კერძოდ, ამავე ავტორის აზრით, ჯუანშერს მხედველობაში სწორედ ჰერმეს ტრისმეჯისტონის წიგნები აქვს და არა სხვა რამე (ეტიუდები... IV, გვ. 72, 73). შეიძლება გვითხრან, რომ ,,კაბალისტიკური'' ოპერაციები შედარებით გვიანდელ ხანას ეკუთვნის. მაგრამ უნდა გავიხსენოთ ს. ავერინცევის მიერ აღნიშნული ის ფაქტი, რომ ორი იუდაური მისტიკური ტრაქტატის ,,რაბი აკიბას ასოები'' და ,,წიგნი ქმნადობისა'' (სეფერ იეცირა) ,,შემონახულ რედაქციებში გარკვეული ტრადიციის შედარებით გვიანდელი გამოხატულებაა აღბეჭდილი, მაგრამ თვითონ ტრადიცია სათავეს იღებს ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდან. ყოველ შემთხვევაში, იუდაური დოქტრინა ასოთა საიდუმლო აზრის შესახებ გათვალისწინებულია და მიღებულია ადრექრისტიანული აპოკრიფის მიერ, ბევრი რომ არა ვთქვათ, II საუკუნეში, სადაც აღწერილია, თუ როგორ აცბუნებს და არცხვენს მცირეწლოვანი იესო ამ დოქტრინის ცოდნით თავის მასწავლებელს’’.

უფრო გვიან, თეოლოგიური კაბალისტიკით სარგებლობდა გერმანელი ჰუმანისტი იოჰან რეიხლინი (1455-1522), და მიუხედავად იმისა, რომ ,,შემდგომში წესად იქცა ირონიული ჩაქირქილება რეიხლინის მცდელობაზე მოეძია ფარული აზრი ებრაული ანბანის იმ ასოებსა და სიტყვებში, რომლებიც ღვთის სახელს აღნიშნავდნენ, ეს დაცინვა შორსა დგას იმის ჭეშმარიტი გაგებისაგან, თუ რას აკეთებდა რეიხლინი. მას სურდა საჩინო ეყო იდეისა და გრძნობითი შემეცნების იგივეობის ნეოპლატონიკური მოძღვრება’’ (ა.ფ. ლოსევი).

ძველთათვის, გვეუბნება ერთი თანამედროვე ფილოსოფოსი, უცხო იყო ინტელექტუალიზმის დღევანდელ მიმდევართა ბრმა ქედმაღლობა. ეს უკანასკნელნი ახალი დროის ბუნებისმეტყველებიდან გამომდინარე მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი აზროვნების წესს აპროეცირებენ წარსულსა და მომავალში, დარწმუნებულები იმაში, რომ გარდასული ხანის მოღვაწეებსაც თანამედროვე მოაზროვნეთა მსგავსი ცნობიერება ჰქონდათ, თუმცა კი, როგორც ისინი ვარაუდობენ, ნაკლებ განვითარებული და პრიმიტიული.

 

2

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ანბანში ასოები გარკვეული რიგით, გარკვეული თანმიმდევრობით არის დალაგებული, და იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თითოეული ასონიშანი რიცხვსაც ასახიერებს, ანბანი ამასთანავე, რიცხვულ სისტემას წარმოადგენს. ქართული ანბანიც ასეთსავე რიცხვულ სისტემას წარმოადგენს, კერძოდ ძველი ქართული ანბანის პირველი ცხრა ასონიშანი ასახიერებს ერთეულებს 1-დან 9-მდე, მეორე ცხრა ასონიშანი ათეულებს 10-დან 90-მდე, მესამე ცხრა ასონიშანი ასეულებს 100-დან 900-მდე და მეოთხე ცხრა ასონიშანი ათასეულებს 1000-დან 9000-მდე. ასეთი ცხრილი ჯერ კიდევ საბას აქვს გამოქვეყნებული თავის ,,სიტყვის კონაში’’ სათაურით ,,ქ. ანბანთა რიცხვთა სწავლანი, თუ რომელნი, რაოდენთა რიცხვთა იტყვიან’’.

ანბანებისათვის ნიშანდობლივმა სწორედ ამ ფაქტმა წარმოშვა კრიპტოგრაფიის ,,ხელოვნება’’, ანუ იდუმალდამწერლობა, ასე რომ ამ უკანასკნელს ანბანის სპეციფიკა განაპირობებს. ივ. ჯავახიშვილი თავის ,,ქართულ პალეოგრაფიაში’’ ცალკე პარაგრაფს უთმობს კრიპტოგრაფიას და გარდტჰაუზენის წიგნზე დაყრდნობით განმარტავს მას.

არსებობს სათვალავადი კრიპტოგრაფიის ორი სახეობა: პირველი – სიტყვის ან სახელის ნაცვლად მათი შემადგენელი ასოების რიცხვით მნიშვნელობას ასაჩინოებს (გემატრია), მეორე – სიტყვას ან სახელს ასოთა რიცხვული ჯამით გამოხატავს (იზოფსეფია). პირველი შემთხვევისათვის ივ. ჯავახიშვილს მოაქვს X ს. ხელნაწერში შემონახული მიქაელ მოდრეკილის სახელის კრიპტოგრამა, რომელიც ანბანური სათვალავის რიცხვებით არის გადმოცემული (ქ. პ. გვ. 133). ,,მიქაელ მოდრეკილს რამდენიმე საგალობლისათვის... წაუწერია: ამასვე დღესა ნათლითა შემოსილისა უფლისა ნათლისღებასა დასდებელნი აკროსტიხონნი აღბეჭდულნი, თქუმულნი ორმეოცისა, ათისა, ექუსასისა, ერთისა, ხუთისა და ოცდაათისანი... ასოთა რიცხვითი მნიშვნელობები სიტყვებით დაუწერია მიქაელ მოდრეკილს და ასე შეუდგენია კრიპტოგრამა თავისი სახელისათვის’’ (ლ. ათანელიშვილი, ძველი ქართული საიდუმლო დამწერლობა, 1982, გვ. 72). 40-ს ქართულ ანბანში ასაჩინოებს, 10-ს , 600-ს , 1-ს , 5-ს , 30-ს . ამრიგად, ასორიცხვებმა მოგვცა სახელი მიქაელ.

რაც შეეხება იზოფსეფიას, იგი სახელს ,,მიქაელ’’ მისი შემადგენელი ასოების რიცხვთა ჯამით გამოხატავს: 40+10+600+1+5+30=686. მაშასადამე, სახელის ,,მიქაელ’’იზოფსეფია უდრის 686-ს. სიტყვა-სახელების ამგვარი განმარტება დიდად ყოფილა გავრცელებული ძველ დროსა და შუა საუკუნეებში, იმდენად, რომ მას მთელი ტრაქტატები ეძღვნებოდა.

ფრ. დორნზაიფი თავის წიგნში (,,ანბანი მაგიასა და მისტიკაში’’) წერს: ,,ასოთა მისტიკის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც უამრავ ბერძნულ, ბერძნულ-აღმოსავლურ, ებრაულ, სპარსულ და არაბულ წყაროში გვხვდება, იმაში ვლინდება, რომ სიტყვების შემადგენელ ასოებს რიცხვები ენაცვლება. ამ მეთოდს, ბუნებრივია, წინ უსწრებს ასოების რიცხვნიშნებად გამოყენება... ადვილი დასაშვებია, რომ ეს ხელოვნება დასავლეთში იმ დიდმა აღმოსავლურმა ტალღამ მოიტანა, რომელიც ალექსანდრეს ლაშქრობას მოჰყვა, რაკი უძველესი აღმოჩენილი ადგილები ალექსანდრეს რომანში და ბეროსოსთან ეგრეთწოდებულ იზოფსეფიებს ადასტურებენ. ფსევდოკალისთენესთან სარაპისი ასე ამოაცნობინებს თავის სახელს ალექსანდრეს: მოიძიე ორასი (ს) და ერთი (ა), შემდეგ ასი (რ) და ისევ ერთი (ა) და ოთხჯერ ოცი (პ) და ათი (ი). შემდგომ ამისა პირველი ასო ბოლოში მიუმატე და შენ მიხვდები თუ რომელი ღმერთი ვარ მე...’’

ადვილად მისახვედრია, რომ ფრ. დორნზაიფის აქ მოყვანილ ციტატაში ,,სარაპისის’’ ისეთსავე გემატრიულ რიცხვებთან გვაქვს საქმე, როგორიც ,,მიქაელის’’ შემთხვევაში გვქონდა, ე.ი. საქმე გვაქვს სახელის შემადგენელი ასოების რიცხვულ მნიშვნელობებთან, რომელიც გემატრიული მეთოდით არის გადმოცემული. როგორც ვხედავთ, ეს მეთოდი ელინისტურ ხანაშიც ისეთივე პოპულარობით სარგებლობდა როგორითაც ქრისტიანულში.

ამრიგად, ყოველი სიტყვა ან სახელი, რომელიც ანბანური ასონიშნებით დაიწერება, თავისთავად, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ასონიშანი ამასთანავე რიცხვნიშანიც არის, რაიმე რიცხვს ასაჩინოებს. ამ შემთხვევაში, შეუძლებელია არ დავინტერესდეთ ქართული ანბანის შემოქმედის სახელით, თუნდაც იმიტომ, რომ რიცხვსახელს ანბანის სპეციფიკა განსაზღვრავს, ხოლო ტრადიციული ცნობის თანახმად, ქართული ანბანი სწორედ ფარნავაზმა შექმნა. რა ყაიდის რიცხვს ასაჩინოებს სახელი ,,ფარნავაზ’’? რას წარმოადგენს ამ სახელის იზოფსეფია?

ავკრიფოთ სახელის ,,ფარნავაზ’’ ასოები და დავაჯამოთ მათი რიცხვული მნიშვნელობები: (500), (1), (100), (50), (1), (6), (1), (7). ამ რიცხვების ჯამია 666. რას გვეუბნება ეს რიცხვი გარდა იმისა, რომ ის ერთი და იმავე ციფრით გამოხატულ ერთეულს, ათეულსა და ასეულს აერთიანებს? ახლა უჩვეულოს არაფერს, მაგრამ ძველად ეს დიდად სახელგანთქმული რიცხვი ყოფილა და ამ რიცხვით ძველ და ახალ დროშიც მრავალნი დაინტერესებულან.

რიცხვი 666 ჯერ კიდევ ძველ აღთქმაშია მოხსენიებული, მაგრამ სახელი მას გაუთქვა იოანეს გამოცხადების ერთმა მუხლმა, სადაც ნათქვამია: აქა არს სიბრძნე, რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხვი იგი მხეცისაჲ, რამეთუ რიცხვი კაცისაჲ არს რიცხვი ექუსას სამეოც და ექუს (13, 18). ეს რიცხვი პროფ. ფერდინანდ ბენარმა (ბერლინის უნივერსიტეტი, 1836 წ.), როგორც ,,მხეცის რიცხვი’’, კეისარ ნერონის სახელთან დააკავშირა და ამ ინტერპრეტაციას იზიარებდა ფრ. ენგელსი. მაგრამ ამ რიცხვის სხვა ინტერპრეტაციებიც არსებობს. მაგალითად, ირინეოსს (II ს.) 666 მიაჩნდა არა ერთი რომელიმე კაცის, არამედ ადამიანთა გარკვეული ტიპის, სახელდობრ, რომაელის ანუ ლათინის აღმნიშვნელად: იზოფსეფია ბერძნულად დაწერილი სიტყვისა ,,ლატეინოს’’ სწორედ ამ რიცხვს – 666-ს გვაძლევს. ამავე რიცხვით არის აღბეჭდილი ბერძნული ,,ტეიტან’’ და სხვა.

რიცხვი 666 დაკავშირებულია აგრეთვე ,,მაგიურ კვადრატთან’’, რომელშიც 1-დან 36-მდე რიცხვია გაერთიანებული. ამ კვადრატის თითოეული ვერტიკალური, ჰორიზონტალური და დიაგონალური მწკრივის ჯამი 111-ს უდრის, მაშასადამე, ცალ-ცალკე ექვსი ვერტიკალური და ექვსი ჰორიზონტალური მწკრივების ჯამი 666-ს გვაძლევს (თუ თითოეულს ორ დიაგონალურ მწკრივს დავუმატებთ, მივიღებთ 888). ერნ. ბინდელი აღნიშნავს, რომ აგრიპა ნეტესჰაიმელი თავის წიგნში ,,დე ოკულტა ფილოსოფია’’ (1533 წ.) ამ ,,მაგიურ კვადრატს’’ მზესთან აკავშირებს და მიაჩნია, რომ 666 მზის დემონს, ხოლო 111 მზის გონით არსებას აღნიშნავს, რაც საინტერესო უნდა იყოს თუნდაც იმიტომ, რომ ,,ფარნავაზის ცხოვრების’’ მიხედვით, იქ, სადაც სიზმარზეა ლაპარაკი, ფარნავაზი მზით ცხებულ მეფედ და მაშასადამე, მზესთან დაკავშირებულ არსებად წარმოგვიდგება (იხ. ჩვენი წერილი ,,ფარნავაზ – 666’’ საბჭოთა ხელოვნება, N 8, 1978, გვ. 88).

ხსენებულ მაგიურ კვადრატში, როგორც უკვე აღინიშნა, 36 რიცხვია გაერთიანებული 1-დან 36-მდე. მაგრამ რატომ არის რიცხვი 36 დაკავშირებული 666-თან? იმიტომ რომ 36 თანმიმდევარი რიცხვის ჯამი 666-ს უდრის ე.ი. თუ ჩვენ შევკრებთ ერთმანეთის მიყოლებით 36 რიცხვს: 1+2+3+4+... +33+34+35+36, ჯამში 666-ს მივიღებთ.

თანმიმდევარი რიცხვების ჯამით მანიპულირება ძველი ამბავია. მაგალითად, იოანეს სახარებაში მოთხრობილია თუ როგორ დაიჭირეს იესოს მოწაფეებმა ,,ას ერგასის და სამი’’, ე.ი. 153 თევზი. 153 კი წარმოადგენს 17 თანმიმდევარი რიცხვის ჯამს: 1+2+3+...+15+16+17=153. ასე რომ 153-ით შენიღბულია რიცხვი 17. მოციქულთა საქმეში (27, 37) ნათქვამია: ვიყვენით ნავსა შინა ყოველნი კაცნი ორას სამეოც და ათექუსმეტი სული. 276 კი 23 თანმიმდევარი რიცხვის ჯამია და გამორიცხული არ არის, რომ აქ 23 კაცზე იყოს ლაპარაკი. ამ აზრით, თანმიმდევარ რიცხვთა ყოველი კომბინაციის ჯამი გარკვეულ რიცხვს აცნაურებს: 1+2=3, 1+2+3=6, და ა.შ. 36 თანმიმდევარი რიცხვის ჯამი, როგორც უკვე ითქვა 666-ია და აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს რიცხვია იზოფსეფია სახელისა ,,ფარნავაზ’’.

ამრიგად, ანბანის შემოქმედის სახელს უაღრესად საინტერესო რიცხვი აღმოაჩნდა, რაც იმისაკენ გვიბიძგებს, რომ მასთან დაკავშირებული სხვა სახელებიც გავსინჯოთ. რა რიცხვებს ასაჩინოებს სახელები ,,სამარ’’ და ,,არმაზ’’?

ფარნავაზი ,,ძმისწულია სამარისი’’, ეს ხაზგასმულია ტექსტში: ,,ესე სამარ და ძმა მისი, მამა ფარნავაზისი, მოკლულ იყო ალექსანდრესგან’’. ასე რომ, ფარნავაზის ახლო წინაპართაგან, მის სისხლით ნათესავთა შორის, ჩვენ მხოლოდ ბიძამისის, მცხეთის მამასახლისის სახელი ვიცით. დავაჯამოთ ამ სახელის ასორიცხვები: (200), (1), (40), (1), (100). სახელის ,,სამარ’’ იზოფსეფია გვიმხელს 342-ს.

ფარნავაზის საღმრთო სახელია ,,არმაზ’’.  როგორც ვიცით, ფარნავაზმა არმაზის კერპი ,,შექმნა სახელსა ზედა თვისსა’’. ვნახოთ ამ სახელის იზოფსეფიაც: (1), (100), (40), (1), (7). ,,არმაზ’’ სახელის იზოფსეფია გვაძლევს 149-ს. მივიღეთ სამი სახელის იზოფსეფია: სამარ – 342, ფარნავაზ – 666, არმაზ – 149. მაგრამ რას გვაძლევს ამ სახელთა იზოფსეფიები, რა ღირებულება აქვს ამ რიცხვებს, ან რა კავშირია მათ შორის? ამ კითხვას დიდად უცნაური პასუხი აქვს: ეს რიცხვსახელები ერთმანეთთან სეპტიმალური შესაბამისობის რიცხვული სისტემის საფუძველზე არიან დაკავშირებულნი, კერძოდ, 342-ს შეესაბამება 666, ხოლო 149-ში 49-ს შეესაბამება 100 და მათი ჯამისგან მიიღება ,,არმაზ’’ სახელის იზოფსეფია.

 

***

რას ნიშნავს სეპტიმალური შესაბამისობა?

ეს არის შესაბამისობა იმ რიცხვებს შორის, რომელთა ჩაწერა თვლის შვიდობითი (სეპტიმალური) და ათობითი სისტემების საშუალებით ხორციელდება. როგორც ცნობილია, ათობით სისტემაში ნული და ცხრა ნატურალური რიცხვი შემდეგი ციფრებით აღინიშნება: 0, 1, 2, 3,...,9, დიდი რიცხვები, მაგალითად, ,,სამას ორმოცდაორი’’ ასეთი სახით წარმოგვიდგება  300+40+2=(3X102)+(4X10)+2, და ათობით სისტემაში ჩაიწერება სიმბოლოთი 342. მაგრამ როგორ ჩაიწერება ეგევე რიცხვი სხვა რიცხვულ სისტემაში?

საქმე ისაა, რომ ,,ათობით სისტემაში რიცხვი ათი, როგორც სისტემის ,,ფუძე’’ განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ვისაც მხოლოდ პრაქტიკულ გამოანგარიშებებთან აქვს საქმე, შეიძლება ყურადღება არ მიაქციოს იმას, რომ რიცხვ ათის ამგვარი გამოყოფა არაარსებითია და რომ ფუძედ შეიძლება გამოდგეს ნებისმიერი ერთზე მეტი რიცხვი. მაგალითისათვის, სავსებით შესაძლებელია სეპტიმალური სისტემა ფუძით შვიდი (რ. კურანტი, ჰ. რობინსი, მათემატიკა, თბ., 1965). ამერიკელ მათემატიკოსებს აქვე მოაქვთ მაგალითები რიცხვის ათობითი სისტემიდან შვიდობითში გადაყვანისა. იგივეს გვამცნობს პ.ფ. იოლონი (მეცნიერული კვლევის ლოგიკა, მოსკოვი, 1965 წ. გვ. 111): ათობითი თვლის სისტემაში ცნებას ,,რიცხვი 16’’ – მკაფიო შინაარსი აქვს, თვლის შვიდობით სისტემაში კი მისი შინაარსი იცვლება.

ორიოდე სიტყვა თვლის ათობითი და შვიდობითი სისტემების შესახებ. როგორც ვიცით, თვლის ათობითი სისტემის ფუძე რიცხვია 10 და 10-ის ხარისხები, რომლებიც ათეულების, ასეულების, ათასეულების და ა.შ. თანრიგებს გამოყოფენ: 10=101, 100=102, 1000=103 და ა.შ. თვითეული თანრიგი შეიცავს 10-ის ჯერადებს 1–დან 9–მდე: 1X10, 2X10, 3X10 და ა.შ. იგივე მეორდება მომდევნო თანრიგებშიც. ანალოგიურად, თვლის შვიდობითი სისტემის ფუძე რიცხვია 7 და 7-ის ხარისხები: 7=71, 49=72, 343=73 და ა.შ. აქაც თვითეული თანრიგი 7-ის ჯერადებს შეიცავს, ოღონდ, აქ უკვე 1-დან 6-მდე: 1X7, 2X7, 3X7 და ა.შ. იგივე მეორდება მომდევნო თანრიგებშიც.

თვლის შვიდობით სისტემაში 6 ისეთივე ზღვრული სიდიდის რიცხვია, როგორიცაა თვლის ათობით სისტემაში 9, რომლის დამასრულებელი 10 უკვე ახალ თვისობრიობაში გადადის და ათეულების ახალ თანრიგს უყრის საფუძველს: 10, 20, 30 და ა.შ. ანალოგიურად თვლის შვიდობით სისტემაში 6-ის დამასრულებელი 7 უკვე ახალ შვიდეულების თანრიგს უყრის საფუძველს: 7, 14, 21 და ა.შ. მაშასადამე, თვლის შვიდობით სისტემაში 7-ს ისეთივე ფუნქცია აკისრია, როგორც თვლის ათობით სისტემაში 10-ს და სწორედ ამის გამო, 7-ს შეესაბამება 10, 8-ს – 11, 9-ს – 12, 10-ს – 13, 11-ს – 14, 12-ს – 15, 13-ს – 16, 14-ს? 14-ს, ვინაიდან ეს რიცხვი 2X7 წარმოადგენს, შეესაბამება 2X10, ე.ი. 20, და ა.შ. ათეულების თანრიგში ეს შესაბამისობა მთავრდება 42 (6X7)-ისა და 60 (6X10)-ის შესაბამისობით, ასეულებში 294 (6X72)-ისა და 600 (6X102)-ის შესაბამისობით და ა.შ. დავაკვირდეთ ამ შესაბამისობის ცხრილს:

1 –––––––––––– 1

2 –––––––––––– 2

3 –––––––––––– 3

4 –––––––––––– 4

5 –––––––––––– 5

6 –––––––––––– 6

 

1X7=  7  –––––––––––––– 10

2X7=14  –––––––––––––– 20

3X7=21  ––––––––––––––– 30

4X7=28  ––––––––––––––– 40

5X7=35  ––––––––––––––– 50

6 X7=42  ––––––––––––––  60

 

1X72  =  49   ––––––––––––––– 100

2X72 =  98   ––––––––––––––– 200

3X72 = 147  ––––––––––––––– 300

4X72 =  196  –––––––––––––– 400

5X72 =  245  –––––––––––––– 500

6X72 =  294  –––––––––––––– 600

 

1X73  = 343   ––––––––––––––  1000

როგორც ვხედავთ, პირველ რეგისტრში ერთეულებია წარმოდგენილი, ამიტომ

მათი შესაბამისობა ერთსა და იმავე რიცხვებს მოიცავს: 1-ს შეესაბამება 1, 2-ს 2 და ა.შ., ექვსის ჩათვლით. მეორე რეგისტრი 7-ისა და 10-ის შესაბამისობით იწყება (ეს არის სეპტიმალური შესაბამისობის პირველი წყვილეული), ხოლო მესამე რეგისტრი 72-ისა და 102-ის შესაბამისობით, მეოთხე რეგისტრის პირველი მწკრივი უკვე 73-ისა და 103-ის შესაბამისობას გვიმხელს (343 – 1000) და ა.შ.

ექვს-ექვს მწკრივად გაერთიანებული რეგისტრები ისე მისდევენ ერთმანეთს, რომ ყოველი მომდევნო რეგისტრი თავის თავში მოიცავს რიცხვულად უფრო მცირე მასშტაბის წინარე რეგისტრს, უფრო ზუსტად, ყოველი მომდევნო რეგისტრის მესამე მწკრივში დასმული რიცხვი წარმოადგენს წინა რეგისტრის ექვსივე მწკრივის ჯამს, მაგალითად: პირველი რეგისტრის ექვსივე რიცხვის ჯამია 21, რაც მეორე რეგისტრის 3X7-ს, ე.ი. 21-ს უდრის, ასევე მეორე რეგისტრის ექვსივე რიცხვის ჯამია 147, რაც მესამე რეგისტრის 3X72-ს, ე.ი. 147 უდრის და ა.შ.

თითოეული რეგისტრის მეექვსე მწკრივს მოსდევს მისი დამასრულებელი მეშვიდე მწკრივი, რომელიც ამ სისრულის გამო ახალ თვისებრიობაში გადადის, ე.ი. ახალ თანრიგს იწყებს და ამიტომ თვითონ ხდება ახალი, მომდევნო რეგისტრის საფუძველი. ასე რომ, ერთმანეთზე პროპორციულად აღმატებული, უფრო და უფრი მზარდი მასშტაბის მქონე რეგისტრები სპირალური წრებრუნვის სურათს ჰქმნიან. ცხრილში კარგად ჩანს, რომ რეგისტრების შიგნით რიცხვი 6 და 6-ის ჯერადები 42 (6X7) და 294 (6X72) ზღვრულ სიდიდეს განასახიერებენ, რომლის მომდევნო 7 და 7-ის ჯერადები 49 (7X7) და 343 (7X72), ერთი მხრივ, ასრულებენ წინა რეგისტრს, ხოლო მეორე მხრივ, უკვე ახალ რეგისტრში ახალ წრებრუნვას იწყებენ.

თუ დავაკვირდებით პირველი, მეორე და მესამე რეგისტრების უკანასკნელ მეექვსე მწკრივებს, შევნიშნავთ რომ აქ ზღვრული სიდიდის რიცხვები სხედან: 6 და მასთან შესაბამებული 6, 42 და მასთან შესაბამებული 60, 294 და მასთან შესაბამებული 600. შევკრიბოთ ეს რიცხვები: 6+42+294=342. 6+60+600=666. მაშასადამე, პირველი სამი რეგისტრის უკანასკნელი მეექვსე მწკრივებისაგან ანუ თავიანთ რეგისტრებში ზღვრული სიდიდის რიცხვებისაგან იკრიბება ერთმანეთთან შესაბამებული 342 და 666, რომლებიც ,,სამარ – ფარნავაზ’’ სახელების იზოფსებიებს წარმოადგენენ. რაც შეეხება ,,არმაზ’’ სახელის იზოფსეფიას 149-ს, იგი იკრიბება მესამე რეგისტრის პირველ მწკრივში ერთმანეთთან შესაბამებული რიცხვებისაგან 49 – 100.

ერნ. ბინდელი სეპტიმალურ შესაბამისობათა რიცხვულ სისტემას ძველ მისტერიებს უკავშირებს, სადაც 7 განიმარტება როგორც დროსთან შინაგან კავშირში მყოფი რიცხვი. 7-ს გავყავართ ჩვენ სივრცის საუფლოდან და შევყავართ დროის საუფლოში. ამდენად, 7 არის დროში აღსრულებულ მოვლენათა რიცხვი. ერნ. ბინდელის აზრით, 342-თან და 343-თან სეპტიმალურად შესაბამებული 666 და 1000 თავიანთი არსით დროის სპირალური განვითარების თავბრუდამხვევ სურათს გამოხატავს, რასაც იგი იოანეს გამოცხადებასთან აკავშირებს. ამრიგად, 342 – 666, ე.ი. ,,სამარ – ფარნავაზ’’ სახელების იზოფსებიები სეპტიმალურად შესაბამებული უაღრესად მნიშვნელოვანი რიცხვებია და ამას 1958 წ. შტუტჰარტში გამოქვეყნებულ წიგნში ,,რიცხვთა სულიერი საფუძვლები’’ გვიცხადებს გერმანელი თეოლოგი, რომელსაც არავითარი წარმოდგენა არა აქვს არც ,,ქართლის ცხოვრებაზე’’ და არც ქართულ ანბანზე...


3

რამდენიმე სიტყვა გამოცხადების ტექსტში ასახული რიცხვთა სეპტიმალური (შვიდობითი) თვლის სისტემისა და შესაბამისობის შესახებ. უპირველეს ყოვლისა, აქ ყურადღებას იპყრობს მხეცის რიცხვი – 666, რომელიც სეპტიმალურად შესაბამებული წყვილეულის (342 – 666) ჯუფთს, ე.ი. წყვილის ცალს წარმოადგენს. ამ მხეცს 7 თავი და 10 რქა აქვს და უკვე ამ რიცხვებით გამჟღავნებულია სეპტიმალური შესაბამისობის პირველი წყვილეული: 7 – 10. მაგრამ 7 თავი და 10 რქა აქვს აგრეთვე ,,ცეცხლის ვეშაპს’’ და სწორედ ეს ვეშაპი აძლევს ზღვიდან ამომავალ მხეცს, ვისი სახელის რიცხვიცაა 666, თავის ძალას, საყდარსა და ხელმწიფებას (13,2). ხსენებული ვეშაპი – ,,გველი დასაბამისაჲ’’ – ანგელოზის მიერ უფსკრულშია ჩაგდებული 1000 წლით (20,2) და ამ აზრით, ეს ორი რიცხვი 666 და 1000 დაკავშირებულია, ხოლო ეს რიცხვები 342-თან და მისი მომდევნო 343-თან სეპტიმალურად შესაბამებული რიცხვებია.

ტექსტში აღნიშნულია, რომ ვეშაპს ,,ედგნეს თავნი შვიდნი და რქანი ათნი’’, მაგრამ ამასთანავე, ,,თავთა ზედა მისთა შვიდი გვირგვინი’’ (12,3), ხოლო მხეცს ,,აქუნდეს ათნი რქანი და შვიდნი თავნი’’, მაგრამ ამასთანავე, ,,რქათა ზედა მისთა ათნი გვირგვინი’’ (13,1). როგორც ვხედავთ, ერთ შემთხვევაში 7 თავი და 10 რქა ფიგურირებს, ხოლო მეორეში 10 რქა და 7 თავი, ე.ი. აღნიშნული რიცხვები ინვერსიულად მეორდება. ამავე დროს, პირველ შემთხვევაში გვაქვს 7 გვირგვინი, ხოლო მეორეში 10 გვირგვინი. ეს რიცხვები გამოცხადების ტექსტში არაერთგზის მეორდება და სწორედ მათშია გაცხადებული სეპტიმალური შესაბამისობის პირველი წყვილეული – 7-10. (7 და 10, ერიკ ნუსტრემის ,,ბიბლიური ლექსიკონის’’ თანახმად, ,,მრგვალი რიცხვებია’’. ტორონტო, 1982).

უნდა ითქვას, რომ სეპტიმალური შესაბამისობის ეს პირველი წყვილეული 666-თან სხვა ასპექტითაც არის დაკავშირებული. კერძოდ, ის მუხლი, სადაც 666-ია ნახსენები, ასე იწყება: ,,აქა არს სიბრძნე. რომელსა აქვს გონება, აღიპყარნ რიცხვი იგი მხეცისაჲ’’ (13,18). ამ ფრაზას ერთადერთი ორეული გააჩნია გამოცხადებაში: ,,აქა არს გონებაჲ, რომელსა აქუნდეს სიბრძნე’’… (17,9), რომელსაც უშუალოდ მოსდევს 7 თავისა და 10 რქის განმარტება. როგორც ვხედავთ, ამ უკანასკნელ ფრაზაში ინვერსიულად არის გამეორებული სიტყვები ,,სიბრძნე’’ და ,,გონება’’ ისევე, როგორც ზემოთ აღნიშნულ მაგალითში ინვერსიულადვე მეორდება 7 თავი და 10 რქა.

გამოცხადებაში, მხეცთან დაკავშირებულ კონტექსტში, ნახსენებია კიდევ ერთი რიცხვი, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს 666-თან. ეს არის რიცხვი 42: ,,და მიეცა მას (მხეცს) ხელმწიფებაჲ ყოფად ბრძოლისა ორმეოც და ორ თუე’’ (13,5). უნდა ითქვას, რომ რიცხვები 6 და 42 (6X7) ხშირად არის მოხსენიებული ბიბლიის ტექსტში, რაკი ისინი შვიდობითი თვლის სისტემაში პირველი და მეორე თანრიგის ზღვრული სიდიდის რიცხვებია. სეპტიმალური შესაბამისობის ცხრილში (იხ. ცხრილი) პირველი რეგისტრის 6-ს შეესაბამება 6, მეორე რეგისტრის 42-ს შეესაბამება 60, ხოლო მესამე რეგისტრის 294-ს (6X7X7) შეესაბამება 600 (6X10X10) და ამ რიცხვებიდან იკრიბება, როგორც ვიცით, ,,სამარ – ფარნავაზ’’ სახელების იზოფსეფიები 342 – 666.

,,ფარნავაზ’’ სახელის იზოფსეფია, ევანგელური თვალსაზრისით, აღბეჭდილია მხეცის რიცხვით 666-ით, ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ფარნავაზის მეორე სახელი ,,არმაზ’’, რომლის იზოფსეფია 149-ს, ე.ი. 72+102 უდრის, აღბეჭდილი იყოს იმ 7 – 10-ის კვადრატების ჯამით, რომლებიც ვეშაპისა და მხეცის თავებისა და რქების რაოდენობას ასახიერებს (კვადრატში აყვანილმა რიცხვებმა არ უნდა შეგვაცბუნოს: გამოცხადებაში მრავალგზის მოხმობილ 12-თან ერთად გვხვდება აგრეთვე 144, რაც 122-ს წარმოადგენს).

ბუნებრივია, დაისვას კითხვა: რატომ უნდა ყოფილიყო ,,მწიგნობრობის შემქმნელი’’ ქართლის პირველი მეფე-ღმერთის ორივე სახელი ევანგელური თვალსაზრისით ესოდენ მაკომპრომეტირებელი რიცხვებით დაშიფრული?

აპოკალიფსური რიცხვი 666 ,,მისტიფიცირებული სიმბოლიზმით’’ არის აღბეჭდილი ისევე, როგორც დაახლოებით იმავე ხანებში შექმნილ სიბილურ წიგნებში მოხსენიებული 888, რაც ბერძნულად დაწერილი ,,იჱსოჳს’’ სახელის იზოფსეფიას წარმოადგენს. დროთა განმავლობაში 666-ს სხვადასხვა განმარტებები დაეძებნა, მაგალითად: ,,ალჱთჱს ბლაბეროს’’ ჭ(ეშმარიტად მავნე), ,,აგნოს ადიკოს’’ – агнец неправедный, ,,ეჳანთას’’ – процветающий და სხვა. ამ სიტყვების იზოფსეფია 666-ს უდრის.

რიგითი ქრისტიანისათვის 666 მხოლოდდამხოლოდ ,,მხეცის რიცხვი’’ იყო და მას შემაკავებელი ტაბუს როლი უნდა შეესრულებინა იმის თვალში, ვინც ,,ფარნავაზ’’ სახელის იზოფსეფიას გაჩხრიკავდა, ხოლო ამან ძნელია იმ აზრამდე არ მიგვიყვანოს, რომ შესაძლოა, სწორედ ამიტომ ეს რიცხვი (666) კოდის გასაღებსაც წარმოადგენდეს.

***

ერნ. ბინდელის დასახელებულ წიგნში გარკვევით არის ლაპარაკი იმის შესახებ, რომ იოანეს გამოცხადებაში დროის თავბრუდამხვევი სისწრაფით გაშლილი სპირალი შვიდობითი (სეპტიმალური) თვლის რიცხვულ სქემას ეყრდნობა, ამ სქემის თარგზეა აგებული. ამას თვალსაჩინოდ ადასტურებს კრავის მიერ ბეჭდების ახსნის, შვიდი ანგელოზის მიერ ჯერ ,,საყვირის დაცემის’’, ხოლო შემდეგ ,,ლანკნების დათხევის’’ ეპიზოდები. ვნახოთ, როგორი რიცხვული კონსტრუქციით არის გადმოცემული ეს ეპიზოდები...

6,1  :  და ვიხილე, რამეთუ აღაღო კრავმან მან ერთი შვიდთა მათ ბეჭედთაგანი...

6,3  :  და რაჟამს აღაღო მეორე ბეჭედი...

6,5  :  და რაჟამს აღაღო მესამე ბეჭედი...

6,7  :  და რაჟამს აღაღო მეოთხე ბეჭედი...

6,9  :  და რაჟამს აღაღო მეხუთე ბეჭედი...

6,12:  და ვიხილე, რაჟამს აღაღო მეექვსე ბეჭედი...

,,მეექვსე’’ ბეჭდის ახსნისას მდგომარეობა კულმინაციას აღწევს: ,,და ძრვაჲ იქმნა დიდი, და მზე შავ იქმნა, ვითარცა ძაძაჲ ბალნისაჲ’’ და მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე 8-ე თავშია ნათქვამი:

8,1  :  და რაჟამს აღაღო მეშვიდე ბეჭედი, იქმნა დუმილი ცათა შინა

ეს უკანასკნელი ფრაზა ფირმისმიერი ასპექტით, შესაქმის მეშვიდე დღეს ღმერთის ,,დაცხრომის’’ შესაბამისია (განასრულა ღმერთმან დღესა მეექვსესა საქმენი მისნი და დასცხრა დღესა მეშვიდესა, 2,2-3). ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რომ მეშვიდე ბეჭდის ახსნისას თვისობრივად განსხვავებული რამ მოხდა, ვიდრე დანარჩენი 6 ბეჭდის ახსნისას.

ასეთივე რიცხვულ კონსტრუქციას ამჟღავნებს ანგელოზთა მიერ ,,საყვირთა დაცემის’’ ეპიზოდი, სადაც კაცთა შემუსვრის სურათია გადმოცემული…

8,7  :  და პირველმან მან დასცა (საყვირსა)…

8,8  :  და მეორემან ანგელოზმან დასცა საყვირსა…

8,10:  და მესამემან ანგელოზმან დასცა…

8,12:  და მეოთხემან ანგელოზმან დასცა საყვირსა…

9,1  :  და მეხუთემან ანგელოზმან დასცა საყვირსა…

9,13:  და მეექვსემან ანგელოზმან დასცა საყვირსა თვისსა…

10,7:  არამედ დღეთა მათ ხმისა მეშვიდისა ანგელოზისა, რომელსაც ეგულების დაცემად საყვირისა, აღესრულოს საიდუმლოჲ ღმრთისაჲ.

როგორც ვხედავთ, ,,მეშვიდე’’ თვისობრივად არის გამოყოფილი დანარჩენი ,,ექვსისაგან’’. მეშვიდე ანგელოზის საყვირის ხმაზე უნდა ,,აღესრულოს’’ ღვთის საიდუმლო. ვნახოთ მესამე ეპიზოდიც.

16,2  :  და ერთი იგი წავიდა და დასთხია ლანკნაჲ ქვეყანასა ზედა…

16,3  :  და მეორემან ანგელოზმან დასთხია ზღვასა ზედა…

16,4  :  და მესამემან დასთხია მდინარეთა ზედა…

16,8  :  და მეოთხემან ანგელოზმან დასთხია ლანკნაჲ მზესა ზედა…

16,10:  და მეხუთემან დასთხია საყდარსა მას ზედა მხეცისა…

16,12:  და მეექვსემან დასთხია მდინარესა ზედა დიდსა ევფრატსა…

16,17:  და მეშვიდემან მან ანგელოზმან დასთხია ლანკნაჲ თვისი ჰაერსა ზედა და გამოხდა ხმაჲ დიდი ტაძრისაგან ზეცათაჲსა და საყდრისაგან, რომელი იტყოდა, ვითარმედ: იქმნა.

სურათი აქაც ნათელია. მეშვიდე ანგელოზთან არის დაკავშირებული იმ ქმედების აღსრულება (,,იქმნა’’. რუსულ თარგმანში: ,,სვერშილოს’’), რასაც ექვსი დანარჩენი ანგელოზის ქმედება შეიცავდა. აშკარა უნდა იყოს, რომ ,,ექვსთან’’ დაპირისპირებული ,,მეშვიდის’’ რიცხვული კონსტრუქცია, რაც შვიდობითი თვლის სისტემაში თანრიგების დასრულებისა და ახალი თანრიგების დაწყების განმასახიერებელია, იოანეს გამოცხადებაში მკაფიოდ არის გამოვლენილი.

(ამ კონტექსტში ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს შემდეგის აღნიშვნა: სვეტიცხოვლის მარჯვენა კედელზე შერჩენილ ფრესკაზე, სადაც აპოკალიფსის თემა ვარირებს, შვიდთავიანი მხეცის ექვსი თავი სხეულის წინა ნაწილიდან ამოზრდილ გრძელ კისრებზეა გამობმული, ხოლო მეშვიდე – კუდზე, რაც უთუოდ იმას ადასტურებს, რომ ,,შვიდეულში’’ ,,ექვსს’’ უპირისპირდება ,,მეშვიდე’’).

რას უნდა გვეუბნებოდეს ის, რომ ,,სამარ – ფარნავაზ’’ ,,არმაზ’’ სახელების იზოფსეფიებში სეპტიმალური შესაბამისობის საკვანძო რიცხვებია გაცხადებული? რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ ამ უეჭველი ფაქტიდან? როგორც ჩანს, უპირველეს ყოვლისა ის, რომ აქ, შესაძლოა, კოდზე მიმანიშნებელი მეტაინფორმაცია იყოს გამჟღავნებული.

,,ნებისმიერ კოდს, რა ფორმითაც უნდა იყოს წარმოდგენილი, იქნება ის არქეოლოგის მიერ მოძიებული უნიკალური საგანი თუ საიდუმლოს შესანახად გამოგონილი მახვილგონივრული შიფრი, ყოველთვის შეიძლება დაეძებნოს ანალოგია… როგორც წესი, სწორედ ანალოგიისმიერი დასკვნები გვაძლევენ ხოლმე გზის მაჩვენებელ ძაფს კოდის ამოსახსნელად, რაც ხშირად ნატიფ ინტუიციას მოითხოვს… რომელიმე ობიექტში კოდის ამოცნობა იმას ნიშნავს, რომ მის შესახებ გარკვეული მეტაინფორმაცია შევიძინეთ (რაკი) ნებისმიერ ტექსტს ინფორმაციის გარდა მეტაინფორმაციის ესა თუ ის მარაგი ახლავს, რაც ტექსტის ამოხსნის გასაღებს წარმოადგენს. ამიტომ კოდის გაშიფრვის გასაღები თვითონ მასშივეა დამარხული’’. (დ. დუბროვსკი).

უკვე ის გარემოება, რომ ანბანის ასორიცხვების მეშვეობით გამჟღავნებული ,,სამარ – ფარნავაზ – არმაზ’’ სახელების იზოფსეფიები სეპტიმალური შესაბამისობის საკვანძო რიცხვულ მონაცემებს აცნაურებენ, დაუცადებელი ყურადღების ცენტრში აქცევს არა მარტო ამ სახელების შემცველ ტექსტს (,,ფარნავაზის ცხოვრება’’), არამედ მასთან ცხად თუ ფარულ კავშირში მყოფ გარემომცველი ტექსტის (,,მეფეთა ცხოვრება’’) გარკვეულ ნაწილებს, განსაკუთრებით კი თვითონ იმ ცნობას, რომელშიც ქართული ანბანის შექმნის ფაქტია გაცხადებული. ჩვენც ამ უკანასკნელით დავიწყებთ.

 

4

ქართული ანბანის ანუ ,,მწიგნობრობის’’ შექმნის ცნობა გვხვდება ,,ფარნავაზის ცხოვრების’’ დამასრულებელ მცირე მონაკვეთში, რომელიც ძირითადი ტექსტიდან, ჩვენი აზრით, მკვეთრად და თვალსაჩინოდ, არის გამოყოფილი...

1. და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქ ა რ თ ლ ო ს ი ს ა ნათესავთაგანი.

2. ამან განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული.

3. და მოკუდა ფარნავაზ და დაფლეს წინაშე არმაზისა კერპისა.

თუ რატომ დავყავით ეს მონაკვეთი სამად, ამაზე ცოტა ქვევით ვილაპარაკებთ, ახლა კი ვიკითხოთ, რა ნიშნით გამოიყოფა იგი ძირითადი ტექსტიდან, რა საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ ეს მონაკვეთი მოთხრობის საერთო სტრუქტურაში ცალკე ერთეულად მოვიაზროთ.

ამ მონაკვეთის წინარე თხრობა ასე მთავრდება: ,,იყო განსუენება და სიხარული ყოველსა ქართლსა ზედა მეფობისათვის ფარნავაზისა და იტყოდეს ამას ყოველნი: ვჰმადლობთ სუესა ჩვენსა, რამეთუ მოგუცა ჩუენ მეფე ნათესავთაგან მამათა ჩუენთასა და აღგვიხადა ხარკი და ჭირი უცხოთა ნათესავთაგან. და ესე ყოველი აღასრულა ფარნავაზ სიბრძნითა და სიქუელითა, სიმხნითა და სიმდიდრითა. ესუა ძე და უწოდა სახელი საურმაგ’’. როგორც ვხედავთ, თხრობა დამთავრდა, ფარნავაზმა ,,ყოველი აღასრულა’’ და მემატიანე უკვე გადადის საურმაგზე, ფარნავაზის ძესა და მემკვიდრეზე. და სწორედ ამ ფრაზის შემდეგ იწყება ამჯერად ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთი – ,,და ესე ფარნავაზ იყო’’..., რომელშიც ,,მწიგნობრობის’’, ე.ი. ანბანის შექმნაზეა ლაპარაკი.

აღსანიშნავია, რომ ამ ბოლო მონაკვეთამდე არსად სიტყვა არ არის დაძრული ანბანის შექმნის შესახებ, თუმცა მოთხრობის ავტორს საშუალება ჰქონდა ეს ეთქვა იქ, სადაც კონცენტრირებულად არის ჩამოთვლილი ფარნავაზის ქმედებანი (სხვათა შორის მსგავსი ფრაზეოლოგიით), მაგალითად: ,,ამან ფარნავაზ მოზღუდა ქალაქი მცხეთა მტკიცედ და ყოველნი ქალაქნი და ციხენი ქართლისანი, მოოხრებულნი ალექსანდრესგან... ამან აღაშენა... და ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თვისსა’’.

ყურადღებას იქცევს შემდეგი გარემოება: ფარნავაზის მომდევნო მეფეების ქრონიკები, უმეტესწილად, ამგვარი სტერეოტიპული ფრაზებით მთავრდება –

1. და მოკუდა საურმაგ და მეფე იქმნა მის წილ შვილებული მისი მირვან.

2. და მოკუდა მირვან და მეფე იქმნა მის წილ ძე მისი ფარნაჯომ.

3. მოკუდა არტაგ და დაჯდა მის წილ ძე მისი ბარტომ.

4. და მოკუდა (მირვან) და დაჯდა მის წილ ძე მისი არშაკ...

,,ფარნავაზის ცხოვრებაც’’ თითქოს ასეთნაირად უნდა დამთავრებულიყო: ,,და მოკუდა ფარნავაზ... და ამის წილ მეფე იქმნა ძე მისი საურმაგ’’... მაგრამ ეს ასე არ არის... ფრაზა – ,,და ამის წილ მეფე იქმნა ძე მისი საურმაგ’’, რასაც თითქოს უნდა დაესრულებინა ,,ფარნავაზის ცხოვრების’’ ტექსტი და მაშასადამე, ჩვენს მიერ გამოყოფილი მონაკვეთი, საურმაგის ქრონიკის პირველ სტრიქონად ზის, ხოლო ფარნავაზის ქრონიკა როგორც ვიცით, ასე მთავრდება: ,,და მოკუდა ფარნავაზ და დაფლეს წინაშე არმაზისა კერპისა’’. ასე რომ, ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთი ძირითადი ტექსტიდან გამოყოფილია იმითვე (,,ესვა ძე და უწოდა სახელი საურმაგ’’), რითაც ის გამოყოფილია მომდევნო ტექსტიდან, ე.ი. საურმაგის ქრონიკიდან (,,და ამის წილ მეფე იქმნა ძე მისი საურმაგ’’), და ამდენად, ,,საურმაგ’’ სახელთან დაკავშირებული წინადადების ჩარჩოშია მოქცეული, რამაც, შესაძლოა, გვავარაუდებინოს, რომ ეს მონაკვეთი თვითონ მისი ავტორის მიერ არის დამოუკიდებელ კომპოზიციურ ერთეულად მოაზრებული.

ამ მონაკვეთს ძირითადი ტექსტიდან გამოჰყოფს აგრეთვე მცირე მოცულობის ტექსტის ფარგლებში ,,ქართ – ქართულ’’ ფუძიანი სიტყვების სიუხვე: 28 სიტყვაზე 6 ასეთი სიტყვა მოდის: ქართლსა შინა, ქართლოსისა ნათესავთაგანი, ენა ქართული, ქართლსა შინა, თვინიერ ქართულისა, მწიგნობრობა ქართული. მსგავსფუძიანი სიტყვების ასეთი კონცენტრაცია ძირითადი ტექსტის არცერთ ნაწილში არა გვხვდება. ამავე დროს, ყურადღების მეტი გამახვილების შედეგად, თვითონ ამ მონაკვეთის შიგნით თანდათან იკვეთება ორი მეტად ექსპრესიული სინტაგმა: ,,ამან განავრცო’’, ,,ამან შექმნა’’. ამ სინტაგმებში შემავალი ნაცვალსახელები მკვეთრად უპირისპირდება მონაკვეთის თავსა და ბოლოში მოხსენიებულ ,,ფარნავაზ’’ სახელს (უცნაური იჭვიც კი იბადება: რატომ ,,ამან’’ და არა ,,ამან ფარნავაზ?’’). ამავე დროს, ჩვენი მონაკვეთის თავში ,,ფარნავაზ’’ სახელთან ერთად ნახსენებია ,,ქართლოსი’’, რაც არც ერთხელ არ გვხვდება ძირითად ტექსტში, ხოლო ბოლოში ,,ფარნავაზ’’ სახელთან ერთად ნახსენებია ,,არმაზი’’, რაც ერთგვარ სიმეტრიას ჰქმნის. მაგრამ აქ მარტო სიმეტრიულობაში არ უნდა იყოს საქმე. სახელები ,,ქართლოსი’’ და ,,არმაზ’’ უფრო ღრმა ურთიერთკავშირშია, ვიდრე ეს პირველი შეხედვით ჩანს.

ქართლოსი, როგორც ვიცით, მტკვრისა და არაგვის შესართავში აღმართულ მთაზე დაესახლა და ,,უწოდა მთასა მას სახელი თავისა თვისისა ქართლი’’. მემატიანე გვამცნობს, რომ არმაზის კერპის ამართვამდე ,,ერქვა მას ქართლი’’. შემდგომში მთის სახელი შეიცვალა, და ეს მოხდა იმიტომ, რომ ,,ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თვისსა (არმაზი)... ამართა კერპი იგი არმაზი თავსა ზედა ქართლისასა და მიერითგან ეწოდა არმაზი’’. როგორც ვხედავთ, ქართლოსმაც და ფარნავაზმაც თავ-თავისი სახელები უწოდეს მთას.

რატომ უნდა შეცვლილიყო ქართველთა სამკვიდრო მთის ძველი სახელი? იმიტომ რომ დამთავრდა მამამთავრების ეპოქა და დაიწყო მეფეთა ეპოქა. ქართლოსი – ქართული ეთნოსისა და მამამთავრების ეპოქის დამაარსებელია, ფარნავაზი – ქართული სახელმწიფოს, რელიგიისა და სამეფო დინასტიისა. ამიტომ არის მხოლოდ მათი საფლავები მოხსენიებული ,,ქართლის ცხოვრებაში’’, – ერთხელ ,,საფლავი ქართლოსისი’’და ასევე ერთხელ ,,საფლავი ფარნავაზისი’’. ქართლოსი ,,დაფლეს თავსა ზედა ქართლისასა’’, ხოლო ფარნავაზი ,,დაფლეს წინაშე არმაზის კერპისა’’, რომელიც, ჩვენთვის ეს ცნობილია, ქართლის მთაზე იდგა. მაშასადამე, ქართლოსიცა და ფარნავაზიც ერთსა და იმავე მთაზე, ე.ი. ერთსა და იმავე ადგილას არიან ,,დაფლულნი’’ და დასაფლავებულნი, რითაც მათ შორის აშკარა პარალელიზმი ვლინდება. ერთი მხრივ, ერთმანეთს უიგივდება ,,ქართლოსი’’ და ,,ქართლი’’, მეორე მხრივ ,,ფარნავაზი’’ და ,,არმაზი’’, და რაკი ,,ქართლი’’ და ,,არმაზი’’ ერთი და იმავე მთის სახელებია, არმაზ-ქართლის ურთიერთშენაცვლებით ერთმანეთს ენაცვლებიან ქართლის პირველი მამათავარი და ქართლის პირველი მეფე, რომლის საღმრთო სახელია არმაზი’’.

როგორც ვხედავთ, ჩვენი მონაკვეთის თავსა და ბოლოში ,,ფარნავაზ’’ სახელის გვერდით ,,ქართლოს’’ და ,,არმაზ’’ სახელების ხსენებას გარკვეული აზრი ჰქონია. ეს სახელები, უფრო ზუსტად, ამ სახელებში დაფარული შინაარსი არა მარტო ერთიან კომპოზიციად ჰკრავს ამ მონაკვეთს, არამედ მკვეთრადაც გამოჰყოფს მას ძირითადი ტექსტიდან, რომელშიც არც ერთხელ – ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ეს – არ არის ნახსენები სახელი ,,ქართლოსი’’(გვხვდება სიტყვა ,,ქართლოსიანი’’, მაგრამ ,,ქართლოსი’’ – არა!’’).

ამრიგად, ჩვენს მიერ სამად დაყოფილი ამ მონაკვეთის პირველ და მესამე დანაყოფებში ლაპარაკია თვითონ ფარნავაზზე, მის ვინაობასა, წარმომავლობასა და გარდაცვალება-დაკრძალვაზე. ყურადღების ცენტრში თვითონ ფარნავაზი დგას და ამ აზრით ორივე ეს დანაყოფი ერთ ნაწილად ერთიანდება. შუა ნაწილში (მეორე დანაყოფი) თემა იცვლება. აქ წინა პლანზეა ,,ქართული ენა’’ და ,,ქართული მწიგნობრობა’’. ამ ნაწილში უკვე ფარნავაზის ქმედებაზეა ლაპარაკი – ,,განავრცო’’, ,,შექმნა’’. ასე რომ ეს მონაკვეთი ბუნებრივად გაიმიჯნა ორ ნაწილად. ასეთ გამიჯვნას დამაჯერებლობას მატებს ისიც, რომ პირველ და მესამე დანაყოფებში ხსენებული სახელი ,,,ფარნავაზ’’ ორჯერვე წრფელობითში გვაქვს მოცემული, შუა ნაწილის ორჯერ ხმარებული ,,ამან’’ ნაცვალსახელის საპირისპიროდ, რომლებიც მოთხრობით ბრუნვაშია დასმული. მაშასადამე, შუა ნაწილი აქტიურ ერგატიულ კონსტრუქციას ამჟღავნებს: ,,ამან განავრცო’’, ,,ამან შექმნა’’, საპირისპიროდ პირველი და მესამე დანაყოფების ნეიტრალური კონსტრუქციისა: ,,ესე ფარნავაზ იყო’’, ,,და მოკუდა ფარნავაზ’’. ასე რომ ორ ნაწილად გამიჯვნა ცხადდება თემატური და ამიტომ მორფოლოგიურ-სინტაქსური ასპექტითაც.

აქვე უნდა აღინიშნოს ერთი უაღრესად საყურადღებო გარემოება: ეს ავტონომიური მონაკვეთი 36 სიტყვისაგან შედგება, რაც – თუ ჩვენი დაყოფა სწორია – ორ ტოლ ნაწილად 18-18 სიტყვად იმიჯნება, რაკი პირველი და მესამე დანაყოფები ერთად 18 სიტყვას და მეორე დანაყოფიც (შუა ნაწილი) აგრეთვე 18 სიტყვას შეიცავს. მაშასადამე შინაარსობრივ-თემატური და შესაბამისად მორფოლოგიურ-სინტაქსური ნიშნით ორ ტოლ ნაწილად გამიჯნული ტექტი სიტყვათა რაოდენობის მხრივაც ტოლ ნაწილებად 18-18 სიტყვად არის გამიჯნული. იბადება კითხვა: განზრახ, ცნობიერად არის ეს გაკეთებული თუ შემთხვევითობის ბრალია ასეთნაირი დაყოფა, ხოლო თუ განზრახ არის გაკეთებული, რა აზრი უნდა იყოს ამაში?

სახელის ,,ფარნავაზ’’ იზოფსეფია, როგორც ვიცით, 666-ია. ისიც ვიცით, რომ ეს რიცხვი 36 თანმიმდევარი რიცხვის ჯამს წარმოადგენს. მაგრამ რას გაგვიცხადებდა 18 თანმიმდევარი რიცხვის ჯამი? 18 თანმიმდევარი რიცხვის ჯამი უდრის 171-ს, ხოლო იმის გამო, რომ ჩვენი მონაკვეთის 36 სიტყვა 18-18 სიტყვად არის გამიჯნული, თანმიმდევარი რიცხვების ჯამის მიხედვით 18+18 მოგვცემს 171+171-ს, ე.ი. 342-ს, რაც ,,სამარ’’ სახელის იზოფსეფიას წარმოადგენს.

ამრიგად, არა მარტო ,,სამარ – ფარნავაზ’’ სახელების იზოფსეფიები გვიცხადებენ სეპტიმალური შესაბამისობის საკვანძო რიცხვულ მონაცემებს (342-666), არამედ ქართული ანბანის შექმნის უნიკალური ცნობის შემცველი ტექსტი თვითონ არის კონსტრუირებული ისე, რომ ახლა უკვე სხვა რიცხვული სისტემის – თანმიმდევართა ჯამის – მეშვეობით გაგვიცხადოს იგივე რიცხვული მონაცემები, რომლებშიც სეპტიმალური შესაბამისობის გასაღებია ჩადებული...

დასკვნა: ქართული ანბანის შესახებ ერთადერთი ცნობის შემცველი ტექსტი, – ,,ფარნავაზის ცხოვრების’’ ბოლო მონაკვეთი, – 36 სიტყვისაგან შემდგარ, საკუთარი კომპოზიციის მქონე, დამოუკიდებელ ერთეულს წარმოადგენს. ძირითადი და მომდევნო ტექსტიდანაც იგი გამოყოფილია, როგორც უკვე აღვნიშნეთ. ,,საურმაგ’’ სახელთან დაკავშირებული წინადადებებით, რაც მას კომპოზიციურ ავტონომიურობას ანიჭებს. თვითონ ეს 36-სიტყვიანი მონაკვეთი ორ ტოლ ნაწილად, 18-18 სიტყვად არის გამიჯნული. ერთში (პირველი და  მესამე დანაყოფი) ფარნავაზის თემა დომინირებს, ხოლო მეორეში (შუა ნაწილი) ქართული ენისა და ქართული მწიგნობრობისა. თანმიმდევართა ჯამის მიხედვით ამ მონაკვეთის 18-18 სიტყვისაგან შემდგარი ორი ნაწილი 342-ზე მიგვითითებს (171+171), ხოლო მთლიანად ამ  მონაკვეთის 36-ივე სიტყვა 666-ზე. ეს რიცხვები 342 – 666, ჩვენ უკვე ვიცით ეს, ,,სამარ-ფარნავაზ’’ სახელების იზოფსეფიებია და სეპტიმალური შესაბამისობის საკვანძო რიცხვებს წარმოადგენს. მაშასადამე, ეს მონაკვეთი წინასწარი განზრახვით არის ისეთნაირად კონსტრუირებული, რომ მასში საჩინო ყოფილიყო სეპტიმალური შესაბამისობის რიცხვული სისტემის ძირეული მონაცემები, რომელთა სიმბოლიკურ ნომინაციებსაც წარმოადგენენ თვითონ სახელები ,,სამარ-ფარნავაზ’’.

მინაწერი: ახლადაღმოჩენილ დავათის სტელაზე, მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების ფიგურებს შორის აღბეჭდილ ქართულ ასომთავრულ ანბანში, შეინიშნება ერთი უცნაური გარემოება, რომელიც არ აღუნიშნავთ ამ ძეგლის პირველმკვლევარებს (იხ. გ. აბრამიშვილისა და ზ. ალექსიძის სტატია: ,,აღმოჩენა არაგვის ხეობაში’’, გაზ. კომუნისტი, 19. X. 1985). კერძოდ, ესთეტიკური თვალსაზრისით საკმაოდ უგემურად, მეტნაკლები სიდიდისა და აჩხაბაჩხად ამოკვეთილი ასოები, რაოდენობის მხრივ, მწკრივებში არაჩვეულებრივი სიმეტრიულობით არიან განლაგებულნი. თვალნათლივ ჩანს, რომ პირველ მწკრივში 7 ასოა განლაგებული, მეორეში – 6, მესამეში – 5, შემდეგ: მეოთხე მწკრივში ისევ 7, მეხუთეში – 6, მეექვსეში – 5. საგულისხმოა, რომ 37-ე ასონიშანი გამოცალკევებულია (არც ერთ მწკრივში არ შედის), როგორცა ჩანს, სწორედ იმიტომ, რომ 6 მწკრივად განლაგებული 36 ასოს ეს სიმეტრიულობა არ დარღვეულიყო. შემთხვევითია ასეთი განლაგება?

ჯერ ის აღვნიშნოთ, რომ მესამე მწკრივის 5 ასონიშანს უფრო მეტი სივრცე აქვს დაკავებული (მწკრივის სიგრძე იგულისხმება), ვიდრე მომდევნო – მეოთხე მწკრივის 7 ასონიშანს, რაც იმაზე უნდა მიგვითითებდეს, რომ აქ ,,ადგილისმიერი იძულება’’ გამორიცხულია, ე.ი. გამორიცხულია, რომ ასოთა ასეთნაირ განლაგებას ადგილის სიმცრო-სიდიდე განსაზღვრავდეს. ამასვე ადატურებს პირველი მწკრივის 7-ე ასოს ,,ზენის’’ მეტისმეტად დამცრობილი გამოსახ

ულება. პირველი მწკრივის ეს უკანასკნელი ასონიშანი წინმავალი ,,ვინისა’’ და მთავარანგელოზის გამოსახულებას შორის არის ,,ჩაჭეჭყილი’’, მაშინ როცა ,,განსა’’ და ,,დონს’’ შორის ერთგვარი სივრცობრივი ხარვეზია დარჩენილი. როგორცა ჩანს, 7-ე ,,ზენი’’ მაინცა და მაინც პირველ მწკრივში უნდა ყოფილიყო დამაგრებული. სხვა მონაცემებიც (ახლა ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ) იმას ადასტურებს, რომ ანბანის ასოთა რიგი წინასწარგანზრახვით არის ამნაირად განლაგებული.

მაგრამ, – ისმის კითხვა, – თუკი მწკრივში ასოთა სიმეტრიულად განლაგება წინასწარგანზრახვის შედეგია, რატომ 6-6 ასონიშნად არ არის მწკრივებში ასოები განლაგებული?

ამ კითხვას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს: იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში 36-ის ორ ტოლ ნაწილად, 18-18 ასონიშნად გაყოფა თვალსაჩინო ვერ იქნებოდა, ხოლო კონსტრუქცია (7+6+5)+(7+6+5) სწორედ ასე ჰყოფს 36-ს. მაგრამ რატომ უნდა გაყოფილიყო ორ ტოლ ნაწილად 36? ზემოთქმულიდან უკვე ვიცით, რომ თანმიმდევარი რიცხვების ჯამით 18+18 გვაძლევს 342-ს (171+171), ხოლო 36 თანმიმდევარი რიცხვის ჯამი გვაძლევს 666-ს, მაშასადამე, 36-ის ორად გაყოფა სიმბოლიკური მინიშნებით შეიცავს ,,სამარ-ფარნავაზ’’ სახელების იზოფსეფიებს, რაც სრულიად ბუნებრივია, ვიგულისხმოთ იმ სტელაზე, სადაც ქართული ანბანია გამოსახული.

სავსებით შესაძლებელია, 36 ასონიშნის ორად დაყოფაზე მიგვანიშნებდეს ისიც, რომ 18-ე ასონიშანი ,,ჟანი’’ ყველა სხვა ასონიშანზე თვალსაჩინოდ აღმატებულია სიდიდით. ამ ასონიშნის ღერძზე დამაგრებული მარტოდენ ,,თავი’’ (სპეციფიკური გრაფიკული ელემენტი) სიდიდით 17-ე ,,პარის’’ ტოლია (რაც აშკარად თვალშისაცემია), ხოლო ღერძი – მომდევნო მწკრივში მის ქვეშ მოთავსებული ,,ღანის’’ მარჯვენა ,,ფეხამდია’’ ჩამოგრძელებული და რამდენადაც ამის გარჩევა შესაძლებელია, ამ ,,ფეხს’’ უერთდება.

თუ ჩვენი მსჯელობა სწორია და დავათის სტელაზე აღბეჭდილი ქართული ანბანის ასოთა მწკრივებში სიმეტრიული განლაგება (7, 6, 5)+(7, 6, 5) ორ ტოლ ნაწილად ჰყოფს 36 ასონიშანს, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ სტელაზე აღბეჭდილი ანბანი განსაცვიფრებლად ეხმაურება და ადასტურებს კიდეც მროველის 36 სიტყვისაგან შემდგარ ცნობას, რომლის ანალიზიც ზემოთ წარმოვადგინეთ. აქედან გამომდინარე – სავარაუდებელია, რომ ამავე სტელაზე საერთო ტანსაცმლით გამოკვეთილი ორი კაცის ფიგურა სამარ-ფარნავაზის გამოსახულებას წარმოადგენდეს, რომ ,,დავათის სტელა’’ და ლეონტის ცნობა ერთი პირველწყაროდან მომდინარეობდეს, წყაროდან, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ქართული ანბანის შექმნის საიდუმლოსთან.


5

განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენი მონაკვეთის ის შუა ნაწილი იპყრობს, სადაც ქართული ენის გავრცობასა და ქართული მწიგნობრობის შექმნაზეა ლაპარაკი. რას ნიშნავს, ,,ამან განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა?’’ ეს იმას ნიშნავს, და ჩვენ ვფიქრობთ, აქ ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს, რომ ქართლში ფარნავაზამდე ,,სხვა’’, ე.ი. არაქართული ენებიც ,,იზრახებოდა’’, მაგრამ ფარნავაზის ქმედების შედეგად ქართლში უკვე აღარ ლაპარაკობდნენ ,,სხვა’’ ენებზე, არამედ მხოლოდ ქართულზე. ქართული განივრცო, მაშასადამე, ქართული ენის არეალი გაფართოვდა, ქართლში სხვა ენების ადგილი ქართულმა დაიკავა. იზრახებოდა კი სხვა ენები ქართლში? კი, – ,,ხაზართა გამოსვლის’’ თავში პირდაპირ არის ნათქვამი: ,,იზრახებოდა ქართლსა შინა ექუსი ენა’’, მაგრამ ფარნავაზის დროს: ,,არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა’’. უნდა ითქვას, რომ ამ სტერეოტიპული ფრაზების ურთიერთკავშირი იმდენად ცხადია, რომ დამტკიცებას არც საჭიროებს. აქ სიტყვიერი ფორმულის ერთი და იმავე საშუალებით არის გამოთქმული სხვადასხვა პერიოდში ვითომდა ქართლში არსებული საპირისპირო ენობრივი სიტუაცია.

აშკარა უნდა იყოს, რომ ფრაზა ,,არღარა იზრახებოდა’’... თავისი ფორმითაც და შინაარსითაც იმ ადგილს ეხმაურება, სადაც ქართლში ხალხებისა და ენების ,,აღრევაზეა’’ ლაპარაკი. ვნახოთ, რა სწერია აქ.

მემატიანის სიტყვით, ქართლში ,,აღრეულ იყვნეს’’ სხვადასხვა ხალხები: 1. თურქნი, 2. ქართველნი, 3. ბერძენნი, 4. ასურნი, 5. ხაზარნი, 6. ურიანი. სულ ექვსი ხალხია დასახელებული. ,,და იყვნეს ქართლს ესრეთ აღრეულ ესე ყოველნი ნათესავნი და იზრახებოდა ქართლსა შინა ექვსი ენა: 1. სომხური, 2. ქართული, 3. ხაზარული, 4. ასურული, 5. ებრაული, 6. ბერძნული’’.

ადვილი შესამჩნევია, რომ აქ ერთგვარი შეუსაბამობაა დაშვებული: ჩამოთვლილ ექვს ხალხსა და ექვს ენას შორის ხუთი ხალხის ხუთივე ენა შეესაბამება ერთმანეთს, მაგრამ ,,თურქნი’’ და ,,სომხური’’ ერთთმანეთთან აღარ არის დაწყვილებული და ეს მაშინ, როცა ხალხების ჩამოთვლისას ,,თურქნი’’ ზის პირველ ადგილზე, ხოლო ენების ჩამოთვლისას ,,სომხური’’. რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, რომ აქ ტექსტის დამახინჯებასთან გვქონდეს საქმე, თუმცა ეს ,,დამახინჯება’’ იმდენად თვალსაჩინოა, რომ იგი შეუმჩნეველი არ უნდა დარჩენილიყო გადამწერისათვის, თუკი ეს გადამწერის ბრალია. მაგრამ, როგორც ჩანს, ამას არ ექცევა ყურადღება იმიტომ, რომ უმთავრესი აქ ხალხებისა და ენების შეუმცდარად დაწყვილება კი არ არის, არამედ ის, რომ ,,ექვსი’’ ხალხისა თუ ენისაგან იქმნება ახალი ენა – ქართული.

ასეთი თვალსაზრისი ,,გულუბრყვილო, მეცნიერულ სიზუსტეს მოკლებულ შეხედულებად’’ მიაჩნდა კ. კეკელიძეს (ძვ. ქართული ლიტ. ისტორია, II, 1981, გვ. 254), ხოლო ივ. ჯავახიშვილი ფიქრობდა, რომ ,,ამგვარი ახსნა ჩვენს დროში ბავშვსაც კი არ ეპატიება’’ (ტ. VIII, 1977, გვ. 183). მაგრამ რამდენად მოსალოდნელია ასეთი ,,გულუბრყვილობა’’ ძველთაგან?

თუკი ,,ხაზართა გამოსვლაში’’ მოთხრობილ ამბავს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, ეს უფრო მეტი იქნება, ვიდრე გულუბრყვილობა და ამ შეხედულების საკვალიფიკაციოდ უფრო მძაფრი გამოთქმის მოშველიება დაგვჭირდებოდა. მაგრამ მემატიანის მიერ ქართულ ენასთან დაკავშირებული შეხედულებანი რომ პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, ამაზე ,,ქართლის ცხოვრების’’ დასაწყის თავებში შენიშნული წინაუკმობა, შეუთავსებლობა და ალოგიკურობა მეტყველებს, მაგალითად:

1. მეფეთა ეპოქა ფარნავაზით იწყება. ფარნავაზია ქართლის პირველი მეფე, მაგრამ თქმულია, რომ თითქოს, ფარნავაზამდე ქართლში ,,აღრეულ იყვნეს’’ სხვადასხვა ხალხები, რომელთა ენა ,,იცოდეს ყოველთა მეფეთა ქართლისათა’’, რაც შეუძლებელია იმის გამო, რომ ფარნავაზამდე მეფეები არ არსებობდნენ (ეს შენიშნული აქვს ალ. აბდალაძეს, იხ. მისი ,,ქართლის ცხოვრება და საქართველო-სომხეთის ურთიერთობა, 1982, გვ. 124, სქოლიო).

2. ფარნავაზმა ,,განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა’’, მაგრამ ფარნავაზის გამეფებამდეც სხვა ენებზე მოლაპარაკე ხალხები ისედაც აღარ უნდა არსებულიყვნენ, ვინაიდან ალექსანდრე მაკედონელმა ,,მოსრა ყოველნი იგი ნათესავნი აღრეულნი ქართლს მყოფნი... და დაუტევნა ნათესავნი ქართლოსიანნი’’. მაშასადამე, შეუძლებელია სხვა ხალხები და ამიტომ სხვა ენები არსებულიყო ქართლში.

3. ექვსი ენისგან, მათ შორის ,,ქართულისაგან’’ იქმნება ქართული ენა, ან რაც კიდევ უფრო აბსურდულია, ექვსი ხალხისაგან, მათ შორის ,,ქართველებისაგან’’ იქმნება ქართული ენა: ,,ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული’’-ო გვამცნობს მემატიანე და უცხო ხალხების გვერდით ქართველებიცა ჰყავს დასახელებული. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ XII ს. სომეხი მთარგმნელი ენების ,,შერევისაგან შენაკრებს’’ უწოდებს ქართულს და არა ხალხებისაგან თუ ტომებისაგან შენაკრებს (ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, ილ. აბულაძის გამოცემა, 1953, გვ. 23).

შეუძლებელია, ყველაფერი ეს გულმავიწყობას ან უნებლიე შეცდომებს მიეწეროს. ასეთ შეცდომებს მხოლოდ წინასწარგანზრახვით უშვებენ, რომ აბსურდული აზრის მოსალოდნელი უკუგდების ფონზე უფრო მკაფიოდ გამოიკვეთოს დაფარული თვალსაზრისი. ეს თვალსაზრისი კი იმას გვეუბნება, რომ ექვსი განსხვავებული ნაწილისაგან (ენისაგან) შეიქმნა ახალი, მეშვიდე მთლიანობა. ჩვენი აზრით, ამ ინფორმაციაში სიმბოლიკური მინიშნებთ სწორედ ეს ,,ექვსია’’ წინა პლანზე წამოწეული. ავტორის მიზანი ისაა, რომ მაინცა და მაინც ,,ექვსი’’ ენისგან შექმნილად წარმოგვიდგინოს ქართული ენა, ხოლო ასეთი რამ ძნელია ,,გულუბრყვილობას’’ მიეწეროს. პირიქით, აქ ჩვენ საქმე უნდა გვქონდეს იმ სიმბოლიკურ ენასთან, რომელიც თითქოსდა უმნიშვნელო, დაუჯერებელი თუ საღ აზრთან შეუთავსებელი ამბის გადმოცემით რაღაც უფრო მნიშვნელოვან, უფრო ღრმა და ჭეშმარიტ აზრზე მიგვანიშნებს. სიმბოლიკური ენა თუმცა კი ნიღბავს მთავარ აზრს, მაგრამ ნართაულად მაინც მიგვანიშნებს მასზე. ეს ენა გათვალისწინებული იყო აღქმის მრავალნიშნადობაზე, რათა ნამდვილი და ერთადერთი მნიშვნელობა იმას გაეგო, ვინც ჭეშმარიტ შემეცნებას მიელტვის.

ჯერ კიდევ ადრექრისტიანულ ხანაში ფიქრობდნენ, რომ თუ ტექსტში თანმიმდევრულად და ლოგიკურად არის აღწერილი რაიმე ამბავი, საეჭვოა, მკითხველი ჩაუკვირდეს იმას, რომ აქ პირდაპირი, ,,ადვილად მისაწვდომი’’ აზრის გარდა სხვა აზრიც არის საგულვებელი. ამიტომ ტექსტში გ ა ნ ზ რ ა ხ შეჰქონდათ ხოლმე ,,დაბრკოლების ქვები’’ – ერთგვარი უაზრობანი, რომ მათზე ფეხწამოკრულ მკითხველს გაეაზრებინა ტექტის ფარული მნიშვნელობა. ამიტომ სიმბოლიკური ენის ცოდნა საჭიროდ ითვლებოდა ზემხედველისათვის. ბრძენთა თვისებაა, ამბობდა გრამატიკოსი დიდიმი, გონივრულად მოიხმონ სიმბოლო და ჩაწვდნენ საიდუმლოს, რომელიც მის წიაღ არის დაფარული. სხვა მხრივ, სიმბოლიკურმა ფორმამ ისე ,,მარჯვედ უნდა დაფაროს საიდუმლო, რომ ამ დაფარვით საჩინოყოს და იდუმალყოფით გამოავლინოს იგი’’. იგავურმა ფორმამ უნდა შეუნარჩუნოს მკვლევარს შემეცნებისადმი სწრაფვა და გონების სიფხიზლე, ვინაიდან ჭეშმარიტება მხოლოდ ენიგმების, სიმბოლიკური ალეგორიების, მეტაფორებისა და სხვა მსგავსი სახეების (ტროპოის) მეშვეობით გადმოგვეცემა ხოლმე (ვ.ვ. ბიჩკოვი).

***

,,ხაზართა გამოსვლის’’ ჩვენთვის საინტერესო პასაჟს, სადაც ექვს ენაზეა ლაპარაკი, ჩვეულებრივ, ფსევდო ეფრემის ,,განძთა ქვაბის’’ იმ ადგილთან აკავშირებენ, რომელიც ენათა აღრევაზე მოგვითხრობს. ეფრემ ასურისად (IV ს.) შერაცხილ ამ თხზულებაში შემდეგია ნათქვამი: როცა ნოეს ნაშიერნი დასახლდენ, ,,იყო სიტყვა მათი ერთ და ენასა ზრახვიდეს ადამისთგან ვიდრე მუნ დღემდე ენასა ასურულსა ფრიად ვრცელსა... და არს იგი მეფე ყოვლისა ენისა’’. მაგრამ როცა ,,შეირივნეს ენანი და განიბნივნეს ყოველნი პირსა ქვეყანისასა... მიერითგან იქმნა ქვეყანა სამეოცდაათ ენად’’. ასე რომ ამ თხზულების თანახმად, ერთი და ვრცელი მეფე ენა (ასურული) 70 ენად დაიყო. უნდა ითქვას, რომ ფსევდო ეფრემის ამ ენობრივი თეორიის დაახლოვებით იგივე სქემა, ოღონდ რაოდენობრივად მოდიფიცირებული, გვხვდება ,,ვახტანგის ცხოვრებაში’’. რა არის თქმული ამ ადგილას?

,,უკანასკნელი ჟამის’’ მოლოდინში ნებროთს მიქაელ ანგელოზი ურჩევს: ,,განუტევენ ნათესავნი ესე, ვითარცა ვინ (ე.ი. სად) ინებოს’’. და მართლაც, ,,დაუტევნეს ყოველთა ქალაქი და წარვიდეს. და დაუტევნა 1. ჰინდურად მზრახველნი ჰინდოეთს, 2. სინდნი – სინდეთს, 3. ჰრომნი – ჰრომს, 4. ბერძენნი – საბერძნეთს, 5. აგ და მაგუგ – მაგუგეთს, 6. სპარსნი – სპარსეთს. ხოლო პირველი ენა ასურებრი იყო. და ესე არიან შვიდნი ენანი, რომელნი ნებროთისამდე ზრახვიდეს’’.

ამ ნაწყვეტში ფსევდო-ეფრემის 70 ენა მოდიფიცირებულია 7 ენად* (ბიბლიაში 7 და 70 პირობითად ენაცვლებიან ერთმანეთს.. იხ. ბიბლიური ღვთისმეტყველების ლექსიკონი’’. ბრიუსელი, 1974, გვ. 1256). ეფრემთან ასურული არის ,,მეფე ყოვლისა ენისა’’, აქ, ასურული ,,პირველი ენაა’’; ე.ი. ენათა დასაბამი და წინაპარია, როგორცა ჩანს, იმიტომ რომ ტრადიციისამებრ მისგან წარმოშობილად თუ განშტოებულად მიიჩნევა დანარჩენი ენები, აკი ეფრემთან იგი ,,ერთი’’ და ,,ფრიად ვრცელი’’ ენაა. მაშასადამე, ამ ნაწყვეტში ასურული გამოყოფილი და დაპირისპირებულია დანარჩენი ექვსი ენისადმი ისევე, როგორც ქართული ენაა იმ ექვსი ენისადმი დაპირისპირებული, რომელთაგანაც ის შეიქმნა.

უნდა აღინიშნოს, რომ ენათა დაყოფა და შეერთება უჩვეულო რამ არ არის ქრისტიანულ ტრადიციაში. საქმე მოციქულთაში სულიწმინდის მოვლინებისას ,,აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყვად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყვად’’ (2,4). საქმე მოციქულთას ამ ადგილთან დაკავშირებით ა.პ. ლოპუხინის ,,კომენტარებში’’ მოხმობილია წმიდა თეოფილაქტეს სიტყვები: ,,და როგორც ბაბილონის ენათა აღრევისას ერთი ენა დაიყო მრავლად, ისე ახლა ერთ ადამიანში შეერთდა მრავალი ენა’’  (ტ. II, 1914, გვ. 14). მაშასადამე, ერთ კაცში სასწაულებრივად შეიკრიბა, შეერთდა მრავალი ენა. ,,ხაზართა გამოსვლის’’ ჩვენთვის საინტერესო ადგილას კი ის თვალსაზრისია გამოთქმული, რომ ენების შეერთებით შეიქმნა ახალი ენა – ქართული. XII ს-ში შესრულებული სომხური თარგმანის მიხედვით, ,,ამ შეერთებულს ეხლა ქართული ეწოდება’’ (დასახ. წიგნი, გვ. 22).

ამრიგად, თუ ,,ვახტანგის ცხოვრებაში’’ ასურული ენისაგან განყოფისა თუ განშტოების გზით არის შექმნილი ექვსი სხვა ენა, ,,ხაზართა გამოსვლაში’’ აგრეთვე ექვსი ენის შეკრებისა და შეერთების მეშვეობით იქმნება ახალი ენა – ქართული.

როგორც ვხედავთ, ერთნაირი რიცხვული კონსტრუქციის საფუძველზე აგებულ ამ ორ პასაჟს შორის გარკვეული შესაბამისობაა (რაც შესაძლოა, ფარულ მინიშნებას შეიცავდეს იმაზე, რომ ასურული ენის მსგავსად, ქართულიც აღმატებული და უპირატესი ენაა), ვინაიდან თუ ,,პირველი’’ ასურული ენა დასაბამია ენათა, ქართული – ენათა შემკრებ-შემაერთებელია და ამიტომ დამასრულებელი, უკანასკნელი ენაა.

ზემოთქმულის შემდეგ ბუნებრივია დაისვას კითხვა: დადასტურებულია თუ არა ლეონტისა და ჯუანშერის ტექსტის სხვა ადგილებში ანალოგიური მითოლოგიურ-რიცხვული კონსტრუქცია, სადაც ,,ექვსთან’’ დაპირისპირებული ,,მეშვიდე’’ აქცენტირებული იქნებოდა როგორც ამ ,,ექვსზე’’ აღმატებული და უპირატესი?

1. თავში ,,აღშენებისათვის ეკლესიისა’’ ვკითხულობთ: მირიან მეფემ ,,მოჰკუეთა ნაძვი იგი და ნაძვისა მისგან შემზადნა შვიდნი სუეტნი ეკლესიისანი... და აღმართნეს ექუსნი იგი სუეტნი თვისთვისად, ხოლო სუეტი იგი უდიდესი, რომელი საკვირველ იყო ხილვითა, საშუალ ეკლესიისა შესაგდებელად განმზადებული ვერ შეუძლეს აღმართებად მისა’’. როგორც ვხედავთ, მეშვიდე სვეტი განსაკუთრებულია, ,,უდიდესი’’ და ,,საკვირველი’’. ეს სვეტი ეკლესიის ,,საშუალ’’, ე.ი. შუაში უნდა აღმართულიყო.

2. თავში ,,თქმული მისივე აბიათარ მღვდელისა’’ ვკითხულობთ: ნინოს ,,დაემოწაფნეს შვიდნი დედანი – ნათესავნი ჰურიათანი: სიდონია, ასული აბიათარისი და ექუსნი სხუანი’’. აქაც, შვიდ ქალში სახელდებითა და ვინაობის აღნიშვნით გამოყოფილი სიდონია უპირისპირდება ,,ექვს სხვას’’.

3. თავში ,,აღმართებისათვის პატიოსნისა ჯუარისა’’ ნათქვამია: ,,მაშინ მაისსა ერთსა შექმნეს ჯუარნი ესე, და შვიდისა ამის თუისა აღმართნეს ხელის დადებითა მეფეთჲთა’’. ეს ჯვარი პირველ მაისს შეიქმნა, მაგრამ აღიმართა მეშვიდე დღეს. მეშვიდე დღე აქ გამოყოფილია როგორც ჯვრის აღმართების დღე.

4. თავში ,,აქა სპარსთა მოსვლა ქართლს’’ (ცხოვრება ვახტანგისი) შემდეგია მოთხრობილი: ვახტანგმა თავის ხუთი წლის ვაჟს დაჩის ,,დაადგა გვირგვინი და დაუტევა მეფედ, და დაუტევნა მის თანა შვიდნი წარჩინებულნი მისნი: პირველად ჯუანშერ სპასპეტი, მპყრობელი შიდა ქართლისა და მფლობელი ყოველთა ერისთავთა’’ და შემდეგ ჩამოთვლილია თანმიმდევრულად ექვსი ერისთავი: 1. და დემეტრე, ერისთავი კახეთისა და კუხეთისა, 2. და გრიგოლი, ერისთავი ჰერეთისა, 3. და ნერსარან, ერისთავი ხუნანისა, 4. და ადარნასე, ერისთავი სამშვილდისა, 5. და სამნაღირ, ერისთავი შიდა ეგრისა და სუანეთისა, 6. და ბაკურ, ერისთავი მარგვისა და თაკუერისა’’. აქაც, როგორც ვხედავთ, ,,ყოველთა ერისთავთა მფლობელი’’ სპასპეტი ჯუანშერი უპირატესობის ნიშნით არის გამოყოფილი ექვსი უფლებრივად თანატოლი ერისთავისგან.

5. სიკვდილის წინ მეფე მირი უბარებს თავის ძმას არჩილს: ,,არა მივის ძე – წული შვილი მკვიდრად, არამედ მისხენ შვიდნი ქალნი... აწ, რათგან მოიყვანიან მამათა ჩუენთა ცოლნი ასულნი ერისთავთა ჩვუენთანი, მისცენ მათ ასულნი ჩემნი... ხოლო არჩილ მოუწოდა ერისთავთა ქართლისათა, და მისცნა ძმისწულნი მისნი: ერთი მისცა მამის ძმისწულსა მისსა... მეორე მისცა პიტიახშსა... მესამე მისცა ნერსეს ნერსიანსა... მეოთხე მისცა ადარნასეს ადარნასინსა... მეხუთე მისცა ვარზმანს... მეექუსე მისცა ჯუანშერს ჯუანშერიანსა...’’ ამ ჩამოთვლაში სიტყვა ,,მეშვიდე’’ ნახსენები არ არის. მხოლოდ რამდენიმე აბზაცის შემდეგ არის ნათქვამი: ,,მაშინ მისცა ლეონს ცოლად ძმისწული მისი გურანდუხტ და გვირგვინი იგი, რომელი ბერძენთა მეფესა წარმოეცა მირისთვის’’.

აქაც სურათი ნათელია. შვიდ ასულს შორის მხოლოდ მეშვიდე ასულია სახელდებით გამოყოფილი. მეორე მხრივ, ქართლის ექვს ერისთავს უპირისპირდება მეშვიდე ერისთავი აფხაზეთისა, რომელსაც ბერძენთა მიერ წარმოგზავნილი გვირგვინი გადაეცემა. ამავე ეპიზოდში უაღრესად საინტერესოა ერთი დეტალი: არჩილი სამფლობელოებს უმტკიცებს ერისთავებს, და როგორც ჩანს, მათ თანაბრად ანაწილებს, მხოლოდ ჯუანშერ ჯუანშერიანს, ჩამოთვლისას მეექვსე ერისთავს აძლევს ,,უმეტეს ნაწილს’’, რის გამოც ,,დაუმძიმდა მცირედ რამე სხუათა მათ’’. რატომ მაინც და მაინც მეექვსე ერისთავს ერგო ,,უმეტესი ნაწილი’’? იმიტომ რომ ,,ექვსი’’ ზღვრული სიდიდის რიცხვია თვლის შვიდობით სისტემაში.

ამ პასაჟის რიცხვულ-მითოლოგიურ სტრუქტურას ისიც ადასტურებს, რომ იგი ზღაპრულ ქარგაზეა აგებული: შვიდი ასულის შვიდ ერისთავზე გათხოვება, ერისთავთა სახელები – ნერსე ნერსიანი, ადარნასე ადარნასიანი, ჯუანშერ ჯუანშერიანი აშკარას ხდის ამ პასაჟის ზღაპრულ სიუჟეტთან კავშირს.

როგორც ვხედავთ, ყველა შვიდეულში ,,ექვსთან’’ დაპირისპირებული ,,მეშვიდე’’ განსაკუთრებულია, 1. მეშვიდე სვეტი ,,უდიდესი’’ და ,,საკვირველია’’, იგი ეკლესიის შუაში უნდა დადგმულიყო, 2. შვიდ დედათა შორის, რომლებიც ნინოს დაემოწაფნენ, სახელდებით და ვინაობით მხოლოდ ერთია გამოყოფილი, დანარჩენებზე თქმულია ,,ექვსნი სხვანიო’’, 3. პირველ მაისს შექმნილ ჯვარს ექვს დღეს ალოდინებენ, რათა მეშვიდე დღეს აღმართონ, 4. შვიდ წარჩინებულთა შორის ,,პირველ’’ კაცად მოხსენიებულია ჯუანშერ სპასპეტი, მფლობელი ყოველთა ერისთავთა, ე.ი. ექვს ერისთავზე აღმატებული და უპირატესი, 5. მეფის შვიდი ასულიდან ექვსს ქართლის ერისთავებზე ათხოვებენ, მეშვიდეს აფხაზეთის ერისთავზე და სწორედ ეს ასულია სახელდებით ნახსენები, ხოლო ქართლის ექვს ერისთავს გვირგვინის მფლობელი აფხაზეთის ერისთავი უპირისპირდება, 6. ჩამოთვლისას ასურული ენა გამოყოფილი და დაპირისპირებულია ექვს დანარჩენ ენასთან როგორც ,,პირველი’’, ე.ი. როგორც ენათა დასაბამი და წინაპარი (თაურენა), და ბოლოს, 7. ექვსი ენისაგან თუ ნათესავისაგან იქმნება მათი მომცველი და ამიტომ მათზე აღმატებული მეშვიდე ქართული ენა.

 

                                                                               6

,,ფარნავაზის ცხოვრების’’ დამასრულებელი მონაკვეთის მიხედვით, ფარნავაზმა ,,განავრცო’’ ქართული ენა და სწორედ ამ ,,განვრცობის’’ გამო ,,არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა’’, ე.ი. ქართულმა ენამ თავის თავში მოიცვა სხვა ხალხთა ენები და ამიტომ ,,ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა’’. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიტყვა ,,განავრცო’’ – მთელი სისავსით ეხმაურება ფსევდო-ეფრემის ,,ფრიად ვრცელ’’ ასურულ ენას. ასურული ხომ იმიტომ იყო ,,ფრიად ვრცელი’’, არცერთი სხვა ენა არ არსებობდა მაშინ. ჯუანშერის ქრონიკაში ასურული ენა მოხსენიებულია, როგორც ,,პირველი ენა’’, ე.ი. დასაბამიერი, თაურენა იმ შვიდ ენათა შორის, რომლებიც მაშინ იზრახებოდა. ასურული ,,პირველი ენიდან’’ იშვა ექვსი სხვა ენა, ხოლო ექვსი ენიდან შეიქმნა მეშვიდე, ე.ი. უკანასკნელი ენა – ქართული, რომელიც, შესაძლოა, სწორედ ამიტომ მოელის ,,უკანასკნელ ჟამს’’, – უფლის მეორედ მოსვლას, რაც ორჯერ არის გამეორებული ,,ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ’’-ს ტექსტში.

მაგრამ თუ ასეა, თუ ,,ფარნავაზის ცხოვრების’’ ბოლო მონაკვეთის ფრაზას – ,,და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა’’ – უცილობელი კავშირი აქვს ჩვენთვის უაღრესად საყურადღებო პასაჟთან ,,ხაზართა გამოსვლიდან’’, სახელდობრ, ფრაზასთან: ,,და იზრახებოდა ქართლსა შინა ექვსი ენა’’, მაშინ მოულოდნელი და გასაკვირი აღარ უნდა იყოს ისიც, რომ ასეთი მითოლოგიური ხასიათის რიცხვული სტრუქტურა (,,ექვსი’’ და მასთან უპირატესობის ნიშნით დაკავშირებული ,,მეშვიდე’’) ასოთა მისტიკის დონეზეც ყოფილიყო გამოხატული ,,ფარნავაზის ცხოვრების’’ ჩვენთვის საინტერესო ბოლო მონაკვეთში.

ამ მიმართულებით, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, არც გაგვემახვილებინა ყურადღება, მაგრამ აქ საქმე ეხება ,,ფარნავაზის ცხოვრების’’ იმ დამასრულებელ მონაკვეთს სადაც ,,მწიგნობრობის შექმნაზეა’’ ლაპარაკი, ხოლო ძველად ანბანი მაგიური და მისტიკური ოპერირების საფუძველი და საშუალებაც იყო. მკითხველს უნდა შევახსენო ს. ავერინცევის აზრი იმის შესახებ, რომ გვიანიუდეური (პროტოკაბალისტური), გვიანწარმართული და გნოსტიკური სინკრეტიზმისათვის ნიშანდობლივი იყო ანბანის, როგორც გამოუთქმელ საიდუმლოთა საწყაულის, თაყვანისცემა. ხოლო გვიანანტიკური ბერძენი ,,ოკულტისტები’’ არ ჩამორჩებოდნენ თავიანთ აღმოსავლელ თანამოძმეებს. მაგალითად, ალქიმიკოსს, მისანსა და ეზოთერიული ცოდნის ადეპტს ზოსიმეს მიაჩნია, რომ კრონოსის სარტყელს შესაბამებული ომეგა ,,აღმოუთქმელი რამ არის’’. ისიდორე სევილიელი ფიქრობს, რომ ბერძნული ანბანის ხუთი ასონიშანი (ალფა, თეტა, ტაუ, იპსილონი, ომეგა) მისტიკური მნიშვნელობით არის აღბეჭდილი. ამგვარადვე გამოყოფდნენ თავიანთ ჭვრეტისათვის ცალკეულ, ,,პრივილეგირებულ’’ ასონიშნებს ადრებიზანტიელი ნეოპლატონიკოსები, მაგალითად, ეპსილონს (,,სამართლიანობის სასწორს’’), ანდა იმავე იპსილონს (,,ფილოსოფოსთა ასოს’’). ადრეულ ქრისტიანთა ჩვეულება იყო განემარტათ სიტყვა ,,იხთ’’ (,,თევზი’’). როგორც ,,– ესუს – რისტოს – ეუ – იოს – ოტერ’’ (იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მხსნელი). ასეთ ოპერაციას ,,ნოტარიკონი’’ ეწოდებოდა. ,,ნოტარიკონის’’ მეშვეობით ბიზანტიელები ხალისით განმარტავდნენ ადამ-ის სახელს, როგორც ქვეყნის ოთხი მხრის საიდუმლოდ შემოკლებულ ჩამოთვლას, საიდანაც გამოჰყავდათ დასკვნა, რომ კაცი მცირე სამყაროა.

ზემოაღნიშნული მონაკვეთის განხილვა ასოთა მისტიკის დონეზე არაფერს მოულოდნელს არ შეიცავს თვითონ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც იმიტომ, რომ როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვა წყაროებთან ერთად ,,მეფეთა ცხოვრებაში’’ გამოყენებულია ,,ასტროლოგიურ-კაბალისტიკური წიგნი ჰერმეს ტრისმეგისტოსისა, რომელიც ასოთა კაბალისტიკურ განმარტებასაც შეიცავდა (კ. კეკელიძე), და გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ იგი გამოყენებული იქნებოდა ,,ფარნავაზის ცხოვრების’’ იმ  მონაკვეთშიც, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს.

კითხვა ასე ისმის, არის თუ არა ჩვენს მონაკვეთში ასონიშნური კორელატით გამოხატული ,,ექვსი’’ და მასთან უპირატესობის ნიშნით დაპირისპირებული ,,მეშვიდე’’?

როგორც ვიცით, აღნიშნულ მონაკვეთში გვხვდება ექვსი მსგავსფუძიანი სიტყვა: ქართლსა, ქართლოსისა, ქართული, ქართლსა, ქართულისა, ქართული. ამ ექვსი სიტყვის თაურასოდ დასმული ,,ქან’’ ასონიშანი როგორც ჯვრის გრაფიკული გამოსახულება, თავისათავად იპყრობს ყურადღებას და უნებურად ბადებს იჭვს, ხომ არ წარმოადგენს ღრმა სიმბოლიკური მნიშვნელობის ექვსი მსგავსფუძიანი სიტყვის თაურასოდ დასმული ,,ქანი’’ ასონიშნურ კორელატს იმ ,,ექვსი’’ ენისას, რომლისგანაც შეიქმნა ,,მეშვიდე’’ ენა – ქართული (,,და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული)? მაგრამ მაშინ, ანალოგიის სისრულისათვის, ქართულ ენას, როგორც ,,მეშვიდე’’ ენას და ამასთანავე უპირატეს ენას, ჩვენს ტექსტში უნდა შეესაბამებოდეს მეშვიდე და უმთავრესი ,,ქან’’ ასონიშანი, რომელიც დანარჩენ ექვს ,,ქანს’’ დაუპირისპირდებოდა.

და მართლაც, ტექსტში კიდევ, მხოლოდ ერთი სიტყვა შეიცავს ასონიშან ,,ქანს’’. ეს მეშვიდე ,,ქანი’’ თაურასოდ კი აღარ ზის, არამედ სიტყვის შიგნით არის მოქცეული, რითაც უპირისპირდება კიდეც ექვს დანარჩენ ,,ქანს’’ ისევე, როგორც ექვს ენას უპირისპირდება მათგან შექმნილი მეშვიდე ენა. ეს არის ამ კონტექსტში ცენტრალური, უძლიერესი აზრობრივი დატვირთვის მქონე სიტყვა ,,შექმნა’’ (,,და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული’’). თვითონ ამ განსხვავებული ,,ქანის’’ მატარებელი სიტყვაც უპირისპირდება დანარჩენ ,,ქანიან’’ სიტყვებს იმით, რომ იგი ,,ზმნაა’’ და არა ,,სახელი’’, ე.ი. უპირისპირდება მორფოლოგიური ასპექტითაც, როგორც წინადადების ,,ცენტრალური პუნქტი’’...

***

ახლა უნდა განიმარტოს, თუ რატომ არის გააზრებული ქართული ენა ,,ექვსი’’ ენისაგან შექმნილ ,,მეშვიდე’’ ენად. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთი წუთითაც არ ვივიწყებთ იმას, რომ მთელი ეს რიცხვული კონსტრუქცია, – ,,ექვსი’’ და მასთან უპირატესობის ნიშნით დაკავშირებული ,,მეშვიდე’’, – მხოლოდ და მხოლოდ რიცხვთა მითოლოგიურ სისტემას ემყარება და მას საერთო არაფერი აქვს ისტორიულ სინამდვილესთან. მით უმეტეს, საკითხავია, რატომ მაინცა და მაინც ეს და არა რომელიმე სხვა რიცხვული კონსტრუქციაა მოხმობილი ქართული ენის ,,შექმნის’’ გამოსახატავად. რატომ მაინცა და მაინც ,,ექვსი’’ ენისაგან იქმნება მათდამი უპირატესობის ნიშნით დაპირისპირებული ,,მეშვიდე’’ ენა, ქართული ენა.

,,ექვსთან’’ უპირატესობის ნიშნით დაკავშირებული ,,მეშვიდე’’, ჩვენი აზრით, თვლის შვიდობითი სისტემის რიცხვულ კონსტრუქციას ასახავს. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ (იხ. სეპტიმალური შესაბამისობის ცხრილი), რომ ექვსი მწკრივისაგან შემდგარ ყოველ რეგისტრში უკანასკნელ საფეხურს ჰქმნის ზღვრული სიდიდის მქონე მეექვსე მწკრივი, რომლის რიცხვები აუცილებლად ექვსისა და ექვსის ჯერადებისაგან შედგება: 6,6X7,6X72 და ა.შ. აღნიშნული გვაქვს, რომ თვითეული რეგისტრის მეექვსე მწკრივს მოსდევს მისი დამასრულებელი მეშვიდე მწკრივი, რომელიც ამ სისრულის გამო ახალ თვისობრიობას იძენს და ამიტომ თვითონ ხდება მომდევნო რეგისტრის პირველი მწკრივის დამწყები. ასე რომ, ,,მეშვიდე’’ მწკრივები, ფაქტიურად, ახალ რეგისტრებს უყრიან საფუძველს, ე.ი. მომდევნო რეგისტრების პირველ მწკრივებს იწყებენ. სწორ

ედ ეს მომენტი უნდა იყოს ფიქსირებული ,,ექვსისაგან’’ შექმნილ ,,მეშვიდე’’ ენაში, მომენტი, რომელიც ექვსივე მწკრივის გადალახვით მომდევნო რეგისტრის პირველ მწკრივში გადასვლას ასაჩინოებს. ,,ექვსი’’ ამთავრებს რიცხვთა აღმავალი გრადაციის ციკლს და ამდენად დროის თვალსაზრისით, ,,ექვსი’’ არის კვირაძლის ანუ უკანასკნელი ჟამის განმასახიერებელი რიცხვი. ექვსის შემდეგ რიცხვთა თვისობრივად ახალი ციკლი იწყება. ამიტომ არის ,,მეშვიდე’’ ენა თვისობრივად ახალი და ამდენად, აღმატებული და უპირატესი. ქართული ენის ,,ექვსი’’ ენისაგან (თუ ნათესავისაგან) შექმნის მითოლოგემაში ის აზრი უნდა იყოს გაცხადებული, რომ ამ ენამ გადალახა დროის ძველი ციკლი და დროის ახალი ციკლი დაიწყო. მაშასადამე, აქ მინიშნებულია დროის გარკვეულ მიჯნაზე ენაში მომხდარი უდიდესი გარდატეხის მომენტი. ეს მომენტი სიმბოლიკურად ქართული ენის ექვსი ენისაგან შექმნას ანუ ახალ თვისობრიობაში გადასვლას ასახავს, რაც ჩვენი აზრით, პირდაპირ არის დაკავშირებული ,,ქართული მწიგნობრობის’’ შექმნასთან.

ეს რიცხვულ-მითოლოგიური კონსტრუქცია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიბლიური წარმოშობისაა და იგი არა მარტო გამოცხადებაშია გამოვლენილი, არამედ იოანეს სახარებაშიც. მაგალითად, კანაში იესომ ქვის ექვს სარწყულში ჩაასხმევინა წყალი და ,,რქვა მათ: აღმოავსეთ აწ და მიართვით პურის უფალსა’’ (2,6). პურის უფალმა, როგორც ვიცით, ,,კეთილი ღვინის გემო იხილა’’ (2, 6-10). აქ, ,,ექვსი’’ სარწყულიდან ამოღებულ წყალს ,,მეშვიდე’’ ჭურჭლით სუფრაზე მორთმეული ,,კეთილი ღვინო’’ უპირისპირდება. ჩვენი აზრით, ამ პარადიგმაზეა აგებული ქართული ენის ექვსი ენისაგან შექმნის პასაჟი: ექვსი სარწყულიდან ამოღებული წყალი ხომ რომელიღაც სხვა ჭურჭელში ერთიანდება ,,კეთილ ღვინოდ’’.

კაპერნაუმში იესომ განკურნა სამეუფეო კაცის ძე, რომელიც ,,უმოლხინეს იქმნა მეშვიდესა ჟამსა’’ (4, 52), ხოლო შემდეგ ერთი უძლური კაცი. ,,მეყსეულად განცოცხლდა კაცი იგი და წავიდა, ხოლო იყო შაბათი დღე იგი’’ (5,9). პირველ მაგალითში აქცენტირებულია მეშვიდე ჟამი, ხოლო მეორეში მეშვიდე დღე, ვინაიდან ,,შაბათი’’ კვირის მეშვიდე დღეა. ამ მაგალითებშიც მეშვიდე ჟამი და მეშვიდე დღე უპირისპირდება დანარჩენ დღეებს კვირისას, როგორც სასიცოცხლო მობრუნების, განკურნების თუ განახლების განსაკუთრებული, გამორჩეული დღე.

,,მეფეთა ცხოვრების’’ ავტორს, წერს კ. კეკელიძე, ,,მუდამ თვალწინ აქვს ბიბლია, საიდანაც ის უხვად იღებს სახელებს, სახეებს, ფაქტებს და გამოთქმებს’’ (ეტიუდები, II, 1945, გვ. 274). მაგრამ არა მარტო ამ კომპონენტებს. რიცხვულ-მითოლოგიური კონსტრუქციებიც აქედანვეა აღებული, მაგალითად: იესო რომ ჯვარს აცვეს ,,იყო პარასკევი პასქაჲსაჲ და ჟამი იყო მეექვსე’’ (19,14), ე.ი. დღეც მეექვსე იყო (პარასკევი მეექვსე დღეა კვირისა) და ჟამიც მეექვსე. რატომ? იმიტომ რომ ,,ექვსი’’ თვლის შვიდობით სისტემაში რიცხვული გრადაციის უმაღლესი საფეხურია (ისევე როგორც თვლის ათობით სისტემაში ,,ცხრა’’), რომლის შემდეგ ახალი თანრიგი იწყება. აღსანიშნავია, რომ ზემოთმოყვანილი სახარებისეული ფრაზა უმნიშვნელო კორექტივით კალკირებულია ,,მეფეთა ცხოვრებაში’’, კერძოდ,  ,,ნინოს მიერ ქართლის მოქცევაში’’: ,,ხოლო ოდეს იქმნა ესე, ჟამი იყო მეექვსე და დღე მეექვსე’’ (ქ. ცხ. გვ. 92).

ეს ფრაზა შემთხვევით არ არის მოხმობილი. ,,ქართლის მოქცევაში’’ იგი ასრულებს ერთ დიდ მონაკვეთს თხრობისას, რომელიც არმაზის კერპის და მისდამი ზორვის სადღესასწაულო სურათის აღწერით იწყება. ამ სურათის ხილვით შეძრწუნებული ნინო ლოცულობს. ,,და ვითარცა დაასრულა ლოცვა... ხმა სცეს ქუხილთა ხმითა საზარელითა... და მეყსეულად მოიწია რისხვისა იგი ღრუბელი... და მოიღო სეტყვა ლიტრისა სწორი... და დააწვლილნა კერპნი იგი და დამუსრა... ხოლო მასვე დღესა რისხვისასა, ოდეს დასცხრა სეტყვა იგი და ქარი სასტიკი, მაშინ გამონიშნა ნიში ქრისტეს ჯუარისა... და მადლობდა ღმერთსა და ევედრებოდა, რათა მოხედნეს წყალობით ერსა მას შეცდომილსა. ხოლო ოდეს იქმნა ესე, ჟამი იყო მეექვსე და დღე მეექვსე’’...

როგორც ვხედავთ, ,,ჟამი მეექვსე და დღე მეექვსივე’’ სახარებაში ქრისტეს ჯვარცმის, ხოლო ,,ქართლის მოქცევაში’’ კერპთა შემუსვრის, არმაზული სარწმუნოების აღსასრულის, ე.ი. დროის ძველი ციკლის დამთავრების დღეა. ამ დღის შემდეგ ,,ქება-დიდება ქრისტესი არღარა ფარულად ითქმოდა ქართლსა შინა, რამეთუ მადლსა ღმრთისასა ეწყო მიფენად აღმოსავლეთს’’ (გვ. 92). მაშასადამე, ეს არის მიჯნის, ქვეყნის ცხოვრებაში უდიდესი გარდატეხის დღე. მთავრდება კერპთაყვანისცემის არმაზული ეპოქა და იწყება ახალი ხანა, ქრისტეს არა ,,ფარული’’, არამედ ლეგალური დიდების ხანა.

ამრიგად, ,,ექვსი’’ უკანასკნელი ჟამის, მიჯნის, გრადაციის უმაღლესი საფეხურის განმასახიერებელი რიცხვია თვლის შვიდობით სისტემაში. ამ რიცხვის მითოლოგემით არის გაცხადებული იოანეს სახარებაში ქრისტეს ჯვარცმის, ხოლო ,,ქართლის მოქცევაში’’ არმაზული ეპოქის დამხობის ჟამი. ამავე რიცხვით არის გამოხატული სხვადასხვა ენებიდან ქართული ენის შექმნის სიმბოლიკური აზრი, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ,,ფარნავაზის ცხოვრების’’ ბოლო მონაკვეთთან, სადაც ანბანის უნიკალური ცნობაა მოცემული. თვითონ ეს მონაკვეთი რიცხვული სიმბოლიკის საშუალებით გვიცხადებს ,,სამარ – ფარნავაზ’’ სახელების იზოფსეფიას, რომელიც თავის მხრივ, სეპტიმალური შესაბამისობის რიცხვული სისტემის გასაღებს წარმოადგენს და პირდაპირ არის დაკავშირებული გამოცხადების ტექსტთან.

ასეთია ჩვენი თვალსაზრისი ,,ფარნავაზის ცხოვრების’’ იმ ბოლო მონაკვეთთან დაკავშირებით, რომელშიც ქართული ანბანის შექმნის უნიკალური ცნობაა გაცხადებული. აღნიშნულ მონაკვეთში გამჟღავნებული შინაარსის პირდაპირ, უშუალო ინტერპრეტაციას უთუოდ იმისაკენ მივყავართ, რომ უარყოფილ იქნას იგი, როგორც ისტორიული ფაქტი, რადგან ქართული ანბანის წარმოშობასთან დაკავშირებული ყველა ჰიპოთეზა და თეორია, სულერთია, ასახავენ თუ არა ისინი რეალურ ვითარებას, გვერდს უვლის სწორედ იმ პერიოდს, როცა ,,ფარნავაზის ცხოვრების’’ მიხედვით ანბანის შექმნაა ნავარაუდევი. ამ ცნობისადმი ნდობამ გვაიძულა სხვა გეზითა და მიმართულებით მოგვესინჯა მისი ახსნის შესაძლებლობა, გაგვეანალიზებინა იგი როგორც სიმბოლიკურ-ენიგმური ტექსტი და მისი არსებობა აგვეხსნა თვითონ ქართული ანბანის რიცხვული სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე მეთოდით.

 

7

,,სამარ – ფარნავაზ – არმაზ’’ სახელების იზოფსეფიები რიცხვთა სეპტიმალური შესაბამისობის საკვანძო მონაცემებს გვიმხელს. ჩვენი აზრით, ეს არის კოდზე მიმანიშნებელი მეტაინფორმაცია და სწორედ ამიტომ მასთან დაკავშირებით გავაანალიზეთ ,,ფარნავაზის ცხოვრების’’ ის ბოლო მონაკვეთი, სადაც ქართული ,,მწიგნობრობის’’ ანუ ანბანის შექმნის ცნობაა გაცხადებული. ჩვენ ვეცადეთ ნათელგვეყო ამ ცნობის ცხადი თუ ფარული კავშირები გარემომცველ ტექსტთან (,,მეფეთა ცხოვრება’’), რომლის ცალკეული პასაჟები, როგორც ჩვენ ვეცადეთ გვეჩვენებინა, ასევე აცნაურებენ კავშირს რიცხვთა სეპტიმალურ სისტემასთან. ერნ. ბინდელის წიგნზე (,,რიცხვთა სულიერი საფუძვლები’’, შტუტჰარტი, 1958) დაყრდნობით ვცდილობდით გვეჩვენებინა აგრეთვე ის, რომ ეს სისტემა ბიბლიიდან, უპირატესად კი, იოანეს სახარებიდან და გამოცხადებიდან არის მოხმობილი როგორც ,,მეფეთა ცხოვრებაში’’ დადასტურებული რიცხვული კონსტრუქციების საფუძველი. მაგრამ ღიად რჩება უმთავრესი საკითხი – რა კავშირი აქვს თვითონ ანბანს ამ რიცხვულ სისტემასთან?

ანბანში ფონემურ და რიცხვულ სისტემებს მხოლოდ ანბანური გრაფიკა, ე.ი. ასონიშნური სისტემა ასახიერებს და ამ აზრით, მხოლოდ ასონიშანთა გრაფიკულ სტრუქტურას შეუძლია ზემოაღნიშნული ფაქტის უარყოფა ან დადასტურება. მოვიხმოთ ქართული ანბანი და ვნახოთ, ასახავს თუ არა იგი სეპტიმალური შესაბამისობის რიცხვულ სისტემას.

როგორც ვიცით, ამ შესაბამისობის პირველი წყვილეულია 7 – 10. ამ რიცხვების კვადრატების ჯამით გამოიხატება სწორედ ანბანის შემოქმედის საღმრთო სახელის იზოფსეფია: ,,არმაზ’’ – 149 (72–102). ბუნებრივი იქნებოდა ასომთავრულ ანბანში გამოგვეყო 7 – 10 და მათი ჯამის შემცველ 17 ადგილებზე დამაგრებული ასოები და გაგვეანალიზებინა მათი გრაფიკული სტრუქტურა. რიგის 7-ე, 10-ე და 17-ე ადგილებზე ქართულ ანბანში ,,ზენ-ინ-პარ’’ ასოები ზის. უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ არავისთვის საეჭვო არ არის მათი მოხაზულობის არცერთი ელემენტი. ამ ასოებს არ განუცდია პალეოგრაფიული დეფორმაცია. ეპიგრაფიკულ ძეგლებსა და პალიმფსესტებში დადასტურებული მათი გრაფიკული ხატი სავსებით ცხადი და უეჭველია იმდენად, რომ ჩვენ შეგვიძლია მათი ილუსტრირებისას ვისარგებლოთ ანბანურ პლაკატებში დაბეჭდილი ამ ასოების პირით.

როგორია, ანბანური რიგის 7 – 10 და მათი ჯამისაგან მიღებულ 17-ზე დამაგრებულ ,,ზენ-ინ-პარ’’ ასოების მოხაზულობა?

ეს ასოები, როგორც მოსალოდნელი იყო, განირჩევიან ურთიერთისაგან, რადგან ასონიშანთა ვიზუალური ხატის ურთიერთსხვაობის საფუძველზეა კონსტრუირებული ნებისმიერი ანბანის გრაფიკული სისტემა. აქაც, ქართულ ასომთავრულში, ,,ყოველი ასოს ნაკვთს თავისი დამახასიათებელი ნაწილი აქვს, რომლითაც იგი სხვა ასოსგან ნიშანდობლივ განირჩევა, მაგრამ ამავე დროს ისეთი ნაწილებიც მოეპოვება, რომლითაც იგი სხვა ასოს ან ასოებს მიაგავს’’ (ივ. ჯავახიშვილი, ქართული პალეოგრაფია, 1949, გვ. 105). დავაკვირდეთ ,,ზენს’’ (7): ვიზუალური აღქმა ამ გრაფემაში უმალვე აფიქსირებს წრიულ ელემენტს, რაც არ გააჩნია არც ,,ინს’’ (10) და არც ,,პარს’’ (17) ასევე ,,ინში’’ თვალი აფიქსირებს სწორხაზოვნებას, ხოლო ,,პარში’’ ნალისებურ მოგრძო ვერტიკალურ კორპუსს, რაც ორ დანარჩენ ასონიშანს არა აქვს. ასე რომ მათი ვიზუალური ხატის სხვაობა აშკარა და თვალსაჩინოა. მაგრამ ასევე აშკარა და თვალსაჩინოა მათი მსგავსებაც, რაც ანბანის გრაფიკული სისტემის კონტექსტში კიდევ უფრო აშკარა ხდება. მაგალითად, თვალსაჩინოა, რომ სამივე ამ ასონიშანს ერთმანეთთან აკავშირებს ვერტიკალური ღერძი და მის თავზე მარცხნივ წარზიდული შედარებით მოკლე განივი ხაზი. ღერძისა და ამ განივი ხაზის მეშვეობით შექმნილი კუთხოვანი ელემენტი გვაძლევს სწორედ იმ სპეციფიკურ ვიზუალურ ხატს, რომელიც ერთი მხრივ, ხაზს უსვამს მათ უცილობელ მსგავსებას, ხოლო მეორე მხრივ, მათ სხვა ასონიშნებისაგან გამოარჩევს. ეს ფაქტი უთუოდ იმაზე უნდა მიგვითითებდეს, რომ ასომთავრული ანბანის 7, 10 და 17 რიგის რიცხვებზე დამაგრებული ასოების გრაფიკული სტრუქტურა ადასტურებს სეპტიმალური შესაბამისობის რიცხვულ სისტემასთან კავშირს. თუ ეს ჩვენი ანალიზი სწორია, ე.ი. თუ ზემოთმოყვანილ ფაქტს არგუმენტის მნიშვნელობას მივანიჭებთ, მაშინ ნათელი გახდება, რომ ანბანის შემოქმედს საკუთრივ ანბანის გრაფიკული ქმნადობის პროცესშივე აქვს გათვალისწინებული პირველი სეპტიმალური წყვილეულის (7 – 10) და მათი ჯამის (17) რიცხვები, რომლებზეც მან გარკვეული გრაფიკული ელემენტით მსგავსი ასონიშნები დაამაგრა. ამ აზრით, ანბანის შემოქმედის მიზანდასახულებას უნდა ამჟღავნებდეს ისიც, რომ ანბანური რიგის 7 – 10 და 17 ადგილებზე დამაგრებული გრაფემები, ფაქტიურად, ,,არმაზ’’ სახელის იზოფსეფიის (72+102) გრაფიკულ კორელატს წარმოადგენს... მაგრამ ასეთი დასკვნა, როგორცა ჩანს, სხვა და ამასთანავე, უფრო დამაჯერებელი მაგალითების მოხმობასა და არგუმენტირების უფრო მეტ თვალსაჩინოებას მოითხოვს. ,,ზენ-ინ-პარ’’ ასოების ერთ გრაფიკულ ჯგუფში გაერთიანება თავისთავად გვიბიძგებს იქითკენ, რომ მათთან მსგავსების თვალსაზრისით შევამოწმოთ ასომთავრული ანბანის უკლებლივ ყველა ასონიშანი.

და აი, ასეთნაირი საგულდაგულო შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ კიდევ ერთი გრაფემა ატარებს იმავე გრაფიკულ ელემენტს, რის საფუძველზეც ჩვენ ერთად დავაჯგუფეთ 7, 10 და 17 რიგის რიცხვებზე დამაგრებული ,,ზენ-ინ-პარ’’ გრაფემები. ეს გახლავთ ანბანური რიგის 13-ე ასონიშანი ,,მან’’ ამ ასონიშანსაც იგივე ღერძი და ამ ღერძის თავზე მარცხნივ წაზიდული იგივე განივი ხაზი აქვს, ოღონდ, ამ თვალსაზრისით, ანბანის საერთო გრაფიკული კონტექსტიდან ,,მანის’’ გამოყოფას აძნელებს ის, რომ ,,ზენ-ინ-პარ’’ ასონიშნებისაგან განსხვავებით მას ღერძისწინა მუცელი აქვს, რაც ერთგვარად ნიღბავს ზემოაღნიშნულ ასონიშნებთან მის მსგავსებას. მაშასადამე, ანბანში გვაქვს კიდევ ერთი (მეტი არა) ისეთი ასონიშანი, რომელიც გრაფიკული მსგავსების ნიშნით ,,ზენ-ინ-პარ’’ ასოთა ჯგუფს მიეკუთვნება. საკითხავია, რატომ ერთიანდება ,,მანი’’ ასონიშნების ამ გრაფიკულ ჯგუფში, ე.ი. რა კავშირი აქვს ,,მანის’’ რიგის რიცხვს 13-ს ,,ზენ-ინ-პარ’’ გრაფემების რიგის რიცხვებთან?

სეპტიმალური შესაბამისობის პირველი წყვილეულია 7 – 10, რაც იმას ნიშნავს, რომ 7-ს შეესაბამება 10. მაგრამ რა შეესაბამება თვითონ 10-ს? 10 (7+3)-ს შეესაბამება 13 (10+3). ამავე წესით და ამნაირად 13 (7+6)-ს შეესაბამება 16 (10+6) და ა.შ.

 7  –––––––– 10                                       14 –––––––– 20

 8  –––––––– 11                                        15 –––––––– 21

 9  –––––––– 12                                        16 –––––––– 22

10 –––––––– 13                                        17 –––––––– 23

11 –––––––– 14                                        18 –––––––– 24

12 –––––––– 15                                        19 –––––––– 25

13 –––––––– 16                                        20 –––––––– 26

როგორც ვხედავთ, ,,მანის’’ ანბანური რიგის რიცხვი 13 ჩართულია სეპტიმალურად შესაბამებული თანმიმდევარი რიცხვების მწკრივში. აქედან კი ის დასკვნა უნდა გამოვიტანით, რომ ასომთავრულ ანბანში მსგავსი გრაფიკული ელემენტით ერთმანეთთან დაკავშირებული და ყველა სხვა ასოებისაგან განსხვავებული ასოთა ჯგუფი. ერთი მხრივ, სეპტიმალურად თანმიმდევარ სამ რიცხვს გამოჰყოფს 7 – 10 – 13, ხოლო მეორე მხრივ, პირველი ორის ჯამს 7+10=17. ჩვენ აღნიშნული გვაქვს, რომ ანბანური რიგის 7, 10 და 17 ადგილებზე დამაგრებული გრაფემები ,,არმაზ’’ სახელის იზოფსეფიის გრაფიკულ კორელატს წარმოადგენს და ამდენად ადასტურებს ასომთავრული ანბანის ამ გრაფემებთან სეპტიმალური შესაბამისობის რიცხვული სისტემის უეჭველ კავშირს. მაგრამ საკითხავია, რას გვანიშნებს სეპტიმალურად შესაბამებული თანმიმდევარი რიცხვების 7 –10 – 13 მწკრივი, ან რა ფუნქციას ასრულებს ამ მწკრივთან მიმართებაში რიცხვი 17?

საქმე ისაა, რომ სეპტიმალური შესაბამისობის რიცხვულ სისტემაში ყოველ რიცხვს შეესაბამება გარკვეული რიცხვი, მაგრამ ყოველი რიცხვი არ წარმოადგენს რომელიმე სხვა რიცხვის სეპტიმალურად შესაბამებულ ერთეულს, მაგალითად, რიცხვები 7, 8, 9 (პირველი ათეული, 17, 18, 19 (მეორე ათეული), 27, 28, 29 (მესამე ათეული), 37, 38, 39 (მეოთხე ათეული) და ა.შ. არცერთ სხვა რიცხვს არ შეესაბამებიან, მაგრამ თვითეულ მათგანს შეესაბამება გარკვეული რიცხვი, რის გამოც ისინი თვითონ იწყებენ სეპტიმალური შესაბამისობის თანმიმდევარ რიცხვთა სამწკრივიან ბადეს. პირველ ასეთ სამწკრივიან ბადეს ანბანური რიგის ფარგლებში ჰქმნის რიცხვები 7, 8 და 9...

7  ––––––––  10  ––––––––  13

8  ––––––––  11  ––––––––  14

9  ––––––––  12  ––––––––  15

მეორე სამწკრივიან ბადეს ჰქმნის რიცხვები 17, 18 და 19...

17 ––––––––  23  ––––––––  32

18 ––––––––  24  ––––––––  33

19 ––––––––  25  ––––––––  34

მესამე სამწკრივიანი ბადე უნდა შეექმნათ რიცხვებს 27, 28, 29-ს, მაგრამ ასომთავრულის ანბანური რიგის ფარგლებში მხოლოდ 27 – 36-ის შესაბამისობა საჩინოვდება. 28-სთან შესაბამებული 40 და 29-სთან შესაბამებული 41 გადის ანბანის რიგითი სისტემის ფარგლებიდან და ამიტომ ცხრილში ვერ აისახება. რაც შეეხება ანბანური რიგის უკანასკნელ 37-ს, იგი კენტად რჩება, რაკი მასთან შესაბამებული რიცხვი, თავისთავად ცხადია, ანბანური რიგის გარეთ აღმოჩნდება.

ადვილი შესამჩნევია, რომ პირველ სამწკრივიან ბადეში 7 – 10 – 13 ანბანური რიგის რიცხვებზე დასმული, გარკვეული გრაფიკული ელემენტით მსგავსი ,,ზ – ი – მ’’ ასონიშნები ცხრარიცხვიან მონაკვეთს საზღვრავენ და საფიქრებელია, ანბანის შემოქმედი რიცხვთა სწორედ ამ მონაკვეთზე გვიმახვილებდეს ყურადღებას. ხოლო თუ ასეა, მაშინ გასაგები ხდება რა ფუნქციას ასრულებს 7 – 10 – 13 რიცხვებთან მიმართებაში 17. ამ რიცხვით – 17-ით იწყება ანალოგიური, მეორე ცხრარიცხვიანი მონაკვეთი, რომელსაც თვითონ ანბანური რიგის ფარგლები საზღვრავს ისე, რომ ეს ცხრა რიცხვი თავის თავში ჩაკეტილ და დასრულებულ მთლიანობას წარმოადგენს. ამ მეორე მონაკვეთის გამოყოფას შემდეგი გარემოებაც ადასტურებს: თუ პირველი ცხრარიცხვიანი მონაკვეთის ცალკე მთლიანობად გამოყოფაზე მიგვითითებს გრაფიკული ელემენტით მსგავსი ,,ზ – ი – მ’’ ასოების მწკრივი, მეორე ცხრარიცხვიანი მონაკვეთის მიმართ ანალოგიურ როლს ასრულებს მსგავსი სახელდებით გაერთიანებული ,,პარ – ფარ – ჭარი’’. ასე რომ, ერთ-ერთი ასპექტი 17-ე ,,პ’’ გრაფემის ,,ზ – ი – მ’’ ასოების გრაფიკულ ჯგუფში გაერთიანებისა ის უნდა იყოს, რომ ყურადღება გამახვილდეს მეორე სამმწკრივიან ბადეზე. მაშასადამე, ანბანის შემოქმედის ფარული, მაგრამ მკაფიო და ზუსტი მითითების შედეგად მივიღეთ სეპტიმალურად შესაბამებულ რიცხვთა ორი ცხრარიცხვიანი მონაკვეთი.

აქვე უნდა შევნიშნოთ: თვითეულ სამმწკრივიან მონაკვეთში ეს ცხრა რიცხვი სიმეტრიულად, სამ ვერტიკალურ და სამ ჰორიზონტალურ წერტილად არის განლაგებული, რაც ბუნებრივად ჰქმნის კვადრატის ხატს, რაკი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ღერძებით დახაზული კვადრატი გადაკვეთის სწორედ ცხრა წერტილს ასაჩინოებს (აღსანიშნავია, რომ ათასწლოვანი ანტიკური მოძღვრების თანახმად, რიცხვი 9 სამი თანმიმდევარი კენტი რიცხვის ჯამს უდრის: 1+3+5=9, ხოლო ნებისმიერი რაოდენობის კენტი თანმიმდევარი რიცხვის ჯამი კვადრატის ფიგურას ასახიერებს). ამრიგად ჩვენს ხელთაა ორი ცხრა რიცხვიანი ,,მცირე’’ და ,,დიდი’’ რიცხვული კვადრატი: ,,მცირე’’ იმიტომ, რომ მისი რიცხვწერტილების ჯამი 99-ს ჰკრებს, ,,დიდი’’ კი იმიტომ, რომ მისი რიცხვწერტილების ჯამი 225-ს ჰკრებს. მაგრამ რას უნდა გვეუბნებოდეს ეს ორი რიცხვული კვადრატი, რომლებიც ერთმანეთთან სეპტიმალურად შესაბამებულ ცხრა-ცხრა რიცხვს შეიცავს? ანბანის შემოქმედის რა მიზანდასახულება უნდა ამოვიკითხოთ ამაში?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავიხსენოთ ქართული ასომთავრულის, როგორც მონუმენტური ანბანის, გრაფიკული სისტემის არსი: კაპიტალური ანუ მონუმენტური ანბანების თვითეული ასოს მოდელს ვერტიკალურ-ჰორიზონტალური და დიაგონალური ღერძებით გადაკვეთილი კვადრატი განსაზღვრავს. ჰარდერის აზრით, ბერძნულ ანბანში (,,ბერძნულში’’ იგი ლათინურსაც გულისხმობს) ასოები უჩინარ კვადრატში ან ნახევარკვადრატშია ჩაწერილი. თვითეულ ასოს თავისი საკუთარი ერთნაირი სიდიდის სახლი ანუ საკუთარი გეომეტრიული ადგილი აქვს (,,ბერძნული დამწერლობის შექმნა’’, 1942). I-V საუკუნეების ლათინურ და ბერძნულ ანბანებში ასოთა გრაფიკის ეს საეტალონო კვადრატი აშკარა და უეჭველია.

იგივე აზრია გამოთქმული ქართულ ასომთავრულზეც, რაკი მასში ,,მონუმენტური დამწერლობის ზოგადი პრინციპებია განხორციელებული’’ (რ. პატარიძე). ასომთავრულის ყველა ასოს მოხაზულობა კვადრატში თავსდება’’ (ელ. მაჭავარიანი). ,,ასომთავრული დამწერლობა იმგვარია, რომ ცალკეული ასოები, თუ მათ დაუმახინჯებლად დავწერთ, ავსებენ კვადრატს ან მის ნახევარს’’ (ვ. ბოედერი). ამავე აზრს ვასაბუთებდით ჩვენც ,,საბჭოთა ხელოვნებაში’’ გამოქვეყნებულ წერილებში: ,,ასომთავრულის გეომეტრიული სტრუქტურა’’, N 8, 1977 და ,,ასომთავრულის ერთიანი გრაფიკული სისტემა’’, N 4, 1981.

მაშასადამე, ერთი მხრივ, გვაქვს რიცხვული კვადრატები, ხოლო მეორე მხრივ, გეომეტრიული კვადრატის თარგში გამოყვანილი ასონიშნები. ლოგიკური და კანონზომიერი იქნებოდა ასომთავრულის ასონიშნები ჩაგვესვა ამ რიცხვულ კვადრატებში და გაგვერიცხვიანებინა ისინი. მაგრამ რომელი ასონიშნები უნდა გავარიცხვიანოთ სხვებზე უწინარეს?

კანონზომიერი იქნებოდა სხვებზე უწინარეს ანბანური რიგის 7 – 10 ადგილებზე დამაგრებული ასონიშნების გრაფიკული რიცხვი გაგვესინჯა, რადგან 7 – 10 სეპტიმალური შესაბამისობის რიცხვული სისტემის პირველი წყვილეულია, ხოლო ეს სისტემა სწორედ ანბანური რიგის 7 – 10 რიცხვებზე დამაგრებული გრაფიკულად მსგავსი ასოების მეშვეობით ამყარებს კავშირს ანბანთან. ჩავხაზოთ ასომთავრულის 7 და 10 რიგის რიცხვებზე დამაგრებული ,,ზ – ი’’ გრაფემები ჯერ ე.წ. ,,მცირე’’ რიცხვულ კვადრატში...

როგორც ვხედავთ, მცირე რიცხვულ კვადრატში ,,ზ – ი’’ ასონიშნების გრაფიკული რიცხვებია 28 (7+10+11) და 40 (7+10+11+12). რას წარმოადგენს ეს რიცხვები?

აღვნიშნოთ ჯერ ის, რომ ანბანური რიგის 7-ე ადგილზე მჯდარი ,,ზენ’’ ასონიშნის გრაფიკული რიცხვი (28) თანმიმდევარი რიცხვების ჯამითაც 7-ს წარმოადგენს (1+2+3+4+5+6+7=28). მაშასადამე, ,,ზენ’’ ასონიშნის გრაფიკული რიცხვი მისსავე ანბანური რიგის (და ამასთანავე სათვალავის) რიცხვს ასაჩინოებს. რაც შეუძლებელია შემთხვევითობას მიეწეროს, რადგან თვლის შვიდობით სისტემაში 7 ისეთივე ფუძე რიცხვია, როგორიც თვლის ათობით სისტემაში 10. სწორედ ამიტომ 7-ს შეესაბამება 10 და ამიტომვე 4X7-ს შეესაბამება 4X10. როგორც ვხედავთ, არა მარტო ამ ასოების ანბანური რიგის რიცხვები 7 – 10 წარმოადგენს სეპტიმალურად შესაბამებულ წყვილს, არამედ მათი გრაფიკული რიცხვებიც 28 – 40!

ახლა დიდ რიცხვულ კვადრატში ჩავხაზოთ ეგევე გრაფემები...

აქ მათი გრაფიკული რიცხვებია 64 და 89, რაც ჯამში 153 გვაძლევს. ამ რიცხვზე ჩვენ უკვე გვქონდა ლაპარაკი. ეს იმ ,,ას ერგასის და სამი’’ თევზის რიცხვია, მკვდრეთით აღმდგარი იესოს რჩევის შემდეგ რომ დაიჭირეს მოწაფეებმა. რატომ მაინცდამაინც 153-ს გვაძლევს ამ ორი ასოს გრაფიკულ რიცხვთა ჯამი? იმიტომ რომ 153 წარმოადგენს 17 თანმიმდევარი რიცხვის ჯამს. 153-ით სწორედ ეს ცხადდება.

ამრიგად, მცირე და დიდ რიცხვულ კვადრატებში ჩახაზულ ამ ასონიშნების გრაფიკულ რიცხვსა და ამიტომ მოხაზულობასაც რიცხვული კვადრატები განსაზღვრავენ. ეს კი იმას ცხადყოფს, რომ ამ ასონიშნების ესთეტიკურ-გრაფიკული ხატი აღნიშნულ კვადრატებში განლაგებული რიცხვწერტილების აუცილებელი გათვალისწინებით არის შექმნილი.

მაგრამ ასონიშნების რიცხვულ კვადრატში ჩახაზვა და მათი გარიცხვიანება იმდენად შორს გამიზნული შედეგების მქონე, მრავლისმეტყველი და ამავე დროს, განსაცვიფრებელი ფაქტია, რომ მარტო ზემოთმოტანილი, თუნდაც თვალსაჩინო მაგალითის მოხმობით ვერ დავკმაყოფილდებით, უაღრეს ინტერესს უნდა იწვევდეს, თუ როგორი რიცხვით არის აღბეჭდილი ასომთავრულის პირველი ასო ,,ანი’’...

მცირე რიცხვულ კვადრატში ჩახაზული ,,ა’’ გრაფემა 65-ს ჰკრებს, რაც თითქოს არავითარ მინიშნებას არ შეიცავს, თუ იმას არ მივიღებთ მხედველობაში, რომ ამ რიცხვით გაცხადებულია ფარნავაზის მეფობის წლები: ,,ოცდაშვიდისა წლისა მეფე იქმნა და სამოცდახუთ წელ მეფობდა ნებიერ’’...

რაც შეეხება დიდ რიცხვულ კვადრატში ჩახაზულ ,,ა’’ გრაფემას, მისი გრაფიკული მონახაზი შემდეგ რიცხვწერტილებს მოიცავს: 17+23+32+18+25+34. რას გვიცხადებს ამ რიცხვწერტილების ჯამი? რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, 149-ს, ,,არმაზ’’ სახელის იზოფსეფიას! გავითვალისწინოთ: ასომთავრული ანბანის პირველი ასოს გრაფიკულ რიცხვში დაშიფრულია ამავე ანბანის შემოქმედის საღმრთო სახელის იზოფსეფია – 149, რასაც 49 – 100 სეპტიმალური შესაბამისობის ჯამი ჰქმნის. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ,,არმაზ’’ სახელის იზოფსეფიას გრაფიკული რიცხვით ასაჩინოებს ამავე ,,არმაზ’’ სახელის აბრევიატურა, ე.ი. თაურასო. ეს უსათუოდ დამარწმუნებელი ფაქტია. აშკარაა, რომ სეპტიმალური შესაბამისობის რიცხვული სისტემა არა მარტო ,,სამარ – ფარნავაზ – არმაზ’’ სახელების იზოფსეფიებს მსჭვალავს, არამედ ასომთავრული ანბანის აქ გაანალიზებულ ასონიშნების გრაფიკაზეც ვრცელდება. ცხადი ხდება, რომ ანბანის შემოქმედის საღმრთო სახელი ,,არმაზ’’ და ანბანის გრაფიკული ნახაზი ერთი წყაროდან მომდინარეობს, რომ ურთიერთკოორდინირებულია როგორც ანბანის გრაფიკული სისტემა, ისე რიცხვთა ის სიმბოლური ნომინაციები (,,სამარ – ფარნავაზ – არმაზ’’), რომლებშიც სეპტიმალურად შესაბამებულ რიცხვთა გასაღებია ჩადებული.

ამრიგად, სეპტიმალური შესაბამისობის რიცხვული სისტემის საფუძველზე თავის ,,ჭეშმარიტ სახლს’’ – ასომთავრულ ანბანს დაუკავშირდა ,,ფარნავაზის ცხოვრებაში’’ გაცხადებული ქართული ანბანის შექმნის ცნობა. ახლა ნათელი უნდა იყოს, რომ ამ ცნობაში ჭეშმარიტი ინფორმაციაა გამჟღავნებული, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და ახლებურად აშუქებს ჩვენს უნიკალურ ცნობას, რომლის აუთენტიკურობაში ეჭვი აღარ უნდა შევიტანოთ. ამ ცნობის მხოლოდ მითოლოგიზებულ მოთხრობაში ჩართული ,,ლეგენდის’’ დონეზე განხილვა გაუმართლებელია. იგი უნდა განიმარტოს, როგორც კოდზე მიმანიშნებელი მეტაინფორმაცია და შესაბამისი მეთოდით გაანალიზდეს.

 

 

 

 

 


 


 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი აბრაამ დაყუდებული და ნეტარი მარიამი, ძმისწული მისი (+დაახლ. 360)
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) აღინიშნება ღირსი აბრაამ დაყუდებულისა და ნეტარი მარიამის, მისი ძმისწულის (+დაახლ. 360) ხსენების დღე.
ღირსმოწამე ანასტასია რომაელი (III)
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) აღინიშნება ღირსმოწამე ანასტასია რომაელის (III) ხსენების დღე.
gaq