საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

ქართული გვარ-სახელები (ზევდგინიძე // ზედგინიძე)
ბადრი ცხადაძე


 ძველ საქართველოში ამ მხრივ საყურადღებო ჩვენებას იძლევა ფეოდალურ გვართა ერთი ჯგუფი, რომელთაგან ზოგი მიგრაციის შედეგადაა წარმოქმნილი. ერთ-ერთი ასეთი "მიგრაციული" გვარ-სახელია სამხრეთ საქართველოში შობილი და საქართველოს სხვა კუთხეებში (ქართლი, იმერეთი) განფენილი გვარი ზევდგინიძე // ზედგინიძე. ქართულ გვარ-სახელთაგან ეს უკანასკნელი (ზევდგინიძე) ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი ისტორიული ბედითა და თვითმყობადობით. 

ირკვევა, რომ ეს გვარი, ისტორიული ზემო ქართლის კუთვნილებაც ყოფილა (ყოველ შემთხვევაში XVII საუკუნიდან მაინც). როგორც ჯ. გვასალია შენიშნავს, "გვიანდელ წყაროებში შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილისათვის ზემო ქართლის წოდება უნდა იყოს კავშირში ქართველი ხალხის ისტორიის ტრაგიკულ მომენტთან, კერძოდ, XVII ს-ის პირველ მეოთხედში ოსმალეთის მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობასთან. მას შემდეგ, რაც ისტორიული ზემო ქართლი (გვიანდელი სამცხე-საათაბაგო) დიდი ხნის მანძილზე ჩამოშორდა ქართლის სამეფოს, მისი სახელწოდება გადავიდა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე" [1,27]. მისივე თქმით, როგორც XVII ს-ის ერთი საბუთიდან ჩანს, ავტორს ზემო ქართლის სადროშოში სხვა სათავადოებსა და სამფლობელოებს შორის (როგორიცაა: საამილახორო, სააბაშიძეო, საფალავანდიშვილო, საფავლენიშვილო, ხერხეულიძეების სათავადო, დავითაშვილების სათავადო, ამირაჯიბების სათავადო, საავალიშვილო, ხიდირბეგაშვილების სათავადო, მხეიძეების სათავადო, დიასამიძეების სათავადო, შალიკაშვილების სათავადო, სამაჩაბლო, სიამარდიშვილების სათავადო, თაქთაქიშვილების სათავადო, ბატონიშვილის საუფლისწულო, თუმანიანთ სახლი, მროველის ყმა-მამული, ურბნელის ყმა-მამული, მთავარეპისკოპოსის ყმა-მამული ზემო ქართლში, სადედოფლო ყმა-მამული ზემო ქართლში, სვეტიცხოვლის ყმა-მამული ზემო ქართლში, "იერუსალიმის" ყმა-მამული ზემო ქართლში, თვალდამწვრიანთ სამფლობელო, ქავთარაძეები, თუხარელები, ტატიანი, წერეთლის მამული, იტროს წინამძღვარი, აბაზაძეების მამული, დამღაწაშვილები და იაღუზიშვილები) (იხ. ქართულ ხელნაწერთა ინსტიტუტის ფ. Hდ, საბ. 2124). ამ ჩამონათვალში ზედგინიძები მოხსენიებულია ზედგინიძეების სახლად. საყურადღებოა, რომ მხოლოდ ეს გვარია ამ სახელდებით (ზედგენიძეთა სახლი) მოხსენიებული [1,27]. 

ჩანს, ამ შემთხვევაში სახლი უბრალო ტერმინი არაა. ნ. ბერძენიშვილის ახსნით, სამთავროების გვერდით და "იმავე სოციალურ-ეკონომიური ურთიერთობების საფუძველზე ყალიბდებოდა უფრო მცირე, თვითკმარი ორგანიზაცია - დიდებული აზნაურის სახლი, რომელიც თანდათან ერთადერთი დასაყრდენი ხდებოდა გამრავლებული მთავრებისა თუ დამცირებული მეფეებისა. იშვებოდა ე. წ. სათავადოები" [2,248-249]. მისივე თქმით, XIV საუკუნეში დიდებული აზნაური, თავადის ეს უშუალო სოციალური წინაპარი, უკვე გამოჰყოფოდა აზნაურთა ფენას და საერთო ფენას წარმოადგენდა [იქვე, 2,249]. დაბოლოს მეფემ (ხელმწიფემ) ამ დიდებულ აზნაურს მიანდო ლაშქრის გამოყვანა (`შეწერით~ და დაძახილზე, საჭიროების დროს) "თავისი სახლის ტერიტორიიდან", რითაც ძველი ერისთავის სამხედრო ფუნქცია მას (დიდებულ აზნაურს) გადაეცა. ამით სათავადო საბოლოოდ ჩამოყალიბდა. ეს კი მოხდა XIV-XV სს-ში [2,249]. ამრიგად, ზემოდასახელებული სათავადოების ჩამონათვალში ზედგინიძეების სახლი სწორედ ასეთად მოჩანს. ჩანს, ჯერ დიდებულებმა, ხოლო უმთავრესად შემდეგ თავადებმა სამეფო და სამთავრო ხელისუფლებისაგან სხვადასხვა სახის ფეოდალური იმუნიტეტი (უმთავრესად საგადასახადო) მოიპოვეს (ზოგჯერ სასამართლოს შეუვალობაც კი. ასეთი სათავადოები (სენიორიები) საბოლოოდ ნახევრად პოლიტიკურ და სამხედრო ადმინისტრაციულ ერთეულებად ჩამოყალიბდნენ. ეს მოხდა საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებისა და პოლიტიკური დაშლის შედეგად, რაც უმთავრესად მონღოლთა ბატონობამ გამოიწვია. როგორც, აღნიშნავენ, "მამაპაპეული "სამკვიდრო" და მეფეთაგან მიღებული ყმა-მამულის, სახელოს ბოძებისა და ასევე მინატაცები მიწა-წყლის შედეგად, წარმოიშვა, მაგალითად, სათავადოები ქართლში: საამილახვრო XIV ს. პირველ ნახევარში _ ზევდგინიძეთა გვარის ქართლში დამკვიდრება სხვილოს მიღებით (მათი "მკვიდრი მამული"). მათთვის ქართლის სპასპეტისა და გორის მოურავის სახელოს მიცემა. დროდადრო ზევდგინიძეები აფართოებენ თავიანთ სამფლობელოს და ერთ-ერთ დიდ სათავადოს ქმნიან. ასე წარმოიქმნა სხვა სათავადოებიც ქართლში (საციციანო, საბარათიანო, სამუხრანბატონო), იმერეთსა და კახეთში [3,12].

ზედგინიძეები, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, წარმოშობით მესხეთიდან არიან. ისინი ამჟამად მკვიდრობენ ზველში (ასპინძის რ-ნი), [4,68],[5,250], იმერეთში (ხარაგაულის რ-ნი) და სხვ. [4,68]. ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილი ამ გვარს წარჩინებულთა შორის მოიხსენიებს [6,35]. იგი აღნიშნავს: "ხოლო შიდა ქართლს ამილახორი, არამედ არს გუარნი, გარნა წესი მეჯინიბეთუხუცესობისა, ვითარცა უწოდებენ სპარსნი, ხოლო გუარი ზედგინიზე არს და პატივცემული მეფეთაგან მთავრობით, ვითარცა აჩენს გუჯარნი მათნი~... `გააზნაურებულიშვილნი: ვითარც რატისშვილი, ქსნის ერისთავის განაყოფი, ვით იხილვების მამულითა, ხოლო აწ დამცირებულნი, ხოლო ზედგინიძე, სააკაძე, ელიოზიშვილი, მათგან გამთავრებულნი ესრეთ, რომელნიმე ამაღლებულან და რომელნიმე დამდაბლებულან ჟამთა ცვლილებითა ანუ გაყრითა ძმათათა [6,33-34]. ჩანს, მოგვიანებით მეფეს გაუმთავრებია სააკაძე (მისი მეორე გვარი მოურავიშვილი); ამილახვრები ზედგინიძეები არიან… [7,44]. საყურადღებოა ემბლემა, გამოსახული წმინდა გიორგის დროშაზე, სადაც ამილახვრების თანამდებობის სიმბოლოდ ჩექმაა გამოსახული. აღვნიშნავთ იმასაც, ამავე ემბლემაზე ჩანს მეფის საწოლში განგმირული ქართველი მეომარი და მეფის მსახური, საქართველოს ისტორიაში კარგად ცნობილი პიროვნებაა იოთამ ზედგინიძე, ამილახვართა ემბლემის ქვედა ბოლოში ვხედავთ ზემო ქართლის სადროშოს სარდლობის სიმბოლოებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ამილახვართა ბეჭედი და მასზე აღბეჭდილი ლექსად თხზული (გარითმული) წარწერა, მეფის ერთგულების დამამტკიცებელი: 

"მეფისა მტერსა ლახვარი, 
ვამტკიცებ ამილახვარი".

ზედგინიძეთა გვარსახელის განაყარი შტოგვარებია: გურამიშვილი, ხიდირბეგიშვილი, ტუსიშვილი, მაჩხანელი, მეყანწიშვილი.. [7,479].  

როგორც ზემოთ ვნახეთ და როგორც ცნობილია, ამ გვარეულობამ ქართლში (მესხეთიდან გადასახლების შემდგომ) მიიღო ამილახვრობა. ნაწილი იმერეთშიც გადასახლებულა. მაგ., XIX საუკუნის 40-იანი წლების საარქივო ცნობარი გვაუწყებს, რომ ზედგინიძე სახელმწიფო აზნაურია ქუთაისში [8,99] ამ გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზედგინ, ზევდგინ [9,22], თუმცა ეს ანთროპონიმი არ ასახულა ზ. ჭუმბურიძის ანთროპონიმებისადმი მიძღვნილ წიგნში [10].

ზედგინ მამაკაცის სახელად გვხვდება ქართველურ ანთროპონიმიაში [9,125], ისტორიულ საბუთებში [11,442], ზევდგინ [12,274]. ზედგინიძე გვარ-სახელი დოკუმენტურად დამოწმებულია იერუსალიმის ქართული ხელნაწერების მინაწერებში (მოსახსენებლებში). მაგ., ერთ-ერთ სააღაპე მინაწერში ვკითხულობთ: 

1. "სულსა ზედგინიძე ჯანიბეგისა, შეუნდვენ ღმერთმან" [13,77];

2. "სულსა ზედგინიძესა ავთანდილს შეუნდვენ ღმერთმან. და მისსა მეუღლესა გულშარს შეუნდვენ ღმერთმან" [13,78];

3. "ზედგინიძესა მამისასა შეუნდვენ ღმერთმან" [13,79]

4. "მისსა ძესა ზედგინიძესა თაყასა შეუნდვენ ღმერთმან" [13,80];

5. "სახელითა ღმრთისაჲთა და მინდობითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა ჩუენ, ჯუარისა მამამან იოანე და კრებულმან, ერთსულობით გაგიჩინეთ უმეტესსა ზედა კურთხეულარსსა, სახარებასა და სამოციქულოსა ზედა დალოცვაჲ თქუენ, ზედგინიძესა ავთანდილსა და თქუენსა მეუღლესა გულშარს. ამისთვის მ~გხდა სრული ფასი და ვენა{ი ანჯაუთს ასოთხმოცდა სამი ფლური ნა~სყიდ და არა მოგეშალოს, სადამდინ ესე მონასტერი ეგოს. თუ ორნიცა მონაზონი იყოს, ამა ჯუარისა მადლმან~ [13,93]|.

როგორც აღნიშნავენ, ზედგინიძეთა გვარი სხვადასხვა ფორმით დაბოლოებული (ზევდგინისძე, ზევდგინიძე, ზედგინიძე, ზედგინისშვილი, ზედგინიძენი, ზევდგინიანი... გამოყოფენ ზედგენიძე, ზედგინაიძე [14,37] ფორმასაც, თუ ეს ასეა, მაშინ ამ უკანასკნელ სიტყვაფორმაში ბოლოკიდური -ა (ზედგინ-ა) კნინობითი სუფიქსი შეიძლება იყოს) უფრო ძველი გვარსახელია, ვიდრე წყაროებში დაუფიქსირებიათ ჩვენს წინაპრებს, მაგრამ ეს არ ცვლის საკითხის არსს: როგორც შენიშნულია, იგულისხმება, რომ სახელი წინ უსწრებდა გვარს და იგი პატრონიმულ გვარსახელთა რიგს მიეკუთვნება [7,479]. სამწუხაროდ, რას ნიშნავდა ზედგინ // ზევდგინ და როგორი წარმომავლობისაა ეს სახელური ფუძე, საკუთრივ ქართული თუ უცხოური, ამის შესახებ სპეციალურ ლიტერატურაში არაფერია ნათქვამი. ერთი შეხედვით, თითქოს მასში გამოიყოფა აშკენ ებრაელთა შორის განსაკუთრებულად პოლულარული ბიბლიური სახელი ზეევ (ზეებ), რომელიც "მგელს" ნიშნავს [15,112].

*ზეევდგენ - > *ზეევდგინ <- ზევდგინ <- ზედგინ, სადაც რთული სიტყვის მეორე შემადგენელი ნაწილი დგენ //დგინ წარმოშობით ზმნურ ფუძედ მოჩანს: შდრ, დგენდგინ (დაადგენსდაადგინა, დგინება), ან უფრო სარწმუნო ახსნით, ზევდგენ // ზედგენ // ზევდგინ // ზედგინ წარმოშობით საკუთრივ ქართული სახელი იყოს, რომელშიც ზე- წინდებულია, ჩვენი ტერმინით, სახელისწინი [16,59] (იგივე –ზე თანდებული სახელის ბოლოს. მაგ., სახლთან...). შდრ. ზედგომა, ზედამდგომელი, ზემდეგი, ზესადგარი,ზეკაცი, ზეცა, ზემყრელო, ზეობა, ზედსიძე [17]... ამრიგად, ზედგენ (და მისი ვარიაციული გვარსახელური სიტყვაფორმები) საგანგებოდ შექმნილი სახელწოდება უნდა იყოს, საფიქრებელია, იგი უმაღლეს ხელისუფალს (მეფეს) შეერქმია ქვეშევდრომისათვის ქვეყნისა და სამშობლოს ერთგულებისა და მეფის წინაშე დამსახურებისათვის: ზედგინება -> "ზე დამტკიცება", დანიშვნა+"დასტური"’ს შინაარსით. 
ლიტერატურა

1. ჯ. გვასალია, აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები (შიდა ქართლი) დ. მუსხელიშვილის რედაქციით, თბ., 1983 

2. ნ. ბერძენიშვილი, ვ. დონდუა, მ. დუმბაძე, გ. მელიქიშვილი, შ. მესხია, პ. რატიანი. საქართველოს ისტორია, I. დამხმარე სახელმძღვანელო, თბ., 1958

3. დ. გოგოლაძე, სათავადოების საკითხი ნიკო ბერძენიშვილის შრომებში. იხ. კრებ.: ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან, თბ., 1976

4. ი. მაისურაძე, ქართული გვარსახელები (სალექსიკონო ბიბლიოგრაფიული მასალები), თბ., 1981

5. მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის 5 ტომად. ტ. I. აღმშენებლობა და ავეჯი. აკად. ი. ჯავახიშვილის რედაქციით, თბ., 1976

6. ვ. ბაგრატიონი, ქართლის ცხოვრება. IV. თბ.,???

7. ი. ახუაშვილი, ქართული გვარსახელები. III (მასალები ქართული გვარების ისტორიისათვის), თბ.., 2003 

8. ქართული გვარსახელები იმერეთში (XIX საუკუნის 40-იანი წლები [ცნობარი]). შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა მ. კეზევაძემ, ქუთაისი, 2004

9. ალ. ღლონტი, ქართველური საკუთარი სახელები (ანთროპონიმთა ლექსიკონი), თბ., 1986

10. ზ. ჭუმბურიძე, დედაენა ქართული, ხელახალი გამოცემა, თბ., 1987  

11 თ. ჟორდანია, ქრონიკები, II. თბ., 19

12. დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, XV-XVIII სს., I. ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, თბ., 1940

13. ე. მეტრეველი, მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVII სს.), თბ., 1962 

14. ქრ. შარაშიძე, საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVIII სს), ათაბაგთა ქრონიკა, კრებ.: მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 30, თბ., 1954

15. ი. გაგულაშვილი, ქართული გვარები (ძირითადი ლექსიკური ფონდი). საკუთარი სახელები (ებრაულ საკუთარ სახელთა მცირე ლექსიკონი), ქუთაისი, 1993 

16. ბ. ცხადაძე, სიტყვაწარმოების ძირითადი ტიპები ძველ ქართულში. ჟ. "ქართული ენა და ლოგიკა", თბ., 2005  

17. ბ. ცხადაძე, ჟამთააღმწერლის ,,ასწლოვანი მატიანის’’ ერთი ადგილის გაგებისათვის, კრებ. ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები. 2(8), თბ., 2010


. ცხადაძე

ქართული გვარ-სახელები (ზევდგინიძე // ზედგინიძე)

რეზიუმე

ზედგინიძეთა გვარი, (რომელთაგანაც წარმოიშვნენ ამილახვრები; ზედგინიძეთა გვარსახელის განაყარი შტოგვარებია: გურამიშვილი, ხიდირბეგიშვილი, ტუსიშვილი, მაჩხანელი, მეყანწიშვილი...) სხვადასხვა ფორმით დაბოლოებული (ზევდგინისძე, ზევდგინიძე, ზედგინიძე, ზედგინისშვილი, ზედგინიძენი, ზევდგინიანი... ზედგენიძე, ზედგინაიძე. ამ უკანასკნელ სიტყვაფორმაში ბოლოკიდური - (ზედგინ-) კნინობითი სუფიქსი შეიძლება იყოს) ერთი შეხედვით, თითქოს მასში გამოიყოფა აშკენ ებრაელთა შორის განსაკუთრებულად პოლულარული ბიბლიური სახელი ზეევ (ზეებ), რომელიც "მგელს" ნიშნავს. *ზეევდგენ -> *ზეევდგინ <- ზევდგინ <- ზედგინ, სადაც რთული სიტყვის მეორე შემადგენელი ნაწილი დგენ //დგინ წარმოშობით ზმნურ ფუძედ მოჩანს: შდრ, დგენდგინ (დაადგენსდაადგინა, დგინება), ან უფრო სარწმუნო ახსნით, ზევდგენ // ზედგენ // ზევდგინ // ზედგინ წარმოშობით საკუთრივ ქართული სახელი იყოს, რომელშიც ზე- წინდებულია, ამრიგად, ზედგენ (და მისი ვარიაციული გვარსახელური სიტყვაფორმები) საგანგებოდ შექმნილი სახელწოდება უნდა იყოს, საფიქრებელია, იგი უმაღლეს ხელისუფალს (მეფეს) შეერქმია ქვეშევდრომისათვის ქვეყნისა და სამშობლოს ერთგულებისა და მეფის წინაშე დამსახურებისათვის: ზედგინება -> `ზე დამტკიცება", "დასტური"’ს შინაარსით.

В. Tskhadadze

Georgian Family Names (Zevdginidze // Zedginidze)

Summary

The etymology of the stem of these family names is unknown till now. The Zedginidzes’ family name (from which the Amilakhvaris’ had originated; the family names – offshoots of the Zedginidzes’ family name are as follows: Guramishvili, Khidirbegishvili, Tusishvili, Machkhaneli, Meqantsishvili...) ending in different forms (Zevdginisdze, Zevdginidze, Zedginidze, Zedginisshvili, Zedginidzeni, Zevdginiani..., Zedgenidze, Zedginaidze). In the last word form the ending –a (Zedgin-a) may seem to be a diminutive suffix as if in it a Biblical name Zeev (Zeeb) - especially popular among the Ashken Hebrews and meaning “wolf” - were singled out. *Zeevdgen _> *Zeevdgin <_ Zevdgin <_ Zedgin, in which the second constituent part of the compound word - dgen//dgin – seems by its origin to be a verbal stem: compare dgen-dgin (daadgens – daadgina, dgineba) (will establish – established, establishing), or, based on a more reliable explanation, Zevdgen//Zedgen//Zevdgin//Zedgin by its origin may be a Georgian name proper, in which ze- is a preposition, accordingly Zedgen (and its variational family name word forms) must be a specially created title granted by the most superior authority (king) to his subject for the allegiance to the country and homeland and for the services to the king: in the context of zedgineba _> “ze damtkitzeba” (“confirmation over”), “approval”.


 

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq