1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს ბანას გრანდიოზული ტაძარი (სურათები: რეკონსტრუქცია 1, 2, 3) რომელიც იმ დროისათვის დანგეული არ იყო ოსმანურ იმპერიაში, თითქმის განადგურდა. ოსმანთა არმიამ რუსული ჯარის წინსვლის შესაჩერებლად, ბანაში ციხესიმაგრე მოაწყო. ბანას დიდი თაღები ამოაშენეს. იქვე მოწყობილი იყო იარაღის საწყობიც. რუსულმა ჯარმა ზარბაზნის ჭურვები დაუშინა ქართველთა სათაყვანებელ ტაძარს. რუსებს იმ დროისათვის დიდი ხნის გაუქმებული ჰქონდათ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. კარგა ხნის დაწყებული იყო ძარცვა ქართული ეკლესიებისა და ქართულ სიწმინდეს, ერთ-ერთ ქართულ ტაძარს რაღას დაგიდევდნენ რუსები?! რამდენიმე ხნის ბრძოლის მერე, ოსმან-თურქებმა დატოვეს ბანას მიდამოები. ეს უაღრესად სტრატეგიული და ისტორიული ქართული მიწა, რუსეთის იმპერიის საზღვრებში მოექცა. მაგრამ, რუსეთს არ ადარდებდა ქართული სიწმინდე... მერეც, გადმოცემის თანახმად რუსები ბანას ისევ უშენდნენ ჭურვებს, ვარჯიშობდნენ, როგორც ნაპოლეონის ველური ჯარები სფინქს ესროდნენ, სროლაში დახელოვნების მიზნით. სუმბატ დავითის ძის მიხედვით ბანას ტაძარი ეპისკოპოს კვირიკე ბანელის ხელით, ადარნასე II ბრაძანებით აუშენებიათ. სხვა ვარაუდით ის VII საუკუნის ნაგებობაა. „ადარნასე ალბათ ტაძრის ხელმეორედ მაშენებელი იყო“- ვარაუდობს გიორგი ჩუბინაშვილი. ეს ვარაუდი უფრო სწორი უნდა იყოს. ერთი მინაწერით ირკვევა, ბანას ტაძარი ძელი ჭეშმარიტის სახელობისა ყოფილა. 888 წელს ადარნასე II ბაგრატიონმა თავი გამოაცხადა ქართველთა მეფედ. "ეს იყო არა მარტო ერთმეფობაზე პრეტენზია, არამედ ბაგრატიონთა სახლის სუვერენობისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია" (ალექსანდრე ბენდიანიშვილი, ქართული ეროვნული სახელმწიფოს განვითარების ეტაპები, გვ. 55-56). ამ დროისათვის ბაგრატიონები ძალიან მომძლავრებულნი იყვნენ სამხრეთ საქართველოში, ბანა (ბანაკი) საკმაოდ დიდი ქალაქი იყო. ის ოლთის-ტაოს და მთელს გარშემო ტერიტორიების სტრატეგიული ცენტრი გახლდათ. ქართული მოსახლეობა (ძირძველი), რომელიც არაბების შემოსევების შედეგად შემცირებულიყო, ისევ მომრავლდა (გაჩნდა სომხური ახალშენებიც აქა-იქ). ბანას ტაძრის გარშემო იდგა მღვდელმთავრის და სხვადასხვა დიდებულების, რაც მთავარია მეფის სასახლეები, სხვადასხვა სიმაგრე-საფორტიფიკაციო ნაგებობები. უბრალო ადამიანების სახლები (ბანას ტაძრის სამხრეთ–აღმოსავლეთით კლდეებში შემორჩენილი ყოფილა ქვაბულები, ჩაშენებული კედლებით. ერთ–ერთში პატარა დარბაზული ეკლესიაა, თურმე. მე არ მინახავს, სამწუხაროდ). აქვე იყო ბაზრები, სასტუმროები. გარშემო დიდი მინდვრებია, წელიწადის ყოველ დროში სხვადასხვაგვარად აფერადებული. მინდვრებს მთები აკრავს, მთებიც ფერად-ფერადია. მთებს მთაგრეხილები, ქედები შემორტყმია გარს (სურათები 8, 9, 10, 11, 12). შორს დაინახავ არსიანის, მესხეთის ქედებს, მცირე კავკა სიონს. აქედან მთელი სამხრეთის პერსპექტივა იშლებოდა ბაგრატიონებისათვის - ძველი ქართული მიწები ბასიანისა, სპერისა, უფრო დასავლეთით ლაზეთ-ქალდეასი. თუმცა, ტაოც ქალდეას მიწაა, მისი ნაწილია. აქ ჩაისახა, პირველი ქართული სახელმწიფოებრიობა დიაოხისა. მანამდე ამ მიწაზე ლითონის წარმოების წინაპრები სახლობდნენ. აქედან ისწავლა კაცობრიობამ რკინის დამუშავება, აქედან დაიწყო რკინის ცივილიზაცია (არ იგულისხმება კაცობრიობის არსებობის დაყოფა ოქროს თუ რკინის პერიოდებად). ბაგრატიონებმა ააშენეს (თუ აღადგინეს და განამშვენეს) მონუმენტური, მართლმადიდებლური ტაძარი ბანა. რომელიც დიდი სატახტო ქალაქის მშვენებად იქცა. ის სამ სართულიანი შენობა იყო, შიგნიდან ერთიანი .(სურათი 3, ასევე 1, 2) მისი სიმაღლე 32 მეტრი უნდა ყოფილიყო (თანამედროვე 10-11 სართულიანი კორპუსის სიმაღლე). მრგვალი, ოვალური, ტეტრაქონქი (ასეთი ტაძრები მეშვიდე საუკუნის მერე აღარ შენდებოდაო, ამბობდა გიორგი ჩუბინიშვილი), ცილინდრული გუმბათის ყელით... გარშემოწირულობა 40 მეტრზე მეტი (სურათი 4)... როგორც ჩანს, ბანას ტაძარი უდიდეს შთაბეჭდილებას ტოვებდა, როგორც გარედან, შორიდან და ახლოდან, ისე შიგნიდან, სამივე სართულიდან, როგორც მონუმენტურობით, ისე გაფორმებით (სურათები 6, 7). შთაბეჭდილებას ამძაფრებდა ქალაქის ციხე-კოშკები და სასახლეები. ყველა სტუმარი, რომელიც სავაჭროდ თუ დიპლომატიური მიზნით ჩამოვიდოდა ბანაში, უდიდესი შთაბეჭდილებით წავიდოდა უკან და გაავრცელებდა ამბავს ქართველთა და ბაგრატიონთა დიდებულებისა და სიძლიერის შესახებ. ბაგრატიონები და ქართველები ყველას ეუბნებოდნენ, როგორც პოლიტიკური და მილიტარისტული ქმედებებით, ისე არქიტექტურითაც, რომ მათი სამეფო არც ერთ სახელმწიფოს არ ჩამოუვარდებოდა. ამ მიდამოებში და მთელს საქართველოში, მთელ მაშინდელ მსოფლიოში გავრცელებული იყო ბაგრატიონების ქრისტესთან ნათესაობის თეორია. ასეთი იზოთეისტური თეორია არც ერთ ქრისტიანულ დინასტიას არ ჰქონია მთელი ისტორიის მანძილზე. ბაგრატიონთა გავლენა ვრცელდებოდა, ბანას (ბანაკის, იქნებ დაბანაკების - სტრატეგიული სახელწოდება) მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო არტანუჯიც (ამაზე სხვა დროს). ბაგრატიონთა გავლენის ზრდას ამტკიცებს 1030 წლის სამეფო ქორწილის ჩატარება ბანაში. ბაგრატ IV-მ, ერთიანი საქართველოს მეფემ ცოლად მოიყვანა ბიზანტიის იმპერატორის რომანოზ III-ის ოჯახის წევრი ელენე. მანამდე ბაგრატ მეფეს დიდი ბრძოლები ჰქონდა ბიზანტიის კეისარ კონსტანტინე VIII-თან ბასიანისთვის, ტაოსთვის. ბიზანტია ცდილობდა გაეუქმებინა სომხური და ქართული სამეფოები და შეერთებინათ მათი ტერიტორიები (სომხური სამეფოები გააუქმეს, 1918 წლამდე სომხებს სახელმწიფოებრიობა აღარ ჰქონდათ, ბაგრატიონებისა და ქართველი ხალხის სახელმწიფოებრიობამ გაუძლო ბიზანტიის შემოტევას, განსხვ ავებით სომხებისაგან). ბიზანტიამ უკან დაიხია. ბაგრატის დედამ, მარიამმა ზავი ჩამოაგდო ბიზანტიასა და საქართველოს შორის და ბერძენი პრინცესა მოუყვანა ბაგრატ მეფეს ცოლად. ქორწილი გადაიხადეს ბანაში. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: 1. ბაგრატ მეფე და ქართველები ყველას უმტკიცებდნენ, რომ ქალაქი ბანა (ბანაკი) და მისი შემოგარენი ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ტერიტორიაა. 2. აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ტაო საქართველომ შეინარჩუნა და ბიზანტიას (და სხვებს) ამას ხაზგასმით უმტკიცებდა. 3. მართალია ბანა აღარ იყო სახელმწიფოს დედაქალაქი (მაშინ ქუთათისი გახლდათ გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი), მეფის ქორწილები კი როგორც წესი დედაქალაქებში ეწყობა ხოლმე, მეტი პომპეზურობისათვის, მაგრამ ბანას არქიტექტურას ბერძენი დიდებულებისათვის უნდა ეჩვენებინა, რომ არქიტექტურული, სტრატეგიული თუ სხვა თვალსაზრისით, ჩვენი მეფის ერთ-ერთი რეზიდენცია (და არა დედაქალაქი), არ ჩამოუვარდებოდა კონსტანტინოპოლს. XIX საუკუნის I ნახევარში ბანა უნახავს გერმანელ მოგზაურს კარლ კოხს, რომელიც წერდა: "ეს უეჭველად ყველაზე მშვენიერი და დიდებული რამაა, რაც კი მსგავსი რამ მინახავს ოდესმე მთელს აღმოსავლეთში, თუ რა თქმა უნდა, კონსტანტინოპოლს არ ჩავთვლითო". მით უმეტეს, მაშინ უკვე აშენებული იყო ბაგრატის დიდებული ტაძარი ქუთათისში ბაგრატ IV-ის პაპის, ბაგრ ატ III-ის მიერ. ბაგრატ მესამემ 1003 წელს დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა მისი კურთხევა. ბანაში გამართული ბაგრატ IV-სა და ბიზანტიელი პრინცესა ელენეს ქორწინება იმდენად დიდმნიშვნელოვანი იყო, რომ მისი მხატვრული აღწერა მალე მოხდა ოშკის დიდებული ტაძრის კედელზე, ფრესკაზე (სურათი 5). ფრესკაზე კარგად ჩანს ტაძრის გამოსახულება. ბანას მნიშვნელობაზე მეტყველებს ალექსანდრე I დიდის ვაჟის ვახტანგ IV საქციელი. როცა მას გარდაეცვალა მეუღლე სითი-ხათუნ ფანასკერტელი, დაკრძალა ბანაში. როგორც ჩანს, მეფეს ბანას ტაძარი თავის საძუალედ მიაჩნდა. 1446 წელს გარდაიცვალა თავად მეფეც და ის დაკრძალეს საყვარელი მეუღლის გვერდით. ბანა ტაოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო. ბანაში დამზადებული წიგნებიდან ჩვენამდე მოაღწია საბაწმინდის ტიბიკონმა, გადაწერილმა მეფის ასულ ქეთევანისათვის 1511 წელს. როგორც ჩანს, მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც ის მოინახულა კარლ კოხმა, ბანას საკათედრო ტაძარი დანგრეული არ იყო. დღეს დიდებული ტაძრის მხოლოდდამხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ოსმალთა იმპერიაში გადარჩენილი (სურათი 6) ტაძარი რუსების ხელით დაინგრა. ბანას კვლევა დაუწყია ექვთიმე თაყაიშვილს არქიტექტორ კლდიაშვილთან ერთად. უამრავმა მეცნიერმა აღწერა ბანა, დაწერა მასზე ან შეეცადა მის სამეცნიერო რეკონსტრუქციას (სურათები 1, 2). სადაც 1030 წელს, ქართველთა დიდებას ხედავდნენ ბერძენი დიდებულები, სადაც ქართველი მეფისა და მღვდელმთავრების საფლავებია, მხოლოდ ბანას პირველი სართულიღაა შემორჩენილი. გარშემო ქართველების ნამოსახლარი და საფლავები ახლა პურის ყანებია და სათიბები. სულ სხვა ხალხის ისმის ჟრიამული ახლა ბანაში. ტაძრის შორიახლოს დასახლებაა, ფანაკი. სახლები, როგორც ჩანს ტაძრიდან და სხვა ისტორიული ნაგებობებიდან წამოღებულ ქვებზე დგას. უფრო და უფრი ინგრევა ტაძარი, რაც დრო გადის. ფოტოსურათზე (სურათი 7) კარგად ჩანს რა მდგომარეობაშიც არის ახლა სამხრეთ საქართველოს მშვენება - ბანა (ბანაკი). ზემოთ წარმოგიდგენთ ნახაზებს, როგორი უნდა ყოფილიყო ბანა თავის დროს (რეკონსტრუქცია, სურათები 1, 2). ქართულმა სახელმწიფომ (და ეკლესიამ) ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ბანა დაკონსერვდეს მაინც, გაიწმინდოს (მერე იქნებ აღდგეს). საჭიროა იქ ჩატარდეს არქეოლოგიური კვლევა. ეს ხელს აძლევს თურქეთის სახელწიფოსაც და თურქ ხალხსაც - ტურიზმი მშვენიერ შემოსავალს იძლევა. გარდა ამისა, ვისაც უმოგზაურია და მოულოცნია ტაო-კლარჯეთში, ყველა შეამჩნევდა, რამდენად კეთილგანწყობილნი არიან თურქეთის მოქალაქენი საქართველოს მოქალაქეებისადმი. |