საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს სულიერი მისია

გერონტი ქიქოძე - „ენა და ეროვნული ენერგია“
გაიოზ მამალაძე
1960 წლის 1 აგვისტოს გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მწერალი, ესეისტი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და ეროვნული იდეოლოგი გერონტი ქიქოძე.

გერონტი ქიქოძე დაიბადა 1885 წლის 4 სექტემბერს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში. სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. 1903 წლიდან სწავლა განაგრძო ევროპაში, ჯერ ლაიფციგში, შემდეგ კი ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1912 წელს დაამტავრა უნივერსიტეტი.

მისი პირველი წერილი გამოქვეყნდა 1905 წელს გაზეთ „მოგზაურში“. ლიტერატურული მოღვაწეობა 1910 წლიდან დაიწყო.

1920-იან წლებში უნივერსიტეტში კითხულობდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიის კურსს.

1927-1928 წელს გახლდათ ერთ-ერთი ინიციატორი და მოთავე ლიტერატურული დაჯგუფება“არიფიონისა“ და ალმანახ „არიფონის“ ხელმძღვანელიც ("არიფიონის" წევრები იყვნენ ვ. გორგაძე, შ. დადიანი, კ. კაპანელი, ბ. მელიქიშვილი, ლ. მეტრეველი, ი. მოსაშვილი, მ. მრევლიშვილი, დ. სულიაშვილი, ი. ტატიშვილი, პ. ქავთარაძე, ლ. ქიაჩელი, გ. ქიქოძე, ს. შანშიაშვილი, კ. ჭიჭინაძე, მ. ჯავახიშვილი).

ბრწყინვალე განათლებისა და შესანიშნავი ქართულის მცოდნემ დიდი წვლილი შეიტანა ქართულ ენაზე ფრანგული ლიტერატურის შედევრების თარგმნაში. ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის კლსიკურ ნიმუშად ითვლება გერონტი ქიქოძის მიერ ფრანგულიდან ნათარგმნი „ტრისტანი და იზოლდა“, „წითელი და შავი“. „იტალიური ქრონიკები“, „შაგრენის ტყავი“, პროსპერ მერიმეს ნოველები და სხვა.

მშვენიერი გემოვნების ლიტერატორის კრიტიკული წერილები და ესეები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ლიტერატურათმცოდნეობისათვის. ქიქოძის შრომებს შორის აღსანიშნავია "წერილები ხელოვნებაზე", "ქართული ლიტერატურის ისტორია", "მოგონებები, სიტყვები, წერილები", "ეტიუდები და პორტრეტები" და სხვა. ქართულ მემუარულ ლიტერატურაში ერთ-ერთი საუკეთესოა ქიქოძის "განთიადიდან შუადღემდე".

დიდებულია ის როგორც ეროვნული იდეოლოგი.

როგორც ვთქვით, გერონტი ქიქოძე გარდაიცვალა 1960 წლის 1 აგვისტოს.

დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მკითხველს ვთავაზობთ გერონტი ქიქოძის ერთ შესანიშნავ იდეოლოგიურ წერილს „ენა და ეროვნული ენერგია“, რომელიც დაიბეჭდა 1914 წელს „სახალხო ფურცელში“. მაშინ ავტორი მხოლოდ 29 წლისა იყო. მაგრამ ამ წერილით ბევრ რამეს ისწავლის ერის ბედის გამო ფიქრს მიცემული კაცი. ეს წერილი ძალიან აქტუალურია დღესაც, რადგან საქართველოში ქართული ენისა და კულტურის ყოვლისმომცველად გავრცელების აუცილებლობაზე და შესაძლებლობაზე გვესაუბრება. 

1914 წელს საქართველოს არ ჰქონდა თავისი სახელმწიფოებრიობა და მაშინ ამგვარი ოპტიმისტური და ეროვნული წერილის დაწერა გერონტი ქიქოძის მტკიცე მამულიშვილურ თვითშეგნებაზე და დიდი იდეოლოგისათვის დამახასიათებელ მომავლის განჭვრეტაზე მიგვითითებს. თუმცა, სახელმწიფოებრიობის არ ქონის გამო, გერონტი ქიქოძეს ქართული ენისა და კულტურის გავრცელების არეალად მხოლოდ საქართველოს ტერიტორია მიაჩნია, რაც თავისთავად იმ დროისათვის აუცილებელი მიზანი და ურთულესი პრობლემა გახლდათ. დღეს შეგვიძლია მეტი ვთქვათ, - ეს გაუხარდებოდა დიდი პატრიოტ გერონტი ქიქოძეს, - მომავალში ქართულ ენას და კულტურას, ქართულ მსოფლმხედველობას გაცილებით მეტი პერსპექტივები აქვს გავრცელებისა კავკასიის მასსტაბით, მერე კი მსოფლიოშიც...

აღდგომა და ხვალეო! ამასაც ვნახავთ - ჩვენ თუ არა, ჩვენი მომდევნო თაობები...

ძმობის, ერთობისა თავისუფლების იდეები სხვა ხალხებსაც უტარებიათ, მაგრამ ბიძაშვილობის, სტუმართმასპინძლობის, სხვებისათვის თავის გაწირვის ჩვეულება ასეთი გამჯდარი სისხლში და გენში ბევრ ერს შეიძლება არ ჰქონდეს.

ეს კი, შემთხვევით არ ხდება, როგორც ჩანს ღმერთი რაღაცისათვის გვამზადებს, რაღაცით უნდა დავეხმაროთ კაცობრიობას...

თუმცა, მანამდე არაერთი გამოწვევისათვის პასუხის გაცემაა საჭირო, არაერთი ხიფათია გადასატანი, და განსაცდელთაგან უფალი დაგვიცავს...

ამ გზაზე გერონტი ქიქოძისა და სხვა დიდი იდეოლოგების ნააზრევს დიდი მნიშვნელობა აქვს.

წინამდებარე წერილში დაკვირვებული მკითხველი უამრავ საგულისხმოს იპოვის. დიდი იდეოლოგის, გერონტი ქიქოძის შესახებ სხვა დროსაც გვექნება საუბარი.

გერონტი ქიქოძე

ენა და ეროვნული ენერგია


ეროვნული სულის სიმდიდრე და სიძლიერე ან კიდევ მისი სიღარიბე და უილაჯობა არსად არ იხატება ისე ნათლად და ხელშესახებად, როგორც ენაში. ენა ააშკარავებს როგორც აზრთა მორჭმულობას და გრძნობათა მრავალფეროვნებას, ისე ეროვნული ტემპერამენტის სიცხოველესაც. ეს იმიტომ, რომ ენა არი სიტყვათა და გამოთქმათა მკვდარი ლექსიკონი, ის ცოცხალი სალაროა იდეათა და ემოციათა.

დღეს საყოველთაო ჭეშმარიტებადაა ცნობილი ის დებულება, რომ ენა და აზროვნება ორი სხვადასხვა მხარეა ერთი და იმავე სულიერი პროცესისა. იდეას მხოლოდ სიტყვის შემწეობით ეძლევა ნათელი და მკვეთრი კონტური, წინადადების ანუ სიტყვიერი გამოთქმის წყობილება სავსებით ეთანაბრება აზროვნების მიმდინარეობას. ამიტომ ენის სხვადასხვაობა ყოველთვის აზროვნებისა და სულის სხვადასხვაობას მოწმობს მრავალი გზით. ორ მეზობელ ერს ვერავითარი ბუნებრივი და ხელოვნური ზღუდე ვერ აშორებს ისე, როგორც მათი ენა.

მაგრამ ენა არ არი მხოლოდ გათიშვის იარაღი: ის ძლიერ შემაერთებელი და შემადუღებელი ელემენტიცაა. მისი შემწეობით ეროვნული ენერგია უდიდეს კონცენტრაციას აღწევს იმიტომ, რომ ის აკავშირებს არა მარტო ცოცხალ თაობებს ურთიერთ შორის, ის ერთიმეორეს უახლოვებს წარსულს, აწმყოს და მომავალსაც. აი, აქ იჭერენ მიცვალებულნი ცოცხალთ. ისინი მათ ანდერძად უტოვებენ სიტყვათა და გამოთქმათა საუნჯეს. მაგრამ, რადგან სიტყვა იდეის კალაპოტშია, შთამომავლობა, წინაპრებისაგან სიტყვასთან ერთად ტრადიციულ იდეასაც ღებულობს მემკვიდრეობით.

აქედან ცხადია, რომ რაც უფრო მდიდარია ამა თუ იმ ერის ისტორიული წარსული, მით უფრო მდიდარია მისი სული, მით უფრო მრავალფეროვანია მისი ენა. კულტუროსანი ენის რიტმი მარტო გარეშე საგანთა ფხიზელ შთაბეჭდილებას როდი იძლევა.
ის ააშკარავებს ძველისძველ ჩვეულებებს, დრომოჭმულ ტრადიციებს, აჩრდილისებურ ცრუმორწმუნეობებს, ის ხატავს უღრან ტყეებს და თვალუწვდენელ მინდვრებს, რომელნიც ერთ დროს ცის ტატნობს საზღვრავდნენ, ის გვანიშნებს საგანთა ბნელ სულთ, რომელნიც ჩვენ შორეულ წინაპართათვის არსებობდნენ და ჩვენთვის აღარ არიან.

ამიტომაა, რომ შეგნებული ერი არც ერთს თავის სიმდიდრეს არ ეპყრობა ისეთი სიფრთხილით და ყურადღებით, როგორც თავის ენას. ის მას ერთი მხრით სწმენდს უცხო ელემენტებისაგან, მეორე მხრით მის გარეთ გატანას ცდილობს. ამგვარად იბადება ორი მიმდინარეობა, ორივე დამახასიათებელი ეროვნული ენერგიისათვის: მოძრაობა პურისტული და მოძრაობა ექსტენსიური. პირველი უწინარეს ყოვლისა სინტაქსისა და ლექსიკონის სფეროში აშკარავდება, მეორე კი ყველაზე ძლიერ სიტყვაკაზმული მწერლობის შემწეობით ხორციელდება. ენის ლექსიკონი იზრდება და იწმინდება ეროვნული აქტივობის წყალობით, მისი სინტაქსი თანდათან ყალიბდება. ამგვარად განმტკიცებული ენა უპირდაპირდება დაუმთავრებელ, უსუსურ, უკულტურო ენებს და ამარცხებს მათ: ამარცხებს არა ძალმომრეობით, არამედ პოეზიისა და ლიტერატურის შემწეობით.

ენერგიული ერები - ფრანგები, ინგლისელები, რუსები, გერმანელები თავიანთ ენას თანდათან უფართოებენ სამოქმედო ასპარეზს, როგორც ამას ძველი რომაელები შვრებოდნენ. როგორც ერთ დროს ლათინური, ისე ახლა ფრანგული, გერმანული და ინგლისური სცილდება ნაციონალურ საზღვრებს და ინტერნაციონალურ კუთვნილებად ხდება. ენა უფრო ბასრი იარაღი აღმოჩნდა, ვიდრე შუბი ან ხმალი იყო და პოეზიამ შესძლო ის, რაც ვერ შესძლო ვერც თოფმა, ვერც ზარბაზანმა.

ძველი ქართველობა ენერგიული ერების რიცხვს ეკუთვნის. მისი ენერგია გამოიხატა არა მარტო მის მიერ გათხრილ არხებსა, მის მიერ აგებულ ტაძრებსა და ციხე-კოშკებსა, მის მიერ განცდილ ომებში: ეს ენერგია მის ენასა და ლიტერატურაშიც გამოაშკარავდა. თავის მეზობლებს ქართველობამ შეათვისებინა თავისი საეკლესიო ენა და სასულიერო ლიტერატურა, თავის მეზობლებს მან თვალწინ დაუყენა საუკეთესო ნიმუში ეროვნულად გამოკვეთილი საერო პოეზიისა.

თვით ნასესხებ, უცხოეთიდან გადმოტანილ ლიტერატურაში მან ძლიერი ნაციონალური ელემენტები შეიტანა. სპარსული პოემები და რომანები მან უფრო გადმოაქართულა, ვიდრე გადმოთარგმნა: ერთი გერმანელი მეცნიერისა არ იყოს ”ვისრამიანი” კიდევ უფრო თამამად შეიძლება ქართულ ეპოსად ჩაითვალოს, ვიდრე ”ტრისტანი და იზოლდა” გერმანულად.

ქართული ენის სამოქმედო ასპარეზი თანდათან შევიწროვდა უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში; მან ზედიზედ დაკარგა სახელმწიფო დაწესებულებები, სკოლა, ოჯახი. ამასთან ერთად ის შეირყვნა და გადაგვარა უცხო ელემენტების გავლენით.

საღი აზროვნება ყოველთვის განსაზღვრული, ნათლად გამოკვეთილი ენის ტერმინებში ყალიბდება, დღევანდელი ქართველობა კი არ ხმარობს ასეთ განსაზღვრულ ენას. ამიტომ მისი აზროვნება უფორმო და უენერგიოა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს არ არსებობს ძლიერი, ფართო მასშტაბის ქართული აზროვნება. იოანე პეტრიწის, შოთა რუსთაველის, ვახტანგ მეექვსისა და დავით გურამიშვილის მემკვიდრეები იშვიათად სცილდებიან პაწია ესკიზებსა, მინიატურებსა და კუპლეტებს და უზომოდ იტანჯებიან, როცა რაიმე შემთხვევა მათგან მეტ გონებრივ ენერგიას მოითხოვს.

აუცილებელზე აუცილებელია ჩვენი ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ამისათვის კი საჭიროა არა მარტო ჩვენი კლასიკური მწერლობის შესწავლა, არამედ ხალხური ენის გაცნობაც. ქართული ლიტერატურული ენა ისე უნდა გაიწმინდოს, რომ არ გაღარიბდეს. მწიგნობართა ენა უწინარეს ყოვლისა აბსტრაქტული ტერმინებითაა მდიდარი: მხატვრული, ცხოველფრადებიანი სიტყვები უფრო ხალხურ ლაპარაკში უნდა ვეძიოთ. მაგრამ ხალხი სხვადასხვა კილოს ხმარობს სხვადასხვა პროვინციაში. ცხადია, ლიტერატურულ ენას საფუძვლად უნდა დაედოს განსაზღვრული პროვინციის კილო, რომელიც ისტორიული, სოციალური და ესთეტიკური უპირატესობით არი აღჭურვილი. ასეთი კილო ქართლურია.

რასაკვირველია, ქართლის ლექსიკონი უნდა გამდიდრდეს სხვა პროვინციებიდან შემოტანილი სიტყვებით, მაგრამ სამწერლო ენის ძირითადი ფონდი მაინც ქართლური უნდა დარჩეს. ასეთი ენა გამოგვიყვანს თანამედროვე ბაბილონისებურ მდგომარეობიდან, ასეთი ენა საუკეთესო იარაღი იქნება მთლიანი საქართველოს იდეის გასამტკიცებლად. ის ხელს შეუწყობს ძლიერი ეროვნული აზროვნების განვითარებასაც.

მაგრამ მარტო ენის გაწმენდა როდი კმარა ეროვნული ენერგიის გასაღვივებლად: ენისთვის საჭიროა ფართო სოციალური საფუძვლის შექმნაც, ამ მხრივ კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენს დედაენას ხელახლა უნდა დავუპყროთ ის პოზიციები, უკანასკნელ საუკუნის განმავლობაში რომ დაჰკარგა.

დღეს შეგვიძლია იმის თქმა, თუ სად შეჩერდება მომავალში ეს ლტოლვა. მართალია, თანამედროვე ქართველობას აღარ ძალუძს ფართო საერთაშორისო პოლიტიკის წარმოება; მართალია, ქართული ლიტერატურა ისეთი ღირებულებას არ წარმოადგენს, რომ მისი შემწეობით შეიძლებოდეს სხვა ერების სულიერი დაპყრობა, მაგრამ თვით ჩვენი სამშობლოს ტერიტორიაზე მოიპოვებიან სხვა ერების წარმომადგენლები, რომლებიც ძალაუნებურად დაემორჩილებიან ჩვენი ენის და კულტურის ზეგავლენას, თუკი სათანადო ენერგიას გამოვიჩენთ. ჩვენ არავის ვაიძულებთ ჩვენ სამშობლოში ეძიოს ბედნიერება. მაგრამ რაკი უცხოელები თავისი სურვილით მოდიან და ჩვენს მიწაწყალზე ესახლებიან, ჩვენ ზნეობრივი უფლება გვაქს ვურჩიოთ, რომ ჩვენი კულტურა შეითვისონ, ჩვენი ენა შეისწავლონ.

წმინდა ქართული ენა იმდენად მდიდარი, კულტურული და კეთილხმოვანია, რომ ის ჭეშმარიტად ღირსია მეტი პატივისცემისა. ის მზადაა გამოხატოს უმძიმესი ფილოსოფიური იდეები და უმსუბუქესი ეროტული სენსაციები. ის ხან მკვეთრი და ძლიერია, ვით გრდემლის და კვერის შეხვედრა, ხან ნაზი და ტკბილი, ვით პირველი ღიმილი შეყვარებული ქალ-ვაჟისა. ის ხატავს ჩვენს მოღუშულ მთებსა და მოღიმარე მდელოებს, ვეშაპის ხმიან ჩვენს ჩანჩქერებსა და ჩხრიალა მდინარეებს, ჩვენს უღრან ტყეებსა და პიტალო კლდეებს. მის რიტმში ჩვენ გვესმის შორეული სიმღერა ომში მიმავალი რაინდებისა.

1914 წელი, „სახალხო ფურცელი”.

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq